მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

24-ე კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება ლუკასაგან (8, 41-56)

 

„41. და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაი; და დავარდა ფერხთა თანა იესუისთა და ევედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახლსა მისსა. 42. რამეთუ ასული მარტოი ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა. 43. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა. 44. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისაი. 45. და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ შემახო მე? 46. ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან. 47. და იხილა რაი დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. 48. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით! 49. და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაი მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა. 50. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი. 51. და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაი და დედაი მის ყრმისაი. 52. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 53. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო. 54. და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ხმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! 55. და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი. 56. და განუკვირდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან საქმე იგი.“

 

I. აწინდელი კვირის სახარებაში მოთხრობილია უფალ იესოს მიერ სისხლითმდინარი დედაკაცის განკურნებისა და იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინების ამბავი. განვიხილოთ ეს საკითხავი.


„და (მას ჟამსა შინა) აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაი; და დავარდა ფერხთა თანა იესუისთა და ევედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახლსა მისსა“ (მუხლი 41).


სინაგოგის - ებრაელთა შესაკრებელის მესვეურთ მთავარი ჰყავდათ, რომელსაც ებრაულად „როშ-ჰაქსინესეთი“ ერქვა, ანუ არქი-სინაგოგი. მისი ხელმწიფების ქვეშ იყო თემის მატერიალურ და სულიერ საქმეთა წარმართვა. იგი თავმჯდომარეობდა შეკრებებს და განუმარტავდა ერს საღმრთო წერილის ტექსტს გადმოცემის შესაბამისად. მისი თავმჯდომარეობით მოქმედებდა საბჭო, შემდგარი მეტ-ნაკლები რაოდენობის პირთაგან, რაც დამოკიდებული იყო მრევლის რიცხოვნობასა და მნიშვნელობაზე. ესენი იყვნენ უხუცესნი (მოხუცებულნი), ყველასაგან პატივცემულნი თავიანთი წლოვანებისა და კეთილზნიანი ცხოვრების გამო. ისინიც ზოგჯერ არქისინაგოგებად იწოდებიან. მათი მთავარი მოვალეობა იმაში მდგომარეობდა, რომ რჩევა-დარიგებით დახმარებოდნენ თავიანთ მთავარს - არქისინაგოგს, შესაკრებელის მთავარს.


ის სინაგოგა, რომლის მთავარიც იაიროსი იყო, ქალაქ კაპერნაუმში მდებარეობდა, სადაც ამჯერად იმყოფებოდა კიდეც უფალი იესო. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს კაცი შემდგომში იმ იუდეველ მოხუცებულთა შორის იყო, რომლებიც უფალ იესოსთან მივიდნენ წარმართი ასისთავისათვის სათხოვნელად (ლუკა 7,3), რამეთუ იქ ნახსენები წოდება „მოხუცებულნი ჰურიათანი“ შეესაბამება დღევანდელ სახარებაში ნახსენებ წოდებას „მთავარი შესაკრებელისაი“. ყველა შემოხვევაში, ეს არის ღირსშესანიშნავი მითითება მასზედ, თუ რა დიდ პატივს მიაგებდა იმჟამად უფალს იუდეველი ერის ზოგიერთი უმაღლესი პირი და მთავარი, ისე, რომ, აი, ერთ-ერთი მათგანი, სინაგოგის მთავარი, მოდის უფალ იესოსთან, ფერხთ შეუვრდება, თაყვანს სცემს და შეწევნას ევედრება თავისი სნეული, მომაკვდავი ასულის განკურნებაში, ანუ იმ მოწყალებას სთხოვს, რომლის მიღების იმედიც მხოლოდ მისგან აქვს. რამეთუ ის, ვის წინაშეც მრავალნი შუამდგომლობდნენ ხოლმე სხვებისათვის, ახლა პირადად მოდის იესოსთან, რათა საკუთარი თავისთვის ითხოვოს.


„რამეთუ ასული მარტოი ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა“ (მუხლი 42).


წმიდა მათეს სახარებაში ნათქვამია: როცა მამამ თავისი ასული სახლში დასტოვა, იგი უკვე სულთმობრძავი იყო - და მამამ არც კი იცოდა, ცოცხლად მიეჩნია იგი თუ მკვდრად; ან მხოლოდ ის იცოდა, რომ ასულისაგან გამოსვლისას, ბავშვი იმდენად მოუძლურებულიყო, რომ მისი ცოცხლად მიჩნევა თითქმის არც შეიძლებოდა. და ახლაც, რაკი დანამდვილებით არ იცის თავისი ასულის მდგომარეობა, ერთხელ შეიძლება ერთი რამ თქვას, მეორე წუთში კი - სხვა. როცა უფალი იაიროსს გაჰყვა მისი სახლისაკენ, რათა მისი თხოვნა შეესრულებინა, მათ მთელი ის ერიც გაჰყვა თან, რომელიც იესოს ქადაგებას ისმენდა და ახლა მოუთმენლად და ცნობისწადილით სწყუროდა ეხილა, თუ რას მოიმოქმედებდა უფალი იესო. აი, ასე იყო განწყობილი იესოს თანმხლები ერი. მაგრამ ყველა როდი, რამეთუ წმიდა მახარებელი შენიშნავს:


„და იყო ვინმე დედაკაცი წყაროითა სისხლისაითა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა. და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისაი“ (მუხლები 43-44).


