„32. და (მას ჟამსა შინა) იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, 33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; 34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. 35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. 36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? 37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? 39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. 40. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს. 41. და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. 42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? 43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; 44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. 45. და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.“
I. აწინდელი კვირის სახარება შეიცავს წინასწარმეტყველებას უფალ იესო ქრისტეს ვნების შესახებ, ზებედეს ძეთა თხოვნას პირველობისათვის ცათა სასუფეველში და უფლის პასუხს მათდამი და აღშფოთებული დანარჩენი ათი მოციქულისადმი. უფალ იესოს ამ წინასწარმეტყველებაში გაცხადებულია ყველა მისი ტანჯვა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა მესამე დღეს; იოანესა და იაკობის თხოვნამ გამოიწვია უფლის პასუხი, რომლიდანაც ჩვენ ვიგებთ, თუ ვინ არის ღირსი ცათა სასუფევლისა; ხოლო აღშფოთებული მოციქულებისადმი მიმართულმა უფლის სიტყვებმა წარმოგვიჩინეს ის საშუალებას, რომლითაც ქრისტეს თითოეულ მორწმუნეს ძალუძს ჭეშმარიტი დიდებისა და სიწმიდის ხარისხს მიაღწიოს. აწ დაწვრილებით განვიხილოთ სახარების დღევანდელი საკითხავი.
„და (მას ჟამსა შინა) იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა“ (მუხლი 32).
მაცხოვარი საუბარს იწყებს თავისი ტანჯვის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რაც მას ახლო მომავალში მოელის. როგორც სახარებისმიერი ისტორია გვიჩვენებს, ეს ჭეშმარიტება უკვე ცნობილი იყო მოციქულებისათვის. მაცხოვარს არაერთგზის უთქვამს მათთვის თავისი მეუფების განსხვავების შესახებ ჩვეულებრივი ქვეყნიური მეფობისაგან და არაერთგზისვე შეუხსენებია მათთვის, რომ კაცის ძისათვის, ანუ თვით უფალი ქრისტესათვის „ჯერ-არს ფრიად ვნებაი და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღვართაგან და მწიგნობართაგან და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“ (მარკოზი 8,31; 9,31). მაგრამ მოწაფენი ან შეძრწუნდებოდნენ მისი სიტყვებისგან, ან „უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“ (მარკ. 9,32), ანდა შეცბუნებულნი ეუბნებოდნენ: უფალო, ნუმც აღსრულდება ესე შენ ზედაო. ამჯერად კი, რადგან უკვე ახლოვდებოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო, მაცხოვარმა კეთილად ინება კვლავაც ეუწყებინა თავისი მოწაფეებისათვის ის, რაც მას უნდა შემთხვეოდა, - ეუწყებინა იმისათვის, რომ მათ, თავიანთი უფლის ტანჯვისა და სიკვდილის ხილვისას, არ ეფიქრათ, რომ ეს უნებლიეთ, შემთხვევით მოხდა, და ამის გამო უნუგეშო მწუხარებასა და სასოწარკვეთას არ მისცემოდნენ. მაგრამ მოციქულთა სულებმა, ჯერეთ განუწმენდავებმა სულიწმიდის მადლით, უწინდებურადვე ვერ შეიმეცნეს ჯეროვანი სახით თავიანთი მოძღვრის სიტყვები.
„ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მუხლები 33-34).
უფლის სიტყვები ჭეშმარიტად წინასწარმეტყველებას შეიცავენ, ანუ ისეთი მოვლენების წინასწარ თქმას, რომელთა წინასწარჭვრეტა და წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა ადამიანური გონების მოსაზრებით. უფლის ამ წინასწარმეტყველებაში გაცხადებულია იესო ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებათა მთელი რიგი. მასში ნათქვამია: ძე კაცისაი მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართაო.
მღველთ-მოძღვრად, ანუ მღვდელმთავრად იწოდებოდა უხუცესი პირი აარონის ჩამომავლობის უხუცესი გვარიდან, რომელიც სულ ცოტა სამოქალაქო სრულწლოვანებას, ანუ ოცი წლის ასაკს უნდა ყოფილიყო მიღწეული. უბრალო მღვდელმსახურთა ყველა განმასხვავებელი ნიშან-თვისება და მოვალეობა თანაბრად ეკუთვნოდა მღვდელმთმოძღვარსაც, ოღონდ მისი, როგორც პირველმღვდელმთავრის, ღირსებისათვის შესაბამისი ზოგიერთი დანამატით. მას უფლება არ ჰქონდა ქვრივი ქალი შეერთო ცოლად; თავი გაეშიშვლებინა ანდა შესამოსელი დაეპო მწუხარების ნიშნად, არც თავისი ყველაზე ახლობელი გარდაცვლილი ადამიანები დაეტირა. ამ წოდებაში კურთხევა აღინიშნებოდა უხვი გადაღვრით მომავალი მღვდელმთავრის თავზე მოსეს მიერ შექმნილი და მას შემდეგ სჯულის კიდობანში დაცული მირონისა (ლევიტ. 7,12), და სჯულის ძალით ყოველ ახალ პირზე, ვინც ამ წოდებაში იკურთხებოდა, კვლავ და კვლავ განახლდებოდა (გამოსვლ. 