მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მე-6 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (9, 1-8)

 

„1. და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად. 2. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. 3. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. 4. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 5. რაი უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? 6. ხოლო რაითა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! 7. და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თვისა. 8. იხილა რაი ესე ერმან მან, დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ხელმწიფებაი კაცთა.“

 

I. დღევანდელ საკითხავმი სახარებისა გადმოცემულია უფლის მიერ კაპერნაუმში განრღვეული კაცის სასწაულებრივი განკურნების ამბავი, ამასთან აღწერილია განრღვეულის მიყვანა იესოსთან და მისთვის უფლის მიერ ცოდვათა მიტევება (მუხლი 2); მწიგნობართა და ფარისეველთა ბოროტი ზრახვები და მათი მხილება იესოს მიერ (მუხლები 3–5); სნეულის განკურნვა (მუხლები 6–7) და სასწაულის ზემოქმედება თვითმხილველებზე (მუხლი 8). განვიხილოთ ეს სახარება.


„და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად“ (მუხლი 1).


გერგესეველთა მხრიდან წასვლის შემდეგ, რომლის მცხოვრებნიც, შთაფლულნი ქვეყნიურ საზრუნავებმი, ესოდენ არაკეთილგანწყობილად მოეპყრნენ მათი ბოროტეშმაკეულების განმკურნავ უფალ იესოს, ქრისტე თავის ქალაქში – კაპერნაუმში დაბრუნდა, რომელიც გენესარეთის ტბის სანაპიროზე მდებარეობდა.


„მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე“ (მუხლი 2).


მახარებლები მარკოზი და ლუკა უფრო დაწვრილებით გადმოგვცემენ განრღვეულის მოყვანის ამბავს უფალ იესოსთან, კერძოდ კი მოგვითხრობენ, რომ იმ სახლში შეკრებილი ხალხის დიდი სიმრავლის გამო მათ შესაძლებლობა არ ჰქონდათ კარებიდან შეეყვანათ განრღვეული იესოსთან, ამიტომ სახლს ბანი ახადეს და იქიდან ჩაუშვეს სნეული ცხედრით იესოს ფეხებთან (ლუკა 5,19). ხოლო ბანზე ასვლა ადვილი იყო აღმოსავლეთში სახლების განლაგების გამო.


იუდეაში სახლები, უმეტესწილად, შემდეგნაირად შენდებოდა (ძალზე ღარიბი ადამიანების გამოკლებით, რომელთაც, ძირითადად, ერთი ოთახი ჰქონდათ): შუა ალაგი შიდა ეზოს ეკავა, მის ოთხივე მხარეს ნაგებობები იყო წამომართული, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც საკუთრივ საცხოვრებელს. ქუჩის მხრიდან ამ ეზოში კარებით, ანდა ალაყაფის კარით შედიოდნენ, ეზოდან კი ოთახებში შემავალი კარებები იყო. ეზო მდიდარ იუდეველებს მარმარილოთი ჰქონდათ მოპირკეთებული და დამშვენებული მრავალგვარი ჩუქურთმით, ზოგჯერ შადრევანითაც შუაგულში, და ნაკლებად შეძლებული იუდეველების სახლებშიც ეს შიგნითა ეზო ყოველთვის ძალზე სუფთად იყო შენახული. სწორედ აქ იმართებოდა დღესასწაულები და საოჯახო შეკრებები, თუ საუბრები. ეზო ზემოდან ღია იყო, მაგრამ ავდარსა თუ ძლიერ ქარიან დღეებმი მას ზემოდან ძელებისაგან შეკრულ დაფას, ან ტყავისა თუ ტილოს სეფას აფარებდნენ. თვით საცხოვრებელი ნაგებობები, გარს რომ ერტყმოდნენ ეზოს - ატრიუმს, ბრტყელსახურავიანი, ანუ ბანიანი იყო, შემოვლებულნი ბალუსტრადებით, მოაჯირებით და ამგვარად, გალერეებს წარმოადგენდნენ, სადაც სეირნობდნენ თუ განმარტოვდებოდნენ ხოლმე. ამ ბანიანი სახურავებისაკენ, ანუ გალერეებისაკენ კიბეები ადიოდა ხან ეზოდან, ხანაც ქუჩის მხრიდან. ებრაელთა სახლების ამგვარი აგებულების გამო გასაგები ხდება სახარების გადმოცემა განრღვეულის ბანიდან ჩაშვების შესახებ. უფალი ერს, ალბათ, სწორედ აღნიშნულ შიდა ეზოში დამოძღვრავდა, და არა თვით საცხოვრებელ ოთახში, სადაც ჩაუშვეს კიდეც სნეული ცხედრით - საკაცით, ბანზე ასულმა მისმა ახლობლებმა, მას შემდეგ, რაც იქ გარეთა, ან მეზობლის სახლის კიბით ავიდნენ და ერთი ან რამდენიმე დროებითი საფარიც ახადეს ეზოს.


რა იყო განრღვეულის სნეულება, რომლითაც იგი ასე ევნებოდა? - სნეულის სახარებისმიერი აღწერით და თვით ბერძნული სახელწოდებით განრღვეულისა(„პარალუტიკოს“), ეს იგივე, ან თითქმის იგივე სნეულება იყო, რაც დღესაც გვხვდება და დამბლად, „პარალიჩად“ იწოდება. იგი ვლინდება ნერვული სისტემის მოშლაში, რაც ადამიანის დამბლას იწვევს, მის ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანს მოძრაობა აღარ შეუძლია - (დამბლამ შეიძლება სხეულის მხოლოდ ზოგიერთი ნაწილი მოიცვას).


