მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება
სახარება მათესაგან (25, 31-46)

 

„31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; 32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, 33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. 34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. 35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; 36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. 37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? 38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? 39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? 40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. 41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, 42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; 43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. 44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? 45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. 46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.“

 

I. შეგვამზადებს რა დიდმარხვის დღეებისათვის, წმიდა ეკლესია აწინდელ სახარებაში ჩვენს თვალთ წარმოუდგენს ღმერთის საშინელი სამსჯავროს სახეს, და წარმოუდგენს ისე, როგორც მას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოსახავდა; და ამით სინანულისაკენ აღგვძრავს ჩვენ ყველას, შეცთომილთა და ცოდვებში ჩაფლულთ.


უფალი ასე იწყებს საშინელი სამსჯავროს გამოსახვას:


„ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა“ (მუხლი 31).


სახელით „ძე კაცისაი“ უფალი მრავალგზის ხმობს საკუთარ თავს. ამრიგად, ჩვენი მსაჯული იქნება ძე ღმრთისა, იესო ქრისტე. „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (ინ. 5,22), - ამბობდა უფალი სხვა დროს. „და ხელმწიფებაი მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს. ნუ გიკვირნ ესე“ (იქვე, 27-28). ჩვენი მსაჯული უკანასკნელ სამსჯავროზე განკითხვის საშინელი დღისა იქნება ღმერთის ძე - უფალი იესო ქრისტე, „რამეთუ ძე კაცისაი არს“; რადგან იგი, არის რა ჭეშმარიტი ღმერთი, არის ჭეშმარიტი ადამიანიც, კაციც; რადგან მან თავს იდვა ადამიანის ხსნის, ცხოვნების საქმე; რადგან იგი ევნო - ადამიანთათვის, მოსცა მათ საღმრთო სჯული, - ასწავლიდა მათ სიტყვითაც, საქმითაც და ყველანი ცხოვნებისაკენ მიჰყავდა - ხან თავადვე უშუალოდ, ხან თავის მოციქულთა მეშვეობით, ხან მათი მემკვიდრეების - ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით. და ვის შეჰფერის, თუკი კაცობრივი ენით ვიტყვით, უფრო მეტად, ჩვენ მსაჯულობა, თუ არ თავად ღმერთკაცს - ჩვენს მაცხოვარსა და სჯულისმდებელს? და აი, იგი თავადვე გვაუწყებს, რომ კვლავ მოვალს დიდებით ხალხთა განსასჯელად.


მისი ეს მოსვლა სრულიად სხვაგვარი იქნება პირველ მოსვლასთან შედარებით. პირველად ძე ღმრთისა ამქვეყნად მოვიდა მონის მდაბალი ხატით ადამიანთა ხსნისათვის, ცოდვილთა, წყმედულთა მოწოდებისათვის სინანულისაკენ; მეორედ კი იგი მოვალს თავისი სრული დიდებით, უკანასკნელი სამსჯავროს აღსასრულებლად მთელს კაცთა მოდგმაზე. ჩვენ ვხედავდით მას ამქვეყნად უქონელს, ვისაც ადგილიც კი არ ჰქონდა თავის მისადრეკად, დევნილს, ვნებულს, ჯვარზე მიმსჭვალულს; მეორედ მოსვლისას კი ვიხილავთ მას მჯდომარეს თავისი საღმრთო დიდების ტახტზე, ვითარცა ღმერთს ყოველთა, მეუფეს ყოველი ქმნილებისა. ამ სახით ვიხილავთ მაშინ სჯულმდებელს, მოშურნეს თავისი კანონების სიწმიდისათვის, რომლებიც ცოდვილნი ესოდენი სიმშვიდით და გულგრილობით არღვევენ; მაშინ ვნახავთ გულთამხილავს, ვისთვისაც ცნობილია არამხოლოდ ყველა ჩვენი საქმე, არამედ ჩვენი ფიქრებიცა და სურვილებიც, და ვინაც შორითვე წინასწარ ჭვრეტს ჩვენს ზრახვებს; ვიხილავთ მაშინ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელიც თითოეულს მიაგებს საქმეთა მისთაებრ და გულის მოძრაეობისაებრ.


უზენაეს მსაჯულთან ერთად სამსჯავროზე მოგვევლინებიან მოწმენიც: პირველ ყოვლისა ესენი იქნებიან ყოველნი წმიდა ანგელოზნი, რომლებიც ამჟამად მოივლინებიან უფლის მიერ ამქვეყნად იმ ადამიანთა მსახურებისათვის, ვისაც ცხოვნება სურს; ეს ანგელოზნი განუყრელად ჩვენთან არიან მთელი ჩვენი ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში ჩვენი შობიდან - სიკვდილამდე, ყველა ჩვენს საქმეთ ხედავენ, ყველა ჩვენს სიტყვას ისმენენ და ჩვენი გულის ყველა ფარულ ზრახვას და მოძრაობას აკვირდებიან. არაფერი არ დაიფარება მათი მზერისაგან და ყოველივე წარმოდგენილი იქნება საბოლოო სამსჯავროზე.


გარდა ანგელოზებისა, ჩვენი უსჯულოებების დამმოწმებელნი საყოველთაო სამსჯავროზე იქნებიან: ყოვლადწმიდა დედაც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და წმიდა მოციქულნიც, წინასწარმეტყველნიც, მოწამენიც, ღირსნი მამა-დედანიც და მთელი დასიც ღმერთის წმიდანებისა. „თქვენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ - ეუბნებოდა მაცხოვარი თავის ყველაზე გამორჩეულ მოციქულებს (მათე 19,28). ასევე წმიდა პავლე მოციქულიც ამბობს: „არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ?“ (I კორ. 6,2).


„და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი“ (მუხლი 32).


