მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

წირვა - ლოცვის განმარტება

*****
 
  მართლმადიდებლურ  ღვთისმსახურებაში სამი სახის ციკლი მოქმედებს: 
 
  1. წლიური
 
  2. კვირის შვიდეულის დღეთა
 
  3. სადღეღამისო
 
  ეს ციკლები ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს და ღვთისმსახურების დინამიურობას, მის მრავალფეროვნებას წარმოაჩენენ. ვინაიდან, წელიწადის ცნება, უპირატესად, „წლიურ ციკლთან’’ მიმართებით არის მნიშვნელოვანი, საღვთისმსახურო ციკლების განხილვას ამ ციკლით დავიწყებთ.
 
  1. წლიური ციკლი წლის თითოეული თვის ყოველი დღის მსახურებას მოიცავს, ის ორი წრისაგან: საეკლესიო წელიწადისა და საპასექო წელიწადისაგან შედგება. ამ ციკლს დღესასწაულთა წლიურ ციკლური მონაცვლეობა ახასიათებს, და რადგან წრე მარადიულობის სიმბოლოა, ღვთისმსახურებისას კი დროში მარადისობა განცხადდება, აქ დედამიწაზე, მას „დასაწყისი’’ აქვს: ა) საეკლესიო წელიწადისათვის - საეკლესიო ახალი წელი (ძვ.სტ-ით პირველი სექტემბერი), ხოლო - ბ) საპასექო წელიწადისათვის - საპასექო ახალი წელი (აღდგომის დღესასწაული).
     საპასექო წელიწადი მოიცავს დროის ინტერვალს აღდგომიდან აღდგომამდე და იგი პირობითად სამ პერიოდად იყოფა: 1-აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე (სულთმოფენობის შემდგომი კვირა); 2- ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე; 3-მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომამდე)...
 
  2. კვირის შვიდეულის ციკლი კვირის, ორშაბათის, სამშაბათის და ა.შ. შაბათის დღეთა მსახურებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ შვიდეულის ყველა დღეს გარკვეულ წმინდანთა და მნიშვნელოვან მოვლენათა ხსენება უკავშირდება. ასე მაგალითად, საღვთისმსახურო წიგნში- „პარაკლიტონი’’ ორშაბათ დღეს უხორცო ძალთა (ანგელოზთა) განგებაა მითითებული, სამშაბათს - წმ.იოანე ნათლისმცემლის განგება, ოთხშაბათს და პარასკევს პატიოსანი ჯვრის, ხუთშაბათს მოციქულებისა და წმ. ნიკოლოზის, შაბათს ყოველთა წმიდათა და მიცვალებულთა მსახურებაა, ამ ციკლის სულიერ ცენტრს კვირა დღე- მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული წარმოადგენს.
 
  3. სადღეღამისო ციკლის მსახურებები 3 ქვემსახურებად იყოფა და ისინი საღამოს, დილით და დღისით აღესრულებიან. ამასთან, თითოეული ეს  ქვემსახურება სამი ჟამის მსახურებას მოიცავს.
    ესენია „ღმერთი უფალის’’ მსახურება (სადღესასწაულო) და „ალილუიას’’ მსახურება (სინანულის, არა საზეიმო) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ მარხვაში. ღმერთი უფალის მსახურება* შედგება: 1) მე-9 ჟამი. სერობის ჟამი. მწუხრის ჟამი. 2) შუაღამის ჟამი. ცისკრის ჟამი. 1 ჟამი. 3) მე-3 ჟამი. მე-6 ჟამი. საღმრთო ლიტურგია. პირველი რვა მსახურება არის წირვისათვის (ლიტურგიისათვის) მოსამზადებელი მსახურება. ხოლო ალილუიას მსახურება შედგება: სერობის ჟამი. შუაღამის ჟამი. ცისკრის ჟამი. 1 ჟამი. მე-3 ჟამი. მე-6 ჟამი. მე-9 ჟამი. ლიტურგია. მწუხრის ჟამი.
 
  ჩვენ ვიცნობთ 3 სახის წირვას:
 
  1. ბასილი დიდის
 
  2. გრიგოლი დიოლოღოსის
 
  3. იოანე ოქროპირის ლიტურგიას
 
  ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის რედაქციის ჟამისწირვები ქართულმა ეკლესიამ ალბათ VIII-IXსს.-დან  გაიცნო, Xს-მდე ძირითადად იაკობ მოციქულის ჟამისწირვა იხმარებოდა. ამავე დროს შემოვიდა პეტრე მოციქულის ჟამისწირვაც, თუმცა რა დღეებში სრულდებოდა ეს წესი, არ არის ცნობილი. ნამდვილად ცნობილია, რომ „სიწმინდის განახლების ლიტურგია’’, თქმული წმინდისა გრიგოლ დიოლოღოსი, ესე საღმრთოი წირვაი აღესრულების წმიდათა დიდთა მარხვათა შინა მხოლოდ. იოანე ოქროპირის ჟამისწირვამ და ბასილი დიდის ჟამისწირვამ, შეიძლება ითქვას ჩაანაცვლეს იაკობის ჟამისწირვა.
 
  ლიტურგია სრულდება წლის ყველა დღეს, გარდა წითელი პარასკევისა. ამათგან ყველაზე ხშირად ტარდება იოანე ოქროპირის ლიტურგია. ბასილი დიდის ლიტურგია ტარდება წელიწადში 10-ჯერ. ეს დღეებია 1, შობა (ან წინა დღე). 2, ნათლისღება (ან წინა დღე). 3, 14 (1) იანვარი ბასილი დიდის ხსენების დღე. 4,5,6,7,8, დიდი მარხვის ხუთი კვირა. 9. ვნების შვიდეულის ხუთშაბათს. 10. ვნების შვიდეულის შაბათს. რაც შეეხება პირველშეწირულის ლიტურგიას იგი აღესრულება დიდი მარხვის ოთხშაბათს და პარასკევს და კიდევ დღესასწაულებში. (თუმცა მღდელმთავრის კურთხევით, შესაძლებელია კვირის სხვა სადაგ დღეებშიც შესრულდეს პირველშეწირულის ლიტურგია). საერთოდ წირვა-ლოცვა გახლავთ საზეიმო მსახურება. ამიტომაც მე-6 მსოფლიო კრებამ გადაწყვიტა, რომ დიდ მარხვაში ჩატარებულიყო არასრული პირველშეწირულის ლიტურგია, რომელზედაც არ აღესრულება არც კვეთა (პროსკომიდია) არც კურთხევა, არც მოხსენიება ვინმესი, არამედ წინასწარ გამზადებული ძღვენით ზიარება. რაც შეეხება თვითონ ლიტურგიის წარმოშობის ისტორიას. „ლიტურგია’’ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საერთო მსახურებას. საეკლესიო ენაზე ის აღნიშნავს წმინდა მსახურებას, რომლის დროსაც ხდება ქრისტეს უხრწნელ სხეულთან- სისხლსა და ხორცთან მორწმუნეთა ზიარება ანუ ევქარისტია. „ევქარისტია’’ ბერძნულად „მადლობას’’ ნიშნავს. ის ახალი აღთქმის საიდუმლოა, რომელიც ქრისტემ თავის ჯვარცმამდე დააარსა. ძველ ქართულში ლიტურგიის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა „ჟამისწირვა’’ ან მოკლედ „წირვა’’  წმინდა მოციქულები და მახარებლები: მათე, მარკოზი და ლუკა დაწვრილებით აღწერენ ევქარისტიის საიდუმლოს დაარსებას დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დროს (მათე 26,26-29; მარკოზი 14, 22-24; ლუკა 22, 19-23).  თუმცა სახარების დაწერამდე პავლე მოციქული მოგვითხრობს პირველი, თავის ეპისტოლეში ზიარების შესახებ, სწორედ ის ხმარობს ტერმინს „ევხარისტოს“ ანუ მადლობდა. ქრისტემ აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მიაწოდა მოწაფეებს შემდეგი სიტყვებით: „ესე არს ხორცი ჩემი“.  შემდეგ აკურთხა ღვინო, მიაწოდა ისიც და თქვა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი თქვენთვის და მრავალ-თათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. ბოლოს კი უბრძანა: „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“.  ავღნიშნავთ იმასაც, რომ სიტყვა მოხსენება არ ნიშნავს უბრალოდ გონებაში გახსენებას, ბერძნულში სიტყვა “ანამნისის“ ნიშნავს ხელახლად განცდას. ანუ ამ მსახურების აღსრულებით ჩვენ უბრალოდ კი არ ვიგონებთ და ვიხსენებთ ქრისტეს, არამედ ხელახლა განვიცდით, მის ჯვარცმას და აღდგომას და მისი თანაზიარნი ვხდებით. წმიდა მოციქულები მკაცრად იცავდნენ ქრისტეს ამ მოწოდებას და აღასრულებდნენ წმინდა ზიარების საიდუმლოს. ამასვე იქმოდნენ და ახლაც აღასრულებენ ეპისკოპოსები და პრესვიტერები ეკლესიებში, რომელთაც მოციქულები აარსებდნენ. ეს მსახურება მეოთხე საუკუნემდე ზეპირად გადმოცემული ტრადიციების მიხედვით აღესრულებოდა და მას სხვადასვაგვარად მოიხსენიებდნენ: „ევქარისტია’’, „ზიარება’’, „პურის განტეხა“, „წმიდა სერობა“, „აღაპი“ და სხვ.
 