ეს დედაკაცი, მრავალი წლის მანძილზე გაწამებული თავისი სნეულებისაგან, და ვინძლო კიდევ უფრო მეტად თავისი მკურნალებისაგან, ვისაც მთელი თავისი ქონება მათზე და ძვირფას წამლებზე დაეხარჯა, ოღონდ ამაოდ, ახლა, ესმა რა იესოს სასწაულთმოქმედებების შესახებ, უკნიდან მიუახლოვდა მრავალი ადამიანით გარშემორტყმულ იესოს და რწმენით შეეხო მის შესამოსელს, რადგან თავის გულში იტყოდა: მის შესამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. მისი სნეულება მოსეს სჯულის მიხედვით არაწმიდებად ითვლებოდა (ლევიტ. 15,25), და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ პირდაპირ არ სთხოვა მან იესოს განმკურნეო და რატომ პირდაპირ არ შეეხო მის სხეულს, არამედ გადაწყვიტა, უჩუმრად შეხებოდა მხოლოდ მისი შესამოსელის კალთას, ანუ „ფესუსა შესამოსელისა“. ეს ფესვი, ანუ ფოჩი იუდეველებს სჯულის განწესების მიხედვით უნდა მიემაგრებინათ თავიანთი ზევითა შესამოსელის კუთხეებმი, რომელსაც მოსასხამის სახე ჰქონდა. იგი მზადდებოდა გამხმარი თასმებისაგან და იაგუნდის ან სუმბულის ფერი იყო, რადგან საღმრთო მცნებების სიმბოლოს წარმოადგენდა და თავისი ფერითაც უნდა შეეხსენებინა იუდეველთათვის ამ მცნებათა ზეციური პირველსაწყისი. მთელს ამ შესამოსელს მასზე მიმაგრებული ამ „ფესვებით“, ფოჩებით, რომლებიც საღმრთო მცნებებზე მიანიშნებდნენ, ერთგვარი სამღვდელო, წმიდა მნიშვნელობა ჰქონდა და „ტალით“-ად იწოდებოდა. ლოცვისას იუდეველები თავზე წამოიხურავდნენ ხოლმე ტალითს.


უფლის შესამოსელის კიდეზე შეხებით ამ სნეულმა დედაკაცმა თავისი დიდი რწმენა გამოამჟღავნა უფალ იესოს ყოვლადძლიერობაში. ამის შესახებ ჩვენ თვით უფალ იესო ქრისტეს მოწმობა გვაქვს. ამ რწმენის წყალობით მან მიიღო კიდეც სასურველი: უფლის შესამოსელი მეგზური შეიქნა მისთვის სასურველი წყალობისაკენ; როგორც კი სნეული ქალი შეეხო იესოს შესამოსელს, უმალვე შეიგრძნო, რომ განიკურნა.


„და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყვი: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან“ (მუხლები 45-46).


ცხადია, ეს დედაკაცი, რომ შესძლებოდა, ფარულად წაიღებდა მიღებულ მადლმოსილ საბოძვარს - სასწაულებრივ კურნებას. მაგრამ ასე როდი უნდა მომხდარიყო. რამეთუ იესომ იგრძნო თავის თავში, რომ მისგან ძალა გავიდა, და ამიტომ ერს მიმართა შეკითხვით: ვინ შეეხო ჩემს შესამოსელსო. უეჭველია, რომ საკურნებელი მადლმოსილი ძალა სნეულ დედაკაცს თვით უფლის ნებით მიენიჭა. რამეთუ განმკურნავი ძალა უფლისაგან მისი ნების გარეშე რომ გამოსულიყო, ისე, რომ მას არანაირი მიმართება არ ჰქონოდა განსაკურნავი პირის სულიერი მდგომარეობისადმი, მაშინ სასწაულთმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი - ზნეობრივი მხარე სრულიად განქარდებოდა. მაგრამ მან, ვინც ნათანაელი ლეღვის ქვეშ იხილა (იოანე 1,48) და ვისაც „არა უხმდა, რაითა წამოს ვინმე კაცისა მისთვის, რამეთუ მან თვით იცოდა, რაი იყო კაცისა მის თანა“ (იოანე 2,25), - მან, უფალმა იესო ქრისტემ, ამ დედაკაცის შესახებაც იცოდა ყოველივე, - იცოდა, რომ სხეულით სნეული, იგი მის შეწევნას ეძიებდა და ისიც, თუ როგორი დიდი რწმენა ჰქონდა შემოსილი ამ სულს, რწმენა, რომელიც ერთადერთია მეგზური უფალ ღმერთსა და ყოველგვარ ადმიანურ გაჭირვებას შორის. ხოლო მისი შეკითხვიდან - „ვინ შემახო მე?“ - არამც და არამც არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, თითქოს უფალმა არ იცოდა, თუ ვინ გააკეთა ეს, და რომ თითქოს, იგი მხოლოდ ბუნდოვნად ხვდებოდა, რაღაც ამდაგვარი მოხდაო. თუმცა ეს შეკითხვა, როგორც შემდგომი თხრობა გვიჩვენებს, უფლის მიერ დასმული იქნა სულ სხვა მიზნით: განკურნებულ დედაკაცს რომ თან წაეღო თავისი სასწაულებებით განკურნვის საიდუმლო, იგი ისეთი მადლმოსილი საბოძვარი არ იქნებოდა მისთვის, როგორც ეს ჯერ-და მაცხოვრის განზრახვით. ამიტომ აუცილებელი შეიქნა, რომ ეს დედაკაცი გამოყვანილი ყოფილიყო სააშკარაოზე და მას ყველას წინაშე ეღიარებინა, დაემოწმებინა, თუ რას ეძიებდა და რა ჰპოვა დღეს - ანუ რომ უფლის შეწევნას ეძიებდა და ჰპოვა კიდეც იგი თავისი საკვირველი განკურნვის სახით. ამრიგად, უფლის ამ შეკითხვას ზნეობრივი ხასიათი ჰქონდა. იგი მოსახერხებელ შემთხვევას ანიჭებს იმას, ვისაც ეს შეკითხვა განეკუთვნებოდა, სულ ბოლო მომენტში გამოესყიდა თავისი დანაშაული გულწრფელი აღიარებით, - შემთხვევას, შესაძლებლობას, რომელიც განკურნებულმა დედაკაცმა, მისთვის მონიჭებული საღმრთო მადლით, გამოიყენა. მაგრამ თვით ეს შეკითხვა - „ვინ შემახო მე?“-ო, მაშინ, როდესაც უფლის გარშემო შეკრებილი უამრავი ადამიანი ავიწროებდა მას, გარკვეულ სასარგებლო აზრებს ჰბადებდა. ესოდენი ხალხიდან, რომლებიც იესოს გარს ეხვია, მხოლოდ ერთი - ის სნეული დედაკაცი შეეხო მას რწმენით. და განა ამდენ ადამიანში სხვებიც არ იქნებოდნენ სნეულნი და შეჭირვებულნი, ვისაც უფლის შეწევნა ესაჭიროებოდათ, ვინც ასევე მრავალი წლის მანძილზე ევნებოდა რაიმე უძლურებით? მაგრამ მათ, თუმც კი ისინი უფალთან, ალბათ, უფრო ახლოსაც იმყოფებოდნენ და შეეხებოდნენ კიდეც მას, - არ ჰქონდათ რწმენა და ამიტომ არც იღებდნენ უფლისაგან შეწევნას, კურნებას. ასე ხდება ქრისტეს ეკლესიაშიც. მრავალნი არიან ხოლმე თავმოყრილნი იქ ქრისტეს გარშემო ქრისტესნი სახელწოდებით, ახლოს მყოფნი მასთან ოდენ გარეგანი სახით, რომლებიც მონაწილეობენ საღმრთო საიდუმლოებმი და მისი ეკლესიის დადგინებებში. მაგრამ თვით უფალს ისინი არ ეხებიან რწმენით, არ ეძიებენ რწმენით და, მაშასადამე, არც იღებენ მისგან ცხოვრებასა და განკურნებას. უფლის მოწაფეები, და მათი მთავარი წარმომადგენელი პეტრე - ჰკვირობენ ამ შეკითხვის გამო, უადგილო ჰგონიათ იგი გარკვეულად და შეეპასუხებიან კიდეც მოძღვარს: ხომ ხედავ, რაოდენი ხალხი გავიწროებს და შენ კითხულობ, ვინ შემეხოო? და უფალი კვლავ ადასტურებს ფაქტს: ვიღაც შემომეხო მე, რადგან ვიგრძენი ჩემგან გასული ძალაო.


