მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

რა არის ბიბლია

 

ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისა და მისი შემდგომი ყოფის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს.

 

ბიბლია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს („ბიბლონ“ – წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.

 

ეტიმოლოგიურად „ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის „პაპირუსის“ (ქართულად „ჭილის“) ბერძნულ შესატყვისს - „ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ („ბიბლოს“) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.

 

ბიბლიას, „საღვთო წერილისა“ და „წმიდა წერილის“ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ „წიგნთა-წიგნი“, „თვით-წიგნი“, მარტივად „წიგნი“, „წერილი“. როდესაც იტყვიან: „წიგნი გვაუწყებს“, „წერილი გვაუწყებს“, „წიგნის“ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.

 

"ბიბლია" სხვადასხვა დროს შექმნილი წიგნებისაგან შედგება. ბიბლია უფალმა იმისთვის მისცა ადამიანებს რომ კაცმა მისი მეშვეობით შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი; შეიტყოს, რა გზა და საშუალებები არსებობს მასთან დასაახლოებლად; და ყოველივე ამით მოიპოვოს მარადიული ცხოვრება და დაიმკვიდროს სასუფეველი.

 

წმიდა წერილი ეწოდება წიგნთა კრებულს, რომლებიც დაწერილია წმიდა მამათა მიერ ღმერთის შთაგონებით. ადამიდან მოსემდე წმიდა წერილის წიგნები არ იწერებოდა, არამედ განივრცობოდა წმიდა გარდამოცემის მეშვეობით. უფალი იესო ქრისტეც ზეპირად ასწავლიდა მოციქულებს. ამგვარად, წმიდა წერილი უფრო გვიან შეიქმნა, ვიდრე წმიდა გარდამოცემა.

 

წმიდა წერილის დადგინება შემდეგნაირად მოხდა: გამოიძიეს, მიიჩნევს თუ არა ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემა ამა თუ იმ წიგნს - წმიდა წერილის წიგნად და მხოლოდ ის წიგნები იქნა აღიარებული წმიდა წერილის წიგნებად, რომლებიც ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემის თანახმად იქნენ მიჩნეულნი ასეთებად. ხოლო წიგნები, რომლებსაც აღიარებდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესია, და არა ყველა, დადგინდა, არ მიიჩნიონ წმიდა წერილის წიგნებად.

 

360 წელს ლაოდიკიაში გამართულმა მსოფლიო საკლესიოს კრებამ დაადგინა, აღმოსავლეთის ეკლესიაში რომელი წიგნები მიეკუთვნებინათ წმიდა წერილისთვის, ხოლო დასავლეთის ეკლესიაში - 416 წელს კართაგენში გამართულმა საეკლესიო კრებამ, გარდა ამისა, ორივე კრებამ დაადგინა, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურების ჟამს იკითხებოდეს მხოლოდ წმიდა წერილის წიგნები. მეექვსე მსოფლიო კრების 68-ე დადგენილებამ განაჩინა, რომ გვმართებს წმიდა წერილის წიგნებს მოვეპყრათ კეთილკრძალულებით, ისე, როგორც სიწმიდეს შეჰფერის.

 

წმიდა წერილის გარდა, ეკლესია ხელმძღვანელობს წმიდა გარდამოცემითაც, რადგან წმიდა წერილი არ შეიცავს სრულად საღმრთო გამოცხადებას და წმიდა გარდამოცემის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილის გაგება. ამას თვით საღმრთო წერილიდან ვიგებთ - წმიდა იოანე მოციქულისაგან სახარებაში ნათქვამია: „არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ჰქმნა იესო, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვგონებ, ვითარმედ სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები“ (ინ. 21,25).

 

წმიდა გარდამოცემა რომ არა, არავის ეცოდინებოდა რას წარმოადგენს წმიდა წერილი. თვით წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ის არ მოიცავს ყოველივეს, ამდენად ის, ვინც არ სცნობს წმიდა გარდამოცემას, საღმრთო გამოცხადებიან ბევრი რამ არ უწყის, მისი რელიგიური ცხოვრება ცალმხირივია და არასრულყოფილი.

