„16. (მას ჟამსა შინა) აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხორებაი საუკუნოი? 17. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი. 18. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; 19. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. 20. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაიღა მაკლს მე? 21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. 22. და ვითარცა ესმა სიტყუაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 24. და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. 25. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ხელ-ეწიფების ცხოვნებად? 26. მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.“ |
I. დღეს წაკითხული სახარება წარმოგვიდგენს მდიდარ ჭაბუკს, რომელიც გულმოდგინებს თავისი ცხოვნებისათვის, საღმრთო მცნებებს აღასრულებს, მაგრამ რომლისთვისაც სიმდიდრის სიყვარული დიდი დაბრკოლებაა ცხოვნების გზაზე. განვიხილოთ ეს საკითხავი.
„(მას ჟამსა შინა) აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხორებაი საუკუნოი?“ (მუხლი 16).
როდის შეხვდა აქ მოხსენიებული მდიდარი ჭაბუკი უფალს? ამ ჭაბუკის მოსვლამდე უფალი ფარისეველთ ესაუბრებოდა საქორწინო კავშირის დაურღვევლობაზე, აგრეთვე ქორწინებისაგან თავის შეკრძალვაზე ცათა სასუფევლისათვის, და მასზედ, რომ ამგვარი უქორწინებლობისათვის მოიწოდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ძალუძს ამის დატევნა, სიტყვისაებრ მაცხოვარისა, რომელიც ამბობს: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ!“ (მათე 19,12). იმ დროსვე მოუყვანეს იესოს ყრმებიც, რათა მათს თავზე ხელნი დაესხა და ელოცა მათთვის; მოწაფენი არ უშვებდნენ მათი ესოსთან, ხოლო უფალმა უთხრა მათ: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი“ (იქვე, მუხლი 14). და აი, სწორედ ამ დროს მოდის იესოსთან ვინმე ჭაბუკი, რომელშიც უფლის საუბარმა ფარისევლებთან ცათა სასუფევლის შესახებ და მისმა სიტყვებმა ყრმათა შესახებ - „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი“-ო, დაბადა სურვილი, უტყუარი საშუალება სცოდნოდა საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად, და ამის შესახებ იმ მოძღვარს ჰკითხა, რომელიც ესოდენ განდიდებულიყო თავისი სწავლებითა და საქმეებით. კერძოდ თუ ვინ იყო ეს იშვიათი ჭაბუკი, ამის შესახებ არაფერს გვამცნობენ წმიდა მახარებლები მათე, მარკოზი და ლუკა, რომელნიც ამ ამბის შესახებ მოგვითხრობენ. მხოლოდ ლუკა უწოდებს მას „მთავარს“ (18,18), ხოლო სამივე მახარებელი ერთხმად აღნიშნავს, რომ იგი „ფრიად მდიდარი“ იყო. მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ჭაბუკი, უკვე ისიც კი, რომ მოხსენიებულია მთავრად, ძალზე მდიდრად და ისეთად, რომელიც ცხოვნების გზებს ეძიებდა და ამის შესახებ უფალ იესოს ეკითხებოდა, - უკვე ეს გარემოებანიც იმსახურებენ ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. რამეთუ განა ბევრია ქვეყნად ისეთი ჭაბუკი, უფრორე კი მთავარი ამა ქვეყანისა და თანაც ძალზე მდიდარი, რომელნიც ამგვარი გულმოდგინებით იფიქრებდნენ ცხოვნების გზაზე? ამ ასაკში და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები, ჩვეულებრივ, მხოლოდ აწინდელი ცხოვრების შვება-სიამეებით არიან დაკავებულნი, და არა საუკუნო ცხოვრების ძიებით. მახარებელი მარკოზი აღნიშნავს, რომ ჭაბუკმა მუხლნიც კი დაიდგნა იესოს წინაშე (10,17) და ასე სთხოვა მაცხოვარს დამოძღვრა. ჭაბუკის დამწუხრებაც თავისი არასრულყოფილების შეგრძნობისას სიმდიდრისადმი სიყვარულის გამო ასევე ამტკიცებს მისი ცნობისწადილის გულწრფელობას ცხოვნების გზების შესახებ. და რა მიუგო მას მაცხოვარმა?
„ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი“ (მუხლი 17).
უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად სახიერია, - სრულყოფილია თავისი ღვათებრივი ბუნებითაც და თავისი ზეციური სწავლებითაც და თავისი ყოვლადკეთილი საქმეებითაც.
მაშ, რატომღა უარყოფს მაცხოვარი თავისთვის ესოდენ შესაფერ სახელწოდებას? სახარებაში მოხსენიებული ჭაბუკი, რა თქმა უნდა, იმის გულწრფელი სურვილით მოუხდა იესოს, რომ ცხოვნების გზები შეეტყო მისგან, მაგრამ მოუხდა როგორც საუკეთესოს იუდეის მიწა-წყლის მოძღვართაგან, და არა სრულყოფილი რწმენით იმისა, რომ იგი საღმრთო პირია. ხოლო რადგანაც სრულყოფილი გონებისმიერი და გულისმიერი რწმენა იესო ქრისტეს პიროვნების ღვთაებრივობისა აუცილებელი პირობაა ცხოვნების საქმეში, ამიტომ ყველაზე მართებული იყო ზეციური ჭეშმარიტების მოძღვარს თავისი როგორც მაცხოვრის რწმენის ნათელი შეეტანა ამ ჭაბუკის სულში, რომელიც მას ცხოვნების გზათა შესახებ ეკითხებოდა. და აი, იესოსაც სურს იმის რწმენა განაღვიძოს ჭაბუკში, რომ თავად იგი - იესოა ჭეშმარიტი ღმერთი, და თანაც გარკვეული მხილებაც დაურთოს ამას. რატომ მიწოდებ მე სახიერს, ანუ სრულყოფილს სიტყვასა და საქმეებმი, როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს, დაფარულთ ადამიანური ბუნების ქვეშ? ხოლო ამ სიტყვებიდან ჭაბუკს უნდა გულისხმა-ეყო, რომ რაკი სახიერად ხმობდა იესოს, ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთიც - მაცხოვარიც უნდა ეღიარებინა მასში. რამეთუ ყოვლადსრული სახიერება, სრულყოფილება მხოლოდ ერთს ღმერთს ეკუთვნის. „არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი“. ღმერთი არის უზენაესი სიკეთე, უზენაესი სრულყოფილება თავისი არსობრიობით. ხოლო ყოველი სრულყოფილება, საცნაურ-ყოფილი ქმნილებებში, - ზეციურ ანგელოზებსა და ქვეყნიურ გონიერ ქმნილებებმი, ადამიანებში, არის ღმერთის მოწყალების საბოძვარი.