„და იხილა რაი დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათვის შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა“ (მუხლი 47).


ახლა კი მიხვდა განკურნებული დედაკაცი, რომ უკვე ამაო იქნებოდა დამალვა და არც უარყოფა მოიტანდა რაიმე შედეგს, - „რამეთუ ყოველნი უვარყოფდეს“ (მ. 45), - მიხვდა ეს ქალი, რომ ვერსად გაექცეოდა იესოს გამჭრიახ მზერას, რომლითაც იგი ესოდენ ხალხში იმას ეძიებდა, ვინც მას ასე განსაკუთრებულად შეეხო. და იმის შიშით, არ განვარისხო უფალი იესოო, - რამეთუ ამგვარი სენით შეპყრობილთა მიერ ვინმეს შეეხება ამ უკანასკნელის წაბილწვად მიიჩნეოდა. - დედაკაცი იქვე დაემხო უფლის წინაშე და ყოველივე მოუთხრო მას, თანაც ესოდენი ხალხის წინაშე, - აუწყა, თუ რა მიზეზით და რა მიზნით შეეხო, და როგორ მყისიერად განიკურნა ამ შეხების ძალით. მაცხოვრის რა დიდი მადლი ვლინდება ამ სასწაულში და მის თანმხლებ გარემოებებში. ეს ქალი მეტად არასრულ შეწევნას მიიღებდა, ანდა არანაირ სიკეთეს არ მიიღებდა ამ სასწაულისაგან, ფარულად რომ წასულიყო და თან წაეღო თავისი განკურნვის საიდუმლო. და თავის განმკურნველთან პირადი ურთიეთობით რომ არ ბედნიერ-ეყო საკუთარი თავი. იგი უცნობლად დარჩენას იმედოვნებდა მხოლოდ და მხოლოდ სირცხვილის გამო. რაც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის, მეტადრე დედაკაცისათვის, სავსებით ბუნებრივი გრძნობა იყო, მაგრამ არაკეთილდროულიც, უადგილოც ამ, გარდატეხის წუთას მისი სულიერი ცხოვრებისა; მაგრამ მის სურვილს აქარვებდა უფლის მოწყალება. მის ზეციურ მკურნალს უცნობლობიდან გამოჰყავს დედაკაცი, იქიდან, სადაც მას ერჩია დამალვა, მაგრამ აქაც უფალმა დაინდო იგი, რადგან განკურნვამდე კი არა, მის შემდგომ მოსთხოვა დედაკაცს პირდაპირი, მისი ბაგეებიდან გახმიანებული აღიარება იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა, და ეს ნაკლებ სამძიმო იყო დედაკაცისათვის.


„ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!“ (მუხლი 48).


ასე განუტევებს ქრისტე და საგზლად ატანს თავისი მადლმოსილი მოწონების სიტყვებს: „ნუ გეშინინ ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!“ (შდრ. ლუკა 7,50; 17,19; 18,42). რწმენამ და ქრისტეს ძალამ აცხოვნა ეს სისხლითმდინარი დედაკაცი. ჩვენც ხომ ასე ვიტყვიო ხოლმე, რომ ჩვენ განმართლებულნი ვართ რწმენით და ქრისტეს მიერ, რადგანაც რწმენა საშუალებაა, რომლითაც ჩვენ საღმრთო მადლს ვიღებთ, - რწმენა სულის მარჯვენა ხელია, რომელიც ქრისტეს ეყრდნობა და მის სიმართლეზეა დამყარებული. „წარვედ მშვიდობით!“ - ეუბნება დედაკაცს უფალი იესო, და ეს უბრალო დალოცვა არ არის. უფალი თითქოს ეუბნება მას: „წარვედ მშვიდობის სამეუფოში, ვითარცა იმ სტიქიაში, სადაც შენი შემდგომი ცხოვრება წარიმართება, და განკურნებულ იყავ შენი სნეულებისაგან!“ - და ეს აღთქმა აღსრულდა კიდეც მასზე, რამეთუ დედაკაცი იმ ჟამიდან განიკურნა - სხეულებრივადაც და სულიერადაც.


„და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაი მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი“ (მუხლები 49-50).


