მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

უფლის ამაღლების დღესასწაული
მესამე საკვირაო ცისკრის სახარება
სახარება მარკოზისაგან (16, 9-20)

 

„9. ხოლო (მას ჟამსა შინა) აღ-რაი-დგა (იესუ) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი. 10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11. და მათ რაი ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხვითა ხატითა, მი-რაი-ვიდოდეს დაბასა. 13. და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14. უკუანაისკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაი მათი და გულ-ფიცხელობაი, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან. 19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20. ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი“.

 

I. დღეს წარმოდგენილი სახარება შეაცავს თხრობას უფალ ქრისტეს არაერთგზისი გამოცხადებების შესახებ მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, რომელთა მეშვეობითაც იგი განამტკიცებდა თავის მიმდევრებში რწმენას მისი მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებში, და ასევე, ცნობას იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შესახებ. განვიხილოთ ეს საკითხავი.


„ხოლო (მას ჟამსა შინა) აღ-რაი-დგა (იესუ) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი“ (მუხლი 9).


სიტყვები - „განთიად პირველსა მას შაბათსა“, ანუ კვირის პირველი დღის ალიონზე, პირველ წინადადებას განეკუთვნება - („ხოლო აღ-რაი-დგა იესო“) და არა მომდევნოს - (ეჩვენა პირველად მარიამ მაგდალენელს). ამრიგად მარკოზის სახარების მოწმობით, რომელიც ერთადერთია ყველა სახარებათა შორის, პირდაპირ რომ გვაუწყებს უფლის მკვდრეთით აღდგომას - „აღ-რაი-დგა იესუ განთიად პირველსა მას შაბათსა“, ანუ კვირის პირველ დღესო და ამ ცნობის შეჯერებით მისივე და სხვათა სახარებების უწყებებთან, ასევე მოციქულთა ეპისტოლეების ცნობებთან უფლის სიკვდილისა და მისი გამოცხადების შესახებ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (მათე27,1,57,62; 28,1; მარკოზი 14,11-12; 15,1,52; 16,1-2; ლუკა 23,54-56; 24,1; იოანე 18,28; 19,31; 20,1; I კორ. 15,4,5 და სხვა), ჩვენ ვიცით, რომ კვირის ეს პირველი დღე, რომელშიც უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, იყო თვით უფლისავე წინასწარმეტყველებათა შესაბამისად (მათე 16,21' 17,23; მარკ. 19,34; იოანე 2,19 და სხვა), მესამე დღე მისი სიკვდილიდან. ხოლო თვით დღის იმ მონაკვეთის განსასაზღვრავად, როცა ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ იმავე მახარებლის გადმოცემით, უფლის საფლავისაკენ მიმავალმა მენელსაცხებლე დედებმა, „ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა“, ანუ მზის ამოსვლამდე მოსულებმა იქ, უკვე ვეღარ ნახეს უფლის სხეული, ხოლო წმიდა იოანეს გადმოცემით, ეს „ნიად განთიადსა“ მარიამ მაგდალენელისათვის, რომელმაც სხვა დედებს გაასწრო, იყო „ვიდრე ბნელღა იყო“ (იოანე 20,1), ანუ დრო, როცა მზე ჯერ არ ამოსულიყო. წმიდა დიონისე ალექსანდრიელი (ბასილიდესადმი თავისი ეპისტოლეს პირველ კანონში) და მეექვსე მსოფლიო კრების წმიდა მამები (ამ კრების 89-ე კანონში), ზემოთმოყვანილ სიტყვებს სახარებისა განმარტავენ როგორც ღრმა, ბნელით მოცული ღამის აღმნიშვნელს.


თუ ვინ იყო მარიამ მაგდალენელი წარმოშობით და რას ნიშნავს გამოთქმა - შვიდი ეშმაკი იყო მისგან განდევნილიო, - ამის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი (იხ. მენელსაცხებლე დედათა კვირას). უფლის გამოცხადების შესახებ მისადმი, რასაც მარკოზი მოკლედ გადმოსცემს, დაწვრილებით საუბრობს წმიდა იოანე მახარებელი (20,11-18). მაგრამ მიუხედავად წმიდა მარკოზის მოკლე გადმოცემისა, მის თხრობში მოცემულია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ კი ის, რომ უფლის გამოცხადება მარიამ მაგდალენელისადმი იყო პირველი ყველა სხვა გამოცხადებას შორის მკვდრეთით აღმდგარი უფლისა.


თუმცა ქრისტეს წმიდა ეკლესიში დაცულია კეთილმსახური გადმოცემა მასზედ, რომ უფალი თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, პირველ ყოვლისა თავის დედას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გამოეცხადა, და სწორედ მასვე აუწყა ანგელოზმა ყველაზე ადრე ეს სასიხარულო ამბავი მისი ძის მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ადამიანთაგან იგი ყველაზე ახლოს იყო უფალ იესო ქრისტესთან, და მისი გულიც ყველაზე მეტად განგმირა ენით უთქმელმა მწუხარებამ უფლის ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის ხილვისას. და განა შეიძლებოდა უფალს გაეგრძელებინა თავისი დედის ტანჯვა და პირველს სწორედ მას არ გამოცხადებოდა სიკვდილის ძლევისა და კაცთა მოდგმის გამოსყიდვის დიადი საქმის აღსრულების შემდგომ?! - მას, ვინც მისით ცოცხლობდა და სუნთქავდა და ვისთან ყოფნისასაც ნუგეშსა და სიხარულს ჰპოვებდა თავისი ქვეყნიური ცხოვრებისას?


იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში დღესაც უჩვენებენ იმ ადგილს კუვუკლიის, ანუ უფლის საფლავის მახლობლად, სადაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გამოეცხადა. ამ, საუკუნეების მანძილზე გამოვლილ წმიდა გადმოცემას, რა თქმა უნდა, საფუძვლად უტყუარი ფაქტები უდევს. სააღდგომო საგალობლებმი წმიდა ეკლესია ხშირად ახსენებს ამ მოვლენას და ხან ანგელოზის მიერ ღვთისმშობლის მოკითხვას იხსენებს, ხან მიუთითებს თვით მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადებაზე მასთან. ამ საგალობლებში პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ანგელოზს ნაბრძანები ჰქონდა სწორედ ღვთისმშობლისათვის, და არა სხვა ვინმესთვის, ეუწყებინა პირველად უფლის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ამბავი.


მაშ, რატომ არ არის ნახსენები ამის შესახებ წმიდა სახარებებში? - ჯერ ერთი მახარებელბს არა აქვთ აღწერილი ძალზე ბევრი რამ უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრებიდან. უფლის აღურაცხელ ქმედებათაგან და სიტყვათაგან მათ შთამომავლობას გადასცეს მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად შთაუნერგავდა მათ რწმენას იესო ქრისტეს ღვთაებრივ წარმოგზავნილობში და რაც მის ზეადამიანურ ძალასა და ღირსებას წარმოაჩენდა. იოანე მახარებელი ორგზის მიუთითებს, რომ სახარებებში ძალზე მცირედია აღწერილი ყოველივე იმისაგან, რაც მოციქულებსა და სხვა ადამიანებს უნახავთ და მოუსმენიათ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრებისა და საზოგადო მსახურების დროს. კერძოდ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც წმიდა სახარებაში ძალზე მცირედია ნათქვამი, იგი სულ რამდენიმე გზის არის მოხსენიებული. მას შემდეგ, რაც წმიდა ქალწული ღმერთის მხოლოდშობილი ძის ხორციელ-ქმნას ემსახურა, იგი თითქოსდა მთლიანად მიეფარება ჩვენი თვალთახედვიდან და უცნობლობაში ჰგიებს. და ეს მაშინ, როცა ცხოვრობდა რა თავის ერთადერთ ღვთაებრივ ძესთან, მოცული მისი ყურადღებით, მთლიანად მიცემული მასზე დედობრივ ზრუნვას და დიდად პატივდებული ყველასაგან, ვინც მის ძეში არაჩვეულებრივ სასწაულთმოქმედს ხედავდა, - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სავსებით შეიძლებოდა საღმრთო წერილის ვრცელი თხრობის საგანი გამხდარიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მას თავადვე არ სურდა, რომ მისი ცხოვრების საიდუმლო საჯაროდ ყოფილიყო წარმოჩენილი და გამხელილი. თავმდაბლობა და მორჩილება ხომ ერთ-ერთი უმთავრესი თვისება იყო ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა. მისთვის უფრო სასურველი და საამო იყო მშვიდი, ჩუმი, მოკრძალებული ცხოვრება, მოშორებული საზოგადოებრივ ხმაურსა და მთლიანად მიმართული ყოველივე საღმრთოსაკენ. და ალბათ მის წმიდა გულს მტკივნეულად ხვდებოდა, როცა ვინმე ურღვევდა ამ სანუკვარ სიმშვიდესა და სიჩუმეს. უფლის მოციქულნი ღრმა მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ ყოვლად არაჩვეულებრივ თავმდაბლობას ყოველთა დედათაგან უდიდესი და უწმიდესი დედისა, სათუთად უფრთხილდებოდნენ მას, ითვალისწინებდნენ მის სურვილს და არ უნდოდათ მის შესახებ საუბარი, რამეთუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც ყველაზე მეტად მდუმარება შეჰყვარებოდა.


„იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ (მუხლი 10).


იოანეს სახარების მიხედვით (20,18), უფლის საფლავიდან დაბრუნებულმა მარიამ მაგდალენელმა მის მოწაფეებს აუწყა, რომ ნახა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. მოწაფეებმი, რა თქმა უნდა, ნაგულისხმევია თერთმეტი რჩეული მოწაფე, რომლებიც იმავე პირველ დღეს კვირისა ღირს იქმნენ თავადაც ეხილათ უფალი. ცხადია, წმიდა მარკოზიც სწორედ მათ უწოდებს „მის თანა, ანუ უფალთან მყოფთ“, რადგან ისინი გამუდმებით მის გვერდით იმყოფებოდნენ, დაწყებული იოანესმიერი ნათლისღებიდან, სანამ იესო ქრისტე ამქვეყნად იქცეოდა ადამიანთა შორის და თავის საზოგადო მაცხოვნებელ მსახურებას აღასრულებდა. სიტყვებით „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ მახარებელი გამოხატავს უფლის მოწაფეთა მწუხარე მდგომარეობას მისი სიკვდილის შემდეგ, სანამ მკვდრეთით აღმდგარი გამოეცხადებოდა მათ. უფალში იყო მთელი მათი ბედნიერება, სიხარული და იმედი; მათ სწამდათ და იმედიც ჰქონდათ, რომ „იგი არის, რომელმან იხსნეს ისრაელი“ (ლუკა 24,21). მაგრამ ეს ხსნა, რომელიც ქრისტეს ქვეყნად უნდა მოეტანა, მათ მაშინ ცალმხრივად ჰქონდათ წარმოდგენილი - გრძნობისმიერად, ისე, როგორც ეს იუდეველებს სჯეროდათ, ანუ როგორც ღვთის ერის გამოხსნა წარმართების მონობისაგან, როგორც დიდი ქვეყნიური სამეფოს დაფუძნება, რომელშიც ისინი, ყოველივე რომ მიეტოვებინათ ქრისტესათვის, თვალსაჩინო გარეგან მდგომარეობას დაიკავებდნენ. მაგრამ, აი, მათი იმედი, ნათელი და სიხარული ახლა საფლავშია - იოსებ არამათიელის ბაღში; მათი დიდება შეგინებულია; მათი სიყვარული მომკვდარა; მათი იმედი დაკარგულა, შეფარულა; და თვით მათს საკუთარ სიცოცხლესაც ახლა დაუკარგავს ყოველგვარი ღირებულება. მაშ, რაღა დარჩენიათ, თუ არ გლოვა და ტირილი, ტირილი აუხდენელი იმედების გამო და გლოვა საყვარელი მოძღვრის დაკარგვის გამო?!


„და მათ რაი ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა“ (მუხლი 11).


იოანეს სახარების მიხედვით, კერძოდ კი იმ ადგილისა, სადაც გადმოცემულია თავად მისი და მოციქულ პეტრეს მსვლელობა უფლის საფლავისაკენ მას შემდეგ, რაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს (იოანე 20,2-19), ჩანს, რომ წმიდა მარკოზის მიერ აღნიშნულ დროს უფლის საყვარელ მოწაფეს - იოანეს უკვე სწამდა მისი მკვდრეთით აღდგომა. მაშ, როგორ შევუთანხმოთ ეს იმას, რასც მარკოზი უფლის მოწაფეთა ურწმუნოებაზე ამბობს, როცა მათ, თითქოსდა ყველამ არ ირწმუნეს მარიამ მაგდალინელის მიერ მოტანილი სასიხარულო ამბავი იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ? ამ კითხვაზე მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ შესაძლოა იოანეს უკვე სჯეროდა, სხვებს კი - ჯერ არა, უფლის მკვდრეთით აღდგომა. და როცა მახარებლები მოწაფეთა ურწმუნოების შესახებ ლაპარაკობენ, მათში ყველა უნდა ვიგულისხმოთ, გარდა იოანესი. ანდა, შესაძლოა, იოანეს რწმენაც არ იყო ჯერ საკმარისად მტკიცე, და სხვებთან ერთად იგიც ეჭვებით იყო შეპყრობილი... დაბოლოს, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ იმ დროს, როცა მარიამ მაგდალინელი სასიხარულო ამბავს აუწყებდა მოწაფეებს, იოანე მათ შორის არ იმყოფებოდა რაღაც მიზეზით (პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ვერ მოესწრო დაბრუნება უფლის საფლავიდან, სადაც პირველად იყო წასული). ამრიგად, უეჭველია, რომ უფლის მოწაფეებმა, - ყოველ შემთხვევაში ცხრამ მათგან (პეტრესა და იოანეს გამოკლებით, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ უფლის საფლავიდან), არ დაიჯერეს მარიამ მაგდალინელის მიერ მოტანილი ამბავი მასზედ, რომ მათი უფალი და მოძღვარი, სამი დღის წინ ჯვარცმული, მომკვდარი დასაფლავად შთადებული, ახლა კვლავ ცოცხალია და რომ მან, მარიამ მაგდალინელმა, საკუთარი თვალით ნახა იგი.


„ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხვითა ხატითა, მი-რაი-ვიდოდეს დაბასა“ (მუხლი 12).


მკვდრეთით აღმდგარი უფლის ეს გამოცხადება, გადმოცემული წმიდა მარკოზის მიერ ამ მუხლში, უდავოდ იგივე გამოცხადებაა, რომლის შესახებაც დაწვრილებით მოგვითხრობს წმიდა ლუკა (24,13-32). ამ ორი მოვლენის იგივეობაზე მიუთითებს მოწაფეთა რაოდენობაც - ორი, რომელთაგან ერთი ლუკას მიერ წოდებულია კლეოპად, და გამოცხადების გარემოებანიც: გზში, ერთ-ერთი დაბის მისადგომებთან, რომელიც ლუკასთან ემაუსად იწოდება, და ბოლოს თვით სახეც მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადებისა - „სხვითა ხატითა“. ამრიგად, წმიდა მარკოზის ეს მოკლე შენიშვნა ლაკონური გამეორებაა წმიდა ლუკას მიერ ვრცლად გადმოცემული ამბისა მასზედ, თუ როგორ დაემგზავრა უფალი ემაუსისკენ მიმავალ ორ მოწაფეს, როგორ ესაუბრებოდა მათ მთელი მსვლელობის განმავლობაში და როგორ ვერ შეიცნეს მათ თანამგზავრში თავიანთი მოძღვარი.


„და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა“ (მუხლი 13).