29,29-30). მხოლოდ განწმენდის დღეს ატარებდა დიდი მღვდელმთავარი უბრალო სამღვდელო შესამოსელთ; მთელი სხვა დროს განმავლობაში კი ამ შესამოსელთ ემატებოდა ოთხი სხვაც: 1. ზედა შესამოსელი, ნაქსოვი სუმბულისფერი მატყლისაგა, გრძელი, მრგვალი, უსახელებო, შემკული ამეთვისტოებით, ქვემოთ მოოჭვილი მრავალფერი ფესვედით და ოქროს პატარა ეჟვნებით; 2. ორმაგი ქსოვილისაგან შემდგარი ეფოდი, ოქროს, ბისონისა და სუმბულის, ძოწის და მეწამულისფერი მატყლისაგან ნაქსოვთაგან, რომლებიც ზემოთ შეერთებული იყო შესაკვრელით - მათზე - ორ ქვაზე ბრწყინავდა ისრაელის ტომთა სახელები, ხოლო ქვემოთ მიმაგრებულნი სარტყელებით; 3. სამკერდე (გულსაკიდი), ანუ სამსჯავრო სიტყვა - მომცრო ორმაგი ქსოვილი, ზემოხსენებულის მსგავსი, რომელიც მკერდზე პირველისაგან დარჩენილ ადგილს იკავებდა და შემკული იყო თორმეტი სხვადასხვაგვარი ძვირფასი ქვით, რომლებზეც ასევე იყო დაწერილი ისრაელის ძეთა (თორმეტი ტომის მამამთავართა) სახელები, და მიმაგრებული იყო ეფოდზე ოქროს რგოლების, ძეწკვებისა და სუმბულისფერი ზონრებით; 4. ოქროს პატარა დაფა, რომელზეც გამოსახული იყო შემდეგი სიტყვები: „სიწმიდე - უფალს!“, და რომელიც კიდარის - მღვდელმთავრის თავსაბურავის წინა ნაწილზე მაგრდებოდა სუმბულისფერი სარტყელით. ამ სიტყვებს ემატებოდათ საიდუმლოებით მოცული სიტყვები: „ურიმ“ და „ტუმიმ“, რაც ნიშნავს „სინათლეთ“ და „სრულყოფილებათ“, მაგრამ ამჟამად საეჭვოა, განსაკუთრებულ სამკაულს გამოხატავენ ეს სიტყვები მოსესთან, თუ მხოლოდ გულსაკიდის თვისებას. როგორც არ უნდა იყოს, დიდ მღვდელმთავარს თავის სრულ შესამოსელში მყოფს, შეეძლო პასუხი მიეცა შემკითხველისათვის ღმერთის ნების შესახებ, და, ალბათ, ზეპირად, ხმამაღლა წარმოთქვამდა ამ პასუხს ზეგარდამო მინიჭებული შთაგონებით. მღვდელმთავრის სხვა უპირატესობას შეადგენდა ის, რომ მას უფლება ჰქონდა მღვდელმოქმედებანი განეგო და წელიწადში ერთხელ წმიდათა წმიდაში შესულიყო განწმენდის სისხლით. ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების დროს ბევრი ასეთი მღვდელმთავარი ყოფილა, რადგან ისინი, იოსებ ფლავიუსის მოწმობით ხშირად იცვლებოდნენ, და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ამ თანამდებობაზე და წოდებაში მყოფი პირის მღვდელმთავრობისას კვლავაც ცოცხალნი ყოფილან ერთი ან რამდენიმე ყოფილი მღვდელმთავარი, და ყველა ისინიც ასევე მღვდელთმოძღვრებად იწოდებოდნენ. გარდა ამისა, ასევე მღველთმოძღვრებად იწოდებოდნენ ყოველი რიგის (ჯერის) პირველი მღვდლები (ამგვარ რიგებად დაჰყო ყველა მღვდელმსახური წმიდა მეფე დავითმა - I ნეშტთა 23,6,24; II ნეშტთა 8,14; 29,25; I ეზრა 8,24), ზოგჯერ კი - უბრალო მღვდლებიც, რომლებიც ცნობილ, წარჩინებულ გვარს განეკუთვნებოდნენ, რადგან უსათუოდ სწორედ ამ გვარის წარმომადგენელთა ხელში იყო პირველმღვდელმთავრობის ღირსება და ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა გვარის შიგნით.
იუდამ მართლაც გასცა იესო და მღვდელთმოძღვრებსა და მწიგნობართ შეაპყრობინა, რის შემდეგაც ქრისტე განსაჯა მღვდელმთავართა და მწიგნობართა კრებულმა და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. მაგრამ რადგანაც იმ ხანებში თვით იუდეველებს უფლება არ ჰქონდათ ვინმე სიკვდილით დაესაჯათ, ამიტომ უფალი იესო წარმართთა - რომაელთა სამსჯავროს გადასცეს, რომელიც სახარებაში პრეტორიად იწოდება, ანუ რომაელთა მიერ დანიშნულ მმართველს - პილატეს გადასცეს. ეს გარემოება ნაწინაწარმეტყველებია უფლის შემდეგი სიტყვებით: „და მისცენ იგი (ძე კაცისაჲ) წარმართთა“. შემდეგ ნათქვამია: „და ეკიცხვიდენ მას და ტანჯონ და ჰნერწყუვიდენ მას“. ეს ყოველივე მაშინ აღსრულდა, როცა იესო მღვდელთმთავართა მსახურებმა შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და ერთი მღვდელმთმოძღვრიდან მეორესთან დაატარებდნენ განსასჯელად როგორც ბოროტმოქმედს; გინებულ და შეურაცხყოფილ იქნა სინადრიონსა და პრეტორიაში: მას პირისახეში აფურთხებდნენ, ყვრიმალს სცემდნენ, ჰგვემდნენ, ეკლის გვირგვინით მოსწყლავდნენ, და ბოლოს ჯვარიც აჰკიდეს - სიკვდილით დასჯის იარაღი და იმ ადგილისაკენ წაიყვანეს, სადაც უნდა მოეკლათ. უფალმა თქვა: „და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს“. უფალი ჯვარს მიამსჭვალეს და ასე მოკლეს; მაგრამ მან, ვითარცა მეუფემ სიცოცხლისა, დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები, „რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ (უფლისა სიკვდილის მიერ)“ (საქმე მოციქ. 2,24), და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით დამტკიცებად თავისი ძლევისა სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე. ამრიგად, უფალმა, ეს უკვე, მესამედ - ყველაზე სრულად, ყველაზე ცხადად, ყველაზე შესაზარი სიზუსტით უთხრა მოწაფეებს, რომ იგი მღვდელმთავართა და მწიგნობართა ხელთ მიეცემა, სასიკვდილოდ განისჯება მათ მიერ ად წარმართების ხელთ იქნება გადაცემული, რომლებიც აწამებენ, შეურაცხყოფენ მას. და ბოლოს, ამჯერად - პირველად, გაუმხილა მათ ყველაზე თავზარდამცემი ამბავი - რომ მას ჯვარს აცვამენ, მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს, - დასძინა უფალმა, - მკვდრეთით აღდგებაო. თუმცა მიუხედავად ასეთი ცხადი წინასწარმეტყველებისა, მოწაფეთა გულნი იმდენად განემსჭვალა ქვეყნიურ იმედებს, დაკავშირებულთ მესიის ცრუ-იუდაურ, ფარისეველთა და მწიგნობართამიერ გაგებასთან, რომ ისინი გატაცებულნი იყვნენ აზრით, რომ აი, სულ მალე დამკვიდრდება ღმერთის მეუფება მთელი მისი ბრწყინვალებით, ხოლო ყველა საშინელი წინასწარმეტყველება გვერდით ჩაუვლით, ვითარცა ნიავი, - რომ ახლა ჯერ არ ძალ-ედვათ იესოს სიტყვების ჯეროვანი გაგება და გულისხმის-ყოფა.