სახარებაში ნახსენები განრღვეული ცხედრით, ანუ საკაცით მოჰყავო ქრისტესთან, - მაშასადამე იგი მძიმე სნეული იყო და სრულიად არ შეეძლო მოძრაობა, ისე იყო მოუძლურებული, რომ სიტყვის თქმაც კი არ შეეძლო, რათა თავადვე შევედრებოდა უფალ იესოს - შემეწიე, განმკურნეო.


„და იხილა იესუ სარწმუნოებაი მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“ (მუხლი 2).


როგორც ამ, ასევე სხვა შემთხვევებში, როცა უფალი რწმენისათვის შეაქებს მასთან შეწევნისათვის მისულთ და სასწაულებრივ განკურნვასაც სნეულებისაგან რწმენისათვის ბოძებულ ჯილდოდ წარმოადგენს, ეს რწმენა მდგომარეობს სრულს განმსჭვალვაში აზრით ქრისტეს დიდებულებაზე, საკუთარი უღირსობისა და ცოდვიანობის ღრმა შეგნებაში, საკუთარი თავის მორჩილ მინდობაში კაცთმოყვარე უფლის ყოვლადსახიერი ნებისადმი და მორიდებულ იმედოვნებასა და მოლოდინში მისი მოწყალებისა. სწორედ განრღვეულის ამ შინაგანი სულიერი მდგომარეობის პასუხად ამბობს უფალი: „ნუ გეშინინ, მიგეტევნეს შენ ცოდვანი შენნი“-ო. განრღვეულის სატანჯველნი, - როგორც ამას იგი თვითონაც ცხოვლად შეიგრძნობდა, - საღმრთო სასჯელი იყო ცოდვებისათვის, და თუმცა ცოდვების მიტევება თავისთავად არ ნიშნავდა განკურნვასაც, მაგრამ რაკი იმის ბაგეთაგან გახმიანდა, ვისაც მამამ მოსცა სრული მსჯავრი ადამიანებზე, ეს უტყუარ იმედს იძლეოდა განკურნვისა. მაგრამ, აი, იესო ქრისტე იქვე მყოფ მწიგნობართა ფიქრებს კითხულობს, რომლებიც გულში ჰკიცხავენ მას იმისათვის, რაც მან განრღვეულს უთხრა.


„და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს“ (მუხლი 3).


მწიგნობარნი (ებრაულად - „სოფერიმ“) თავიანთ დასაბამს როგორც განცალკევებული საზოგადოება, წინასწარმეტყველ ეზრას დროიდან იღებენ. მათი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან „სეფერ“ - „წიგნი“, რადგან მწიგნობართა მთავარ საქმიანობას საღმრთო წიგნების გადაწერა და განმარტება შეადგენდა, და არა სიტყვიდან „სოფერ“, რაც ნიშნავს „დათვლას, აღრიცხვას“, - როგორც ამას ახლა ზოგიერთნი ვარაუდობენ იმის საფუძველზე, რომ თითქოს ისინი ყველა ასოს დაითვლიდნენ, აღრიცხავდნენ ამ წიგნებში. მწიგნობართა მთავარი საქმე იყო სჯულის წიგნების გადაწერა, გასწორება, წაკითხვა და განმარტება ერისთვის, და დაცვა-შენახვა ამ წიგნებისა. როგორც სჯულის დადგინებათა დამცველებმა მათ გამოიგონეს ის „ზღუდეები“, რომლებიც სახელწოდებით „დიბრე სოფერიმ“ - „მწიგნობართა სიტყვები“ - საფუძვლად დაედო „უხუცესთა გადმოცემას“ („ხუცესთა მოძღურებას“ - მათე 15,2; გალატ. 1,14), ანუ ზეპირ სჯულს, სიტყვით გადაცემულს თაობიდან თაობაზე (ეს იყო ე.წ. „თორა შებეალ“ - „სჯული ბაგეთა ზედა“, განსხვავებით „თორა შებე ქეთებ“-ისა - „დაწერილი თორასი“).


ამ ზეპირი სჯულის ყოველგვარი დარღვევა უფრო დამღუპველად ითვლება იუდეველისათვის, ვიდრე ბიბლიის სიტყვათა დარღვევა („სანჰედრინ“-ი, X, 3). საკუთრივ „სოფერიმები“, ანუ მწიგნობარნი არსებობდნენ მხოლოდ ეზრადან მართალი სიმონის გარდაცვალებამდე, 300 წლით ადრე ქრისტეს შობამდე; მათი მემკვიდრენი იყვნენ ე.წ. „თანაიმ“-ები, ანუ სჯულის მასწავლებელნი, მოძღვარნი (ბერძნულად „ნომიკოი“ და „ნომოდიდასკალოი“), სჯულისმეცნიერნი, სჯულისმოძღვარნი, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან სახარებებში და რომელთაც ქრისტეს შემდგომ 220 წლამდე იარსებეს; მათ შეჰქმნეს - შეჰკრიბეს ე.წ. „სიტყვები მწიგნობართა“ და გააერთიანეს ისინი „გალაჰოთ“-ში, ანუ კრებულში „მოღვაწეობის წესები“, რომელთა უმთავრესი დანიშნულება იყო სჯულის დაცვა - „ზღუდის შემოვლება სჯულის გარშემო“. „თანაიმ“-ებმა - სულისმოძღვრებმა მემკვიდრეობად მიიღეს თავიანთი წინამორბედების - „სოფერიმ“-ების - მწიგნობრების მთელი დიდება-პატივი, რომლითაც მათ მეტად მაღალი მდგომარეობა ეკავათ იუდეურ საზოგადოებაში (ზირაქ. 39,1-11).


