მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მე-14 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან
სახარება მათესაგან (22, 2-14)

 

„2. (და თქვა უფალმან იგავი ესე) ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თვისისაი. 3. და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. 4. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. 5. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თვისსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისსა. 6. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყვიდნეს. 7. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაი ესე, და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. 8. მაშინ ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. 9. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. 10. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა. 11. ხოლო შე-რაი-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. 12. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. 13. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი. 14. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი.“

 

I. დღევანდელ საკითხავში სახარებისა წმიდა ეკლესიამ ჩვენს ყურადღებას შესთავაზა უფლის იგავი საქორწინო პურობის შესახებ. განვიხილოთ ეს იგავი.

„ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თვისისაი“ (მუხლი 2).


ცათა სასუფეველის ქვეშ, აქ, ისევე, როგორც სხვა იგავებშიც მაცხოვარისა, იგულისხმება საკუთრივ საღმრთო მადლის მეუფება, ანუ ღმერთის უსაზღვრო მეუფების ის სფერო, რომელიც თავის წიაღში მოიცავს იესო ქრისტეს მორწმუნეთა მთელს კრებულს, მადლის მრავალსახოვანი საშუალებებით განმზადებადს დიდების სამეუფოს დასამკვიდრებლად, ეს მადლმოსილი მეუფება, ანუ ქრისტეს ეკლესია, გამოსახულია იგავში სანადიმო პურობის სახით, რომელიც მეუფეს თავისი ძის ქორწილის გამო მოუწყვია. ამგვარადვე ძველ აღთქმაშიც ქრისტეს ეკლესია გამოსახულია ნადიმზე შეკრებილთა სახით, რომელსაც ღმერთის სიბრძნე, ანუ ძე ღმრთისა - ჰიპოსტასური სიბრძნე აწყობს შვიდსვეტიან სახლში და რომელზეც სტუმრებს იწვევს (იგავნი 9,1 და შემდგომი). ჩვენს მიერ განხილვად იგავში საქორწინო პურობის მომწყობი არის მეფე, რომელიც თავისი ძის ქორწილს მართავს. მეფის ქვეშ აქ იგულისხმება მამა ღმერთი, მეფის ძის ქვეშ - მისი მხოლოდშობილი ძე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მეფის ძის ქორწილის ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ საქორწინო კავშირის მსგაესი ერთობა იესო ქრისტესი ეკლესიასთან, რადგანაც საღმრთო წერილში ეს ერთობა, ეს კავშირი წარმოდგენილია ხოლმე მეუღლეობრივ ურთიერთობათა სახით. მაგრამ იგავის შემდგომ მუხლებში მორწმუნეთა მიმართება ქრისტესადმი სხვაგვარადაა წარმოდგენილი: ისინი მისნი საპატარძლონი კი არ არიან, არამედ მხოლოდ სტუმრები მის საქორწინო პურობაზე. ამიტომაც განსახილველ იგავში მეფის ძის ქორწინების ქვეშ, ჭეშმარიტებასთან ახლოს იქნება, თუკი ვიგულისხმებთ ღმერთის ძის ხორციელ-ქმნას, განკაცებას, ანუ ღვთაებრივი ბუნების უახლოეს და უმჭიდროეს შეერთებას ადამიანურ ბუნებასთან.


„და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად“ (მუხლი 3).


განსახილველ იგავში საუბარია იუდეველთა სამგზის მოწოდებაზე მესიის - ქრისტეს სამეუფოში. პირველად ისინი მოწოდებულნი იყვნენ ჯერ კიდევ ამქვეყნად მისი მეუფების გამოცხადებამდე, ანუ ჯერ კიდევ ქრისტე-მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებამდე. ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები მოწოდებულ და განმზადებულ-იქმნებოდნენ მის მისაღებად მრავალგვარი აღთქმებით, წინასწარმეტყველებებით და წინარე-სახეთა გამოცხადებებით. ეს იყო მათი პირველი მოწოდება ქრისტეს მეუფების სიკეთეებში მონაწილეობისათვის. „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲრ“ (გალატ. 4,4), ანუ როდესაც ქრისტე მაცხოვრის ხორციელ შობასთან ერთად დადგა ჟამი საღმრთო აღთქმათა, წინასწარმეტყველებათა და წინარე სახეთა (წინათმოსწავებათა) აღსრულებისა, მაშინ ზეციურმა მეუფემ ახალი მოწოდებით მიმართა იუდეველებს, რათა მათ ქრისტე მიეღოთ. მართალია ქრისტეს მეუფება განკუთვნილი იყო მთელს ქვეყნიერებაზე, ყველა ხალხში გასავრცელებლად, მაგრამ პატივი მასში პირველებად შესვლისა მიენიჭა მხოლოდ რჩეულ ერს ღმერთისა - იუდეველებს, ებრაელებს. როცა პირველად წარგზავნა მოციქულები ღვთის სიტყვის საქადაგებლად, ჯერ-კიდევ თავის ჯვარზე ვნებამდე, უფალმა მცნებად დაუდო მათ არ წასულიყვნენ წარმართებთან და სამარიტელებთან, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის წყმედულ ცხოვართათვის ექადაგათ (მათე 10,5-6). მაგრამ იუდეველებმა ვერ დააფასეს მათთვის მინიჭებული პატივი, და, იგავის სიტყვისაებრ, „არა ინებეს მოსლვად“ საქორწინო ნადიმზე, სადაც მათ ზეციური მეუფე - მამა ღმერთი მოუწოდებდა. ისინი სხვაგვარ მესიას მოელოდნენ, ამა ქვეყნიურ მეფობისათვის მოვლინებულს, და როცა დაინახეს, რომ ქრისტეს მეუფება არ არის ამა ქვეყნისა, მაშინ არამხოლოდ უარი თქვეს მასში შესვლაზე, არამედ მეტიც, ჯვარს აცვეს და მოაკვდინეს თავიანთი მეუფე.


„კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თვისსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისსა. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყვიდნეს“ (მუხლები 4-6).


სიტყვების - აგარაკი და სავაჭრო - ქვეშ იგულისხმება ამაქვეყნიური დროებითი სიკეთენი. როცა უფალმა იესო ქრისტემ დაასრულა თავისი ქვეყნიური საზოგადო მსახურება და ზეცად აღმაღლდა, მაშინ აღსრულდა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის საბოლოო მოწყობა. და რაც აქამდე აკლდა სულიერი ნადიმის ტრაპეზს, აწ გამოჩნდა მასზე: ყოვლადწმიდა სხეული და სისხლი ღმერთის კრავისა, დაკლულისა ქვეყნიერების ცოდვებისათვის, და უკვე ყველა ადამიანს, ერთგულ მორწმუნეს, წინა-დაედო საზრდოდ მისაღებად, ჭამად ქრისტიანულ საკურთხეველებში. ცათაგან გარდამოივლინა სულიწმიდა თავისი მრავალგვარი ნიჭებით და მოციქულნი სრულიად ახალ ადამიანებად შეიქნენ, სხვა ადამიანებად, აღვსებულებად სულიწმიდით. და კვლავაც ზეციური სიძის ეს მეგობრები მიდიან და ისრაელის ძეთ საქორწინო ნადიმზე მოუწოდებენ, მაგრამ მოწოდებულთა უდიდესი ნაწილი კვლავ ჯიუტი დარჩა თავის უნდომლობაში: ზოგიერთმა მათგანმა სრული გულგრილობა გამოავლინა მოციქულთა ქადაგებისადმი, რადგან მეტისმეტად იყო მიჯაჭვული ქვეყნიურსა და ყოფითს კეთილდღეობას, საზრუნავთ; სხვანი კი უფრო შორს წავიდნენ და აშკარად მტრულად განეწყვნენ ღვთის სიტყვის მქადაგებელთა მიმართ. სასტიკ დევნულებათაც სწიეს ისინი, და ზოგიერთი მათგანი უპატიო-ჰყვეს და შეურაცხჰყვეს (პეტრე, იოანე, პავლე), ხოლო ზოგიერთნი მოაკვდინეს კიდეც (მთავარდიაკვანი სტეფანე, იაკობ ზებედეს ძე და იაკობი, ხორციელად ძმა უფლისა), და ამით მიაღწიეს კიდეც თავიანთ მიზანს: მოციქულთა ქადაგების შემდგომი წარმატება იუდეველთა შორის ამით შეჩერებულ იქნა.


„ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაი ესე, და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა“ (მუხლი 7).


ესოდენი მოწამეების სისხლით მოთხვრილმა ხალხმა, რომელმაც ქრისტეს მოკვიდენებით სამარადჟამო სირცხვილით დაიდაღა თავი, ბოლოს მიიღო კიდეც დამსახურებული სასჯელი. გავიდა სულ რაღაც 36 წელი უფლის ამაღლებიდან ზეცად, და იუდეველებმა დაკარგეს თავიანთი დედაქალაქიც - იერუსალიმიც და თავიანთი წმიდათა წმიდა ტაძარიც, დამარცხებულებმა რომაელთა საწინაღმდეგო აჯანყებაში ყოვლად სასტიკი დამარცხებით. უფლის მსჯავრი მათზე რომაელმა მეომრებმა აღასრულეს, რომლებიც გარს შემოეწყვნენ იერუსალიმს (იმპერატორ ვესპასიანეს დროს), აიღეს იგი და მთლიანად მოაოხრეს, გადასწვეს, დაანგრიეს, მიწასთან გაასწორეს და ქვა ქვაზე აღარ დასტოვეს მასში, ისე, რომ იერუსალიმის ტაძრისაგან ნანგრევებიღა დარჩა, - ის წმიდათა წმიდა ადგილი ყოველი იუდეველისათვის, სადაც მხოლოდ, და არსად სხვაგან, საღმრთო სჯულით, მათ შეეძლოთ ღმერთისათვის მსხვერპლის შეწირვა. შიმშილით სიკვდილს გადარჩენილი ებრაელნი რომაელებმა ან მახვილით მოაკვდინეს, ანდა მონებად გაჰყიდეს და მთელს დედამიწის ზურგზე განაბნიეს. ამგვარად,ზედმიწევნით აღსრულდა ჩვენს მიერ განხილვად იგავში ნათქვამი იმათზე, რომელთაც მოაკვდინეს მეფის მსახურნი, მოსულნი მათს მოსაწოდებლად საქორწინო ნადიმზე: როცა ესმა ეს, მეფე განრისხდა „და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის-მკვლელნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა“.


