მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

“ძლისპირი”
(სამგალობლო ტერმინთა განმარტება)

 

ძლისპირი, როგორც ტერმინი, ბერძნული ,,ირმოსის” ქართული შესატყვისია. eirmos ბერძნულად ნიშნავს კავშირს, როგს (წარმოებულია ზმნიდან eiren – რიგში დადგინება, რაიმესტან კავშირი). ძლისპირი არის ქრისტიანული გალობის ერთ-ერთი მთავარი ჟანრის – კანონის თითოეული გალობის (ოდის) პირველი ტროპარი, რომელიც დანარჩენი ტროპარებისათვის მელოდიურ მოდელს წარმოადგენს. კ. კეკელიძის ლიტურგიკულ ლექსიკონში ძლისპირი განმარტებულია, როგორც ,,საგალობელთა ჯგუფის ერთ-ერთი, ჩვეულებრივ პირველი საგალობელი, რომელიც უჩვენებს დანარცენებს კილოსა და საზომს… ძლისპირს კიდევ ეწოდება ,,თვითავაჯი”, ვინაიდან მას საკუთარი კილო ან ,,ავაჯი” აქვს”. ძლისპირის შინაარსი ბიბლიური ოდებიდან მომდინარეობს.


ძლისპირის განვითარება დაკავშირებულია ორ ცნობილ პოეტ-მელოდოსთან – იოანე დამასკელთან და კოზმა იერუსალიმელთან (VII ს.). დამასკელმა ჩამოაყალიბა კანონის ზუსტი სტრუქტურა, სადაც ძლისპირისა და მისი მომდევნო ტროპარების – დასდებლების ურთიერთმიმართება მკაცრად იყო განსაზღვრული.


სწორედ ამ მკაცრმა განწესებამ გამოიწვია ახალი ტიპის ჰიმნოგრაფების – მეხელების ჩამოყალიბება, რომელთაც მზა ძლისპირის მიხედვით უნდა დაედოთ კილო ანუ ჰანგი დასდებლებზე. შესაძლოა, სახელი ,,დასდებელიც” ქართულ პრაქტიკაში აქედან მომდინარეობდეს. საზოგადოდ, კანონის შეთხზვის და რიტმულ-მელოდიურ ქარგაზე მისი გაწყობის წესებს ქართულად ,,დასდებლის მეცნიერებას” უწოდებდნენ.


ქართულ პრაქტიკაში ასევე გვხვდება ლიტურგიკული ტერმინი ,,დასაფარებელი ძლისპირი”, რაც გულისხმობს კანონის თითოეული გალობის დასკვნით მუხლს, რომელიც, თავის მხრივ, ძირითადად ძლისპირს იმეორებს. საერთო ლიტურგიკული ტერმინოლოგიით დასაფარებელს ,,კატავასია” ეწოდება.


იოანე ბატონიშვილის ცნობით, ,,საცისკრო ჰსძლისპირი არს რვა ხმა და არიან სრულიად რვა ხმა საცისკრო ჰსძლისპირნი ხუთასი სხვადასხვა ხმად წარმომდგარი… ხოლო ჰსძლისპირნი სამწუხრონი არიან ყოველივე სამეოც… რვა ხმა სამწუხრო ჰსძლისპირზედ ითქმიან და იგალობებიან ყოველთა საუფლოთა დღესასწაულთა დასდებულნი…” ყველა ეს ძლისპირი (560) მგალობელს ზეპირად უნდა სცოდნოდა და საჭიროების შემთხვევაში ცნობილი ძლისპირის ჰანგზე ეგალობა რიგითი კანონი ან ესა თუ ის ტროპარი. საცისკრო ძლისპირთა რაოდენობის სიჭარბე სამწუხროსთან შედარებით იმით აიხსნება, რომ ძლისპირის შემცველი ძირითადი ჟანრი – კანონი (გალობანი) ძირითადად ცისკრის განგებაზე სრულდებოდა. სადღესასწაულო ცისკარზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე კანონი იგალობებოდა, ყოველ მათგანს თავისი ძლისპირი უნდა ჰქონოდა. ამით არის გამოწვეული იოანე ბატონიშვილის მიერ ,,კალმასობაში” მითითებული საცისკრო ძლისპირთა ასეთი დიდი რაოდენობა. თუმცა ძლისპირთა რიცხვი გაცილებით მეტია X-XI საუკუნის საგალობელთა კრებულში. ელ. მეტრეველის ცნობით, ,,ძლისპირნის უძველესი I რედაქცია მოიცავს 400-მდე ძლისპირს, II-III რედაქციები – 800-900 ძლისპირს. ძლისპირთა ეს რაოდენობა სავსებით ამოწურავდა დიდი და მცირე იადგარების გალობათა რეპერტუარს. ერთი ნაწილი ძლისპირისა გამოუყენებელიც კი რჩებოდა”.