მაგრამ სახელწოდება „გრამმატეუს“ კვლავაც განაგრძობდა არსებობას, თუმცა უფრო ნაკლებად ამაღლებული მნიშვნელობით იმასთან შედარებით, რაც მას ადრე ჰქონდა. მიმბაძველობა, უწინდელ ავტორიტეტებზე მონური დამოკიდებულება - რაბინთა სწავლების ყველაზე ნიშანდობლივი თვისებაა. იგი იშვიათად მაღლდება განმარტების დონეზე მაღლა, რომელიც მფრთხალიც არის და ფანტასტიკურიც ერთსა და იმავ დროს. რაბინი ელიეზერი ამაყობდა კიდეც იმით, რომ არაფერი თვითმყოფადი და თავისი არ აღმოუჩენია, ხოლო გილელი თავის მაღალ მდგომარეობას „ნასის“ ანუ სინედრიონის თავმჯდომარის წოდებაში უბრალოდ იმას უმადლოდა, რომ ახსოვდა შამაიას და ავტალიონის გადაწყვეტილების შესახებ. „თავადვე შესძინე საკუთარ თავს მოძღვარი!“ - ასეთი იყო იოშუა ბენ ფერახიას დამახასიათებელი წესი, ვისაც თალმუდი „ქრისტეს მოძღვრად“ ასახელებს.


გმობა ღმერთისა - ნიშნავს ღმერთის სახელის დაკნინებას, საკუთარი თავისადმი მიკუთვნებას იმისა, რაც ღმერთს ეკუთვნის, ამგვარად, მწიგნობრებმა ბრალი დასდეს იესო ქრისტეს იმაში, რომ მიუტევებდა რა ცოდვებს ამ განრღვეულ კაცს, იგი ამით ისაკუთრებდა საღმრთო უფლებას - ისეთ თვისებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის კუთვნილებაა. მეცნიერ მწიგნობრებს უნდა სცოდნოდათ საწინასწარმეტყველო წიგნებიდან, რომ მესია - ემანუილია, ანუ „ჩვენთან არს ღმერთი“, ანუ ღმერთის ძე, ღმერთკაცი, და მაშასადამე, მათივ საკუთარ გამოთქმით, ხელ-ეწიფებოდა ცოდვათა მიტევება. და როცა განრღვეულს მიუტევებდა ცოდვებს, ამით იესო ქრისტე მესიად აცხადებდა თავს. მწიგნობრებსა და ფარისევლებს არ სურდათ მისი სიტყვები ერწმუნათ, მაგრამ სიტყვისადმი უნდობლობით განმსჭვალულთ, მათ ამ სიტყვების საქმით გამართლება, დადასტურება უნდა მოეთხოვათ. ისინი კი, განძვინებულნი ბოროტი შურით, არათუ არანაირ დამტკიცება-დადასტურებას არ ითხოვენ, არამედ იჩქარიან განიკითხონ იესო და ღმერთის გმობაში დაადანაშაულონ. მაგრამ ფიქრობდნენ რა ღმერთის გმობა დაედოთ მისთვის ბრალად, ამით მწიგნობრები და ფარისევლები იესოს მეტ განდიდებას ემსახურნენ.


ისინი ამბობდნენ - ცოდვათა მიტევების ხელმწიფება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნისო, უფალმა კი არა მხოლოდ სიტყვით მიუტევა ცოდვები განრღვეულს, არამედ საკუთარი თავით კიდევ ერთი საღმრთო თვისება გამოავლინა, კერძოდ კი - ყოვლისმცნობელობა, რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს.


„იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაი უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?“ (მუხლები 4 და 5).


უფლის ამ სიტყვებში მწიგნობართა პირდაპირი და მძაფრი ორმაგი მხილებაა - პირველ ყოვლისა იმ დამამტკიცებელი საბუთით, რომელიც ცხადად წარმოუჩინა მათ, როცა დაანახვა, თქვენი ყველა გულის-ზრახვა და ფიქრი ჩემთვის ცნობილიაო, და კვალად იმითაც, რომ იგი პირდაპირ მიუთითებს მწიგნობრებს, თუ საითაა მიმართული მათი უხეში და არასწორი აზრები მის შესახებ, აი, ახლა, ამ წუთას.


მწიგნობრები თითქოს ასე იტყოდნენ გულში: „ასე, ხომ, ნებისმიერი ამქვეყნად მავალი ფხიანი კაცი ეტყვის ხან ერთსა და ხანაც მეორეს: მიგეტევნეს შენ ცოდვანი შენნიო. მაგრამ სადაა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც გაამართლებდა მის სიტყვას და დაადასტურებდა, რომ ქვეყნად წარმოთქმული სიტყვები ცათა შინაცაა აღბეჭდილი. ყოვლადძლიერობის თვით ეს თვისება, მისაკუთრებული ამ კაცის, იესო ნაზარეველის მიერ, შემოზღუდავს მას მხილებათაგან, რადგან ადამიანის სინდისის ეს გათავისუფლება ცოსდვისმიერი განკითხვისაგან არის ისეთი ქმედება, რომელიც შინაგან სულიერ სამყაროში აღესრულება და არ არის დამოწმებული არანაირი გარეგანი ხილული ნიშნით; ამიტომაც იგი ადვილად შეიძლება ვინმემ საკუთარ თავს მიაწეროს, რადგან ამგვარი განცხადება უფლებისა შეუძლებელია მხილებულ და უარყოფილ იქნას დამატკიცებელი საბუთით, ვერავინ დაუმტკიცებს მას, შენ არ ძალგიძს ცოდვების მიტევებაო“. და ასეთმა ბოროტმა გულის-ზრახვებმა უფლის შემდეგი პასუხი გამოიწვია: „თქვენ იმაში მდებთ ბრალს, რომ მე უხიფათო საკუთრებას ვითვისებ რადგანაც ჩემს ამ კეთილმოქმედებას - ცოდვათა მიტევებას ამ საცოდავი განრღვეული კაცისადმი, არ ახლავს თან არანაირი გარეგანი ნიშანი, არანაირი დამამტკიცებელი მოწმობა იმისა, სჯულიერად ვითავისებ მე ამ ხელმწიფებას ცოდვათა მიტევებისა, თუ არა. ამიტომ წარმოგიდგენთ უფრო გადაჭრილ დასაბუთებას - წარმოვთქვამ ქმედით სიტყვას, ძალმოსილების გამომაჩინებელს, და თუკი იგი არ აღსრულდება, ქმედითი არ იქნება სინამდვილეში, მაშინ მყისიერად ვიქნები მხილებული სიცრუეში, თქვენს მოტყუებაში და იმისდა მიხედვით, თუ რა მოჰყვება ან არ მოჰყვება ჩემს სიტყვას, თქვენ შეგეძლებათ განსაჯოთ - მაქვს თუ არა მე უფლება ვთქვა: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“.