„მაშინ ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას“ (მუხლები 8-9).


დასაჯა რა ქალაქის მოსახლენი, რომელთაც უარი თქვეს ქორწილში მისვლაზე და საქორწინო ნადიმში მონაწილეობაზე, და რომელნიც ამრიგად, უღირსნი აღმოჩნდნენ მათთვის მინიჭებული პატივისა, მეფე ახლა უკვე ქალაქის გარეთ წარგზავნის თავის მონებს და უბრძანებს მათ ყველას მოუწოდონ საქორწინო ნადიმზე, ვისაც კი გზებსა და გზაჯვარედინებზე ნახავენ, სადაც, ჩვეულებრივ, ბევრია ხოლმე ხალხი. ამ გზაზე გამვლელი ადამიანების ქვეშ ყოველნი წარმართნი უნდა ვიგულისხმოთ.


უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელთა შორის, ისევე, როგორც მრავალ სხვა ხალხში, დაქორწინებას ყოველთვის ახლდა თან საქორწინო პურობა, რომელშიც მოწვეულნი იყვნენ ხოლმე ყველა ახლობელ-ნათესავი, მეგობარი და მეზობელი (დაბად. 29,22; მათე 22,1-10; ლუკა 14,8; იოანე 2,2). იგი იწყებოდა მას შემდეგ, რაც სიძეს პატარძალი, მის ხელისმომიკიდეებთან და ნათესავებთან - მაყრებთან ერთად თავის, ანდა მამისეულ სახლში მიჰყავდა, სადაც ეს პურობა იმართებოდა „გალობითა და სიხარულითა“ (ფსალმ. 44მ16)... ამგვარი საქორწილო პურობანი შვიდ, ზოგიერთ შემთხვევაში კი თოთხმეტ დღეს გრძელდებოდა ხოლმე (მსაჯულთა 14,12; ტობით. 13,19). სტუმრებს საქორწინო შესამოსელს აძლევდნენ (მათე 22,11) და დღესასწაულსაც ამრავალფეროვნებდნენ სხვადასხვა გასართობებით (მსაჯ. 14,12). სანამ წარმართნი ქრისტეს ეკლესიაში იქნებოდნენ მოწოდებულნი, უფალმა დაუშვა „ყოველსა მას თესლებსა სლვად გზათა ნებისა მათისასა“ (საქმე მოციქ. 14,16), ანუ ის, რომ მათ უგზო-უკვლოდ ეხეტიალათ შორს ჭეშმარიტი ღმერთ-თაყვანისმცემლობისაგან, ცრუ-რწმენათა და ცრუ-სწავლებათა გზებსა და გზა-ჯვარედინებზე. ღმერთის საკვირველმა სიბრძნემ იუდეველთა თვით ამ სიჯიუტესა და გაბოროტებაში მოიძია მიზეზი წარმართთა მოქცევისათვის. უფალს სრული ხელმწიფება ჰქონდა იმისათვის, რომ წარმართებისთვისაც მოეწოდებინა მადლის მეუფების სიკეთეებში მონაწილეობისათვის იუდეველებთან ერთად, და იუდეველებს ამ შემთხვევაში არანაირი უფლება არ ჰქონდათ ედრტვინათ და უკმაყოფილება გამოეხატათ თავიანთი, ღვთის რჩეული ერის ამგვარი გათანაბრებისათვის წარმართებთან. მაგრამ იმისათვის, რომ უკმაყოფილებისა და შურის ყოველგვარი საბაბი წაერთმია იუდეველებისათვის, უფალმა მხოლოდ მას შემდეგ მოუწოდა თავის ეკლესიაში წარმართებს, როცა წარუმატებელი აღმოჩნდა ყველა საშუალება იუდეველთა უმრავლესობის მოქცევისათვის.


„და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა“ (მუხლი 10).

