მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მე-5 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (8, 28-34; 9, 1)

 

„28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვინეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ხელ-ეწიფებოდა წარსლვაი მიერ გზით. 29. და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაი ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. 30. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაი მძოვარი. 31. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. 32. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. 33. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთვის. 34. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუისა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღუართა მათთაგან.“


„თავი 9.1.
1. და შევიდა (იესუ) ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად.“

 

I. დღევანდელ სახარებამი გადმოცემულია უფალ იესო ქრისტეს მიერ გერგესეველთა მხარეში არაწმიდა სულების საკვირველი განსხმის გარემოებანი ორი ეშმაკეულისაგან; ამასთანავე უფლის სიყვარულსა და მოწყალებას უპირისპირდება გერგესეველთა უმადურობა. ერთიცა და მეორეც ჩვენთვის დიდად სამოძღვრებოა და ამიტომ შევეცადოთ სრულად შევითვისოთ ყოველივე ის, რაც დღეს წაკითხულ სახარებაშია მოცემული.


„და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხვინეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ხელ-ეწიფებოდა წარსლვაი მიერ გზით“ (მუხლი 28).


აქ მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა გერგესეველთა სოფელში (ანუ მხარეში). ამ მხარეს ეს სახელი მიეცა ქალაქ გერგესასაგან. იგი ღადარინელთა სოფლადაც იწოდებოდა, ასევე სხვა ქალაქ ღადარას მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ მისი ადგილმდებარეობა ზუსტად არის ცნობილი. იგი მდებარეობდა პერეაში (ძველი გალაადი), მდინარე იერომაქსის სამხრეთ ნაპირას, გალილეის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამჟამად ამ ადგილას სოფელი ული ქეისია, გაშენებული ბორცვზე. გერგესას რაც შეეხება, მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში აზრთა სხვადასხვაობაა. პალესტინის რუკებზე გერგესა მოთავსებულია გენესარეთის ტბის სანაპიროზე. ქალაქის ამგვარი მდებარეობა შეესატყვისება სახარების თხრობასაც. ქალაქის გარეთ თვალუწვდენი მთები იწყება, სადაც მრავლად იყო ძველი სასაფლაოები; სწორედ აქ აფარებდნენ თავს სახარებაში მოხსენებული ბოროტეშმაკეულნი. ტბა ისე ახლოს იყო მასთან, რომ ღორების კოლტი კბოდედან პირდაპირ წყალში ჩაცვივდა და დაიხრჩო. ქალაქების გერგესასა და ღადარას ადგილმდებარეობიდან ჩანს, რომ გერგესეველთა მხარე მიწის უმნიშვნელო ნაგლეჯს წარმოადგენდა გენესარეთის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ხოლო რადგანაც აქ მდებარეობდა ათქალაქი (წოდებული ამგვარად იმის გამო, რომ იგი ათი ქალაქისაგან შესდგებოდა, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ სავაჭრო კავშირით), შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გერგესეველთა მხარეც ათქალაქის შემადგენლობაში შედიოდა. მოსახლეობის უმრავლესობას აქ ასირიელები და ბერძნები შეადგენდნენ, რომლებიც სიმდიდრითა და შეძლებულობით გამოირჩეოდნენ. ამას ქალაქების გერგესასა და ღადარას დღევანდელი ნანგრევებიც თვალსაჩინოდ ადასტურებენ, რადგან დიდებულებით გამოირჩევიან. ბევრნი აღიარებენ, რომ სახარებაში მოხსენიებული გერგესეველნი უწინდელთა შთამომავალნი იყვნენ, რომლებიც ნახსენები არიან მოსეს ხუთწიგნეულში (დაბად. 15,21; მეორე სჯული 7,1) და ისუ ნავეს წიგნში (24,11). ყოველ შემთხვევაში, ეს, უმეტესწილად, წარმართი ხალხი იყო და იესო ქრისტეს მოსვლა ამ მხარეში გვიჩვენებს, რომ იგი ამქვეყნად მხოლოდ იუდეველთა გამოსასყიდად კი არ მოვიდა, არამედ - ყოველთა წარმართთაც. „შეემთხვინეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი“... (მუხლი 28). ძალზე უცნაური მოვლენაა ეშმაკეულობა. ეშმაკი, ბოროტი სული შედის ადამიანის არსებაში და მის სულსა და სხეულს ეუფლება. ცნობილია, რომ ადამის შეცოდებიდანვე ეშმაკმა ხელმწიფება მიიღო ადამიანებზე როგორც თავის ტყვეებსა და მონებზე (ეფეს. 2,2). პეტრე მოციქული ეშმაკს მყვირალ ლომს ადარებს, რომელიც ეძიებს თუ ვინ შთანთქას (I პეტრე 5,8). მაგრამ მიუხედავად ეშმაკის ასეთი დიდი ხელმწიფებისა ადამიანებზე, მას მაინც არ ძალედვა და არ ძალუძს ყოველ ადამიანში შევიდეს და ქენჯნოს, რადგან ღმერთის განგებულებით, მისი უსაზღვრო სიყვარულითა და მოწყალებით ჩვენდამი, ადამიანი მაინც დაცულია ეშმაკის პირდაპირი კვეთებისაგან საღმრთო ძალით. ბოროტ სულს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ღმერთის დაშვებით, შეუძლია მთლიანად ეუფლოს ადამიანს და ჰქენჯნოს იგი. მაგალითად, სხვადასხვა სნეულებათ სწიოს. ეშმაკეულობის შემთხვევები განსაკუთრებით ბევრი იყო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებამდე, რადგან მაშინ ბოროტი სული ჯერ არ იყო მოწყლული და ძლეული მისი ჯვარზესიკვდილით. უფლისვნების,სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დემონებმა დაკარგეს თავიანთი ეს ძალა, თუმცა ახლაც, ღმერთის ნებითა თუ დაშვებით, ბოროტ სულებს ზოგჯერ შეუძლიათ ადამიანის არსებაში შესვლა და მისი ქენჯნა. ეშმაკეული ადამიანი ძალზე სასტიკად ევნება ბოროტი სულის მიერ, როგორც ამას სახარებაში ნახსენები ორი ეშმაკეულიც ცხადად გვიჩვენებს; ეს უბედური ადამიანები ტანსაცმელს იფლედნენ, რკინის ბორკილებს იგლეჯდნენ, რომლებითაც მათ, როგორც სასტიკ ბორგნეულებს, ჰკრავდნენ; ადგილებში გარბოდნენ, სადაც სასაფლაოებსა და მღვიმეებს აფარებდნენ თავს, გამვლელ-გამომვლელთ თავს ესხმოდნენ, დღითა და ღამით ველურებივით, საშინლად ღრიალებდნენ; მათი ტანჯვის სიმძაფრე თავზარს სცემდა მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს; ამის გამო, რაკი დიდი იყო მათი თავდასხმის საშიშროება, „ვერვის ხელ-ეწიფებოდა წარსლვად მიერ გზით“. ახალი აღთქმა ჩვენში არანაირ ეჭვს აღარ ტოვებს, რომ მაცხოვარიცა და მახარებელიც ნამდვილად არსებულად აღიარებდნენ დემონთა მიერ ადამიანთა შეპყრობას. თანამედროვე კრიტიკა ცდილობდა ეშმაკეულობასთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ეგრეთ წოდებული ფიზიკური თუ ფსიქიკური მიზეზებით აეხსნა; მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეპყრობილობის, ეშმაკეულობის მსგავსი სნეულებანი აშკარად ბუნებრივ მიზეზთაგან აღმოცენდებიან, სრულიად არ ეხება ახალ აღთქმაში ხსენებულ შემთხვევებს. ცათა შინაც და ქვეყანასა ზედაც ბევრია ისეთი რამ, რაც სიზმრადაც კი არ მოელანდებათ ჩვენს მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს. ისინი ორ უკიდურესობაში ვარდებიან ამ მხრივ: ან რაბინთა ცრურწმენებზე მიუთითებენ, დაკავშირებულზე დემონთა მიმართებასთან ადამიანებისადმი, რათა ეჭვქვეშ დააყენონ ეშმაკეულობის, ბოროტ სულთაგან ადამიანთა შეპყრობის ყველა შემთხვევა, ანდა გაუთვითცნობიერებელ ადამიანთა მარტივ, ფიზიკურ წარმოდგენებს სულიერი სამყაროს შესახებ საფუძვლად უდებენ იმას, რომ სრულიად უარყონ ყოველგვარი სულების არსებობა. რა თქმა უნდა, ორივე ეს პოზიცია უმართებულოა და სრულიად შეუსაბამოა. ამ შემთხვევში არანაირი მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ იუდეველებში არსებული რწმენა ბოროტი და კეთილი სულების არსებობისა, ზოგიერთთა აზრით, მეტ-ნაკლებად აღმოსავლურ წარმართულ ცრუ-რწმენათგან შეიძლებოდა აღმოცენებულიყო. ჭეშმარიტება ყველა შემთხვევაში ჭეშმარიტებად რჩება, სულ ერთია, რომელი წყაროდან აღმოცენებულადაც არ უნდა აღიარებდნენ მას ადამიანები, და ჩვენი ღვთისმეტყველებაც ძალზე ვიწრო ჩარჩოებმი მოექცეოდა, თუკი ჩვენ უხსოვარი დროიდან არსებულ საღმრთო გამოცხადებებს ადამიანისადმი მხოლოდ პალესტინით და ღვთის რჩეული ერით - იუდეველებით შემოვფარგლავდით. საღმრთო ნათელი პალესტინაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტის ძალით უნათებდა ებრაელებს, მაგრამ განა ვინმეს შეუძლია დაბეჯითებით ამტკიცოს, თუ რაოდენი ნათელი გადმოეფინა სხვა ქვეყნებსაც იმ სქელ, შავ-ბნელ ღრუბელთა გამჭოლ, რომლებიც მათ ფარავენ?!...


„რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისგან!“.. - იუდეველებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილები ქალაქებისა და სოფლების გარეთ ჰქონდათ მოწყობილი, სადაც მრავალრიცხოვანი მღვიმეებიანი მთები თუ გორაკები იყო. სწორედ ამ გამზადებულ გამოქვაბულებში აკეთებდნენ ისინი მიცვალებულთა აკლდამებს, აი, ამგვარ საფლავთაგან გამოიქცნენ იესოს შესახვედრად ის მძვინვარე ეშმაკეულნი.


„და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაი ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა“ (მუხლი 29).


აქ ჩვენ ვხედავთ, რომ დემონებმა ძალზე კარგად იცოდნენ, თუ ვინ იყო იესო, - ისინი მას ღმერთის ძედ აღიარებდნენ. „რაი-ძეს ჩვენი და შენი“-ო, ეუბნებიან ისინი უფალს. მართლაც, მათ, ბოროტ სულებს არაფერი საერთო და ზიარი არ ჰქონდათ მასთან, რადგან იგი მათი ხსნისათვის კი არ მოვიდა ამქვეყნად, არამედ ადამიანთა ცხოვნებისათვის. და მათაც, დემონებს, არაფერი სურთ ჰქონდეთ მასთან, უფალ იესო ქრისტესთან, რადგან იგი მათი ბოროტი საქმეების დასარღვევად მოვიდა.


„მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა“ (მუხლი29), - ანუ მოხვედი ჩვენს დასასჯელად - იმ ძუნწი სინათლისა და თავისუფლების წასართმევად ჩვენთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შეგვრჩენია, ანუ იმისა, რომ ამქვეყნად ვიდოდეთ და ყოველივეს ჩვენი ბოროტი ნებისაებრ ვიქმოდეთ.


მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქრისტე მრავალ ადამიანთაგან განასხამდა ბოროტ სულებს, და რომ, მაშასადამე, მათაც იგივე ხვედრი ელოდათ; იცოდნენ ისიც, რომ ადამიანთაგან მათი განსხმა და კვლავ ჯოჯოხეთად შთაგდება ტანჯვისათვის - ყველა სასჯელიდან უმძიმესია მათთვის. ამიტომაც ეუბნებიან იესოს - ჩვენს სატანჯველად მოხვედიო. მაგრამ რატომ ეუბნებიან დემონები უფალს - „უწინარეს ჟამისა“ მოხვედი ჩვენს სატანჯველადო? რომელ ჟამს გულისხმობენ ისინი აქ? - საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ განკითხვის საშინელ და საყოველთაო დღემდე ბოროტი სულები არ არიან ისე მძაფრად შეკრულნი, როგორც მის შემდგომ იქნებიან, და რომ მანამდე, ღმერთის ნებით, მათთვის ზოგჯერ დაშვებულია ადამიანთა გამოცდა, მათში შესვლა და მათი ტანჯვა; ხოლო განკითხვის საშინელ დღეს ისინი საბოლოოდ განისჯებიან საუკუნო სატანჯველად ყველა უკეთურ ადამიანთან ერთად. რაკი უწყიან ეს და რაკი ჰგონიათ, რომ ქრისტე არ დაელოდება ქვეყნის დასასრულსა და განკითხვის დღის დადგომას, არამედ ახლავე, ანუ უწინარეს ჟამისა განიკითხავს მათ საბოლოო სასჯელისათვის, ისინი, თითქოსდა, საყვედურობენ მას, რატომ მოხვედი ჩვენს სატანჯველად, ანუ ჯოჯოხეთში საბოლოდ შთაგდებისათვის „უწინარეს ჟამისა“-ო.


