მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ხსენება წმიდა დიდმოწამე გიორგისა, ძლევაშემოსილისა
სახარება ლუკასაგან (12, 2-12)

 

„2. (თქვა უფალმან) ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, 12. რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.“.

 

I. აწ ღამისთევის ლოცვისას წაკითხული სახარება შეიცავს უფალ იესო ქრისტეს სიტყვას მოწაფეებისადმი, რომელშიც იგი აფრთხილებს მათ, რიმ ეკრძალონ ფარისეველთა ცომს - მათ თვისებებს. ამ სიტყვაში უფალი ლაპარაკობს პირმოთნეობის უსარგებლობაზე (მუხლები 2-3), უანდერძებს მოციქულთ არ ეშინოდეთ სხეულებრივი სიკვდილისა, არამედ ეშინოდეთ სულიერი სიკვდილისა - საუკუნო სატანჯველთა(4-7); აუწყებს მათ თავის მიერ სათნო-ყოფას მისი სახელის აღიარებისათვის, და პირიქით, უარყოფას - მისი სახელის უარყოფისათვის (8-9); აცხადებს პატიებას ძე კაცისაის გმობისათვის, და შენდობის მიღების შეუძლებლობას სულიწმიდის გმობისათვის (მუხლი 10) და ბოლოს, აღუთქვამს თავის მიმდევრებს, რომ სულიწმიდა იმოქმედებს მათში და ასწავლის - რა თქვან, როცა ისინი ძლიერთა ამა ქვეყნისა წინაშე წარსდგებიან (მუხლები 11-12). დაწვრილებით განვიხილოთ ყოველივე ეს.


„(თქვა უფალმან) ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა“ (მუხლები 2-3).


ზემოთ უფალმა გააფრთხილა თავისი მოწაფენი - ერიდეთ ფარისეველთა სულისკვეთებას, მათს თვისებებსო და უთხრა: „ეკრძალენით თავთა თქვენთა ცომისაგან ფარისეველთაისა, რომელ არს ორგულებაი“ (ლუკა 12,1); შემდეგ კი, აი, ამას ამბობს: არაფერია დაფარული, რომელიც არ გამოცხადდეს, დადამალული, რომელიც საცნაური არ გახდესო, რითაც წარმოაჩენს, რომ ორგულება, პირმოთნეობა არა მხოლოდ თავისთავადაა მავნე და დაუშვებელი, არამედ იგი უნაყოფოცაა, უსარგებლოც, რადგან ადრე თუ გვიან ჭეშმარიტება უსათუოდ გამომჟღავნდება. „მართალია, ფარისევლებ იფიქრობენ პირმოთნეობით დაიფარონ თავი, - განმარტავს უფლის სიტყვებს ნეტარი თეოფილაქტე, - მაგრამ არაფერია დაფარული, რომელიც არ გამოცხადდეს. რამეთუ ყველა სიტყვა და ფიქრი უკანასკნელ სამსჯავროზე სრულიად განშიშვლდება (1 კორინთ. 4,5). და აწინდელს ცხოვრებაშიც ხომ, ჩვეულებრივ, ბევრი საიდუმლო გამოაშკარავდება ხოლმე“. ამიტომაც ყოველთვის ასე ხდება. რასაც ბნელში იტყვის ადამიანი, იგი სინათლეში იქნება მოსმენილი, და რასაც ოთახში ჩურჩულით ვეტყვით ერთმანეთს ყურში, იმას ხმამაღლა იქადაგებენ ერდოთა ზედა. ამ სიტყვების საერთო აზრი ასეთია. დაფარული და საიდუმლო, ვის მიერაც არ უნდა იყოს მოქმედებული და თქმული, ადრე თუ გვიან გამჟღავნდება, თუ ამ ცხოვრებაში არა, მომავალში - უსათუოდ. ხოლო უფრო კერძო მნიშვნელობით უფლის ამ სიტყვებს შემდეგნაირად განმარტავენ: ყველაფერი ის, რასაც თქვენ დევნულებათა და შევიწროებათა ჟამს იტყვით სიბნელეში, ანუ რასაც განცხადებულად კი არა, დაფარულად იქადაგებთ, შემდგომში, ქრისტიანობის გამარჯვების ჟამს, როცა საყოველთაოდ იქნება აღიარებული მისი ჭეშმარიტება დადევნულებანიც შეწყდება, ყველაფერი ის განცხადებულად გაიხმიანებს და იქადაგება დღისით-მზისით, ანუ გამოცხადდება. გამოთქმა. „იქადაგოს ერდოთა ზედა“ - არის სახეობრივი; ეს სახე აღებულია აღმოსავლეთში მიღებული ჩვეულებიდან სახლებს ბანიანი, ღია სახურავები გაუკეთონ, საიდანაც ძალზე მოსახერხებელია მქადაგებლისათვის ხალხს მიმართოს სიტყვით; ამიტომაც ეს გამოთქმა საჯაროდ, ყველას გასაგონად ქადაგებას ნიშნავს.


„ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ“ (მუხლები 4-5).