„ხოლო რაითა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!“(მუხლი 6).


უფლის ამ სიტყვის-მიგებაში მწიგნობართადმი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ იგი არ ეკითხება მათ: რა უფრო ადვილია: სიტყვით ცოდვების მიტევება, თუ სიტყვით განკურნვა სნეულისა? რამეთუ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სიტყვით ცოდვათა მიტევების საქმე უფრო ადვილია, ვიდრე სიტყვით ადამიანის განკურნვის საქმე. ამიტომ იგი ასე ეკითხება მათ: „რა უფრო ადვილია, - ცოდვათა მიტევების ხელმწიფების მითვისება, თუ განკურნვის ძალისა; თქმა: მიგეტევნეს შენ ცოდვანი შენნი! თუ თქმა: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?!“ და შემდეგ, თითქოს ასე აგრძელებს საუბარს: იმ, პირველი სიტყვების თქმა უფრო ადვილია, და აწ მე დაგიმტკიცებთ თქვენ ჩემს უფლებას ამ სიტყვათა წარმოთქმაზე, როცა გაცილებით უფრო ძნელ სიტყვებს წარმოვთქვამ, თანხლებულთ ისეთი ქმედებებითა და გარეგანი შედეგით, რომელიც ბეჭდით დაადასტურებს ჩემს ჭეშმარიტებას, - მე ვიტყვი: აღდეგ და ვიდოდე! და იმის აღსრულებით, რაც ადამიანის თვალთათვის არის მისაწვდომი, მე დავამოწმებ და დავადასტურებ ჩემს უფლებასა და ხელმწიფებას იმის მოქმედებისა, რაც თავისი არსობრიობით აღმატებულია ბუნებაზე და ხილულ მტკიცებულებათა გარე ძევს. რამეთუ ღმერთის მადლის ამ ხილული გამოვლინებით მე გიჩვენებთ, თუ რა გზებით მოძრაობენ ღრმად შეფარულნი ძალნი საღმრთო სიყვარულისა, და ამასთანავე გიჩვენებთ, რამ ერთიცა და მეორეც თანაბრად ემორჩილებიან ჩემს სიტყვას. და ამ ჩემი ქმედებიდან, რომელსაც მე თქვენ, ყველას წინაშე აღვასრულებ, თქვენ შეგეძლებათ დარწმუნდეთ, რომ მე დატაცებით არ ვისაკუთრებ ხელმწიფებას ცოდვების მიტევებისა“.


„და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თვისა“ (მუხლი 7).


აღსრულდა სასწაული, რომელმაც ცხადად დაადასტურა, რომ საღმრთო ძალით შემოსილმა უფალმა იესო ქრისტემ ამაოდ როდი უთხრა განრღვეულს: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნიო. რამეთუ ყველასათვის დიდად გასაკვირად, განრღვეულმა კაცმა უმალვე შეასრულა უფლის ნაბრძანები და სრულიად ჯანმრთელი წავიდა სახლში. განრღვეულისათვის ბრძანების მიცემა - აეღო თავისი ცხედარი - საწოლი და წასულიყო, ხოლო შემდგომ ამ ბრძანების მართლაც შესრულება მის მიერ ყველაზე თვალსაჩინოდ და საჯაროდ ადასტურებდა სასწაულებრივი განკურნვის ფაქტს.


ცხედარი (ბერძნულად „კლინე“) წარმოადგენდა რაღაც ლეიბის მაგვარ საკაცეს, რომლის აღებაცა და წაღებაც, თუკი მასზე ადამიანი - მძიმედ სნეული იწვა, ოთხ კაცს თავისუფლად შეეძლო, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჯანმრთელ ადამიანს თავადაც შეეძლო მისი აღება და წაღება, როგორც გზაში მოსასვენებელი საგნისა.


„იხილა რაი ესე ერმან მან, დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ხელმწიფებაი კაცთა“ (მუხლი 8).


ამ სასწაულის მოწმენი, იქ შეკრებილი ხალხი თავისი უბრალთებით მწიგნობრებზე უფრო გონივრულად მოიქცა და არ დაიწყო უადგილო განსჯა მომხდარი ამბისა. თავის უმრავლესობაში იგი ასევე ნაკლებად გულისხმა-ჰყოფდა იესო ქრისტეს საღმრთო ხელმწიფებას და მასში მხოლოდ წინასწარმეტყველს ხედავდა. მაგრამ ხალხი, მწიგნობრებისაგან განსხვავებით, მაინც ღმერთს განადიდებდა აღსრულებული სასწაულის გამო, - იმას, ვინც ესოდენ ძალასა და ხელმწიფებას ანიჭებს ადამიანებს.


 

II. აი, ამგვარია კაპერნაუმში განრღვეულის სასწაულებრივი განკურნვის ამბავი. ცხოვრების რომელი წესები შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან?