  ეს საიდუმლო სრულდებოდა საღამოს, სერობის დროს. სერობა შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან: თავდაპირველად მორწმუნეები ისმენდნენ მოციქულების ქადაგებას, შემდეგ „ტეხდნენ პურს“ და ეზიარებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი სერობის შესახებ მოთხრობილია „საქმე მოციქულთა“-ში (თავი 14). და ეპისტოლეებში ბევრ ადგილასაა დამოწმებული, რომ ქრისტიანები „გამუდმებით მოციქულთა მიერ დამოძღვრასა, ზიარებასა და ლოცვაში იყვნენ“ (საქმე 2,42). თუმცა მხოლოდ ამისთვის როდი იკრიბებოდნენ. არსებობდა დილის მსახურებაც, როცა  მორწმუნეები თავს იყრიდნენ იმ მიზნით, რომ ეკითხათ წმინდა წერილი, ეგალობათ ფსალმუნები და ელოცათ. შემდგომში, ქრისტიანთა გამრავლების გამო, უკვე შეუძლებელი ხდებოდა ერთად შეკრება, ამას ემატებოდა დევნა წარმართთაგან. გარდა ამისა, შორს მცხოვრები ქრისტიანებისთვის ძნელი იყო როგორც დილის, ისე საღამოს მსახურებაზე დასწრება. ამიტომ გადაწყდა ევქარისტიის ანუ ზიარების საიდუმლო დილის მსახურებისათვის მიებათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პირველად სირიაში მოხდა. შემდეგ კი სხვაგანაც გავრცელდა. თუმცა მაშინდელი მსახურება ჯერ კიდევ განსხვავდებოდა თანამედროვე ლიტურგიისაგან. ლიტურგიის დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბება რამდნენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა IV საუკუნეში, იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ შეაჯერა საღვთო ლიტურგიის შესრულების სხვადასხვა ტრადიციები და უფრო თანმიმდევრული და მოწესრიგებული სახე მისცა ამ მსახურებას. მოგვიანებით ბასილი დიდმა შეადგინა წირვის სტრუქტურა, ასევე იოანე ოქროპირმაც შეადგინა წირვის სტრუქტურა, რომელიც უფრო მოკლე იყო. 
 
  საერთოდ წირვა - ლოცვის მსვლელობაში სიმბოლურად წარმოდგენილია მსოფლიო კაცობრიობის ისტორია ქვეყნიერების შექმნიდან,  ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ყოველი მაზიარებელი ქრისტიანისთვის აუცილებელია დროთა განმავლობაში შეისწავლოს ღვთისმსახურების შინაარსი და ესმოდეს თუ რა არის იგი.
 
  ღვთისმსახურება, ერთგვარ გზას სახავს ადამიანის სულის ღმერთთან მიახლებისა. არღვევს რა ფიზიკური დროისა და სივრცის საზღვრებს, მართლმადიდებლური ღვთისმსახურება (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში) ადამიანებს ზეცის, ცათა სასუფევლის მცხოვრებლებთან აერთიანებს. 
 
  მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისას, კაცთა ცხონებისათვის განკაცებული ღმერთის, ღვთის ძის მეშვეობით, მორწმუნეთა ცნობიერად ზეცად აღსვლა ხორციელდება. სატაძრო მსახურებაში ჩართული ქრისტიანი, ზეციური ცხოვრების თანაზიარი ხდება. ადამიანის სულის ღვთისმსახურებაში მონაწილეობა აქამდე შეუცნობელი, ახალი ცხოვრების საწინდარია და რამდენადაც ყურადღებით აღიქვამს ყოველივეს, რაც ღვთისმსახურებას უკავშირდება, მით უფრო ეზიარება მიღმიურ სამყაროს. 
 
  მართლმადიდებლური ტაძარი გარკვეულ სივრცეს მოიცავს; სივრცეს, სადაც სულიერი სამყარო მეფობს. აქ ყოველ შტრიხს, ყოველ დეტალს, გეომეტრიულ ფორმასაც კი სულიერი დატვირთვა და მისტიური შინაარსი აქვს. ემსახურება რა ცოდვით დაცემულ ადამიანთა ხსნას, ტაძარი იმ წმიდა ჰარმონიულ მდგომარეობას განსაზღვრავს, რომელშიც ცა და ქვეყანა იმყოფებოდა ცოდვით დაცემამდე. 
 
  ახლა კი შევეცადოთ მოკლედ ავხსნათ თუ რა სიმბოლიკის და დატვირთვის მატარებელია წირვა - ლოცვის მსახურება.
 

მწუხრი

 

  მწუხრის დაწყებამდე მღვდელი შეიმოსება ოლარით და ფილონით. გახსნის კრეტსაბმელს (საკურთხევლის ფარდა) და გახსნის აღსავლის კარს, რაც ნიშნავს უხილავი სამყაროს ანუ ანგელოზთა შექმნას. დაიწყებს კმევას საკურთხეველში ტრაპეზის გარშემო, მღვდელი ამ დროს განასახიერებს უფალს, საცეცხლური სული წმიდის მოქმედებას, ხოლო დიაკონი ან მნათე ანგელოზს, ხოლო ანთებული სანთელი, ნათელს საღმრთო სიბრძნისას. მღვდელი არაფრის მეტყველი შემოუკმევს ტრაპეზს ოთხივე მხრიდან, რაც ნიშნავს სამყაროს შექმნას, ხოლო დუმს რადგან ადამი იყო ბოლო ქმნილება და ამის შემდეგ ითქმის: აღსდეგინ! „ასამაღლებელი დიდება წმიდასა თანაარსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა ყოვლადვე აწდა“  რაც ნიშნავს, რომ ადამი შეიქმნა და ისმის ხმა. ადამი აქებს უფალს და მადლობას გამოხატავს, რაც გადმოცემულია გალობაში „მოვედით თაყვანი ვსცეთ 4-გზის და 103-ე ფსალმუნი აკურთხევს სული ჩემი უფალსა“  სადაც წარმოჩენილია სამოთხის მშვენიერებანი და ადამის პატივში ყოფნა. საკურთხეველი განასახიერებს სამოთხეს, ხოლო კმევით სიარული ტაძარში ადამის მიმოსვლას ედემის ბაღში. კმევა ხდება რვიანის შემოხაზვით, რაც უსასრულობის სიმბოლოა. კმევა თითოეული პოზიციიდან აღესრულება სამ გზის: იწყება საკურთხევლიდან, შემოუკმევს ტრაპეზს ოთხივე მხრიდან, შემდეგ ჯვრის სახედ აკმევს საკურთხეველს (მაღალ-დასაჯდომელი, კანკელზე დადგმული ჯვარი, მაცხოვრის ხატი და ღვთისმშობლის ხატი), საკურთხეველში მდებარე ხატები და სასულიერო პირები (მღვდელს 3-გზის, მღვდელმთავარს 9-გზის) აღსავლის კარებს, კანკელზე მდებარე ხატებს (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, მაცხოვრის გვერდით ხატებს და ღვთისმშობლის გვერდითა ხატებს) ანალოღიას წინიდან,(ან ოთხივე მხრიდან) და შემოუკმევს ტაძარს საათის ისრის მიმართულებით, კანკელის ხატები (მაცხოვარის და ღვთისმშობლის) ანალოღია ამბიონიდან, ვეერისებულად უკმევს ამბიონიდან მრევლს, კანკელის ხატები (მაცხოვარის და ღვთისმშობლის), შედის საკურთხეველში ტრაპეზს წინიდან, მაღალსაჯდომელს და საკურთხეველში მყოფ სასულიერო პირებს. კმევის დამთავრების შემდეგ სანთელი ქრება და აღსავლის კარი იხურება, რაც ნიშნავს რომ ადამი ცოდვით დაეცა და მისთვის სამოთხის კარი დახურულია. გამოდის მღდელი ამბიონზე და დახურული აღსავლის კარის წინ კითხულობს 7 საიდუმლო ლოცვას. ამ დროს მღვდელი განასახიერებს ადამს ხოლო ხალხი რომელიც დგას საკურთხეველთან ტაძარში მოასწავებს ადამის მოდგმას, რომელიც დგას და ელის სამოთხეში შესვლას. შემდეგ არის დიდი კვერექსი სადაც ადამის თხოვნაა აღვლენილი უფლის წინაშე, შემდეგ იწყება 1 კანონის გალობა „ნეტარ არს კაცი“  სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ადამის სინანული და იმედი იმისა, რომ უფალი შეიწყალებს მას. შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი, რასაც მოებმის გალობა „უფალო ღაღადყავი“-ს და ლოცვა: „დასდე, უფალო, საცოი პირსა ჩემსა" ამ დროს სრულდება კმევა „უფალო, ღაღადყავის" კმევა თითქმის იგივენაირად აღესრულება, უბრალოდ ამ დროს აღსავლის კარი ვინაიდგან დაკეტილია არ ხდება ამ კარით გამოსვლა და არც ამ კარის კმევა, "ღაღადყავი"-ს კმევას ასრულებს დიაკონი.(თუ დიაკონი არ მსახურობს მაშინ მღდელი). ეს კმევა სიმბოლურად განასახიერებს უფლის მადლის მოფენას ადამიანებზე და სამყაროზე, რაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას უკავშირდება. მღდლის გამოსვლა აღსავლის კართან ნიშნავს იესუს მოსვლის წინასწარმეტყველებას. აღსავლის კარში საცეცხლურით ჯვრის გამოსახვა ნიშნავს, წინასწარმეტყველებას მესიის ჯვარცმაზე, სადაც ითქმის "სიბრძნით აღემართენით", ანუ ხალხის მოწოდებას გონების კონცენტრაციისათვის და უფალთან დაკავშირებისათვის. გალობა - „ნათელი მხიარული“ გამოხატავს ხალხის სიხარულს მაცხოვრის მოსვლისათვის. შემდეგ იკითხება საწინასწარმეტყველო, ითქმის წარდგომები, კვერექსები: მრჩობლი და თხოვნითი, სამადლობელი ლოცვები „დაღირს მყვენ ჩვენ უფალო მწუხარსა ამას უცოდველად დაცვად“ (უკეთუ დღესასწაული იყოს დაემატება ლიტია (გაძლიერებული ლოცვა) და პურის კურთხევა. იკურთხება 5 პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი, რომლებიც დგას შუა ტაძარში. დიაკონი კვერექსების შემდეგ ტროპარის გალობისას სამგზის შემოუკმევს მაგიდას და შემდეგ მღდელი აკურთხებს პურს. მწუხრი სიმბოლურად გამოხატავს ძველი აღთქმის დროს და მისი ლოცვები მადლობის ნიშნადაა აღვლენილი, რათა ღირს ვიქმნეთ შეხვედრად უფლისა. შემდეგ იგალობება სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე“, ანუ უკვე ახლოსაა ძველი აღთქმის დასასრული, რადგან წმ. სვიმეონი შემოდის ისტორიაში. ამას მოსდევს დასაწყისი ლოცვები და გალობა „ღვთისმშობელო ქალწულო“  სამგზის, რაც განასახიერებს იმ მომენტს, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ქალწულ მარიამს ქრისტეს შობა ამავე საგალობლით.ამას მოყვება მართალი იობის ლოცვა „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“ 3-გზის. მწუხრს ასრულებს მღვდლის დალოცვა სიტყვებით „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მაღლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწდა“ - ამით მთავრდება მწუხრი, ანუ ძველი აღთქმა და გადავდივართ ცისკარზე.
 

