„13. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაით იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. 14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა? 15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. 16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. 17. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.“
„13. მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან. 14. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან? 15. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. 16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. 17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.“ |
I. აწინდელი დღის სახარება წარმოგვიდგენს თხრობას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნათლის-ღების შესახებ. მოკლედ და უბრალოდ არის დღეს გადმოცემული მახარებლისმიერი ამბავი, მაგრამ საიდუმლოთა ამოუწურავ სიღრმესა და უაღმატებულეს ჭეშმარიტებათ ჰფარავს ეს გადმოცემა. მაშ, კეთილმოშიში მოწიწებით და გონებით განსჯით მივაპყროთ ყური იმას, რასაც დღეს მახარებელი გვაუწყებს.
„მაშინ მოვიდა იესუ გალილეაით იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან“ (მუხლი 13).
მდინარე იორდანე მიედინება ღრმა ხეობაში, რომელიც სირიის ზეგანიდან იწყება და მკვდარ ზღვამდე გრძელდება. მდინარის სათავეებს ებრაელი მემატიანე იოსებ ფლავიოსი შემდეგნაირად აღწერს: „პანიად წოდებული ადგილის მახლობლად, მთაზე მდებარეობს მშვენიერი მღვიმე, რომლის ქვემოთაც უზომო სიღრმის უფსკრულია, რომელშიც წყალი მიედინება: მღვიმეს თავს მაღალი მთა ადგას, ხოლო თავად მღვიმის ძირას იორდანეს სათავე წყაროებია“ (სიძველენი, ნაწ.III წ.15, თ.3). იორდანეს შესართავი, მკვდარი ზღვის უსიცოცხლო და ველური გარემომცველი ბუნების გამო, უკვე სულაც არ არის ისეთივე სასიამოვნო სახილველი, როგორც მისი სათავე. შესართავში, მკვდარ ზღვაში მდინარე იორდანედან შესული თევზი უმალვე იძინებს, შეშდება. სიგრძით იორდანე მთელი წმიდა მიწის ზომისაა, რადგან მთელს სიგრძეზე გადაჰკვეთს მას. მდინარის მთელს სიგრძეზე, მის ორივე მხარეს აღმართულან ჯერ უსწორმასწორო, ქვიშისა და ლამის ნარევის ტერასები, მერე კი უკაცრიელი კლდოვანი მთის ქედები, - აღმოსავლეთით მოაბელთა, დასავლეთით კი იუდეისა და გალილეის. სწორედ ამ მაღალ მთათა დიდი ნაპრალი წარმოქმნის იორდანეს ღრმა ხეობას. მდინარის ნაპირები ტირიფის ხშირი ბუჩქნარებითაა დაფარული, აგრეთვე მაღალი ლერწამის, ოლეანდრების და სხვა მდინარისპირა მცენარეული საფარით. მთელი ეს მცენარეულობა სუროთი და ხვიარებითაა მოცული და მდინარის ნაპირთა ლამის გაუვალ ზღუდეს წარმოადგენს. ქვიშნარ ტერასებზე, ზოგ ადგილებში ყველაზე უცნაურ და ფანტასტიკურ ფორმებს რომ იძენენ და ხშირად ციხე-სიმაგრეებს ჰგვანან, იზრდება ხშირი ეკალ-ბარდი და კვრინჩხი, რომლის სახეობანიც რუსეთში არ გვხვდება. იორდანეს მთის მდინარის თვისებები აქვს. მისი წყალუხვობა ლიბანის მთების მწვერვალებზე დამდნარ თოვლზეა დამოკიდებული. მისი ნაკადი ჩქარია, მთის ნიაღვრის მსგავსი. როცა მოგზაური მდინარე იორდანეს უახლოვდება, მდინარის წყალთა ჩხრიალის ხმა შორიდანვე აღწევს მის სმენამდე იორდანეს ველის მკვდარ სიჩუმეში. ველის მდინარეებს არა აქვთ ასეთი ხმა. სწრაფი დინების გამო მდინარე იორდანეს წყალი მღვრიეა, მაგრამ თუკი მას შუშის ჭურჭელში დავაყენებთ და კირქვისა და ლამის დანალექისაგან გავწმენდთ, წყალი კრისტალივით სუფთა და გამჭვირვალე ხდება. გემოთი იორადანის წყალი „ცივი და ტკბილია“ - როგორც იღუმენი დანიელი შენიშნავს, - „და ძალზე მარგებელი ჯანმრთელობისათვის“. მდინარის ფსკერი სხვადასხვა ზომის ქვებითაა დაფარული, რომლებიც ადიდებულ მდინარეს ჩამოაქვს მთებიდან. ჩქარი დინების გამო ქვები სლიპია, გადაგლესილი. ძველ დროში, ალბათ, მდინარის ფსკერიდან იღებდნენ ქვებს შურდულებისათვის და სასროლი იარაღებისათვის.