უფლის საუბარი მოწაფეებთან, მერმე კი განკურნებულ დედაკაცდან, ყოველივე ეს, ალბათ, მტკივნეული გამოცდა იყო მწუხარებიდ მოკლული მამისათვის, რადგან მისი ფიქრით ყოველი წუთი ძვირფასი იყო. მაგრამ რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო შესაკრებელის მთავრის განცდები, ჩვენ ვერანაირ ნიშნებს მისი მოუთმენლობისა ვერ ვხედავთ. და ეს, უეჭველია, მას დამსახურებად შეერაცხა. იმ დროს, როცა უფალი უკანასკნელ სიტყვებს ეუბნება განკურნებულ დედაკაცს, შესაკრებელის მთავრის სახლიდან მოდიან და ატყობინებენ მას, რომ მისი ასული უკვე აღესრულა და აღარ არის საჭირო მოძღვრის შეწუხება. ის იმედი, რომელიც უბედურ მამასა და მის ახლობლებს ჰქონდათ, რომ იესო უშველიდა მომაკვდავ ასულს, აწ უკვე საბოლოოდ განქარდა. გოგონა მოკვდა. იმათ, ვისაც, შესაძლოა, სწამდა, რომ იესოს ძალი შესწევდა მიმქრალი სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკლიდან კვლავ აღენთო ცეცხლი, არ ჰქონდათ უფრო მტკიცე რწმენა, ისინი არ სასოებდნენ მეტს, არ ფიქრობდნენ, რომ მას სიცოცხლის ნაპერწკლის კვლავ ანთება მას შემდეგაც ძალუძს, რაც იგი უკვე მთლიანად ჩაქრება. შესაძლოა მამის იმედიც გამქრალიყო და დიდი სასწაულიც აღარ აღსრულებულიყო ამისათვის აუცილებელი პირობის - რწმენის უქონლობის გამო, ყოვლადმოწყალე უფალს რომ ეს საშიშროება არ განეჭვრიტა და იმთავითვე არ აღეკვეთა უბედურ მამაში აღმოცენებისათვის განმზადებული ურწმუნოება და სასოწარკვეთა. მოისმინა რა ეს სიტყვები, შესაკრებლის მთავარს რომ უთხრეს მისი სახლიდან მოსულებმა, იესო უმალვე ეუბნება მას: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი!“ სწორედ ამ დაუყოვნებლივ ნუგეშშია გამჟღავნებული ჭეშმარიტი საღმრთო მოწყალება. უფალი მაშინვე ეუბნება შესაკრებელის მთავარს ამ სიტყვებს, ისე, რომ ერთ წამ დროსაც არ აძლევს ეჭვს და უიმედობას მის სულში შესაღწევად.


„და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაი და დედაი მის ყრმისაი“ (მუხლი 51).


უფალს თავისთან მიჰყავს სწორედ ის სამი მოციქული, რომლებიც ღირს-იქმნენ სხვა დროსაც, არა მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში, ყოფილიყვნენ მისი იმ დიადი საქმეების თვითმხილველი მოწმეები, რომელთაგანაც სხვა მოციქულნი განრიდებულ იქნენ. ახლაც ის საქმე, რომელსაც უფალი იესო უნდა შესდგომოდა, იმდენად უჩვეულო, იმდენად საიდუმლო და ბუნებაზე ზეაღმატებული იყო, რომ კვლავაც ეს სამი მოწაფე - მოციქულთა დასის უგამორჩეულესი წევრნი, გვირგვინნი ამ კრებულისა, იყვნენ ღირსნი იქ დასწრებისა. მშობლები ასულისა აქ სრულიად სხვა, გასაგები მიზეზის გამო იმყოფებოდნენ.


„სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო“ (მუხლები 52-53).


როგორადაც ოთხი დღის მკვდარ ლაზარეს ეძინა მაშინ, ასევე ეძინა ახლა ამ ასულსაც, რამეთუ მოახლოებულიყო მისი გამოღვიძების ჟამიც იმგვარსახედვე. გარდა ამისა, სიკვდილის შესახებ საუბარი, როგორც ძილზე, თითქმის ყველა ენასა და ყველა ხალხში გამოყენებული ხატოვანი თქმაა. ამით განცხადებულად დასტურდება და მტკიცდება, რომ ამ, დროებით სიკვდილს უსათუოდ მოჰყვება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა ყოველთა მომკვდართა, ისევე, როგორც ძილს მოსდევს ხოლმე გამოღვიძება. ამრიგად, ღმერთკაცმა ძილი უწოდა უმანკო ასულის სიკვდილს იმისათვის, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის: უმანკო მართალ მორწმუნეთა გარდაცვალება არ არის სიკვდილი, არ არის მოსპობა, არამედ მხოლოდ დროებითი მიძინებაა, რომელიც მართალი მორწმუნისათვის ახალ ცხოვრებად გადასახლებაა! ჩვენც ვეცადოთ უმანკონი ვიყოთ, როგორიც იაიროსის ასული იყო, რათა კი არ მოვკვდეთ, არამედ მართალთა ძილით შევისვენოთ, რათა თავის დროზე ახალი ცხოვრებისათვის და საუკუნო ნეტარებისათვის აღვდგეთ. ეჭვი არ არის, რომ ზუსტად ისევე, როგორც ეს ასული აღდგა მკვდრეთით იესოს ღვთაებრივი სიტყვის ზემოქმედებით, შეუძლიათ ხელახლა იშვნენ ბოროტებით მოკვდინებულებსა და ზნეობრივად დაღუპულებსაც საღმრთო მადლის შეწევნითა და მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრებით. რატომ იყენებს უფალი აქ ამგვარ სახეს გამოხატვისა? - პირველ ყოვლისა უმანკო ასულის მამისათვის: ეს სიტყვები განმტკიცებად ემსახურება მერყევრ წმენას, რომელიც ესოდენი სულთქმისა და მოთქმის გამო, ესოდენ დამამტკიცებელ ნიშანთა გამო იმისა, რომ ყოველივე უკვე დამთავრდა, შეიძლებოდა სრულიად გამქრალიყო.