ცისკარი 

 

  ცისკარი გრძელდება გალობით „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ როდესაც მაცხოვარი იშვა ბეთლემს შინა, მაშინ ანგელოზნი გალობდნენ ამ საგალობელს. ანუ ცისკარი (კერძოდ, ეს გალობა) მოასწავებს ქრისტეს შობას. იწყება ექვს-ფსალმუნება. ამ ფსალმუნებში დავითი გადმოსცემს თავის დევნა-შევიწროებაზე, ჩვენ კი ამაში უნდა ვიგულუისხმოთ მაცხოვარი, რომელმაც წინასწარ იცოდა თუ რა ტანჯვა ელოდა წინ. ამ დროს მღვდელი ჩუმად (საიდუმლოდ) კითხულობს ცისკრის 12 ლოცვას, 6-ს საკურთხეველში, ხოლო 6-ს კი დახურული აღსავლის კარის წინ. რომელშიც მადლობს უფალს განვლილი ღამისათვის, შესთხოვს სასუფევლის დამკვიდრებას, ცოდვათა მიტევებას და ქრისტიანთა გაძლიერებას. ამ საიდუმლო ლოცვების კითხვა ნიშნავს იმას, რომ თუმცა 30 წლამდე მაცხოვარი ხალხში იყო მაგრამ მათ არაფერი იცოდნენ მის შესახებ. თვით 6 ფსალმუნის კითხვა მოასწავებს იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას სინანულზე. შემდეგ ითქმის მშვიდობიანი კვერექსი, რომლის შემდეგაც  საზეიმოდ სრულდება მორწმუნეთა საცხონებლად განკაცებული ღმერთის - იესუ ქრისტეს სადიდებელი: „ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. „ღმერთი უფალი“-ის საგალობელი იგალობება 4-გზის, რადგან ნათლისღების შემდგომ მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში, დღესასწაულზე 4-ჯერ გამოჩნდა. ეს ადგილიც ცისკრისა მოასწავებს იესუ ქრისტეს ნათლისღებას და წმ. სამების გამოცხადებას. "ღმერთი უფალის“  შემდეგ იგალობება ტროპარი. აღდგომის ტროპარებში იდიდება მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვა და ძლევა სიკვდილისა. ტროპარის შემდეგ იკითხება დავითის ფსალმუნები გარკვეული წესით. მათი კითხვისას ძველად მორწმუნეთათვის ჯდომა დაშვებული იყო. ფსალმუნებში მოცემულია წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა იესუ ქრისტეზე. კანონის შემდეგ იკითხება სტიქოლოგიები, სადაც უფრო გარკვევითაა ასახული მაცხოვრის წამება და სიკვდილი. სტიქოლოგიებს მოსდევს მცირე კვერექსი. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საზეიმო ნაწილი ცისკრისა. იხსნება აღსავლის კარი და შუა ეკლესიაში გამოსვენდება წმ. სახარება. ეკლესიას კიდევ უფრო მეტად ანათებენ. გუნდი იწყებს მე-19 კანონის გალობას: „აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა...“ან, ამ საგალობლის წილ კიდევ იგალობება მე-17 კანონი "ნეტარ არიან“. მღვდელი და დიაკონი აკმევენ ეკლესიას. აღსავლის კარის გაღება და წმ. სახარების გამოსვენება მოასწავებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას. მღვდლისა და დიაკვნის მსვლელობა ეკლესიაში კმევისას ნიშნავს ქრისტრეს მოციქულებისა და მენელსაცხებლე დედების დიდ სიხარულს, გამოწვეულს იესუ ქრისტეს აღდგომით, წმ. სახარების შუა ეკლესიაში დასვენება კი იმას, რომ მაცხოვარმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე, ორმოცი დღე დაჰყო დედამიწაზე და ეცხადებოდა ხალხს. იკითხება წმ. სახარება. აღდგომის საცისკრო სახარებები სულ 12 ა. ისინი იკითხება თანმიმდევრობით, კვირიაკების მიხედვით, მათში მოხრობილია ქრისტეს აღდგომაზე და იმაზეც, თუ როგორ ეცხადებოდა იგი მოციქულებს აღდგომის შემდეგ. დღესასწაულებზე იკითხება დღესასწაულის სახარება. მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის სადიდებლად მორწმუნეები გალობენ შემდეგ საგალობელს:„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ . ეს მეტად მნიშვნელოვანი საგალობელია, რადგანაც თავად სიტყვები მიგვითითებს , რომ აღდგომა ქრისტესი კი არ გვესმა ან კი ვიცით ,არამედ ვიხილეთ, ანუ სწორედ ახლა ამ მსახურებაზე ვიხილეთ, და ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი ვიცოდეთ მსახურების განმარტება.> სადაგ დღეს  აღნიშნული საგალობელი არ იგალობება.  იკითხება 50-ე ფსალმუნი. დიაკონი ამბიონზე მაცხოვრის ხატის წინ კითხულობს ლოცვას: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“  მღვდლის ასამაღლებლის შემდეგ მორწუნეები ემთხვევიან შუა ეკლესიაში დასვენებულ ხატს და წმ. სახარებას. აქ ხდება ზეთის ცხებაც. სარწმუნოებით მისი მიმღებნი მიიღებენ კურნებას და შვებას. ზეთის ცხების დამთავრების შემდეგ წმ. სახარება შესვენდება საკურთხეველში ,თუ კვირაა დიდებამაღალიანში, წმიდაო ღმერთოს გალობის დროს, აღსავლის კარი იკეტება. იწყება სძლისპირების კითხვა. ანუ რიგი საეკლესიო საგალობლებისა რომელიმე წმინდანისა თუ დღესასწაულისადმი განკუთვნილისა, მთელი კანონი შედგება ცხრა სძლისპირისაგან. თითოეული სძლისპირი თავის მხრივ შედგება ტროპარებისაგან რომლებშიც მოცემულია ეკლესიის ისტორია და ჩვენი პირადი ქება ღვთისა და წმინდანებისა.III-ე, VI-ე და IX-ე სძლისპირების შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი. რადგან IX-ე სძლისპირი განკუთვნილია ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი, ამიტომ აღნიშნული სძლისპირის წინ დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს ღვთისმშობლის ხატის წინ და ამბობს ასამაღლებელს „ღვთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ.“ (ათორმეტ დღესასწაუულზე ეს ასამაღლებელი იცვლება) მგალობელნი აქებენ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს შემდეგი საგალობელით „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განარიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“  ჩასართავით „უპატიოსნესა ქერუბიმთასა“.
 
  სძლისპირების შემდეგ კვირა დღეს სამჯერ იგალობება „წმინდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“ და იკითხება განმანათლებელი რომელშიც გატარებულია აზრი იმისა რომ მორწმუნენი გონებით უნდა განათლდნენ, განსპეტაკდნენ უფალი ღმერთის ღირსეულად სადიდებლად. ამას მოსცდევს 148-ე, 149-ე და 150-ე ფსალმუნების კითხვა „ყოველი სული აქებდით უფალსა აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა“ ამ ფსალმუნებში წინასწარმეტყველი დავითი მოუწოდებს ყველა და ყველაფერს ღვთის სადიდებლად რადგან ადამიანის ცოდვით დაცემა მთელი სამყაროს წუხილიცაა იგივე აზრია გატარებული „აქებდით“-ის სადიდებელშიც. იხსნება აღსავლის კარი და მღვდელი ხელაპყრობილი ღაღადებს „დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი“ (თუმცა ამ სიტყვების თქმა მედავითნესაც შეუძლია) მღდლის ამ სიტყვებს გადავყავართ ქრისტიანობის უძველეს ხანაში რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმას რომ ძველად ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა მზის ამოსვლამდე. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით მადლობს ღმერთს ახალი დღისა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისათვის. ხილული ნათელის ქვეშ მორწმუნენი გულისხმობენ სარწმუნოებრივ ღვთაებრივ ნათელსაც, რომელსაც ეზიარნენ იესუ ქრისტეს წყალობით. გუნდი გალობს მეუფე დიდების სადიდებელს: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა”,რომელსაც დაასრულებს წმინდა სამების საგალობლით: “წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო,წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ” -ამ საგალობლით ქმნილება ადიდებს შემოქმედს,როგორც ანგელოზნი,ისე ადამიანები,როგორც ზეციური ისე ქვეყნიური ეკლესიები ადიდებენ ქვეყნიერების შემოქმედს.შემდეგ სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები. ცისკარი მთავრდება დიდი ჩამოლოცვით, სადაც ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების შუამდგომლობით შესთხოვს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს მორწმუნეთა შეწყალებასა და ცხონებას. აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება.
 