რწმენის უფალი და აღმასრულებელი, იესო ქრისტე, მიმართავს რა ჭეშმარიტების ცხოველმყოფელ ნათელს ამ ჭაბუკის ბნელი სულისაკენ, რომელიც ცხოვნების გზათა შესახებ ეკითხებოდა მას, მიუთითებს გახსნილ გზაზე ცხოვნებისა - საღმრთო მცნებათა აღსრულებაზე.
„ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი. ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მუხლები 17-19).
მცნებათა ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ათი საღმრთო მცნება, ანუ სჯული ღმერთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ. ამ ორ მცნებაზე არის დაფუძნებული მთელი ზნეობრივი სჯული და ყველა საწინასწარმეტყველო წიგნი. იესო ქრისტე ჭაბუკისადმი პასუხის მიგებაში საღმრთო სჯულის მხოლოდ ნაწილებზე მითითებით შემოიფარგლა, ანუ სიყვარულზე მოყვასისადმი: იმიტომ, რომ შეუძლებელია მოყვასის ნამდვილი, მართებული, გულწრფელი, წმიდა და უზაკველი სიყვარული ისე, თუკი მთელი ჩვენი სულის სიმტკიცით და სრული სიწმიდით არ გვეყვარება ჩვენი შემოქმედი ღმერთი. და ასევე შეუძლებელია ღმერთის ჭეშმარიტ მოყვარედ მივიჩნიოთ ის, ვისაც მოყვასი სძულს. „უკუეთუ ვინმე თქვას, ვითარმედ: მიყვარს ღმერთი, და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყვარებად?“ (იოანე 4,20). ამიტომაც ეუბნება იესო ჭაბუკს: პატივი ეცი შენს დედ-მამას და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა საკუთარი თავიო. სიყვარულის საზომად მოყვასისადმი, ანუ ყოველი ადამიანისადმი, რომელიც ჩვენთვის მახლობელია, მოყვასია ან ხორციელი შობით, ანდა საუკუნო ცხოვრების სასოებით, მაცხოვარი დაადგენს საკუთარი თავისადმი სიყვარულს, რამეთუ საკუთარი თავი ყოველ ადამიანს ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს ამქვეყნად, „რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა“ (ეფეს. 5,29).
„ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაიღა მაკლს მე?“ (მუხლი 20).
შევნიშნავთ, რომ თუკი ამქვეყნად ბევრნი არ არიან ისეთნი ჭაბუკნი, რომლებიც ცხოვნების გზებზე ფიქრობენ, მით უმეტეს, კიდევ უფრო ნაკლებნი არიან საშუალებათა მომღებელნი ამისათვის. ქრისტეს ყველა მსმენელთაგან მხოლოდ ეს ერთი ჭაბუკი აღმოჩნდა, რომელიც თავს იქებდა ამით, - საღმრთო მცნებათა აღსრულებით, და რა თქმა უნდა, მისი სიტყვები სიცრუეს არ შეიცავდა. ამიტომ მაცხოვრისათვისაც უსიამო როდი იყო ამგვარ ჭაბუკთან საუბარი. რამეთუ, როგორც მახარებელი მარკოზი გადმოგვცემს, „ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყვარდა იგი“ (10,21) და უეჭველია, მისი კეთილი გულისათვის და გულმოდგინებისათვის საღმრთო სჯულის აღსრულებაში. ჭაბუკს კი, რომელიც სიყრმიდანვე აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, კიდევ იმის შეტყობა სურდა იესოსაგან, თუ რა აკლდა სრულყოფილებისათვის.
„ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მუხლი 21).
აი, მხოლოდ ეს აკლდა სჯულის აღმსრულებელ ჭაბუკს, რათა ჭეშმარიტად სამოციქულო სრულყოფილებისათვის მიეღწია. რამეთუ მთელი ქონება-სამკვიდრებელის მიტოვება და ქრისტესადმი შედგომა მოციქულთა უპირატესი მოვალეობა იყო. თავის სხვა მიმდევრებს უფალი არ აკისრებდა ესოდენ მკაცრ მოვალეობებს, რამეთუ ერში, თავიანთ ოჯახებში მცხოვრებთათვის შეუძლებელია არ ზრუნავდნენ საკუთარი თავის რჩენაზე და სახლეულთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ამიტომაც, საღმრთო წერილში არ არიან განკიცხულნი არც აბრაამი, არც ისააკი, იაკობი თუ დავითი, რომელნიც ქვეყნიურ სიკეთეთა უხვობაში ცხოვრობდნენ და ეს სიკეთე თავიანთი მართალი, არასაძრახისი შრომით ჰქონდათ მოპოვებული. მაგრამ თუკი მაცხოვარმა ამ ჭაბუკსაც შესთავაზა ეს მკაცრი სამოციქულო კანონი, - ყოველივე განყიდე, ღარიბ-გლახაკთ დაურიგე და მე შემომიდეგიო, უეჭველია, ეს, პირველ ყოვლისა, იმიტომ გააკეთა, რომ ეს ჭაბუკი ჯერ კიდევ არ იყო შეკრული იმგვარი მოვალეობებით, რომლებიც ხსენებულ მამამთავრებსა და ქრისტეს სხვა მიმდევრებს ჰქონდათ დაკისრებული, მეორედ, და უფრორე კი, იმისათვის, რომ მაცხოვარმა მასში მომხვეჭველობის ფარული ვნება განჭვრიტა და სიყვარულიც თავისი სიმდიდრისადმი, დაგროვებულისა არა მოყვასთა სარგებლობისათვის, არამედ პირადი ანგარებისა და შვება-სიამეთათვის, და ამიტომ სურდა ემხილებინა იგი. და ეს მალე საქმითაც დადასტურდა, რამეთუ
„და ვითარცა ესმა სიტყუაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“ (მუხლი 22).
თითქოსდა, განა შეიძლება ადამიანს არ სურდეს სრულყოფილი გახდეს?! თითქოსდა, განა შეიძლება, ადამიანს არ უნდოდეს ქრისტეს შეუდგეს, და განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი თავადვე სთავაზობს ამას?! - მაგრამ, არა! მდიდარი ჭაბუკი ვერ ადგება სრულყოფილების გზას, მას არ სურს ქრისტეს შეუდგეს. იგი წუხს, რომ არ ჰყოფნის სულის გამბედაობა ამის გასაკეთებლად, მაგრამ მაინც ვერ გადაწყვეტს და უკან ბრუნდება - „წარვიდა მწუხარე“-ო, ამბობს მახარებელი. რატომ ქმნა ასე? - იმიტომ, რომ მას არ შეეძლო სრული უანგარობით ცხოვრება და არ სურდა განშორებოდა თავის სიმდიდრეს, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.