 

ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდამოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. ამიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანებს თესალონიკში: „ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდამოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდამოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: „რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად“ (2 ტიმ. 2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არ ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდამოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღვწოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდამოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს.

 

 

როგორ იწერებოდა ბიბლია?

 

ბიბლია აერთიანებს სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ წიგნებს, ამ წიგნებში ასახულია კაცობრიობის ისტორია და მისი დამოკიდებულება ღმერთთან ამ ისტორიის ყოველ ეტაპზე. ბიბლიას სხვაგვარად წმინდა წერილსაც უწოდებენ, ან უბრალოდ წერილს. ნებისმიერი სხვა წიგნისაგან ბიბლია იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი წიგნების ავტორები იყვნენ წმინდა და გამორჩეული ადამიანები და ისინი წერდნენ ღვთის შთაგონებით; ანუ როგორც თავად ამ სიტყვის შინაარსი მიგვანიშნებს - ღმერთისგან ჩაგონებით. გამოდის, რომ წმინდა წერილის ავტორები წერენ და მოგვითხრობენ იმას, რისი თქმაც სურს ჩვენთვის უფალს.

 

 

ბიბლიის შინაარსი

 

ბიბლიაში შემავალი წიგნების დიდი ნაწილი არის კანონიკური, ანუ მათ ეკლესია ღვთივშთაგონებულად მიიჩნევს, დანარჩენი - არაკანონიკური წიგნები კი, თუმცა სულისთვის მეტად სასარგებლო და ბევრისმომცემია, უშუალოდ ღვთისგან მომდინარედ არ მიიჩნევა. წმინდა წერილის წიგნებიდან ნაწილი ქრისტეს შობამდე დაიწერა, ხოლო ნაწილი - ქრისტეს შობის შემდგომ. ქრისტეს შობამდე დაწერილ წიგნებს ძველი აღთქმის წიგნებს ვუწოდებთ, ხოლო შობის შემდეგომ დაწერილებს - ახალი აღთქმის წიგნებს.

 

ქრისტიანული ეკლესია აღრიცხავს ძველი აღთქმის 51 წიგნს, აქედან 39 კანონიკურად ითვლება, დანარჩენი 12 კი არაკანონიკურად.

 

ახალ აღთქმაში შედის 27 წიგნი, მათ შორის ყველა კანონიკურია.

ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა. პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).

 

ტერმინი „აღთქმა“ შეესაბამება ებრაულ სიტყვას ბერიტ ლათინურად testamentum - ტესტამენტუმ, ბერძნულათ კი Διαθήκη - დიათიკე „კავშირი, შეთანხმება, კონტრაქტი, დაბეჭდვა ან ბეჭედის დასმა (ტესტამენტუმ) ყველაზე ნათლად მისი ლათინური გამოთქმა გამოხატავს მის მნიშვნელობას“.

 

ძველაღმოსავლური წესი შეთანხმების დადებისა ორ მხარეს შორის მოცავდა მსხვერპლის შეწირვასა და წყევლის წარმოთქმას მის დამრღვევზე. ამის შემდეგ მხარეები გაივლიდნენ დაკლული მსხვერპლის ორ ნაწილს შორის და თავიანთ კავშირს ამტკიცებდნენ დაღვრილი სისხლით. ამ შეთანხმების სახსოვრად დებდნენ ქვას, ან რგავდნენ ხეს, უწოდებდნენ რა მათ ცის წინაშე მოწმეებს ამ შეთანხმებისა.

 

ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი.

 

* ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ადამიანი თავისუფალია (ნების თავისუფლება), და ამ ნებელობის მეშვეობით ის თავად წყვეტს, იყოს ღმერთთან თუ განუდგეს მათ, იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით, თუ საკუთარი ნების მიხედვით. არც ჯოჯოხეთია ღმერთის მიერ დაწესებული სასჯელი, სანაცვლო საზღაური ადამიანთა განდგომაზე (ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა), არამედ ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მყოფობისათვის არიან შექმნილნი (ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა), თავიანთი განდგომით გამოეყოფიან ამ სიკეთეს (სამოთხეს), თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას და ხვდებიან ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთი არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა, მიერ განხორციელებული არასწორი ნებელობითი არჩევანის შედეგი და არა უფლის სასჯელი – ადამიანი თავად ისჯის საკუთარ თავს

 

მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.