და აი, იგი კვლავ აღენთება უფალ იესოს სიტყვებით: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ და ცხოვნდეს იგი“. ის, უფალი სიცოცხლისა, უარყრფს ასულის სიკვდილს, და ამ საშინელი გამოთქმის - „ყრმაი იგი მოკვდა“, - ნაცვლად ამბობს: სძინავსო, ამ უწყინარ, ტკბილ სიტყვას, რომელიც გამოღვიძების იმედს იძლევა. ამავე დროს, თავისი წმიდა თავმდაბლობის გამო, რომელიც ყოველ ამგვარ შემთხვევაში აღძრავს მას ხალხის ყურადღებას განაშოროს თავისი სასწაულებრივი საქმეები, იგი ამ სიტყვით, რომელსაც ორადი მნიშვნელობა აქვს, თითქოსდა ფარდით მალავს ხალხის თვალთაგან იმ დიდ და საკვირველ საქმეს, ახლა რომ უნდა აღასრულოს.


„და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ხმა-უყო: ყრმაო, აღდეგ! და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაითა სცენ მას ჭამადი“ (მუხლები 54-55).


რისთვის გამოასხამს უფალი გარეთ მოტირალთ? ჯერ ერთი, მათი იქ ყოფნა უადგილო და სრულიად ზედმეტი იყო: ისინი მომაკვდავის დასატირებლად შეკრებილიყვნენ იქ, გოგონა კი არ მომკვდარიყო, ანდა, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილს მის არსებაში ისე მალე უნდა დაეთმო ადგილი დაბრუნებული სიცოცხლისათვის, რომ არც იმსახურებდა სიკვდილად წოდებას; ეს მხოლოდ ძილი და გამოღვიძება იყო. ეს მიზეზი საკმარისი იყო მოტირალთა გასაძევებლად. მაგრამ ამის უმეტესი მიზეზი მათი განსხმისა იყო ის, რომ სასოწარკვეთილი და ხმამაღალი გამოხატვა უზომო მწუხარებისა ერთთა მხრიდან, შერეული მოჩვენებით-დაქირავებულ ტყებას მეორეთა, სრულიად არ შეესაბამებოდა იმ სულიერ განწყობას, რომლითაც აღვსილნი უნდა ყოფილიყვნენ ესოდენ წმიდა და საშინელი საიდუმლოს მოწმენი, - საიდუმლოსი, რომელზე დასასწრებადაც უფალმა იესომ მოციქულთა უმრავლესობაც კი არ დაუშვა. და ხელზე მოჰკიდა რა ხელი იაიროსის მკვდარ ასულს, უბრძანა მას: „ყრმაო, აღდეგ!“ და ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე და უფლის ხელის შეხებისთანავე, გოგონას სხეულში დაბრუნდა მისი სული, და იგიც მაშინვე წამოდგა და სიარული დაიწყო. მერმე იმისათვის, რომ განეძლიერებინა ეს სიცოცხლე, ეს-ესაა დაბრუნებული გოგონასთან, და დაემტკიცებინა, რომ იგი მოჩვენება კი არ იყო, არამედ ნამდვილად დაუბრუნდა სიკვდილიდან ადამიანურ ცხოვრებას, განაცხადებდა რა თავისი სულის სრულ სიმშვიდეს, მარადის ერთგვარს დიდშიც და მცირეშიც, უფალმა იესომ უბრძანა, რომ საზრდო მიეცათ ასულისათვის. ეს სიფრთხილე მეტად აუცილებელი იყო, რადგან თავიანთი უსაზომო სიხარულის გამო მშობლებს შესაძლოა ადვილად დავიწყნოდათ ამის შესახებ.


 

II. აწ კი იმ ზნეობრივ გაკვეთილებს ჩავუკვირდეთ, რომელთაც ჩვენს მიერ განმარტებული დღევანდელი სახარება შეიცავს.


ა) იმ გარემოებიდან, რომ იაიროსის ასულს სიკვდილი ემუქრებოდა ადრეული სიყრმიდანვე, ჩვენც განგვეცხადება, რომ ასეთი ხვედრი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოელოდეს ჩვენს გვერდით. და ჩვენც შეიძლება ნებისმიერ დროს, თვით ახალგაზრდობაშიც სიკვდილის წინაშე აღმოვჩნდეო (მუხლი 49). ამიტომაც ყოველ ჟამს, ყოველ წუთს ჩვენი ცნობიერებისათვის მახლობელი უნდა იყოს ეს ჭეშმარიტება. ჩვენ უნდა განვემზადებოდეთ სიკვდილისათვის, ვფიქრობდეთ სიკვდილზე. ნურავინ დაამყარებს იმედებს თავის ახალგაზრდობაზე. მოხუცებულნი უნდა მოკვდნენ, მაგრამ ახალგაზრდანიც შეიძლება მოკვდნენ. ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება საკმაოდ ბევრ მაგალითს გვიჩვენებს იმისას, რომ ახალგაზრდა ადამიანები ხშირად თავიანთი ძალების გაფურჩქვნისას კვდებიან. შესვენებულთა რიგები რომ მოვიხილოთ, აღმოჩნდება, რომ სიკვდილი უფრო ხშირად უმცროს ასაკიანთა შორის შეიკრებს თავის მსხვერპლთ, ვიდრე ხანდაზმულთა შორის. მაშ, იმგვარი ღვთის მოშიშებით იცხოვრეთ, ახალგაზრდებო, რომ ყოველ ჟამს განმზადებულნი იყოთ სიკვდილისათვის. თქვენი სიჭაბუკის წლებიც ღმერის მიუძღვენით, და არა ქვეყნიურ ამაოებასა და ჭაბუკურ თავქარიანობას, რამეთუ ღვთის სიტყვაც ამას გვასწავლის: „ყოველთა დღეთა სიჭაბუკისა შენისათა გახსოვდეს ის, ვინც დაგბადა შენ“ (იგავნი 11,1). დაიცავით თავნი ყოველგვარი გატაცებისაგან და გადაცდომისაგან, ეგზომ რომ ახასიათებს თქვენს ასაკს. ყოველთვის თვალთა წინ გყავდეთ უფალი ღმერთი თქვენი. იყავით მშვიდნი, უწყინარნი და კეთილზნისანი, სწავლებისაებრ წმიდა პავლე მოციქულისა: „სიმდაბლე ეგე თქვენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ასლოს არს“ (ფილიპ. 4,5). კეთილკრძალულად და უბიწოდ იცხოვრეთ როგორც სხეულით, ასევე სულით, - ერთის სიტყვით, იყავით კეთილნი, ქრისტიანენი, რაც შეიძლება ხშირად და მოწიწებით ეწვიეთ ხოლმე ღმერთის ტაძარს. აქ ყოველი ადამიანი შეძლებს კეთილი ცხოვრება ისწავლოს, რათა კეთილ სიკვდილსავე ეწიოს. პატივი ეცით, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს, გიყვარდეთ ისინი. გიყვარდეო თქვენნი მოყვასნი, ვითარცა თავნი თვისნი. მორჩილნი იყავით ხელისუფალთა, ზეგარდმო დადგინებულთა, სულიერთა და საეროთა, როგორც ამას მოციქული გვასწავლის: „მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზვერესა - ზვერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი“ (რომ. 13,7). ერიდეთ უქმად ყოფნას და მარადის შრომისმოყვარენი იყავით, რამეთუ საღმრთო წერილი გვეუბნება: „უქმად ყოფნამ მრავალი ბოროტი ასწავლა კაცსო“ (ისუ ზირაქი 33,28). გულმოდგინედ განეშორეთ უჯერო, ბოროტ საზოგადოებებს, რამეთუ ვისაც ბოროტ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, ის ნელ-ნელა, თანდათანობით თავადაც ბოროტი შეიქნება... მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ არ უწყით როდის, სად და რა ვითარებაში მოკვდებით!