განაშორა რა თავისი მოწაფენი ფარისეველთა პირმოთნეობისაგან, უფალი ახლა სიტყვით მიმართავს მათ უფრო სრულყოფილის შესახებ. „გეტყვი თქვენ, მეგობართა ჩემთა“, - ასე ეუბნება იესო მოწაფეებს, სთავაზობს რა სწავლებას უაღმატებულესი სრულყოფილების შესახებ მათ, როგორც თავის მიმდევრებს, გამორჩეულთ სხვათა რიცხვიდან. ის, რასაც იგი მანამდე ამბობდა, ყველასადმი შეიძლება იყოს განკუთვნილი, ყველას ძალუძს სახელმძღვანელოდ მიიღოს ეს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს, რისი თქმაც ახლა სურს, უკვე მხოლოდ მის მოწაფეებს განეკუთვნება, მის მეგობრებს, როგორც უფალი იესო უწოდებს მათი უაღრესი სულიერი სიახლოვის გამო მასთან. მაშ, რას სთავაზობს უფალი თავის მოწაფეებს? - ასწავლის არ ეშინოდეთ სხეულებრივი სიკვდილისა. „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონთ ქვენ“, - ეუბნება იესო მათ, ანუ, როგორც წმიდა მახარებელი მათე გადმოსცემს უფლის სიტყვებს(10,28) „ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად“. მაგრამ რისი უნდა ეშინოდეთ მათ? „გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყვედისა, ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა“. სიტყვა გეჰენია აღნიშნავს „ჯოჯოხეთის ცეცხლს“. ასე იწოდებოდა თავდაპირველად ჰინომის ძეთა ღელე, მდებარე იერუსალიმის სამხრეთი ზღუდეების ქვეშ. იქ ცოცხლად სწვავდნენ, მეფე იოსიას ზეობამდე, კერპ მოლოქისადმი შეწირულ ბავშვებს. განწირულ ყრმათა კივილმა და საძაგელმა კერპთთაყვანისმცემლობამ ეს ღელე გეჰენიის - ჯოჯოხეთის ცეცხლის სიმბოლოდ აქცია (IV მეფეთა 23,10). ასეთი შეხედულება ამ ადგილზე იმითაც განმტკიცდა, რომ იქ შემდგომში გამუდმებით იწვოდა ხოლმე ტაძარში შეწირული მსხვერპლის ნარჩენები (შიგნეულობა და სხვა) ცეცხლში, რომელიც არასდროს არ ჰქრებოდა.


როცა სახარების საქადაგებლად გამოვიდოდნენ ქვეყნად, უფალ იესო ქრისტეს მიმდევრები, მისი მოწაფენი, მოციქულები და მათი მემკვიდრენი, ამ საქმეში უსათუოდ შეხვდებოდნენ ადამიანთაგან ყოველგვარ დევნა-შევიწროებათ; ცოდვებსა და ცრურწმენებში შთაფლული მსოფლიო ყველანაირად შეეწინააღმდეგება მათ საქმეს და მათს წინააღმდეგ გამოიყენებს უხეშ ფიზიკურ ძალას, ისე, რომ თავის ბრმა სიძულვილში მათდამი მოკვლასაც კი დაუწყებს ქრისტეს მიმდევართ, მისი მოძღვრების მქადაგებელთ. მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოს და არ უნდა შეაჩეროს უფლის მოწაფენი. მათ არ უნდა ეშინოდეთ იმ ადამიანებისა, რომელნიც სხეულს სტანჯავენ და ჰკლავენ, მაგრამ არ ძალუძთ, რომც მოინდომონ, სულის მოკვლა, მისთვის სიცოცხლის წართმევა ისევე, როგორც ამას სხეულს უყოფენ; ამ შიშის გამო არამც და არამც არ უნდა მიატოვონ სახარების ქადაგება. სხეული - სულზე დაბლა მდგომია, ხოლო აწინდელი, დროებითი სიკვდილი არაფერია მომავალ, საუკუნო სიკვდილთან შედარებით, რომელიც ღმერთმა შეიძლება მოაწიოს ადამიანის სულს მის მკვდრეთით აღმდგარ სხეულთან ერთად გეჰენიის ცეცხლში, რომელი სახელწოდებითაც საღმრთო წერილში ჯოჯოხეთი იწოდება. ამიტომაც ღმერთისა ადამიანებზე უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ იესოს მოწაფეებს და უპირველესად ყოვლისა სწორედ მის წმიდა ნებას აღასრულებდნენ, - ანუ არამც და არამც არ უნდა მიატოვონ ის საქმე, რომლის აღსასრულებლადაც მან, უფალმა იესო ქრისტემ, წარგზავნა ისინი. სწორედ ამას განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვს მათგან უფალი, როცა უმეორებს: „ჰე, გეტყვი თქვენ, მისა გეშინოდენ!“ - ანუ იმისა, - ღმრთისა, - ვისაც ძალუძს „შემდგომად მოწყვედისა... შთაგდებად გეჰენიასა“.


„ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ“ (მუხლები 6-7).