არაფერი ისე საოცრად არ გამოხატავდა მოციქულთა მოუმზადებლობას შეეთვისებინათ ქრისტეს მიერ მათდა უწყებული წინასწარმეტყველება მისი მომავალი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, როგორც მაშინვე, უფლის ამ სიტყვების კვალად ზებედეს ძეთა დედის - სალომეას სრულიად უადგილო თხოვნა იოანესა და იაკობის შესახებ.
ეს შემთხვევა ორ მახარებელს აქვს აღწერილი. წმიდა მათე მოგვითხრობს, რომ „მაშინ მოუხდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთა ძეთა მისთა თანა, თაყვანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მან: თქუ, რაჲთა დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა“ (მათე 20,20-21).
წმიდა მახარებელი მარკოზი კი ამბობს, რომ:
„და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა“ (მუხლები 35-37).
მახარებელთა ორივე ეს მონათხრობი სამართლიანია, მართებულია, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. - ზებედეს ძეებმა თავიანთი დედაც მიიყვანეს იესოსთან, რათა თავიანთი თხოვნისათვის მეტი ძალა მიენიჭებინათ და დედის მიერ დაეყოლიებინათ ქრისტე. ხოლო ის, რომ ეს თხოვნა სწორედ მათი იყო და რომ სირცხვილისა გამო მათ დედაც მიიყვანეს უფალთან სათხოვნელად, იქიდანაც ჩანს, რომ ქრისტე პასუხად სწორედ მათ მიმართავს. მიზეზი, რამაც ასეთი თხოვნის სურვილი წარმოშვა მასში ის იყო, რომ ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე თავს მეტ პატივში ხედავდნენ სხვა მოწაფეებთან შედარებით და ამიტომ იმედოვნებდნენ კიდეც - უფალი შეგვისრულებს თხოვნასო. ისინი იერუსალიმის მახლობლად იმყოფებოდნენ და ფიქრობდნენ - უკვე უნდა გაცხადდეს ღმერთის მეუფებაო. ამიტომაც მიმართეს იესოს ამ თხოვნით. მათ ეგონათ, რომ ეს მეუფება უკვე მოახლოვდა, რომ იგი გრძნობისმიერი მეუფებაა, რომელშიც შეუძლიათ ყოველივე ის მიიღონ, რასაც ითხოვენ, და თუკი მიიღებენ თხოვილს, აღარანაირ უსიამოვნებას და შეჭირვებას აღარ დაექვემდებარებიან. ღმერთის მეუფებას ისინი მხოლოდ იმისათვის კი არ ეძიებდნენ, რომ მიეღოთ იგი, არამედ იმისთვისაც, რომ თავიდან აეცილათ მწუხარებანი. ისინი პირდაპირ როდი გამოთქვამენ თავიანთ თხოვნას, არამედ ცდილობენ ჯერ უფლის დაპირება მიიღონ, რომ უსათუოდ შეუსრულებს იმას, რასაც ითხოვენ: „რაი გნებავს ჩემგან, რაითა გიყო თქვენ?“ - ასე იმიტომ კი არ ეკითხება უფალი, თითქოს არ იცოდეს, რა სურთ ძმებს, არამედ იმისათვის, თვით მათ აიძულოს თქვან თავიანთი სათხოვარი - ანუ წარმოაჩინოს მათი წყლული, შემდეგ კი საკურნებელი საშუალებაც მისცეს. ისინი კი, სირცხვილისაგან ალმურმოდებულნი, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი კაცობრივი ვნებით, რომ სხვა მოწაფეთაგან შორს გაიყვანეს უფალი და ასე აუწყეს მას თავიანთი სათხოვარი. მათი სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი ტახტნი - საყდარნი დაესაკუთრებინათ, რადგან მანამდე თვით უფალმა იესო ქრისტემ უთხრა მათ - თორმეტთა საყდართა ზედა დასხდებითო. „...რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა ზედა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (მათე 19,28). მათ ახსოვდათ იესოს ეს სიტყვები, თუმცა დავიწყებოდათ მისი წინამავალი სიტყვები მასზედ, რომ ეს მოხდებოდა „მერმესა მას შობასა“. მათ შეგნებული ჰქონდათ თავიანთი უპირატესობა, ამიტომაც სთხოვეს უფალს: „მიმეც ჩუენ (ანუ გვიბრძანე), რაჲთა ერთი მარჯვენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა“-ო.
იესო მშვიდად შეხვდა მათ ამ შეცდომილებას, აღსავსეს თავმოყვარეობით: თავიანთ სიბრმავეში ისინი ისეთ ადგილს ითხოვდნენ თავისთვის, რომელზეც, რამდენიმე დღის შემდეგ, საშინლად გაიტანჯებოდნენ და უდიდეს მწუხარებას იწვნევდნენ, ჯვარცმულნი ორ ავაზაკს შორის. იაკობსა და იოანეს წარმოსახვა საღმრთო-სამეუფო საყდართ წარმოუდგენდა, უფლის ფიქრი კი სამი ჯვრისკენ იყო მიმართული.