ჩვეულებრივ, მდინარე იორდანეს სიგანე არ აღემატება 20-22 მეტრს, მაგრამ მდინარის ადიდების შემთხვევაში იგი ერთ კილომეტრზეც იშლება ხოლმე, იორდანის ორივე ნაპირზე გაშლილ ქვიშნარ ტერასებზე. ისუ ნავეს თქმით, „იორდანე სავსე იყო რაითურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა“ 3,16), ანუ იმ დროს, როცა ზაფხულის მცხუნვარე მზის სხივები მაღალმთიანი ლიბანის, ანტილიბანისა და ერმონის დათოვლილ მწვერვალებს ათბობენ, მდინარე ძალზე ადიდებული არის ხოლმე და მასზე გადასვლა ამ დროს ძალზე გაძნელებულია.
როცა იოანემ, ვითარცა სინანულის მქადაგებელმა, ვინაც იუდეველ ერს იორდანეს წყალში ნათლავდა, საკმარისად განაცხადა თავისთვის საკუთარი მოწოდებაც და თუ ვინ იყო ის, რომლის მოვლინების შესახებაც თავად წინასწარმეტყველებდა, - მაშინ მასთან იესო მოდის. რისთვის? რომ პატივი მიიღოს თავისი წინამორბედისაგან? რომ საზეიმო ვითარებაში გამოეცხადოს ხალხს? - არა. ან იქნებ იმ ნათლობის სათხოვად, რომლითაც იოანე ნათლავდა ხალხს ცოდვათაგან განსაწმედელად? მაგრამ იესოს ხომ არ ჰქონდა ცოდვები. და იოანეს ნათლობაც ხომ განმზადება იყო მოახლოებული ცათა სასუფეველისათვის, რომლის მეუფეცა და თავიც თავად უფალი იესო იყო! მაშ, რა მიზანი ჰქონდა იესოს ნათლობას იოანესაგან? ამ ნათლობას ყოველთა მეუფე ჩვენი გულისთვის მიიღებს, თავისი ცოდვილი მონების გულისთვის. რამეთუ თავისი ნათლობით იესო ქრისტე, ერთის მხრივ, თავის თავზე, თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ მიიღებს მთელი კაცთა მოდგმის ცოდვებს, მეორეს მხრივ კი განწმედს, აკურთხებს წყალს და ცოდვათა სიბილწეთაგან განწმედის ძალას ანიჭებს მას.