უფალი განამხნევებს და განამტკიცებს მოწაფეებს, რათა არ ეშინოდეთ თავიანთი მტრებისა, სახარების ქადაგების მოწინააღმდეგეებისა, და ამას ორი გასაოცარი მაგალითის მეშვეობის იქმს საღმრთო განგებულებისა, რომელიც ყველაზე კნინ საგნებზეც კი აშკარად ვრცელდება: უფალი, ჯერ ერთი, სულ პატარა ფრინველთაც კი იფარავს, რომელთა ფასი ისე მცირეა, რომ ორ ასარადაც კი იყიდებიან. ერთი ასარი უდრიდა ვერცხლის მონეტის - დინარის მეათედს, და იყო სპილენძის ყველაზე წვრილი ფული, რომელიც უძველესი დროიდან იყო მიმოქცევაში რომის იმპერიაში, და რუსულ ფულზე თუ გადმოვიანგარიშებთ, უდრიდა დაახლოებით ორკაპიკნახევარს. ძველ დროში მასზე გამოსახავდნენ რომაულ „ღვთაება“ იანუსს, ავგუსტუსის დროიდან კი - თავად იმპერატორს. ორ ასარად 5 მცირე ფრინველის ყიდვა შეიძლებოდარ!ეორეს მხრივ კი უფალი თმის თითოეულ ღერსაც იცავს ადამიანის თავზე. ამრიგად, თუკი ღმერთი სულ უმცირეს ფრინველებზე და თვით ჩვენს თმებზეც კი ზრუნავს, მაშინ განა მით უმეტეს, თქვენზე არ იზრუნებს, სახარების მქადაგებლებზე, ჩემს თანაშემწეებსა და თანამდგომელებზე ადამიანთა ცხოვნების საქმეში? - თითქოს ასე ეუბნება მათ უფალი იესო. თქვენ მრავალ მცირე ფრინველზე უფრო ძვირფასნი ხართ ღმერთისთვის, - მცირეებზე სიდიდითაც და თავიანთი ღირსებითაც, და ამიტომ ნუ შეგეშინდებათ იმ ბოროტი ადამიანებისა, რომლებიც კეთილგანწყობილნი არ იქნებიან თქვენდამი და თქვენი ქადაგებისადმი! ისინი ვერაფერს ვერ გავნებენ თქვენი ზეციური მამის ნების გარეშე, იგი კი განსაკუთრებულად ზრუნავს თქვენზე, განსაკუთრებულად გიფარავთ თქვენ, ვითარცა თავის რჩეულთ. ეს პატარა ფრინველნი, რომელთა შესახებაც აქ ლაპარაკობს უფალი იესო, ალბათ, ბეღურები ან გვრიტები არიან; ამ ფრინველებს იუდეველნი მწუხარებისა და განმარტოების სიმბოლოებად მიიჩნევდნენ (ფსალმ. 10,1; 28,3; 101,7-8) და ამის გამო, თითქოსდა, მიტოვებულებად და მივიწყებულებად ღმერთის მიერ. - უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს. „თმანიცა თავისა თქვენისანი ყოველნი განრაცხილ არიან“, იმიტომ კი არა, თითქოს, უფალ ღმერთს მართლაც სათითაოდ დათვლილი ჰქონდეს ჩვენი თმები, არამედ ასე ეუბნება ღმერთის სრულყოფილი ყოვლისმცნობელობის საჩვენებლად (იოანე ოქროპირი).


„ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. “ (მუხლები 8-9).


აღიარება ნიშნავს ყველას გასაგონად, საჯაროდ თქმას იმისას, რასაც ადამიანი ფიქრობს და რაც სწამს (რომ. 10,9-10; I ტიმ. 6,12-13). ქრისტეს, ანუ ქრისტეს სახელის აღიარება ნიშნავს არა მხოლოდ შინაგანად გვწამდეს იგი, არამედ სიტყვით და საქმით ვმოწმობდეთ, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, განხორციელებული და განკაცებული ადამიანთა ცხოვნებისათვის, და ვაღიარებდეთ და აღვასრულებდეთ მთელს მის ღვთაებრივ სწავლებას. ასე აღიარებდნენ იესო ქრისტეს დევნულებათა ჟამს ყოველნი მოწამენი და აღმსარებელი ქრისტიანნი, რომელნიც მიუხედავად დევნა-შევიწროებისა, და ტანჯვა-წამებისა, მხნედ გამოთქვამდნენ საჯაროდ თავიანთ რწმენას ქრისტესი და მისი სახელისათვის უშიშრად იღებდნენ უმძიმეს სატანჯველთ და თვით სიკვდილსაც კი. ჩვენ კი შეგვიძლია უფლის ასეთი აღიარება გამოვავლინოთ ჩვენი ერთგულებით ქრისტეს ეკლესიისადმი, ჩვენი საუბრებით, ჩვენი ქრისტიანული ქცევებით. და ვინც ასეთ აღიარებას გამოავლენს ქრისტეს მიმართ, იგიც, ძე კაცისა, აღიარებს მას ღმერთის ანგელოზთა წინაშე, ანუ თავის ერთგულ მიმდევრებად გამოაცხადებს მათ, რომელნიც საუკუნო ჯილდოს - ზეციურ სიკეთეთ იმსახურებენ ჭეშმარიტი რწმენისათვის და იესო ქრისტეს აღიარებისათვის. მაგრამ რატომ ღმერთის ანგელოზთა წინაშე?მათეს სახარებაში ხომ ნათქვამია - ზეციური მამის წინაშეო! - მამა ღმერთი წმიდა წერილში წარმოდგენილია გარემოცული ანგელოზების, როგორც მისი მიუწვდომელი დიდების მსახურთა მიერ და ანგელოზების, როგორც ზეციური მამის პირისახის მარადიული მჭვრეტელების მიერ. აქედან გამომდინარე ზეციური მამის წინაშე აღიარება თუ უარყოფა იგივეა, რაც ანგელოზთა წინაშე აღიარება და უარყოფა, და - პირიქით. ქრისტეს უარმყოფელნი არიან ყველა ის ადამიანები, რომელთაც მოუსმენიათ და იციან მისი სწავლება, მაგრამ არ მიიღებენ მას და არც უფალ იესო ქრისტეს აღიარებენ ღმერთად და თავიანთ მაცხოვრად. მაგრამ უფლის უარყოფა არაპირდაპირაც შეიძლება, მაგალითად არაქრისტიანული საქციელით, დაუდევრობით ქრისტიანულ მოვალეობათა შესრულებაში, თავის განდრეკით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღისაგან და მწვალებლობებსა თუ განხეთქილებებში მიქცევით, ცოდვებში შთაფლვით და სხვა. და ყველა, ვინც კი ამგვარად, ანდა რამ სახით განეშორებადა უარყოფს ქრისტეს, უარყოფილი იქნება მის მიერ ღმერთის ანგელოზთა წინაშე, არ იქნება აღიარებული უფლის მიერ თავის მიმდევრად, რისი გარდუვალი შედეგიც საუკუნო, დაუსრულებელი სატანჯველნი აღმოჩნდება ქრისტეს ესევითარ უარმყოფელთათვის.