შეიკრიბებიან მის, ცათა და ქვეყნის მეუფის წინაშე ყოველნი ხალხნი, ყოველნი ადამიანნი - პირველი ადამიანიდან უკანასკნელი დროის ადამიანებამდე, რომელთაც უფლის მეორედ მოსვლა და განკითხვის საშინელი დღე ცოცხლებს მოუსწრებს; შეიკრიბებიან ყოველნი, მაგრამ უკვე ქვეყნიური ღირსებების ყოველგვარი განსხვავების გარეშე, - განურჩევლად პატივისა, ხელმწიფებისა, დიდებისა, სიმდიდრისა, - მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება იქნება მათ ყოველთა შორის - რწმენა და ურწმუნოება, ანუ კეთილმსახურება და უკეთურება, სათნოებანი და მანკიერებანი, ცხოვრების სიწმიდე და ცოდვათა სიბილწე. „აი, შეკრბენ ყოველნი, - წერს წმიდა ეფრემ ასური, - და თრთოლვით აღსავსე მდუმარებაში მოელიან „გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა“ - მსაჯულისა (ტიტ. 2,13), რომლის გარდამოსვლა განცხადდება გამოჩენით ცაზე ნიშისა - სასწაულისა ძისა კაცისა (მათე 24,30) - ჯვარის გამოჩენით, ამა კვერთხით დიდისა მეუდისა, რომლის ხილვაზეც ყოველნი გულისხმა-ჰყოფენ, რომ მის კვალად თვით მეუფეც მოვალს. და მართლაც, მალე ამის შემდეგ ზეციურ სიმაღლეთაგან გაისმება ხმა: „აჰა, ესერა სიძე მოვალს“ (მათე 25,6), აჰა, მსაჯული გვიახლოვდება; აჰა, მეუფე გვეცხადება, „აჰა, ესერა ღმერთი ყოველთა მოვალს განსჯად ცხოველთა და მკვდართა!“ მაშინ, ძმანო ჩემნო, იმ ხმისაგან შეიძვრებიან ქვეყნის საფუძველნი; მაშინ ყოველ ადამიანს შიში და თავზარი დაეცემა იმის მოლოდინისგან, რაც სამყაროს მოელის. მაშინ მოვლენ ურიცხვნი ანგელოზნი, შეიკრიბებიან მთავარანგელოზთა დასნი, ქერუბიმთა და სერაბიმთა დასნი და ყოველნი მრავალთვალიანნი სიმტკიცითა და ძლიერებით იღაღადებენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს“ (გამოცხ. 4,8). მაშინ ყოველი ქმნილება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მიწის ქვეშ თრთოლვით იღაღადებს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ (მათე 21,9). მაშინ განიხვნებიან ცანი და გამოცხადდება მეუფე მეუფეთა, ყოვლად საკვირველი და ყოვლად დიდებული ღმერთი ჩვენი, მსგავსად საშინელი ელვისა, მრავლითა ძალითა და შეუდარებელი დიდებითა, სიტყვისაებრ იოანე ღვთისმეტყველისა: „აჰა, ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თვალმან და რომელთა-იგი უგუმურეს მას; და გოდებდენ ტომნი ქვეყანისანი“ (გამოცხ. 1,7). რა შიში და ძრწოლა იქნება იმ ჟამს! მაშინ გადაიშლება საშინელი წიგნები, სადაც ჩაწერილია ჩვენი სიტყვებიც და საქმეებიც - ყოველივე ის, რაც გვითქვამს და გვიქმნია ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, და რისი დამალვაც  გვიცდია ღმერთისაგან, „რომელი განიკითხავს გულსა და თირკმელთა“ (გამოცხ. 2,23). - ჰოი, რამდენი ცრემლისღვრა გვესაჭიროება იმ ჟამის გულისთვის! მაშინ ჩვენი თვალით ვიხილავთ, ერთის მხრივ, - გამოუთქმელ ზეციურ სასუფეველს, მეორეს მხრივ კი - განცხადებულ საშინელ სატანჯველთ; შუაში კი ყოველი კაცობრივი სული იდგება ადამიდან, ჩვენი პირველმშობლიდან მოყოლებული - სულ ბოლოს, ყოველთა შემდგომ შობილით დამთავრებული. ყოველნი საშინელი, განკითხვის ჟამის მოლოდინში იქნებიან, და ვერავინ შესძლებს ვინმეს რაიმეთი დაეხმაროს. მაშინ თითოეული პასუხს მისცემს საკუთარი თავისთვის და მთელი თავისი სახლეულისათვის, ცოლისათვის, შვილთათვის, მონა-მხევალთათვის. მაშინ განისჯებიან მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და ღარიბნი, დიდნი და მცირენი ყველა იმ საქმეთათვის, რაც მოუმოქმედებიათ.


„და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით“ (მუხლები 32-33).


ეს სახე მწყემსთა ცხოვრებიდანაა აღებული. ამ სიტყვებით - „ცხოვარნი“და „თიკანნი“, - წმიდა იოანე ოქროპირის აზრით, - უფალი გვიჩვენებს ადამიანთა შინაგან მდგომარეობას, იმ თვისებებს, რომლებსაც მართალნი მორწმუნენი და ცოდვილნი იძენენ, და რომელნიც ერთგვარ სულიერ შესამოსელად ემსახურებიან მათ, მკაფიო განმასხვავებელ ნიშნად ერთთაც და მეორეთაც, ისევე, როგორც ცხვარს გამოარჩევს დახვეული, ტალღისებრი მატყლი, თხას კი აჩეჩილი და უხეში ბეწვი.


ცხოვარნი ისინი არიან, - განმარტავს წმიდა ეფრემ ასური, - რომელთაც „კეთილნი ნაყოფნი აქვთ გამოღებული, უწყიან დიდი მწყემსი, დაუზიანებლად აქვთ შენარჩუნებული ბეჭედი და არ შეუბილწავთ თავიანთი რწმენა მწვალებლური გმობებით; ხოლო თიკანნი ისინი არიან, რომელთაც არა აქვთ ნაყოფნი; რომელთაც განარისხეს მწყემსი იმით, რომ მწვალებლებთან ერთად ძოვდნენ, წმიდა სარწმუნოება შებილწეს და ქვეყნიური ცხოვრება ყოველგვარი არაწმიდებით აღსავსეებმა დაასრულეს“.