წმიდა ლუკას გადმოცემით, როცა ემაუსელი მგზავრები იერუსალიმში დაბრუნდნენ და მოციქულებთან მივიდნენ, რათა ეხარებინათ მათთვის უფლის მკვდრეთით აღდგომის ამბავი, მოციქულებმა დაასწრეს, და სანამ ისინი მოუთხრობდნენ, თუ როგორ გამოეცხადათ მკვდრეთით აღმდგარი უფალი ემაუსის გზაზე, თავადვე არწმუნებდნენ მათ ამასვე და ეუბნებოდნენ, „ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს“ (ლუკა 24,34-35). ამ თხრობას, თითქოსდა ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ განხილვადი მუხლი მარკოზის სახარებისა, სადაც ნათქვამია, რომ მოციქულებმა არ დაუჯერეს ემაუსელ მგზავრებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით მოჩანს ასე. უნდა გვახსოვდეს, რომ ლუკა გადმოსცემს მოწაფეთა იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი დახვდნენ ემაუსელ მგზავრებს, მარკოზი კი იმაზე მოგვითხრობს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ემაუსელი მგზავრების უწყებამ მკვდრეთით აღმდგარ უფალზე, ანუ პირველი ჰყვება მათი შეხვედრის დასაწყისის შესახებ, მეორე კი დასასრულის შესახებ. ლუკას სახარების მიხედვითაც შკარად ჩანს, რომ უფლის მოწაფეთა ამ საუბრის შემდეგ ისინი კვლავაც ურწმუნოებისა და ეჭვების მდგომარეობში იყვნენ: ეს უდავოდ დასტურდება წმიდა მახარებელ ლუკას შემდგომი თხრობით უფლის გამოცხადების შესახებ, რაც სწორედ მაშინ მოხდა, როცა ემაუსელი მგზავრები თავიანთ თავგადასავალს ჰყვებოდნენ (მუხლები 36-43). ამ თხრობის მიხედვით, უფლის გამოცხადებისას მოციქულებს შისი დაეცათ, ფიქრობდნენ რა აჩრდილს ვხედავთო, და ისე შეეშინდათ, რომ უფალი იძულებული იყო ერწმუნებინა ისინი, ეს ნამდვილად მე ვარო და ამისთვის საჭიროდ მიიჩნია საზრდოც კი მიეღო მათთან ერთად. და თუ ეს ასეა, მაშინ მოციქულთა რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომისა, რომლითაც ისინი ემაუსელ მგზავრებს შეხვდნენ, არ იყო მტკიცე და ურყევი დაჯერებულობა ამ მოვლენის სინამდვილეში, არამედ ეს იყო მხოლოდ მთრთოლვარე მისწრაფება მათი გულებისა იმაში დარწმუნებისაკენ, რის საწინააღმდეგოდაც გონება უღაღადებდათ, ჯერეთ განუნათლებელი სულიწმიდის მადლით. რამეთუ, აი, მათ სიხარულით, თუმც კი - არა გადაჭრილი, მტკიცე დარწმუნებით აუწყეს ემაუსელ მგზავრებს პეტრე მოციქულის ნაამბობი მისდა მკვდრეთით აღმდგარი უფლის გამოცხადების შესახებ, და უცებ მათგანაც იგივე მოისმინეს, - რომ ემაუსის გზაზე უფალი სხვა ხატით გამოეცხადა მათ, ისე, რომ თავიდან ვერც კი იცნეს, მთელი მგზავრობის მანძილზე ესაუბრა მათ, ხოლო როცა შეიცნეს მასმი უფალი, იგი უხილავი შეიქნა. ამიტომ მოციქულებს, ესმათ რა ეს ამბავი, დაუჯერებელი ეჩვენათ ის, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ პეტრესადმი იერუსალიმში გამოცხადებული უფალი თითქმის იმავდროულადვე ემაუსის გზაზეც გამოცხადებოდა ორ მოწაფეს; საეჭვოდ მიაჩნიათ მათ ისიც, რომ ემაუსის მგზავრებს უფალი სხვა სახით - „სხვითა ხატითა“ გამოეცხადა; მაგრამ ყველაზე მეტად შეუძლებლად მათ, რა თქმა უნდა, ის მოეჩვენათ, რომ გამოცხადებული უფალი ანაზდად უხილავი შეიქნა: აჩრდილი ხომ არ იყო ესო? და აკი, მართლაც, სულ მცირე ხნის შემდეგაც ასე იფიქრეს მათ, როცა უფალი იესო გამოეცხადათ.


„უკუანაისკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაი მათი და გულ-ფიცხელობაი, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა“ (მუხლი 14).


მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ეს გამოცხადება, გადმოცემული წმიდა მარკოზის მიერ მოხმობილ მუხლში, უეჭველად, იგივეა, რომლის შესახებაც წმიდა მახარებლები ლუკა (24,34-43) და იოანე (20,19-23) ლაპარაკობენ. ლუკასა და იოანეს სახარებათა ამ ადგილებში აღწერილი მოვლენების იგივეობა ცხადია იქიდან, რომ უფლის ეს გამოცხადება იყო მისი ერთად შეკრებილი თერთმეტი მოწაფისადმი და აღსრულდა უფლის მკვდრეთით აღდგომის დღესვე, გვიან საღამოს; კვალად, ეს დასტურდება ზუსტად ასევე იქიდანაც, რომ უფალმა, ორივე სახარების მიხედვით, გამოცხადებისას - „მშვიდობა თქვენდა“-ო, - უთხრა მოწაფეებს და არწმუნებდა მათ თავისი მკვდრეთით აღდგომის ნამდვილობში. გამოთქმა - „უკუანაისკნელ“, ანუ „ბოლოს“, „დაბოლოს“, „დასასრულ“ იმას კი არ უნდა აღნიშნავდეს, რომ აღწერილი გამოცხადება უკანასკნელი იყო უფლის გამოცხადებათაგან, არამედ მხოლოდ იმას, რომ იგი ბოლო იყო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღეს - კვირის პირველ დღეს, რამეთუ როგორც მახარებელი იოანე წერს, „ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაი“-ო (20,19). სიტყვა „აყვედრა“ ნიშნავს, რომ იესომ გაკიცხა, საყვედური უთხრა თავის მოწაფეებს იმისათვის, რომ მათ არ დაიჯერეს მისი მკვდრეთით აღდგომა. სიტყვა „ათერთმეტთა მათ“ ნიშნავს, რომ იმ სახლში თერთმეტი მოციქული იმყოფებოდა, და იგი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს იქ სხვა არავინ იყო იესოს მოწაფეთაგან. „რამეთუ რომელთა იგი იხილეს, მათი არა ჰრწმენა“ - ამ სიტყვებში სავსებით სამართლიანი იქნება იმის ახსნის დანახვა, თუ რატომ „აყვედრა“ უფალმა მოწაფეებს მათი „ურწმუნოებაი“ და „გულფიცხელობა“, რადგან მარკოზის სახარების ჩვენს მიერ განხილულ სიტყვებში მითითებულია მტკიცების ახალი ხერხი, კერძოდ კი მკვდრეთით აღდგომის თვითმხილველთა მოწმობის მოშველიება. ეს მოშველიება უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ საერთოდ დამაჯერებელი მტკიცებულება უფლის მკვდრეთით აღდგომისა, არამედ საყვედურის თქმის საშუალებაც. მოწაფეებთან უფალ იესოს საუბრის ეს სასაყვედურო ტონი, რომელზეც პირდაპირ მიანიშნებს სიტყვები „აყვედრა ურწმუნოებაი მათი“, ძალზე უნდა მოხვედროდათ მოციქულებს გულზე, რადგან ეს თვითმხილველები უფლის მკვდრეთით აღდგომისა ასევე მათთან ერთად იყვნენ.


„და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მუხლი 15).