„და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაი მძოვარი“ (მუხლი 30).


ღორი ებრაელებში ყველაზე უწმიდურ პირუტყვად ითვლებოდა, მისი გარეგანი სიბინძურის გამოც და იმიტომაც, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვებში. ასე შეგვიძლია ვიმსჯელოთ საღმრთო წერილის სხვადასხვა ადგილის მიხედვით (ესაია 65,4; 66,3 და II მაკაბელთა 6,19 და შემდგომი ამისა). ცნობილია, რომ ღორი წმიდა ცხოველად ითვლებოდა კუნძულ კრიტოსზე; რომ მას მსხვერპლად სწირავდნენ ჰერკულესს, ვენერას, ცერერას - ბერძნები; იზიდას - ეგვიპტელები; პენატებსა თუ ლარებს - რომაელები; აგრეთვე ბახუსს - ეგვიპტეში (ჰეროდიტე II,47-48). ცნობილია აგრეთვე, რომ ღორისადმი ზიზღი ისრაელიანთაგან მის მონათესავე სემიტ ხალხში - არაბებშიც გადავიდა და მათს სარწმუნოებაში - ისლამში - კანონად-იქცა. იუდაური გადმოცემით, ღორის ხორცის ჭამა კეთროვანებას იწვევდა, მიქაოლისი („მოსეს კანონები“) მიუთითებს სამხრეთის ხალხთა საერთო რწმუნებაზე იმისა, რომ ღორის ხორცი კანის სნეულებებს იწვევს.


„ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა“ (მუხლი 31).


ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ ორ ბოროტეშმაკეულ კაცში ორი კი არა, გაცილებით ბევრი ეშმაკი იყო შესახლებული, - „ლეგიონი“, როგორც მარკოზ და ლუკა მახარებლები მოწმობენ. რაკი იცოდნენ, თუ როგორ მოეპყრო ქრისტე ადამიანთა მტანჯველ სხვა დემონებს, და გრძნობდნენ რა, რომ იგი მათაც განასხამდა ამ ორი ადამიანისაგან, რის შემდეგაც ჯოჯოხეთის უფსკრულში მოუწევდათ შთავარდნა (ლუკა 8,31), ამიტომ შეევედრნენ კიდეც უფალს - უფსკრულში კი არ წარგვგზავნო, არამედ აქვე, შორიახლოს მძოვარ ღორების კოლტშიო.


რა უბადრუკი ლოცვაა! - ევედრო უფალს, როგორც განსაკუთრებული მოწყალების გაღებას, ღორების კოლტში შესვლისა და იქ ყოფნის ნება მოგცეს. განა შეიძლება ვინმეს ამაზე უფრო საძაგელი ხვედრი ჰქონდეს?! და ვინ ითხოვს ასეთ უაბდრუკ მოწყალებას? - უხორცო სულნი, რომელნიც ოდესღაც ცათა შინა ჰგიებდნენ, ნათლის ანგელოზნი იყვნენ, უმაღლესი ძალისა და ხელმწიფების მპყრობელნი და მარადის დასტკბებოდნენ ნეტარებით ღმერთის პირისახის ნათელში. აი, რას ნიშნავს ცოდვა! რამეთუ სწორედ ცოდვამ ამპარტავნებისა გარდამოაგდო სატანა და მისი ანგელოზნი ცათა სიმაღლიდან და ბნელს უფსკრულში შთააგდო! სწორედ ცოდვამ შექნა ისინი ესოდენ უბედურნი, რომ ნებართვის მიღება ღორების კოლტში შესვლისათვის მათთვის უდიდეს წყალობას შეადგენს. რატომ ევედრებოდნენ ბოროტი სულები უფალს - ღორების კოლტში წარგვგზავნეო? ამ თხოვნაში დემონთა მზაკვრული განზრახვა ჩანს! მათ, რაკი ჩვეულნი იყვნენ შეპყრობილ ადამიანთა ტანჯვას, განიზრახეს ღორების კოლტიც დაეღუპათ და ამ გზით ქრისტეს წინააღმდეგ აღემხედრებინათ ამ ღორთა მეპატრონენი, რათა მათ შეშინებოდათ და არ მიეღოთ უფალი თავიანთ სამყოფელში და ამგვარად, ღირსნიც არ შექნილიყვნენ მისგან მაცხოვნებელი სწავლების მოსმენისა.


და რა მოხდა? აღასრულა უფალმა დემონთა ვედრება? დიახ, მან დააკმაყოფილა მათი თხოვნა - ღორების კოლტში წარგზავნა ისინი და ამით ყველა იქ მყოფს, ხოლო მათი მეშვეობით - ჩვენც, ყველასაც, გულისხმა-გვაყოფინა, რომ ღმერთის დაშვების გარეშე ეშმაკთ არათუ ადამიანებზე, - პირუტყვებზეც კი არა აქვთ არანაირი ხელმწიფება კვალად უფალმა ამით გვიჩვენა, რომ არაწმიდა სულებისათვის უფრო შესაფერია უწმიდურ პირუტყვებში შესახლება.


„და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღვისასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა“ (მუხლი 32).


არაწმიდა სულებმა იმგვარი განძვინება გამოიწვიეს ამ პირუტყვებში, რომ ღორების მთელი კოლტი კლდიდან ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. შესაძლოა ვინემ იფიქროს, რატომ დართო უფალმა ნება დემონებს ღორებმი შესულიყვნენ, დაეღუპათ ისინი, და ამით დიდი ზარალი მიეყენებინათ ქალაქ ღადარას მაცხოვრებელთათვის? ეს სასტიკი საქციელი ხომ არ არის ღადარინელთა მიმართ? არა, სულაც არა! გერგესეველთა მხარეში, როგორც ვთქვით, უმთავრესად წარმართები ცხოვრობდნენ, მაგრამ ცნობილია, რომ იმ დროს აქ ებრაელნიც სახლობდნენ.