ამჟამად, ქრისტეს ეკლესიაში, ვითარცა ყანაში, ერთად იზრდება ხორბალი და სარეველა, იფქლი და ღვარძლი. ვინ ჭეშმარიტად კეთილია და ვინ - მოჩვენებითად, - ჩვენ არ ვიცით: ამიტომაც შეფარული მანკიერება თავიდან ირიდებს დამსახურებულ შერცხვენასა და უპატიო-ყოფას, უცნობი სათნოება კი ჯეროვან პატივსა და ქება-დიდებას აკლდება. უფლის სამსჯავროს საშინელ დღეს ყოველივე ნამდვილი სახით გამოცხადდება და ყველასათვის თვალსაჩინო, ნათელი გახდება; მსოფლიო მსაჯული, უფალი ღმერთი, ყველა გულისმიერ საიდუმლოს გამოამჟღავნებს და დღის სინათლეზე გამოიტანს. სისუსტეები და მანკიერებანი, გულდაგულ დაფარულნი ამჟამად, მაშინ განშიშვლდებიან მთელი სამყაროს წინაშე, ცათა და ქვეყნის წინაშე, ანგელოზთა დასებისა და ყოველთა ადამიანთა წინაშე. მაშინ გამოაშკარავდება ცრუ-მართალთა სულების შინაგანი, გულდაგულ დაფარული სიბინძურე; ვინც აქ, ამქვეყნად წმიდა მოჩანდა გარეგნულად, და სინამდვილეში კი სულაც არ იყო ასეთი, და ვინც თავისი ამ მოჩვენებითი სიწმიდისავის მოწონების, შექებისა და პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს ისმენდა, ის მაშინ მთელი თავისი მანკიერებით წარმოჩნდება გარეგანი სიწმიდის საფარველისაგან გაშიშვლებული. და მაშინ ყოველნი შეიტყობენ, თუ როგორი ყოფილა იგი სინამდვილეში, და მისი მცნობელი ადამიანებიც ამაოდ დაიწყებენ მართალი, კეთილმსახური კაცის ძიებას ამ, ღმერთისაგან უარყოფილ ცოდვილებში. ასე გამოაშკარავდება ყოველი სული მის დიდებასა თუ შერცხვენაში ყოვლისმცნობელი და მიუკერძოებელი მსაჯულის დიდ და საშინელ სამსჯავროზე მისი სიმართლის ნათელში. მაშინ ძნელი არ იქნება ცხოვართა გამორჩევა თიკანთაგან, იფქლისა სარეველისაგან, სათნოებისა - მანკიერებისგან. ამიტომ სწორედ მაშინ მოხდება ერთის განცალკევება მეორისაგან, „და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით“.


აწინდელს ცხოვრებაში, კეთილისა და ბოროტის საყოველთაო აღრევის დროს, მანკიერება არც თუ იშვიათად მიიტაცებს ხოლმე სათნოების პატივს. კეთილმსახურ და სათნო ადამიანებს უდაბლესი საფეხური უკავიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანკიერნი კი პატივთა და ღირსებათა მწვერვალზე აღმოჩნდებიან ხოლმე. ღმერთის მიერ რჩეული ადამიანები, ღირსნი მოწიწებისა და პატივისცემისა, შეირაცხებიან ვითარცა ნარჩენნი ამა ქვეყნისათვის, მათ შიათ კიდეც, სწყურიათ კიდეც, ისინი შემოსავლის სიმწირესაც განიცდიან და იტანჯებიან კიდეც, ხოლო ზიზღისა და მოძაგების ღირსნი ფუფუნებაში და შვება-სიამეში იხრჩობიან, გარშემორტყმულნი არიან მორჩილი ლაქიებითა და მაამებლებით. ღმერთის სამსჯავროს დღე ბოლოს დაუდებს ამ უწესობას. მსოფლიო მსაჯული ცხოვართ თავის მარჯვენით დაადგინებს, თიკანთ კი მარცხნივ, ანუ მართალ მორწმუნეთ განადიდებს და აღამაღლებს, ცოდვილთ კი ამხელს და დაამდაბლებს. მაშინ, მოციქულის სიტყვით, თითოეული იქებ-იდიდება უფლისაგან (I კორ. 4,5).


„მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (მუხლი 34).


„მოვედითო, იტყვის, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, - ცოდვილნი თქვენ არარად გრაცხდნენ, ამა ქვეყნის ნარჩენებად გთვლიდნენ, აბუჩად იგდებდნენ თქვენს კეთილმსახურებას, დასცინოდნენ თქვენს რწმენასა და სასოებას, მაგრამ თქვენმა ზეციურმა მამამ თავისი კურთხევით აღგბეჭდათ თქვენ, თავისი რჩეულები გიწოდათ და ღირსნი გაგხადათ თავის ძეებად ყოფნის პატივისა. თქვენ ქვეყნად ადგილი არ გქონდათ, თავი რომ მოგედრიკათ, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩენი გულისთვის ითმენდით, იტანჯებოდით, სიღარიბეში ცხოვრობდით, უბედურებებს იტანდით; და ამის საზღაურად დაიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს, როგორც თქვენს საკუთრებას. მიიღეთ ის უხრწნელი, შეუგინებელი და დაუჭნობელი სამკვიდრებელი (I პეტრე 1,4), რომელიც ცათა შინა არს დამარხულ თქვენთვის ყველასათვის, რომელთაც ჩემს მიერ მიგიღიათ „ხელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოანე 1,12; გალატ. 4,7) და რომელნიც თქვენი ცხოვრებით შეესაბამებოდით ღმერთის მიერ წინასწარ განჩინებულს (რომ. 8,29; ეფეს. 1,4). აქ ჰპოვებთ საუკუნო მოსვენებას, აქ მიგიქვამთ თქვენ მარადიული სიხარული და ნეტარება, აქ მიიღებთ საუკუნო სიკეთეთ, „რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორ. 2,9).


„რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მუხლები 35-36).


„მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?“ (მუხლები 37-39).


ჭეშმარიტი მართალი მორწმუნეობა ყოველთვის გამოირჩევა თავმდაბლობითა და მორჩილებით. იგი თავს არ განიდიდებს თავისი სათნოებებით, მეტიც - არაფრად აგდებს მათ და უმნიშვნელო რაიმედაც კი მიიჩნევს, ამიტომ მალავს აქ, ამქვეყნად თავის კეთილ საქმეებს ადამიანთაგან.


ასეთია მართალი სარწმუნოების თვისება. ასეთია იგი აქ, ამქვეყნად, და ასეთი იქნება იგი იქაც, ცათა შინა. და საუკუნო სიმართლის სამსჯავროს წინაშეც, ისევე, როგორც ადამიანთა წინაშე, მას არ სურს თავად აღიაროს ის სათნოებანი, რომლებიც აქვს შეძენილი; იგი იქაც ისევე თავმდაბალი და მორჩილია, როგორც აქ. სწორედ ამიტომ, მართალმა მორწმუნეებმა თუმცა კი იციან, რომ მათი კეთილმოქმედებანი ღმრთისა მიმართ აღევლინება, მაინც უარყოფენ მათ და არ სურთ მოწყალეებად აღიარონ თავი. როდის გნახეთ შენ, უფალო, მშიერი და გაჭამეთო, - ეკითხებიან ისინი ქრისტეს. - მწყურვალი და გასვით, უცხო მწირი და მოგინახულეთო? ჩვენ არაფერი ამის მსგავსი არ ჩაგვიდენია და ამიტომ არც ვართ ღირსნი შენს მიერ უწყებული კეთილი საზღაურისა.