„და ჰრქუა მათ...“ როდის უთხრა? „და“ კავშირი, რომელიც ამ სიტყვებს წინამავალ წინადადებასთან. აკავშირებს, თითქოსდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ უფალმა მოხმობილი ბრძანება იმავე დღეს უთხრა მოწაფეებს, როცა მკვდრეთით აღდგა და მას შემდეგ, რაც ემაუსის გზაზე გამოეცხადა ორ მოწაფეს, საღამოთი კვლავ ეჩვენა თერთმეტ მოციქულს (და, ალბათ, მათთან ერთად მყოფ სხვა მოწაფეებს) და უსყვედურა მათი ურწმუნოება; ანუ თითქოს ამ საყვედურის თქმის შემდეგვე უბრძანა მათ საქადაგებლად წასვლა მთელს ქვეყნიერებაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარკოზის სახარებაში არის მაგალითები იმისა, როცა „და“-კავშირით შეერთებულია გადმოცემა სხვადასხვა მოვლენების შესახებ, რომლებიც უდავოდ სხვადასხვა დროს განეკუთვნებიან (მაგ. მარკ. 3,22 და მათე 12,22-30 და ლუკა 11,15-23; მარკოზი 6,1-6 და მათე 13,53-58; 9,36 და ლუკა 4,15-24; 8,1 სხვ. მრავალი); ეს მარკოზის წერის თავისებურებაა, რომელიც მხოლოდ ლაკონურობასა და მისი მეტყველების სიცხოველეს მოწმობს. ამიტომ წმიდა მარკოზის მონათხრობიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ზემოთ მოხმობილ სიტყვებს მოციქულთა საქადაგებლად წარგზავნის შესახებ უფალი იმავე დღეს წარმოთქვამდეს, როცა იგი მკვდრეთით აღდგა და ემაუსისკენ მიმავალ ორ მოწაფეს გამოეცხადა. ამავე დროს, უფლის მიერ მიცემული ეს ბრძანება უსათუოდ გულისხმობს მოციქულებში, ვისადმიც იგი არის მიმართული (ხოლო მიმართულია იგი ყველა მოციქულისადმი უკლებლივ), მტკიცე, შეურყეველ რწმენას მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტესი - დარწმუნებულობას აღდგომის სინამდვილესა და აუცილებლობში, ასევე ცხად შემეცნებას სახარებისა, რომელიც მათ მსოფლიოსათვის უნდა ექადაგებინათ. მოციქულთა საქმეების წიგნის მიხედვით, უფალმა თავისი ჯვარზე ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „წარუდგინა თავი თავისი ცხოველი... მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩვენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა“ (საქმე მოციქ. 1,3), ანუ განუმარტავდა მათ ცათა სასუფევლის საიდუმლოს, რაც უნდა ყოფილიყო კიდეც სახარების ქადაგების საგანი. სწორედ ამას უბრძანებს უფალი თავის მოწაფეებს მარკოზის სახარების მე-16 თავის 15-18 მუხლებში. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ეს სიტყვები უფალმა თავისი ზეცად ამაღლების დღეს უთხრა მოციქულებს. ხოლო რაც შეეხება საერთო აზრს უფლის ამ ბრძანებისა, - „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ - იგი, ცხადია, იგივეა, რაც მათეს სახარების 28-ე თავის მე-19 მუხლში გადმოცემული უფლის სიტყვებისა - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო“. ორივე შემთხვევში უფალი მცნებად დაუდებს მოციქულებს საქადაგებლად წავიდნენ სახარებისა - ანუ იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვრის შესახებ - არა მხოლოდ იუდეველებთან, რომლებთანაც უპირატესად წარგზავნიდა იგი მოციქულებს მანამდე, თავისი ქვეყნიური საზოგადო მსახურებისას (მათე 10,5), არამედ - წარმართებთანაც, ანუ მსოფლიოს ყველა ხალხებთან. მაგრამ მარკოზის სახარებში უფლის ეს ბრძანება, მათეს სახარებასთან შედარებით, თითქოს უფრო ფართოდაა, მრავლისმომცველადაა გადმოცემული: მაშინ როდესაც მათეს სახარებში ნათქვამია - „მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო“, - სწავლების საგნის აღუნიშნავად, აქ დაზუსტებითაა ნათქვამი - „უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“-ო. სიტყვა „სახარება“ - ბერძნულად „ევანგელიონ“ აღნიშნავს საერთოდ კეთილი, სასიხარულო ამბის უწყებას; ხოლო ახალ აღთქმში აღნიშნავს სასიხარულო ამბის უწყებას კაცობრიობის ხსნის, ცხოვნების შესახებ ღმერთის ძის - იესო ქრისტეს მიერ. ხოლო რადგანაც ცათა სასუფეველი, ანუ ჩვენი ცხოვნება, მონიჭებული ჩვენდა საღმრთო მადლით, იესო ქრისტეს ღვაწლის ძალით გვეძლევა - ჩვენი რწმენისა და უფლისადმი შედგომის ძალისაებრ, - ამდენად სახარებად იწოდება სასიხარულო ამბის უწყება არა მხოლოდ მაცხოვრის მიერ ჩვენდა მონიჭებული სიკეთეების შესახებ, არამედ - თვით მაცხოვრის- ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ, - მისი მოძღვრების, ქვეყნიური ცხოვრებისა და საზოგადო მაცხოვნებელი მსახურების, ჯვარზე ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ.


მარკოზის სახარების სხვა თავისებურება, მათეს სახარებასთან შედარებით, ის არის, რომ უფლის მიერ მოციქულებისადმი მიცემულ ამ ბრძანებაში სხვა სიტყვებით არიან აღნიშნულნი ისინი, ვისადმიც უნდა ყოფილიყო მიმართული მათი ქადაგება. ნაცვლად სიტყვისა „წარმართნი“ მარკოზს გამოყენებული აქვს ორი სიტყვა - „ყოველსა დაბადებულსა“. თავისთავად ცხადია, რომ ეს გამოთქმა შეიძლება იმავე მნიშვნელობით იქნას გაგებული, როგორითაც სიტყვა „წარმართნი“, ანუ როგორც, საერთოდ, მთელი კაცთა მოდგმის აღმნიშვნელი. მაგრამ გარდა ამ, ასე ვთქვათ, კერძო მნიშვნელობისა, ამ სიტყვებს კიდევ საერთო, ზოგადი და ამიტომ უფრო ყოვლისმომცველი მნიშვნელობა აქვთ, - მთელი სამყაროს, სერთოდ მთელი ქმნილების აღმნიშვნელი. ამ მნიშვნელობით სიტყვა „სოფელი“ გამოიყენება უპირატესად იოანე ღვთისმეტყველის ნაწერებში (1,9,8,23; I იოანე 2,15,16; აქ სიტყვა „სოფელი“ აღნიშნავს მთელს ქვეყნიერებას - ადამიანებსაც და ბუნებასაც მათი ცოდვიანობისა და ცოდვით დაზიანების მხრივ). ხოლო სიტყვა „ქმნული“ - ქმნილება - გამოიყენება უპირატესად მოციქულ პავლეს ნაწერებში (კოლას.1,15,23; ებრ. 9,11 და განსაკუთრებით რომ. 8,19,21, სადაც ეს სიტყვა აღნიშნავს მთელს ხილულ ბუნებას, დარღვეულსა და დაზიანებულს ცოდვით). ამ უკანასკნელი საერთო, ზოგადი მნიშვნელობით ორივე ეს სიტყვა გამოიყენება სიტყვა „ყოველ“-თან ერთად, როგორც ეს მარკოზის სახარების მოცემულ შემთხვევშია. სწორედ ამიტომ სრულიად სამართლიანად ორივე ეს სიტყვა ამ შემთხვევშიც უნდა გავიგოთ სწორედ ამ, საერთო, ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.


„რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მუხლი 16).