 

იესო ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“

 

ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.

 

 

ძველი აღთქმის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. მათ შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ კანონიკური წიგნები უფრო ძველია, დაწერილი დაახლოებით XV-V საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, არაკანონიკური წიგნები კი შედარებით გვიან IV-I საუკუნეებში ქრისტეს შობამდე.

 

ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

 

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: იესო ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

 

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად.

 

პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.

 

ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები


ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:

 

ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;

მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;

სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);

მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და

ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14)

ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.

 

შინაარსის მიხედვით ძველი აღთქმის წიგნებში გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:

 

 

 

ძველი აღთქმის წიგნები
ქართული
დასახელება
ლათინური
დასახელება
ბერძნული
დასახელება
რუს. ინგლ. სახელწოდება
თანახში
დაბადება (დაბ.) Genesis Γένεσις Быт. Gen בְּרֵאשִׁית
გამოსვლა (გამ.) Exodus Ἔξοδος Исх. Ex שְׁמוֹת
ლევიანნი (ლევ.) Leviticus Λευϊτικòν Лев. Lev וַיִּקְרָא
რიცხვნი (რიცხ.) Numeri Ἀριθμοὶ Чис. Num בְּמִדְבַּר
მეორე რჯული (რჯლ.) Deuteronomium Δευτερονόμιον Втор. Deut דְּבָרִים
იესო ნავეს ძე (იესო) Iosue Ἰησοῦς Нав. Josh יְהוֹשֻׁעַ
მსაჯულნი (მსაჯ.) Iudicum Κριταὶ Суд. Judg שׁוֹפְטִים
რუთი (რუთ.) Ruth Ροὺθ Руф. Ruth רוּת
პირველი მეფეთა (1 მეფ.) I Samuelis Βασιλειων Α' 1Цар 1Sam שְׁמוּאֵל א׳
წიგნი მეორე მეფეთა (2 მეფ.) II Samuelis Βασιλειων Β' 2Цар 2Sam שְׁמוּאֵל ב׳
წიგნი მესამე მეფეთა (3 მეფ.) I Regum Βασιλειων Γ' 3Цар 1Kings מְלָכִים א׳
წიგნი მეოთხე მეფეთა (4 მეფ.) II Regum Βασιλειων Δ' 4Цар 2Kings מְלָכִים ב׳
პირველი ნეშტთა (1 ნეშტ.) I Paralipomenon Παραλειπομένων Α' 1Пар 1Chron דִּבְרֵי הַיָּמִים א׳
წიგნი მეორე ნეშტთა (2 ნეშტ.) II Paralipomenon Παραλειπομένων Β' 2Пар 2Chron דִּבְרֵי הַיָּמִים ב׳
პირველი ეზრა (1 ეზრ.) Esdrae Ἒσδρας Езд Ezra עֶזְרָא
ნეემია (ნეემ.) Nehemiae Νεεμιας Неем Neh נְחֶמְיָה
ტობითი (ტობ.) Tobias Τωβιθ Тов Tob טובי
ივდითი (ივდ.) Judith Ιουδίθ Иудифь Judith יְהוּדִית
ესთერი (ესთ.) Esther Ἐσθὴρ Есф Esther אֶסְתֵּר
იობი (იობ.) Iob Ἰῶβ Иов Job אִיּוֹב
ფსალმუნნი (ფსალმ.) Psalmorum Ψαλμοὶ Пс / Псал Ps תְּהִלִּים
იგავნი სოლომონისა (იგავ.) Proverbiorum Παροιμιαι Прит Prov מִשְׁלֵי
ეკლესიასტე (ეკლ.) Ecclesiasticus Ἐκκλησιαστὴς Екк Eccles קֹהֶלֶת
ქებათა-ქება სოლომონისა (ქებ.) Canticum Canticorum ᾎσμα Песн Song שִׁיר הַשִּׁירִים
ესაია წინასწარმეტყველი (ეს.) Isaiae Ἠσαΐας Ис / Исаи Is יְשַׁעְיָהוּ
იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) Ieremiae Ιερεμίας Иер Jer יִרְמְיָהוּ
გოდება იერემიასი (გოდ.) Lamentationes Θρῆνοι Плач Lam אֵיכָה
ეზეკიელ წინასწარმეტყველი (ეზეკ.) Ezechielis Ἰεζεκιὴλ Иез Ezek יְחֶזְקֵאל
დანიელ წინასწარმეტყველი (დან.) Danielis Δανιὴλ Дан Dan דָּנִיֵּאל
ოსია წინასწარმეტყველი (ოს.) Osee Ὡσηὲ Ос Hos הוֹשֵׁעַ
იოველ წინასწარმეტყველი (იოვ.) Ioel Ἰωὴλ Иоил Joel יוֹאֵל
ამოს წინასწარმეტყველი (ამოს) Amos Ἀμὼς Амос Amos עָמוֹס
აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.) Abdiae Ἀβδιοὺ Авд Obad עֹבַדְיָה
იონა წინასწარმეტყველი (იონ.) Ionae Ἰωνᾶς Иона Jon יוֹנָה
მიქა წინასწარმეტყველი (მიქ.) Michaeae Μιχαίας Мих Mic מִיכָה
ნაუმ წინასწარმეტყველი (ნაუმ.) Nahum Ναοὺμ Наум Nahum נַחוּם
აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.) Habacuc Αμβακοὺμ Авв Hab חֲבַקּוּק
სოფონია წინასწარმეტყველი (სოფ.) Sophoniae Σοφονίας Соф Zeph צְפַנְיָה
ანგია წინასწარმეტყველი (ანგ.) Aggaei Ἁγγαῖος Агг Hag חַגַּי
ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.) Zachariae Ζαχαρίας Зах Zech זְכַרְיָה
მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.) Malachiae Μαλαχίας Мал Mal מַלְאָכִי

 

 

ძველი აღთქმა შეიცავს შემდეგ წიგნებს:

 

1. დაბადება - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნა, პირველქმნილ ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით - დაბ).

 

2. წიგნი გამოსვლათა - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხოვრება ეგვიპტეში, მოსეს შერკინება ფარაონთან, ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან მოსეს წინამძღოლობით, მათი სვლა უდაბნოში, აღთქმის ფიცართა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).

 

3. წიგნი ლევიტელთა - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მღვდელმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).

 

4. რიცხვთა - მასში აღწერილია ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის ახსნილი ლევიტელთა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხის დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).

 

5. მეორე სჯულისა - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერთხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც ღმერთმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხევს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძლავა (რჯლ).

 

6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი - მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოფის შესახებ (ის. ნავ.)

 

7. წიგნი მსაჯულთა - მასში აღწერილია ებრაელთა ცხოვრება მსაჯულთა მმართველობის ხანაში (მსაჯ).

 

8. წიგნი რუთისა - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.

 

9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმის დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ და მეფ).

 

13-14. ორი წიგნი ნეშტთა - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშტ).

 

15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრ და ნეემ).

 

17. წიგნი ესთერისა - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).

 

18. წიგნი იობისა - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარებისა და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).

 

19. ფსალმუნთა წიგნი - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. მეფე დავითს (ფს).

 

20. იგავნი სოლომონისნი - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებსა და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ).

 

21. ეკლესიასტე - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ).

 

22. ქება ქებათა - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.

 

23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. რამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. ამის გამო წინასწარმეტყველ  ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).

 

24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი - მასში მოყვანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ (იერ).

 

25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზეკ).

 

26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან).

 

27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). ამ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის - მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველმა მიქეამ იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი - წმიდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).

 

პირველ ხუთ წიგნს ძველი აღქთქმისა აგრეთვე ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, სჯულდებითნი და აღთქმის წიგნები.

 

ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს - მეფეთა მეორე წიგნს. ასეთ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს - მეოთხე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ - ესაიას, იერემიას, ეზეკიასა და დანიელს წოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველაღთქმისეული ებრაელთა ეკლესიიდან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, როგორც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.

 

წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობისი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ) წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე) წინასწარმეტყველება ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა ისევე, როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მათ არ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.