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ამბობს: „უფალი იმისთვის კი არ მოვიდა იორდანეზე და ნათლობა მიიღო იოანესაგან, რომ, თითქოსდა, საჭიროებდა ამგვარ განწმედას, განბანვას, არამედ იმისთვის, რომ ბოლომდე აღესრულებინა ყოველივე ის, რაც დამახასიათებელი იყო მის მიერ მიღებული ადამიანური ბუნებისათვის, და ეჩვენებინა, რომ იგი ჭეშმარიტ ხორცს, ნამდვილ სხეულს ატარებდა და რომ ჭეშმარიტი ადამიანია. მას არ უნდოდა გარდახდომოდა სჯულისმიერ მოვალეობებს და ასე მიუგებდა იოანეს: „ესრეთ შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (მათე 3,15). ამ მიზეზით შთავიდა იგი ნათლის-ღების წყალში, მაგრამ ისე, რომ ამით შეუდარებლად მეტი მიანიჭა და შესძინა წყალს, ვიდრე თავად შეეძლო მათგან რაიმეს მიღება, რადგან არაფერში მას არანაირი საჭიროება არ ჰქონდა. რამეთუ თავად წყალნი განაცისკროვნა მან თავისი ნათელით და რაღაც განსაკუთრებული ძალა შესძინა მათ, რომლის მიერაც მისნი მორწმუნენი, მიეახლებიან რა ნათლის-ღების წყალს, შეიმოსებიან ამძალით, მონიჭებულით მისი გარდამოსვლით და განათლდებიან მისი ნათელით“. ამასვე ადასტურებს წმიდა ამბროსი მედიოლანელი: „ნათლისღების წყალთ ვერასდროს ვერ ექნებოდათ შეძენილი კაცობრივ ცოდვათა განწმედის ძალა, ისინი რომ არ განწმენდილიყვნენ და არ კურთხეულიყვნენ მაცხოვრის სხეულთან შეხებით. იორდანეს წყალში შთაფლვით მაცხოვარმა განწმიდა წყალნი, უფსკრულნი და ყოველნი წყარონი“. ნეტარი იერონიმეც ამბობს: იესო ქრისტემ იმისთვის მიიღო ნათლობა იოანესაგან, რომ თავადვე აღესრულებინა საკუთარ თავზე ის, რასაც იგი სხვებს უბრძანებდა სჯულისადმი დამორჩილების შესახებ, და რომ თავისი ნათლის-ღებით დაემოწმებინა იოანესმიერი ნათლობის ძალა და მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ იუდეველთა შორის ბევრნი იყვნენ ისეთნი, ვინც არამართებულად ფიქრობდა ამ ნათლის-ღებაზე. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით, მაცხოვარმა, მიიღო რა იოანეს ნათლობა, ამით ჭეშმარიტი ნათლის-ღება დაამკვიდრა, რომელიც შემდგომში უნდა ყოფილიყო ქადაგებული. „მხოლოდი ოანეს ნათლისღებისადმი დამორჩილებით უნდა მიეღო ძეს კაცისას სულიწმიდისმიერი უწყება, რომელიც მტრედის სახით გარდამოხდა მასზე, და ამავე დროს გამოცხადებული ყოფილიყო როგორც ძემ აღლისა - უზენაესი ღმერთისა ცათაგან გარდამოსული ხმით. მიიღო რა ნათლისღება იოანესაგან, იესო ქრისტე არწმუნებდა ყველა თავის მიერ დადგინებული ნათლის-ღების მიღების აუცილებლობას, - იმ ნათლობისა, რომლის ქმედითობისა და ძალმოსილების აღნიშვნა მან კეთილად ინება სულიწმიდის გარდამოსვლით. რადგანაც იესო ქრისტემ სათნო იყო ყველა ჩვენი ცოდვა თავის თავში მიეღო, გაეთავისებინა და მთელი მსოფლიოსათვის გაეღო თავი მსხვერპლად, ამიტომ ჯერ-იყო მას მონანული მონის ხატიც შეეძინა, რათა იოანესაგან სინანულის ნათლობა მიეღო ცოდვების მოსატევებლად“. კვალად, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: იოანე ნათელს-სცემს. მოდის იესო, განმწმედი და მაკურთხეველი თავად ნათლისმცემლისა, ხოლო უეჭველად მთელი ძველი ადამისა, რათა წყალში შთავიდეს, ხოლო მათს უწინარეს და მათთვის - მდინარე იორდანეს განმწმედ-მაკუთრხეველი ამოდის იესო წყლიდან, რამეთუ თავისთან ერთად მთელს მსოფლიოს აღამაღლებს, და ხედავს განხმულ ცათ, რომელნიც ადამმა ისევე დახშა თავისთვისაც და თავისი შთამომავლობისათვის, როგორადაც - სამოთხე ცეცხლოვანი მახვილით“. ასე გამოხატავენ ეკლესიის წმიდა მამები იმ მიზანს, რომლისთვისაც უფალმა ინება იოანეს ნათლობის მისაღებად მისულიყო. მაგრამ როგორ მიუდგა ამ განზრახვას იოანე?
„ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (მუხლი 14).