„და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს“ (მუხლი 10).


იუდეველები ეცთუნნენ და არ მიიღეს იესო ქრისტე მისი - კაცის ძის წარმომავლობისა და უბრალო, სიმდაბლით აღსავსე ცხოვრების გამო; რამეთუ ამგვარ მესიას როდი მოელოდნენ ისინი; ისინი ეცთუნნენ იმით, რომ იგი წარმოშობით ნაზარეთიდან იყო, საიდანაც მათი შეხედულებით, არაფერი კარგი არ შეიძლებოდა გამოსულიყო (იოანე 1,46) რომ იგი გალილეიდან მოვიდა, საიდანაც, მათი აზრით, შეუძლებელი იყო უფლის წინასწარმეტყველის გამოჩენა (იოანე 7,52); ისინი ეცთუნნენ, საერთოდ, მისი სიღარიბითა და დამდაბლებული მდგომარეობით, და ამიტომაც ჭოჭმანობდენ, არ შეეძლოთ მისი აღიარება აღთქმულ მესიად, მეტიც - მის საწინააღმდეგოდაც ამბობდნენ სიტყვას; მრავალნი, სამწუხაროდ, დღესაც ამბობენ სიტყვას მის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ცოდვა, თავად მაცხოვრის თქმით, მიეტევებათ მათ, რამეთუ ეს - ცოდვაა, შეცთომილება, გაუგებრობა, უცნობლობა; ეს შეცთომილებანი და გაუგებრობანი შეიძლება განიფანტოს, უცნობლობა - მცნობელობით შეიცვალოს, და მაშინ, ეგების, ჭეშმარიტი რწმენით აღივსოს მანამდე ქრისტეს საწინააღმდეგოდ მოლაპარაკე კაცი სულიწმიდის შეწევნით; ამ დროს, გულწრფელი მონანიების შედეგად, ეს ცოდვა შეენდობა ადამიანს. მაგრამ სულ სხვა საქმეა სულიწმიდის გმობა: „ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს“, - გვეუბნება თავად მაცხოვარი. რაში მდგომარეობს ეს ცოდვა - სულიწმიდის გმობა? რატომ არის უფალი ეგზომ მკაცრი ამ ცოდვაში შთავარდნილი ადამიანებისადმი? - ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ჩვენ შეგვიძლია ამ გამონათქვამის შეჯერებით მათეს სახარების შესაბამის ადგილთან, თუკი ამასთან იმასაც ღრმად ჩავუკვირდებით, თუ რა მიზეზის გამოა იგი წარმოთქმული ამ მახარებლისმიერი გადმოცემით. ასეთი მიზეზი იყო ფარისეველთა მხრივ უფალ იესოს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ მკრეხელური მსჯელობა; მათ, გაიგეს რა იესოს მიერ ბოროტეშმაკეულის - ეშმაკის ზემოქმედებით დაბრმავებულისა და დამუნჯებული ადამიანის საკვირველი განკურნვის შესახებ, თქვეს: „ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრისა მით ეშმაკთაითა“ (მათე 12,24). ამ მკრეხელურ სიტყვებში იყო არა მხოლოდ საძაგელი, უსამართლო დადანაშაულება იესო ქრისტესი, არამედ უტიფარი გმობაც სულიწმიდისა, რომლის მიერაც უფალი აღასრულებდა კიდეც თავის ყველა სასწაულს, - გმობა, რომელიც მით უფრო დანაშაულებრივი იყო, რომ სწორედ ეშმაკისმიერი გაბოროტებისაგან მომდინარეობდა და ყოვლად უსინდისოდ, ყოველგვარი სამართლიანობის საწინააღმდეგოდ იყო წარმოთქმული. ისინი არა მხოლოდ იესო ქრისტეს ადანაშაულებდნენ, არამედ მასში დამკვიდრებულ სულიწმიდასაც არაწმიდა, ეშმაკის სულად ხმობდნენ და ამით ყოვლად უტიფრად, აღმაშფოთებლად ჰგმობდნენ მას. საღმრთო მადლისა და მოწყალების უზენაესი გამოცხადება მათ მიერ ეჭვქვეშ იქნა დაყენებული და ფეხით გათელილი - გამოცხადებული ეშმაკის საქმედ, რაშიც მათი საშინელი გაბოროტება და ღმერთის მიმართ განძვინებული მტრობის უმაღლესი ხარისხი გამოვლინდა. ამრიგად, ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი, ფარისეველნი, ეშმაკთან კავშირში ადანაშაულებდნენ იესოს - ისრაელის წმიდანს, და მის მიერ აღსრულებულ სასწაულებსაც ეშმაკის ძალას მიაწერდნენ, მაშინ, როდესაც ეს საკვირველი საქმეები ღმერთის ძალის მოქმედებით - სულიწმიდის მიერ აღესრულებოდა, რომლითაც იმზომ უხვად იყო აღსავსე იესო ქრისტე, რომ ეს მისმა მოწინააღმდეგეებმა ცილისმწამებელმა ფარისეველებმაც კარგად უწყოდნენ (იხ. საკვირაო საკითხავები, ტ. II, 1876 წ. „ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ“, ტ. II). ეს ცოდვა, თავისი არსობრიობით, მდგომარეობს ურწმუნოებასა და გულის გასასტიკებაში, როცა ადამიანს არ სურს საღმრთო ძალის მოქმედება ასეთად აღიაროს. ის ზნეობრივი მდგომარეობაც, რომელშიც შეუძლია თავისთვის ადგილი მოიძიოს ცოდვათა შორის ამ ყველაზე უმძიმესმა ცოდვამ და რომლიდანაც იგი გამომდინარეობს კიდეც, ისეთია, რომ ადამიანი კარგავს უნარს სულიწმიდას მოქმედებათა აღქმისა და ჯიუტად ეწინააღმდეგება მას, გასასტიკებით ფარავს თავის გულს, რათა არ გაიგონოს მისი საღმრთო ხმა. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ არ მიეტევება არავის ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ - მისი გმობა, რამეთუ ეს მდგომარეობა იგივეა, რაც შეუნანებელ დაცემულ ბოროტ სულთა - დემონთა მდგომარეობაა. საბოლოოდ სულიწმიდა მიატოვებს ხოლმე ასეთ, ბოროტად ჯიუტა დამიანებს და განეშორება მათ, ხოლო რადგანაც ამის შემდგომად უკვე შეუძლებელია მათში სინანულის გრძნობის გაღვიძება, ჭეშმარიტი რწმენის აღმოცენება, ამიტომ ისინი ვერც ვერასოდეს ჰპოვებენ შენდობას.