„ჰრწმენეს“, იგულისხმება სახარების რწმენა, რომელიც ქადაგებული იქნება ყველგან და ყველასათვის; რწმენა იესო ქრისტესი, ვითარცა ღმერთის ძისა და მაცხოვარისა, და რწმენა მის მიერ აღსრულებული ხსნისა და გამოსყიდვისა, როგორც ეს საკმარისდ ცხადად არის ნათქვამი ახალი აღთქმის ბევრ სხვა ადგილას, და განსაკუთრებით იოანე ღვთისმეტყველის ნაწერებში. თავისთავად იგულისხმება, რომ რწმენა უფალ იესო ქრისტესი, როგორც ღმერთის ძის და ჩვენი გამომსყიდველის ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკის ტყვეობისაგან, აუცილებლად გულისხმობს რწმენას ქრისტიანული სარწმუნოების ყველა სხვა - საზოგადო თუ კარძოობითი ჭეშმარიტებებისაც, კერძოდ კი ამ უკანასკნელ დოგმატთან - ჩვენს გამოსყიდვასთან დაკავშირებულისაც. სარწმუნოებად, რწმენად, საღმრთო წერილის ენაზე, იგულისხმება და იწოდება არა უბრალო მინდობა გონებისა ქადაგებული ჭეშმარიტებებისადმი, არამედ შეუეჭვებელი და გულისმიერი დაჯერება-მიღება ამ ჭეშმარიტებებისა, მათი აღიარება ჩვენი სულის ყველა ძალით, - არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც, ნებითაც, - გულისმიერი ცხოველი რწმენა, გამომჟღავნებულ-დადასტურებული ადამიანის მთელი ცხოვრებით და აღიარებულ-დაცული მის მიერ სიკვდილამდე. უფლის მიერი მცნება ნათლის-ღების აუცილებლობის შესახებ იმათთვის, ვისაც ქრისტეს ეკლესიში შესვლა სურს, უფრო სრულად არის გადმოცემული მათეს სახარების შესაბამის ადგილებმი, ვიდრე აქ, მარკოზთან; იქ ნათქვამია ნათლის-ღების შესახებ ყოვლად წმიდა სამების სახელით - მამისა და ძისა და სულისა წმიდისა; ორივე შემთხვევაში კი ნათლის-ღების საიდუმლოს გამოსახატავად ბერძნულ დედანში ერთი და იგივე სიტყვაა გამოყენებული („ბაპტისთეის“ სიტყვიდან „ბაპტიძო“ - „შთაფლვა“) რომელი მიუთითებს არა მხოლოდ სახეზე ნათლობის აღსრულებისა, არამედ მის შინაგან ქმედებაზეც - მონათვლადის თანაშთაფლვაზე უფალ იესოსთან ერთად საფლავად, ანუ მის განწმენდაზე ყოველგვარი ცოდვებისაგან - პიროვნულისაგანაც და პირველმშობელთა ცოდვისაგანაც, და მის ხელმეორედ შობაზე სულიერი ცხოვრებისათვის, რომელსაც ცხოვნებისაკენ მივყავართ. სამაგიეროდ ეს შინაგანი ქმედება, ანუ უფრო ზუსტად, მნიშვნელოვნობა ნათლის-ღებისა ადამიანის ცხოვნებისათვის აქ, მარკოზის სახარებაში მითითებულია განსაკუთრებულად და ამდენად უფრო ცხადად, ვიდრე მათეს სახარებაში. აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ვინც ირწმუნებს უფალ იესო ქრისტეს, მის სახარებას, და მოინათლება, ის ცხოვნდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, ის დაისჯება. სიტყვებში - „და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს,“ მართალია, არ არის ნახსენები (გამეორებული) სიტყვა „არა ნათელ-იღოს“, მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება; რამეთუ ვისაც სწამს ქრისტეს სახარება, ანუ ის, რომ ცხოვნება შეუძლებელია ადამიანისათვის მისი საკუთარი ძალებით და აღესრულება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის ძალით სულიწმიდის საღმრთო მადლის ზემოქმედებით, - ის, ვისაც ეს სწამს, შეუძლებელია არ მოინათლოს. ნათლის-ღება არა მხოლოდ გარეგანი ნიშანია ამგვარი რწმენისა, დადგენილ-დაწესებული თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ, არამედ საშუალებაც, იარაღიც, რომელიც ნამდვილად შესძენს, ანიჭებს ადამიანს იესო ქრისტეს ღვაწლთა ძალით სულიწმიდის მადლს, რომლითაც ჩვენი ცხოვნება აღესრულება. თუ რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა ცხოვნების ქვეშ, რომელსაც უფალი აღუთქვამს მონათლულ მორწმუნეთ მარკოზის სახარების ამ ადგილას, ეს ნათლად ჩანს სახარების სხვა ადგილებიდან, რომლებშიც ქრისტეს მორწმუნეებს აღთქმული აქვთ საუკუნო ცხოვრება ქრისტესთან ნეტარ ერთობში - მისი დიდების სასუფეველში (იოანე 5,28; 17,2-4; რომ. 8,19; ეფეს. 5,25-27; II ტიმ. 4,8; I პეტრე 3,21 და მრავალი სხვა). ხოლო ურწმუნოთა დასჯის ქვეშ უნდა გავიგოთ საუკუნო სატანჯველად მიცემა ცეცხლოვან გეჰენიაში, რომელიც ცოდვილთათვის არის განმზადებული (იოანე 3,26; 5,24). თავისთავად იგულისხმება, რომ მონათლული მორწმუნენი აღთქმულ ცხოვნებას მხოლოდ იმ შემთხვევში მიიღებენ, თუკი შეურყვნელად შეინარჩუნებენ თავიანთი ცხოვრების ბოლომდე რწმენასაც და მადლისმიერ ნიჭთაც, მიღებულთ ნათლის-ღების საიდუმლოში, რამეთუ უფლის პირდაპირი სიტყვისაებრ: „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე 7,21); შდრ. 26,27; რომ. 2,13 და სხვა).


„ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“ (მუხლები 17-18).


სიტყვა „სასწაულის“ ქვეშ, ცხადია, იგულისხმება ის ქმედებანი, რომლებიც თან უნდა ახლდეს სახარების ქადაგებას და მის რწმენას, და ეს ქმედებანი ქვემორეა ჩამოთვლილი. ეს ქმედებანია: ეშმაკთა განსხმა იესოს სახელით, უნარი სხვადახსვა ენებზე ამეტყველებისა, უვნებლობა ზიანის მომტან ცხოველებთან და ბუნების აღმონაცენებთან შეხებისას და სნეულთა განკურნვის ძალა ოდენ ხელთა დასხმით მათზე. ყველა ეს ქმედება იმდაგვარია, რომ ბუნების ჩვეულებრივი ძალებით, მისიჩვეული ცხოვრების მიმდინარეობისას, ისინი ვერ აღსრულდებიან, რამეთუ ეს შესაძლებელია მხოლოდ თვით ღმერთის მიერ ზებუნებრივი ძალებით. სიტყვა „სასწაულის“ პირდაპირი მნიშვნელობითაც და მისი გამოყენებითაც ახალ აღთქმში, სასწაული, ნიში არის ისეთი ქმედება, თუ მოვლენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ღვთაებრივი ძალის მუნ მყოფობა იქნას შეცნობილი მოცემულ მოვლენში, სიტყვასა თუ პიროვნებში, რომელიც ერთსაც და მეორესაც აღმოაცენებს. ამიტომაც როცა მთელს ქვეყნიერებაზე სახარების საქადაგებლად წარგზავნის თავის მოციქულებს, უფალი მათ, ისევე როგორც პირველი წარგზავნისას იუდეველთა შორის ქადაგებისათვის (მათე 10,1-5), აძლევს ბრძანებას და ხელმწიფებას სასწაულთა მოქმედებისა, როგორც მათი ქადაგების ღვთაებრიობის ნიშნის, დამადასტურებელისა, რასაც ადამიანები ამ სახარების რწმენამდე უნდა მოეყვანა, ხოლო უკვე აღვსილნი რწმენით - უნდა განემტკიცებინა ამ რწმენაში. - მორწმუნეებად, რომელთათვისაც აღთქმულია კიდეც ეს სასწაულნი, ანუ მათი აღსრულების ხელმწიფება, ამგვარად, წოდებულნი არიან თავად მოციქულები, როგორც სახარების მქადაგებელნი და გამავრცებელნი, მერმე კი - ყოველნი ჭეშმარიტნი მორწმუნენიც, რომლებსაც ზუსტად მოციქულთა მსგავსად ძალუძთ სასწაულთა აღსრულება სახარების ქადაგებისა და მართალთა სარგებლობის მაღალი მიზნებისთვის; რამეთუ სასწაულები, ვითარცა რწმენის ნიშნები, შესაძლებელია მხოლოდ რწმენით აღსრულდეს. და რომ ეს აღთქმა უფლისა სახარების პირველ მქადაგებლებსა და პირველ მორწმუნეთ განეკუთვნებათ, და მათზე აღსრულდა კიდეც, - ამას პირველ ქრისტიანთა ისტორიაც გვიდასტურებს. მაგრამ ეს აღთქმა ჩვენს დროშიც და სამარადჟამოდაც ქმედითია, რამეთუ ქრისტე, ვისი სახელითაც უნდა აღსრულდეს და შესაძლებელია აღსრულდეს სასწაულები, „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13,8).


„ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა“ (მუხლი 19).


კავშირი „ხოლო“ არის დამაბოლოვებელი კავშირი; ჩვეულებრივ, იგი გამოიყენება სიტყვის დასასრულს და მიუთითებს იმაზე, რომ მის შემდგომ მოცემული აზრები უნდა გამოცალკევებულ იქნას უშუალოდ მათს წინამავალ სიტყვათაგან, როგორც საზოგადონი - კერძოსაგან, ანდა როგორც ცალკე წყებაც კი ახალი აზრებისა, წინამავალისაგან განსხვავებულთა. ამიტომ, მარკოზის სახარების მოცემულ შემთხვევშიც ორი უკანასკნელი მუხლი უნდა გამოყოფილ იქნას წინამავალთაგან, და ამის გამო მათ ვერ მივიჩნევთ საწინააღმდეგო ნათქვამად მოციქულთა საქმეების წიგნის ცნობისა, სადაც უფლის ზეცად ამაღლება წარმოდგენილია როგორც აღსრულებული მე-40 დღეს მისი მკვდრეთით აღდგომიდან. უფლის თვით ამაღლების შესახებ მარკოზთან შედარებით უფრო ვრცლად ლაპარაკობს მახარებელი ლუკა თავის სახარებში (24,50-51), და განსაკუთრებით საქმე მოციქულთში; მაგრამ თავისი ჩვეული სიტყვაძუნწობის მიუხედავად, წმიდა მარკოზი აქაც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ადგილას თავისი სახარებისა, ისეთ რაიმეს გვაუწყებს, რომლის შესახებაც არაფერია ნათქვამი ლუკას სახარებში. კერძოდ ესაა შემდეგი სიტყვები: „და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა“. ეს გამოთქმა, ცხადია, ხატობრივია, სახოვანია; რამეთუ ღმერთი არის ყველგანარსი და ყოვლადძლიერი სული. ეს გამოთქმა ნასესხებია ჩვენი, კაცობრივი გამოთქმებისაგან - მეფისადმი სამეფო ტახტის მემკვიდრის მიმართებიდან. ამ მემკვიდრის ჯდომა მარჯვენით მამისა აღნიშნავს მის მონაწილეობას სამეფო დიდებში, ღირსებასა და ხელმწიფებაში, ანუ მოასწავებს მის თანასწორობას მეფესთან. იგივე აზრი ცხადად არის გამოხატული აღნიშნული სახით იესო ქრისტეს შესახებაც მის მიმართებში მამა ღმერთთან; ეს სახე გვეუბნება ჩვენ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ამაღლებულმა ზეცად, მიიღო მამა ღმერთის თანასწორი ხელმწიფება, სახელი, დიდება და ღირსება, - ანუ თავისი ადამიანური ბუნებითაც მიიღო საღმრთო ღირსება, საღმრთო ხელმწიფება, საღმრთო ძალა და დიდება; იესო ქრისტეს ჯდომა მარჯვენით მამაღმერთისა აღნიშნავს მისი ადამიანური ბუნების განღმრთოვებას. მიტროპოლიტი მაკარი თავის „მართლმადიდებლურ-დოგმატურ ღვთისმეტყველებში“ამბობს(ტ. II, გვ. 95): „განღმრთოვება არა იმ აზრით, თითქოს ადამიანური ბუნება ქრისტეში ღმრთაებად ქცეულიყოს, დაეკარგოს თავისი შემოფარგლულობა და კაცობრივ თვისებათა ნაცვლად ღვთაებრივი თვისებები მიეღოს, არამედ - იმ მნიშვნელობით, რომ მიღებულ იქნა რა ღმერთის ძის მიერ მისი ჰიპოსტასის ერთიანობში, იგი, ადამიანური ბუნება, ეზიარა ქრისტეს ღმრთაებას, შეიქნა ერთიანი სიტყვა-ღმერთთან და მის ღმრთაებასთან ამ თანაზიარობის გზით თავის სრულყოფილებებში ადამიანური ბუნებისათვის შესაძლებელ უმაღლეს ხარისხამდე აღმაღლდა, თუმცა კი არ შეუწყვეტია არსებობა როგორც ადამიანურ ბუნებას“. რა ღრმა და მიუწვდომელი საიდუმლოა! მაგრამ ამავე დროს რა ამაღლებული და სასიხარულო რწმენაა.


„ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი“ (მუხლი 20).


დიახ, მოციქულნი გამოვიდნენ იერუსლიმიდან და მთელს ქვეყნიერებას უქადაგეს ქრისტეს სახარება. ელეონის მთიდან, სადაც უფლის ზეცად ამაღლება აღსრულდა, ისინი იერუსალიმს დაბრუნდნენ, საიდანაც შემდომში, მას შემდეგ, რაც მეერგასე - 50-ე დღეს უფლის აღდგომიდან - მათზე სულიწმიდა გარდამოვიდა, ისინი ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ და ყველა დაბადებულს - ყველა ხალხს უქადაგეს ქრისტეს სარწმუნოება. გამოთქმა „ყოველსა ქვეყანასა“ - გვიჩვენებს, რომ სახარება ქადაგებულ იქნა არა მხოლოდ იუდეველთა შორის, არამედ ყოველთა წარმართთა შორისც, როგორც ეს თვით უფალმა უბრძანა მოციქულებს (მათე 28,19). „უფლისა შეწევნითა“: უფლის მიერ სამოციქულო ქადაგების ამ შეწევნას ყველა მოციქული მოწმობს, განსაკუთრებით ცხადად და მრავალგზის კი წმიდა პავლე, რომელიც მთელს თავის მოციქულობას, მთელს მოღვაწეობასა და ყველა წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მადლსა და ძალას მიაწერს. იმ სასწაულთა და ნიშთა ქვეშ, რომლებიც თან ახლდა სახარების ქადაგებას და რომელთა ძალითაც მოციქულნი ყველგან ამკვიდრებდნენ ქრისტეს რწმენას, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ ის სასწაულმოქმედებანი, რომელთა მეშვეობითაც, უფლის აღთქმისაებრ, უნდა განძლიერებულიყო მოციქულთა ქადაგება, სადაც ეს აუცილებელი იქნებოდა ქადაგების ჭეშმარიტობის დასადასტურებლად.


II. აწ განხილული სახარება თავის თავში შეიცავს ბევრ სამოძღვრებო ჭეშმარიტებას. შევჩერდეთ ზოგიერთ მათგანზე ჩვენი სულების სარგებლობისათვის.