თუკი ეს ღორები იუდეველთა საკუთრებას შეადგენდნენ, მაშინ ცხადია, რომ ისინი ამ ქონებას ფლობდნენ თავიანთი საღმრთო სჯულის აშკარა აკრძალვის საწინააღმდეგოდ, და სავსებით სამართლიანი იყო მათთვის იმის წართმევა, რასაც ისინი უკანონოდ ფლობდნენ. ხოლო თუკი ღორების კოლტი წარმართებს ეკუთვნოდა, მათთვისაც ეს საქციელი ღმერთის სჯულის საწინააღმდეგო იქნებოდა, რადგან ღორთა პყრობით იუდეველი მოსახლეობის გვერდით, ვისთვისაც მეღორეობაც და ღორის ხორცის საზრდოდ მიღებაც ცოდვა იყო, ისინი მხოლოდ საცთურს სწევდნენ მათ. გარდა ამისა, უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლისმცნობელმა ღმერთმა, კარგად უწყოდა, რომ ღადარინელნი უკეთურად ცხოვრობდნენ, გულსასტიკობით გამოირჩეოდნენ და ქვეყნიურ სიმდიდრეს იყვნენ მიკრობილნი, რაც მათ მალე გამოამჟღავნეს კიდეც. ამიტომაც უფალმა ქონების დაკარგვით დასაჯა ისინი, რათა დაემოძღვრა და იძულებული გაეხადა თავიანთ სულებზეც ჩაფიქრებულიყვნენ. და ბოლოს, უფალმა იესომ იმიტომაც მიუშვა ეშმაკნი ღორების კოლტში შესასვლელად, რათა ეს სასწაული ყველასათვის ცნობილი გამხდარიყო: ღორების დახრჩობამ ზღვაში აიძულა მწყემსები ქალაქში გაქცეულიყვნენ და საკუთარი თავის გასამართლებლად თავიანთ პატრონებისთვის და მოქალაქეთათვის ეუწყებინათ მომხდარის შესახებ.


„ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთვის. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუისა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღუართა მათთაგან“ (მუხლი 33-34).


ღორების მოულოდნელმა დაღუპვამ თავზარი დასცა მწყემსებს: ისინი განაკვირვა უფლის ძალამ და სასწაულმა, რამაც შესძრა და შეაშინა ისინი, სახარებაში ნათქვამია, რომ მწყემსები უმალვე ქალაქისაკენ გაიქცნენ და იქ მისულებმა ღადარას მაცხოვრებლებს მოუთხრეს ღორების საკვირველი დაღუპვის შესახებ, რომლებიც მათს მთავარ სიმდიდრეს შეადგენდნენ, აგრეთვე იმის შესახებაც, თუ როგორ სასწაულებრივად განიკურნენ ბოროტეშმაკეულნი, როგორი წყნარნი,საღი გონებისანი და გარშემომყოფთათვის სრულიად უწყინარნი შეიქნენ ისინი. და როგორ მოიქცნენ ამის შემდეგ ღადარინელნი? განიხარეს განა, რომ მათს მხარეში ამიერიდან გულდამშვიდებულად შეიძლება გზაზე დადგომა და რომ აქამდე საშიში, ბოროტეშმაკეული ადამიანები ამიერიდან სასარგებლონი შეიქნებიან ყველასათვის? თუ აღმოჩნდნენ ღადარინელნი უფალ იესო ქრისტეს მადლიერნი იმის გამო, რომ მან განკურნა და გადაარჩინა მათი მოყვასნი, რომლებიც აქამდე მათ თვალწინ იღუპებოდნენ და მთელს იმ მხარეს თავზარსა სცემდნენ თავიანთი ბორგნეული საქციელით? - არა, სიხარულისა და მადლიერების გრძნობით აღვსილნი როდი მოვიდნენ ქალაქ ღადარას მაცხოვრებელნი უფალ იესო ქრისტესთან. ამ ხალხმა სრულიად სხვა რამ თქვა და მოიმოქმედა: „და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთგან“.


როგორ შეიძლება აიხსნას ღადარინელთა ასეთი საქციელი? რა გრძნობა ამოძრავებდათ მათ, როცა უფლის შესახვედრად მოდიოდნენ და უნდოდათ, რაც შეიძლება მალე განეგდოთ იგი თავიანთი მხარიდან?


წმიდა მახარებელი ლუკა ღადარინელთა საქციელის გადმოცემისას შენიშნავს, რომ ცნობამ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულის შესახებ შეძრწუნება გამოიწვია მათს გულებში, და სწორედ დიდმა შიშმა აიძულა ისინი ეთქვათ უფლისთვის ის, რაც უთხრეს (ლუკა 8,37). მაშ, რისი შეეშინდათ მათ? როცა ადამიანს ღმერთის საკვირველი ძალა და დიდებულება ეცხადება, მაშინ იგი უსათუოდ დიდ ძრწოლასა და თრთოლვას განიცდის თავის გულში. ეს გრძნობა ყველაზე კეთილმსახურ ადამიანებსაც გამოუცდიათ, მაგალითად, როცა მოციქული პეტრე „განკვირვებამან შეიპყრო... ნადირობასა მას თევზისასა“, როცა უფლის ერთი სიტყვითა და მინიშნებით, აღურაცხელი თევზი ამოჰყვა ბადეებს, მან იმ შემთხვევაშიც თითქმის იგივე უთხრა უფალ იესოს, რაც ღადარინელებმა თქვეს:     სიმონ-პეტრე შეუვრდა მუხლთა იესუისთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“ (ლუკა 5,9,8). ამგვარი შიში ადამიანის გულში წარმოიშვება საკუთარი ცოდვიანობისა და ღმერთის დიდებულების წინაშე თავისი უღირსობის ღრმა შეგნებიდან, და არის ჭეშმარიტი რწმენის ნაყოფი; მასში შეერთებულია კეთილმოწიწებაც, სიყვარულიც და მორჩილი სიმდაბლეც ღმერთის წინაშე, და ამიტომაც ასეთი გრძნობა სათნო-ეყოფა და ეამება ღმერთს. მაგრამ ამგვარმა შიშა როდი შეიპყრო ღადარინელნიც! მათაც შეგნებული აქვთ თავიანთი უძლურება იესო ქრისტეს ყოვლადძლიერობის წინაშე, მაგრამ ეს შეგნება არ არის განმსჭვალული კეთილმოწიწებითი გულშემუსვრილობით, რაც ამგვარ შემთხვევებში ახასიათებს ჭეშმარიტად თავმდაბალ სულს. ისინი იესო ქრისტეში ადამიანისაზე აღმატებულ ძალასა და ხელმწიფებას ხედავენ, მაგრამ იმის სურვილსაც კი არ ამჟღავნებენ, რომ გაიგონ, თუ საიდან არის მასში ასეთი ძალა და ხელმწიფება. თავიანთ მოჩვენებით მოკრძალებასა და მოშიშებაში იესო ქრისტეს წინაშე ისინი მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ როგორმე თავიდან მოიშორონ იგი. ამრიგად, ეს არ არის რწმენისმიერი შიში, რომელშიც სიყვარული გამოსჭვივის ჩვენი შემაშინებელის საღმრთო ძალისა და დიდებულების წინაშე, არამედ ეს ურწმუნოებისმიერი, ანდა ცრურწმენისმიერი შიშია, მხოლოდ ერთ სურვილს რომ აღძრავს ადამიანში - თავიდან მოიცილოს შემაშინებელი საგანი.


