მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული
სახარება ლუკასაგან (10, 38-42; 11, 27-28)

 

„38. და იყო (მას ჟამსა შინა) ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა. 39. და იყო დაი მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესუისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. 41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისაი არს სახმარ. 42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.


თ. 11. 27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ხმაი ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. 28. ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი.“

 

I. დღეს წაკითხული სახარება გვთავაზობს ამაღლებულ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ჩვენს უმთავრეს მოვალეობებს გვახსენებენ. ეს სახარება ერთი მოვლენით იწყება და სხვა მოვლენით მთავრდება. პირველი მოგვითხრობს უფლის მიღებას ლაზარეს დის - მართას მიერ თავის სახლში, იერუსალიმის მახლობლად მდებარე დაბა ბეთანიაში, მეორეს კი გალილეაში გადავყავართ და მოკლედ გადმოგვცემს უფლის საუბარს ვინმე დედაკაცთან. განვიხილოთ ეს საკითხავი თანამიმდევრულად და ვისწავლოთ მისგან მაღალი ჭეშმარიტებანი.


„და იყო (მას ჟამსა შინა) ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა. და იყო დაი მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესუისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა“ (მუხლები 38-39).


იუდეის სხვადასხვა მხარეებისა და დაბა-ქალაქების მოვლისას, როცა უფალი იესო ყველგან ქადაგებდა ღმერთის სასუფევლის სახარებას იგი დაბა ბეთანიაში მივიდა, რომელიც იერუსალიმის მახლობლად, ელეონის მთის ფერდობზე მდებარეობდა (ბეთანიის შესახებ იხ. ბზობის კვირის სახარების განმარტება). თხრობა, უეჭველია, შეეხება ლაზარეს - უფლის მეგობრის - დებს, მართასა და მარიამს. ლაზარე აქ ნახსენები არ არის ან იმის გამო, რომ ის მაშინ სახლში არ იყო, ანდა იმიტომ, რომ უფალი თავის სახლში მართამ მიიღო. იგი წარმოსდგება სახლის დიასახლისად, მის ნამდვილ მფლობელად თუ ყველაზე უფროსად ოჯახში, ანდა იმად, ვისაც თავის თავზე ჰქონდა აღებული მზრუნველობა სახლზე, ოჯახზე და სტუმართა მიღებაზე.


მართასა და მარიამს ძალზე უყვარდათ უფალი იესო და მის მიერაც სიყვარულით იყვნენ შეწყნარებულნი (იოანე 11,5); ძალზე უხაროდათ მისი მოვლინება ქვეყნად და გულმოდგინედ ცდილობდნენ შეეცნოთ, თუ ვინ არის აღთქმული მაცხოვარი მსოფლიოსი. მათ ძარღვებში ერთი სისხლი სჩქეფდა - ისინი ღვიძლი დები იყვნენ; და მათი სულებიც უზაკველი, წმიდა სიყვარულით იყო შეერთებული! მათ ერთნაირი აზრები, ერთგვარი მისწრაფებანი, სურვილები, სიხარული, მწუხარება და იმედი ჰქონდათ; ერთი საცხოვრებელი, ერთი და იგივე საქმიანობა, ახლობელ-მეგობრებიც ერთი და იგივე ჰყავდათ და მათთან სტუმრად მოსული უფალიც საერთო ჰყავდათ, ვისაც ერთნაირი გულითადობით და სიხარულით იღებდნენ. ასეთი იყო მათი სულების წმიდა თანაზიარობა! მართასა და მარიამს ერთნაირი გულმოდგინება ჰქონდათ ღვთაებრივი სტუმრისადმი - უფალ იესოსადმი, ისეთი, როგორიც ჯერ-და; ისინი ერთნაირი გულითადობით იქცეოდნენ, როგორც უნდა იქცეოდეს ადამიანი მეტად სასურველი სტუმრის მიღებისას, მაგრამ მსგავსი როდი იყო ის სახე, რომლითაც დები თავიანთ მოწიწებითს სიყვარულს გამოხატავდენ უფლისადმი - სულთა სტუმრისადმი. მარიამის სიყვარული წყაროსთვალივით გამოედინებოდა მისი გულიდან, რომელიც მერმე ნარნარად მიედინებოდა ველზე; მართას სიყვარული კი მთის სწრაფი ნაკადულივით მოსჩქეფდა მისი გულიდან.