ა) პირველ ყოვლისა, ჩვენს ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ უფალმა უსაყვედურა თავის მოწაფეებს ის, რომ მათ, იხილეს რა იგი მკვდრეთით აღმდგარი, მაინც არ სწამთ მისი მკვდრეთით აღდგომა (მუხლი 14). გასაგებია, რომ მოციქულებს მაშინ არ შეეძლოთ უმალვე ერწმუნათ ეს ყოვლად არაჩვეულებრივი, ყოველგვარ ბუნებრივ წარმოდგენებზე ზეაღმატებული მოვლენა: მკვდრეთით აღდგომა ხომ სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო მათთვის. მაგრამ, რაც ყველაზე საოცარია, დღესაც კი, ქრისტიანებად შობილ მრავალ ადამიანს არა სწამს სარწმუნოების უეჭველი ჭეშმარიტებანი და ისინი ქრისტიანობის წინააღმდეგ აღდგებიან, კადნიერდებიან ყოვლად უტიფარი უგნურებით უარყონ სახარება. მაგრამ როგორ? განა ქრისტიანული სარწმუნოება კაცობრივი საქმეა? განა საღმრთო ისტორია ყოვლად უეჭველი, ნამდვილი გადმოცემა არ არის? ავიღოთ წმიდა წიგნები. გავიხსენოთ ძველი და ახალი აღთქმის ადამიანები, წმიდა ადგილები. ყოველივე აქ ჩვენს თვალწინაა გადშლილი, ყოველივე ცხადი და თვალსაჩინოა; ქალაქები: იერუსალიმი, ბეთლემი, ნაზარეთი; მთები: თაბორი, სინაი, ელეონი; მდინარე იორდანე; ზღვები: გალილეისა და მკვდარი, - ყოველივე ეს ნამდვილად არსებობდა და არსებობს; ხალხიც: იუდეველნი და ქრისტიანნი ჩვენს თვალწინ არიან. განა შეიძლება აქ ადგილი ჰქონდეს რაიმე დაეჭვებას?! და ესეც ინიშნეთ: ქრისტიანულ სარწმუნოებას ვიღაც ველური, უცნობელი ხალხი კი არ აღიარებდა და აღიარებს, არამედ დიდად განათლებული ადამიანები, დიდი გონებისა და მაღალი ზნეობის მამანი და დედანი. და რამდენი და რაზომ დიდი, საკვირველი სასწაულები აღსრულებულა ქრისტეს ეკლესიაში, რომლებიც ცხადზე უცხადესად მოწმობენ სარწმუნოების სიწმიდეს და მორწმუნეთადმი მინიჭებული საღმრთო მადლის მოქმედებას! ასე, რომ ყოვლად შეუეჭვებელია, უდავოა, წმიდაა, ღვთაებრივია ქრისტიანული სარწმუნოება, როცა მას, ასე ვთქვათ, გარეთა მხრიდან უყურებ, და რაღა უნდა ვთქვათ იმაზე, თუკი მის შინაგან ღირსებებს ჩავუკვირდებით, მისი მოძღვრების, დოგმატებისა და ზნეობრივი დადგინებების შინაარსს? განა ქრისტიანული სარწმუნოება რომელიმე სხვა რელიგიის მსგავსია, რომელთა რიცხვიც ბევრია? განა ჩვენი წმიდა სარწმუნოება სულიერი გონიერების ამოუწურავი სიმდიდრე არ არის, - უზენაეს, ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა სისრულე? ყოფილა როდისმე ან არის ახლა სადმე მსოფლიოში მსგავსი სრულყოფილი სწავლება ღმერთის, ქმნილი სამყაროს, ადამიანის შესახებ? განა გამოჩნდა რომელიმე, თუნდაც ერთი ბრძენკაცი, ვინც დამაკმაყოფილებლად აგვიხსნიდა ადამიანის ბუნებას, მისი არსებობის მიზანს, დანიშნულებას და მის მომავალ ხვედრს? განა აღმოჩენილია ადამიანის გონების მიერ, ანდა მინიშნებულია გზები ადამიანის გამოსასწორებლად და მისი სრულყოფისათვის? არც ყოფილა და არც შეიძლება იყოს! მხოლოდ ღმერთივ გამოცხადებული ქრისტიანულისარწმუნოება გვიჩვენებს ამ გზებს, გვიმხელს გამოსყიდვის საიდუმლოს, აღსრულებულს ადამიანის ცხოვნებისათვის, მადლმოსილი მეორედ შობის საიდუმლოს; საიდუმლოს მისი სიკვდილისა და საიქიო მდგომარეობისა. ანდა საღმრთო მცნებები, ქრისტიანული ცხოვრების წესები ავიღოთ! - ისინი იმდენად წმიდანი, უბიწონი და უზაკველნი არიან, რომ მათგან ცხადად სირცხვილეულ იქმნება ხორცი და სისხლი, და ყველაზე გარდაქცეულ-გარყვნილი მსოფლიოც კი, მართალია, ფარულად, მაგრამ მაინც არ ამბობს უარს აღიაროს მათი სიწმიდე და ერთგვარი მოწიწებაც ჰქონდეს მათდამი. და აი, სწორედ ამგვარ სარწმუნოებაზე ბედავენ ხელის აღმართვას ბევრნი იმ ადამიანთაგან, რომლებიც მისსავ წიაღში არიან შობილნი! მაგრამ რას იტოვებენ ისინი, რითი უნდა იცხოვრონ, თუკი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა და მოსპობა სურთ? მათ სურთ უღმერთოდ დარჩნენ, ქრისტეს გარეშე იცხოვრონ, ცხოვნების სასოების გარეშე. და რა არის ეს ცხოვნება რწმენისა და იმედის გარეშე? - სრული სიცარიელე, არარაობა. რამეთუ მხოლოდ სარწმუნოება განგვამტკიცებს ამა ღელესა შინა გლოვისასა - ამ ჭირ-ვარამით აღსავსე წუთისოფელში; მხოლოდ უმჯობესი მომავლის იმედი გვაძლებინებს აწინდელ უბედურებებსა და ტანჯვაში. აბა, დაარღვიე რწმენა, წაჰგვარე ადამიანს იმედი და თქვი: არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს ქრისტე, არ არსებობს მომავალი სამარადისო ცხოვრება, - განა მაშინ „უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა“ არ ვიქნებით?! (I კორინთ. 15,19).


ბ) ღრმად დამახსოვრებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ უფალი თავის მოციქულებს წარგზავნის სახარების სქადაგებლად ქვეყნიერების ყველა ხალხებისათვის (მუხლი 15), რადგანაც უფლის გამომსყიდველი ვნებისა და სიკვდილის შემდეგ ჯვარზე, ცხოვნება შესაძლებელი გახდა უკლებლივ ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი გვარტომობისა და სადაურობისა. საღმრთო წერილის მიერ იგი იწოდება ერთადერთ შუამდგომელად ღმერთის წინშე ყველასათვის, მაცხოვრად მთელი მსოფლიოსი: „მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა“ I იოანე 4,14), - განმწმედელად, წმიდა-მყოფელად ჩვენი ცოდვებისა: „და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩვენთაი და არა ხოლო ცოდვათა ჩვენთაი, არამედ ყოვლისა სოფლისა“(იქვე, 2,2). ხმობს რა ებრაელთაც ისევე ცოდვილებად, როგორი ცოდვილნიც წარმართები იყვნენ (რომ. 3,9) და სხვა ყველა ხალხიც, ამქვეყნად მცხოვრები, და შემდეგ უკლებლივ ყველაზე ამბობს რა, რომ ყოველნი ცოდვასა ქვეშე არიან შეყენებულნი, ანუ მოწყლულნი (გალატ. 3,22), საღმრთო წერილი დაასკვნის, რომ იესო ქრისტე ერთი მოკვდა ყველასათვის, ანუ კაცთა მთელი მოდგმისათვისაც და თითოეული ჩვენგანისათვისაც, და ამგვარად ცხოვნება უკლებლივ ყველა ადამიანს მოეფინა და იგი ყველასათვის უნდა იქნას ქადაგებული. ამრიგად, თუკი ქრისტე განურჩევლად ყველასათვის მოკვდა და ყველანი აცხოვნა თავისი პატიოსანი სისხლით, მაშინ ქრისტიანობაში არყ ოფილა განსხვავება წინადაცვეთილსა და წინადაუცვეთელს, ელინსა და ბარბაროსს, მონასა და თავისუფალს შორის, არამედ ყოველთა შორის ქრისტე ყოფილა დამკვიდრებული და ჩვენ ყველანი, მართლმადიდებელნი ქრისტიანნი ძმები ვყოფილვართ ქრისტე მაცხოვრის მიერ.