ახლა კი გასაგებია ჩვენთვის ღადარინელთა საქციელი. ისინი სულიერ უცნობლობაში ცხოვრობდნენ, მათ არ ეპყრათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და არც შეეძლოთ თავიანთი სულიერი განათლების შესახებ ეფიქრათ. ჩვეულებრივ საერო საზრუნავსა და სურვილებს მიცემულნი, ისინი იმდენად შეეჩვივნენ ცხოვრების ამგვარ წეს-რიგს, რომ ყველაზე კარგ და ბუნებრივ მდგომარეობად თავისთვის სწორედ ასეთი წესი მიაჩნდათ. ამიტომაც როცა მათთან უფალი იესო ქრისტე მივიდა და თავისი საღმრთო ძალა უჩვენა, მაშინ მათ შეეშინდათ მისი იქ ყოფნისა, მით უმეტეს, რომ უფლის მიერ აღსრულებული სასწაული დაკავშირებული იყო მათს ნივთიერ დანაკლისთან; ღადარინელებს რომ მართლაც ჰქონოდათ ჭეშმარიტი სარწმუნოების მოთხოვნილება და სურვილი მისი შეძენისა, მაშინ დაივიწყებდნენ თავიანთ დანაკლისს და სასწაულთმოქმედის დიდებულების წინაშე ღრმა მოწიწებით აღვსილნი ზეციური წარმოგზავნილის პოვნას იმედოვნებდნენ მასში თავიანთ გასანათლებლად; მაგრამ მათ სულ სხვა რამ წარმოუდგათ, კერძოდ კი ის, რომ ასეთი ძალისა და ხელმწიფების მქონე პიროვნების წინაშე ვერავინ შესძლებს საკუთარი თავი უხიფათოდ მიიჩნიოს, რომ ასეთ პიროვნებას შეუძლია დაარღვიოს მათი ცხოვრებისა და საქმიანობის წესი, და სხვა. ვინ იყო სინამდვილეში იგი და რა მიზნით ეწვია მათს მხარეს, ღადარიანელებს ეს არც აინტერესებდათ; მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ რაც შეიძლება მალე დამშვიდებულიყვნენ თავიანთი შიშისაგან, შეშფოთებისაგან და ცხოვრების ჩვეულ მდინარებას დაბრუნებოდნენ. ამიტომაც „ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათგან“.


ჰოი, საწყალობელნო გერგესეველნო! ნეტამც ამ თქვენს დღეს მაინც გეცნათ, თუ რა ემსახურება თქვენს მშვიდობას (ლუკა 19,42).


„და შევიდა (იესუ) ნავსა და წიაღხდა და მოვიდა თვისად ქალაქად“ (თავი 9, მუხლი 1).


მშვიდი კრავი ღმრთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე უსიტყვოდ აღასრულებს უმადური და უგრძნობელი გერგესეველების თხოვნას. მან დასტოვა მათი მიწა-წყალი, ხომალდით გადასცურა გალილეის ზღვა და კვლავ თავის ქალაქში, ანუ კაპერნაუმში ჩავიდა, როგორც ამას მახარებელი მარკოზი ადასტურებს, როცა წერს: „და შევიდა კვალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა“ (მარკოზი 2,1). კაპერნაუმს „იესოს ქალაქი“ ეწოდებოდა იმიტომ, რომ მართალია იესო ბეთლემში იშვა, ხოლო ნაზარეთში აღიზარდა, მაგრამ ყველაზე დიდხანს სწორედ ქალაქ კაპერნაუმში იმყოფებოდა, საიდანაც, ვითარცა თავისი მხარის მთავარი ადგილიდან, მთელს გალილეაში გადიოდა სამქადაგებლო მოგზაურობათათვის ცათა სასუფეველის სახარებლად.


 

II. ახლა კი განვიხილოთ, თუ რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება.


ა) იგი, უპირველეს ყოვლისა, შეგვაგონებს, რომ ბოროტი სულები ნამდვილად არსებობენ (მუხლი 28). რამეთუ ბოროტი სულით შეპყრობილთ თავისით არ შეეძლოთ იესო ქრისტესათვის ღმერთის ძე ეწოდებინათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ იცოდნენ იგი, უმთავრესად კი თვით ამგვარი სიტყვის არაბუნებრივობის გამო. აბა, განა შეჰგავს და ბუნებრივია იესო ქრისტეს პირველად მნახველი ადამიანებისათვის, რომელთაც მასზე არანაირი წარმოდგენა არა აქვთ, თქვან, რომ იგი უწინარეს ჟამისა მოვიდა მათს სატანჯველად? ამრიგად, უბედურ ეშმაკეულთა პირით, ცხადია, თვით ბოროტი სულები მეტყველებდნენ, რომელთა ხელმწიფების დასარღვევადაც ადამიანებზე მოვიდა კიდეც ამქვეყნად ჩვენი მაცხოვარი. მაგრამ არც თუ იშვიათად ამის საწინააღმდეგოს ვისმენთ თვით ქრისტიანთაგანაც კი, რომლებიც ამბობენ, რომ სახარებაში ნახსენებ ეშმაკეულთა ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ განსაკუთრებული ნერვული დაავადებით სნეული ადამიანები - ფიზიკური დაავადებით, ოღონდ ისეთით, რომლის სახელწოდების მოფიქრება ებრაელებს არ შეეძლოთ; და ისინი არამც და არამც არ იყვნენ შეპყრობილნი ბოროტი სულებითო. მაგრამ თუკი ეს ბუნებრივი სნეულება იყო, მაშინ რატომ არ არის იგი სახელდებული ამგვარად, - რამეთუ სახარებაში ყველა ასეთი სნეულება პირდაპირაა დასახელებული? და ნუთუ მაცხოვარს, ხორციელ-ქმნილ ჭეშმარიტებას, ღმერთის ძეს შეეძლო უმართებულოდ ელაპარაკა ისე, რომ მხოლოდ იუდეველთა გაგებას მისადაგებოდა? განა შეეძლო მას ასეთი უსამართლობა დაეშვა? პირიქით, საღმრთო წერილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იესო ქრისტე „მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა“ (საქმე მოციქ. 10,38), - რომ ძე ღმრთისა სწორედ იმისთვის გარდამოხდა ქვეყნად, „რაითა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი“ (I იოანე 3,8), რომელმაც შემოქმედი ღმერთის ურჩობა ჩააგონა ჩვენს პირველმშობლებს და მათი ცოდვით დაცემის შემდგომ ხელმწიფება მიიღო ცოდვიან ადამიანებზე. მისი ეს ხელმწიფება უფალმა იესო ქრისტემ დაარღვია თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით და გამოსყიდულთათვის იმ საშუალებათა მონიჭებით, რომლებითაც მათ კაცობრიობის უძველესი სულიერი მტერის დამარცხება შეუძლიათ - ჭეშმარიტ-ქრისტიანულ სარწმუნოებაში ყველა მისი საღმრთო საიდუმლოთი და კეთილმსახურების წესებით. მაგრამ თავისი ურწმუნოებითა და შეცოდებებით ქრისტიანიც კვლავ აძლევს ბოროტ სულებს ხელმწიფებას საკუთარ თავზე, და ისინიც ამჯერად უფრო მეტის დახელოვნებითა და მზაკვრობით მოქმედებენ, ვიდრე ამას ქრისტიანობამდელ დროში იქმდნენ, მაგრამ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ აწ ისინი მაშინდელზე უფრო უძლურნი არიან, კვლავაც ძალუძთ დიდი ზიანი მიაყენონ ადამიანს, დამღუპველად იმოქმედონ მორწმუნეებზე და დააბრკოლონ მათი ცხოვნების საქმე.