ბ) სხვა სამოძღვრებო შეგონება, მოღებული დღევანდელი სახარებიდან, შემდეგია: რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, არასდროს არამც და არამც არ უნდა მიიჩნევდეს მას უიმედო მდგომარეობად (მუხლი 44). ყოველგვარი სასოწარკვეთა და სულმოკლეობა - ღმერთის დიდებულებისა და ყოვლისშემძლეობის შეურაცხყოფაა. „ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქვეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქვენისა. ხოლო თქვენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან“ (მათე 10,29-30), - გვეუბნება თავად უფალი. და იგივეს გვეტყვის მეფსალმუნის პირით: „და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალმ. 49,15). არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომლის განკურნვაც ყოვლადძლიერსა და ყოვლადმოწყალე უფალს არ შეეძლოს. და სწორედ იქ განცხადდება, უპირატესად მისი ძალა, სადაც სხვა არანაირ ძალას არ ძალუძს ტანჯულის ხსნა.


გ) სისხლით მდინარი დედაკაცის მაგალითიდან ჩანს, აგრეთვე, თუ საკუთრივ რაში მდგომარეობს ჩვენს მიერ წმიდა ხატებისა და წმიდანთა ნაწილების თაყვანისცემა (მუხლები 43-44). როცა უფლის შესამოსელის „ფესუთ“ - ფოჩებს შეეხებოდა, სისხლით მდინარი დედაკაცი არ განაღმერთებდა იესოს შესამოსელთ, არამედ მხოლოდ თავის რწმენას გამოხატავდა ამ შეხებით უფალ იესო ქრისტეს ყოვლადძლიერობაში. ამის მსგავსად, ჩვენც, ქრისტეს მორწმუნენი, წმიდა ეკლესიის წინამძღვრობით, ვეთაყვანებით წმიდა ხატებს, მოწიწებით მივეახლებით წმიდანთა ნაწილებს და ნეშტთ ღმერთის სათნომყოფელი ადამიანებისა, პატივ-ვჰყოფთ ყოვლივე იმას, რაც კურთხეულ-განწმედილია ეკლესიის მიერ, შვილებრ პატივისცემას გამოვუვლენთ ეკლესიის მწყემსებს, ვითარცა ღმერთის მსახურებს. მაგრამ სიწმიდეთა ამგვარი თაყვანისცემა არ ნიშნავს მათს განღმერთებას, არამედ მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა სარწმუნოების ცხოველი გრძნობისა, ღმერთის წყალობის სასოებისა და მგზნებარე სიყვარულისა შემოქმედი ღმერთისადმი. დაე, უკეთურმა ადამიანებმა ცრუ-რწმენაც უწოდონ ჩვენს მიერ საეკლესიო სიწმიდეთა თაყვანისცემას. უკეთურთა გმობა მათვე მიექცევა და ღმერთის რისხვად დაატყდებაო თავს! ჩვენ კი ხომ დანამდვილებით ვიცით გამოცდილებით, რომ როგორადაც სისხლიომდინარი დედაკაცისათვის იყო მაცხოვნებელი უფალ იესო ქრისტეს შესამოსელზე შეხება, ასევე წმიდა ხატების, წმიდანთა ნაწილებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეთა თაყვანისმცემლებისათვის ისინი ერთგვარ მეგზურებად შეიქნებიან ხოლმე საღმრთო მადლისაკენ, რომელიც საკვირველად ჰკურნავს მრავალ, ბუნებრივი საშუალებებით განუკურნავ სნეულებასა და უძლურებას და დიდ ნუგეშს ანიჭებს მწუხარებით დათრგუნულთ და უბედურებით შემუსრვილთ.


დ) კვალად, შესაკრებელის მთავრის იაიროსის მაგალითი, რომელიც მოთმინებით იტანდა უფლის შეფერხებას მისი სახლისაკენ მსვლელობისას, ჯეროვან მოთმინებას გვასწავლის ჩვენი ცხოვრების ყველა, თვით უმძიმეს ვითარებებშიც კი (მუხლები 49-50). მოთმინება მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა თან სდევდეს ადამიანს, იგი უნდა მოიცავდეს მთელი კაცობრიობის ცხოვრებასაც ამქვეყნად. მოთმინებით იძენს ადამიანი ყველა სიკეთეს და ინარჩუნებს მათ, მოთმინებით წარემატება იგი ყველა თავის წამოწყებაში, აღწევს სურვილთა შესრულებას, უვნებლად უძლებს ბოროტის ყველანაირ კვეთებას. მოთმინებიდან გამოსული, იგი უმალვე იმის საშიშროების წინაშე დგება, რომ დაკარგავს სიკეთეთ და ევნება ბოროტისაგან, ანდა, რაც კიდევ უფრო სავალალოა, - რომ თავადაც ბოროტებას ჩაიდენს. ერთმა წუთმა უთმინოებისა შესაძლოა წლები, საუკუნეებიც კი არივ-დარიოს. როგორი ტანჯვა, გაჭირვება, განსაცდელი დაითმინა მართალმა იობმა! და რა უტყუარად და უხვად იქნა დაჯილდოებული ღმერთის მიერ მისი მოთმინება! რა სასტიკი და ხანგრძლივი დევნა დაითმინა დავითმა! და რა დიდებულად იქნა დაჯილდოვებული მისი მოთმინება! რა მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი ტანჯვა-წამება და მოკვდინების სახეები იქნა საგანგებოდ მოგონილი ქრისტიანობის მტრების მიერ იმისათვის, რომ ქრისტიან მოწამეთა მოთმინება შეერყიათ!