მეფის ბრძანებისამებრ მონები ყველას მოუწოდებენ ქორწილში მოსასვლელად, ვისაც კი ნახულობენ გზებსა და გზაჯვარედინებზე, კეთილთაც და ბოროტთაც. როცა ყველას, კეთილთაც და ბოროტთაც მოუწოდებდა თავის სამეუფოში, უფალს ამით სურდა ჩაეგონებინა მათთვის ყველასათვის, რომ ყველანი, კეთილნიც და ბოროტნიც, თანაბრად საჭიროებენ მის მაცხოვნებელ მადლს. და რომ როგორც პირველნი არ უნდა ამპარტავნებდნენ თავიანთი ღირსებებით, რამეთუ საკუთარი საქმეებით ვერც ერთი სულიერი ვერ განმართელდება ღმერთის წინამე, - ასევე ბოროტნიც სასოს არ უნდა წარიკვეთდნენ თავიანთი ცხოვნებისა, რამეთუ საღმრთო მადლს ძალუძს ცოდვისაგან განწმიდოს და აცხოვნოს ყველა ჭეშმარიტად მონანული ადამიანი, რომელიც ღმერთისაკენ მოიქცევა. თუმცა მადლის სამეუფრში მოწოდებულთაგან ყველა როდი იყენებს მას თავისი განწმედისა და ცხოვნებისათვის; მრავალნი მათგან მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, ხოლო ცხოვრებითა და საქმეებით არაქრისტიანულად ჰგიებენ. მაგრამ ქრისტეს წმიდა ეკლესია ესევითართაც არ მოიკვეთს თავისი სხეულისაგან, რადგან მათს სინანულს და გამოსწორებას მოელის. გადაჭრილი და საბოლოო განყოფა კეთილთა და ბოროტთა, რომელნიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ერთურთთან ახლოს არიან და ერთად ჰგიებდნენ ქრისტეს ეკლესიაში, უკვე მხოლოდ ბოლო ჟამს აღსრულდება, უფლის მეორედ მოსვლისას და ქვეყნის დასასრულისას. და როცა ქორწილი აღივსება მეინახითა, ანუ როდესაც, მოციქულის სიტყვით, „სავსებაი იგი წარმართთა შემოხდეს“ ქრისტეს ეკლესიაში, - აი, სწორედ მაშინ აღსრულდება კეთილთა განყოფა ბოროტთაგან, და პირველნი დიდების სამეუფოში წარვლენ სამარადისო ნეტარებისათვის, მეორენი კი ბნელსა მას გარესკნელსა იქნებიან შთაგდებულნი სამარადჟამო ტანჯვისათვის. ამის შესახებ ასეა ნათქვამი იგავში:


„ხოლო შე-რაი-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა“ (მუხლები 11-12).


იგავის სიტყვები საქორწინო შესამოსელის შესახებ აიხსნება აღმოსავლური ჩვეულებით, რომლის თანახმადაც ქორწილის მომწყობნი - წარჩინებულნი პირნი საგანგებო შესამოსელთ ურიგებენ სტუმრებს. აღმოსავლელ მბრძანებლებს დღესაც აქვთ ჩვეულებად ბრწყინვალე შესამოსელი (ხალათები) გაუგზავნონ იმათ, ვისაც ნებას აძლევენ თავისთან შესვლისა, და ვინც უარყოფს მათს ამ წყალობას, დასაჯონ ისინი (იხ. დაბად. 45,22; IV მეფეთა 10,22; ესთერი 6,8; 8,15). აქედან გამომდინარე გასაგებია მეფის მრისხანება ქორწილში შესაბამისი სამოსის გარეშე მყოფი სტუმრისადმი. რაკი მან არ მიიღო მეფის მიერ შეთავაზებული სამოსი, ამით მისი საბოძვარის უგულვებელყოფა გამოხატა და შეურაცხყო მეფე. ამგვარად, იგი დამნაშავე იყო მეფის წინამე, და არანაირი გასამართლებელი მიზეზი არ ჰქონდა. ამიტომაც იყო მდუმარედ, რითაც, იოანე ოქროპირის სიტყვით, თავადვე განიკითხა თავი.


რა უნდა ვიგულისხმოთ საქორწინო შესამოსელის ქვეშ სულიერი გაგებით? - სიმართლის შესამოსელი, - „სამოსელი მაცხოვარებისაი და კვართი მხიარულებისაი“, როგორც წმიდა ესაია წინასწარმეტყველი ამბობს (61,10), ანუ მადლი განმართლებისა ღმერთის წინაშე ღმერთკაც იესო ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის ძალით, რომელიც ჩვენს სულიერ სიშიშვლეს ფარავს და ღმერთის სამართლიანი რისხვისაგანაც გვიცავს. ეს შესამოსელი თითოეულ ჩვენგანს ეძლევა როგორც ღმერთის საბოძვარი ნათლისღების საიდუმლოში, ეძლევა როგორც აუცილებელი პირობა ეკლესიაში შესვლისათვის. ნათლისღების ემბაზში ჩვენ განვიძარცვავთ ძველ კაცს, ანუ განვიწმიდებით პირველშობილი ცოდვისაგან და შევიმოსავთ ახალ კაცს, ქრისტეს, სიტყვისამებრ მოციქულისა: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალატ. 3,27). მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ მიღება საბოძვარისა, საჭიროა კიდევ მისი მოწიწებით შენახვა, გაფრთხილება და მისი ჯეროვანი გამოყენება. ვინც დაუდევრად ეპყრობა მიღებულ საბოძვარს, ის იმგვარადვე შეურაცხყოფს მის მომცემს, როგორადაც მაშინ შეურაცხჰყოფდა, სულ რომ არ მიეღო მისგან შემოთავაზებული საჩუქარი.