აქამდე იგი იშვიათი თვისებებისა მოჩანდა არამხოლოდ ჭაბუკთა შორის, არამედ ერში მცხოვრებ სრულყოფილ კაცთა შორისაც; აქამდე იგი მაცხოვრის თვალშიც საყვარელი იყო საღმრთო მცნებათა აღსრულებისათვის; აქამდე კადნიერად და კმაყოფილებით შეეძლო დაექადნა თავისი პატიოსნება. მაგრამ მაცხოვრის ერთმა მოკლე სიტყვამ იგი მრავალ მდიდარს გაუთანასწორა! ერთმა, თითქოსდა ყველაზე იოლმა წინადადებამ დაამწუხრა იგი, თავად მაცხოვრისაგანაც კი განაშორა და დაამტკიცა, რომ ჭაბუკი ღირსი არ იყო მას შესდგომოდა და მისი მოწაფე გამხდარიყო. მაშ, რაღა ფასი ჰქონდა მის დამსახურებებს მთელი საღმრთო სჯულის აღსრულებაში?!
და მისი ეს მწუხარება, რომლითაც მდიდარმა ჭაბუკმა, ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარულის გამო დასტოვა იესო ქრისტე - ცხოვნების მეუფე, საბაბს აძლევს უფალს უთხრას თავის მოწაფეებს, თუ რა ძნელია მდიდარი ადამიანისათვის ცხოვნება:
„ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 24. და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (მუხლები 23-24).
ამრიგად, მდიდართათვის ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია თანამოზიარენი შეიქნან ცათა სასუფეველისა და სულიწმიდის ნიჭებისა. აბრაჰამიც მდიდარი იყო, მაგრამ ღმერთის მეგობრად იწოდა. იობიც უაღრესად მდიდარი იყო, მაგრამ მართალ მონად შეიქნა ღმერთის სახლში. სიმდიდრე თავისთავად ღმერთის საბოძვარია ადამიანისადმი, მისი სახიერების ნიშანი. მაგრამ, ვაი იმას, ვის გულსაც იგი მთლიანად დაეუფლება და დასთრგუნავს მასში კეთილ საქმეთა აღსრულების სურვილს; ვისაც სიმდიდრე უზრუნველობის, ავხორცობის, ამპარტავნებისა და სხვა მანკიერებების კერძად გადააქცევს! ვაი არს იმა მდიდართა, რომელნიც ღმერთისათვის არ განმდიდრდებიან! ადვილი შესასვლელი არ არის ცათა სასუფეველისაკენ მიმყვანებელი კარნი იმათთვის, ვისაც განვრცობიათ სიმდიდრისაკენ აღმოცენული სურვილები და ჟინი. რამეთუ უადვილესია აქლემისათვის ნემსის ხვრელში გაძვრომა, ვიდრე მდიდრისათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!
აქლემი ებრაულად იწოდება „გამალ“-ად, ზმნიდან, რომელიც ნიშნავს „მიგებას“, რაღაცის წილ თანაბარი წილით გადახდას, და ალბათ იმიტომ, რომ ამ ცხოველში ცხადად არის საცნაური შურისძიების ინსტინქტი. ყველაზე ცნობილია აქლემის ორი სახეობა: ერთკუზიანი აქლემი, ანუ ბრომადერი, და ორკუზიანი აქლემი, ანუ ბაქტრიული აქლემი. ერთკუზიანი აქლემის გავრცელების არეა დასავლეთ აზია, სწორედ ამ აქლემს იცნობდნენ ძველი ებრაელები. სიმაღლით ეს პირუტყვი 1,8-2 მეტრამდეა, სიგრძით - 2-3 მეტრი, ზოგჯერ უფრო დიდიც, აქვს გრძელი კისერი, დიდი მუცელი და გრძელი ფეხები. თავი ძალზე უშნო აქეს, კუდი ძროხისას მიუგავს.
ცხელი და მცირეწყლიანი ქვეყნების მკვიდრთათვის, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი გადასვლებისას ვრცელ ქვიშნარ უდაბნოებზე, აქლემი ყოვლად აუცილებელი ცხოველია, რადგან იგი ადვილად იტანს სიცხეს, უწყლობას და უჭმელობას დიდი ხნის განმავლობაში და ამასთან საკმაოდ ძლიერი საპალნე პირუტყვიცაა. ამიტომ აქლემს გამუდმებით იყენებენ უდაბნოში მოგზაურნი. ძველი დროის იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც უმთავრესად უდაბნოებმი მდებარეობენ, აქლემს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, და აქვს, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში აქვთ გემებს იმ ხალხთა დაახლოებაში, რომელთაც ოკეანეები განჰყოფთ ერთურთისაგან. ამიტომაც არაბები სამართლიანად უწოდებენ აქლემს „უდაბნოს გემს“.
აქლემი პალესტინაშიჯერ კიდევ მამამავართა დროიდან არის ცნობილი. ებრაელები აქლემებზე ამხერებულნი მოგზაურობდნენ უდაბნოში და ტვირთიც გადაჰქონდათ მისი მეშვეობით. ამის შესახებ ცნობები გვაქვს მამამთავართა დროინდელი ისტორიიდან (დაბად. 24,61; 64. 31,17). თუ როგორ უნაგირს იყენებდნენ ძველად აქლემით მგზავრობისათვის, ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი დაახლოებით ისეთივე იყო, როგორსაც ამჟამად იყენებენ. ამჟამად კი ვარცლისებრ ხის უნაგირს ხმარობენ, რომელსაც აქლემის კუზხე ამაგრებენ, უნაგირი პირუტყვის ზურგზე სამი განიერი სარტყლის მეშვობით მაგრდება: ორს პირუტყვის მუცელქვეშ ატარებენ (მოსართავები), მესამეს კი, მიმაგრებულს უნაგირის წინა მხარეზე, კისერზე მოახვევენ აქლემს. წინა და უკანა კიდეები უნაგირისა ზემოთაა აშვერილი. მათზე, ჩვეულებრივ, საგზალსა და ტვირთს ამაგრებენ. უნაგირი ტყავითაა ხოლმე დაფარული, წინა მხარეს პატარა ტყავის ბალიშს დებენ. მხედარი აქლემზე გვერდულად ჯდება, ფეხებს უნაგირის წინა ნაწილზე აწყობს და წვრილი ღვედის თოკით მართავს პირუტყვს, რომელსაც ეს თოკი ნესტოებში აქვს გაყრილი. ქალებისა და ბავშვებისათვის ხანგრძლივი მოგზაურობისას აქლემზე, უნაგირზე კარვისმაგვარი რამ მაგრდება. ძველი ებრაელები აქლემებს, სახედრებთან ერთად, საპალნე პირუტყვადაც იყენებდნენ და მაშინაც, ალბათ, ისევე ამაგრებდნენ მათზე საპალნეებს, როგორც ახლა ამ დროსაც გამოიყენებენ ვარცლისებრ ხის უნაგირს, რომელზეც ორი მხრიდან ხურჯინივით ჰკიდებენ საპალნეებს. თითოეულ საპალნეს საგანგებოდ ამზადებენ, ორ საპალნეს ერთმანეთზე თოკით აბამენ, მათი გადაბმის ადგილზე მარყუჟს უკეთებენ და ამ მარყუჟით ჰკიდებენ უნაგირის შვერილზე, ამასთან ტვირთს მხოლოდ საკუთარი სიმძიმე და წონასწორობა აკავებს.