ჟამნი

 

  ძველად დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამად (დროდ),რომელშიც შედიოდა I, III-ე, VI-ე და IX-ე ჟამი. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნები სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით. ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად, ფსალმუნების კითხვა-გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნებიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდნენ, შედარებით გვიან მოხდა ჟამნებში ქრისტიანული ლოცების და საგალობლების შეტანა.
 
  I ჟამი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათებს ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იყო მიყვანილი პილატესთან. I ჟამი სრულდება ცისკრის შემდეგ.
 
  III ჟამი (10, 11, 12 საათი) გვაგონებს მაცხოვრის სასამართლოს და ტანჯვას პილატესთან.
 
  VI ჟამი (1, 2, 3 საათები) ეს ის დროა,როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და იქნა ჯვარცმული.
 
  III და VI ჟამები იკითხება წმ. იოანე ოქროპიორის და წმ. ბასილი დიდის წირვების წინ; მეექვსე ჟამის კითხვის დროს ხდება წიგნისმკითხველად და იპოდიაკვნად ხელდადება შუა ტაძარში.
 
  IX ჟამი (4, 5, 6 საათები) ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესუ ქრისტემ განუტევა სული. ეს ჟამი იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.
 

საღმრთო ლიტურგია

 

  საღმრთო ლიტურგიის (წირვის) დაარსების დღე არის დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის დროს( მათე 26, 26-29; მარკოზი 14, 22-24, ლუკა 22, 19-23), როდესაც იესო ქრისტემ პირველად აზიარა თავისი მოწაფეები და უთხრა: "ამას ყოფდეთ მოსახსენიებლად ჩემდა". წირვა უდიდესი სასწაულია, რადგან უბრალო პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. ზიარება 7 საიდუმლოთა შორის ერთ-ერთია და ამ შვიდ საიდუმლოშიც კი გამორჩეულია, რადგან მხოლოდ ზიარებისას გვაქვს ჩვენ პირდაპირი შეხება ქრისტესთან, თავად უფალთან ვხდებით მისი თანაზიარნი. ამაზე დიდი სასწაული და საიდუმლო არ არსებობს, რამეთუ ზიარებისას ხდება შობა, ჯვარცმაც, ვნებაც, აღდგომაც, ამაღლებაც, ცოდვათა მოტევება, მოხსენიება ცოცხალთა და მიცვალებულათა და მარადისობაში უფალთან მყოფობა. წირვაზე მორწმუნენი იხსენიებენ იესუ ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას მაცხოვრის შობიდან მის ამაღლებამდე. წირვა იყოფა 3 ნაწილად:
 
  1. კვეთა 
 
  2. კათაკმეველთა ლიტურგია
 
  3. მართალთა ლიტურგია
 
 

კვეთა

 

  ლიტურგიის პირველ ნაწილს, რომელზედაც მზადდება მასალა წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად, ეწოდება კვეთა. ძველად წივაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო წმ. ზიარებისათვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას „პროსკომიდიას“_ რაც ბერძნულად მოტანას ნიშნავს.
 
  წმინდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია მღვდელი იყოს სრული შესამოსელით შემოსილი, სათანადოდ მომზადებული პური და ღვინო.
 
  წირვის დაწყების წინ მღვდელი დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ე.წ. „შემთხვევის ლოცვებს“; რის დროსაც იგი ემთხვევა (ეამბორება) კანკელზე განლაგებულ ხატებს, შემდეგ შედის საკურთხვეელში და იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით. ესენია: 
 
  კვართი, ოლარი, სარტყელი, საბუხარები, საგვერდული, ფილონი, ჯვარი, მიტრა (უკეთუ დაჯილდოებულ იყოს). შესამოსელი განასახიერებს: კვართი - ქრისტეს კვართს, ოლარი - სულიწმინდის ძალას და მადლს, სარტყელი - სიძლიერეს და მღვდლის მიერ ცოდვების შებორკვას, საბუხარები (სამაჯურები) - ქრისტეს ბორკლიებს განასახიერებს. საგვერდული (ენქერი) - მახვილს და ხელსახოცს, რომლითაც მაცხოვარმა მოციქულებს ფეხები შეუმშრალა, ფილონი სამართლის და სიწმინდის შემოსვას. მიტრა ქრისტეს ეკლიან გვირგვინს. 
 
  (( დიაკვნის სტიქარი ანგელოზის შესამოსელია, ორარი მთავრანგელოზის ფრთებს განასახიერებს, ადრე მასზედ კვერექსები ეწერა და როგორც გრაგნილი, ისე ეკავათ დიაკვნებს. საბუხარები სიძლიერის ნიშანია.)))
 
  შემდეგ ხდება ხელბანა, რაც მის სულიერ სიწმინდესა და მზად ყოფნას გამოხატავს წმ. საიდუმლოს შესასრულებლად (ძველად ღვთის მსახურნი ხელებს იბანდნენ წმ. შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც, მღვდელთმთავარი ხელს იბანს „ქერუბიმთას“  საგალობლის დროს შესვლის წინ). შემდეგ მღვდელი და დიაკონი მიდიან სამსხვერპლოსთან (სამკვეთლო), სადაც უკვე მომზადებულია წმ. ჭურჭელი. „ბარძიმი, ფეშხუმი, ვარკვლავი, დაფარნები და ლახვარი. (პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური გამოიყენა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. გარეგნულად პური ანუ სეფესკვერი (სეფა იგივე სამეუფეო კვერი) უნდა იყოს: 1.მრგვალი;  2. ორ ნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშნვნელი - ღვთაებრივისა და ადამიანურისა; 3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი და 4. ჯვარზე კი უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა: „იესუ ქრისტე ძლევა“, .ღვინო უნდა იყოს ყურძნის, წითელი ფერის. ყურძნის იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით, რაც შეეხება წითელს - იგი სისხლისფერია) მღვდელმსახურნი ამზადებენ ტარიგს (უსისხლო მსხვერპლი) ძღვენის შესაწირავად. ასამაღლებლის შემდეგ მღვდელი იღებს საუკეთესო სეფისკვერს მარცხენა ხელით,მარჯვენათი- ლახვარს და ჩაჭრის ნაწილს ოთხი მხრიდან. სეფისკვერიდან ამოკვეთავს წმ. ტარიგს. ამ დროს იგი წარმოსთქვამს სიტყვებს იესო ქრისტეს ვნების შესახებ.(ესაიას წინასწარმეტყველებიდან) შემდეგ სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილს, რომელსაც ეწოდება ტარიგი. დაასვენებს ფეხშუმზე (ბეჭდით ქვემოთ) და განკვეთს ჯვარედინად -ეს ჯვარცმას გამოსახავს. შემდეგ ბეჭედს ზემოდან მოაქცევს და ლახვრით „განაღებს“ მის გვერდს (იოანე 19,34). დიაკონი ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს (ღვინოზე გაცილებით ნაკლებს), (უკეთუ დაემთხვეს დიდი მარხვა და შემდეგ კვირას იყოს პირველშეწირული, მაშინ სხვა სეფისკვერებიდან ამოიკვეთება იმდენი ტარიგი, რამდენი პირვეშეწირულიც უწევს. ლოცვები და მოქმედებები სათითაოდ აღსრულდება ყველა ტარიგზე). ტარიგის მომზადების შემდეგ მღვდელი „ამოიღებს“ ნაწილებს დანარჩენი 4 სეფისკვერიდან და მრევლისგან შემოწირული სეფისკვერებიდან, ნაწილები განლაგდება ფეხშუმზე ტარიგის ირგვლივ.
 
  კვეთისათვის საჭიროა 5 სეფისკვერი.
 
  I  სეფისკვერიდან ხდება ტარიგის ამოღება, რომლითაც შემდეგ ხალხი ეზიარება.
 
  II  სეფისკვერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისაა და  მისივე სახელზე იკვეთება. (იკითხება სიტყვები 44-ე ფსალმუნიდან) ღვთიმშობლის ნაწილი ფეშხუმზე ტარიგის მარჯვნივ დაიდება. (ტარიგიდან მარჯვენით,ჩვენგან კი მარცხნივ.)
 
  III  სეფისკვერი ცხრა წმინდათა დასისაა, ესენია:
 
  1. იოანე ნათლისმცელემლის,
 
  2. წინასწარმეტყველთა,
 
  3. წმ. მოციქულთა, 
 
  4.  წმინდა მღვდელმთავართა,
 
  5. წმ. მოწამეთა,
 
  6. ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა. 
 
  7. წმინდა უვერხცლოთა,
 
  8. ვისი ხსენების დღეც არის (ავღნიშნავთ, რომ მთავარანგელოზობას ან რომელიმე ანგელოზთა ხსენების დღეს , ანგელოზთა სახელზე ნაწილი არ ამოიკვეთება.
 
  9. რომელი მღვდელთმთავრის წირვაც აღესრულება. 
 
  IV  სეფისკვერიდან იკვეთება ეკლესია, ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი და ცოცხლები.
 