მიუხედავად თავისი ხორციელად ახლო ნათესაობისა მარიამის ძესთან და მასთან უმჭიდროესი ურთიერთობისა თავისი მსახურების სულითა და მიზნით, იოანემ ჯერ ცხადად არ იცოდა, რომ იესო არის მესია - ქრისტე. რამეთუ იმან, ვინც იოანე იუდეველთა მოსანათლად წარმოგზავნა, აუწყა მას: ვისზეც, ნათლობისას იხილავ სულიწმიდას, გარდამომავალს ზეცით, სწორედ იგია ჭეშმარიტი მესიაო; მაგრამ თუ ვინ არის საკუთრივ ეს ტარიგი ღმრთისა, მას არ განეცხადა (იოანე 1,33). მაგრამ, აი, დაინახა თუ არა მისკენ მომავალი იესო, იოანე, რომელიც ჩვეული იყო სულს სიღრმეში ჩასწვდომოდა, დიდად იქნა შეძრული მისი უცოდველი, მშვიდი, წმიდა და ამაღლებული მზერით. ამის შემდეგ განა შეეძლო მას ხელნი დაესხა მასზე მოსანათლად?! და მას, საკუთარი უღირსობისა და იესოს საღმრთო დიდებულებით განმსჭვალულს, აღმოხდება: მე მესაჭიროება შენმიერი ნათლობა და შენ მოდიხარ ჩემთანო.
„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას“ (მუხლი 15).
იესო ქრისტე თითქოს ასე ეუბნება იოანეს: დრომდე განზე გადადე შენი კაცობრივი მოსაზრებები. საქმის არსობრიობას თუ მივხედავთ, ისინი სამართლიანია, მაგრამ ახლა, აწინდელს ჩვენს შემთხვევაში, ისინი უადგილოა, შეუსაბამოა. ჩემდა ჯერ-არს მთელი სჯულის აღსრულება, იმიტომ, რომ მე უნდა გავაუქმო ის წყევლა, რომელიც სჯულშია ჩაწერილი თქვენს წინააღმდეგ! რამეთუ სწორედ ამისთვის მოვივლინე ქვეყნად, ამისთვის მივიღე ადამიანური ბუნება, ხორცი აწინდელ დროში. აწ ჩემი განდიდების კი არა, ჩემი დამდაბლების დროა. მე აწ მსურს ჩემი ადამიანური ბუნებით ვიმოქმედო და არა ჩემი ღვთაებრივი ყოვლადძლიერობით. მაშ, მოვედ, ემსახურე, ჰოი, ნათლისმცემელო, საშინელ უმთავრეს საიდუმლოს; მსწრაფლ განიპყარ ხელი შენი და აღასრულე ის, რაც ჩემს აწინდელ მდგომარეობას შეეფერება. ყოველთვის ასე როდი იქნება, ჰოი, იოანე; შენ მე იმ მდგომარეობაში მიხილავ, რომელშიც ჩემი დანახვაც გსურს, ახლა კი, ჯერ-ჯერობით დაელოდე მას. ახლა ჩვენდა ჯერ-არს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე მთელს მის სრულყოფილებაში და მთელი მისი მოცულობით, - მე იმით, რომ მივიღებ შენ მიერ ნათლობას, შენ კი იმით, რომ მომცემ ამ ნათლობას. გამოთქმა - „სიმართლე (ბერძნულად - „დიკაიოსუნე“) აქ იმას აღნიშნავს, რასაც ჩვენგან საღმრთო სჯული მოითხოვს. მაშასადამე, გამოთქმა - „აღსრულებად ყოველი სიმართლე“ - აღნიშნავს მთელი სჯულის აღსრულებას, მისი ყველა მოთხოვნისა. უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებით ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის აუცილებელი იყო იოანესმიერი ნათლობის მიღება, იოანესთვის კი - მისი მონათვლა. მართალია, იოანეს ნათლის-ღება არ იყო სინას მთის სჯულისდების საღმრთო მცნებათაგანი და არ შეიძლებოდა მას იესოსათვის - ღმერთის ძისა და კაცის უცოდველი ძისათვის ზუსტად იგივე მნიშვნელობა ჰქონოდა, რაც მას დანარჩენი იუდეველებისათვის ჰქონდა, რომელთათვისაც იგი იყო სინანულის ნათლის-ღება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი საღმრთოდ დადგენილი იყო. ამიტომაც იესო ქრისტეს, რომელიც სწორედ ასეთად აღიარებდა იოანესმიერ ნათლის-ღებას, უნდა მიეღო იგი, მსგავსად იმისა, როგორადაც მან წინადაცვეთა და განწმედა მიიღო, და ამით სრულად აღესრულებინა სჯული - ღმერთის ნება.