„მოყვასო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?“ - ეს სიტყვა - მოყვასო - ნიშნავს, რომ ღმერთი ასე ეტყვის უკეთურ ადამიანებს არა მათდამი სიძულვილის გამო და არა იმიტომ, თითქოს სურდეს მათი დასჯა, - არამედ სამართლიანობის, მართლმსაჯულების გამო. ზოგიერთნი კი, განმარტავენ რა ამ ადგილს, ამტკიცებენ, რომ მაცხოვარი შემდეგი მიზეზით ხმობს უკეთურს მოყვასად: იგი მოწვეული იყო ქორწილზე, ღმერთის სამეუფოში, მაგრამ რაკი უჯეროდ შემოსილი იმყოფება იქ, ამხელს მას ამაში, ანუ იმაში, რომ ცხოველი რწმენის გარეშე და მისგან მომდინარე და მისი დამადასტურებელი კეთილი საქმეების გარეშე მოსულა ღმერთის სასუფეველში. საკვირველიაო, ამბობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რომ ამას მოყვასადაც ხმობს და განიკითხავს კიდეც, თითქოსდა ერთსა და იმავე დროს ეუბნება - მეგობარო და მტეროო! მეგობარო რწმენითო, და მტერო - საქმეებითო, ანუ კეთილ საქმეთა მოუმთქმედებლობითო.


„მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“ (მუხლი13).


ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ქრისტიანს, რომელთაც მხოლოდ სწამთ ქრისტე, და არ აღასრულებენ მის ნებას, ანუ, უფრო ცხადად რომ ვთქვათ, თავიანთ რწმენას არ ამტკიცებენ და არ ადასტურებენ კეთილ საქმეთა მოქმედებით, -ესევითართ უფალი ღმერთი საუკუნო სატანჯველისათვის განიკითხავს. ამ მუხლში მოხსენიეხული მსახურების ქვეშ უფლის ანგელოზნი იგულისხმებიან, ხოლო ხელთა და ფერხთა შეკვრის ქვეშ უნდა გავიგოთ ის, რომ უკლებლივ ყველა ცოდვილს, დამაშასადამე ცრუ-ქრისტიანებსაც, რომელთაც კეთილი საქმეებით არ დაუმოწმებიათ თავიანთი რწმენა, უკვე აღარ ექნებათ მომავალ საუკუნეში, მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, დრო და საშუალება სინანულისა და კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის, რამეთუ მათი სულის ქმედითი ძალები თითქოსდა შებორკილებულნი იქნებიან, და ამის გამო ვერანაირად ვეღარ დაიხსნიან თავიანთ სულებს სამარადისო სატანჯველისაგან. კბილთა ღრჭენის ქვეშ, წმიდა თეოფილაქტეს განმარტებით, იგულისხმება ცოდვილთა დაგვიანებული სინანული, რომელიც მომავალ ცხოვრებაში უკვე ამაო და სრულიად უსარგებლო იქნება მათთვის. გარესკნელის ბნელის ქვეშ, წმიდა გრიგოლის განმარტებით, იგულისხმება საუკუნო სასჯელის წყვდიადი.


„რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი“ (მუხლი 14).


რადგანაც იუდეველთაგან მრავალნი იყვნენ მოწვეულნი საქორწილო პურობაზე, ანუ ქრისტეს სამეუფოში, მის წმიდა ეკლესიაში, და მათგან მცირედნი თუ აღმოჩნდნენ ისეთნი, ვინც მიიღო ეს მოწოდება, ისევე, როგორც წარმართთაგანაც ყველა როდი მოიქცა ქრისტეს სარწმუნოებაზე, - აი, სწორედ ამიტომ ამბობს უფალი ამ სიტყვებს, - რომ მრავალნი არიან ჩინებულნი, მოწოდებულნი, და მცირედნი რჩეულნი, ანუ ჭეშმარიტნი მორწმუნენი. მან, მაცხოვარმა, მრავალთ მოუწოდა, ანუ ყველას მოუწოდა ცხოვნებისაკენ, მაგრამ რჩეულნი მათგან მცირედნი არიან, ანუ მცირედნი არიან ისინი, ვინც ჭეშმარიტებით იღებს უფლის ამ მოწოდებას და ცხოვნდება, - ანუ მცირედნი არიან ისეთნი, რომელნიც იმსახურებენ საუკუნო ნეტარი ცხოვრების დამკვიდრებას ცათა სასუფეველში.


 

II. ახლა კი იმ ზნეობრიესა და დოგმატურ ჭეშმარიტებებზე შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება, რომელთაც დღევანდელი სახარება შეიცავს.