  V  სეფესკვერი იკვეთება მიცვალებულთა სახელზე. 
 
 
  კვეთის დასასრულს მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, შემოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეხშუმს; ასევე, შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას - ორივეს. ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთა, ასევე იმათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა. 
 
  კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვს შემდეგი სიმბოლური მნიშნვნელობანი: ფეხშუმი ნიშნავს ცას, ვარსკვცლავი იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს. მცირე დაფარნები ის სახვევევბია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა - ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს გვამი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მოციქულები; სამკვეთლო მოასწავებს ბეთლების ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას , სადაც იგი იქნა ჯვარცმული; ლახვარი, რითაც განუღეს გვერდი მაცხოვარს. მთელი სეფისკვერი, რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმინდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიეს დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სულიწმინდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ, მღვდლის მიერ ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.
 
 

კათაკმეველთა ლიტურგია 

 

  ლიტურგიის მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ  კათაკმეველთაც,  ე.ი.  იმათ  ვინც  ემზადება  მოსანათლად  და  იმათაც,  ვინც  მონანიებაშია,  ე.ი. ვინც დაყენებულია  წმ. ზიარებისაგან. კათაკმეველთა ლიტურგია არის სწავლა - მოძღვრებითი ნაწილი წირვისა. 
 
  კვეთის დამთავრების შემდეგ მღვდელი ხელაღპყრობილი ევედრება ღმერთს, რომ გარდამოავლინოს სული წმიდა მათზე და განაძლიეროს მსახურებაში.
 
  დიაკონი მიიღებს მღვდლისაგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბიონზე და ხმამაღლა ამბობს: ’’გვაკურთხენ მეუფეო’’, რაც ნიშნავს შემდეგს: გვაკურთხე მეუფეო, რათა დავიწყოთ წირვა და მორწმუნე ერმა, ტაძარში შეკრებილმა, მიიღოს მონაწილეობა ღვთის დიდებასა და მსახურებაში.
 
  მღვდელი წმ. სახარებით ტრაპეზზე გამოსახავს ჯვარის სახეს და ამბობს წირვის ასამაღლებელს: ’’კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა...’’ ამ ასამაღლებლით წირვის დასაწყისშივე ადიდებს მღვდელი წმ. სამებას. (მწუხრისა და ნაწილობრივ ცისკრის ასამაღლებლებში არ ჩანს მამა ძე და სულიწმიდა, რადგანაც ისინი ძველი აღთქმის გამომხატველნი არიან, ძველ აღთქმაში კი არ იყო განცხადებული სამება, არამედ ახალ აღთქმაში და ამიტომაც წირვა იწყება სწორედ ისეთი ასამაღლებლით, სადაც ჩანს უკვე სამება.) ამის შემდეგ დიაკონი ამბობს დიდ კვერექსს, რომელშიც თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი ქრისტიანთა თხოვნა-ვედრებანი და ის პირნი, რომელთათვისაც ლოცულობს მორწმუნე ერი. მღვდელი ამ დროს საკურთხეველში საიდუმლოდ ლოცულობს და ევედრება ღმერთს, რომ მოწყალება გარდამოავლინოს წმ. ტაძარსა და მასში შეკრებილ მორწმუნეებზე. დიდი კვერექსის ბოლოს მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: ’’რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა...’’ ამის შემდეგ იგალობება ფსალმუნები: 102-ე ’’აკურთხევს სული ჩემი უფალსა...’’ და 145-ე ’’აქებს სული ჩემი უფალსა...’’ ეს ფსალმუნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე კვერექსით. თავიანთი შინაარსით აღნიშნული ფსალმუნები იწოდება გამომსახველობით ფსალმუნებად, რადგან მათში უდიდესი მხატვრული სილამაზითაა ასახული მოწყალება ღვთისა და შეწყალება კაცობრიობისა. ამ საგალობლებს ანტიფონებსაც უწოდებენ. დიდ და საუფლო დღესასწაულებზე აღნიშნული ფსალმუნები არ იგალობება, არამედ მათ ნაცვლად სრულდება განსაკუთრებული მუხლები, რომელთა შინაარსიც შეესაბამება დღესასწაულს. 
 
  მე-2 ანტიფონის დასასრულს იგალობება ’’მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა...’’, რომელშიც მოცემულია მართლმადიდებლური სწავლება წმ. სამების მეორე პირზე - იესუ ქრისტეზე. ამას მოსდევს მცირე კვერექსი. შემდეგ ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას ამახვილებს ცხრა ნეტარებაზე - სასუფევლებზე (მათე 5.3-12), სადაც მოცემულია ჭეშმარიტი მორწმუნის სახე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიმდევარი და როგორი სიხარული ელის მას ამქვეყნიურის დათმენის შემდეგ. სასუფევლებზე გაიხსნება აღსავლის კარები; მღვდელი აიღებს ტრაპეზიდან წმ. სახარებას, გადასცემს დიაკონს და გამოდის მასთან ეთად საკურთხევლიდან ჩრდილო კარებით. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას წმ. სახარებით ეწოდება ’’მცირე შესვლა’’, რაც ნიშნავს იესუ ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და მონათვლის შემდეგ ხალხისადმი მიქცევას და სახარების ქადაგებას.
 
  (დღევანდელ საეკლესიო მსახურებაში ამ გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უწინ კი ის აუცილებელი შესასრულებელი იყო. უძველესი ქრისტიანობის ხანაში წმ. სახარება ინახებოდა არა საკურთხეველში - ტრაპეზზე, როგორც დღეს ხდება, არამედ საკურთხევლის მახლობლად მდებარე ოთახში, რომელსაც ’’სადიაკვნე’’ ან ’’საჭურჭლე’’ ეწოდებოდა. როცა დადგებოდა სახარების წაკითხვის დრო, საზეიმოდ ხდებოდა მისი გადასვენება ტრაპეზზე. ძველად კვეთაც სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით სხვა შენობაში. ასე, რომ მცირე გამოსვლამდე სამღვდელო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში. ამიტომაცაა, რომ მღვდელმთავრის წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი ისმენს ჟამნობასა და კათაკმეველთა ლიტურგიის დიდ ნაწილს არა საკურთხეველში, არამედ შუა ეკლესიაში - კათედრაზე და საკურთხეველში შედის მხოლოდ მცირე შესვლის შემდეგ), სანთელი, რომელიც მცირე გამოსვლისას წინ უძღვის სახარებას, მოასწავებს იოანე წინამორბედსა და ნათლისმცემელს და ახალი აღთქმის ნათელს. მღვდლის გამოსვლა ჩრდილო კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესუ ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას - ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარებში წმ. სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ სახარება დასვენდება ტრაპეზზე, რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის. მღვდელი ემთხვევა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატს, რაც მოასწავებს ადამიანის ღმერთთან შერიგებას.
 
  სახარების შესვლის შემდეგ, რომელსაც მორწმუნენი აღიქვამენ როგორც უშუალოდ ქრისტეს შესვლას, გუნდი გალობს: ’’მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, (თუ კვირაა აღდგომილო მკვდრეთით) მგალობელნი შენნი ალილუია’’. 
 
  (იგალობება ’’წმიდაო ღმერთო’’ სამოციქულოს წაკითხვის წინ: ამ დროს ხდება ეპისკოპოსის კურთხევა, რადგან ეპისკოპოსობა სამოციქულო ხარისხია.) ’’წმიდაო ღმერთოს’’ გალობის შემდეგ წაიკითხება სამოციქულო და სახარება. სამოციქულოს კითხვა მოასწავებს მოციქულთა ქადაგებას ქვეყნად. მისი კითხვისას მღვდელი ასრულებს კმევას, რაც ნიშნავს სული წმიდის მადლს, რითაც იყვნენ აღვსილნი მოციქულები ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგებისას და რამაც დააახლოვა ისინი ხალხს. სამოციქულოს შემდეგ იგალობება ’’ალილუია’’ რაც ნიშნავს: უფალი მოდის, ადიდეთ იგი. წმ. სახარების კითხვას, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იესუ ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრება-მოღვაწეობა, სასწაულები და მოძღვრება, დასაწყისში და ბოლოს თან ახლავს სადღესასწაულო სადიდებელი: ’’დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა’’. სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა წარმოადგენს საღმრთო ლიტურგიის მნიშვნელოვან მონაკვეთს, რადგან სწორედ აქ უშუალოდ უფალი ქადაგებს და მოძღვრის ერს.
 