გარდა ამისა, აქლემი სხვა მხრივაც იყო სასარგებლო პირუტყვი ძველი ებრაელებისათვის: მისი რძე, მართალია, გემოთი უსიამოა მიუჩვეველი ადამიანისათვის, მაგრამ ძალზე სქელი და ღალიანია და საყვარელ და ყუათიან საზრდოს წარმოადგენს უდაბნოს მცხოვრებთათვის. უფრო გვიანდელ პერიოდში ებრაელებისათვის უკვე შეუძლებელი შეიქნა საზრდოდ გამოყენება აქლემის რძისაც და ხორცისაც, რადგან საღმრთო სჯულმა არაწმიდა ცხოველთა შორის შერაცხა აქლემიც: „ხოლო მათგანი არა სჭამოთ ... აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაი არს ესე თქვენდა“ (ლევიტ. 11,4). და მართლაც, აქლემს არა აქვს სუფთა პირუტყვთა აშკარად გამოხატული თვისებები. მართალია, იგი აღმოიცოხნის, მაგრამ მისი ჩლიქები მხოლოდ წვერშია სრულიად გაორებული, დანარჩენი ნაწილით კი მთლიანად შეზრდილნია ფეხის ფართო, ხორციან გულთან, ამასთან წვრილი, წვეტიანი ჩლიქები მტაცებელი მხეცის ბრჭყალებს მოგვაგონებენ. გარდა ამისა, აქლემის მატყლისაგან, რომელიც მას გაზაფხულობით სცვივა, ძაფს ართავდნენ და ქსოვილს ქსოვდნენ ტანსაცმელისათვის (მათე 3,4) და კარვებისათვის.
სახარების ამ ადგილას ნახსენები ნემსის ხვრელის ქვეშ ზოგიერთი განმმარტებელი გულისხმობს იმ კუტიკარს, რომელნიც ქალაქის კარიბჭეში ჰქონდათ ხოლმე დატანებული ძველად. ასეთი კუტიკარები აღმოსავლეთში ზოგან ახლაც გვხვდება და ისინი ისე ვიწრო და დაბალია, რომ ადამიანს მასში შესვლა მხოლოდ წელში მოხრილს შეუძლია, აქლემისათვის კი, მეტადრე საპალნეებითურთ, ეს უდიდესი გაჭირვებით შეიძლება მოხერხდეს, ისიც თუკი პირუტყვი დაიჩოქებს და მუცელზე ხოხვით შეეცდება კუტიკარში გატევას. ამგვარი კუტიკარები არაბებს შორის ახლაც „ნემსის ყუნწად“ იწოდება.
ამრიგად, იესო ქრისტეს სიტყვების შინაარსი შემდეგია: საპალნიანი აქლემისათვის უფრო ადვილი იქნება „ნემსის ყუნწში“ (კუტიკარში) გაძვრომა, ვიდრე ცათა სასუფეველში შესვლა იმ ადამიანისათვის, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა არაფერი აქვს შეძენილი ქვეყნიურ ცხოვრებაში.
სხვა განმმარტებლები სიტყვა აქლემის ქვეშ ხომალდის ბაგირს გულისხმობენ, რომელიც თავისი სიდიდის გამო ასევე შეუსაბამოა ნემსის ყუნწში გატარებისათვის, თუმცა თუკი მას მის შემადგენელ წვრილ ძაფებად დავშლით, მაშინ ეს სავსებით შესაძლებელი გახდება. და ამ მნიშვნელობით უმჯობესად შეიძლება გაგებულ იქნას სიტყვა „უადვილეს“, იმიტომ, რომ მდიდრისათვისაც, თუკი იგი თავის ქონება-სამკვიდრებელს მრავალ ღარიბ-გლახაკს დაუყოფს, ასევე შესაძლებელი იქნება ცათა სასუფეველში შესვლა და იქ მაცხოვრის მიერ აღთქმული ზეციური საუნჯეების შეძენა. „ავასხის უფალსა რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას“ (იგავნი სოლომ. 19,17).
„ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ხელ-ეწიფების ცხოვნებად?“ (მუხლი 25).
ძალზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ღირსი ყოველი ჩვენგანის მხრიდან ცნობისწადილის გამომჟღავნებისა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მაცხოვრის პასუხიც.
„მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (მუხლი 26).