დებთან სახლში შესულმა უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ჩვეულებისამებრ ყველგან ყველა დაემოძღვრა, აქაც განახვნა თავისი წმიდა ბაგენი და სამოძღვრებო საუბარი დაიწყო. სწორედ ამ დროს გამომჟღავნდა განსხვავება მართასა და მარიამის ხასიათებს შორის. მარიამი მაცხოვრის ფერხთით დაჯდა და მის სიტყვებს ისმენდა. ებრაელებში, ისევე, როგორც სხვა აღმოსავლელ ხალხთა შორის, მიღებული იყო დასხდომა იატაკზე, ჭილოფზე, რომლებზეც ბალიშები თუ მუთაქები იდო. კვალად, იუდეველებს სხვა ჩვეულებაც ჰქონდათ. მოძღვარი მთავარ, შემაღლებულ ადგილას ჯდებოდა, მოწაფენი კი მის ფერხთით სხდებოდნენ, ისე, რომ თვით ეს გამოთქმაც - ვინმეს ფერხთით ჯდომა - მის მოწაფედ ყოფნას აღნიშნავდა. და აი, მარიამიც, ვითარცა ღვთაებრივი მოძღვრის მოსწავლე, მაცხოვრის ფერხთით დაჯდა და მის სწავლა-დარიგებას ისმენდა; უეჭველია, რომ აქვე, მაცხოვრის ფერხთით ისხდნენ მოციქულებიც, მისი მუდმივი თანამგზავრნი, და სახლის სხვა მკვიდრნიც, რომლებიც იმჟამად იქ იმყოფებოდნენ. ხოლო მართა რას იქმდა ამ დროს?


„ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე“ (მუხლი 40).


მიიღო რა თავის სახლში უფალი, მართა მთლიანად იმაზე ზრუნვას იყო მიცემული, რომ რაც შეიძლება კარგად გამასპინძლებოდა დიდებულ სტუმარსა და მის თანმხლებთ. ანუ იგი მხოლოდ იმაზე კი არ ზრუნავდა, რაც ჩვეულებრივ სჭირდება ხოლმე ოჯახის სუფრას, არამედ იმაზეც, რომ ღირსეულად, განსაკუთრებულად ეცა პატივი ძვირფასი სტუმრისათვის, რომელიც, ალბათ, თავის მოწაფეებთან ერთად იყო აქ, და მაშასადამე, საჭირო იყო გაცილებით მეტისა და უმჯობესის მომზადება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ოჯახური ტრაპეზისათვის კეთდებოდა. ამდენად, საქმე იმდენი იყო, რომ მას დის დახმარება დასჭირდა; ანდა, შესაძლოა, მართას სურდა მარიამის დახმარებით რაც შეიძლება მალე მოეთავებინა ტრაპეზის მომზადება, რათა შემდეგ თვითონაც თავის დასთან ერთად მოესმინა უფლის ქადაგება, მაგრამ უფრო მართებლი ალბათ, პირველი შეხედულებაა, ანუ ის, რომ მართა, როგორც მზრუნველი დიასახლისი, მთლიანად სახლის საზრუნავში ჩაეფლო და ამ წუთას ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავდა, რადგან ეს ბედნიერება - უძვირფასესი და უდიდებულესი სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება ისე, როგორც ეს უფლისადმი მართას ღრმა ერთგულებასა და სიყვარულს შეეფერებოდა, - ეს მისთვის ყველაზე დიდი რამ იყო. და აი, იესოს მიმართავს იგი მოწიწებითი და გულუბრყვილო-მეგობრული საყვედურით და სთხოვს, უთხარი მარიამს ტრაპეზის მომზადებაში დამეხმაროსო! არ გაფიქრებს, უფალო, რომ დამ მარტო დამტოვა ამ საქმეში? - უთხარი მაგას, და დამეხმარებაო. ეს მრავალი გარეგანი და სხეულებრივი საზრუნავით შეურვებული სულის ენაა. ეს იმ გულის ღაღადია, რომელიც ზოგჯერ, ძალუმი ძგერისას ყურს აღარ უგდებს საღი აზრის, განსჯის დინჯ შეგონებას! ეს მწირთმოყვარებისა და კაცთმოყვარების ბრძოლაა სულიერი სიმშვიდისა და ღმერთის დიდებულებაზე ფიქრის სიყვარულის წინააღმდეგ! ეს არის გულუბრყვილო სიყვარულის წრფელი გადმოღვრა! ამგვარადვე, ოდესღაც ელია თეზიბელიც, მგზნებარე მოშურნეობით უფლის უწმიდესი სახელის დიდებისადმი, ამბობდა - ყველამ ზურგი აქცია ყოვლისმპყრობელ ღმერთს და მხოლოდ მეღა, ერთადერთი გულსვმოდგინებ მისი დიდებისათვის; მაგრამ ამავე დროს უფალმა მას მიუთითა, რომ ჯერ კიდევ არის ისრაელში შვიდი ათასი მართალი მორწმუნე, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე (III მეფეთა 19,18). ამგვარადვე, პეტრე მოციქულმაც, უფლისადმი მგზნებარე სიყვარულით, დაიქადნა, მზად ვარ სიკვდილზეც კი წავიდე იესოსთან ერთად (იოანე 13,37) და არასდროს არ მივატოვებ მას, დაე, თუნდაც სხვამ ყველამ დასტოვოს იგიო, მაგრამ პირველმა ვერ გაუძლო მცირე განსაცდელს (იოანე 18,35) და უარყო უფალი. და აი, ასევე მართაც, მწირთ სიყვარულის მგზნებარებაში ეუბნება უფალს ამ საყვედურს: რატომ არ ზრუნავ იმაზე, რომ ჩემმა დამ საქმეში მიმატოვა? უთხარი, რომ მომეხმაროსო. მარიამი კი ამ დროს დუმს; მის ნაცვლად სწორედ ეს დუმილი ღაღადებს, და ზეციური მოძღვარიც ამართლებს მას:


„მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისაი არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (მუხლები 41-42).


უფლის სიტყვებში გაცხადებულია მოძღვრის შემწყნარებლური სიყვარული და ბრძნული მზრუნველობა; „მართა! მართა!“ - სახელის განმეორებაში ცხადად არის გამოხატული სიყვარულიც მართასადმი და თანაგრძნობაც მისი მდგომარეობისადმი: „შენ ბევრ რაიმეზე ზრუნავ და ღელავ; საჭირო კი მხოლოდ ერთი რამ არის“. უფალი კი არ ამხილებს მართას, არამედ განაცხადებს რა მისი სათნოების თვისებას, უმაღლესი სიკეთისაკენ მიაპყრობს მის მზერას და მარიამის მაგალითით მიუთითებს მას გზას ამ სიკეთის მისაღწევად, როცა ეუბნება: „ხოლო მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. თითქოს ასე ეტყვისო: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ, - ესეც გინდა მოამზადო, ისიც; საჭირო კი მხოლოდ ერთი რამ არის. კერძოდ რა? დიდი, მდიდრული გამასპინძლება საჭირო არ არის; კარგი საქმეა მეგობრის მიღება-გამასპინძლება; კიდევ უფრო კარგია უცხოთა და მწირთა შეწყნარება! მაგრამ ამისთვის ბევრი რამ როდია საჭირო, - მხოლოდ შიმშილის მოკვლა. მზრუნველობა უხვი გამასპინძლებისათვის, დაე, თუნდაც კეთილ გრძნობათაგან და სიყვარულისაგან მომდინარე, არ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, რასაც მარიამი იქმს მდუმარედ; რამეთუ აქ ერთი რამაა საჭირო, ის, რასაც მარიამი აკეთებს. „ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არსად მიეღოს მისგან“, - ის სიკეთე, მარადიული, რომელსაც ვერავინ წაართმევს მას. ის, რაზეც მართა ზრუნავს, კარგია, მაგრამ მოანიჭებს რა ადამიანს დროებით დაკმაყოფილებას საჭმელ-სასმელში, უმალვე წარვალს, განქარდება, მოუტანს რა სხეულს დროებით სარგებლობას. ხოლო ის, რასაც მარიამი იქმს, სულიერ და, მაშასადამე საუკუნო სარგებლობას მოუტანს მას, რასაც ვერავინ წაართმევს. დიდი სიკეთეა იმ სტუმართმოყვარეობისაგან, რაც მართამ გამოავლინა, და მისი უგულებელყოფაც არ შეიძლება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიკეთეა ღვთის სიტყვის მოსმენა. პირველით სხეული საზრდოობს, მეორეთი კი - სული და ვინც ამ, მეორე სიკეთეს აღირჩევს თავისთვის - ამ მარადიულ საზრდოსა და დანაყრებას, მას ეს კეთილი ნაწილი არასდროს არ წაერთმევა, რადგან მხოლოდ იგია საუკუნო, სხვა ყოველივე კი ხრწნადი და მსწრაფლწარმავალია...