  სახარების შემდეგ ითქმის მრჩობლი კვერექსი, რომელზეც იხსნება ოდიკი, რაც სიმბოლურად ნიშნავს იოსებ არიმათიელის მიერ ქრისტეს საფლავის მომზადებას. (ოდიკი შეიძლება ითქვას ეკლესიის პასპორტია მასზედ მოქმედი მღვდელმთავრის ან პატრიარქის ხელმოწერაა. რაც აღნიშნავს რომ ის ეკლესია სადაც წირვა მიმდინარეობს კანონიკურია,) მრჩობლი კვერექსის შემდეგ იხსნება აღსავლის კარი და სრულდება მიცვალებულთა კვერექსი, სადაც მორწმუნენი ევედრებიან უფალს გარდაცვლილთა სულებისა და მათი ცოდვათა მიტევებისათვის. (აღსავლის კარის გახსნა მოასწავებს მიცვალებულთათვის სამოთხის კარის გახსნას.) ((კვერექსი არის მოკლე ლოცვათა ერთი წყობა, რომელსაც საეკლესიო ღვთისმსახურების დროს წარმოთქვამს დიაკონი, ხოლო მას ყოველ მუხლზე მგალობლები მიუგებენ: ’’უფალო შეგვიწყალენ’’, ხან - ’’მოგვმადლენ უფალო’’. ბოლოს კი - ’’შენ უფალო’’. ყოველი კვერექსი ბოლოვდება მღვდლის ’’ასამაღლებელით’’. კვერექსები სხვადასხვა სახისაა: 1.დიდი კვერექსი (’’დიდი მშჳდობიანი’’); 2.მცირე კვერექსი (’’მცირე მშჳდობიანი’’); 3.თხოვნითი კვერექსი (’’მოგუმადლენთაჲ’’); 4.მრჩობლი კვერექსი (’’ზეგარდმოჲ’’). დიდი და მცირე კვერექსები იწოდება ’’მშვიდობიან კვერექსებად’’, რადგან ორივე მათგანი იწყება მოწოდებით: ’’ მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ’’. არსებობს სხვა ’’კვერექსთა’’ ჯგუფი ’’კურთხევანის’’ კრებულებში.)) ამას მოჰყვება კათაკმეველთა კვერექსი, რითაც ღმერთს ვევედრებით მათ შეწყალებას, ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას და იმას, რომ გახდნენ ღირსნი ნათლისღებისა. დიაკონის მოწოდებაზე ’’რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით’’, კათაკმეველნი ტოვებენ ტაძარს. (კათაკმეველთა კვერექსის თქმის დროს ოდიკი იხსნება მეოთხე მხრიდანაც,)  ამით მთავრდება კათაკმეველთა ლიტურგია.
 

მართალთა ლიტურგია

 
  მართალთა ლიტურგიაზე დასწრების უფლება აქვთ მონათლულ მორწმუნეებს. მართალთა ლიტურგია იწყება შემოკლებული დიდი კვერექსით, რომელიც მთავრდება ასამაღლებლით: ’’რათა ძლიერებითა შენითა...’’ ამის შემდეგ იგალობება: ’’რომელი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა, უკეთუ მიცვალებულთა კვერექსი არ ითქვა გაიხსნება აღსავლის კარები, რადგან ახლა უნდა მოხდეს ძღვნის გადატანა სამკვეთლოდან ტრაპეზზე აღსავლის კარების გავლით. აღნიშნულ მოქმედებას ეწოდება ’’დიდი შესვლა’’. წმ. ეკლესია მორწმუნეებს ’’ქერუბიმთას’’ გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს: ’’ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოთ ვემსგავსენით ქერუბიმებს, მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი, ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ, განვიწმიდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე’’. (რამოდენიმე თარგმანში მოხდა შეცდომა და საგალობლის მეორე ნაწილი ასე თარგმნეს „და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოსთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია’’. ბერძნულში სიტყვა დოროს აღნიშნავს როგორც ძღვენს ასევე ლახვარს. ძველ რომში კი იყო ასეთი ტრადიცია, რომ იმპერატორი, გამარჯვებული ან გარდაცვლი, ჯარისკაცებს ლახვრებზე ან ხმლებზე შემოდებულ ფარზე დასვენებული მიყავდათ. და ქრისტეც, როგორც მეუფე სიკვდილზე გამარჯვებული, ანგელოზებს მიყავდათ ლახვრებზე დასვენებული. და საგალობელიც ასე ჟღერს „რათა შევიწყნაროთ მეუფე ყოველთა ანგელოზთა წესთა შორის ლახვარ მოსილთა უხილავად მომავალი ალილუია (3 გზის)).  დიაკონს, მარცხენა მხარზე გადაადებენ დიდ დაფარნას, და გადასცემენ ხელში ფეშხუმს, მღდელი და დიაკონი გამოდიან ჩრდილოეთ კარით და დგებიან ამბიონზე სახით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას, დიაკონი მოიხსენებს ღვთივდაცულ ერს და მეუფაბას, მღდელი კი სამღდელოებას, მონათლულ მიცვალებულებს და შემდეგ ცოცხლებს. ( ეს მოქმედება გვახსენებს ჩვენ გოლოგოთის გზას, გოლგოთაზე ჯვარცმას და ავაზაკის თხოვნას უფლისადმი, რომ მოიხსენოს სასუფეველში. ეს ავაზაკი ჯვარცმულ პიროვნებაში იხილავს ღმერთს აღიარებს თავის დანაშაულს და უფალიც პატიობს მას და პასუხობს დღესვე ჩემთან იქნები სასუფეველშიო. ეს აღმატებული პატივია რადგან მხოლოდ ავაზაკი ახერხებს წიტელ პარასკევს სასუფეველში შესვლას სხვა ყველა მოსე, აბრაამი თავად იოანე ნათლისმცემელიც კი აღდგომის დღეს შედიან სასუფეველში, და როდესაც ჩვენ ბარძიმში ვიხსენებთ ვინმეს, სწორედ ჯვარცმული ქრისტეს სიტყვებს ვამობობთ და შევთხოვთ რომ სასუფეველი დაუმკვიდროს მათ) შებრძანდება და დაასვენბენ ბარძიმ ფეშხუმს ტრაპეზზე, მოხსნიან მცირე დაფარნებს და გადააფარებენ დიდ დაფარნას, აღსავალი კარი დაკრეტსაბმელი იხურება. (ბარძიმ ფეშხუმის საკურთხეველში შებრძანება და ტრაპეზზე დასვენება მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და საფლავად დადებას ნიშნავს. ხოლო დიდი დაფარნის დაფარება- მაცხოვრის გვამის სუდარაში შეხვევას, აღსავლის კარის დახურვა- საფლავის კარის დალუქვას.) ამ დროს ხდება მღდლად ხელდასხმა რადგანაც მღდელი იღებს მონაწილეობას ძღვნის შეწირვაში. ითქმის თხოვნითი კვერექი.  სიტყვებზე ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს საკუღთხეველში სამღდელოება ემთხვევა, ბარძიმ ფეშხუმს, ტრაპეზს და შემდეგ ერთმანეთს, სიტყვებით: ქრისტე არს ჩვენს შორის,.> არს და იყოს: შემდეგ  ითქმის „კარნი კარნი სიბრძნით მოხედეთ“ იღება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი. იკითხება ’’მრწამსი’’ . ’’მრწამსის’’ გალობის დროს მღვდელი იღებს დიდ დაფარნას და არხევს წინადაგებული ძღვენის თავზე, რაც მასზე სული წმიდის მფარველობას და მადლის ფრქვევას მოასწავებს და ასევე მიწისძვრას. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის გახსნა ასამაღლებელზე ’’კარნი, კარნი...’’ ნიშნავს მიწისძვრასა და სოლომონის ტაძრის  კრეტსაბმელის შუაზე გაპობას ჯვარზე იესუ ქრისტეს სიკვდილის დროს. (ამას ასევე ქონდა პრაკტიკული მხარეც, რადგანაც ფეშხუმს ფეხი არ ქონდა იგი ტაკუკივით იყო, ანუ თეფშის ფორმა ჰქონდა და მას ბარძიმზე დებდნენ ზემოდან, და აფარებდნენ დიდ დაფარნას, რომელიც იკრავდა ნამცეცებს, და სწორედ ამ ნამცეცებისგან ფერთხავდენ მას“ ’’მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა თანა’’ ’’ზე გვაქვდინ გულნი’’,  ე.ი. უფლისადმი ავამაღლოთ გულები ჩვენნი. ამაზე მორწმუნენი პასუხობენ: ’’გვაქვს უფლისა მიმართ’’.
 
  ’’ვმადლობდეთ უფალსა’’ აქედან იწყება ძღვნის კურთხევა !!! ’’ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა’’. ამ დროს ირეკება ეკლესიის ზარები, ნიშნად იმისა, რომ დაიწყო უმთავრესი ნაწილი ლიტურგიისა. მღვდელი ამ დროს კითხულობს საიდუმლო ლოცვას, სადაც აქებს ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობას; მადლობს ღმერთს ადამიანის შექმნისა და გამოხსნისათვის, მოწყალებისთვის და იმისათვის, რომ  ღირსგვყოფს ჩვენგან უსისხლო მსხვერპლის მიღებას, რომელსაც ემსახურებიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი. ’’ძლევისა გალობისა  მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი’’ - მღვდლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები არის წინასწარმეტყველ ეზეკიელისა (1.4-24) და მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის (აპოკალიფსი 4.6-8) სიტყვები, რომელთაც წინასწარ იხილეს მეუფე დიდებისა გარშემორტყმული ანგელოზებით, რომელნიც უღაღადებდნენ ’’წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა’’. (ამ დროს დიაკვანი ვარსკვლავს  ჯვრის სახედ გადასახავს ფეშხუმზე, დაკეცავს და დააბრძანებს დიდ დაფარნაზე, რომელიც აგრეთვე დაკეცილია და დევს წმ. ტრაპეზზე ბარძიმ ფეშხუმის წინ.)
 
   ’’მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა’’ აქ ხორცში იგულისხმება მთელი, სრული ცოცხალი სხეული, (ბერძ: სომა. რუს: წელა) და არა რომელიმე ხორცის ნაწილი.
’ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა’’. ჩვენ ვიცით, რომ სისხლი დათხეული ახალი აღთქმისათვის, ფიცის დადებისას, შესაწირის მირთმევისას და აღთქმის დადებისას ხდებოდა სისხლის დაღვრა.
 
