ღამისთევის ლოცვები ქრისტიანობის პირველ წლებშივე სრულდებოდა. თვით უფალი იესო ქრისტე არცთუ იშვიათად ატარებდა ღამეს ლოცვაში. მოციქულებიც ღამით იკრიბებოდნენ სალოცავად. ქრისტიანობის დევნის დროსაც ღამით ატარებდნენ ღვთისმსახურებას.
წმინდა ბასილი დიდი თავის შრომებში ღამისთევის ლოცვებზე წერს: "ხალხი ჩვენს ტაძარში მწუხარებასა და ღვთის აღმსარებლობაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ათენებს ღამეებს. გამთენიისას კი ერთობლივად, ერთი პირითა და ერთი გულით უგალობენ უფალს..."
თავის სამწყსოს აქებდა იოანე ოქროპირიც: "თქვენ არ იცით დღე და ღამე, რადგან როცა ლოცვით ათენებთ ღამეს, მას დღედ აქცევთ. უძილო ღამეები გაქვთ და ასე მოსპეთ ძილის მეუფება - ქრისტეს სიყვარულმა სძლია ამ ბუნებრივ სისუსტეს... თქვენ უკუაგდეთ სიძულვილი, მოიშორეთ მდაბალი ვნებანი, დათესეთ სათნოებანი, შეძელით მთელი ღამის ლოცვაში გატარება..."
ღამის ღვთისმსახურებას ბასილი დიდი "აგრიპინებს" - უძილო ღამეს უწოდებდა. ასეთი მსახურება ძალზე გავრცელდა აღმოსავლეთში. იგი მთელი წლის განმავლობაში სრულდებოდა: ყოველ შაბათს, აღდგომის ღამეს, ნათლისღებისა და წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს. შემდგომში ღამისთევის ლოცვები სხვა დღესასწაულებზეც ტარდებოდა.
იერუსალიმში სააღდგომო ლოცვის ტრადიცია თანდათან იკიდებდა ფეხს და სულ უფრო იხვეწებოდა წმინდა მამათა მიერ. ღამისთევის ტიპიკონი ღირსმა ხარიტონ აღმსარებელმა, საბა განწმედილმა, წმინდა იოანე ოქროპირმა, იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონმა და ღირსმა იოანე დამასკელმა შეადგინეს.
ღამისთევის ლოცვა დიდი მწუხრისგან (ლიტიასა და პურის კურთხევასთან ერთად), დიდი ცისკრისა და პირველი ჟამისგან შედგება.
ღამისთევის ლოცვაზე თავდაპირველად დიდი ზარის ხმა გვიხმობს, მერე ყველა ზარი სადღესასწაულოდ რეკს. ამ დროს 50-ე ფსალმუნი ან მრწამსი უნდა ვიკითხოთ.
ღამისთევა, ჩვეულებისამებრ, საღამოს იწყება. ამით იგი ძველი აღთქმის დროინდელი ეკლესიის ისტორიას განასახიერებს და გვიჩვენებს, რომ ძველი აღთქმის ლოგიკური დასასრული ახალ აღთქმაშია.
მწუხრი განასახიერებს ადამიანთა ხსნას ძველ აღთქმაში, რომელიც უფლისგან აღთქმული მესიის მოვლინების რწმენით აღესრულება.
დიდი მწუხრის დაწყებისას იღება აღსავლის კარი. მღვდელი საცეცხლურით და დიაკონი ანთებული სანთლით შემოუკმევენ ტრაპეზსა და საკურთხეველს. საცეცხლური მღვდლის ხელში სიმბოლურად სულიწმინდის მოქმედებას ნიშნავს სამყაროს შექმნისას, ანთებული სანთელი დიაკონის ხელში კი - ნათელს საღმრთო სიბრძნისას. კმევის დროს მღვდელი და დიაკონი არაფერს ამბობენ, ნიშნად იმისა, რომ როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა, იგი ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს შექმნა ღმერთმა. კმევისას საკურთხეველი სამოთხეს წარმოადგენს, მღვდელი - ადამს, დიაკონი - ანგელოზს, ტრაპეზი კი ცხოვრების ხეს.
შემდეგ დიაკონი აღსავლის კარით ამბიონზე გამოდის და ქრისტიანებს მოუხმობს: აღსდეგინ! (ძველად ტაძრებში ისხდნენ) და მსახურების დასაწყებად კურთხევას ითხოვს. მღვდელი, რომელიც საკურთხევლის წინ დგას, განსხვავებულ ასამაღლებელს წარმოთქვამს: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე". ამ ასამაღლებლით იგი აღიარებს, რომ ძველი აღთქმის ადამიანებს შეცნობილი ჰყავდათ ღმერთი, ამაზე მეტყველებს წმინდა სამების სადიდებელი: "დიდება წმიდასა, და თანაარსსა, და ცხოველსმყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
გუნდი გალობს: "ამინ".