ახლა კი სხვა მოვლენას მივექცეთ, რომლის შესახებაც ასევე გვაუწყებს დღეს წაკითხული სახარება.


„და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ხმაი ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი“ (თ. 11, მუხლი 27).


ეს გალილეაში ხდებოდა, გენესარეთის ტბის მახლობლად. ერთ სახლში ყოფნისას უფალი ბევრს ქადაგებდა. ზეციური მრისხანე სიტყვა შიშითაც და აღტაცებითაც მსჭვალავდა იქ მყოფთა სულებს, - შიშით უკეთურ სულებს, აღტაცებით კი - უბრალო, მდაბალ და მორჩილ სულებს. უფალ იესოს ქადაგებამ ხალხის დიდი სიმრავლე მოიზიდა მასთან. და აი, მათ შორის მყოფმა ერთმა ქალმა ხმა აღიმაღლა და თქვა: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ ეს დედაკაცი, რომელმაც ნეტარ-ჰყო უფლის დედა, რამდენადაც სახარების ისტორიიდან ვიცით, პირველი იყო, ვინც დაიწყო მისი ნეტარყოფა და განდიდება, თანახმად ქალწულ მარიამისავე წინასწარმეტყველებისა: „რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“ (ლუკა 1,48). ჰოდა, რა თქვა ქრისტემ, როცა თავისი დედის ნეტარ-მყოფელის სიტყვები გაიგონა? -


„ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი“ (მუხლი 28).


დიახ, ასეა, რა თქმა უნდაო, - ამბობს უფალი. - მაგრამ ნეტარ არიან ისინიც, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას და იმარხავენ, ანუ აღასრულებენ მას. როცა ამას ამბობს, უფალი გამოასწორებს ამ დედაკაცის შეხედულებას, გაგებას ყოვლადკურთხეული მარიამ ღვთისმშობლის ბედნიერების შესახებ. დედაკაცი იმის გამო შენატრის - ნეტარ-ჰყოფს მარიამს, რომ იგი უფალ იესოს ატარებდა მუცლით და თავისი ძუძუთი გამოჰკვებდა მას; იესო ქრისტე კი შეგვაგონებს, რომ ქალწული მარიამი, ღმერთის წმიდა საუკუნო წინათგანსაზღვრულობით, ღირს-იქმნა ღვთის დედა ყოფილიყო და ყოვლადნეტარად - უპატიოსნეს ქერუბიმთასა და უაღმატებულეს სერაბიმთასა - შეიქნა იმიტომ, რომ იგი ღმერთის ძის - უფალ იესო ქრისტეს შობამდე და მისი შობის შემდგომაც ისმენდა და აღასრულებდა ღვთის სიტყვას. დედაკაცი თითქოსდა ერთგვარი შურით ნეტარ-ჰყოფს უფლის დედას, სურს რა მონაწილე იყოს მისი ნეტარებისა; უფალი კი განუცხადებს მას, რომ ნეტარების მისაღებად ყველასთვის გახსნილია გზა.


არ უარყოფს და ადასტურებს კიდეც რა ამ აღტაცებული დედაკაცის - ღვთისმშობლის ნეტარ-მყოფელის სიტყვებს, უფალი იესო მიუთითებს სხვა ნეტარებაზეც, რომელიც ყველასთვის არის შესაძლებელი, - ნეტარებაზე, რომელიც მდგომარეობს ღვთის სიტყვის მოსმენასა და აღსრულებაში. ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი!


წმიდა მახარებელ ლუკას ეს მოვლენა არასრულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად აქვს გადმოცემული. მხედველობაში უნდა გვქონდეს ის ვითარება, რომელშიც ეს მოვლენა აღსრულდა, - როგორც ამას წმიდა მახარებლები მათე და მარკოზი გადმოგვცემენ.