გ) კვალად, დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვნახეთ, რომ უფალი აღუთქვამს თავის მორწმუნეებს სასწაულების აღსრულების ძალას (მუხლები17-18). მაგრამ რატომ არის, რომ ჩვენს დროში ასე ნაკლებად ვხედავთ სასწაულებს? მზე ყველასათვის ერთნაირად ანათებს, მაგრამ ბრმანი მხოლოდ იმის გამო ვერ ხედავენ მის ნათელს, რომ უსინათლონი არიან. აწ არ ჩანს სასწაულებიო. მაგრამ, აბა, შეხედეთ ჩვენს ახლად გამოჩენილ და საკვირველმოქმედ ხატებს: განა ეს სასწაული არ არის? შეხედეთ ღმერთის ამ ჩვენს სათნო-მყოფელთა უხრწნელ წმიდა ნაწილებს: განა ესეც სასწაული არ არის?! ანდა ყველა ჩვენი წმიდა საღმრთო საიდუმლო, - მაგალითად, ნათლის-ღება, რომელშიც ადამიანი სხეულით წყალში შთაეფლობა და ყველა ცოდვისაგან განიწმიდება; ანდა ზიარების საიდუმლო, რომელშიც პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაარსდება; ანდა ზეთისკურთხევის საიდუმლო, რომელშიც ადამიანი განიკურნება არა მხოლოდ სულიერ სნეულებათაგან, არამედ, არც თუ იშვიათად სხეულებრივ ავადმყოფობათაგანაც; განა ეს ყოველივე დიდ-დიდნი სასწაულნი არ არის?! მაგრამ თქვენ გსურთ, გარდა ამ, ეკლესიში მუდმივად აღსრულებული სასწაულებისა, ყველა ის სასწაულიც იხილოთ, რომელთა შესახებაც წარსულის გამოცდილება გვიღაღადებს; ისურვებდით, მაგალითად, რომ ჩვენი სნეული ახლობლები რომელიმე სასწაულთ-მოქმედის ოდენ ერთი სიტყვით განიკურნებოდნენ; ისურვებდით, რომ თქვენს თვალწინ მთები გადაადგილდებოდნენ, როგორც ეს მაცხოვარმა ბრძანა, და კიდევ ვინ იცის, რას აღარ ისურვებდით სასწაულთა ძალით! მაგრამ სასწაულთა ძიება აუცილებლობის გარეშე ნიშნავს უფლის გამოცდას. და ჩვენ რომ ნამდვილად გვქონდეს თუნდაც მდოგვის მარცვლისოდენი რწმენა, მაშინ უფალი, უეჭველია, აუცილებლობის შემთხვევში, სასწაულებს აღასრულებდა ჩვენთვის, ისევე როგორც მარადის აღასრულებდა და აღასრულებს იგი მათ ჭეშმარიტი მორწმუნეებისათვის. ჭეშმარიტი მორწმუნეები ხედავენ კიდეც სასწაულებს და სარგებლობენ კიდეც სასწაულებით, ურწმუნოთათვის კი ან საერთოდ არ არის სასწაულები, რადგან ისინი არ არიან სასწაულების ღირსნი, ანდა თუკი აღესრულება სასწაული მათს წინაშე, ისინი ვერ ხედავენ მას. ეს როგორო, იკითხავთ, -სასწაული აღესრულება, და ადამიანი ვერ ხედავს მას? - როგორ და, ძალზე უბრალოდ. აბა, გაიხსენეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრება: განა ერთიანად სასწაულთმოქმედებებით არ იყო ის აღსავსე? მაგრამ განა ყველანი ხედავდნენ და აღიარებდნენ ამ სასწაულებს? - რომ დაენახათ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯვარსაც არ აცვამდნენ უფალს ყოველი დიდებისა! ანდა გავიხსენოთ ქრისტიან წმიდა მოწამეთა ისტორია. როგორი სასწაულები არ აღსრულებულა მათს მიერ! მაგრამ განა ყველანი ხედავდნენ მათ? ოჰ, ნეტავი დაენახათ და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ყველანი მოქცეულიყვნენ! მაშინ ხომ მოწამეთა სისხლიც არ დაიღვრებოდა ესოდენ დიდი ხნის განმავლობიში! საერთოდაც, ჩვენს ცხოვრებში ძალზე, ძალზე ბევრია ისეთი შემთხვევები, როცა ცხადად ვლინდება ხოლმე ღმერთის სკვირველი, ყოვლადძლიერი ძალა. და თუკი ახლა მორწმუნე ადამიანი წარმოიდგენს ყველა ასეთ შემთხვევას, უნებლიედ განკვირდება ღმერთის დიდებულების გამო და წმიდა მეფე დავითთან ერთად შეჰღაღადებს მას: „შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვისაკვირველი: აუწყე ერთა შორის ძალი შენი“ (ფსალმ. 76,15).


დ) მაგრამ უმთავრესი, რასაც დღეს წაკითხული სახარება გვამცნებს, ეს არის ჭეშმარიტება მასზედ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა (მუხლი 19). ეს ჭეშმარიტება აღგვძრავს ჩვენც მთელის ჩვენის არსებით იქით, ცათა შინა მივისწრაფდეთ, რათა ქრისტესთან ვიყოთ მარადის. აბა, განა არის ვინმე ისეთი, ვინც ცათა შინა ყოფნას არ ისურვებდა, ჩვენი უხეში სხეული რომ არ გვიშლიდეს ხელს ამაში?! მაგრამ განა ჩვენნაირი სხეული არ ჰქონდა ენოქს? და „სათნო-ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ ზეცად (დაბად. 5,24), ისე, რომ არ უხილავს მას სიკვდილი და სხეულით იქნა აღტაცებული ზეცად. ასევე განა ჩვენი სხეული არ ჰქონდა წინასწარმეტყველ ელიას? და მაინც იგიც ცეცხლავანი ეტლით იქნა აღყვანილი ზეცად (IV მეფეთა 2,11). განა ჩვენი სხეული არ ჰქონდა მოციქულ პავლეს? მაგრამ იგიც იქნა აღტაცებული მესამედ ცად და ესმა გამოუთქმელი სიტყვები. სხეული, ხორცი ჩვენ ყველას მიწისაკენ გვიზიდავს, რადგან თავად იგი მიწიურია, მიწისაგანაა შექმნილი ღმერთის მიერ; მაგრამ იზიდავს და ამქვეყნად აკავებს მხოლოდ იმათ, ვისაც თავადვე უხარის ასეთი მიზიდვა და ვის არსებშიც სული იმდენად გამიწიერებულია, რომ უკვე დაუკარგავს თავისი ბუნების შესაბამისი მისწრაფება ზეცისაკენ. იმ, სულიერ ადამიანებში კი, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხორციელი მგრძნობელობის მოთხოვნებს, თავად სხეული გადაეჩვევა ხოლმე ყოველივე მიწიურს, ზენასკენ იწყებს სწრაფვას და სულიერი შეიქნება. მაგრამ დავუთმოთ ხორცს მისი სიმძიმე და ნუღარ შევეცილებით მიწას - მიწიურს. დაე, ხორცი, ჩვენი სხეული მიწაზევე დარჩეს, ამქვეყნად, რადგან იგი ხელს უშლის სულს ზეცად ამაღლებში! განა სულს არა აქვს უნარი ფიქრით იქ იყოს, სადაც კი მოისურვებს? მაშ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ეს ძვირფასი უნარი ამ უმჯობესი საქმისათვის გამოვიყენოთ - რაც შეიძლება ხშირად ვიყოთ სულით და გულით ცათა შინა, ჩვენს მაცხოვართან, ჩვენს ზეციურ თანამოძმეებთან? განა ეს ძნელი საქმეა? საჭიროა მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ აღვიბეჭდოთ გულში ის აზრი, რომ იქ, ცათა შინა, არის ჩვენი ყველაზე დიდი საუნჯე, ყოველივე, რაც კარგი და უმჯობესია ჩვენთვის; და ამის შემდეგ ჩვენი გონების თვალნი და სხეულებრივი თვალნიც სულ უფრო ხშირად იქნება მიმართული ზეცისაკენ.