„და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მუხლი 40).


ვის უწოდებს უფალი თავის ძმებს? ვინ არიან ეს მცირეთაგანნი? ძმებად უფალი იმ ადამიანებს ხმობს, რომელთაც სწამთ ქრისტე, მიიღებენ მას და მისი სწავლების მიხედვით ცხოვრობენ, ხოლო მცირეთაგანთ უწოდებს ყველა ღარიბ-ღატაკს, უბედურს, დაჩაგრულს, დამდაბლებულთ. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ თავად უფალი იესო ქრისტე ამქვეყნად უქონელი იყო, გაჭირვებული ცხოვრობდა და მოძაგებული იყო. თავის საშინელ სამსჯავროზეც მოწყალე მზერას უფალი ყველაზე მეტად სწორედ იმათ მიაპყრობს, რომლებიც ქვეყნიურ ცხოვრებაში გულმოწყალენი იყვნენ ღარიბ-ღატაკთა და უბედურთადმი. ყოველი კეთილი საქმე, ნებისმიერი შეწევნა ჩვენი გაჭირვებული ძმებისადმი ისე აღმატებულად ფასდება უფლის მიერ, თითქოს სწორედ მისთვის გვექმნას ეს სიკეთე. ასე აღსრულდება მაშინ მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათე 5,7). მოწყალება დიდად დაფასდება საღმრთო სამსჯავროზე და შეწყნარებასაც დაიმსახურებს უფლისაგან იმიტომ, რომ იგი ქმედითი გამოხატულება და საქმით დამტკიცებაა სიყვარულისა - ყოველი სათნოების საფუძველისა.


„მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა“ (მუხლები 41-43).


წარვედითო ჩემგან - ყოველი სიკეთის, სიყვარულის, მშვიდობისა და ყოველგვარი სიხარულის წყაროსაგან, - შეჩვენებულნო! მე თქვენ სიყვარულისა და მოწყალების ხმით მოგიწოდებდით, და თქვენ არ ისმინეთ ჩემი; მე თქვენ საღმრთო სამსჯავროს და საუკუნო სასჯელის შიშით გემუქრებოდით, თქვენ კი სიცილად აიგდეთ ჩემი მუქარა; მე თქვენ საბოძვართა და სიკეთეებით აღგავსეთ, თქვენ კი უმადურნი დარჩით; მე თქვენ უბედურებებითა და მწუხარებებით გეწვეოდით ხოლმე, თქვენ კი გრძნობად ვერ მოხვედით და არ მოიქეცით. მე თვით ჩემი სხეული და სისხლი გავიღე მსხვერპლად თქვენი ხსნისა და ცხოვნებისათვის, თქვენ კი არაფრად შერაცხედ ეს. ამიტომ წარვედით ჩემგან, შეჩვენებულნო, წარსაწყმედელად! თქვენ დიდებასა და პატივში იყავით ადამიანთა შორის, ხოლო მამისა ჩემის სიმართლემ შეჩვენების ბეჭდით დაგდაღათ თქვენ. ამიტომ წარვედით ჩემგან შეჩვენებულნო საუკუნო ცეცხლში! თქვენ გახრწნადი სიკეთეებით ტკბობაზე, სხეულის წუთიერ შვება სიამეებზე გაცვალეთ საუკუნო ცათა სასუფეველი, რომელიც მე ყველას აღვუთქვი; მაგრამ დამსახურებული მისაგებელი თქვენც მოგეგებათ, - საუკუნო ცეცხლი, განმზადებული ეშმაკისათვის: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“. ვინ არიან უფლის მიერ უარყოფილი წყეული ადამიანები? რაში შესცოდეს მათ? - იმაში, რომ უგულებელყვეს მოწყალება, არავის უვლენდნენ სიყვარულს და ღმერთის მცნებათა დამრღვევნი აღმოჩნდნენ.


„მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?“ (მუხლი 44).


როგორადაც მართალნი მორწმუნენი თავიანთი თავმდაბლობის გამო არ უყურებენ თავიანთ სათნოებებს და სულიერი მზერა ყოველთვის ღმერთისკენ აქვთ მიმართული, ამგვარადვე ცოდვილნიც თავიანთი მცონარებისა და უზრუნველობის გამო, დაბრმავებულნი მანკიერნი ვნებებით, ვერ ხედავენ საკუთარ ცოდვებს და ვერ ამჩნევენ, თუ როგორ უგულებელყოფენ და სთელავენ საღმრთო მცნებებს, როგორ არღვევენ მათ თავიანთ უჯერო საქმეებით. და მათ სურთ უცნობლობით გაიმართლონ თავი, მაგრამ ღმერთის სიტყვა განიკითხავს მათ და საუკუნო სასჯელს სწევს.


„მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“ (მუხლები 45-46).


აი, ესაა საღმრთო სამსჯავროს დასასრული! ყველა ადამიანისათვის ზედმიწევნით იქნება განსაზღვრული და გამიჯნული მათი მომავალი საუკუნო ცხოვრების ადგილი: მართალთათვის - ცათა სასუფეველი, ცოდვილთათვის კი - ჯოჯოხეთი! წმიდა ეფრემ ასური ამბობს: „მაშინ ცოდვილთ სატანჯველთა ადგილისაკენ წაიყვანენ უმოწყალო ანგელოზნი, და ისინიც კბილთა ღრჭენით სულ უფრო ხშირად ეცდებიან პირი მოაბრუნონ და მართალნი იხილონ იმ სიხარულში, რომლისაგანაც თავად განგდებულ იქნენ. და იხილავენ გამოუთქმელ უცხო ნათელს, სამოთხის სიმშვენიერეთ, რასაც დიდების მეუფისაგან მიიღებენ ყოველნი მოღვაწენი სიკეთისა. ბოლოს კი, თანდათანობით მოშორებულნი მართალთ, მეგობართ და ახლობელთ, მიეფარებიან წყვდიადში, განგდებულნი ღმერთისაგან, და უკვე ყოველგვარი შესაძლებლობა წაერთმევათ სიხარულისა და ჭეშმარიტი ნათელის ხილვისა... და როცა მიაწევენ აღუწერელ სატანჯველთა ადგილს, იქ განიფანტებიან და განიბნევიან. სწორედ მაშინ დაინახავენ, რომ სრულიად მიტოვებულნი არიან, და ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვთ და ვერავინ ვერასდროს ვერ შესძლებს შეეწიოს მათ ანდა მეოხმყოფელი და შუამდგომელი იყოს მათთვის“.