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფალი იესო აქ ლაპარაკობს „სიტყვის თქმაზე“ სულიწმიდის წინააღმდეგ და „გმობაზე“ მის მიმართ, მაშასადამე სიტყვის, ენის მიერ ცოდვებზე, მაგრამ ეს სიტყვები თუ გმობები, მომდინარენი გულისაგან, ადამიანთა ცხოვრებასა და საქმეებში გამოვლინდებიან, და ამდენად, თავიანთ თავში შეიცავენ ბოროტ აზრებსა და მიდრეკილებებსაც. სწორედ ამგვარად ესმით უფლის ეს გამონათქვამი ეკლესიის წმიდა მამებს. მაგალითად, წმიდა ისიდორე პელუსიოტი სულიწმიდისა და ძე კაცისას გმობის შესახებ შემდეგს წერს: „გმობა ძე კაცისაის მიმართ იმიტომ შეიძლება მიეტეოს ადამიანებს, მისი მგმობელნი მანამდე ბოროტსიტყვაობენ მის წინააღმდეგ, სანამ, თავიანთი სულიერი თვალების სიბრმავის გამო, ვერ ხედავენ იმას, რომ მის პირში, ჰიპოსტასში, მიუწვდომელი სახით შეუერთდა ღმრთაება ჩვენს განხრწნად ხორცს, ანუ ბოროტსიტყვაობენ მასში დაფარული ღმრთაების უცნობლობით, მაგრამ როცა განიწმედენ თავიანთ სულს, მაშინ გულისხმა-ჰყოფენ რა ღმერთის განხორციელებას, მორწმუნენი ხდებიან, ხოლო ამის მეშვეობით თავიდან იცილებენ სასჯელს. მაგრამ სულიწმიდის მგმობართ რაც შეეხება, ისინი აშკარა გამობოროტებასა და უმადურობას გამოავლენენ, იმიტომ, რომ ღმერთის უცხადეს საქმეთა წინააღმდეგ შეიარაღდებიან, როგორც, მაგალითად, იუდეველნი იქმდნენ, რომელნიც, მართალია, ცხადად ხედავდნენ, რომ იესო ქრისტე საღმრთო ძალით განკურნავდა სნეულთ და განასხამდა ბოროტ სულებს, მაგრამ მაინც ამბობდნენ, ამას იგი ბელზებელის ძალით იქმსო, ხოლო ის გმობა, რომელიც პირდაპირ შეეხება ღმრთაებას, არ შეიძლება მიტევებულ იქნას“ (წიგნი I, წერილი 59).