ამიტომაც უფალმა ცხადად უჩვენა მათ, რომ ქვეყნიურს ითხოვენ, და არა - სულიერს, საღმრთოს, ზეციურს, თითქოს ეუბნება: რომ იცოდეთ, რას ითხოვთ, არც გაკადნიერდებოდით სათქმელადო.
„ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ“ (მუხლი 38).
ანუ, არ იცით, რა დიადი, რა საკვირველი და რა მოულოდნელია თვით ზეციურ ძალთათვისაც კი ასეთი თხოვნის საგანი. ამგვარი პასუხით უფალი განაშორებს მათ შეცთომილი აზრისაგან ღმერთის მეუფების შესახებ და სრულიად საპირისპიროს შესახებ იწყებს მსჯელობას. თითქოს ასე ეუბნებაო: თქვენ პატივსა და გვირგვინთა შესახებ შემახსენებთ მე, მე კი იმ ღვაწლთა და შრომათა შესახებ გელაპარაკებით, თქვენ რომ მოგელით; ჯერ არ დამდგარა ჯილდოთა და კეთილ საზღაურთა მიგების დრო, და არც ამჟამად გამოცხადდება ჩემი დიდება; აწინდელი დრო არის ბრძოლის, ხიფათისა და სიკვდილის ჟამი.
„ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?“ (მუხლი 38).
ასე ეკითხება მათ, და თვით ამ შეკითხვით შეაგონებს და ცნობილი პასუხისათვის აღძრავს. მას არ უთქვამს: შეგიძლიათ თუ არა სიკვდილს შეეგებოთ, თავი გასწიროთ, საკუთარი სისხლი დაღვაროთო, არამედ უთხრა: ის სასუმელი შესვათ, რომელსაც მე შევსვამ ახლა და მომავალშიო, რათა ამგვარი თანაზიარობით და ერთობით თავისთან მეტი მოშურნეობა, მეტი გულმოდგინება განეღვიძებინა მათში. უფალი ამას ნათლისღებასაც უწოდებს, რითაც ცხადყოფს, რომ მისი მომავალი ვნება, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა უდიდეს განწმენდად ემსახურება მთელს კაცობრიობას.
მოწაფენი, ზებედეს ძენი, ქვეყნიურ საგნებზე ოცნებობდნენ; უფალი კი სიმწრის სასუმელსა და სისხლით ნათლობაზე ესაუბრება მათ. შესძლებენ ისინი, მასთან ერთად შესვან ეს მწარე სასუმელი და მასთან ერთად ნათელ-იღონ სისხლის ნათლობით? და მხოლოდ ახლა, რამდენადმე მაინც ჩასწვდნენ რა უფლის აზრს, ისინი გაბედულად პასუხობენ - ძალ-გვიძსო.
თავიანთი მგზნებარე გულმოდგინების გამო მათ უმალვე თანხმობა განუცხადეს უფალს, რადგან არც კი იცოდნენ, რას ამბობდნენ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ დასტურს მიიღებდნენ თავიანთ სათხოვარზე.
„ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს“ (მუხლები 39-40).
უფალმა უდიდესი სიკეთენი უწინასწარმეტყველა თავის მოწაფეებს, ანუ უთხრა: თქვენ ღირსნი გახდებით მოწამეობრივი ხვედრისა, ისევე ევნებით, როგორც მე ვევნე და თქვენს ქვეყნიურ ცხოვრებას ძალადობრივი სიკვდილით დაასრულებთ, - და ამითაც ჩემნი თანამონაწილენი იქნებით, მაგრამ ჩემს მარჯვენით თუ მარცხენით დაჯდომა ჩემზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ჩემი ზეციური მამის მიერ წინასწარ არის გამზადებული ღირსეულისთვისო. ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე, მას შემდეგ რაც ზეციურისკენ მიაპყრო მათი სულები და დაუძლეველი გახადა ისინი მწუხარებისათვის, გამოასწორებს მათ თხოვნას და ისეთად ხდის, როგორიც ჯერ-არს. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ არავინ არ იჯდება მის მარჯვენით და მარცხენით. ეს საყდარი, ეს დიდება არავისთვისაა მისაწვდომი - არამხოლოდ ადამიანთაგან, დაე, თუნდაც ისინი წმიდანნი იყვნენ, მოციქულნი და მოწამენი, არამედ ანგელოზთაგანაც, მთავარანგელოზთაგანაც და ყველა უმაღლეს ზეციურ ძალთაგანაც. პავლე მოციქული ამას ღმერთის მხოლოდშობილი ძის განმასხვავებელ უპირატესობად დაადგენს, როცა ამბობს: „ოდეს-სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა (ღმერთმან) სადამე: დაჯედ მარჯვენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა?“ (ებრ. 1,13). „ხოლო ანგელოზთათვის იტყვის: რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ხოლო ძისათვის იტყვის: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კვერთხი განგებისაი და კვერთხი სუფევისა შენისაი“ (იქვე, 7-8). მაგრამ უფალი თავის პასუხს მთხოველთა შეგნების შესატყვისად იძლევა, დამდაბლდება რა მათ უძლურებამდე. მათ არ ესმოდათ, რა საყდარი იყო ეს და რას ნიშნავდა ჯდომა მარჯვენით მამისა, რადგან არც ის იცოდნენ, თუ რა იყო ამაზე გაცილებით უფრო დაბლა, ის, რასაც ყოველდღე შეაგონებდნენ მათ; ისინი მხოლოდ პირველობას ეძიებდნენ, რათა სხვა დანარჩენზე მაღლად ყოფილიყვნენ და თავისზე მაღლა არავინ ჰყოლოდათ უფალთან. მათ სმენოდათ თორმეტი საყდრის შესახებ, მაგრამ რაკი არ ესმოდათ, თუ რას ნიშნავდა ეს, ზემჯდომარებას ეძიებდნენ. ქრისტეს პასუხის შინაარსი კი შემდეგია: მართალია, თქვენ მოკვდებით ჩემთვის, მოკვდინებულ იქნებით სახარების ქადაგებისათვის და ჩემი თანამონაწილენი გახდებით ტანჯვათა დათმენაში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ზედა-მჯდომელობის და პირველი ღირსების პატივი მიიღოთ. ვინმე სხვა რომ მოვიდეს, მოწამეობრივი სიკვდილის დამთმენი და ყოველგვარი სათნოებით დამშვენებული უმაღლესი ხარისხით თქვენზე წინ, მე, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარხართ და ამჟამად თქვენ სხვებზე წინ გაყენებთ, სხვებს მირჩევნიხართ, მაინც არ დავთანხმდები უარვყო იგი, ცხადად დამოწმებული თავისი საქმეებით და პირველობა თქვენ მოგანიჭოთ. ანუ უფალი თითქოს ასე ეუბნება თავის მოციქულებს: რა იქნება, თუკი სხვები თქვენზე უმჯობესნი აღმოჩნდებიან? თუკი სინი თქვენზე უფრო მეტად იღვაწებენ და დაშვრებიან? ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები იყავით, პირველობა თქვენ უნდა გერგოთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არც აღმოჩნდეთ ამგვარი უპირატესობის ღირსნი?