II. აი, ასეთია ღმერთის უკანასკნელი საშინელი სამსჯავროს გამოსახვა ადამიანთა საბოლოოდ განსასჯელად. მრავალი ამაღლებულ-სამოძღვრებო რამაა აქ განცხადებული ჩვენთვის.


ა) პირველ ყოვლისა, დღევანდელი სახარება ყოვლად უეჭველად გვიმოწმებს, რომ უფალი ღმერთი „ბევრეულითა წმიდითა“ ანგელოზთა „მისთაითა“ აღასრულებს ყოველთა განსჯას, განკითხვას (იუდ. მუხლები 14-15). - სულ ერთია, სწამთ ეს, თუ არა სწამთ, მოელიან უფლის მეორეს მოსვლას, თუ არ მოელიან, - იგი მაინც მოვა და არ დააყოვნებს.


ამაოდ ინუგეშებენ თავს ძენი წყვდიადისა და უკეთურებისა უგნური იმედით, თითქოს სხეულებრივი სიკვდილი ადამიანის არსების სრულ განადგურებას ნიშნავდეს და სხეულთან ერთად სულიც ჰქრებოდეს. რამეთუ ღმერთის მიერ თავის ხატად და მსგავსად შექმნილი სული შეუძლებელია განადგურდეს და გაჰქრეს მისი შემქმნელის ნების საწინააღმდეგოდ. ღმერთის ძის უძვირფასესი სისხლით გამოსყიდული ჩვენი სული სამარადისოდ იარსებებს, ცოცხალი და უკვდავი იქნება. ამაოდ ჰგონიათ უკეთურთ, რომ, თითქოს უზენაესის სამეუფოში მარადის იქნება გაბატონებული ბოროტება და უსჯულოება, როგორც ის ამჟამადაა გაბატონებული ამა, ბოროტსა ზედა მდგომ ქვეყანაზე; რომ თითქოს, მშვიდობისა და სიყვარულის სამეუფოში მარადის იქნება მტრობა და ბოროტის ნდომა, წყინებანი და დაჩაგვრანი, სიძულვილი და გაბოროტება, როგორც ამას ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში ვხედავთ ადამიანთა საზოგადოებებში; რომ უზენაესის სამეუფოში, თითქოს, სამარადჟამოდ დაიტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები, შეჭირვებულნი იქნებიან ღმერთის სათნომყოფელნი, იტირებენ კეთილისმომქმედნი, და პირიქით - განიხარებენ უკეუთრნი ცოდვილნი, იზეიმებენ სხვათა მჩაგვრელნი და მაწყინებელნი, განდიდდებიან ღმერთის მტერნი, როგორც ეს ამჟამადაა ჩვენს ქვეყნიურ სინამდვილეში. მაშ, სად არის ის სჯული, რომელზეც ჩვენი საკუთარი გონება გვეტყვის და რომელიც მთელი სამყაროს არსებობის საფუძველთა საფუძველს შეადგენს, ის კანონი, ურომლისოდაც შეუძლებელია თვით არსებობაც კი სამყაროსი? სად არის ის სიმართლე და მისაგებელი, რომელთა შესახებაც ჩვენი სინდისი გვიღაღადებს და რომელთა გარეშეც მთელი სამყარო ერთ დიდ ქაოსად გადაიქცეოდა? „ჰე, მოვალ ადრე! - ამბობს უფალი. - და მისაგებელი ჩემი მივაგო თითოეულსა საქმეთა მისთაებრ“.


ამაოდ წარმოიდგენენ ამა ქვეყნის ამაოებას მიცემული ცოდვილი ადამიანები, თითქოს, ქრისტეს სახარება სამსჯავროთი და საუკუნო სასჯელით მხოლოდ და მხოლოდ დასაშინებლად ემუქრებათ მათ; რომ, თითქოს, ის საშინელი სურათები, რომლებითაც ღმერთის სიტყვა ცოდვილთა საშინელ ხვედრს აღგვიწერს ეგზომ ცხოვლად, მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაში არსებობენ; რომ ღმერთის გამოცხადება მხოლოდ იმისთვისაა, რომ დააშინოს ადამიანები. მაგრამ ტყუილ-უბრალოდ როდი აგზავნის მუქარას ის, ვინაც კაცთა უსჯულოებათათვის მთელი ქმნილება წარწყმიდა წარღვნის წყლით - ადამიანებიც და პირუტყვებიც; ვინც ზეციდან მოვლენილი ცეცხლით გადაწვა სოდომის ქალაქნი, და ვინც თავისი წინასწარმაუწყებელი სიტყვით დანგრევასა და მოოხრებას მისცა თავისი საყვარელი ქალაქი და ხალხი ურწმუნოებისა და უკეთურებისათვის. ღმერთის უზენაესი სიწმიდისა და სიყვარულის შეურაცხყოფა შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს; ადამიანთა ხსნისათვის დაღვრილი სისხლი ღმერთის ძისა, უგულებელყოფილი და გათელილი უზრუნველ ცოდვილთა უგრძნობელობით და უმადურობით, ღმერთს შეჰღაღადებს შურის მიგებისათვის; ღმერთის მარადიული სიმართლე მარადიულ საზღაურს მოითხოვს უმართლობისა და უკეთურებისათვის; ღმერთის საუკუნო სახიერებას არ ძალუძს კეთილი საზღაურის გარეშე დატოვოს ყოველნი მოღვაწენი ცხოვნებისათვის, ყოველნი ტვირთმძიმენი და მაშვრალნი, ყოველნი უდანაშაულოდ ტანჯულნი.