თუმცა მას, ვისაც „ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა“ - ანუ ჯოჯოხეთში, შეუძლია ეკლესიის ლოცვით ჯოჯოხეთში პყრობილნიც აღმოიყვანოს იქიდან, თუკი ისინი სინანულის საწყისებით - პირველი ნაყოფით გადასულან იმა ქვეყანად, - აღმოიყვანოს, გაათავისუფლოს ჯოჯოხეთის ტყვეობიდან და სამოთხეში დაამკვიდროს; უსაზღვროა ღმერთის მოწყალება, და იესო ქრისტეს ყოვლადპატიოსანი სისხლიც განგვწმედს ჩვენ ყოველგვარი ცოდვისაგან. საღმრთო მადლს ძალუძს ყველაზე განძვინებული მკრეხელი მგმობარის სულსაც შეეხოს, განაღვიძოს მასში სინანული და შემძლე გახადოს შენდობის მიღებისა, მსგავსად იმისა, როგორც ქრისტიანობის ყოფილ მდევნელს და მგმობარს პავლეს შეეხო და უდიდეს მოციქულად გარდაქმნა იგი. ამიტომაც უფლის სიტყვები - „სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს“, - არ უნდა გავიგოთ მკაცრად უპირობო, გარდუვალი მნიშვნელობით. საღმრთო წერილში გვხვდება ისეთი, აშკარად, უპირობო გამონათქვამებიც, რომლებიც, მიუხედავად ამისა, გარკვეული შემოფარგლულობით უნდა გავიგოთ. ასე, მაგალითად, უფალმა იესო ქრისტემ თქვა, რომ მდიდართათვის მეტად ძნელია, შეუძლებელიც კი ცათა სასუფეველში შესვლაო, მაგრამ შემდეგ, დაანახა რა, რომ მისმა მოწაფეებმა ეს სიტყვები მკაცრ და უპირობო მნიშვნელობით გაიგეს, დასძინა: მაგრამ შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელი არს ღმრთისა მიერო, ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელი არისო. ამის მსგავსადვე, ქრისტეს სიტყვებიც სულიწმიდის წინააღმდეგ გმობის მიუტევლობის შესახებ დაუშვებენ, გარკვეული აზრით, შემოფარგლულობას. კერძოდ, სულიწმიდის მგმობარნი საუკუნო დასჯის საშიშროებას ექვემდებარებიან, რამეთუ აღდგებიან რა სულიწმიდის წინააღმდეგ, ისინი განიშორებენ თავისაგან მის საღმრთო მადლს, ურომლისოდაც შეიძლება ღრმად შთაეფლონ თავიანთ ცოდვაში და შეუნანებელნი მოკვდნენ. მათთავს, ზნეობრივი მიმართებით, იგივე შეიძლება მოხდეს, რაც იმ წარმართთა ზედა აღსრულდა, რომელნიც ღმერთმა მისცა „გულისთქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ხორცთა მათთა მათთანა“ (რომ. 1,24), ანუ თავისი განმანათლებელმა კურთხეველი მადლის გარეშე დატოვა ისინი, რის შედეგადაც ისინი არაწმიდებასა და გარყვნილებაში შთაეფლნენ; რამეთუ ღმერთის ნებაა - ვისაც უნდა შეიწყალებს, და ვისაც უნდა - „განაფიცხებს“, ანუ განასასტიკებს (რომ. 9,18), ე.ი. თავის მადლს მოაკლებს მათ სასჯელად იმისთვის, რომ მათ არც სურდათ და არც დამაშვრალან საღმრთო მადლის მისაღებად, ამის გამო, ესევითარნი გასასტიკდებიან ხოლმე გულით და ბოროტებაში მკვიდრდებიან.


„და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“ (მუხლები 11-12).


უფალი კვლავ უბრუნდება თავის მოწაფეთა მსახურების საქმეს და თანდათანობით განამზადებს მათ იმ დიადი მისიის აღსასრულებლად, რომლისთვისაც თავადვე აღირჩია ისინი. ამ მსახურებისდროს მათ მოუწევთ ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე წარდგნენ ისინი სინაგოგებში შეიძლება მიიყვანონ მთავრებთან და ხელისუფალთა წარმომადგენლებთან, რომელთა წინაშეც პასუხის გაცემა მოუხდებათ. ღარიბი, უსწავლელი მეთევზურნი, როგორნიც უფლის მოწაფენი იყვნენ, ბუნებრივია, დაიბნეოდნენ და შეცბებოდნენ ნასწავლი, ძლიერი მმართველების წინაშე და არ ეცოდინებოდათ რა და როგორ ეთქვათ მათთვის. უფალი ამშვიდებს მათ და ეუბნება - ნუ იზრუნებთ ამაზე, რადგან იმ დროს თქვენი ბაგეებით სულიწმიდა იმეტყველებსო - ღირსად თაყვანისსაცემი წმიდა სამების მესამე პირი (იოანე 14,16-17; 16,7-14; 15,26), ასე გადაჭრით და განსაზღვრულად ლაპარაკობს თავად უფალი თავისი მოციქულების ზეპირი ქადაგების ღმრთივსულიერობის შესახებ.


 

II. ჩვენ დავასრულეთ აწ ღამისთევის ლოცვაზე წარმოდგენილი სახარების განმარტება. აწ ვნახოთ, თუ ვით შეიძლება მისი მისადაგება ჩვენი ცხოვრებისათვის ჩვენს დასამომღვრად.


ა) აწინდელი სახარებიდან ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვიგებთ, რომ არანაირი ქმედება, არანაირი ფარული ცოდვა, რა გულმოდგინედაც არ უნდა მალავდეს მას ადამიანი, არ დაიმალებადა ოდესმე იგი აუცილებლად გამოაშკარავდება (მუხლი 2). და მართლაც, თუკი ეშმაკობა და კაცობრივი გერგილიანობა ზოგჯერ პოულობს კიდეც საკუთარი ცოდვების დაფარვის საშუალებებს ადამიანთაგან ამა დროებით ცხოვრებაში, მაინც ისინი მთლიანად გამომჟღავნდება სრული სიშიშვლით ყველას წინაშე განკითხვის საშინელ დღეს, ღმერთის სამსჯავროზე. თითოეულმა ეს, დაე, ბუნებისაგან ისწავლოს; ხის ნაყოფნი მის წიაღშია დაფარული; მაგრამ, აი, დადგება გაზაფხული, და ის, რაც დაფარული იყო ხის შიგნით, გარეთ გამოდის, და ყველანი ხედავენ მას. ასევე იქნება სამსჯავროს დღეს; ყველას საქმეები გარე გამოვლენ და ყველას სიტყვები თუ ფარული ფიქრები ყველასათვის გამოაშკარავდება. საქმენი - ვითარცა ნაყოფნი, და სიტყვანი თუ ფიქრნი - ვითარცა ფოთლები ხისა. თვით ადამიანის სხეულშიც არის დაფარული ბევრი ისეთი რამ, რაც მხოლოდ შემდგომში, თავის დროზე იჩენს თავს. სიყრმეში - კბილები, სიჭაბუკეში - წვერ-ულვაში, მოხუცებულობაში - ჭაღარა. ამგვარადვე იქნება განკითხვის უკანასკნელ დღესაც. ყოველივე გამომჟღავნდება ყველას თვალთა წინ, და არა მხოლოდ ფარული საქმეები და სიტყვები თითოეული ადამიანისა, არამედ ყველა ჩვენი ფიქრი და აზრიც, რომელნიც აწ დაფარულნი, უცნობნი არიან სხვათათვის. არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, - სიტყვისამებრ იესო ქრისტესი. და რაკი დანამდვილებით ვიცით, რომ თავის დროზე, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს ყოველივე დაფარული განშიშვლდება და გამომჟღავნდება, იმიტომ სხეულისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან განვიწმიდოთ თავნი, ღვთისმოშიშებით აღვასრულოთ წმიდა საქმენი, რათა როცა ყველას წინაშე გამოცხადდებიან, პატივი და დიდება მოგვიპოვონ, და არა - შერცხვენა.