მის მარჯვენით თუ მარცხენით ჯდომის უფლება იმათთვისაა დაცული, ვისაც ზეციური მამა ღირს-ჰყოფს. „საყდარი ჯილდოა ღვაწლთათვის, - ამბობს წმიდა ბასილი დიდი. - და არა წყალობა, რომელიც ამპარტავნების დასათრგუნად გვენიჭება; ესაა ჯილდო მართალი, კეთილმსახური ცხოვრებისათვის, და არა დათმობა თხოვნისათვის“.
„და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა“ (მუხლი 41).
სახარების ისტორია არ განგვიმარტავს, თუ რაგვარი იყო ეს მრისხანება, - რა ეწყინათ მოციქულებს, - უდროო ჩაციება ორი მოწაფის მხრივ თავიანთი მოძღვრისადმი უპირატესობათა მისაღებად დიდებაში მაშინ, როდესაც იგი თავადაც ემზადებოდა და მათაც განამზადებდა ჯვარის უმძიმეს ღვაწლში შესასვლელად? თუ იმ უსამართლობით იყვნენ შეურაცხყოფილნი, რომელიც ორი მათგანის სულსწრაფობაში გამოვლინდა, ვისაც დიდებისა და უპირატესობის რაღაც განსაკუთრებული ხარისხის მიტაცება სურდა, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა ყველა ისინი - თორმეტნი აღირჩია თავის მოწაფეებად და მათ ყველას ერთნაირად მიეტოვებინათ ყოველივე იესო ქრისტესათვის, მარადის მის თანა იმყოფებოდნენ და მის ყველა გაჭირვებას იზიარებდნენ, რისთვისაც ყველას თორმეტ საყდარსა ზედა ჯდომა აღეთქვათ მის სასუფეველში? მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამ ისტორიაში ჩვენი დამოძღვრისათვის საკმაოდ ცხადად წერია ის, რომ უფლის მოწაფეთა - მოციქულთა შორის არასდროს არ უჩენია თავი არანაირ რისხვასა და უმაყოფილებას ერთმანეთის მიმართ, სანამ ზოგიერთ მათგანში პირველობის სურვილი არ გაჩნდა; და როგორც კი ასეთი სურვილი იშვა, მის კვალად უმალვე გამოვლინდა განრისხებაც ერთმანეთზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვებზე აღმატებისა და პატივმოყვარეობის სულის ყველაზე მონათესავე აღმონაცენია უთანხმოება და განხეთქილების სული.
„ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა“ (მუხლები 42-44).
სხვებზე აღმატებისა და გაბატონების მცდელობა მხოლოდ წარმართებისთვისაა დამახასიათებელი; სხვებზე ხელმწიფება და ამაღლება - ცოდვილი მსოფლიოს საქმეა. ეს მათი სავალალო განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა. რატომაა ასე? იმიტომ, რომ იმ ადამიანთათვის, რომელთაც არ უწყიან საღმრთო დიდება და არც ადამიანის უკვდავი სულის ღირსება, მხოლოდ ისღა რჩება, რომ კაცობრივი დიდება ეძიონ; მათ, ვისაც არა აქვს მტკიცე იმედი ზეცად ამაღლებისა და ცათა საუკუნო სასუფევლის დამკვიდრებისა, ისღა რჩებათ, რომ ქვეყნიური დიდებით ინუგეშონ თავი. ხოლო ქრისტიანთა შორის, რომელთათვისაც ცნობილია ზეციური დიდება, ასეთი ქიშპობა არ უნდა არსებობდეს, რამეთუ უფალი ასე ეუბნება მოწაფეებს: „რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ“. რატომ? იმიტომ, რომ ბუნებრივი არ არის, სუსტი და უძლური ძლიერს ემსახურებოდეს, მაღლა მდგომს დაბლა მდგომი ამაგრებდეს. ბუნებრივი - პირიქითაა, ანუ ის, რომ სწორედ ძლიერი შეეწეოდეს დაბლამდგომს, მაღლამდგომი განამტკიცებდეს მას. ქმნილება კი არ ემსახურება შემოქმედს, არამედ ყოვლად უხვი მარჯვენა შემოქმედი ღმერთისა ყველას მოჰმადლის სიცოცხლესაც, სუნთქვასაც და სხვა ყოველივესაც; ქმნილებას მხოლოდ ისღა რჩება, რომ მადლობით მიიღოს ბოძებული და სასიკეთოდ გამოიყენოს ყოველი ნიჭი, გარდამომავალი ზეგარდამო ნათელთა მამისაგან. ხედავთ, რა ზედმიწევნით აღესრულება ეს კანონი ღმერთის ამა დიად სამყაროში? დედამიწა კი არ ემსახურება მზეს, არამედ მზე განათბობს და სინათლეს ჰფენს დედამიწას ისე, რომ საზღაურს, სამაგიეროს არ მოელის მისგან. მიწის აღმონაცენი კი არ ასაზრდოებენ მას, არამედ მიწა ასაზრდოებს მილიონობით ქმნილებათ, რომელნიც მას მხოლოდ მტვერს უბრუნებენ! იგივე კანონი სრულის ძალით უნდა მოქმედებდეს ზნეობრივ სამყოროშიც, სულიერ სფეროშიც, რომელშიც ძლიერნი ანგელოზნი სიხარულით არიან მსახურნი სულნი, სამსახურებლად წარმოგზავნილნი იმ ადამიანთა შესაწევნად, როემლთაც ცხოვნების დამკვიდრება სურთ. ამიტომაც ჩვენ, ძალმოსილებმა უსათუოდ უნდა ვიტვირთოთ უძლურთა უძლურებანი და არ ვესწრაფვოდეთ საკუთარი თავის თნებას.