ბ) მეორედ, დღევანდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას გვასწავლის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ყოვლადძლიერი შემოქმედი და მეუფე ყოველთა ქმნილებათა, ხილულთაც და არახილულთაც, ანგელოზთაც და კაცთაც, და თვით ეშმაკთაც, დემონებისაც, ანუ ბოროტი სულებისაც (მუხლი 29), რომელნიც დასაბამად კეთილ, ნათლის ანგელოზებად შეიქმნენ, მაგრამ შემდეგში თავიანთივე თავისუფალი ნებით ამპარტავნებით აღივსნენ, გაბოროტდნენ, მზაკვრობას მიექცნენ და ამის გამო განეშორნენ ღმერთს - გარდამოგდებულ იქნენ ცათა სიმაღლეთაგან წყვდიადის უფსკრულში.


გ) მესამედ, დღევანდელი სახარების თხრობა იმას გვასწავლის, რომ ღმერთის მიტევების, ღმერთის დაშვების გარეშე ბოროტ სულებს არც ერთი ქმნილებისათვის არ შეუძლიათ ბოროტის ქმნა (მუხლი 31), და თუკი ღმერთი მიუშვებს მათ ადამიანთა სატანჯველად, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას იგი იქმს ცოდვილთა დასასჯელად და შესაგონებლად, მოსაქცევად, მათი სხვადასხვა უკეთურობებისა და ცოდვების აღმოსაფხვრელად, მათს გამოსასწორებლად, რაც კარგად ჩანს თვით უფლისმიერი დამოძღვრიდან განკურნებული ეშმაკეულისა, როგორც ამას მახარებელი ლუკა გადმოგვცემს (თ. 8).


დ) მეოთხედ, დღევანდელი სახარება იმ ჭეშმარიტებას გვასწავლის, რომ იქნება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და უფლის საშინელი სამსჯავრო ყოველთა ადამიანთა - მკვდართა (ურწმუნოთა) და ცოცხალთათვის (მორწმუნეთათვის), და ყოველთა ბოროტთა სულთათვის (მუხლი 29), როცა ყველას დამსახურებულად მიეგება ღირსეული საზღაური - ბოროტ სულებს - საუკუნო ცეცხლი, შესაბამისი მათი სულიერი, უხორცო ბუნებისა, ისევე როგორც ყველა შეუნანებელ ცოდვილს, ხოლო მართალ და ჭეშმარიტად მომნანიებელ ადამიანებს - საუკუნო ნეტარი ცხოვრება ცათა სასუფეველში. ეშმაკნი ასე ეუბნებიან უფალს თავიანთ მიერ შეპყრობილთა პირით: „რაი ძეს ჩვენი და შენი, იესო, ძეო ღმრთისაო? მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენდა“. ხედავთ, ეშმაკთაც სწამთ იესო ქრისტე როგორც ძე ღმრთისა და როგორც თავიანთი მომავალი მრისხანე და სამართლიანი მსაჯული, რომელსაც განმზადებული აქვს მათთვის საუკუნო სატანჯველი, დღევანდელი ურწმუნონი კი, ეგრეთ წოდებული ნიჰილისტები, თავიანთ უგნურებაში ეშმაკთაც კი აღემატებიან, იმიტომ, რომ არა სწამთ არც იესო ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა, არც ეკლესია, არც ადამიანის სულის უკვდავება; არა სწამთ მათ არც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა, არც მომავალი სამსჯავრო განკითხვის დღისა; ამიტომაც არიან ეს ათეისტები ეგზომ სასოწარკვეთილები და თავზეხელაღებულები, ვისაც ნებისმიერი ბოროტების ჩადენა შეუძლია - მკვლელობისა, ძარცვა-გლეჯისა, ხანძრის გაჩენისა, ისინი არ აღიარებდნენ ღმრთივდადგინებულ ქვეყნიურ ხელისუფალთ და მხოლოდ ეშმაკისა და თავიანთ დამღუპველ ნებას აღასრულებდენ.


ე) მეხუთედ, აწინდელი სახარება იმას გვასწავლის, რომ ნებისმიერი სუნთქვის, ნებისმიერი სიცოცხლის ხელმწიფება ღმერთს უპყრია (მუხლი 32); და უფლის ნებაა - ვისაც სურს, მოანიჭოს სიცოცხლე, და ვისაც სურს - წაართვას. ეშმაკთაგან შეპყრობილნი შეიძლებოდა ერთ წუთში დაღუპულიყვნენ ბოროტ სულთა განძვინებისაგან, მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ დემონებს დაეღუპათ ისინი, არამედ მხოლოდ მათი ტანჯვის, ქენჯნის ნება მისცა შეგონებისა და გამოსწორებისათვის, ხოლო ღორების კოლტის დაღუპვა ეშმაკთა მიერ დაუშვა, შესაძლოა იმისათვის, რომ ღადარინელთა მხარის ურწმუნო ადამიანები დაესაჯა, როგორც ახლაც, ჩვენს დროში, უფალი ზოგჯერ დაუშვებს პირუტყვის დაცემას, ამოწყვეტას, რათა ამგვარი სასჯელით შეაგონოს ადამიანები და სინანულად მოიყვანოს.