  (((ბასილი დიდის წირვაზე ამ ასამაღლებლებს წინ ემატება სიტყვები ’’მისცა წმინდათა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა მეტყველმან’’)))
 
  დიაკონი მოწიწებით აღამაღლებს ბარძიმ ფეშხუმს, მღვდელი კი წარმოსთქვამს: ’’შენთა შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისთვის’’ ე.ი. შენს მიერ ბოძებულს შენ შეგწირავთ ღმერთო ყველაფრისათვის,- შენი აღთქმის შესასრულებლადაც და ყველა იმ ტანჯვისათვის რამაც მიანიჭა ადამიანებს ხსნა. მორწმუნენი ამაზე პასუხობენ: ’’შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო’’. ამის შემდეგ სრულდება სული წმიდის მოწვევის ლოცვები.
 
  ამ დროს სეფისკვერი და ღვინო გარდაიქცევა ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად მაცხოვრისა. როგორ ხდება ეს, სეფისკვერი და ღვინო ინარჩუნებენ გარეგნულ შეხედულებას, გემოს, სუნს და თვისებებს თუმცა ჩვენ ვიცით და გვწამს რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, და როგორც თავად უფალი იესუ ქრისტე ამ ქვეყნად იყო ღმერთკაცი, ანუ შეხედულებით და თვისებებით იყო ადამიანი, მაგრამ შინაგანად ასევე იყო ღმერთი, სწორედ ასე ხდება პურისა და ღვინის შემთხვევაში, ის ბოლომდე გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.
 
  (უკეთუ ფეშხუმზე რამოდენიმე ტარიგია, პირველშეწირულისათვის მრავლობითში არ სრულდება პურების კურთხევა, არამედ ვითარცა ერთის ისე) ღვთისმსახურნი და ყველა მორწმუნენი ტაძარში ასრულებენ მუხლთდრეკას. ’’უმეტესად ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა...’’ მორწმუნენი ამაზე პასუხობენ ღვთისმშობლის საგალობლით: ’’ღირს არს ჭეშმარიტად...’’ (უკეთუ ბასილი დიდის მსახურება იყოს ან დიდი დღესასწაული ღირსარსის წილ სხვა იგალობება). შემდეგ იხსენიება ეკლესიის მამამთავარი, რაზეც მორწმუნენი პასუხობენ: ’’ყოველთა და ყოვლისათვის’’ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: ’’და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა’’.
 
   ამით წმ. ძღვენის კურთხევის ლოცვები ანუ ’’ანაფორა’’ მთავრდება. (ამ დროს ხდება დიაკვნად ხელდასმა, რადგან ძღვნის კურთხევა არ შეუძლია დიაკონს და რათა ერთ წირვაზე არ მოხდეს ერთი სასულიერო პირის რამოდენიმე ხარისხში ხელდასმა.) შემდეგ ითქმის თხოვნით კვერექსი ’’და ღირს მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღვთისა მამისა და თქმად’’. და იგალობება ’’მამაო ჩვენო’’ ამ დროს დიაკონი, რომელიც დგას ან დაჩოქილია მაცხოვრის ხატის წინ, იკეთებს გინგილას ჯვარის სახედ იმიტომ: 1.რომ არ ჩამოუვარდეს იგი და დაუბრკოლებრივ ეზიაროს; 2.რათა გამოხატოს თავისი მოკრძალება წმ. ძღვნისადმი მსგავსად სერაფიმებისა, რომლებიც უფლის მსახურებისას იფარავენ სახეს თავიანთი ფრთებით (ისაია 6.2-3). იხურება აღსავლის კარები და კრეტსაბმელი. მღვდელი დიდი კრძალვითა და შიშით აღამაღლებს ფეშხუმზე წმ. ტარიგს და ამბობს: მოხედენ ’’წმიდაა წმიდათა’’.’’ერთ არს წმიდა ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, სადიდებლად ღვთისა მამისა. ამინ’’. ამ დროს 4 ნაწილად განიტეხება ტარიგი, იესო ნაწილი ჩაეშვება წმ. ბარძიმში, ქრისტე ნაწილით ეზიარება სამღვდელოება და ძლ-ვა ნაწილებით, რომლებსაც ასევე ჩააბრძანებენ ბარძიმში ეზიარება მორწმუნე მრევლი. ბარძიმში ჩაისხმევა ’’მდუღარება’’ მდუღარე წყალი, რომელიც ტარიგის განტეხისა და ბარძიმში ჩასვენებისას ჩაისხმის ჯვრის სახით. მდუღარებას მოამზადებს მნათე და მიართმევს დიაკონს. დიაკონი აკურთხებინებს მღვდელს და ჩაასხამს ბარძიმში. ამ დროს ითქმის: ’’მდუღარება სარწმუნოებისა აღვსება სულისა წმიდისა, ამინ’’. მდუღარება ჩაისხმის ბარძიმში ზიარების ნაწილების მთლიანად მიღების შემდეგაც ღვინოსთან ერთად, ბარძიმის გარეცხვის მიზნით, რათა შიგ არ დარჩეს ზიარების უმცირესი ნაწილიც კი. ამ წყალსაც მწირველი მღვდელი ან მისი თანამწირველი დიაკონი მიიღებს. იგი მომასწავებელია მორწმუნეთა სულიერი მდუღარებისა. (რომაელთა მიმართ 12, 11). (((უკეთუ პირველშეწირულისათვის ფეშხუმზე რამდენიმე ტარიგია, მაშინ მღვდელი ამაღლებს ყველა ტარიგს. და პირველშეწირულისათვის გამზადებულ ტარიგებს დაალტობს ქრისტეს სისხლით და შეინახავს მას პირველშეწირულის მსახურებამდე. (ვინაითგან სამ წლამდე ბავშვები მხოლოდ სისხლით ეზიარებიან, ისინი ვერც პირველშეწირულზე მოახერხებენ ზიარებას.))) 
 
  დიაკვნები ასრულებდნენ შუამავლის როლს სამწყსოსა და ეპისკოპოსებს შორის, ამიტომ მათ ეპისკოპოსის მოციქულებს და ანგელოზებსაც ეძახდნენ. დღეს დიაკონი მღვდლის (ხუცესის) თანაშემწეა ღვთისმსახურების დროს. თვით დიაკონს ამ რიტუალის შესრულების უფლება არა აქვს, ხოლო მღვდელი ამ რიტუალს დიაკვნის გარეშეც ასრულებს, რამაც დიაკვნების შემცირება გამოიწვია))).
 
  შემდეგ იხსნება კრეტსაბმელი და აღსავლის კარები ერისკაცთა საზიარებლად, რაც სიმბოლურად გვახსენებს მიწის ძვრას, რომელიც თან მოჰყვა ქრისტეს აღდგომასა და საფლავიდან ლოდის გადაგორებას. ზიარების შემდეგ მღვდლის ბარძიმით გამოსვლა ამბიონზე მოასწავებს იმაზე, რომ იესუ ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა ხალხს, ამბიონი მოასწავებს საფლავიდან გარდაგორებულ ლოდს, ხოლო ბარძიმის საკურთხეველში შესვენება ნიშნავს მაცხოვრის ზეცად ამაღლებას.
 
  დიაკონის მოწოდებაზე: ’’შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით (და სიყვარულით) მოვედით’’, ერის-კაცნი შიშითა და მოკრძალებით გულზე ხელგადაჯვარებულნი ეზიარებიან, ამას დააყოლებენ ღვინოს განზავებულს თბილი წყლით ანუ სარღვნელს, რათა პირის ღრუში არ დარჩეს მცირე ნაწილიც კი წმ. ხორცისა. ეს შემოიღო წმ. იოანე ოქროპირმა, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც წმ. ნაწილებს ტაძრიდან გასვლის შემდეგ შეურაცხყოფდნენ. ერისკაცთა ზიარების შემდეგ საკურთხეველში შესული მღვდელი ფეშხუმზე დარჩენილ წმ. ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში, რაც ნიშნავს მათ (ვის სახელზედაც არის აღმოკვეთილი ცოცხალთა და მიცვალებულთა სეფისკვერიდან ნაწილები) წმ. სისხლით განწმენდა-განბანას მათი ცოდვებისაგან, ამ დროს მღვდლის მიერ იკითხება ლოცვა ’’მიუტევე უფალო ცოდვანი აქა მოხსენიებულთა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმინდათა შენთათა ამინ.’’ შემდეგ მღვდლის მიერ ხდება ერის კურთხევა: ’’აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი’’. ბარძიმ ფეშხუმი გადააქვთ სამკვეთლოზე, ეს არის უკანასკნელი გამოვლინება წმ. შესაწირავისა ხალხისადმი. მისი სამკვეთლოზე გადასვენება და მღვდლის ასამაღლებელი გვახსენებს იესუ ქრისტეს ზეცაში ამაღლებასა და მის აღთქმას: ’’და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ’’.
 
  წმ. შესაწირავის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადასვენებითა და კვერექსით მთავრდება საღმრთო ლიტურგია. მღვდელი მიმართავს მორწმუნეებს: ’’მშვიდობით წარვიდეთ’’ ე.ი. მშვიდობით გავიდეთ ტაძრიდან. ამაზე მორწმუნეები პასუხობენ: ’’სახელითა უფლისათა’’. იკითხება ამბიონზე ლოცვა. ამ დროს დიაკვანი ტრაპეზთან დაჩოქილი ელოდება მღვდელს რათა მიიღოს ლოცვა - კურთხევა ბარძიმის მოკაზმვისა (მიღებისა, გარეცხვისა), ამის შემდეგ მღვდელი უკანასკნელად აკურთხებს ხალხს: ’’კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა...’’ და ბოლოს ასრულებს ჩამოლოცვას სადაც მეოხებად უფლის წინაშე სთხოვს ყ.წმ. ღვთისმშობელს, მოციქულებს, ვისი წირვაც ჩატარდა, ვისი ხსენებაც არის იმ დღეს და ყოველ წმინდანს. ხალხი ემთხვევა ჯვარს, იხმევს სეფისკვერს და ისმენს ქადაგებას. ვინც ვერ ეზიარა მათთვის ეს სეფისკვერი არის ანტიდორი, ანუ ზიარების ნაცვლად მცირე ნაკურთხი პური, საკურნებლად სულისა და ხორცისა. ამინ!
 