ბ) აწინდელი სახარება იმასაც გვასწავლის, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთისა უნდა გვეშინოდეს (მუხლი 5). მართლაც, თუკი ღმერთი ისურვებს რაიმე მოგცეს, განა არის ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს ხელი შეუშალოს მას ამაში? ანდა თუკი ღმერთი ინებებს რაიმე წაგართვას, ვინ შეაჩერებს მას ამაში? ღმერთი ყოველივეს უყურებს, რაც კი შენ გეკუთვნის, და ისე მამობრივად ზრუნავს შენზე, ისე ყურადღებით გმეთვალყურეობს, რომ იმასაც კი ხედავს, როცა შენი თავიდან თმის ერთი ღერი ძირს ვარდება. ამრიგად, არამც და არამც არ უნდა გეშინოდეს ვინმესი ან რაიმესი არასდროს, რამეთუ შენ, ქრისტიანი, ისე ჰყავხარ ღმერთს, როგორც მოსიყვარულე დედას - თავისი შვილი, გულში ჩაკონებული! ღმერთი ყოველთვის შენთანაა, შენს გვერდითაა, სულ ერთია გძინავს, დგახარ, ზიხარ, მიემგზავრები სადმე, ცოცხლობ თუ ჰკვდები! ასე, რომ ნურასდროს შეგიპყრობს შიში. მხოლოდ ერთი რამის გეშინოდეს - ღმერთის შეურაცხყოფისა! გეშინოდეს მისი საღმრთო მცნებების გარდახდომისა! ვისაც ცოდვისა არ ეშინია, მას ყველაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან ამით ყოველივეს მოაკლდება. ღმერთის წყალობას, საღმრთო მადლს, უფლის კურთხევას, ცათა სასუფეველს, - ყველაფერ ამას დაკარგავს, თუკი არ შეინანებს. თუკი ცოდვილი ადამიანი აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მოიქცევა სინანულად, იგი ცეცხლოვან გეჰენიაში დაიტანჯება სამარადჟამოდ, და დაუსრულებლად ინანებს იქ თავის უჯერო ცხოვრებას. ხოლო თუკი შენ უზაკველი იქნები უფლის წინაშე, მაშინ არაფრის არ უნდა გეშინოდეს, დაე, თუნდაც ათასობით მტერი გემუქრებოდეს და დაე, თუნდაც უმძიმეს დანაშაულში გდებდნენ ბრალს ადამიანები, იმიტომ, რომ მაშინ უფალი შენთან იდგება და შენზე იზრუნებს.