ვ) ეშმაკეულთა საკვირველი განკურნვის ამბავი იმასაც ცხადად გვიჩვენებს, რომ არაწმიდად მცხოვრები ცოდვილი ადამიანები ყოველთვის განმზადებული სამკვიდრებელნი იყვნენ და არიან ღმერთის მტერთათვის, ბოროტ სულთათვის, რამეთუ ცოდვის წუმპეში შთაფლული ადამიანები უწმიდურ ღორთა კოლტს მიემსგავსებიან, რომელში შესვლაც დემონებმა ისურვეს და შევიდნენ კიდეც მათს წარსაწყმედად (მუხლი 32). მსგავსება მათ შორის მართლაც ცხადია, იმიტომ, რომ მაცხოვარი ასე შეგვაგონებს: „ეკრძალენით თავთა თქვენთა. ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა და მეყსეულად მოიწიოს თქვენ ზედა დღე იგი“ (ლუკა 21,34). ზედმეტი საზრდოს მიღებას უშუალოდ მოსდევს ხორციელი გულისთქმები, როგორც მოციქული გვასწავლის: „ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფეს. 5,18). ყველა მოსაგრე ბერი და კეთილი ქრისტიანი ერისკაცი ყოველთვის ერიდებოდა და ერიდება ზედმეტობას ჭამა-სმაში, რათა არაწმიდა ჭურჭელად არ შექნილიყვნენ და არ შეიქნან ეშმაკისათვის. დაე, თუნდაც არ აღმოცენდებოდეს ჩვენში ნაყროვანებისა და მთვრალობისაგან ხორციელი ვნება, მაინც, სხეულებრივი დამძიმების დამთრგუნველი მდგომარეობა, რომელიც მართლაც რომ ღორებს გვამსგავსებს, უნდა გვაკავებდეს ნამეტნავი ჭამა-სმისაგან; ჭამა-სმაში თავშეუკავებელი ადამიანის აზრი ჩლუნგდება, მისი ყოველი მოქმედება და საქმე მძიმდებადა მას უზომო რული, მცონარება ეძალება; იმ დროსაც კი, როცა ასეთი ადამიანი ფხიზლობს, იგი თვითონაც ზანტად აზროვნებს, სხვებსაც ნახევრადმძინარივით უსმენს და საქმეებსაც ამგავრსავე მდგომარეობაში ძლივ-ძლივს აკეთებს. ამიტომაც არც მის სიტყვებში და არც მის საქმეებში არ არის არც კავშირი და არც სიზუსტე. ამ ცოდვის კვალიც ყველასათვის თვალსაჩინოდ იხატება მის სახესა და სხეულზე; ჭამა-სმაში ზედმეტობის დაფარვა არანაირი გარეგნული მოჩვენებითობით არ შეიძლება. მხოლოდ თავშეკავება, კეთილკრძალულობა, შრომა და ლოცვა შესძენს ადამიანს პატივსადებ და კეთილსახიერ გარეგნობას.


მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი გარეგნობა და ადამიანთაგან მიღებული პატივისცემა როდია, რაც მხოლოდ ფარისეველთათვის იყო დამახასიათებელი. ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ თავშეკავებითა და განუწყვეტელი მუშაკობით გულმოდგინე ლოცვასთან და ღმერთის დიდებულებაზე ფიქრთან ერთად ჩვენ ბოროტსულებს განვდევნით ჩვენგან და ღმერთის წმიდა სულს ვეზიარებით. დაე, ყოველნი ქრისტიანნი ამისი ღირსნი შეგვქნას უფალმა თავისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად.


ზ) ბოროტეშმაკეულთა განკურნვის ეს სახარებისეული ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენი ცოდვები განგვაშორებენ ღმერთისაგან და თითქოს ზღუდეს, წინაღობას წარმოქმნიან ჩვენსა და ღმერთს შორის. რამეთუ ჩვენი სულის მეტ-ნაკლები შთაფლვისაგან ცოდვათა და შეცთომილებათა წყვდიადში, ჩვენ გერგესეველ უკეთურ მაცხოვრებელთა მსგავსად აღარ შეგვეძლება ყოვლადწმიდა ღმერთის ყოფნის ატანა ჩვენს გვერდით და მზად ვიქნებით პირდაპირაც შევღაღადოთ მას: განგვეშორე ჩვენ, რადგან არ გვსურს ვუწყოდეთ გზანი შენნიო.


და სანამ ჩვენს სულში ჯერ კიდევ კიაფობს რწმენის კანდელი; სანამ ჩვენს გულში ჯერეთ არ დაშრეტილა სიყვარულის ცეცხლი ჩვენი უფლისა და მისი საღმრთო სჯულისადმი; სანამ ჩვენს არსებაში ჯერ კიდევ არ განქარვებულა სურვილი ცხოვნებისა და საუკუნო ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა უფლისა თანა, მანამდე ჩვენი საკუთარი ცოდვიანობის შეგრძნება გვაიძულებს არ განვეშოროთ ღმერთს და, პირიქით, მისი სიახლოვე და მასთან ერთობა ვეძიოთ. სულ სხვა რამ ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთა სულებსაც ამა ქვეყნის მწუხარებანი თუ ცხოვრებისეული შვება-სიამენი წყვდიადით მოსავენ, რომლის განფანტვაც, მათივ მიზეზით, არ ძალუძს ზეციური ნათელის სხივებს, - განსაკუთრებით კი ეს იმ ადამიანებს ეხება, რომელთა გულებსაც რაიმე ბილწი ვნება დაუფლებია. მათთვის ყოველივე წმიდა, საღმრთო და ნაკურთხი მოსაწყენი, მძიმე, უსიამოვნო შექნილა. აი, თუნდაც ღმერთის ტაძარში შევიდნენ ისინი, -აქაც ყოველივე უცხოა მათთვის, ყველაფერი უინტერესო და მოსაწყენია. ანდა, აი, თუნდაც ღვთის სიტყვას ისმენს ესევითარი ცოდვილი მისი ხმიანობა ვერ სწვდება მის სასმენელს, მის გულს, და უსიამოვნოდაც ეჩვენება, როცა მის დამღუპველ სიცარიელესა და უსახურებას ამხილებს.