 

 

ახალი აღთქმა


ახალი აღთქმის წიგნების ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ გამოცემებშია, უძველესია. ამას ადასტურებს ბიბლიის ალექსანდრიული და ვატიკანური ხელნაწერები (IV ს.), მოციქულთა კანონები, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა აქტები და სხვა, მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ვულგატაში (ლათინურში) და ახალი აღთქმის ამჟამინდელ ბერძნულ გამოცემებში კათოლიკე ეპისტოლეები მოთავსებულია პავლეს ეპისტოლეთა შემდეგ, აპოკალიფსამდე.

 

პავლეს ეპისტოლეების განლაგების პრინციპი ასეთია: ჯერ წარმოდგენილია ეპისტოლეები, მიმართული მთლიანი ეკლესიებისადმი, შემდეგ - ის ეპისტოლეები, რომლებიც ცალკეული პირებისადმია გაგზავნილი.

 

კანონი


ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.

 

მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.

 

როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი აღთქმის კიდობნის გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).

 

სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.

 

წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.

 

საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.

 

ახალი აღთქმის კანონიც თანდათან იქმნებოდა ამა თუ იმ წიგნის სამოციქულო წარმომავლობის დადგენის ან უარყოფის კვალდაკვალ, საკითხის გულმოდგინედ შესწავლის საფუძველზე.

 

წიგნი, რომელსაც პირველი ქრისტიანები კითხულობდნენ, იყო ძველი აღთქმა. მალე, პირველსავე საუკუნეში, გამოჩნდა სახარებები და მოციქულთა ეპისტოლეები, მასთან ერთად - ნაყალბევი თხზულებებიც იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. I-II საუკუნეებში დაიწერა იმ მამათა თხზულებები, რომლებიც ეკლესიაში ცნობილნი და პატივცემულნი იყვნენ როგორც მოციქულთა უშუალო მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები: კლიმენტი, პოლიკარპე, ეგნატე და სხვანი, რომლებიც სამოციქულო კაცებად იწოდებიან. ამდენად, ეკლესიას ჰქონდა ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი წერილი ჩაეთვალა ჭეშმარიტად სამოციქულოდ, წმინდად და ღვთივშთაგონებულად და გაემიჯნა ასეთი წერილები ანუ წიგნები როგორც ყალბი და არაჯანსაღი მოძღვრების შემცველი თხზულებებისაგან, ისე იმ თხზულებებისაგან, რომლებიც ეკუთვნოდნენ არა უშუალოდ მოციქულებს, არამედ - მოციქულთა მოციქულებს. უკანასკნელთა თხზულებები, რა თქმა უნდა, შეიცავდა ჯანსაღ და სწორ მოძღვრებას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანური წარმომავლობის იყო და მნიშვნელობით ვერ შეედრებოდა ღვთაებრივ და გამოცხადებულ წერილს.

 

II ს-ში ეკლესიაში ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა ოთხი სახარების, მოციქულთა საქმეების, პავლეს ცამეტი ეპისტოლის, პეტრეს პირველი ეპისტოლის და მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლის ჭეშმარიტებას და ორიგინალურობას. იმ დროისათვის ეს წიგნები შეადგენდნენ საერთო-საყოველთაო კანონს. ახალი აღთქმის დანარჩენმა ნაწილმა საყოველთაო აღიარება გვიან მოიპოვა. მაგალითად: ორიგენე III ს-ში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, ეპისტოლეები იაკობისა, იუდასი, მეორე პეტრესი, მეორე და მესამე იოანესი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. დასავლეთში დიდხანს ყოყმანობდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში - აპოკალიფსთან დაკავშირებით.

 

მოციქულთა წერილებთან ერთად დიდი პატივისცემით სარგებლობდა და IV ს-მდე ეკლესიაში ლიტურგიკული დანიშნულებაც ჰქონდა ზოგიერთ ეპისტოლეს. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ პაპი კლიმენტისა და ბარნაბას ეპისტოლეები და ერმიასის „მწყემსი“.