ა) პირველ ყოვლისა, ამ იგავიდან ჩვენთვის ცხადი ხდება ღმერთის უსაზღვრო კათცმოყვარეობა, მისი უდიდესი სახიერება და ენით უთქმელი მოწყალება კაცთა მოდგმისადმი (მუხლები 3-4). მან, წარმოგზავნა რა ამქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენი ხსნისთვის, ყოველივე ისიც მოგვანიჭა, რაც საჭიროა ან ცოდვების შენდობისათვის, ანდა მთელი ჩვენი ცხოვრების მომავალი განახლებისათვის, ანუ ჩვენი საუკუნო ნეტარებისათვის დიდების სამეუფოში. თავისი ზვარაკნი შემოგვთავაზა მან, რათა ამით კიდევ უფრო დიდებული გაეხადა საქორწილო პურობა, ანუ მოგვმადლა ქრისტე - გამომსყიდველი, მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი ცოდვების განსაწმედად, ანუ მსხვერპლად გაიღო იგი ჩვენს საცხოვნებლად. ეს ის მხსნელია, რომლის შესახებაც იოანე ამბობს: „აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოანე 1,29). ეს ტარიგი ღმრთისაი, დაკლული ქვეყნის დაბადებამდე თავადვე შემოგვთავაზებს ახლა ამ საქორწილო პურობაზე, თავის წმიდა სამეუფოში - ანუ ეკლესიაში, საკუთარ სისხლსა და ხორცს შესაჭმელად, და გვეუბნება: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი... სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მოსატევებლად ცოდვათა“ (მათე 26,26-28). ცხოველი ფერებით გამოხატა უფალმა თავისი მადლი და მოწყალება ამ საქორწინო პურობაზე: რამეთუ რა უნდა იყოს იმაზე უფრო დიდი კაცთმოყვარება ქრისტე-მწყემსისა, რაც საკუთარი სისხლითა და ხორცით გამოზრდაა თავისი სამწყსოსი?! კარგად იტყვის ამის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი: რომელი მწყემსი და როდის ასაზრდოვებდა თავის ცხოვართ საკუთარი სხეულით? მრავალნი დედანი შვილთა შობის შემდგომ სხვა დედებს აძლევენ მათ გამოსაკვებად; ამის ქმნა მან არ ისურვა, და საკუთარი სხეულით გვასაზრდოებს ჩვენ და ამით საკუთარ თავთან გვაერთებს და თავისთან გვაზიარებს (83-ე საუბარი მათეს სახარებაზე). დიახ, უდიდესი სახიერება გამოგვიმჟღავნა ჩვენ უფალმა ღმერთმა! ამისთვის უნდა განვადიდებდეთ ღმერთს, ყოველი მოწყალებისა და ნუგეშის მამას, და ვადიდებდეთ ასევე ჩვენს სულთა სიძის - უფალ იესო ქრისტეს სახიერებას.


ბ) ქორწინების ქვეშ იგულისხმება აგრეთვე ღმერთის ძის მიუწვდომელი ჰიპოსტასური შეერთება ადამიანურ ბუნებასთან და ხორცთან, როცა „სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (იოანე 1,14). ეს საიდუმლო შეერთება ღმერთის ძის ხორციელ-ქმნაში ისე მჭიდრო, ისე ახლობელია, რომ ღმერთი და რჩეულ მორწმუნეთა სულები თითქოსდა დაქორწინებულნი - შეუღლებულნი არიან. უთვალავნი და უძვირფასესნია ადამიანის სულის ღმერთთან ამგვარი შეუღლების, შეერთების ნიჭნი და უპირატესობანი. და პირველ ყოვლისა, „რაოდენთა-იგი შეიწყნარეს (ანუ რომელნიც მოვიდნენ მადლმოსილი სწავლების ამ ქორწილში), მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი“ (იოანე 1,12), და ჩვენ, ქრისტეს მორწმუნეებმა, მივიღეთ ღმერთის სიყვარული, „განფენილი გულთა შინა ჩვენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩვენდა“ (რომ. 5,5). ამ სიყვარულის წყალობით ჩვენ „მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩვენ შორის“ (I იოანე 4,13). ამ სიყვარულის მიერ ჩვენ ერთ სულ ვართ უფალ ღმერთთან, რამეთუ „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“ (I კორინთ. 6,17). ამ სიყვარულის ძლით აღვასრულებთ ჩვენ მის საღმრთო მცნებებს: რამეთუ თავად მაცხოვარი გვეუბნება: „უკუეთუ ვისმე უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს“ (იოანე 14,23), ხოლო აღვასრულებთ რა საღმრთო მცნებებს, ვცხოვნდებით, უფლისავე ამ სიტყვის ძალით: „უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი“ (მათე 19,17). ამ დაქორწინების, ამ სულიერი შეუღლების ძალით ღირს ვიქმენით ჩვენ ღმერთის ძმები შევქნილიყავით, „რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათვისცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაი მათი და იტყვის: მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ“ (ებრ. 2,11,12). აი, რა მრავალი და დიდ-დიდნია ქრისტეს ხორციელ-ქმნისა ჩვენი მასთან შეუღლების ნაყოფნი, - იმ საქორწინო პურობისა, რომელშიც ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ ამ იგავით.