ნაზარეთში, ერთ სახლში ყოფნისას, უფალი ამხელდა მწიგნობრებს, რომელნიც აქ იერუსალიმიდან ჩამოსულიყვნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ იგი და დაეღუპათ. მწიგნობრებმა, მათ კვალად კი ბევრმა ერისაგანმაც, დრტვინვა დაიწყეს. ხალხში ხმაც გაავრცელეს, რომ იესო არაწმიდა სულს ატარებსო. და რაკი იუდეველებს უკვე არაერთგზის ეცადათ მისი სიცოცხლე ხელ-ეყოთ, ხალხში დარხეული ეს ხმა აქაც საშიშროებას შეიცავდა მისთვის. ქრისტე მაცხოვარს კი ცოცხალნი ჰყავდა თავისი ყოვლადწმიდა დედა და თავისი მამობილის - იოსების მხრივ - დანი და ძმანი. მათი სახლი აქვე ახლოს იყო, გალილეის ქალაქ ნაზარეთში. იესოს დედასა და მის სხვა ახლობელ-ნათესავთა გულები შეშფოთებული იყო მისი მომავალი ხვედრის გამო. იესოს სიცოცხლის ხელყოფის შიშით და თავიანთი შეხედულებების უბრალოებით, მათ გადაეწყვიტათ გაეფრთხილებინათ, დაეცვათ იგი და ამისთვის მოსულიყვნენ კიდეც იმ ადგილას, სადაც უფალი თავის მრისხანე სიტყვას ამთავრებდა. და აი, სწორედ აქ ისმენდა რა ერთის მხრივ უფლის ღვთაებრივ სიტყვას და მეორეს მხრივ ხედავდა რა მის ყოვლად კურთხეულ დედას, მორჩილად მდგარს სახლის გარეთ, სახარებაში მოხსენიებულმა გულაჩვილებულმა დედაკაცმა წარმოთქვა ეს აღტაცებული სიტყვები: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“- და მაცხოვარიც, თითქოსდა ყურადღებას არ აქცევს დედაკაცის სიტყვებს და თითქოს დაასრულებს რა საკუთარ აზრს, ამბობს: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვაი ღმრთისაიდა დაიმარხონ იგი“, ანუ ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმენს, რასაც მე ახლა ვქადაგებ და იღებს, აღასრულებს მათო. - იმ წუთას გარეთ მდგომი დედა და ძმანი მისნი იესოსთან ვიღაცას შეაგზავნიან და შეუთვლიან, შეწყვიტე ქადაგება და ჩვენთან გამოდიო; იესოს ეუბნებიან: „აჰა, დედაი შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაიმე სიტყვად შენდა“. იესო კი პასუხად ეუბნება მათ: „ვინ არს დედაი ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ და მიმოავლო რა თვალი თავის გარშემო მსხდომ ადამიანებს და ხელით მიუთითა რა თავის მოწაფეებზე - მოციქულებზე, უფალმა დასძინა: „აჰა დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი, რამეთუ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა, იგი არს ძმაი და დაიდა დედაი ჩემი“(მათე 12,47-50).


ამრიგად, უფლის სიტყვისამებრ, ქრისტეს სიტყვათა მსმენელი და დამმარხველი, ანუ აღმსრულებელი არის ძმა და დაი ქრისტესი, და თვით განსაკუთრებული საიდუმლო მნიშვნელობით - დედაც ქრისტესი. და ეს ხატოვანი სიტყვა კი არ არის, არამედ განსაკუთრებული ქრისტიანული საიდუმლოა. დიახ, ის, ვინც ქრისტეს სიტყვებს ისმენს და აღასრულებს მათ, არის ქრისტეს ძმაც, დაც და დედაც თავად უფალ იესო ქრისტეს პირდაპირი გამოთქმის მიხედვით და განსაკუთრებული საიდუმლო მოსწავებით. მოვუსმინოთ სხვა წმიდა გამონათქვამებსაც ამ საგანზე. აი, უფალი იესო ამბობს: „...მე მამისა ჩემისა თანა, და თქვენ ჩემ თანა და მე თქვენ შორის. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე, ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“... „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (იოანე 14,20,21,23). აქედან კი შემდგომი გამომდინარეობს: ვისაც ქრისტე უყვარს, ვინც მის სიტყვას ისმენს და აღასრულებს მას, იგი ქრისტესაც უყვარს და მამა ღმერთსაც, და ესევითართან ქრისტე და მამა ღმერთი სულიწმიდითურთ მოვლიან და მასში დაადგრებიან, ანუ სამკვიდრებელ იქმნიან თავისთვის, როგორადაც ეს ქალწულ მარიამში ქმნეს - ქერუბიმებზე უწმიდესსა და უაღმატებულესში.