 

საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი (IV) ახალი აღთქმის წიგნებს სამ კატეგორიად ყოფს:

ეკლესიის ერთსულოვანი აზრით და დასტურით მოციქულთა ხელიდან გამოსული თხზულებანი - ოთხი სახარება, საქმენი მოციქულთა, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პირველი იოანესი და პირველი პეტრესი. საყოველთაოდ არაღიარებულნი და სადავონი. მათგან ზოგიერთნი: ეპისტოლე იაკობისა, იუდასი, 2 პეტრესი, 2-ე და 3-ე იოანესი და აპოკალიფსი ეკლესიამ საბოლოოდ მაინც აღიარა და შეიტანა კანონში. სხვანი კი, როგორიცაა: საქმენი პავლესი, ერმიასის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას ეპისტოლე, მოციქულთა სწავლანი („დიდაქე“) და სახარება ებრაელთა მიმართ, მათი არამოციქულებრივი წარმომავლობის გამო, არ შეიტანეს კანონში;

უეჭველად არამოციქულებრივი და უდავოდ ერეტიკულიც კი.

კანონის საბოლოო ვარიანტი შეიმუშავეს ლაოდიკიის, ჰიპონიის, კართაგენისა და რომის კრებებმა IV-V სს-ში. ამ მხრივ დიდია პაპი ინოკენტი I-ისა და, განსაკუთრებით, პაპი გელასის ღვაწლი. უკანასკნელმა დაახლოებით 493 წელს გამოაქვეყნა დეკრეტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა კანონი. ამის შემდეგ იქ შეტანილი წიგნების წინააღმდეგ აქა-იქ ცალკეული გაუბედავი ხმები თუ ისმოდა. მხოლოდ გერმანულმა რეფორმაციამ დააყენა ეჭვის ქვეშ ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის კანონიკური ღირსება. ლუთერმა გაბედა და აპოკრიფული უწოდა აპოკალიფსსა და ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ. მის კვალდაკვალ სხვა ლუთერელი ღვთისმეტყველებიც მეორეხარისხოვანს უწოდებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც ძველად დავას იწვევდნენ (2 პეტრე, 2 და 3 იოანე, იაკობი, იუდა, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი), თუმცა კანონში მაინც ტოვებდნენ მეორეხარისხოვანი წიგნების უფლებით და, მაშასადამე, ღირსებით საღმრთო წერილის დანარჩენ ნაწილთან არ ათანაბრებდნენ.

 

XVIII ს-ის შუა წლებიდან დასავლეთ ევროპაში აღორძინდა რაციონალიზმი, რომელმაც უარყო რწმენა და წერილის ღვთივშთაგონებულობა; მან ლაშქრობა დაიწყო და თავი მოუყარა არგუმენტებს არა მხოლოდ ცალკეული წიგნების, არამედ მთელი წერილის წინააღმდეგ. თუმცა ეს მიმდინარეობა კათოლიკეებისა და ორთოდოქსი პროტესტანტების ერთსულოვან და საფუძვლიან წინააღმდეგობას წააწყდა.

 

ბიბლიოლოგიის საკვანძო საკითხები


ბიბლია იწერებოდა 13 საუკუნის განმავლობაში (XIII-I). უძველესია მოსეს „ხუთწიგნეული“, უგვიანესი იოანეს „გამოცხადება“.

 

მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-X სს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.

 

ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IV ს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.

 

ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.

 

სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, „ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული“.

 

ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს:

 

ა) სახარებებს:

 

  1. მათესი (მთ.)
  2. მარკოზისი (მკ.)
  3. ლუკასი (ლკ.)
  4. იოანესი (ინ.)

 

ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ.)

 

გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს:

 

  1. რომაელთა მიმართ (რომ.)
  2. კორინთელთა მიმართ I (1 კორ.)
  3. კორინთელთა მიმართ II (2 კორ.)
  4. გალატელთა მიმართ (გალ.)
  5. ეფესელთა მიმართ (ეფეს.)
  6. ფილიპელთა მიმართ (ფილ.)
  7. კოლასელთა მიმართ (კოლ.)
  8. თესალონიკელთა მიმართ I (1 თეს.)
  9. თესალონიკელთა მიმართ II (2 თეს.)
  10. ტიმოთეს მიმართ I (1 ტიმ.)
  11. ტიმოთეს მიმართ II (2 ტიმ.)
  12. ტიტეს მიმართ (ტიტ.)
  13. ფილიმონის მიმართ (ფილ.)
  14. ებრაელთა მიმართ (ებრ.)