ამაოდ ინუგეშებენ თავს ცოდვებში ჩაფლული ადამიანები აზრით ღმერთის უსაზღვრო მოწყალების შესახებ. ნუ იფიქრებთ, ძმანო, რომ, თითქოს, ღმერთის კაცთმოყვარეობა შესცვლის თავისი არსობრიობის სიწმიდეს; რომ ღმერთის მოწყალება გააუქმებს სიმართლეს; რომ ღმერთის მრავალმოთმინება დათმობად და ხელისშემწყობად ექცევა უსჯულოებას. რამდენადაც მოწყალეა უფალი ღმერთი, იმდენადვე სამართლიანი მსაჯულიცაა. ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთის სახიერებას ჩვენ თითქოსდა ჩვენს უნებლიეთ მივყავართ ცათა სასუფევლისაკენ მაშინაც კი, როცა ჩვენ არ ვცდილობთ იქით წასვლას ჩვენთვის გაღებული კარით სინანულისა; რომ ჩვენ იქ ყველა ჩვენი არაწმიდებით მიგვიღებენ, იქ, სადაც ვერანაირი სიბილწე ვერ შევალს; რომ უფლის მეორედ მოსვლისასაც ჩვენ უსაზღვრო საღმრთო მოწყალება და შენდობა მოგველის, და არა სამსჯავრო და დამსახურებული მისაგებელი. ნუ უცთუნებთ თავს: დადგება სამსჯავროს დრო და გაცხადდება საუკუნო სიმართლე.


ბ) ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ზნეობრივი დამოძღვრა დღევანდელი სახარების საკითხავიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად აუცილებლად გვესაჭიროება მოწყალება (მუხლები 34-36), რადგანაც ამ საკითხავში ვხედავთ, რომ საუკუნო ნეტარების ღირსნი ის ადამიანები ხდებიან, რომელთაც თავიანთი ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მოწყალების საქმენი აღუსრულებიათ თავიანთ მოყვასთა მიმართ. და ეს სავსებით ბუნებრივი და სამართლიანია. თუკი კარს ან სარკმელს მზის ნათელის გულისთვის კი არა, სხვა რამ მიზეზით გააღებ, მაინც შენს მიერ გაღებულ კარსა თუ სარკმელში მზის სხივები შემოვა. ამგვარადვე, თუკი შენი თავმოყვარეობის, ანგარების, საკუთარი თავის თნების, თავის დატკბობის საწინააღმდეგო მოძრაობით - დამცირებულის შეწყნარებით, უბედურებაში მყოფისადმი თანადგომით, ნუგეშ-ცემისა და დახმარების სურვილით შენ განაღებ შენს სულს, მაშინ, დაე, თუნდაც ადამიანს განუღებდე მას, მაინც იგი შეუმჩნევლად ღმერთისთვისაც იღება - ყოველგვარი სიყვარულისა და მოწყალების წყაროსთვის. და მაშინ შენი გაღებული სულის წიაღ შემოვალს მწყალობელი საღმრთო მადლი და შენს შეწყალებასაც დასაბამი ეძლევა.


თუმცა განა შეიძლება ვინმემ საკმარისად ახსნას საღმრთო მადლის შემწყალებელი მოქმედება, რომელიც ისევე, როგორც ყოველივე ღმრთისა, მიუწვდომელია, შეუცნობია?! ან კი განა აუცილებელია ამას ვითხოვდეთ? როცა მოწყალე მავასხებელი - უფალი აღგითქვამს გაპატიოს ურიცხვი ტალანტის ვალი იმ პირობით, რომ შენც აპატიებ შენს მოვალეს ას მარჩილს, ანდა რამდენიმე მარჩილი მისცე გაჭირვებულ მოყვასს, ვინც შენთან სასესხებლად მოსვლსაც ვერ ბედავს, მაშინ განა შეიძლება შეჩერება და იმის გამოძიების დაწყება, თუ რისთვის არის საჭირო ეს პირობა? უფრო კეთილგონივრული ის არ იქნება განა, რომ ვიჩქაროთ მცირედი მოწყალება გავიღოთ ჩვენი გაჭირვებული მოყვასის შესაწევნელად, რათა მერე უდიდესი წყალობა მივიღოთ უფლისაგან? უფალი და უზენაესი მსაჯული ცათა და ქვეყანისა თავის დიდ წყალობას აღგითქვამს შენ იმ პირობით, თუკი თუნდაც უმცირეს წყალობათ გაიღებ მოყვასისათვის; მაშ, იჩქარე, გწამდეს და შენი შეძლებისდაკვალობაზე აღასრულე მცირე მოწყალება, და უფლის დიდ წყალობას სასოებდე ამისათვის. ზეციური მკურნალი ძნელ სამკურნალო საშუალებას როდი განგიწესებს შენს საცხოვნებლად, - შენი სხეულიდან ჭარბი ანდა უსწოროდ მიმომქცევი სისხლის წარმოდგენა კი არ სურს, არამედ შენი გარეგანი ჭარბი მონაპოვრიდან, უმოძრაოდ რომ განიხრწნება, ანდა ამაო საქმეებზე რომ იფლანგება, სურს მცირეოდენი სასარგებლოდ აამოძრავოს და, შენი მეშვეობით, ერთიანი კაცობრიობის სხვა წევრების სარგებლობისათვის მიაქციოს, და ამგვარად შენი სნეული სულიც განკურნოს, რათა ის აღარ ევნებოდეს ცოდვისაგან, აღარ იყოს უხეში, ბნელი, მკვდარი უსიყვარულოდ. რამეთუ „რომელსა არა უყვარდეს ძმაი, სიკვდილსა შინა დადგრომილ არს“ (I იოანე 3,14). მაშ, იჩქარე, ქრისტიანო, სანამ ჯერ კიდევ არის დრო მოწყალებისა და შეწყალებისა; სანამ ჯერ კიდევ არ დამდგარა უმოწყალო, მიუკერძოებელი სამსჯავროს ჟამი; იყავი მოწყალე, აღასრულე კაცთმოყვარეობის საქმენი, როგორი ძალიც კი შეგწევს; თუკი შეიწყალებ, ნეტარი იქნები, რამეთუ „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“.