ამიტომაც „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი“, როგორადაც ნეტარია მარადის უბიწო ქალწული მარიამი - დედა იესო ქრისტესი. ამიტომაც გვამცნებს უფალი: „აჰა, დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი“, და თავის მოწაფეებზე მიგვითითებს, რომელნიც ისმენენ და აღასრულებენ მის სიტყვებს. რამეთუ თითოეულში ესევითართაგან ქრისტე იშვება, თითოეულთან ესევითართაგან ქრისტე არის ერთი სხეული, ერთი სული. თითოეული მათგანი არათუ ძმაა, დაა, ანდა - თვით დედაც კი ქრისტესი, არამედ - ერთია ქრისტესი, ძეა ღმრთისა, თანამემკვიდრე ქრისტესი, - და ქალწულ მარიამის ძეც.


 

II. ამით მთავრდება დღეს წაკითხული სახარება. ახლა ვნახოთ, თუ რას გვასწავლის იგი.


ა) პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იქცევს მასში, არის მწირთშეწყნარების სათნოება, რაც მართამ გამოავლინა, როცა უფალი თავის სახლში მიიღო (მუხლი 38). მისი მაგალითისამებრ ჩვენც უნდა გვიყვარდეს მწირთა და უცხოთა შეწყნარება. თუმცა, აწინდელს დროში, ზნე-ჩვეულებათა სიწმიდისა და უბრალოების შესუსტების კვალობაზე, მწირობა ჩვენს საზოგადოებაში ზოგჯერ ისეთი გარდაქცეული სახით ვლინდება, რომ უნებლიეთ განგვიგრილებს მწირთმოყვარეობის გრძნობას. მაგრამ გადავცემთ რა ესევითარ დამრღვევთ ღვთის სამსჯავროზე და სამოქალაქო კანონის პასუხისმგებლობას, მოციქულის სიტყვისამებრ ყოველივე გამოვცადოთ და უკეთესი შევიკრძალოთ (I თესალონიკ. 5,21) და არ შევასუსტოთ ჩვენს გულებში კაცთმოყვარების გრძნობა ზოგიერთი უკუღმართი შემთხვევის გამო, როცა ჩვენს ნდობას ბოროტად იყენებენ. სტუმართმოყვარეობაზე უარის თქმა მწირთათვის, რომლებიც საერთოდაც ხალხის რელიგიური კეთილმსახურების მატარებელნი არიან, ვერ არის საქებარი საქმე, და მასთან ასეთი საქციელი იმის საშიშროებასაც შეიცავს ჩვენთვის, რომ ამით შეიძლება ჩვენში კეთილმოშიშების უქონლობა გამოვააშკარაოთ და საღმრთო კურთხევასაც მოვაკლდეთ; მაგრამ არსებობს კიდევ სხვა საშუალებაც მწირთა კეთილმოქმედებისა, ამასთან ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი საშუალება, რადგან შეგვაძლებინებს დავეხმაროთ ღარიბგ-ლახაკთ განურჩევლად, არა ერთჯერადად, მათი საჭიროებების მართებული გათვალისწინებით და საშუალებათა გონივრული გამოყენებით მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებაა ყოველმხრივი შეწევნა მწირთშემწყნარებელი სახლებსია, სხვადასხვა თავშესაფრებისა და ამგვარივე სხვა საქველმოქმედო დაწესებულებებისა. ხოლო თითოეულმა თქვენივ გულის კარნახით იღვაწეთ მწირთმოყვარების სათნოებაში! თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ამქვეყნად ადგილი არა ჰქონდა, თავი სად მიედრიკა (მათე 8,21), ოდესმე, საშინელ სამსჯავროზე, დიდად შეეწევა მწირთაშემწყნარებელთ; და ეტყვის მათ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ... უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე“ (მათე 25,35).