აი, ის ჭეშმარიტება, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი ცხოვნების ყველა გზა! თუკი ადამიანი მოისურვებს თავისი საკუთარი ძალისხმევით - საღმრთო სჯულის აღსრულებით დაადგეს ამ გზას, მაშინ იგი სამუდამოდ უძლური დარჩება და მისთვის შეუძლებელი იქნება ცათა სასუფეველის დამკვიდრება. რამეთუ იგი ვერასდროს ვერ შესძლებს მთელი სჯულის ჯეროვნად აღსრულებას. მართალი მორწმუნე იყო აბრაჰამი. მაგრამ განა საკუთარი სიმართლით განმართლდა იგი? ყოვლადბრძენი იყო სოლომონ მეფე. მაგრამ განა თავის სიბრძნეში ჰპოვა ცხოვნება? დაფითა და ნაღარით გაჰყვიროდნენ ფარისევლები თავიანთი კეთილმსახურების შესახებ და ასე არიგებდნენ მოწყალებას გზაჯვარედინებზე, მაგრამ განა განამართლა ისინი ამგვარმა მოწყალებამ? და თვით ნამდვილ რწმენასაც კი, ღმერთის ყოვლადძლიერებისა და მადლის გარეშე, განა ძალუძს ღირსნი გაგვხადოს ზეციურ აღნათქუემთა? რამეთუ მოციქულ პავლეს სიტყვისაებრ, ყოველთა მამამავართა „იწამნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი. რამეთუ ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, რაითა არა თვინიერ ჩვენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11,39-40), „რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს ჩვენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფილიპ. 2,13), და არა ხოლო თუ ეს, არამედ ჩვენი რწმენაც „ღმრთისა ნიჭი არს“ და „რამეთუ მადლითა ვართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ“ (ეფეს. 2,8).და მით უფრო ჩვენი განმართლება, კურთხევა-განწმედა და ცხოვნება ღმერთის მიერ აღესრულების. ამრიგად, კაცთათვის ესე შეუძლებელ არს! მაგრამ იქ, სადაც ადამიანი უძლურია, ღმერთის ძალა სრულ ქმნების. იმისთვის, რომ რაიმე კეთილი მოიმოქმვდოს, ანდა თავის ხორციელ მიდრეკილებებს განეშოროს, ადამიანი ღმერთს უნდა ევედროს შეწევნას, და არ უნდა აბრკოლებდეს მისმიერი მადლის მოქმედებას საკუთარ თავში. სახარებაში მოხსენიებულ მდიდარ ჭაბუკსაც, როცა თავისი მიდრეკილება შეიგრძნო მომხვეჭელობისადმი, მაცხოვრისათვის რომ ეთხოვა განკურნება ამ მძიმე სულიერი სნეულებისაგან, როგორადაც ცხოვნების გზის ჩვენებას თხოვა, მაშინ, უეჭველია, განკურნებული იქნებოდა მის მიერ, როგორც მეზვერე ზაქე განიკურნა, რომელმაც თავისი ქონების ნახევარი გაიღო მოწყალებისათვის, ღარიბ-გლახაკთათვის, და უმალვე მოისმინა მაცხოვრის სიტყვები მისი და მთელი მისი სახლეულის ცხოვნების შესახებ (ლუკა 19,9). ამგვარად, კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ!
II. ზოგადად, რას გვასწაელის დღეს წაკითხული სახარება?
ა) პირველ ყოვლისა, იმას, რომ ჩვენ გამუდმებით უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს ცხოვნებაზე მსგავსად მდიდარი ჭაბუკისა, რომელიც უფალს შეეკითხა - რა არის საჭირო საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლადო (მუხლი 16). ჩვენ ისე ცოტას ვზრუნავთ ამაზე, ისე მცირედ ვფიქრობთ საკუთარ ცხოვნებაზე, რომ ეს უმთავრესი საკითხი ჩვენი ცხოვნებისა სულაც არ განეკუთვნება ჩვენს ფიქრთა და განსჯათა ჩვეულ წრეს. რას ნრნავს ეს? ურწმუნოებას ხომ არა მომავალი საუკუნო ცოვრებისა? მაგრამ ვითარ არ გვწამდეს იგი, როცა ეს ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება, აშკარად, მხოლოდ დასაწყისია, რომელიც აუცილებლად გულისხმობს გაგრძელებასაც.
ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ სრულიად სულ ერთია როგორ შევალთ მარადიულობში, - მომზადებულნი მისთვის, თუ მოუმზადებელნი? - ასე ფიქრი ხომ მხოლოდ ყრმებისთვის იქნებოდა შესაფერი, რომლებიც ბევრს ვერაფერს ხვდებიან. რამეთუ ცხადია, მომავალი საუკუნო ცხოვრება მჭიდრო, უშუალო კავშირში უნდა იყოს აწინდელ, დროებით ცხოვრებასთან, როგორც ნაყოფია დაკავშირებული ყვავილთან, ანდა ყვავილი - ღეროსთან. რამეთუ რაც აქ იქნა დათესილი, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ის იქნება მომკილი იქ, საუკუნო ცხოვრებაში.
მაშ, რას ნიშნავს ჩვენი ამგვარი უზრუნველობა საუკუნო ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ყველას მოგველის? - იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მცირე ყრმების მსგავსად, გატაცებულნი სათამაშოების ცქერით, ყველაფერს სხვას ვივიწყებთ, თვით საკუთარ თავსაც კი; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვბედავთ ფიქრსაც კი სხვა რაიმეზე, გარდა ჩვენი მგრძნობიერობის დაკმაყოფილებისა, ჩვენი ჟინისა და ვნებების თნებისა. რამეთუ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება იმშია, რომ ჩვენ უნარი გვაქვს სულ კნინი, უმნიშვნელო საქმეებით გართულებს, სხვა ყოველივე, თვით ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღების გარეშე გვქონდეს დატოვებული. ამრიგად, განვიმტკიცოთ საკუთარ თავში აზრი მასზედ, რომ სულ მალე უნდა დავტოვოთ ეს დროებითი, მომამზადებელი ქვეყნიური ცხოვრება, რათა სამარადჟამო ცხოვრებაში შევდგათ ფეხი, იმ ცხოვრებაში, რომელსაც დასასრული არ ექნება, და აღვიმსთოთ, განვიღვიძოთ სულით, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამისთვის, - განვიღვიძოთ ჩეენი საშინელი უზრუნველობის ძილისაგან საკუთარი სულის ცხოვნებისათვის.