გ) იგავის სიტყვებიდან - „და წარავლინნა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად“ (მუხლი 3), - აქედან უნდა შევიმეცნოთ ადამიანის ნების გარდაქცეულება, მისი გულის გაუხეშება, გასასტიკება, ანუ მიზეზნი მისი საუკუნოდ დასჯისა. ღმერთი თავისი მადლისა და შინაგანი შთაგონების მიერ უკლებლივ ყველა ადამიანს მოუწოდებს საუკუნო ნეტარებისაკენ. მაგრამ ძალზე მრავალთ არ სურთ იწამონ, და ისინი უგულებელ-ჰყოფენ ცხოვნების გზას. ეს კი ამასოფლის დაბრმავების გამო ხდება; რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, ხოლო კაცთა შეიყვარეს უფროის ბნელი, ვიდრეღა ნათელი. უფრო მეტად მათ ისურვეს კვლავაც თავიანთ ბნელში დარჩენილიყვნენ, თავიანთ სულიერ სიბრმავეში, ვიდრე მართალი გზის ნათელი და სიმართლის მზის - ქრისტეს ბრწყინვალება დაენახათ. აქედან კი უნდა დავასკვნათ, რომ სწორედ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული - ზეცა მოიპოვოს თუ ჯოჯოხეთი დაიმსახუროს. ხოლო ღმერთს რაც შეეხება, მას ყოველთა ცხოვრებაი სურს, და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოყვანებაი“. იგი ყველას მოუწოდებს, ყველას ეპატიჟება თავისთან, ყველას ნებას მიმართავს საკუთარი თავისაკენ შემოქმედი ღმერთისაკენ და თავისი სიტყუის ნათელით განგვანათლებს ყველას, რათა ცათა სასუფეველში აღგვიყვანოს. მაგრამ უკეთური ადამიანები ვერ მოიპოვებენ ცხოვნებას იმიტომ, რომ არ სურთ ეს. რა სამარცხვინო საქციელია გონიერი არსებისათვის! ფრინველთა ბარტყები თავიანთ დედას მიელტვიან, ძაღლიც თავისი პატრონის ხმის გაგონებისთანავე მისკენ გარბის, და მთელი ქმნილებაც ემორჩილება თავის ხელმწიფეს, ანუ ადამიანს. თავად ადამიანი კი თავის უზენაეს მეუფესთან არ მიდის! გონიერი ქმნილება არ ისწრაფის თავის ყოვლად ბრძენი შემოქმედისაკენ, ძე - თავისი მამისაკენ, სნეული - სასწაულმოქმედი მკურნალისაკენ, ღარიბი - ყოვლადმდიდარისა და უხვისაკენ, არაფრის მქონებელი არ მიდის უზენაეს სიკეთეთა მფლობელისაკენ, რომელიც სწორედ მას ჰპირდება ყოველივე ამას! ჰოი, რა უაღრესი უმადურობაა! ვითარი უარყოფაა უზენაესი სიკეთისა, ღირსი ჯოჯოხეთში შთაგდებისა! ამისათვის ასე ემუქრება ღმერთი უკეთურ ადამიანს: „მე განგცნე თქვენ მახვილისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქვენ და არ შეისმინეთ, ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არა მინდეს, გამოირჩიენით“ (ესააა 65,12).


დ) კვალად, დღევანდელი სახარების იგავი ცხადად გვიჩვენებს, თუ სადამდე მიჰყავს ადამიანი გადამეტებულ სიყვარულსა და მიჯაჭვას ქვეყნიური საგნებისადმი (მუხლი 5). რამეთუ სწორედ იმიტომ არ ნებავთ მეფის ქორწილში მისვლა, რომ ზოგი ქონება-სიმდიდრის გადამეტებული სიყვარულის გამო მოშორებია ქრისტეს, მეორეს დროებითი, ქვეყნიური სიმდიდრის განმრავლებით მოუკლია საკუთარი თავისთვის მარადიული ზეციური სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. ერთი სიძუნწეს, მეორე კი ცხივრებისეულ ამპარტავნებასა და ქვეყნიურ ამაო ფუსფუსსა და საზრუნავს მოუშორებია ღმერთისაგან. ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას: სიმდიდრის ჯეროვანი, კეთილი გამოყენება კი არა, არამედ დროებითი, წარმავალი საგნებისადმი გადამეტებული სიყვარული და ამაო სურვილთა განმრავლება უშლის ხელს ადამიანებს ქრისტესმიერი გამოსყიდვის ფასდაუდებელი სიმდიდრე უყვარდეთ. რამეთუ ვინც უდიდესი გზნებითა და ზომაგადასული მოსურვებით ცდილობს და დაშვრება ქვეყნიურ საგანთა განმრავლებისათვის, იგი ამა ქვეყნის, ამა სოფლის მეგობარია და - არა ღმერთისა: ის, დიადი სერობისაკენ კი არ მიისწრაფვის, რომელიც ღმერთმა თავის ერთგულ მორწმუნეებს განუმზადა, არამედ ქვენა, ქვეყნიურ გულისთქმათა საძაგელი ღრეობისაკენ მიიჩქარის, სადაც იმგვარ მდგომარეობას ეწევა, რომ უდიდეს სიამოვნებად მიითვლიდა ღორების სალაფავით საზრდოობას, რამეთუ ესეც კი სანატრელი უხდება საბოლოოდ.