სამღდელმთავრო ლიტურგიის
სახისმეტყველებითი განმარტება

 
  საკურთხეველი, როგორც უკვე ვიცით , სამოთხეს განასახიერებს, ხოლო ტაძარი ამა სოფელს. მღდელი განასახიერებს ადამს. მღდლის საკურთხევლიდან გამოსვლა, ადამის სამოთხიდან ექსორიობას (განდევნას, გადასახლებას) ნიშნავს.
 
  სამრეკლოზე ზარების დროდადრო რეკა მოასწავებს ქრისტეს შობის მოლოდინს. ხოლო ზარების საზეიმო რეკა მოასწავებს ქრისტეს შობის სიხარულს, ზეიმს და ანგელოზთა გალობას "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
 
  მღდელმთავარის ტაძარში შესვლა გვახსენებს ღმრთის სიტყვის ქვეყანაზე გამოჩენას.
 
  სტოაში (ტაძრის უკანა ნაწილი) მღდლის მიერ ჯვართმიგებება გამოსახავს სვიმეონ მიმრქმელის მიგებებას ყრმა მაცხოვართან. ხოლო ჯვარი მოასწავებს მაცხოვრის ჯვარცმას, რომელიც მართალმა სვიმეონმა მირქმისას იწინასწარმეტყველა.
 
  მეუფის მანტიით შემოსვა განასახიერებს მაცხოვრის ნათლისღებას იორდანეში.
 
  მღდელმთავარზე  მღდლების   უკან გაყოლა განასახიერებს თუ როგორ შეუდგნენ და გაყვნენ მოციქულები მაცხოვარს.
 
  მღდელმთავრის წინ  დიაკონებისა და  სტიქაროსნების, სანთლების, რიპიდებისა და სასაკმევლის წინამავლობა მოგვაგონებს ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას; თუ როგორ ეგებებოდა  მას ხალხი რტოებისა და შესამოსლის დაფენითა და გალობით.
 
  ამბიონზე ხატებზე  მთხვევა განასახიერებს მაცხოვრის ტაძარში ქადაგებას, ამბიონიდან ჯვრის გადასახვა- ქრისტეს სასწაულმოქმედებას.
 
  ხოლო  მღდელმთავრის კვარცხლბეკზე (შუა ტაძარში ამაღლებული ადგილი, სადაც სამღდელმთავრო კათედრა - ტახტი დგას) ასვლა მოგვაგონებს ქრისტეს გოლგოთაზე ასვლას.
 
  ანაფორის გახდა და კვართის შემოსვა კი გვახსენებს მაცხოვრის შესამოსლის განძარცვასა და მეწამული ქლამინდის შემოსვას.
 
  ოლარი წარმოადგენს საბელს, სარტყელი  მის შეკვრას.
 
   სამაჯურები, რომლებსაც მღდელმთავარი იკრავს ხელებზე თოკით განასახიერებს მაცხოვრის ნებით კაცობრიობისთვის თავის მიცემას. ( ანუ მაცხოვარი თავისი ნებით ავიდა ჯვარზე ჩვენს გამოსახსნელად.)
 
  ბისონი გამოსახავს ჯვარის ტვირთვას, ხოლო ენქერი მეხუთე ჭრილობის გამომსახველია. (ლახვრითა უგმირა ერთმა მხედართაგანმა, საიდანაც სისხლი და წყალი გარდამოვიდა).
 
  ომოფორი არის მაცხოვრის ტკბილი უღელი და წარმოადგენს წარწყმედილი ცხოვარის პოვნას.
 
  ჯვარი, ქრისტეს ჯვარცმას.
 
  პანაღია (გულსაკიდი ხატი) კი იმას ნიშნავს, რომ მან  ხატი მონისა მიიღო და ჩვენი მსგავსი გახდა.
 
  მიტრა მოასწავებს ეკლის გვირგვინს, რომელიც მაცხოვარს დაადგეს თავზე.
 
  კვერთხი კი ლერწამს , რომელიც მაცხოვარს მისცეს ხელში( მთ. 27:28-29).
 
  ხოლო დიკირ - ტრიკირი (ორსანთელა - სამსანთელა) წარმოადგენს  მაცხოვრის ხუთ ჭრილობას (სამი მარჯვნივ და ორი მარცხნივ).
 
  მღდელმთავრის კათედრაზე დაჯდომა მოგვახსენებს ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნას.
 
  ხელბანა ნელსაცხებელით შემურვას, ხოლო ხელების მანდილით წარხოცა არმენაკით წარგრაგნას გვახსენებს.
 
  კვერექსის დროს კვლავ ჯდომა კათედრაზე განასახიერებს მაცხოვრის ჯოჯოხეთში შთასვლასა და მის წარმოტყვევნას , ადამიანთა გამოხსნას.
 
  ხოლო სახსრებით გამოსვლაზე მღდელმთავრის წამოდგომა ქრისტეს აღდგომის მიმანიშნებელია.
 
  სახარებაზე მთხვევა აღნიშნავს , რომ ყოველივე მას შინა დაწერილი აღსრულებულია.
 
  " სიბრძნით აღემართენით" ნიშნავს ანგელოზთა მოწმობას მაცხოვრის ამაღლებაზე.
 
  საკმევლის კმევა (ზანზალაკების ჟღარუნი)  კი მოასწავებს სიტყვებს " ამაღლდა ღმერთი დიდებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა".
 
  ამბიონზე ასვლა და არწივზე დადგომა მოგვაგონებს მაცხოვრის ღრუბელთა ზედა ამაღლებას.
 
  მღდელთა და ხალხის მიმართ ჯვრის გადასახვა  მოგვაგონებს თუ როგორ აკურთხა ღმერთმა მოციქულები, ხოლო ისინი თაყვანსსცემდნენ მას.
 
  მღდელმთავრის უპირატეს ადგილას ჯდომა მოასწავებს მაცხოვრის მარჯვენით მამისა დაჯდომას, ხოლო მღდელმთავრის კმევა სულთმოფენობას.
 
  საცეცხლურის ჟღარუნი ზეციდან ოხვრას(ხმაურს სულთმოფენობისას) ნიშნავს.
 
  ორსანთელა კი, რომელიც მარცხენა ხელში უჭირავს, გვახსენებს რომ მოციქულებმა იხილეს განყოფილი ენები ცეცხლის სახედ.
 
  "წმიდაო ღმერთო" - ზე  მღდელმთავრის მარჯვენა ხელში ორი სანთლის, სახარებაზე ჯვრის გადასახვა ნიშნავს, მოციქულთა  განათლებასა და  მათი ქვეყნიერების ოთხივე კუთხეში გაგზავნას.
 
  ჯვრითა და დიკირით ხალხის კურთხევა ნიშნავს, რომ  მოციქულებმა იღვაწეს (აღიღეს ჯვარი თვისი) და განანათლეს სოფელი.
 
  "წმიდაო ღმერთო" - ს გალობის ხმა კილოვნების გამრავლება (საკურთხეველში ან მეორე გუნდის ჩართვა გალობისას) მოასწავებს  ღვთის სიტყვის გამრავლებასა და განფენას ქვეყანაზე.
 
  "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის სრულყოფა  (დასრულება) განასახიერებს  ქვეყნის აღსასრულს (რადგან სამყაროს  აღსასრულამდე სახარება ქვეყნიერების  ყველა კუთხეში უნდა იქადაგონ).
 
  სამოციქულოს წარდგომა მოასწავებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას.  ხოლო საკმევლის კმევა სამოციქულოზე (ალილუიას მუხლებზე, თუ არის შესაძლებელი) და საცეცხლურის ჟღარუნი მოასწავებს ანგელოზთა საყვირის ჩაბერვასა და მკვდართა საყოველთაო  აღდგომას.
 
  მღდელმთავრის მაღალდასაჯდომელზე, ხოლო მის გვერდში სამღდელოების დაჯდომა გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს "რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებითა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა, განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა".
 
  სახარების გახსნა და წაკითხვა განასხიერებს  ყოველივე დაფარულის  განცხადებასა და განკითხვას ხალხთა.
 
  ხოლო კათაკმეველთა განვლენა, მოასწავებს ცოდვილთა ჯოჯოხეთში შთაგდებას.
 
  "რომელი ქერუბიმთა" - ზე კი ხელაპყრობით ლოცვა გამოსახავს მართალთა ზეაღსვლასა და ქერუბიმებთან ერთად უფლისადმი გალობას.
 
  შემოაბრძანებენ რა წმიდა ძღვენს საკურთხეველში, დააბრძანებენ ტრაპეზზე, ყოველნი მის გარშემო კრძალვით დადგებიან და მას ეზიარებიან. ასევე, ზეციურ იერუსალიმში მაცხოვრის გვერდით იქნებიან ყოველნი წმინდანნი, მართალნი და მოშიშნი ღმრთისანი.
 
ღმერთმა ინებოს ჩვენც ვიყოთ ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი

 

  ავტორი: დეკანოზი იოანე (ლაშა) გორელიშვილი

 

  გამოყენებული ლიტერატურა:

 

  ● სამღვდელო კონდაკი

  ● საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1980წ

  ● ჰიუ - ვაიბრი მართლმადიდებლური ლიტურგია

  ● ლიტურგიკული კრებული. №-1   №-2

  ● თბილისის სასულიერო სემინარიისა და კიევის სასულიერო აკადემიის სალექციო კურსის ჩანაწერები