ბ) კვალად, დღეს წაკითხული და ჩვენს მიერ განხილული სახარება გვასწავლის, რომ სწორედ საღმრთო მცნებების აღსრულებაა გზა საუკუნო ცხოვნების მოსაპოვებლად (მუხლი 17). არაფერია სიკვდილზე უფრო ნამდვილი: ყველანი მოვკვდებით და ჩვენი სხეულებით მიწის მტვრად ვიქცევით, რომლისაგანაც მოღებულ ვიქმენით დასაბამად და შექმნილნი ღმერთის მიერ, ხოლო ჩვენი სულები, შექმნილნი ღმერთის ხატად და მსგავსად, წარტაცებულ იქმნებიან ღმერთის სამსჯავროზე წარდგენისათვის! რამეთუ, როგორც მოციქული პავლე ამბობს: „წინა-უც კაცთა ერთგზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი“ (ებრ. 9,27), ანუ კერძო სამსჯავრო ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად წარმავალი - გარდაცვლილი ადამიანის სულისა; მასზე გადაწყდება თითოეული ადამიანის ხვედრი საყოველთაო უკანასკნელ სამსჯავრომდე, როცა უფალი ღმერთი, თავისი მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს განიკითხავს, უკვე მკვდრეთით აღმდგარს სხეულითაც. ამიტომაც, რაკი თითოეული ჩვენგანი სხეულით უნდა მოკვდეს, და ეს ყველასათვის გარდუვალი ხვედრია, მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყოველი ჩვენგანისათვის დამაკმაყოფილებლად გადავწყვიტოთ ეს საკითხი: რა უნდა მოვიმოქმედოთ საუკუნო ნეტარი ცხოვრების დასამკვიდრებლად? - საუკუნო ცხოვრება სიკვდილის შემდეგ უეჭველი სინამდვილეა, ისევე, როგორც უეჭველივე სინამდვილეა საუკუნო სიკვდილიც - ანუ საუკუნო ტანჯვა, და აწინდელი ხანმოკლე ცხოვრებაც ჩვენ იმისთვის გვაქვს ბოძებული, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ მომავალი ცხოვრებისათვის, რომელსაც დასასრული არ ექნება უკუნითი უკუნისამდე, სწორედ ამ, ჩვენი ცხოვრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, განუცხადებს კიდეც უფალი მდიდარ ჭაბუკს, ხოლო მასთან ერთად ჩვენ ყველასაც. თუკი გსურს საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრო, მცნებები აღასრულეო. რომელი მცნებები? - კითხულობს მდიდარი ჭაბუკი. უფალი კი პასუხობს: არა კაც ჰკლა, არა იმრუშო და სხვანი, როგორც უკვე მოვისმინეთ. მცირედი სიტყვებია, არამრავალი საღმრთო მცნებებია, და რა უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მათ, რადგან მათს აღსრულებაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის საუკუნო ცხოვრება. „რომელმან ქმნეს იგი (სჯული) კაცმან, ცხონდეს მას შინა“ (რომ. 10,5), - გვეუბნება საღმრთო წერილი. ამდენად აუცილებელია შევჩერდეთ ამ მცნებებზე და უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ მათს აზრსა და მნიშვნელობას, რათა ცხადად დავინახოთ მათი აღსრულების აუცილებობა და სარგებლობა, ცხოვრებისადმი მათი მისადაგების მთელი სიფართოვე.
პირველი სიტყვა ითქვა უფლის მიერ - არა კაც-ჰკლაო. ამ მცნების ქვეშ იგულისხმება ბევრი სხვა, მისი მსგავსი საღმრთო ბრძანებაც, კერძოდ კი შემდეგი: ნუ აწყენინებ მოყვასს, ნუ გაღიზიანდები, ნუ მტრობ, ნუ განრისხდები, ნუ იქნები მოძულე; „ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის-მკვლელი არს“ (I იოანე 3,15), - გვეუბნება მოციქული; ნუ იქნები კადნიერი და თავხედი ნურც სიტყვით და ნურც საქმით; ნუ იქნები გულსასტიკი და ძუნწი ღარიბ-გლახაკთადმი; მძიმე შრომით ნუ გათანგავ შენს ხელქვეითთ, გადაარჩინე დაღუპვისაკენ მავალნი, მაგალითად, მშიერნი, წყალწაღებულნი; საკუთარ თავსაც ნუ გათანგავ მძიმე შრომით, რომელიც შენს ძალებს აღემატება, და ნურც შენს სხეულებრივ ჯანმრთელობას წაიხდენ ბილწი ვნებებითა და მანკიერებებით. ნუ აცთუნებ სხვებს და ეშმაკს ნუ მისცემ იმ სულებს, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს ფასდაუდებელი სისხლით არიან გამოსყიდულნი. აი, რა ფართოა ამ მცნების - არა კაც-ჰკლა - მნიშვნელობა.
მერმე უფალი ამბობს: არა იმრუშო, ანუ არ იმრუშო არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც, არაწმიდა მზერითაც, მოსურვებითაც; განაგდე შენგან ყოველგვარი სიძვისმიერი ოცნება და წარმოსახვა და ყოველივე ის, რასაც სიძვა-მრუშებისაკენ მიჰყავს ადამიანი. ნუგბარი საჭმელი, ნაყროვანება და სიმთვრალე; ურცხვი, მაცთუნებელი საუბრები, უტიფარი, მაცთუნებელი წიგნების წაკითხვა; ურცხვი მოპყრობა სხვა სქესის ადამიანებისადმი, ურცხვი სურათები და სხვა. რამეთუ ოდენ ნდომიანი შეხედვაც კი დედაკაცის მიმართ უკვე არის კიდეც მრუშობა (მათე 5,28), სიტყვისაებრ მაცხოვარისა. ეცადე, რომ შენი ზრახვები უზაკველი, შეურყვნელი იყოს, ასევე შენი გრძნობებიც; ძალისხმევა გამოიღე, რომ სიწმიდით დაიცვა შენი ზნეც და შენთა მოყვასთაც, შენს შვილთა, მახურთა, ხელქვეითთა და ყოველთა ზნეც, ვისთანაც კი კავშირი და ახლო ურთიერთობანი გაქვს.
შემდეგ უფალმა ბრძანა: არა იპარო. აქ იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრივ მოპარვა, არამედ მუქთახორობაც და მექრთამეობაც, ანგარებაც, მევახშეობაც, როცა გაჭირვებულ ადამიანს მისთვის გამაჩანაგებელ პროცენტებს ართმევენ; აგრეთვე უსამართლო მომხვეჭელობა, მოპარული ნივთების მიღება, ბანქოს გამაჩანაგებელი თამაში, რომლის სახითაც ბანქოს მოთამაშე თავის მშობლებს, ახლობლებს, ცოლსა თუ შვილებს, ანდა, უბრალოდ, საკუთარ თავს ჰპარავს ფულს, და ანიავებს ოჯახის ქონებას; და ბოლოს აქვე იგულისხმება ყველა ისიც, ვინც მოწყალებას არ აძლევს გლახაკს, როცა ამის საშუალება სავსებით აქვს, რამეთუ ნამეტნავს უფალი იმისთვის გვაძლევს, რომ ღარიბ-გლახაკთ შევეწიოთ; და თუკი ვინმე საკმარისი ზომით არ იქმს ამას, იგი მოყვასთა საკუთრებას მიიტაცებს და ღმერთის საბოძვარს მალავს.