როდესაც ადამიანი ცოდვებმი შთაფლობის უკიდურეს ზღვარს აღწევს, მაშინ მას არათუ არ უყვარს ნათელი და გაურბის მას, არამედ სძულს კიდეც იგი და ზიზღითაც ზურგს აქცევს; ყოველივე წმიდა და საღმრთოც მისთვის უაღრესად საძულველი და მტრული ხდება. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს არათუ არ სურს გამოსწორება, არამედ, პირიქით, უყვარს კიდეც თავისი ცოდვიანი მდგომარეობა, თავს იქებს თავისი მანკიერი საქმეებით, თავს განიდიდებს ურწმუნოებით, განზრახ ხუჭავს თვალებს, რომ არ დაინახოს ქრისტეს სახარების შუქი, პირს იბრუნებს, რომ არ იხილოს ღმერთის ძლიერების ყველა მადლმოსილი და საკვირველმოქმედი გამოვლინება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე შვილი ესევითარ სიცოფემდე და სიბრმავემდე მოვიდეს! ამიტომაც არის საჭირო, ძმანო, ჩვენი წმიდა სარწმუნოების კანდელის დაცვა ურწმუნოებისა და ცრურწმენათა წყვდიადის ყოველი მონაბერისაგან, რათა ურჯულოთა საცთური არ გვეწიოს და არ განვვარდეთ ჩვენი სიმტკიცისაგან.


თ) და ბოლოს, უფალ იესოს მაგალითში, ვინაც ურისხველობა გამოავლინა უმადური გერგესეველების მიმართ, ჩვენ სამოძღვრებო მაგალითს ვხედავთ იმისთვის, თუ როგორი მიმართება უნდა გვქონდეს ჩვენდამი უმადურობით მომქცევ ადამიანებთან, როცა ჩვენ მათ კეთილს ვუყოფთ, ისინი კი გაბოროტებულნი ზურგს გვაქცევენ და განგვაგდებენ თავისაგან (თ. 9, მუხლი 1). დიახ, ჩვენ არ უნდა აღვშფოთდეთ მათი ამგვარი საქციელის გამო, არ უნდა განვურისხდეთ მათ. მრავალს სცოდაეს უმადური კაცი ამ ერთი ცოდვით - უმადურობით, და კეთილის მომქმედიც მრავალ ცოდვაში შთაიგდებს თავს, თუკი თავისი კეთილმოქმედებისათვის საზღაურს ეძიებს, ვერ პოულობს მას და ბოროტდება ამის გამო! იგი აღივსება რისხვით, სხვათა განკითხვით, სიძულვილით და აღმოფხვრის საკუთარი გულისაგან სიყვარულს მოყვასისადმი და კეთილისმყოფელ განწყობას გარშემომყოფთადმი. უმადური ადამიანი, რაოდენ გულსასტიკიც არ უნდა იყოს იგი, გრძნობს თავისი ცოდვის მნიშვნელობას, და ამიტომ იმედსაც იძლევა, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გამოსწორდეს. ხოლო კეთილისმომქმედი, თუკი წარმოიდგენს, რომ დიდი უფლება აქვს საზღაური მიიღოს იმისაგან, ვისაც კეთილი უყო, არათუ არ ინანიებს, არამედ ვერც კი გრძნობს თავის ცოდვას, და ამიტომ არც არის რაიმე იმედი, რომ მოიქცევა და გამოსწორდება თავის ცოდვათაგან. კეთილის-ყოფა სხვებისადმი უდიდესი სათნოებაა, რადგან სიყვარულის ნაყოფია, რადგან თავადვე არის სიყვარული, გამოხატული საქმეებში, მაგრამ გარდაქცეული, დამახინჯებული განზრახვა საზღაურის მიღებისა თავისი კეთილმოქმედებისათვის სრულიად წაახდენს კეთილმოქმედების ნამდვილ მიზანს! და ამის გამო მისი სათნოება მანკიერებად იქცევა, ანდა სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ეს დიდი სათნოება მას მრავალი ცოდვის მიზეზად გადაექცევა. ამრიგად, ჰოი, კაცო, რისთვის მრისხანებ და დრტვინავ შენ უმადურის საქციელზე? შენ, ნამდვილად, იმის გამო მრისხანებ, რომ ვერ მიიღე მისაგებელი, ან იმიტომ, რომ შენი კეთილმოქმედების ტოლფარდი საზღაური ვერ მიიღე, ანდა-მასზედ, რომ კეთილის ნაცვლად ბოროტი მიიღე. ნუთუ კეთილმოქმედების აღსრულების დროს საზღაურის მიღებას ელოდი? ნუთუ სიკეთეს იმისთვის უყოფდი ადამიანს, თავადაც იგივე მიგეღო? ნუთუ იმისთვის გასცემდი, რომ თვითონვე მიგეღო იგივე? თუ ასეა, მაშინ შენი კეთილმოქმედება არც ყოფილა კეთილმოქმედება, რამეთუ ზუსტად ასე იქცევა მევახშეც, ვალის გამცემიც, რომელიც იმისთვის გასცემს, რომ უკანვე მიიღოს და თან სარგებლითაც. ამგვარადვე იქცევა ვაჭარიც, რომელიც შენ ერთს რასმე გაძლევს, სხვას კი - გართმევს. როცა საკუთარი თავისთვის იტყვი, კეთილვმოქმედებო, მერმე კი საზღაურს მოითხოვ შენი კეთილმოქმედებისთვის, უწყოდე, რომ მაშინ შენ პირმოთნე, ფარისეველი და ცრუ შეიქნები, ვინაც მხოლოდ ატყუებ ადამიანებს. რამეთუ როცა მათ ესმით, რომ შენ კეთილმოქმედებ და როცა ხედავენ, რომ თამასუქისა და ხელწერილის გარეშე გასცემ, მშინ გაქებ-გადიდებენ და აღგამაღლებენ, როგორც კეთილისმოქმედსა და გულმოწყალეს; მგრამ შენ მხოლოდ გარეგნულად, მხოლოდ ჭორად ხარ კეთილისმოქმედი. ასეთი, ეჩვენები ადამიანებს, სინამდვილეში კი მევახშე, ვალის გამსესხებელი დანამდვილი ვაჭრუკანა ყოფილხარ!...


ამრიგად, ყოველივეში მაცხოვარს მივბაძოთ, უბოროტონი ვიყოთ, როცა ჩვენგან კეთილის მიმღები ბოროტად მოგვიზღავს; დავემორჩილოთ მის ღვთაებრივ ბრძანებას! „ხოლო თქვენ... კეთილსა უყოფდით და ავასხებდით, და ნურარას უსასო ჰყოფთ!“ (ლუკა 6,35), და გწამდეს მისი საღმრთო დაპირებისა: „და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალ, და იყვნეთ ძენი მაღლის“ (იქვე).