ბ) შემდგომი დამოძღვრა, რასაც აწინდელი სახარებიდან ვიღებთ, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უპირველესად და უმეტეს ყოვლისა ცხოვნებას უნდა ვეძიებდეთ, და ჩვენი ცხოვნების ამ საქმეს ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნევდეთ (მუხლი 42); იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ, როცა საერო-ქვეყნიური საზრუნავი მეორეხარისხოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ შეგვეძლება მივაღწიოთ საუკუნო ცხოვნებას. წმიდა ფილარეტი ამბობს: „თუკი თქვენ პირველ ყოვლისა ცათა სასუფეველსა და მის სიმართლეს ეძიებთ, - თუკი თქვენი სულის ცხოვნების საქმე მადლითა და რწმენით, საღმრთო მცნებებით, განწმედითა და სათნოებებით სრულყოფით თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე იქნება ყველა სხვა საქმეთა შორის, - იბატონებს თქვენს აზრებში, სურვილებსა და მისწრაფებებში; თუკი მხოლოდ ამას მიიჩნევთ თქვენ ჭეშმარიტ და მნიშვნელოვან საქმედ, ხოლო ყველა სხვა ქვეყნიურ საქმეს - მხოლოდ წვრილმან, უმნიშვნელო საქმეებად, რომელთაც გარკვეული ყურადღება მხოლოდ მთავარი საქმის შემდეგ ეთმობა, მაშინ ქვეყნიური საქმეები ვერ დააბრკოლებენ თქვენში ზეციურ საქმეს; და თქვენ შეგეძლებათ ცათა სასუფევლის დამკვიდრება, სასურველისა ყოველივეზე მეტად, და ამავე დროს არც იმაში გქონდეთ ნაკლებობა, რაზეც ნაკლებად ზრუნავთ აუცილებელში ქვეყნიური ცხოვრებისათვის, უფლის უტყუარი აღთქმისაებრ: „და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ.“


და პირიქით, თუკი ფიქრობთ, რომ საჭიროა პირველ ყოვლისა ქვეყნიურ და საერო საქმეებში უზრუნველყოფა საკუთარი თავისა და მხოლოდ ამის შემდეგ დაშვრომა ზეციურისათვის; თუკი რომელიმე ქვეყნიური საქმე - მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მხატვრობაში, რეწვაში საქმიანობით და გამორჩენის, ბრწყინვალებისა და ცხოვრების შვება-სიამეთა ძიებით უპირატეს აზრად, გაბატონებულ სურვილად, ანუ თქვენს უაღმატებულეს საქმედ ქცეულა, ხოლო კეთილმსახურების საქმე თქვენთვის, მხოლოდღა წვრილმანი და უმნიშვნელო საქმეა, ქვეყნიურ საქმეთაგან მოცლის ჟამს აღსასრულებელი, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ დაგიმახინჯებიათ უფლის სიტყვით დადგენილი წესრიგი და არ დგახართ ცათა სასუფევლის მოპოვების გზაზე. მაშ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა გაქვთ გონებასა და გულში უპირველესად და უმეტეს ყოვლისა? რა აზრი გაქვს უწინარეს ყოველისა დილით, როცა იღვიძებ? თუ გეუბნება გული: დიდება ღმერთსა, ვინაც დღის ნათელი მიჩვენაო? ანდა უფალო, მიკურთხე დღე ესეო? და თუ ასეა, მაშინ ეს სასიკეთო ნიშანია, მაგრამ თუკი გამოღვიძებისთანავე შენში რომელიმე ქვეყნიურ საქმეზე აზრი და ზრუნვა იღვიძებს, რომელსაც მისჩვევიხარ, მიჯაჭვულხარ და რომელიც არ გაძლევს საშუალებას მოიხსენო ღმრთისაი და განიხარო (ფსალმ. 76,4), მაშინ მე ვშიშობ შენს გამო, ძმაო ჩემო: საეჭვოა, რომ შენ ცათა სასუფეველს ეძიებდე უპირველესად ყოველისა.“ (ტ.V. გვ.88-89).