„და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა“ (მუხლი 45).
ქრისტიანს რომ ძნელად მოეჩვენოს თავის მსგავსთა წინაშე დაიმდაბლოს თავი, დაემორჩილოს და ემსახუროს მათ, განსაკუთრებით კი ძალაუფლების მხრივ პირველი არ იქნას გატაცებული ოცნებით უპირატესობისა და სხვებზე აღმატებისა, აი, თვით უფალი გვაძლევს ყველაზე დამმოძღვრებით მაგალითს თავმდაბლობისა, ყველაზე უდავო და შეუპასუხებელ დარწმუნებას. თუკი ღმერთის ძე, მოსული ამქვეყნად კაცის ძის სახით, არ მოითხოვდა თავისადმი მსახურებას, არამედ სწორედ იმისთვის მოგვევლინა, რომ ადამიანებისათვის ემსახურა და თავისი სიცოცხლეც გაეღო მსხვერპლად მათი ხსნისათვის, მაშინ განა ვინმეს ადამიანთაგან აქვს უფლება უარს აცხადებდეს ემსახუროს ადამიანებს? რომელ ქრისტიანს ძალუძს ნამდვილი ქრისტიანი იყოს და თავისი უფლის - იესო ქრისტეს კვალს არ შეუდგეს, უარი განაცხადოს მის თავმდაბლობასა და მორჩილებას მიბაძოს?
II. განხილული სახარება აწ საკუთარ თავს მივუსადაგოთ - იგი თავიდან ბოლომდე დიდად სამოძღვრებოა ჩვენთვის. იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ესიტყვებოდა, და ჩვენც, ყოველნი ქრისტიანნი, უნდა შევისმენდეთ ქრისტეს სწავლებას და მივსდევდეთ მას.
ა) იესო ქრისტეს მრავალგზის შეუხსენებია თავისი მოწაფეებისათვის თავისი მომავალი ვნების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ (მუხლები 33-34). ამას იგი იმისთვის იქმოდა, რომ შემდგომში ისინი სულმოკლეობასა და სასოწარკვეთილებას კი არ მისცემოდნენ, არამედ მტკიცე სიმხნევით გადაეტანათ ყველა განსაცდელი. ასეთი ხსოვნა უფლის ვნება-ტანჯვათა შესახებ ჩვენც გვესაჭიროება; რამეთუ შევუდგებით რა უფალს, ჩვენც სიკვდილამდე უნდა ვატაროთ ჩვენი ჯვარი და მთელი ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მწუხარებათ, უბედურებათ და განსაცდელთ დავითმენდეთ. მართლაც, სად შეგვიძლია ჩვენ ნუგეში ვჰპოვოთ მსგავს მწუხარებაში? - არსად სხვაგან, თუ არა ჯვარის წინაშე, მის ქვეშ. - ძალზე ძნელია შენი შრომით მოპოვებული სიმდიდრის დაკარგვა, განსაკუთრებით, თუკი ამას უმძიმესი გაჭირვება მოსდევს, რომელშიც არსაიდან ჩანს შეწევნა. მაგრამ საკმარისია ოდენ გავიხსენოთ ქრისტეს ჯვარი, რომ მაშინვე ნუგეშ-ცემულნი შევიქნებით. ჯვარზე ჩვენ ვხედავთ ჩვენს უფალსა და მაცხოვარს, რომელიც ადამიანთა ხსნას, ცხოვნებას ემსახურებოდა და რომელსაც ქვეყნიურ ცხოვრებაში თავის მისადრეკი ადგილი არ ჰქონდა; რომელსაც უკეთურმა ადამიანებმა უკანასკნელი შესამოსელიც კი განძარცვეს და შიშველი დატოვეს; რომელსაც, მწყურვალსა და სასტიკად ვნებულს ჯვარზე მიმსჭვალვით, ნაღველსა და ძმარს ასმევდნენ. რისთვის დაიმთენდა იგი ყოველივე ამას? იმისთვის, რომ მარადიულ ცხოვრებაში სიმშვიდე და კმაყოფა მოემადლებინა იმათთვის, ვინც მოთმინებით იტანს სიგლახაკეს, შიმშილსა და წყურვილს. გახსოვდეთ ეს უდიდესი მადლი და ნუგეშინის-ცემულ იქნებით თქვენს შეჭირვებაში, ჰოი, ღვთის გლახაკნო! - ძალზე ძნელია ცილისწამების გადატანა და კეთილი სახელის დაუმსახურებლად დაკარგვა. მაგრამ ვის დაუთმენია ქვეყნად ისეთი გინება და შეურაცხყოფა, რაც ჩვენმა უფალმა დაითმინა?! ო, რა მძიმე იყო მისი ტანჯვა და მწუხარება! რას ნიშნავს მათ წინაშე ჩემი, ცოდვილის უსახელო ტანჯვა და უპატიო-ყოფა?! ქრისტეს ჯვარი - ჩემი მასწავლებელი და ნუგეშინის-მცემელია. იგი ჩემს უძლურებებზე მიღაღადებს, რომელთა გულისთვისაც ჯვარს-ეცვა ჩემი უფალი, და დამდაბლებას, მორჩილებას უბრძანებს ჩემს ამპარტავნებას. იგი იმ დიდებაზე მიღაღადებს, რომელშიც ჯვარიდან შევიდა მასზე უდანაშაულოდ ვნებული უფალი, და იმ იმედით მანუგეშებს, რომ მეც, შეცდომით გინებულსა და შეურაცხყოფილს, არ დამივიწყებს უფალი თავის სასუფეველში. - ანდა, როგორ არ უნდა ვიტანჯებოდეთ, თუკი ჩვენი სხეული მძაფრი ჭრილობებითაა დაფარული, ანდა თუკი მთელი სხეული დაგვავადებია და დაგვუძლურებია? სად უნდა იპოვოს ამ შემთხვევაშიც ნუგეში ვნებულმა ადამიანმა? - კვლავაც უფლის ჯვარის წინაშე! დიახ, ჯვარცმის სატანჯველი ყველაზე საშინელია, ყველაზე მომწყვლელია. და როგორ დაიმთმინა იგი უფალმა იესო ქრისტემ? - მდუმარედ, ისე, რომ არც სიტყვით და არც რამ მოძრაობით არ გამოუხატავს არანაირი მოუთმენლობა. ამის შემდეგ განა გვაქვს უფლება მოუთმენლები ვიყოთ სნეულებებსა და სატანჯველში ჩვენ, მის ცოდვილ მონებს?! - კვალად ძალზე მძიმეა ჩვენი გულისათვის ყველაზე ახლობელ ადამიანთა დაკარგვა, რომელთაც სიკვდილი გვართმევს. მაგრამ მაცხოვრის ჯვარის წინაშე მწუხარება ტკბილი იმედით არის შეზავებული იმისა, რომ უკვდავი ნეტარი ცხოვრება მიგველის. რამეთუ „აწ ქრისტე აღდგა მკვდეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა“ (I კორ. 15,20). ჩვენ მხოლოდ ლოცვაღა გვრჩება უფლის ჯვარისმიერი მსხვერპლის წინაშე, რათა მან თავით თვისით გადაფაროს ჩვენი ახლობელი ადამიანების ცოდვები. ასე, რომ ჩვენი ყოველი მწუხარებისავის გვაქვს მტკიცე ნუგეში, უტკბილესი ნუგეში - ჯვარი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.
ბ) გვესმა დღეს, თუ ქრისტეს ორმა მოწაფემ - იაკობმა და იოანემ, იმ დროს, როცა უფალი თავისი მომავალი ტანჯვის, სიკვდილისა და მკვდეთით აღდგომის შესახებ ეუბნებოდა მოწაფეებს, როგორ სთხოვა მას სხვებზე აღმატებულობა ჩვენ მოგვანიჭეო: მოგვეც ჩვენ, რომ ერთი შენს მარჯვენით, ხოლო მეორე შენს მარცხენით დავსხდეთ, ოდეს დაჯდე დიდებასა შენსაო. სხვა მოციქულები კი, ამის გაგონებაზე, მრისხანებდნენ მათზე. და ერთნიცა და მეორენიც საკუთარი თავისადმი და უფლის სიტყვებისადმი უყურადღებობის გამო, აგრეთვე თავის მოყვარებისა და პატივმოყვარეობის გამო საცთურს ეწივნენ (მუხლები 37 და 41). იაკობი და იოანე არ ფიქრობდნენ მასზედ, თუ რანი და როგორნი უნდა ყოფილიყვნენ, არამედ მათ იმის მიღწევა სურდათ, რისი მოპოვებაც მათთვის მეტად სასურველი იყო, ანუ მათ სურდათ პირველი ადგილი დაეკავებინათ უფლის გვერდით; სხვა მოწაფეებს კი დაავიწყდათ, რომ მათი ეს სურვილი იმგვარი სნეულება იყო, რომლის განკურნება კეთილგანწყობითა და სიყვარულით ჯერ არს; და იმის ნაცვლად, რომ ტკბილი სიტყვით შეეგონებინათ მოყვასისთვის, ისინი თავად ეწივნენ მრისხანების საცთურს. ეს ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, თუ რა სახიფათოა პატივმოყვარეობა. იგი სულის თვალებს უბრმავებს ადამიანებს და არ აძლევს საშუალებას ჭეშმარიტებდა დაინახონ. პატივმოყვარეობა დიდებისა და უპირატესობების მოჩვენებითი სიკეთეებისაკენ წარიტაცებს ადამიანს, და ფარავს მის თვალთაგან ჭეშმარიტ სიკეთეს, ჭეშმარიტ პატივს - შეუდარებელ უპირატესობას ქრისტეს მოწაფედ ყოფნისა, მისი ღვთაებრივი სწავლების გულმოდგინე აღმსრულებლისა. მაშ, ნუ ეცდუნები ჰოი, ქრისტიანო, ამა ქვეყნიური წარმავალი დიდება-პატივითა და უპირატესობებით! ნუ შეგშურდება სხვათა, როცა დაინახავ, რომ ისინი ყოველივე ამით სარგებლობენ. გულში წყენას, მტრობასა და სიძულვილს ნუ ჩაიდებ იმ ადამიანისადმი, ვინც იღებს ანდა სულაც შენ გართმევს რაიმე უპირატესობასა თუ სარგებლობას. არამედ მარადის ჭეშმარიტი ღირსების შესახებ იფიქრე, ამ შეუდარებელ უპირატესობაზე - ერთგული მიმდევარი იყო იესო ქრისტესი, - იმაზე იფიქრე, რომ ყოველთვის მთელი გულით გიყვარდეს შემოქმედი ღმერთი, და მთელი ძალით აღასრულებდე მის მცნებებს.