მერმე უფალი ამბობს: არა ცილი სწამო, ცრუ მოწმე არ იყო შენი მოყვასის წინააღმდეგ, რამეთუ ადამიანები მეტად მძაფრად ევნებიან ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, ჭორისაგან, დაცინვისა თუ ცრუ-მოწმეობისაგან, - კარგავენ კეთილ სახელს, თანაგრძნობას, დევნა-შევიწროებას განიცდიან, კარგავენ სამსახურს და სახსრებს არსებობისათვის, ზოგჯერ კი, რაკი ძალი არ შესწევთ გადაიტანონ საშინელი ცილისწამება, თავსაც იკლავენ. ცრუ-მოწმეობისა და ცილისწამების მეშვეობით თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე იქნა მიყვანილი ჯვარზე ვნებამდე და სიკვდილამდე, იმგვარ სიკვდილამდე, რომელიც ყველაზე სამარცხვინოდ ითვლებოდა. ასე რომ, საშინელი ბოროტებაა ცილისწამება, წმიდა წინასწარმეტყველი მეფეც ევედრება ღმერთს ცილისწამებისაგან ხსნას: „მიხსენმე ცილის-წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი“-ო (ფსალმ. 118,134).
კვალად, შემდგომ უფალი ბრძანებს: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. მშობლებისადმი პატივისცემისათვის უფალი დღეგრძელობასა და კეთილდღეობას ჰპირდება ადამიანს. მშობლებისაგან ჩვენ დავალებულნი ვართ სიცოცხლით და აღზრდა-განათლებით, ყოველ შემთხვევაში - თავდაპირველით მაინც. და თითქოსდა, არაფერი არ უნდა იყოს იმაზე ადვილი და ბუნებრივი, რომ პატივსვცემდეთ ჩვენს მშობლებს. მაგრამ რეალურ ცხოვრებში, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში ხშირად პირიქით ხდება: შვილებს უმძიმთ ხოლმე მშობლების შენახვა, მაშინაც კი, როცა საარსებო საშუალებანი აქვთ, უარს ეუბნებიან მათ მოვლა-პატრონობაზე, პატივისცემაზე, უხეშად ექცევიან მათ, ხშირად პირშიც ჰკიცხავენ და აგინებენ, არაფრად აგდებენ მათს სიყვარულს, მზრუნველობასა და უწინდელ მოვლა-პატრონობას შვილებისა; არ ეხმარებიან მათ, არ შეეწევიან სიღარიბეში, მოხუცებულობასა თუ სნეულებებში. და ვაი, ესევითარ შვილთ, თუკი გონს არ მოეგებიან აწინდელს ცხოვრებაშივე, რადგან აქვე, ამქვეყნადვე დაისჯებიან, ხოლო იმქვეყნად დაუსრულებელი ტანჯვა იქნება მათი ხვედრი. რამეთუ მათს მიმართ იქნება ნათქვამი მოციქულის სიტყვები: „არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (I კორინთ. 6,10).
გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, - გვეუბნება უფალი კიდევ ერთ საღმრთო მცნებას. ანუ ისევე გაუფრთხილდი მოყვასს, როგორც საკუთარ თავს უფრთხილდებიო; იგივე უსურვე მას, რასაც საკუთარი თავისათვის ინდომებდი, და ისევე მოექეცი მას, როგორც, ისურვებდი, რომ სხვები გექცეოდნენ შენ; ისევე ილოცე მისთვის - ცოცხალისა თუ გარდაცვლილისათვის, როგორადაც საკუთარი თავისათვის ილოცავო. მისთვისაც ისევე ჰქმენი კეთილი და სასარგებლო რამ, როგორადაც საკუთარი თავისათვის იქმ, რამეთუ ჩვენ ყველანი ერთი ზეციური მამის - უფალი ღმერთის შვილები ვართ, გამოსყიდულნი იესო ქრისტეს ერთი სისხლით, ერთი დედის - წმიდა ეკლესიის შვილები, რომელნიც, ყველანი, საერთო სასუფეველს ვსასოებთ და მოველით.
აი, როგორი მცნებები მიიყვანებენ ადამიანს საუკუნო ცხოვრებად!
და უფალიმც მოგვანიჭებს ჩვენ ყველას, მართლმადიდებელ ქრისტიანებს თავისმიერ მადლს ამ მაცხოვნებელი საღმრთო მცნებების ჯეროვანი აღსრულებისათვის, რათა ამის ძლით საუკუნო ნეტარი ცხოვრება დავიმკვიდროთ!
გ) კვალად, მდიდარი ჭაბუკის სახარებისეული ამბავი იმასაც გვასწავლის, თუ რა დამღუპველია ქვეყნიურ სიკეთეთა სიყვარული. ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ამ ჭაბუკს უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად, მაგრამ იგი დამწუხრდა და არ ისურვა მისი გადადგმა (მუხლი 22). იხილეთ, და ყურადღებით ინიშნეთ, თუ როგორ ამძიმებს ადამიანის სულს სიყვარული და მიჯაჭვულობა ქვეყნიური სიკეთეებისადმი, როგორ უბნელებს იგი მას გონებას, როგორ უბორკავს ნებას, როგორ ჩაუქრობს უკვე გაღვივებულ სურვილს ზეციური სიკეთეების მოპოვებისა, როგორ განშორებს საღმრთო მადლისაგან, უკვე თითქოს მოპოვებულისაგან და როგორ უმსხვრევს იმედს საუკუნო ცხოვრების მოპოვებისა, - იმ იმედს, რომელიც კეთილმსახურ დაშვრომასა და კეთილგონიერებაზე იყო დაფუძნებული. რამეთუ სახარებაში საუბარია არა უბრალოდ ვიღაც ჭაბუკზე, არა, - სახარება არ მოგვითხრობს ამაო და უსარგებლო ამბებს; საქმე ეხება იმ ადამიანის ბედ-იღბალს, რომელსაც ქონებისა და სიმდიდრისადმი აქვს სიყვარული. და თუკი შენც ასეთი ხარ, ქრისტიანო, მაშ, იცოდე, რომ თუმც კი სახელის მოუხსენიებლად, მაგრამ შენზეც ღაღადებს ეს სახარებისეული მონათხრობი და შენც გემუქრება არა რაღაც უმნიშვნელო საშიშროებით, არამედ იმით, რომ შენს ამ ვნებას ძალუძს ქრისტეს მოძღვრების ღალატამდე, უარყოფამდე მიგიყვანოს და