და რა საკვირველად სრულ-იქმნებოდა უძლურებათა შინა ძალა ქრისტესი, - ხან სრულიად მშვიდი და უმტკივნეულო დათმენითაც კი სატანჯველთა, ხან ანაზდეული განკურნებით ჭრილობებისა, ხან დამსჯელი მოქმედებებით მტარვალთა მიმართ, და ხანაც სულიერი ძლევითაც, როცა ქრისტიანთა მტანჯველნი თავადვე ხდებოდნენ ქრისტიანები! და გარდა მოწამეობრივი ღვაწლისა, რა ბევრსა და რაოდენ ხანს დაითმენდნენ კეთილმსახურების მოსაგრენი, რომელნიც მოციქულის ყველა დროისათვის მართებული სიტყვით: „იქცეოდეს ხანელებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი (მოხეტიალენი) მთათა და ქვაბთა შინა და ხვრელთა ქვეყანისათა“ (ებრ. 11,37-38). და თავგანწირვის, ნებაყოფლობითი გაჭირვების, დათმენილ განსაცდელთა ამ, აშკარად, გამოფიტულ მარცვალთაგან, მორწყულთა სინანულის ცრემლებით და განმტფართა მხურვალე ლოცვა-ვედრებებით, - რა უხვი ნაყოფნი გამოიღებოდა და გამოიღება სათნოებებისა, სულიერ ნიჭთა, მადლმოსილ ძალთა და დიდებათა ჯერ კიდევ ამქვეყნადვე, - დიდებათა ჯერეთ არაზეციურთა, ხოლო შემდგომ ჩვენთვის დახშული ზეციდანაც რომ კეთილნაყოფიერად გამოუბრწყინდებოდა ამა ქვეყანას!..


ე) სისხლითმდინარი დედაკაცის მაგალითი, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში დიდად ევნებოდა თავისი სნეულებისაგან და რომელმაც ადამიანთაგან ამაო მკურნალობის შემდეგ, რასაც მან მთელი თავისი ქონება დაახარჯა, უფალ ღმერთს მიმართა შეწევნისათვის, ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, რომ მწუხარებანი და სატანჯველნი კეთილად ემსახურება ადამიანის სულს და ასწავლის ღმერთს მიმართოს დახმარებისათვის (მუხლი 44). თუკი უფრო ყურადღებითა და ღრმად ჩავუკვირდებით ცხოვრებას, ადვილად შევამჩნევთ, რომ ადამიანის გულში ხდება ხან მიახლოება ღმერთთან, ხანაც - განშორება ღმერთისაგან, და მათთან ერთად, შეაბამისად, ხან - მოსვენება და სიხარული, ხანაც შეშფოთება, შიში და შევიწროება, ხან სიცოცხლის აღზევება, და ხანაც სულიერი სიკვდილის მოწევნა. ღმერთთან მაიხლოება უფრო ხშირად მწუხარებათა ჟამს აღესრულება, როცა არავის ძალუძს ჩვენი ხსნა, გარდა უფლისა, რომელსაც იმ მძიმე წუთებმი ჩვენ მთელის გულით მივმართავთ შეწევნისათვის და ამგვარად გულისმიერად ვუახლოვდებით მას; ხოლო ღმერთისაგან განშორება ხდება ქვეყნიურ კეთილდღეობასა და სიუხვეში, რომლებიც მზვაობრად აქცევენ ხორციელ ძველ კაცს, და კერძოდ მაშინაც, როცა ადამიანს ქვეყნიური სიმდიდრე, დიდება და წარჩინება სწყურია, და მაშინაც, როცა მიაღწევს რა ყოველივე ამას, იგი კარგავს რწმენას გულიდან და ივიწყებს ღმერთს, მსაჯულსა და საზღაურის სამართლიან მომგებს, ივიწყებს თავისი სულის უკვდავებასაც და თავის უმთავრეს მოვალეობასაც - მთელის გულით უყვარდეს ღმერთი და ყოველი ადამიანიც - ვითარცა თავი თვისი. ძვირხილულობისა და მწარე ცრემლთა ღვრის გზა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, - მძიმე, ვიწრო გზაა, მაგრამ მაცხოვნებელი, რომელიც გვაახლოებს ღმერთთან და ცათა სასუფეველთან. საღმრთო წერილიცა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც გვიდასტურებენ, რომ ღმერთთან მისაახლოებლად ცოდვილი ადამიანი სატანჯველთ უნდა ეწიოს, ცრემლებს უნდა ჰღვრიდეს, ტიროდეს, იტყებდეს და ასე გამოასწოროს თავისი გულის გაორება. „მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქვენ, განიწმიდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო, დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდეთ... უფლისა წინშე და აღგამაღლნეს თქვენ“ (იაკობი 4,9). ცრემლებს აქვთ ძალა ბიწიერებისაგან განწმიდონ ჩვენი გულები, ხოლო სატანჯველნი იმისათვის არის აუცილებელი, რომ ტანჯვის გზით მაცხოვნებლად შევიწროვდება გულის ცოდვისმიერი სილაღე, და გულის შეჭირვებისაგან ყველაზე ადვილად იღვრება მაცხოვნებელნი ცრემლნი სინანულისა.