და აი, იოანემ „მიუშუა მას“, და უფალიც მდინარე იორდანეში ჩადის და მის წყალში შთაეფლობა.
საეკლესიო გადმოცემა გვაუწყებს, რომ უფალი იესო სწორედ იმ ადგილას შევიდა სწრაფ მდინარ იორდანეში, სადაც ისუ ნავემ, ვითარცა ხმელეთზე, გადაიყვანა ისრაელი ერი და ქანაანის აღთქმულ მიწა-წყალზე შევიდა. ქრისტიანობის პირველი წლებიდან ამ ადგილას დიდი ჯვარი იქნა აღმართული, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე იდგა აქ. მონიშნული იყო ის ადგილიც ნაპირზე, სადაც მაცხოვრის შესამოსელი იდვა მისი ნათლისღებისას; აქ მომცრო ეკლესიაც აუგიათ, შემდგარი მაღალ სვეტებზე, რათა წყალდიდობათა ჟამს იგი არ დაზიანებულიყო. ახლაც ამ ადგილას მდინარის დინება მეტად ჩქარია. აქ მდინარე მცირედ უხვევს პატარა კუნძულთან და მორევს წარმოქმნის. ამიტომაც მომლოცველნი, რომელნიც იორდანეზე მოდიან, რათა მის წყალში განიბანონ, ღრმად შესვლას ვერ ბედავენ და ნაპირთანვე განიბანებიან მასში მუხლამდე წყალში.
თავის ნათლისღების ჟამს უფალი იესო მამა-ღმერთთან საუბრობდა ილოცვიდა (ლუკა 3,21). რის შესახებ ლოცულობდა იგი? განწმენდდა რა კაცობრიობის ცოდვებს, უფალი იესო იმის შესახებ ლოცულობდა, რომ თავის უცოდველი განბანვის მიერ მთელს ცოდვილ კაცობრიობაზე გავრცელებულიყო განწმედა, და შესაძლოა მასზედაც ილოცვიდა, რომ მამა ღმერთს მისი ადამიანური ბუნებისათვის მოენიჭებინა ძალა, თუკი ასე შეიძლება ვთქვათ, სრულად აღესრულებინა ნათლისღებით დაწყებული ღვაწლი კაცობრიობის განწმედისა და გამოსყიდვისა.
„და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“ (მუხლი 16).
ეს ნიშნავს, რომ მაცხოვრის წყლით ნათლობის შემდეგ დაიწყო და აღსრულდა ახალი, უზენაესი ნათლობა - სულიწმიდით, - და აღსრულდა ეს ყველაზე საზეიმო და თვალსაჩინო სახით. და პირველ ყოვლისა - „განეხუნეს ცანი ანუ ცის თაღი უფალ იესოს ზემოთ ორად განიპო, მსგავსად იმისა, როგორც ეს ხანგრძლივი გაელვების ჟამს გამოჩნდება ხოლმე ღრუბლებში. და ამ დროს, განხსნილ ცათაგან გარდამოვიდა სულიწმიდა - „ხორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი“ (ლუკა 3,22). ცათა სიღრმეთაგან სულიწმიდა-მტრედის გარდამოსვლა და პირდაპირ იესოს თავზე დადგრომა მდინარე იორდანეზე მაშინ იქ მყოფი მრავალრიცხოვანი ერისაგან თითოეულს ცხადად შთააგონებდა, რომ ეს უბრალო მტრედი კი არ იყო, არამედ ღმერთის სული, რომელსაც სხეულებრივი სახე მიეღო.
ცათა განხმა და სულიწმიდის გარდამოსვლა უკვე თავისთავად იყო საკვირველი მოწმობანი მონათვლადის ღვთაებრივი ღირსებისა, რამეთუ სხვას ვის განხმია როდისმე ცანი? სხვაზე ვისზე გარდამოსულა ამგვარ სახედ ღმერთის სული? - მაგრამ იმისთვის, რომ სულ უმცირესი ეჭვიც არ დარჩენილიყო ადამიანებში და კიდევ უფრო სრულად ყოფილიყო დამოწმებული ის, თუ რა დიდია ზეცის მონაწილეობა ყოველივე იმაში, რაც ამ წუთას ქვეყნად ხდებოდა.