ა) პირველ ყოვლისა და უმთავრესად იგი გვაუწყებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწორედ ცოდვაა ამქვეყნად ყველა სნეულების მიზეზი (მუხლი 2),რამეთუ რა იყო განრღვეულის უბედურების მიზეზი? - სხვა არაფერი, გარდა ცოდვისა, რადგან მაცხოვარმა პირდაპირვე კი არ განკურნა იგი, არამედ, მანამდე, ცოდვები მიუტევა. მართლაც, საიდანაა ყოველგვარი უბედურება ამქვეყნად? საიდანაა სიგლახაკე და სიდუხჭირე? - ცოდვისაგან: ადამიანის მიერ ცოდვით დაცემამდე ყოველივეში კმაყოფა იყო. საიდან არის სირცხვილი უპატიოყოფისა? ცოდვისაგან, რამეთუ შესცოდეს პირველმა ადამიანებმა და შერცხვათ კიდეც. როგორი იყო ადამიანი შეცოდებამდე? - იგი იყო მშვიდი, ჯანმრთელი, მხიარული, ბედნიერი, ცხოვრობდა ყოველივეთი აღსავსე, ყოველგვარი მწუხარების გარეშე. მაგრამ შესცოდა მან, და, აი, მიწამაც ეკლიანი მცენარეები გამოუღო, ქმნილებამ სულთ-თქმა იწყო მიწისძვრებით, ჭექა-ქუხილით, მეხითა და ქარიშხლებით, დედაკაცთა ტანჯვითა და ტკივილით იწყეს შვილთა შობა, ადამიანებს სნეულებანი, დაბერება, სიკვდილი ეწიათ. აი, სადამდე მიიყვანა ცოდვამ ადამიანი! აბა, მიკერძოების გარეშე შეხედეთ ნებისმიერ ვნებას ჩვენს სულში, და დარწმუნდებით, თუ როგორ ფიტავენ, არღვევენ და უსახურ-ჰყოფენ ვნებები ადამიანს, მის ჯანმრთელობას. მაგალიოად, განა მოსვენებას აძლევენ და მშვიდი ძილის საშუალებას ანიჭებენ ადამიანს შური, ამპარტავნება, სიძუნწე? და განა ეს მავნედ არ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე? ამრიგად, სნეულებასა და ცოდვას შორის აშკარა კავშირია, ბუნებრივი კავშირი: სნეულება ცოდვიანი ცხოვრების შედეგია, ზოგჯერ თავად ღმერთი მოუვლენს ადამიანს რაიმე სნეულებას უშუალოდ მისი ცოდვებისათვის. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუკი სნეულება გვეწვევა? - იგივე, რაც კაპერნაუმელ განრღვეულს უყვეს: იგი რწმენით იქნა მიყვანილი უფალ იესო ქრისტესთან და ამიტომ მოისმინა კიდეც მისგან სასიხარულო სიტყვები: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. ჩვენც იგივეს მივიღებთ უფლისაგან, თუკი რწმენით, გულშემუსრვილობით საკუთარ ცოდვათა გამო და მტკიცე გადაწყვეტილებით - გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, - ვაღიარებთ სულიერი მამის წინაშე ჩვენს ცოდვებს. და მაშინ უფლის ბარძიმი მშვიდობად და სიხარულად, სიჯანსაღედ და ბედნიერებად გვექმნება ჩვენ.


ბ) აწინდელი საკითხავი სახარებისა იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენც, განრღვეულის მაგალითისაებრ მივისწრაფდეთ სულიერი სამკურნალო სახლისაკენ - ეკლესიისაკენ, სადაც სულის კურნება - ცოდვათაგან მისი განწმენდა აღესრულება (მუხლი 2). განრღვეულის მაგალითი საკვირველად გვარწმუნებს ყველას, რომ იესო ქრისტეს, ყოვლადძლიერ უფალს, აქვს ხელმწიფება იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ანიჭებდეს ცოდვათა მოტევებას. თავისი ეს ხელმწიფება, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მან მოციქულებს გადასცა (იოანე 20,22-23), ამათ კი - თავის მემკვიდრეებს - ეპისკოპოსებს, რომელნიც თავის მხრივ მღვდლებს გადასცემენ მას. დიდიცაა და მაცხოვნებელიც ის განსაკუთრებული მადლმოსილი ძალა, რომელიც ეპისკოპოსისა თუ ხუცესის მეშვეობით მოქმედებს სინანულის საღმრთო საიდუმლოში და ცოდვათა შენდობას ანიჭებს ადამიანებს. და მხოლოდ გარეგანი სახით როდი მიუტევებს ცოდვებს, - არა, არამედ იგი გვანიჭებს მთლიან, სრულყოფილ, შინაგან განწმედას ცოდვებისაგან ჩვენ, ყველას, ვინც კი რწმენითა და წრფელი გულშემუსრვილობით მიმართავსთავის სულიერ მამას ცოდვათაგან განწმედის მიზნით (I იოანე 1,7-9; ებრ. 1,3). ცოდვებ-შენდობილი ადამიანის სული განიწმინდება, სუფთა და ჯანსაღი ხდება მსგავსად იმისა, როგორადაც კეთრით დაავადებული ადამიანის სხეული განიწმიდება საშინელ და საზიზღარ წყლულთაგან განკურნვის შემდეგ, ანდა როგორადაც ადამიანის შესამოსელი სუფთავდება ჭუჭყისაგან საგულდაგულო გარეცხვით. ღირსი დედის თეოდორას ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ბოროტი სულები, რომელთაც მისი ყველა ცოდვა ჰქონდათ აღნუსხული, ვერ პოულობდნენ თავიანთ ჩანაწერებმი იმ ცოდვებს, რომლებიც მას მღვდლის წინაშე ჰქონდა აღსაარებული. უფლის ანგელოზებმა აუხსნეს მას, რომ არც ღმერთის ცხოვრების წიგნში და არც ბოროტი სულების (აზრისმიერ) ჩანაწერებმი, - ერთის სიტყვით, აღარსად არ არის აღრიცხული ის ცოდვა, რომელიც ადამიანს გულწრფელად მოუნანიებია და შენდობაც მიუღია აღსარების წესისამებრ სინანულის საიდუმლოში (თვენი, 28 მარტი). მაშ, ჩვენც რწმენით მივმართოთ ჭეშმარიტ საკურნებელ სახლს - წმიდა ეკლესიას, რათა თავიდან ავიცილოთ სასჯელი ცოდვისათვის, და არა მხოლოდ დროებითი, ქვეყნიური სასჯელი, არამედ საუკუნოც იმა ქვეყნად.