ვ) მაცხოვრის სიტყვები - „ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინაეს“ (მუხლი 52), - გვაიძულებს სიკვდილის სახე დავინახოთ ძილში. და მართლაც, როგორადაც, ჩვეულებრივ, დაძინება მოსდევს ქვეყნიურ შრომათაგან დაღლილობას სხეულისა, ასევე სიკვდილიც გვეწვევა ხოლმე სიცოცხლისეულ ძალთა ამოწურვის შემდგომ და დაამთავრებს მთელს ქვეყნიურ საქმიანობას. და როგორადაც ძილია სასიამოვნო დღიურ შრომათა შემდგომ, ასევე საამურია ხოლმე სიკვდილიც ჩვენი ქვეყნიური მოვალეობების კეთილსინდისიერად აღსრულების შემდეგ. მაგრამ ესეც ცოტაა. ძილი არის სიკვდილის სახე იმიტომაც, რომ ძილი მხოლოდ სხეულებრივ ძალთა მოქმედებას სწყვეტს, სული კი განაგრძობს მოქმედებას; ასევე სიკვდილსაც მხოლოდ სხეულზე აქვს ხელმწიფება, ხოლო სულის ცხოვრება არ წყდება მისი მოსვლით. კვალად, ძილი არის წინაპირობა ახალი, განძლიერებული ცხოვრებისათვის, ასევე სიკვდილიც მხოლოდ წინაპირობაა ახალი ცხოვრებისათვის და ახალი ქმედებისათვის ადამიანის არსებისა. დაბოლოს, იგივეობა ძილსა და სიკვდილს შორის იმაში მდგომარეობს, რომ როგორადაც ძილისაგან აღღგომილნი ჩვენ არ ვკარგავი, იმის შეგნება-გაცნობიერებას, თუ რანი ვიყავით მანამდე, რას ვიქმდით და რას ვფიქრობდით, ზუსტად ამგვარადვე ჩვენი სიკვდილის შემდგომაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ცნობიერებას და ხსოვნას იმისა, თუ როგორ განვლიეთ ცხოვრება ქვეყნად. ამრიგად, თუკი სიკვდილი ძილის მსგავსია, მაშინ ეს გარემოება ჩვენ ქმედითი, ყველასათვის სასარგებლო ქრისტიანული ცხოვრებისათვის უნდა აღგვძრავდეს, და, პირიქით, უნდა გვაკავებდეს ცოდვისათვის მსახურებისაგანა; და ბოლოს, რადგანაც ჩვენ სიკვდილის შემდეგაც არ ვკარგავთ იმის გაცნობიერების უნარს, თუ რას ვიქმდით ქვეყნიურ ცხოვრებაში, ესეც ნუგეში უნდა იყოს ჩვენთვის სიკვდილის შესაზარობის წინაშე.


ზ) და ბოლოს ის გარემოება, რომ იაიროსის მომკვდარი ასული უფლის სიტყვით მკვდრეთით აღდგა და განცოცხლდა (მუხლი 55), იმ ჭეშმარიტების დადასტურებად გვემსახურება, რომ ჩვენს სიკვდილსაც, ბოლოს, მკვდრეთით აღდგომა მოჰყვება, რომ სიკვდილით კი არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე, არამედ მისით მხოლოდ იწყება დაუსრულებელი, უკვდავი ცხოვრება. ამ ჭეშმარიტებას თვით უფალიც გვიდასტურებს: „ამენ, ამენ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრითსანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოანე 5,25,29).


მაგრამ როგორ შეიძლებაო, - იტყვით თქვენ, - მკვდრეთით აღდგეს ადამიანის სხეული, რომელიც მთლიანად განიხრწნება და მიწად იქცევა? - თქვენ იცით, რომ უფალი ჩვენი ყოვლად ძლიერია და მისთვის არაფერია შეუძლებელი. თუკი ღმერთისათვის შესაძლებელი იყო არარასაგან ყოველივე შეექმნა - ცანიც და ქვეყანაც, ჩვენი სულიცა და ჩვენი სხეულიც, მაშინ მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენი განხრწნილი სხეულების აღდგენაც. მან ყოველივე თავისი საღმრთო ძალითა და ყოვლადძლიერებით შეჰქმნა. და იმავე ძალითა და იმავე ყოვლადძლიერობით აღადგენს იგი მკვდრეთით ჩვენს სხეულებსაც. ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი. „არარაი შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკა 1,37) - გვეუბნება თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაგრამ თუკი გსურთ კიდევ თვალსაჩინოდაც დარწმუნდეთ ამაში, შეხედეთ იმ თესლს, რომელთაც მიწაში აგდებთ. რა მოსდით მათ? - ისინი იქ განიხრწნებიან და თითქოსდა სრულიად ქრებიან; ხოლო თუკი თესლი არ განიხრწნება მიწაში, მისგან არც არანაირი სარგებლობა არ იქნება. მაგრამ აი, როცა დადგება დრო, იმ გახრწნილ, დაშლილ მარცვალთაგან ჯეჯილი წამოიზრღება, შემდეგ ღეროც და თავთავიც იზრდება და ამ თავთავში კვლავ განცოცხლდებიან ის მომკვდარი მარცვალნი, ამასთან არაჩვეულებრივი, მოულოდნელი სიმშვენიერით. იგივე დაემართება მომკვდარ ადამიანთა სხეულებსაც; ისინიც, მსგავსად მარცვალთა, ამჟამად მიწაში შთაიდებიან და განიხრწნებიან მასში, მაგრამ როცა უფლის მეორედ მოსვლის მაუწყებელი ანგელოზთა საყვირის ხმა გაისმება მთელს ქვეყნიერებზე, მაშინ ყოველი მომკვდარი ადამიანის სხეულნი მკვდრეთით აღდგებიან და კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სულებს. და როგორადაც ნამდვილია ჩვენი სიკვდილი, ისევე ნამდვილი და ჭეშმარიტია ისიც, რომ ჩვენ, ყოველნი მომკვდარნი, მკვდრეთით აღვდგებით ქვეყნის დასასრულს და უფლის მეორედ დიდებით მოსვლის ჟამს.