„და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მუხლი 17).
ვისთვის არის ეს ხმა ცათაგან? - იოანესათვის, ოღონდ თუკი მას კიდევ ძალედვა გაეგონა კიდეც ხმა მას შემდეგ, რაც ესოდენ საკვირველი რამ იხილა აგრეთვე უფალ იესოს მოწაფეებისათვის, რომელნიც შესაძლოა აქვე, მახლობლად იმყოფებოდნენ, და რა თქმა უნდა, ყველა იქ მყოფი იუდეველებისათვის და მათთვისაც, ვინც იმჟამად იქ არ იყო და ვისაც შემდგომ უნდა შეეტყო სხვათაგან, თანამოძმეთაგან, იესოს ნათლისღებისას აღსრულებული სასწაულის შესახებ! და ბოლოს, ეს ხმა იყო ყოველი ჩვენთაგანისათვისაც, რომელნიც ვემორჩილებით რა ამ ხმას, ვაღიარებთ მარიამისაგან შობილ ძეში ღმერთის მხოლოდშობილ ძეს, ჩვენს მაცხოვარს, უფალს და მსაჯულს იესო ქრისტეს.
II. აი, ასე აღსრულდა ჩვენი მაცხოვრის ნათლის-ღება! აწ სულით იორდანეზე შევჩერდეთ და მოსმენილი სახარებიდან მოვიღოთ ჩვენთვის რამდენიმე სახელმძღვანელო ჭეშმარიტება მთელი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
ა) იესო მდინარე იორდანეში შედის და მის წყალში შთაეფლობა ლოცვით (ლუკა 3,21). რა საკვირველი საქმეა! რა მყისიერია წყალში შთაფლობა, მაგრამ მაცხოვარმა ეს ქმედებაც არ აღასრულა ლოცვის გარეშე. დიახ, ჩვენი მაცხოვრის ცხოვრებაში ყველგან, ყოველ ვითარებაში ლოცვაა ბაგებზე და გულში. იგი ილოცვიდა იორდანეზე, თაბორის მთაზეც, მოწაფეთა არჩევის წინ მთელი ღამე გაატარა ლოცვაში; ვნების წინ, ღამით, გეთსიმანიის ბაღში სისხლნარევი ოფლის წარმოდენამდე ლოცულობდა გოლგოთაზე, ჯვარზევნებისას ასევე აღავლენდა ლოცვა-ვედრებასთავის ზეციური მამისადმი, და თვით სიკვდილის ჟამსაც მამა ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვით განუტევა სული თვისი. ყოველივე მნიშვნელოვანი მაცხოვარის ქვეყნიურ ცხოვრებაში ლოცვათა შორის აღსრულდა. მაშ, დაე, შევიმეცნოთ ამით, თუ როგორ ესაჭიროება ქრისტიანს ლოცვა. ლოცვა არის საზრდო სულისათვის. ლოცვა იგივეა მისთვის, რაც ჰაერი სხეულისათვის. ლოცვის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეიძლება ქრისტიანისათვის. ლოცვის გარეშე მას ცოდვისმიერი ტყვეობა და შემდგომში სამარადისო დაღუპვა ემუქრება. მაშ, ილოცე, ჰოი ქრისტიანო! გიყვარდეს ლოცვა, რაც შეიძლება ხშირად იწურთე თავი მასში! უმაღლესი სიამოვნება ნახე ხოლმე ლოცვა-ვედრებაში. რამდენ დროს ღუპავენ მრავალნი სრულიად ამაო, უსარგებლო საქმეებში, ცოდვიან შვება-სიამეებში. და ნუთუ ეს დრო ლოცვა-ვედრებისათვის დასათმობად არ უნდა გვემეტებოდეს?! ცოდვიან სიამოვნებათაგან მხოლოდ მოწყენილობა და სიცარიელე რჩება გულში, ხოლო ლოცვის შემდეგ ვითარი მშვიდობა, სიწყნარე, ვითარი სიხარული ეუფლება სულს! და რისი მოქმედება აღარ ძალუძს ლოცვას?! დიდია, არაჩვეულებრივად ძლიერია ლოცვის მოქმედება. მაშ, რაც შეიძლება ხშირად ვლოცულობდეთ, რაც შეიძლება მხურვალედ ვილოცვიდეთ, და ჩვენ საკუთარი გამოცდილებით შევიტყობთ, თუ არ არის ლოცვა.