 

დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ:

 

  1. იაკობ მოციქულისა (იაკ.)
  2. პეტრე მოციქულისა I (1 პეტ.)
  3. პეტრე მოციქულისა II (2 პეტ.)
  4. იოანე მოციქულისა I (1 ინ.)
  5. იოანე მოციქულისა II (2 ინ.)
  6. იოანე მოციქულისა III (3 ინ.)
  7. მოციქულ იუდასი (იუდ.)

 

ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)

 

სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა „ევანგელე“ - ბერძნულია და „ხარებას“ ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება - არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარებ დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.

 

მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისას პირველმოწამეთა - სტეფანესა და იაკობს, მოცუქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.

 

ეპისტოლეები - არის წერილები, რომლებსაც წმიდა მოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში სინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასთან თანხმობით.

 

აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმიდა მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყნიერების აღსასრული.

 

წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. სიტყვა „ბიბლია“ - ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმრთის გამოცხადებას. ბიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. რამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.

 

ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნა ბერძნულად. ახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.

 

წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნა მხოლოდ II საუკუნეში. სლავურად ითარგმნა 862-885 წწ. წმ. კირილესა და მეთოდეს მიერ. სავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისთანავე (337 წ.). იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ დადასტურებულია სახარების („ევანგელე“) არსებობა. V-VI სს-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. გიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. სახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897 წ.). X საუკუნით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხალის (937) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭიმჭიმელმა. გიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული.

 

დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.

წმიდა წერილის ყველა წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი - მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებებით. მაგ. თუკი ფსალმუნიდან მოხმობილია სიტყვები „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს. 19,1; თუკი ჩაწერილია 1 კორ. 11,25 - ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.

 

წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. ადამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, თუნდაც კვირა დღეს ან დღესასწაულებზე. ყურადღებითა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.

 

 

განსხვავება ძველსა და ახალ აღთქმას შორის

 

ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებაა, ახალი - ამ წინასწარმეტყველების აღსრულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები დაწერილია ქრისტეს შობამდე, მასში იგრძნობა მესიის მოსვლის მოლოდინი; გვახსოვს, რას დაჰპირდა ღმერთი პირველ ადამიანებს მათი სამოთხიდან განდევნის დროს: მისი სიტყვებიდან გამომდინარე, თავად ადამი და ევა ცხოვრობდნენ იმედით, რომ მოვიდოდა მესია და სამოთხის დახშულ კარს კვლავ გაუღებდა კაცთა მოდგმას.

 

წინასწარმეტყველთა გამორჩევა ხდებოდა არა შემთხვევით, არამედ მათი წმინდა გულისა და ცხოვრების საფუძველზე. წინასწარმეტყველობა იყო განსაკუთრებული მადლი, რომლითაც ეს ადამიანები ხალხში ღვთის სწავლებისა და ნების მქადაგებლები ხდებოდნენ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოღვაწეობა და შესაბამისად მათ მიერ დაწერილი წიგნები მიზნად ისახავდნენ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის კანონების დაცვას და, რაც ყველაზე მთავარია, კაცობრიობის მომზადებას იესო ქრისტეს მისაღებად.

 

კიდეც მას. ახალ აღთქმას იმიტომაც ეწოდება ახალი, რომ ის მუდამ აქტუალურია, მასში დაწერილი არც ერთი სიტყვა არ დაძველებულა, არამედ, პირიქით, ღვთის მადლით განუწყვეტლივ ახლდება.

 

 

პირველი ენა წმინდა წერილის წიგნებისა

 

ძველი აღთქმის ყველა წიგნი დაწერილია ებრაულად, რადგანაც ამ ენით ლაპარაკობდნენ დამწერნიც და ისინიც, რომელთათვისაც იყო განკუთვნილი წიგნები. ახალი აღთქმის წიგნები, გარდა მათეს სახარებისა, დაწერილია ბერძნულად.