გ) კვალად, განრღვეულის განკურნვის ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ ცოდვათა მიტევების მისაღებად აუცილებელია გულწრფელად და მთელის შეგნებით გვწამდეს ქრისტე-მაცხოვარი, მისი ყოვლისგანმკურნავი საღმრთო ძალა და ამასთან მტკიცე სასოებაც გვქონდეს მისი მოწყალებისა (მუხლი 2). იესო ქრისტეს წორედ იმისათვის მოვიდა ამქვეყნად და იმისთვის განკაცდა, რომ ცოდვილნი ეხსნა და მარადის მოწყალე ყოფილიყო მათ მიმართ, მარადის მოენიჭებინა მათთვის ცოდვათა მოტევება, თუკი ისინი გულწრფელად მოინანიებდნენ მათ, შეიცნობდნენ და შეიგრძნობდნენ ცოდვათა მთელს სიმძიმეს, იურვებდნენ მათს გამო და ისე აღიარებდნენ კიდეც მათ სულიერი მოძღვრის წინაშე, როგორც უფალი ღმერთის წინაშე და ნამდვილი განზრახვაც გაუჩნდებათ გამოსწორდნენ და მომავალში აღარ სცოდონ.


დ) სამოძღვრებოა ჩვენთვისისიც, რომ იესო ქრისტე ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ განრღვეულის რწმენას, არამედ მისი ახლობლების რწმენასაც, რომელთაც იგი საკაცეთი მიიყვანეს იესოსთან (მუხლი 2). სწორედ მათმა რწმენამ განაწყო მაცხოვარი იმისთვის, რომ თავისი საკვირველმოქმედი წყალობა აღმოეჩინა ტანჯულისათვის. ამის მსგავსად ჩვენც, თავად აღსავსენი უფალ იესო ქრისტეს რწმენით, შეძლებისდაგვარად უნდა ვზრუნავდეთ იმისთვის, რომ გარშემოც ახლობლები ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნენი გვყავდეს. ეს დიდად დაგვეხმარება ჩვენც მარადის აღვსილნი ვიყოთ რწმენით და სრულვყოფდეთ ჩვენს არსებაში კეთილმსახურებას, ღვთისმოშიშებას, და იმაშიც შეგვეწევა, რომ რწმენის მიერ მოვიპოვებდეთ კეთილმოწლეობასა და მოწყალებას უფლისაგან. აკი თავად მაცხოვარი ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე 18,20). ამ მაგალითშიც განრღვეულის განკურნვისა ჩვენთვის შთადებულია ის შეგონება, რომ მარადის ვლოცულობდეთ ერთმანეთისათვის, ვლოცულობდეთ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისა და მეგობრებისათვის, რომლებიც უკვე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ამა სოფლად ილოცონ საკუთარი თავისთვის.


სულის მაცხოვნებელ წიგნებში ძალზე ბევრი მაგალითი მოიძევება ქმედითი ლოცვისა ერთმანეთისათვის. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი. წმიდა მოწამე მირაქსი, ტომით ეგვიპტელი, ქრისტიან მშობელთა ძე იყო, რომელთაც იგი ქრისტეს რწმენითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. მაგრამ კაცთა მოდგმის მტერმა აღრია იგი. ერთხელაც მირაქსი აგარიანთა მთავარს ამირას ეახლა, საჯაროდ უარყო ქრისტე მის წინაშე, ფეხით გათელა წმიდა ჯვარი და მაჰმადიანი შეიქნა. მშობელთა შეგონებანი ამაო გამოდგა - მათი განდგომილი ძე მაჰმადიანად რჩებოდა. მაშინ მირაქსის დედ-მამამ მხურვალე ლოცვით მიმართა უფალ ღმერთს: დღე და ღამე ისინი განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს წარსაწყმედელისაკენ მიმავალი ვაჟიშვილის ხსნას და მათი ლოცვა არ აღმოჩნდა ამაო. ღმერთის მადლი ცოდვილის გულს შეეხო, და მირაქსმაც შეინანა. და აი, იგი მშობლებთან მოვიდა და უთხრა მათ: „მშობელნო! გონება დამიბნელდა და მძიმედ შევცოდე. აწ რა ვქნა? რაც იყო იმას ვეღარ დავაბრუნებ, უკიდურეს შემთხვევაში, მსურს ამიერიდან მაინც შევინანო და კვლავ ქრისტიანი ვიყო!“ უზომოდ გახარებულმა მშობლებმა მიუგეს: „შვილო! ჩვენ დღე და ღამე ვლოცულობდით ღმერთის წინაშე შენთვის, და აი, უფალმა ისმინა ჩვენი ვედრება და აწ მადლობას აღვუვლენთ მას, რომ შეიწყნარა ჩვენი ვედრება და თავისკენ მოაქცია შენი გული. მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ? შენ იცი, თუ რა სასტიკია აგარიანთა მთავარი და როგორ სასტიკად შეიძლება მოგვექცეს, როცა შეიტყობს, რომ ჩვენ შევეწიეთ შენს მოქცევას ქრისტესადმი. შენ თვითონ მიდი აგარიანთა მთავართან და თავადვე აღიარე მის წინაშე შენი მოქცევის შესახებ. ჩვენ კი კვლავ ვილოცებთ, რომ უფალმა წყალობით მოგხედოს და სიკეთისაკენ მიაქციოს შენი საქმე“. მირაქსი მშობელთა რჩევისაებრ მოიქცა. მივიდა ამირასთან, შეაჩვენა აგარიანთა რწმენა და ქრისტე აღიარა. ამისთვის იგი სატანჯველთ მისცეს, რომელნიც მხნედ გადაიტანა. ბოლოს წმიდა მოწამე მირაქსს მახვილით თავი მოჰკვეთეს (თვენი, 11 დეკემბერი)... კვალად, ცნობილია, რომ კეთილმსახური დედა მონიკა მხურვალედ ლოცულობდა თავისი ძის ავგუსტინესთვის, რომელიც სიჭაბუკეში მანიქველთა მწვალებლობაში ჩაფლულიყო. მონიკა შვილის მოქცევას ევედრებოდა უფალს და მისი მხურვალე, ცრემლიანი ლოცვები შესმენილ იქნა ღმერთის მიერ: ჭეშმარიტი გზიდან გადამცდარი მისი ძე - ნეტარი ავგუსტინე მოიქცა, მართლმადიდებლობაში დაბრუნდა და ეკლესიის დიდ წმიდა მამად შეიქნა.


აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით ლოცვაზე ცოცხალთათვის, რომელთაც თავადაც შეუძლიათ ილოცონ საკუარი თავისთვის, ანდა სხვებსა სთხოვონ - ილოცეთ ჩემთვისო. მაგრამ რა უნდა ვთქვათ გარდაცვლილებზე, რომელთაც უკვე აღარ ძალუძთ ლოცვა, და არც ის, რომ სხვებს ევედრონ ლოცვა თავიანთი სავალალო ხვედრის შემსუბუქებისათვის? სიკვდილის შემდეგ უკვე აღარ არის სინანული; მაშასადამე, რაც აქ, ამქვეყნად დაუთესია ადამიანს, იმასვე მოიმკის თავისი სიკვდილის შემდეგ. და ვინ მოთვლის, რამდენი უცნობელი და მივიწყებული ცოდვა გაჰყოლია ადამიანს იმა ქვეყანად, განუწმენდელნი და შეუნდობელნი სიკვდილისწინა სინანულით და ზიარებით?! რა ხშირად ეწევა ხოლმე ადამიანს მოულოდნელი სიკვდილი და საშუალებას არ აძლევს ჭეშმარიტ მორწმუნეებსა და კეთილმსახურ ადამიანებს სიკვდილისწინა სინანულით განიწმინდონ და უკანასკნელი დალოცვა და საგზალი მიიღონ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებით! რამდენი ადამიანი დამხრჩვალა ზღვაში, რამდენი დამწვარა ცეცხლში, რამდენი ჩამარხულა ცოცხლივ მიწაში და რამდენი სრულიად უგზო-უკვალოდ გამქრალა პირისაგან მიწისა! და რამდენი დაღუპულა და იღუპება ყინვისაგან, შიმშილისაგან, გარეულ მხეცთაგან თუ ბოროტ ადამიანთა ხელით! შეგვიძლია თუ არა ჩვენ შევეწიოთ მათ? - შეგვიძლია, ასეთ შეწევნას ყოველნი, მართლმადიდებელ სარწმუნოებაში და სასოებაში აღსრულებულნი იღებენ მათთვის აღვლენილი საეკლესიო ლოცვით, აგრეთვე მათთვის ლოცვითა და მათი სახელით მოწყალების გაღებით ამ ქვეყნად მცხოვრებ ახლობლებისა და მეგობრების მხრივ.


ერთ მონასტერში, სადაც წმიდა მამათა ტიბიკონით, ძმებს არაფერი თავისი, საკუთარი არ უნდა ჰქონოდათ, მავანი ბერი სიკვდილამდე მალავდა თავის სენაკში ოქროს. როცა ის მოკვდა, წმიდა გრიგოლ დიოლოგოსმა ბრძანა მონასტრის სასაფლაოს გარეთ დაემარხათ იგი, ხოლო მის მიერ დამალული ოქროს ფული საფლავზე მიმოებნიათ. მაგრამ როცა ჩაუფიქრდა გარდაცვლილის სულის ტანჯვას საიქიო სამყარრმი, წმიდა გრიგოლმა ბრძანა ოცდაათი ლიტურგია აღესრულებინათ მისი სულის მოსახსენიებლად, ხოლო ძმებს უბრძანა ელოცათ მისთვის. როცა ყოველივე ეს აღასრულეს, გარდაცვლილი თავის ღვიძლ ძმას გამოეცხადა და უთხრა: „აქამდე მე სასტიკად ვიტანჯებოდი, აწ კი კარგადა ვარ და ნათელში ვიმყოფები“. გარდაცვლილის ძმამ ბერებს აუწყა თავისი ხილვის შესახებ და ყველანი დარწმუნდნენ, რომ შესვენებული გათავისუფლებულ იქნა სატანჯველთაგან მისთვის მოტანილი მაცხოვნებელი მსხვერპლის გამო (თვენი, 29 იანვარი).