ბ) დღევანდელი სახარებიდანვე დავინახეთ, რომ უფალ იესოზე მისი ნათლისღების ჟამს სულიწმიდა გარდამოვიდა მტრედის სახით მისი სიწმიდის ნიშნად (მუხლი 16). აქედან ის აზრი აღვიბეჭდეთ ჩვენს გონებასა და გულში, რომ სულიწმიდა მხოლოდ სათნო, კეთილის-მოქმედ ადამიანებს დაადგრება ხოლმე, ხოლო ცოდვილებზე იგი ვერ გარდამოვალს, რადგან მათი ცოდვა არ უშვებს ღმერთის სულს შეუერთდეს ცოდვილთა სულებს. ამიტომაც სულიწმიდისადმი მიმართულ ლოცვაში ჩვენ ვევედრებით მას, რომ იგი მოვიდეს ჩვენ შორის და დაემკვიდროს ჩვენს სულში და განგვწმიდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა. თუკი ადამიანები თავიანთთვის შეუძლებლად მიიჩნევენ ცხოვრებას ბინძურ სახლში, მაშინ მით უმეტეს სულიწმიდა ვერ შესახლდება ცოდვით შებილწულ სულში, რამეთუ ღმერთის სული არის უწმიდესი არსი და მას არ ძალუძს ცოდვიან სულში დამკვიდრდეს, ვითარცა უწმიდურ სახლში. ამიტომ ყოველი ქრისტიანი გულმოდგინედ უნდა ზრუნავდეს თავისი სულის განსაწმედად ცოდვებისაგან. თუკი ჩვენ თავად არ ძალგვიძს საკუთარი თავის განწმედა ცოდვისმიერი სიბილწისაგან, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ხშირად მაინც უნდა ვფიქრობდეთ ამის შესახებ და ლოცვაში ყოველდღიურად შევღაღადებდეთ ყოვლადძლიერ ღმერთს, ყოვლადწმიდა სამების მესამე წევრს. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო..., მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე, სახიერო, სულნი ჩვენნი!
გ) კვალად, დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვნახეთ, რომ მდინარე იორდანეზე აღსრულდა ყოვლადწმიდა სამების სამივე საღმრთო პირის გამოცხადება (მუხლები 16-17). ასე იქნა განცხადებული ახალ აღთქმაში, რომ ღმერთი, ერთი თავისი არსით, სამპიროვანია, სამია - ჰიპოსტასით. რამეთუ სწორედ იგივე ღმერთი, რომელიც სინაის მთაზე ერთი გამოეცხადა მოსეს და მისი მეშვეობით აუწყა ისრაელ ერს: აწ გესმოდენ ისრაელსა სამართალი და მსჯავრი, რამეთუ ერთი არს უფალი ღმერთი შენი! - იგივე გამოეცხადა მათ მდინარე იორდანეზე სამი სახით, და მერმე თავისი მახარებლის მეშვეობით განაცხადა: „სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყვაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან“ (Iიოანე 5,7). და თავად ღმერთის ძემაც, რომელი აღიარებდა მას, ვინც „არავინ სადა იხილა“ (იოანე 1,18), ოდეს თავის მოციქულებს წარგზავნიდა მთელი მსოფლიოს მოსაქცევად წყვდიადიდან ნათელისაკენ, უბრძანა მათ ყოველნი ხალხნი მოენათლათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. ამის შემდეგ ჩვენთვის განურჩეველი საქმე როდია, სულ ერთი როდია ერთ ღმერთს ვაღიარებდეთ თუ სამპიროვანს, - არა! ყოვლადწმიდა სამების აღიარება, თაყვანისცემა და ქადაგება - ეს არის ჩვენი უცვალებელი მოვალეობა, იმიტომ, რომ სწორედ ესაა ჩვენი სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი, ჩვენი სასოების წინდი და ჩვენი სიყვარულის საგანი. მართალია, ღმერთში სამი პირია, მაგრამ ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისაგან. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე გვასწავლის ამ ჭეშმარიტების შესახებ: „როგორადაც შეუძლებელია რაიმე გაყოფა და დაშორიშორება გონებას, აზრსა და სულს შორის, ასევე არანაირი განყოფისა და დაშორიშორების წარმოდგენა არ შეიძლება სულიწმიდას და მაცხოვარს და მამას შორის“. თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ღმრთაების პირნი, ეს უკვე თვით მათი სახელწოდებებიდან ჩანს. მამა-ღმერთი, საღმრთო წერილის სწავლებით, დასაბამია ძისა და სულისა, თავად მყოფი დაუსაბამოდ და უმიზეზოდ. ძე ღმერთი იშვება, მაგრამ თავად არ შობს და არ გამოავლენს სულიწმიდას, სულიწმიდა ღმერთი გამოვალს მამისაგან, მაგრამ არ იშვება და თავადაც ასევე არ შობს და არ გამოავლინებს. ამგვარად განსხვავებულნი ერთურთისაგან, ეს სამი საღმრთო პირი არის ერთი და იგივე ღმერთი: მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი, მაგრამ ეს სამი ღმერთი კი არ არის, არამედ - ერთი ღმრთაებაა. ასევე ასწავლის ღმერთის შესახებ, გამომდინარე საღმრთო სიტყვიდან, წმიდა ეკლესია. ასწავლის და არ ჰგონებს, რომ ნათქვამი სრულად და სავსებით გამოხატავს ღმრთაების არსებობის სახეს, იმიტომ, რომ სწავლება წმიდა სამების შესახებ არის ჩვენთვის მიუწვდომელი საიდუმლო. ამრიგად, ბევრს ნურც ვეცდებით რაიმე ავხსნათ, არამედ უბრალოდ გვწამდეს; რამეთუ ეს სწავლება ადამიანთა მიერ კი არ არის მოგონილი, იგი ადამიანისაგან კი არ მომდინარეობს, არამედ - ღმერთისაგან, და იგი თავად ღმერთმა გამოუცხადა ადამიანებს.
დ) კიდევ ერთი შეგონება-დამოძღვრაც მოვიღოთ აწინდელი სახარებიდან, აღსავსე სულითა და სიცოცხლით, - დამოძღვრა მასზედ, რომ უფლის ნათლისღებისა და ღვთის განცხადების ეს მოვლენა ჩვენც გვასწავლის შემდეგს: ცოდვათაგან განწმედა და ცხოვნება ადამიანისათვის შესაძლებელია მხოლოდ საღმრთო მადლის შეწევნით, და იგი შთაგვინერგავს ჩვენ უსაზღვრო მადლიერების გრძნობას ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების განმანათლებელისა და განმწმედისადმი, მან, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც თავისი ადამიანური ბუნებით იყო სრულიად უცოდველი და ამიტომ არანაირი საჭიროება არ ჰქონდა ნათლის-ღებისა, მიიღო იგი, როცა სახარების, ცათა სასუფევლის ქადაგებას, თავის მხსნელ საზოგადო მსახურებას იწყებდა. რათა სულიწმიდითა და თავისი საღმრთო ძალით განეწმიდა ნათლობის წყალნი ჩვენი განწმედისა და განახლებისათვის (ტიტ. 3,5). მაგრამ თუ გამოვიყენეთ, ჯეროვნად თუ შევინარჩუნეთ ის უძვირფასესი შესამოსელი, რომლის შესახებაც ეკლესია ნათლის-ღების დღესასწაულზე შეგვახსენებს ამ სიტყვებით: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალატ. 3,27)? აწ ჩვენც მხილველნი ქრისტესი, რომელმან დაამორჩილა ნება თვისი თვით მონის ხატის მიღებამდე, დავემორჩილოთ მის ძლიერ ხელთ; სულით აღვმაღლდეთ, რათა ნათლის ღებას უზაკველი საქმეებით მივაგოთ პატივი. ცოდვიანი წყვდიადი გარე განვაგდოთ და უბიწონი წარვუდგეთ მეუფეს, რომელი ყოველივეს განსწმედს თავის საღმრთო ჭავლებით.