გ) აწინდელი გამოსახვა საშინელი სამსჯავროსი იმასაც გვასწავლის, რომ როცა ღარიბ-გლახაკთ და შეჭირვებულთ შევეწევით, ამით, მათი სახით, ჩვენ თვით უფალს ვემსახურებით (მუხლი 40). და მართლაც უფალი ღმერთი, ამქვეყნად მორჩილი მონის სახით მოსული, რომელიც უპოვარებაში ცხოვრობდა და ადგილიც არა ჰქონდა, თავი სად მიედრიკა, მახლობელია ყოველთა გლახაკთათვის და უპოვართათვის, და ამიტომაც, მას სათნო-ეყოფა, როცა ჩვენც ვზრუნავთ მათთვის. გავიხსენოთ მაგალითი, რომელიც დაგვიდასტურებს ამ ჭეშმარიტებას. ერთ ყრმას, რომელის სალოცავად იყო მისული ეკლესიაში, ესმა მოხუცებული ბერის მიერ წაკითხული სიტყვები მასზედ, რომ „ვინც მათხოვარს მისცემს, იგი თვით ქრისტეს აძლევს ხელში მოწყალებას“. ყრმას გაუკვირდა: „ეს როგორ? - ფიქრობდა იგი. - ქრისტე ცათა შინაა მჯდომარე მარჯვენით მამისა, ეს კი ამბობს, ქვეყნად იმყოფება და მათხოვრებისათვის გაღებულს თავად მიიღებსო“. და არ ირწმუნა გაგონილი. ამასობაში, შინ მიმავალმა, გზად ერთ მოწყალე კაცი დაინახა, რომელიც მათხოვარს პურს აძლევდა, და ამ კაცის თავზე, მაღლა, იმავდროულად, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს გამოსახულებაც იხილა“. მაცხოვარმა ხელი გამოიწვდინა მოწყალების გამღების ხელისაკენ, გამოართვა მას პური და აკურთხა იგი. ამ საკვირველი ხილვით ყრმამ ირწმუნა ის ჭეშმარიტება, რომ გლახაკისათვის მოწყალების გამღები ნამდვილად უფალ იესო ქრისტეს აძლევს მას (თთვენი, 18 სექტემბერი). ამრიგად, თუკი გლახაკთათვის და შეჭირვებულთათვის დახმარებით, მათი სახით, ჩვენ თვით უფალს ვემსახურებით, მაშინ ჩვენი კეთილმოქმედებების მიერ შევძლებთ მისი მოწყალება მოვიპოვოთ, როგორც ამას გვასწავლის კიდეც ღვთის სიტყვა, როცა გვეუბნება - გლახაკისათვის მოწყალების გამღები ღმერთს აძლევსო. ამიტომაც, ვთქვათ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით: „როცა მოწყალებას გავცემთ, მათხოვარს კი ნუ შევხედავთ, ვინც იღებს მას, არამედ ღმერთს შევხედოთ, რომელიც მოგვაგებს მისთვის; იმას კი არ ვუყუროთ, ვინც ვერცხლს იღებს, არამედ იმას, ვინც ჩვენი მოვალე შეიქნება. იმისთვის იღებს ერთი, ხოლო იხდის სხვა, რომ, ერთის მხრივ, სიღარიბემ და უბედურებამ მოწყალების მიმღებისა თანალმობისა და შეწყალებისათვის განგაწყოს შენ, მეორედ მხრივ კი აღურაცხელი სიმდიდრის მფლობელის სურვილმა, გაღებულზე უზომოდ მეტი მოგაგოს, კიდევ უფრო მეტის გულუხვობით გაიძულოს მოწყალების გაღება. მაშ, ნუ გავუფრთხილდებით ჩვენს ფულს, ანდა უფრო სწორედ, გავუფრთხილდეთ მას ნამდვილი სახით, რამეთუ ვინც ჭეშმარიტებით უფრთხილდება თავის ქონებას, იგი ღარიბ-გლახაკთ აძლევს მას ხელში და ამით ხელმიუწვდომ საუნჯედ იგროვებს თავისთვის, რომელსაც ვერ შეეხებიან ვერც ავაზაკნი, ვერც მსახურნი და ვერც ბოროტისგანმზრახველნი“.


დ) დღეს წარმოდგენილი სახარებიდან, რომელიც უკანასკნელ საყოველთაო სამსჯავროს გვიხატავს, ჩვენ მთელის დიდებულებით განგვეცხადება აგრეთვე ჭეშმარიტება ღმერთის მართლმსაჯულების შესახებ (მუხლები 34,41). მართლაც, საღი აზრითაც, ჩვენ სხვაგვარად არ ძალგვიძს უფალი ღმერთის წარმოდგენა, თუ არ როგორც ყოვლად მართლისა და სამართლიანისა. იგი არის სრული საზღაურის მიმგებელი, იმიტომ, რომ თითოეულის საქმეებსაც ხედავს და გულსაც; იგი არის მიუკერძოებელი მიმგებელი, იმიტომ რომ თავად უცოდველია; იგი არის უტყუარი და უცვალებელი მიმგებელი, იმიტომ, რომ ყოვლად-ძლიერია და ყველა საშუალება აქვს იმისათვის, რომ დააჯილდოვოს მართალი და დასაჯოს ცოდვილი. მაგრამ რისთვის აჯილდოებს და რისთვის დასჯის? მის ჯილდოთა და დასჯათა მიზეზი და მიზანი პირველ ყოვლისა თავად მასშია დაფარული. იგი წმიდაა და ყოვლადწმიდა თავისი არსით. მას სათნო-ეყოფა ყოველივე კეთილი და სძაგს ყოველივე ბოროტი. მაგრამ იგი ამავე დროს სიცოცხლეცაა: მისი აზრი და სურვილი იმავდროულად საქმეცაა, სინამდვილეცაა. ამიტომაც როცა სიკეთეს მიექცევა და პირს იბრუნებს ბოროტისაგან, მისი ეს მიქცევა და პირის მიბრუნება უსათუოდ გამოიხატება მოქმედებებში. მაშ, რომელია ეს მოქმედებები? - სწორედ ესაა კეთილთა დაჯილდოება და ბოროტთა დასჯა. ამრიგად, უფალი ღმერთი აჯილდოებს სათნოებას და სჯის მანკიერებას პირველ ყოვლისა თვით თავისი თავით, თავისი არსობრიობით, რომელიც არის წმიდა და მართალი, - ერთის სიტყვით, იმიტომ, რომ არ ძალუძს არ დააჯილდოვოს და არ დასაჯოს. ამასთანავე უფალი ღმერთი ნამდვილად დაადგენს ჯილდოთა და სასჯელთა მიზნად ქმნილებათა სარგებლობას. კეთილთ იგი ჯილდოებით ახალ საშუალებებს ანიჭებს, რათა ისინი კიდევ უფრო კეთილნი იყვნენ: „უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ“ (ფსალმ. 83,12). ხოლო ბოროტთ, ანუ ცოდვილებს სასჯელებით აჩერებს და გამოასწორებს. სწორედ ამ მნიშვნელობით ითვლება უფლისაგან მოვლენილი სასჯელნი მისი სიყვარულის ნიშნად, გამოვლინებად: „რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის, და ტანჯის...“ (ებრ. 12,6). ქრისტიანებო! ზოგიერთ ჩვენგანს შესაძლოა, ძალიანაც უნდა, რომ ღმერთში მხოლოდ მოწყალება დაინახოს, და სხვა თვისებანი კი - არა. მაგრამ არა! იგი იმდენივეა წმიდა, ყოვლად ძლიერიც და მართალი მსაჯულიც, რამდენადაც არც ერთი თვისება არ შეიძლება აღმატებული იყოს სხვა თვისებებზე, ანდა თრგუნავდეს მათ. ამრიგად, სასოებას დავამყარებთ რა მის მოწყალებაზე, ყოველთვის გვახსოვდეს მისი დაურღვეველი სიმართლე და სამართლიანობა.