საუკუნო ცხოვრება დაგაკარგვინოს! აბა, რა ვქნათო, - იტყვის ვინმე. ყველამ მივაგდოთ ჩვენი ქონება-სამკვიდრებელი და გლახაკებად შევიქნათ? არა, ამას როდი მოითხოვს თქვენგან საღმრთო სიმართლე, რამეთუ ქრისტე ყველასაგან როდი მოითხოვდა ნებაყოფლობით სიგლახაკეს, სულის გლახაკობას. გქონდეს ყოველივე ის, რის ქონასაც აუცილებლობა გვაიძულებს და რის ნებასაც შენი წოდების წეს-კანონი გაძლევს. მაგრამ უფრთხილდი იმას, რომ არ მიისაკუთრო და არ დაიუნჯო ამაზე მეტი და ნუ მისცემ თავს უფლებას უფრო მეტი გწყუროდეს. თუკი შენ შებორკილებული არა ხარ სრული უანგარობის, სრული უქონლობის აღთქმით, მაშინ ისარგებლე კანონიერად მოპოვებული სიმდიდრით, მაგრამ, ამასთანავე, არასდროს არ დაივიწყო ის წესი, რომელიც ჯერ კიდევ წმიდა ფსალმუნთმგალობელმა ბრძანა „ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა“ (ფსალმ. 61,11). ხოლო თუკი არ ძალგიძს სიმდიდრის შენარჩუნებასთან ერთად შენი სულიც შეინარჩუნო სიკეთესა და კეთილმოშიშებაში, მაშინ განა ჭეშმარიტად უმჯობესი არ იქნება შენთვის შენი ქვეყნიური სიმდიდრე დაღუპო, ვიდრე ის, რომ სიმდიდრემ თავად დაგღუპოს შენ? და თუკი არ ძალგიძს სიმდიდრის დამღუპველ მარწუხებს ერთბაშად დააღწიო თავი, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ნელ-ნელა, თანდათანობით მაინც ეცადე გამოიხსნა შენი სული ამ მიდრეკილებათა ბადისაგან და აიძულო თავი მათს საწინააღმდეგოდ იქცეოდე. აიძულე თავი კეთილი უყო ღარიბ-გლახაკს, დაე, თუნდაც შენი გული თანაგრძნობით არ იყოს აღვსებული მისდამი. განაშორე ხოლმე თავი ცხოვრებისეულ-ყოფით საქმეთაგან, და, დაე, თუნდაც ეს ერთგვარი ძალდატანებით მოგიხდეს საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც ეცადე თავი კეთილმსახურების საქმეზე დააყენო. ღმერთი დაინახავს შენს ამ, მართალია, არასრულყოფილ, მაგრამ კეთილგანზრახულ მსხვერპლთ, და სიბრძნესა და ძალას მოგმადლის იმისათვის, რომ უფრო მეტის სიწმიდითა და სრულყოფილებით შესწირავდე მათ უფალ ღმერთს შენი თავის საცხოვნებლად, საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად.
დ) და ბოლოს, დღეს წაკითხული სახარება იმასაც გვასწავლის, რომ ადამიანთა ცხოვნების საქმე, შეუძლებელი თავად ადამიანთათვის, შესაძლებელია ღმერთისათვის, ვისაც თავისი მადლის ძალით ცხოვნებისაკენ მიჰყავს ადამიანები (მუხლი 26). კერძოდ კი ღმერთი, ვისაც არა ნებავს სიკვდილი ცოდვილისაი, თავისი მარად დაუდუმებელი მომწოდებელი ხმით - სახარების ღმრთივგანცხადებულ ჭეშმარიტებათა მქადაგებლების მეშვეობით, ქრისტიანული ღვთისმსახურების საიდუმლოთა საკვირველი ზემოქმედებით, თავის წმიდანთა სათნო ცხოვრების მაგალითებით და ასევე თავისი საღმრთო განგებულების ამოქმედებით ადამიანის ცხოვრების გარემოებებსა თუ ბუნების საკვირველ მოვლენებში, - ყოველივე ამით უფალი ღმერთი გულის სიღრმემდე ჩასწვდება ადამიანს, ერთიანად შესძრავს მის სულს, და ამის წყალობით ადამიანიც ხშირად სრულიად გარდაიქმნება ხოლმე და სულ სხვა ადამიანად იქცევა როგორც თავის შეხედულებათა წყობით, ასევე თავისი ცხოვრების ხასიათითაც. ქრისტეს ეკლესიის ისტორია, ჩვენდა დიდად სანუგეშოდ, ამის უამრავ მაგალითს წარმოგვიდგენს. და სრულყოფილი ქრისტიანული ცხოვრებაც წმიდანებისა ხომ აღსავსეა ამდაგვარი მაგალითებით... ჩვენს დროში იშვიათი არ არის, რომ მდიდარ კაცს ვისმე სასწავლო დაწესებულება გაემართოს თავისი სახსრებით ახალგაზრდობისათვის სწავლა-განათლების მისაღებად; სხვას საქველმოქმედო ღვთის სათნო დაწესებულება გაეხსნას უსინათლოთათვის, დავრდომილ ხეიბართათვის თუ უმწეო მოხუცებულთათვის. სხვა - უფლის ტაძრებს შეამკობს, ეკლესიის მსახურთა მატერიალურ ცხოვრებას მოაწყობს და შეეწევა, კიდევ სხვა თავისი უხვი ხელით აბნევს სიმდიდრეს, რათა მშიერი დააპუროს, შიშველი შემოსოს, ობოლი შეიფაროს. სწორედ ამ სახით მოქმედებს ადამიანთა მაცხოვნებელი საღმრთო მადლი და აღმოაცენებს იმას, რომ მისი მორჩილი ადამიანები უცხონი არ არიან ერთმანეთისათვის, შეეწევიან ერთურთს და ამგვარად, სიყვარულისა და ურთიერთშეწევნის მჭიდრო კავშირში მტკიცე ნაბიჯით ვლენან კაცობრივი ცხოვრების ამაღლებული მიზნებისაკენ.
და მადლობა ღმერთს და დიდება მას, რომ ესოდენი სიბრძნითა და სიყვარულით განაგებს და აღაშენებს ცოდვილი კაცობრიობის ცხოვრებას საცხოვნებლად! და თქვენც, ჰოი ქრისტიანნო, უწყით რა ყოველივე ეს და გრძნობთ რა მაცხოვნებელი საღმრთო მადლის ზემოქმედებას, ნუ გაჯიუტდებით, ნუ ჩააქრობთ სულიწმიდისმიერ ნათელს თქვენში, არამედ თანაეღვაწეთ მას თქვენი კეთილი ცხოვრებით, და მაშინ თქვენ ყოველნი, მდიდარნიცა და უპოვარნიც, ნამდვილად მიაღწევთ ცათა სასუფეველის უნათლეს და უნეტარეს სავანეებს.