მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ანტიფონი

 

ანტიფონი - ბერძ. antiphoné „ხმა ხმის პირისპირ“.

 

IV საუკუნიდან აღნიშნავს საგალობლის შესრულებას ორი გუნდის მიერ იმგვარად, რომ ერთმა მათგანმა მეორეს უპასუხოს.

 

ეს შესრულება განსხვავდება შესრულების უფრო ადრინდელი ხერხის, რესპონსორიუმისაგან, რომლის დროსაც სოლისტს უპასუხებს მთელი ხალხი ფსალმუნის წინ გამოცხადებული ანტიფონით.

 

იოანე ოქროპირი ადასტურებს: „რაკი ხალხმა მთლიანად არ იცის მთელი ფსალმუნნი, მან შესაბამისი ერთი მუხლი უნდა იგალობოს, რომელიც გარკვეულ უმაღლეს ჭეშმარიტებას შეიცავს“.

 

შემდგომში ანტიფონი წირვის შემადგენელი ნაწილი გახდა ცალკეულ წესთათვის (დაწყება, შესაწირავი, ზიარება) შესავლის სახით. ჟამთა ლიტურგიაში ანტიფონს ფსალმუნის ლიტერატურული ჟანრის განსაზღვრის ფუნქცია აკისრია. ის ფსალმუნს პიროვნულ ლოცვად აქცევს, უკეთ გამოკვეთს საყურადღებო ფრაზას; განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს რომელიმე ფსალმუნს, ვითარებიდან გამომდინარე; ეხმარება ფსალმუნის ტიპოლოგიურ და სადღესასწაულო ინტერპრეტაციას, სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს ხდის ფსალმუნთა შესრულებას.

 

არსებობს სადღესასწაულო, გამომსახველობითი და ყოველდღიური ანტიფონები.

 

სადღესასწაულო – იგალობება აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულში და საუფლო დღესასწაულებზე: ჯვართამაღლებას, ქრისტეშობას, ნათლისღებას, ბზობას, ამაღლებას, სულთმოფენობას და ფერისცვალებას.

მაცხოვრის მირქმის დღესასწაულზე კი იგალობება გამომსახველობითი ანტიფონები.

 

გამომსახველობითი ანტიფონები (102-ე ფს. „აკურთხევს სული ჩემი უფალსა... “; 145-ე „აქებს სული ჩემი უფალსა...“ და ნეტარებები მთ.5, 3-12) იგალობება კვირა დღეს, ან თუ აღესრულება „ღამისთევის“, „დიდებამაღალიანის“, ან „სადიდებლიანი“ მსახურებები, აგრეთვე დიდ დღესასწაულთა წინა და შემდგომ პერიოდებში და მათ წარგზავნებზე, ასევე თომას კვირიაკედან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე.

 

ყოველდღიური ანტიფონები იგალობება სადაგ დღეებში, თუ ტიპიკონში მითითებული არ არის ზემოთ აღნიშნული შემთხვევები (წერია სამოციქულოში).