ე) როცა გაიგონებ, ქრისტიანო, იგავის ამ სიტყვებს: „მოყუასო! ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?“ (მუხლი 12), სულიერი სარგებლობის უნახავად ნუ ჩაუვლი გვერდით მათ, არამედ ისწავლე აქედან, რომ მოყვასის ამ სახელწოდების ქვეშ, ვისაც არა აქვს შემოსილი საქორწინო სამოსელი, იგულისხმებიან ყოველნი პირმოთნე და ცრუ ქრისტიანები, რომელნიც მოსულან ქრისტეს ქორწილში, ქრისტეს მეგობრებივით ისმენენ ღვთის სიტყვას, სხვებთან ერთად არიან საქორწინო პურობაზე, იყენებენ მადლმოსილ საიდუმლოთ და ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, რომელიც ქრისტეს ხორციელ-ქმნამ მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მოჩვენებითად, გარეგნულად იქმან. და რადგანაც არც ერთ პირმოთნე ადამიანს არ ძალუძს გამოცხადდეს წინაშე ღმრთისა, როგორც ამას მართალი იობი ამბობს: „მის წინაშე ზაკვა არა შევიდეს“ (იობი 13,16), ამიტომ მთელი შენი ძალისხმევა გამოიყენე, ქრისტიანო, იმისათვის, რომ ამ საქორწინო შესამოსელით შეიმოსო, ანუ სიწმიდისა და უზაკველობის სამოსი. და შეიმოსე ეს საქორწინო შესამოსელი, პირველ ყოვლისა, შინაგანად, ქრისტეს რწმენის მეშვეობით, როცა შენს გულში დაიმკვიდრებ ქრისტეს მისი ჭეშმარიტი რწმენით (ეფეს. 3,17). ამ მნიშვნელობით ამბობს სწორედ წმიდა იოანე ოქროპირი: „საქორწინო შესამოსელი არის ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც იესო ქრისტეს რწმენითა და მისმიერი სიმართლით გვეძლევა“. და კვალად, საჭიროა გარეგანი სახითაც გამოაჩინებდე ამ საქორწინე შესამოსელს, როცა შეიმოსავ ახალსა მას კაცსა, ღმრთისა მიერ დაბადებულსა სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაითა... და როცა განიშორებ „ძველსა მას კაცსა, გახრწნილსა გულისთქუმისა მისებრ საცთურისა“ (ეფეს. 4,24,22). ახალი კაცის შემოსვა ნიშნავს განშორებას ყოველგვარი ცოდვისაგან. სწორედ ამ მნიშვნელობით ამბობს ნეტარი იერონიმეც: „საქორწინო შესამოსელი - საღმრთო მცნებებია; საღმრთო სჯულითა და სახარების მიხედვით აღსრულებული საქმეები ემსახურებიან ახალ კაცს შესამოსელად. ამიტომაც თუკი განკითხვის საშინელ დღეს მოიძევება ვინმე ისეთი, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს, მაგრამ არა აქვს შემოსილი საქორწინო შესამოსელი, ანუ ყოვლად ზეციური კაცის სამოსი, და ამის ნაცვლად არაწმიდა სამოსელითაა შემოსილი, ანუ ძველი კაცის ნარჩენებით, ესევითარი უმალვე დაეცემა და მას ეტყვის უფალი: „მოყუასო! ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?“ აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ვისაც ცხოველი რწმენა აქვს, ვინც მგზნებარე სიყვარულით არის შემოსილი, შეერთებულით კეთილ საქმეთა აღსრულებასთან და ვინც სიცოცხლის ბოლომდე შეურყვნელად შეინარჩუნებს მას, სწორედ ის არის ქრისტეს ჭეშმარიტი მოყვასი და მეგობარი, ღირსი მის ქორწილში ყოფნისა. და თუკი, ქრისტიანო, ამგვარი სამოსით იქნები შემოსილი, მაშინ შენში ღმერთი დაიმკვიდრებს და შენ - ღმერთში დაიმკვიდრებ. და მაშინ სწორედ შენზე იქნება ნათქვამი უფლის სიტყვები: „ნეტარ არს, რომელმან იღვიძოს და დაიმარხოს სამოსელი თვისი, რაითა არა შიშულად ვიდოდეს, და ჰხედვიდენ უშვერებასა მისსა!“ (გამოცხ. 16,15). ხოლო ვაი, იმათ, და კვლავ და კვლავ ვაი, რომელნი მოკლებულნი იქნებიან ამ საქორწინო შესამოსელს, ანდა, მართალია ექნებათ იგი, მაგრამ - შებილწული ყოველი ბილწი საქმით!...