ე) განრღვეული, რომელსაც არ შეეძლო თავისით მოძრაობა და ნახევრადმკვდარი იწვა სარეცელზე, არის ზუსტი გამოხატულება ცოდვილის სულისა, ვისაც, მართალია, აქვს სხეულებრივი ცხოვრება, მაგრამ სულიერი ცხოვრებისათვის, ჭეშმარიტი კეთილმსახურებისათვის, სათნოებისა და სიწმიდისათვის, რაც ქრისტიანს ახასიათებს, არა აქვს არც ძალა და არც მხნეობა (მუხლი 2). ვნებებისა და ცოდვების სიკვდილის მატარებელი ძალა შეაშთობს მასში ჭეშმარიტი ცხოვრების თესლს, დათესილს მის გულში სულიწმიდის მადლით ნათლის-ღების ემბაზში. განრღვეულის მსგავსად წევს იგი უზრუნველობის ცხედარზე, - უზრუნველობისა თავისი ცხოვნებისათვის, და მით უფრო უბედურია ხოლმე, რომ ხშირად ვერცა გრძნობს საშიშროებას საუკუნო, სულიერი სიკვდილის უფსკრულში შთავარდნისა. სახარებაში მოხსენებული განრღვეული, საბოლოოდ, საფლავად გადასახლდებოდა თავისი სნეულების სარეცელიდან და ალბათ სულიერ სიკვდილსაც ეწეოდა, ზეციური მამის საღმრთო განგებულებას ოთხი თანამლმობი ადამიანი რომ არ გამოეგზავნა მისთვის შემწედ, რომლებმაც ცხედრითვე მიიყვანეს იგი ჩვენს სულთა და სხეულთა ყოვლადმოწყალე მკურნალთან - უფალ იესო ქრისტესთან. ამგვარადვე ზრუნავს ღმერთის უსაზღვრო მოწყალება ყოველი ცოდვილის ცხოვნებისათვის „რამეთუ არა ჰნებავს არავისი წარწყმედაი, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაი“ (II პეტრე 3,9). ცოდვილთა მოსაქცევად უფალი ზოგჯერ ღვთის სიტყვის მსახურთ აგზავნის, ზოგჯერაც უბედურებებითა თუ სხეულებრივი სნეულებებით ეწვევა მათ, და სხვა უთვალავ საშუალებათაც მოჰმადლის, ცნობილთ მხოლოდ მისი უზენაესი სიბრძნისათვის. და ბედნიერია ის ცოდვილი, ვინც მოიქცევა და რწმენით მიმართავს უფალ იესოს სინანულის ლოცვაში, გული შეემუსრება და მოულბება თავის ცოდვათა გამო, განრღვეულის მსგავსად! ყოვლადძლიერი და ყოვლად მოწყალე მკურნალიც ჩვენი სნეულებისა და სულებისა უმალვე წარმოუთქვამს მას თავის სიყვარულით აღსავსე სიტყვებს: „ნუ გეშინინ, შვილო! მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!... განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკვდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან!“ (ეფეს. 5,14).


განრღვეული, დასტურად იმისა, რომ მას მიეტევა ცოდვები და განეკურნა სულიცა და სხეულიც უფლის სიტყვისამებრ, უმალვე წამოდგა, აღიღო ცხედარი თავისი და შინ წავიდა (მუხლი 7). იგივე აღესრულება ცოდვილის სულშიც მის მიერ ჭეშმარიტი სინანულის ნაყოფთა გამოღების შემდეგ. და უეჭველი ნიშანი მისთვის ცოდვათა მიტევებისა არის ის, რომ იგი ქმედითად გრძნობს თავის სულში ცვლილებებს, როცა სულიერი უძლურების მდგომარეობიდან სიძლიერისა და სიმტკიცის მდგომარეობაში გადადის და დაუბრკოლებლად ვალს სახარებისმიერ მცნებათა გზით, როცა მისი სული, აქამდე სხეულს დაქვემდებარებული და ვნებებს დამონებული, საღმრთო მადლის შეწევნით ამარცხებს ვნებებს და თავადვე ბატონდება სხეულზე; როცა იგი ამაქვეყნიურ ამაო საზრუნავთა შორის გაბნეულობის მდგომარეობიდან თავისი გულის წიაღთა შინა ბრუნდება და ყოველნაირად იცავს მას უწინდელი ცოდვისმიერი სიბილწისაგან, რათა იგი უზაკველი და წმიდა ტაძარი იყოს უფალ იესო ქრისტესი.


გულმოდგინედ ინიშნეთ, ძმებო, ჭემმარიტი სინანულის ეს თვისებები, როცა ღმერთს შესწირავთ ასეთ სინანულს მისი მსახურების მოწმობითა და თანამოქმედებით. და თუკი სინანულის შემდეგ ჩვენ არ ვუბრუნდებით ჩვენს გულთა უწინდელ გაფანტულ მდგომარეობას, მაშინ ვიცოდეთ, რომ ჩვენი სინანული ჭეშმარიტი ყოფილა. მაგრამ თუკი სინანულის მოტანის შემდეგაც ჩვენ კვლავ ისეთნი ვრჩებით, როგორნიც მანამდე ვიყავით, მაშინ ესეც ვიცოდეთ: ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ჯერ არასდროს არ შეგვინანია ჭეშმარიტად, და კვლავაც უზრუნველობის სარეცელზე ვწევართ და არ გვადარდებს ჩვენი ცხოვნების საქმე.


უფალო ღმერთო, ჩვენო მაცხოვარო! ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ შენს წინაშე. ჩვენც მოგვხედე შენი მოწყალე თვალით! მოანიჭე ჩვენს გულებს სალმობიერობა და შემუსრვილობა ცოდვათა გამო! ჩვენს უძლურ სულებსაც მომართე შენი ყოვლადძლიერი სიტყვით და ჩვენც გვარქვი. „აღდეგ!“ რათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ შენი მცნებების ნათელში!