გ) დიდად სამოძღვრებოა ჩვენთვის ის გარემოებაც, რომ მაცხოვარმა უარი უთხრა თავის მოწაფეებს თხოვნის შესრულებაზე - რომ პირვლეობა მიეღოთ ცათა სასუფეველში, და უთხრა: არა იცით, რასა ითხოვთო (მუხლი 38). აქედან ჩანს, რომ ჩვენი ლოცვა-ვედრებების წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ლოცვების თვით საგანი ღმერთის ნების საწინააღმდეგოა ხოლმე. წმიდა სარწმუნოება მოითხოვს, რომ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვლოცულობდეთ, რისთვისაც ლოცვა თავად უფალმა გვასწავლა და რისთვის ლოცვასაც მარადის გვასწავლის ქრისტეს წმიდა ეკლესია; რომ უფალსა და მის ყოვლადწმიდა დედას მხოლოდ იმას ვთხოვდეთ, რაც მის ღვთაებრივ ნებას შეესიტყვება, და არა იმას, რასაც ჩვენი თამოყვარეობა და საკუთარი თავის თნება მოითხოვს. ჩვენი თხოვნა უფლისადმი წმიდა, უზაკველი და ღმერთისთვის სათნო მხოლოდ მაშინ არის ხოლმე, როცა ჩვენ იმას ვითხოვთ ჩვენთვის, რაც ღმერთს ნებავს და რაც სასიკეთოდ, საცხოვნებლად უმსახურება ჩვენს სულს, და არა ჩვენი მოყვასის სულის დაღუპვას, დაე, თუნდაც იგი ჩვენი მტერი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი სხვა ლოცვა-ვედრება ცოდვად შეგვერაცხება. ასე, მაგალითად, წმიდა ეკლესია გვასწავლის, პირველ ყოვლისა ჩვენი სულებისათვის ყოველივე კეთილი და სასარგებლო ვთხოვოთ უფალს; ჰოდა, თუკი ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს სულს და მხოლოდ იმას ვითხოვთ, რაც სხეულს აამებს და მის ვნებებს ასაზრდოებს, ამით დიდად ვავნებთ საკუთარ სულს. უფლისგან მცნებას დაგვედო მხოლოდ არსობის პურის მოცემას ვევედრებოდეთ ღმერთს ლოცვაში, ანუ მხოლოდ იმისას, რაც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლის განგრძობისათვის. ჰოდა, თუკი ჩვენ არ დავკმაყოფილდებით იმით, რასაც ღმერთის სიყვარული გვანიჭებს და რაც სავსებით საკმარისია ჩვენი ცხოვრების საარსებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ მხოლოდ იმის თხოვნას დავიწყებთ ლოცვაში, რაც ჩვენს გაუმაძღარ მისწრაფებას დააკმაყოფილებდა ფუფუნებისადმი, მზვაობრობისა და ამპარტავნებისადმი, ჩვენი განებივრებული გემოვნების დაუსრულებელი კაპრიზებისადმი. კვალად, ჩვენ მცნებად მოგვეცა - იყავნ ნება შენიო - ვეუბნებოდეთ ზეციურ მამას. ჰოდა, რა იქნება, თუკი ჩვენ მხოლოდ იმის თხოვას დავიწყებდით ლოცვაში, რომ ყოველივე ჩვენი ნებისაებრ და სურვილისაებრ აღესრულებოდეს? - მაშინ, ჩვენი ყველა ასეთი ლოცვა-ვედრება, ვითარცა საწინააღმდეგონი ღმერთის ნებისადმი და შეურაცხმყოფელნი უფლისათვის, ღირსი იქნებიან მისი რისხვისა, და არა - წყალობისა და ამგვარი ლოცვების გამო უფალი მრისხანედ გვეტყვის: განვედით ჩემგან, არა გიცნი თქვენ!
დ) აი, კიდევ ერთი წესი, რომელიც არანაკლები ზომით განგვეკუთვნება ჩვენც ისევე, როგორც ქრისტეს პირველ მოწაფეებს, ვისაც იგი დაედგინა: „რომელსა უნდეს დიდი ყოფაი თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა“ (მუხლები 43-44). იმისთვის, რომ სათნო-ვეყოთ ღმერთს და ჭეშმარიტ პატივსა და დიდებას მივაღწიოთ, - იმ უპირატესობას, რომ მართალთა ზეციური სავანეები დავიმკვიდროთ, საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რანი უნდა ვიყოთ ქვეყნიურ ცხოვრებაში უფლის მცნებისაებრ: ჩვენ უნდა ვიყოთ სხვათა მსახურები და მონები; სულში ყოველთვის უნდა ვატარებდეთ თავმდაბლობას, მორჩილებასა და საკუთარი თავის უარყოფას; იმაზე კი არ უნდა ვზრუნავდეს, რომ სხვები გვაამებდნენ და გვემსახურებოდნენ, არამედ იმაზე, რომ სხვებისადმი გულწრფელი, არაპირმოთნე სამსახურით ქრისტეს მცნება აღვასრულოთ მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ. ხოლო იმისთვის, რომ არ მოვუძლურდეთ მორჩილებასა და თავის უარყოფაში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს მაგალითი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ ასე იტყოდა: „ძე კაცისაი არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“ (მუხლი 45). უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც იესო ქრისტე ამქვეყნად ყოფნისას არ ეძიებდა, რომ მისთვის ემსახურათ და განედიდებინათ, არამედ თავად უყოფდა კეთილს ყველას თავისი სწავლითაც და საქმეებითაც, და ევნო კიდეც ჯვარზე და მოკვდა იმისთვის, რომ ყველა ადამიანი ეხსნა, ასევე ყოველი ქრისტიანი ყველაზე მეტად იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ მისი ყოველი საქმე - აშკარაცა და დაფარულიც, - ღმერთის მცნებების შესაბამისად აღესრულებოდეს, და რომ მთელი მისი ცხოვრებაც სათნო-ეყოფოდეს ღმერთს და სასარგებლო იყოს მოყვასისთვის სწავლებისამებრ და მაგალითისამებრ ქრისტე მაცხოვრისა და ღმრთისა ჩვენისა.