ძლისპირის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ივანე ჯავახიშვილი: ძლისპირი შეიძლებოდა, შესრულებულიყო როგორც სამ ხმაზე, ასევე ოთხ ხმაზეც. მეოთხე დამატებითი ხმა იყო დვრინი. ცნობილი მომღერლის, ნესტორ წერეთლის ცნობის თანახმად, დვრინი ,,მარტო ძლისპირებში უნდა კიდევ სასულიერო გალობასო”. მომღერალი ძლისპირებს ზემო იმერეთში გავრცელებული სიმღერების ჩამონათვალში იხსენიებს და იქვე დასძენს, რომ ძლისპირები ,,ხალხმა არ იცოდა ხოლმე, თავად-აზნაურობაშიც ზოგიერთმა იცოდა მამა-პაპიდან ნასწავლი”, მაგრამ ,,ეკლესიებში მაინც არ მღეროდნენ”, არამედ – ,,საერო გალობა იყო”. ვინაიდან ძლისპირის სწავლება საოჯახო აღზრდის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ვასილ,ნესტორ და ილარიონ წერეთლები მშობლებს სვერელი მგალობლებისათვის მიუბარებიათ.


იმ პერიოდში, როდესაც ივ. ჯავახიშვილი საქართველოს მოსახლეობაში დაცულ მუსიკალურ ტერმინოლოგიას იკვლევდა (1935 წელს), ძლისპირები ეკლესიაში არ იგალობებოდა და მხოლოდ ოჯახური ტრადიციადღა შემორჩა, ისიც ძალიან მწირი რაოდენობით. მრევლმა XX ს. მეორე მეოთხედში ძლისპირები უკვე აღარ იცოდა. თუმცა თავად-აზნაურობა ისევ ცდილობდა ტრადიციის შენარჩუნებას და შვილების აღზრდაში მნიშვნელოვნად მიიჩნევდა გალობის ძლისპირთა სწავლებას.


ძლისპირების ჩაწერა და მათი ნოტებზე გადატანა XIX საუკუნის ბოლოსა და XX ს დასაწყისში განახორციელა ფილიმონ ქორიძემ, მან ძლისპირები არისტოვლე ქუთათელაძისგან ჩაიწერა, ექვთიმე კერესელიძემ კი ისინი ერთ კრებულში გადაიტანა – სულ 202 გალობა.


ამის გარდა, წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა (კერესელიძემ) ქორიძე-ქუთათელაძის ჩანაწერებისათვის და საჭიროების შემთხვევაში დანაკლისის შესავსებად დამატებით დაძებნა ძლისპირების ტექსტების სხვა კრებულები. ერთ მათგანს დ. ჯინჭარაძესთან მიაგნო და მისი ქორიძის ვარიანტთან შედარებისას ამ უკანასკნელის სისრულეში დარწმუნდა. წმიდა ექვთიმეს ჰქონდა უფლება მოგვიანებით განეცხადებინა: ,,ჩვენ სძლისპირები, ფილიმონ ქორიძის წყალობით, მთლად ნოტებზე დაწერილი გვაქვსო”.


ბაია ჟუჟუნაძე

ჟურნალი ქართული გალობა, N3 ნოემბერი 2006 წ.