ე) კიდევ ერთი გაკვეთილიც ავიღოთ აწინდელი სახარებიდან: მასში ჩვენ ვხედავთ, რომ საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ მართალთათვის დადგება მარადიული ნეტარი ცხოვრება, ცოდვილნი კი საუკუნოდ დაიტანჯებიან (მუხლი 46). რაში მდგომარეობს მართალთა ნეტარება და ცოდვილთა ტანჯვა?


ჩვენ ამქვეყნად არ ძალგვიძს წარმოვიდგინოთ ის უდიდესი სიკეთენი, რომლებიც ღმერთს განუმზადებია ცათა შინა. პავლე მოციქული ამბობს: „ყურსა არა ესმა და თვალსა არა უხილავს და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“. მართალთა ნეტარება იმაში იქნება, რომ ისინი ღმერთთან იქნებიან, არ ეცოდინებათ არც სნეულებანი, არც ქვეყნიურნი საზუნავნი, არც სიკვდილი. იქ ისინი საუკუნოდ დასტკბებიან ყველა სიკეთით. და ეს ყოველივე იმიტომ აღსრულდება, რომ მაშინ ისინი ღმერთს იხილავენ, მოციქულის სიტყვისაებრ, ისე, „ვითარცა იგი არს“ (I იოანე 3,2). ხოლო უფალი ღმერთის ჭვრეტისას ყველა ჩვენი სურვილი იმგვარად იქნება აღსრულებული, რომ ჩვენ უკვე სხვა აღარაფერი მოგვინდება. აი, ესაა ნამდვილი ცხოვრება, ესაა ჭეშმარიტი სიხარული, ესაა წარმოუდგენელი ნეტარება.


განუწყვეტლივ უფლისა თანა მყოფი მართალნი ამავე დროს განუწყვეტელ ერთობასა და თანაზიარებაში იქნებიან მის წმიდა მოციქულებთან და ყველა წმიდანთან.


ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნეტარება ერთი და ორი წელი კი არა, ასი და ათასი წელი კი არა, სამარადჟამოდ - საუკუნოდ გაგრძელდება. ასეთია საუკუნო ნეტარება! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნეტარების ხარისხი ერთნაირი როდი იქნება, სხვადასხვა ადამიანებისთვის იგი სხვადასხვა იქნება. აბა, შეხედეთ ხილულ ცას: რამდენი ზეციური მნათობია მასში! მათზე ნაკლები სავანენი როდი იქნება განმზადებული ცათა სასუფეველში ღმერთის ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის. განა ხილულ ცაზე ყველა ციური მნათობი ერთნაირად ანათებს? - რა თქმა უნდა, არა. „სხვაი დიდებაი არს მზისაი და სხვაი დიდებაი არს მთოვარისაი და სხვაი დიდებაი არს ვარსკვლავთაი, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკვლავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა“ (I კორ. 40-41), ასევე იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ცათა სასუფეველში: ყველა ზეციური სავანე ერთი ღირსებისა არ იქნება - ერთნი უფრო მეტად ნათელნი იქნებიან, სხვანი კი - უფრო ნაკლებად.


ცოდვილთა მდგომარეობა მომავალ მარადიულ ცხოვრებაში სრულიად საწინააღმდეგო იქნება მართალ მორწმუნეთა მდგომარეობისა. მხოლოდ ერთ რამეში იქნება ისინი მსგავსი: იმაში, რომ ორივე ეს მდგომარეობა სამარადჟამოდ გაგრძელდება, არასდროს არ დასრულდება. როგორადაც მართალნი მორწმუნენი სამარადისოდ იცხოვრებენ მომავალ ცხოვრებაში ღმერთთან ერთად და მის წმიდა ანგელოზებთან ერთად, ასევე ცოდვილნიც სამარადისოდ იცხოვრებენ, ოღონდ ღმერთთან ერთად კი არა, არამედ ეშმაკთან და მის ბოროტ ანგელოზებთან ერთად; ანდა უკეთ რომ ვთქვათ: კი არ იცხოვრებენ, არამედ სამარადჟამოდ დაიტანჯებიან. ყველამ კარგად ვიცით, რა ძნელია უხეში და ბოროტი ადამიანების გვერდით ცხოვრება თუნდაც მცირე ხნით, და რა საშინელი უნდა იყოს ჯოჯოხეთის ბოროტ სულებთან მარადიული ცხოვრება! მაშ, რა უნდა ვიფიქროთ ამჟამად ჩვენ, ცოდვილებმა? ჩვენგან ვინ იქნება საუკუნო ნეტარებაში, და ვინ აღმოჩნდება სამარადჟამო სატანჯველში? - ეს ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის. მაგრამ საუკუნო ნეტარებით დავტკბებით, თუ დაუსრულებელ სატანჯველს ვეწევით, - ეს მხოლოდ და მხოლოდ თვით ჩვენზეა დამოკიდებული! ჰოი, ქრისტიანო! როგორი ცოდვილიც არ უნდა იყო შენ, სასოს ნუ წარიკვეთ, ნუ იფიქრებ თითქოს შენთვის აღარ იყოს შესაძლებელი ხსნა, ცხონება! არა! არამედ შეინანე, გულით აღასრულე ქრისტესმიერი სიყვარულის საქმენი, ილოცე ღმერთის წინაშე და შეწყალებას ევედრე მას!