გ) კვალად, აწინდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ მსოფლიოში საღმრთო განგებულება მოქმედებს, ისე, რომ ყოველივე სამყაროში, ცათა შინაცა და ქვეყანასა ზედაც, ღმერთზეა დამოკიდებული, რომელიც ყოველივეს აღავსებს თავით თვისით, ყოველივეს მოიცავს თავის თავში და ყოველივეს წარმართავს, განაგებს (მუხლი 6). მაგრამ თუკი ყოველივე ღმერთზეა დამოკიდებული, ხოლო ყოვლადსახიერ, ბრძენ და მართლმსაჯულ ღმერთს არავისი წარწყმედა არ სურს, და ამასთან არ ითმენს თავის მიერ ქმნილ სამყაროში უწესრიგობასა და დაუწყობელობას, და არც არავის უდანაშაულოდ და უმიზნოდ არ დასჯის, მაშინ რატომ ხდება ამა ფიზიკურ სამყაროში საშინელი და დამანგრეველი მოვლენები, რომლებიც განურჩევლად ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს სპობენ - მავნეებისაც და სასარგებლოებისაც, უდანაშაულოებისაც და დამნაშავეებისაც, - რატომ არსებობს ამ ფიზიკურ სამყაროში ბოროტება, რომელიც ყოველის მხრიდან გარს გვერტყმის და რომლისაგანაც ესოდენი უბედურებანი მომდინარეობენ? ჩვენს გონებაში მსგავსი კითხვების წარმოშობისას, პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენის მხრიდან საღმრთო განგებულების გამოუკვლეველ გზათა წვდომის ყოველგვარი მცდელობა - კადნიერი ქმედებაა. „განკითხვანი ღმრთისანი - უფსკრულ მრავალ“ (ფსალმ. 35,7), - გვიმოწმებს საღმრთო წერილი. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გონებრივი ხედვა შორს მჭვრეტელი არ არის, და ჩვენ, როგორც თევზნი წყალში, მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც ჩვენც გარშემოა, რაც ჩვენთან ახლოსაა. მაშასადამე, ის, რაც ჩვენ ბოროტებად და უბედურებად გვეჩვენება ჩვენთვის, შესაძლოა სავსებით აუცილებელი და კეთილისმყოფელი იყოს მსოფლიოს საერთო კეთილდღეობისათვის. კერძო და დროებითი უბედურებანი, რომელთა დროსაც ზოგიერთნი იტანჯებიან და კვდებიან თითქოსდა უდანაშაულოდ, ღმერთის მიერ, უეჭველია, დაიშვება ჩვენი საუკუნო ცხოვნების მიზნის მისაღწევად. გზები, რომლებითაც ღმერთის სიბრძნეს ამ ცხოვნებისაკენ მივყავართ, არ შეიძლება ერთგვარი იყოს, რადგან ადამიანები თავიანთი სულიერი თვისებებით მკვეთრად განირჩევიან ერთმანეთისაგან. ერთს ბედნიერება და კმაყოფა ესაჭიროება, მეორისათვის - სიღარიბეა სასარგებლო, ერთზე კეთილისმყოფელად მოქმედებს ლმობიერი დამოკიდებულება, შემწყნარებლობა, მეორეს - სიმკაცრე ესაჭიროება. და მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის თუ რა არის სასარგებლო ჩვენთვის. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა მხოლოდ დავემორჩილოთ იმ მიუწვდომელ, გამოუკვლეველ გზებს საღმრთო განგებულებისა, რომლითაც უფალს საუკუნო მიზნისაკენ მიჰყავს ადამიანები, და მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ეს გზები, დაე, თუნდაც ძნელი და მწუხარებით აღსავსე იყოს ჩვენთვის, ჭეშმარიტია და საღმრთო მოწყალებით აღსავსე.


დ) და ბოლოს, აწინდელი სახარებიდან ჩვენ იმასაც ვსწავლობთ, რომ უფლის უარმყოფელნი არ მიიღებენ საუკუნო ნეტარებას, რამეთუ თავად იესო ქრისტეს სიტყვით, იგი უარყოფს ღმერთის ანგელოზთა წინაშე, ანუ ზეციური მამის წინაშე თავის უარმყოფელთ (მუხლი 9). ხომ არ არიან ჩვენს შორისაც ისეთნი, ვისაც ასეთი საშინელი ხვედრი ემუქრება? რომელ ჩვენგანს შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეს უარმყოფელი? - უფლის უარმყოფელ „ქრისტიანთა“ რიცხვს ისინი შეიძლება მივაკუთვნოთ, ვისაც დაუკარგავს რწმენა უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ღირსებისა და გამომსყიდველი დამსახურებებისა; ვისაც არა სწამს ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატური სწავლება, ხოლო ქრისტეს ზნეობრივ მოძღვრებას დამახინჯებულად განმარტავს. კვალად, ქრისტეს უარყოფის ცოდვაში დამნაშავენი არიან ისინიც, ვისაც, მართალია, სწამს იესო ქრისტე როგორც ღმერთკაცი და გამომსყიდველი, მაგრამ არა სწამს მისი წმიდა ეკლესია. ისინი ფუჭ ოცნებას არიან მიცემულნი და ამაოდ იმედოვნებენ იცხოვნონ თავი უშუალო მიმართვით ქრისტესადმი, მის მიერ დამკვიდრებული ეკლესიის გარეშე. წარმოუდგენიათ რა, რომ თითქოსდა უშუალო ურთიერთობა აქვთ დამყარებული ქრისტესთან, ისინი აუცილებლად არ მიიჩნევენ თავისთვის მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებაში, და მაშასადამე, უცხონი არიან ქრისტეს მადლისა, რომელიც ამ საიდუმლოთა მიერ ენიჭებათ მორწმუნეებს; ესევითარი მეოცნებენი არ ემორჩილებიან საეკლესიო იერარქიას, მღვდლობას, და მაშასადამე - თვით იესო ქრისტესაც, რომელიც ამ იერარქიის მეშვეობით მოქმედებს ეკლესიაში, ისინი ყურადღებას არ აქცევენ და არაფრად აგდებენ თვით ქრისტეს სიტყვებს, რომელმაც თავის მოციქულებსა და მათი სახით მათს მემკვიდრეებს საღმრთო მსახურების საქმეში - ეკლესიის მწყემსებს ასე ეუბნება: „რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკა 10,16). კვალად, ქრისტეს უარყოფამდე ბევრი არაფერი უკლიათ იმ ქრისტიანებსაც, რომელთა შესახებაც სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ ის, რაც უფალმა ღმერთის ცრუ თაყვანისმცემლებზე თქვა: „ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმით უარყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ... შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“ (ტიტ. 1,16). ესევითარნი მხოლოდ სიტყვით, სახელად არიან ქრისტიანები, საქმით კი - ქრისტეს მოწინააღმდეგეთ უერთდებიან, რამეთუ არ გულმოდგინებენ ქრისტეს მცნებათა აღსრულებაში. ისინი საქმით უარყოფენ ქრისტეს, ვისაც სიტყვით, თითქოს, აღიარებენ. არაქრისტიანული ცხოვრებისადმი მიჩვევას მოუკლავს მათში ქრისტიანული სირცხვილი და ღმერთის მოშიშება, და ქრისტეს მცნებათა კადნიერ დამარღვეველებად გადაუქცევია ისინი.