გ) კვალად, დღეს წაკითხული სახარება შეგვაგონებს, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ღვთის სიტყვის და მოძღვრათა მოსმენა და მათი აღსრულება, რამეთუ მაცხოვრის სიტყვისაებრ, „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი“ (მუხლი 28). ამ სახარებაში ჩვენ ვნახეთ, რომ მაცხოვარი ნეტარად და თავის ყველაზე მახლობელად, ყველაზე მონათესავედ ხმობს იმათ, ვინც ისმენს და აღასრულებს მის სიტყვებს. სწორედ ამიტომ ამბობს იგი სხვა ადგილასაც: „რაისა მეტყვით მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?“ (ლუკა 6,46), - „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე 7,21). ამგვარადვე გვასწავლის მოციქულიც: „არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ“ (რომ. 2,13). ამრიგად, თუკი ჩვენ მხოლოდ მოვისმენთ, დაე, თუნდაც დიდი ყურადღებითაც, ხშირადაც და ხანგრძლივადაც, ღმერთის სიტყვას, რჩევასა თუ შეხსენებას, და ამავე დროს სულ არ ვიზრუნებთ მათს შესასრულებლად, - არც სულით არ დავშვრებით, არც ნებელობით არ გამოვიდებთ თავს, რათა გულისხმა-ვყოთ და შევიგრძნოთ ღვთის სიტყვა და აღვასრულოთ იგი ჩვენი ქმედებითა და ცხოვრებით, - ეს ნიშნავს ამაოდ დავკარგოთ დრო, მიწაში ჩავფლათ ჩვენდა ბოძებული ნიჭნი-ტალანტები, მცონარებითა და უზრუნველობით მოვაშთოთ ჩვენი უნარნი; ეს ნიშნავს დავცინოთ ღვთის სიტყვას, მის მქადაგებელს; არ გვიყვარდეს ეკლესია და პატივს არ მივაგებდეთ მას, არ გვიყვარდეს და არ გვწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ეს ნიშნავს შევმუსრავდეთ მისი სახელით მოსიტყვეს, ვივიწყებდეთ იმას, რომ ცათა სასუფეველი იიძულების და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ და დაიმკვიდრონ იგი; ანუ ეს ნიშნავს ნამდვილად კი არ გვსურდეს ცხოვნება, არამედ მხოლოდ ვოცნებობდეთ მასზე. ამ შემთხვევაში ამაო იქნება ჩვენი ყველა ლოცვა-ვედრება, აღსრულებულნი ოდენ ჩვეულებით, გულმოდგინების გარეშე; უსარგებლო იქნება ჩვენი დგომანიც ლოცვად ეკლესიაში და მარხვანიც. ჭეშმარიტად, რომ ეს - ასეა ნამდვილად! რომელსა ჰქონან ყურნი სმენად, ისმინენ თავისი ცხოვნებისათვის, რამეთუ, აი, რას გვეუბნება ყოველთა მსაჯული: „რომელმან შეურაცხ-მყოს და არა შეიწყნარნეს სიტყვანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი. სიტყვასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუნაისკნელსა დღესა“ (იოანე 12,48). მცონართათვის არ იქნება განმართლება, რადგან შეუძლებელს არავისგან არ ითხოვენ.


დ) დაბოლოს, ღირსშესანიშნავია ის მიმართვა მართასი უფლისადმი, რომლითაც მან შეაწყვეტინა მას მარიამისადმი და სხვა მსმენელთად მიმიმართული ღვთაებრივი სიტყვა. რა მიმართვაა ეს? მართა ეუბნება იესოს: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე“ (მუხლი 40). რა ხმამაღალია ამ სიტყვებში ამა ქვეყნის ხმა, იმ ქვეყნისა, რომელსაც მარადის ავიწყდება, რომ სული - სხეულზე აღმატებულია. ესე ქვეყანა, მართასებრი ამაო ზრუნვის სახით, მაშინაც კი ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, როცა თავის წინაშე უფალს ხედავს, მეუფეს ძალთა, რომლის სიტყვასაც მის ფერხთით მჯომი მარიამი ისმენს, - ვერ შეიცნობს და არ ისმენს მისას, და თვით ამ ჭეშმარიტებას უბრძანებს - უთხრას მასთან მიახლოებულ სულს, რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას და უკვე ახლოსაა ცხოვნებასთან, უთხრას, რომ მობრუნდეს მაცხოვნებელი გზიდან, რომელზეც დამდგარა, და კვლავ ამაო ფუსფუსს მიეცეს წარმავალ ცხოვრებაში! ჭეშმარიტად, რომ ამაოა ადამიანი - ვზრუნავთ და ვშფთთავთ მრავალთათვის! და ჩვენ ყველანი რაც შეიძლება ხშირად უნდა ვუფიქრდებოდეთ უფლის მიერ მართასათვის ნათქვამ სიტყვებს: „მართა! მართა! ზრუნავ და შფოთავ მრავლისათვის!“ ხოლო შენი კეთილდღეობისათვის მხოლოდ ერთი რამეა საჭირო და სწორედ ეს ერთი რამ შეგქმნის შენ ჭეშმარიტად ნეტარად. ესაა საზრდოობა ღმერთის ჭეშმარიტებით და ამ ჭეშმარიტებით მსვლელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.