"ამინ" ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: "ჭეშმარიტად", "დაე, იყოს ასე". იგია დასტური ნათქვამისა. ნეტარი იერონიმე მას "ლოცვის ბეჭედს" უწოდებს. შემდეგ მღვდელი სამჯერ მოუწოდებს მორწმუნეებს ღვთის თაყვანისცემისკენ: "მოვედით თაყვანის ვცეთ მეუფესა..." გუნდი 103-ე ფსალმუნს გალობს: "აკურთხებს სული ჩემი უფალსა", რომელშიც უდიდესი სილამაზითაა აღწერილი შექმნა სამყაროსი და ადამიანისა. ფსალმუნის გალობისას ტაძრის კმევა ხდება. ამით პატივი მიეგებათ ხატებსა და ყველა სიწმინდეს.
ასეთი საზეიმო დასაწყისი ლოცვისა სამყაროს შექმნას და სამოთხეში პირველი ადამიანების უცოდველ მდგომარეობას გვაგონებს, როცა მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა იყო შიში და სირცხვილი და სპეტაკი გულითა და უსაზღვრო სიყვარულით ადიდებდნენ ქვეყნიერების შემოქმედს, რომლის ხატადაც თავად იყვნენ შექმნილნი.
კმევის შემდეგ აღსავლის კარი იხურება, რაც ადამიანის ცოდვით დაცემას და სამოთხიდან განდევნას ნიშნავს. სამოთხიდან გამოდევნილ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც დაკარგეს ღმერთთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა, ავადმყოფობა, გასაჭირი და განსაცდელები დაატყდათ თავს. ამქვეყნიური ყოფის სიძნელეებით შეჭირვებულნი სინანულით აღუვლენდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს ვედრებას და შემწეობას სთხოვდნენ. ადამისა და ევას მსგავსად, მწუხრზე ეკლესიაც ევედრება ღმერთს შეწყალებას - წარმოითქმება დიდი კვერექსი (კვერექსი ბერძნული სიტყვაა და გულითად, გახანგრძლივებულ ვედრებას ნიშნავს).
დიდი კვერექსი ეკლესიის ერთობლივი ლოცვაა, რომლითაც ის ღმერთს ცოდვილთა შემწეობას გამოსთხოვს. შინაარსის მიხედვით კვერექსი შეიძლება იყოს: მრჩობლი - გაძლიერებული ლოცვა და თხოვნა ცალკეული პირისათვის; თხოვნითი - ვედრება სხვადასხვა საჭიროებისთვის ცალკეულ პირთა მოხსენიების გარეშე; დიდი ანუ მშვიდობიანი, რომელშიც გაერთიანებულია მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები; და მცირე, რომელიც დიდი კვერექსის რამდენიმე თხოვნისაგან შედგება.
დიდი კვერექსი იწყება მოწოდებით - ვილოცოთ მშვიდობით, მშვიდი სულით და ერთობლივად, შევურიგდეთ ახლობლებსა და მტრებს, გამოვითხოვოთ ღვთისგან მართალი სარწმუნოება, წრფელი და მშვიდი სინდისი. კვერექსის ბოლო ვედრება თვითონ მლოცველებს ეხება, რათა დახსნილ იქნენ ყოველგვარი მწუხარებისგან, მრისხანებისა და გასაჭირისგან; ასევე მოიხმობა მათზე შემწე, მხსნელი, შემწყალებელი და მფარველი ღვთის მადლი, რომელსაც ერთგული მემკვიდრენი საუკუნო სასუფეველში შეჰყავს.
ყოველ ვედრებაზე გუნდი მლოცველთა სახელით გალობს: "უფალო, შეგვიწყალენ" ანდა "მოგვმადლენ, უფალო".
"უფალო, შეგვიწყალენ" ყოვლისმომცველი და ამავე დროს ყველაზე უბრალო და გასაგები ლოცვაა ადამიანის გასაჭირსა თუ თხოვნაზე. ამ მოკლე ლოცვის სიტყვებს ფსალმუნებსა და სახარებაშიც ვხვდებით.
სრულდება კვერექსი მოწოდებით - გამოვითხოვოთ შემწეობა წმინდანებისგან, განსაკუთრებით - ღვთისმშობლისგან, ყველა იმ გასაჭირზე, რომლებიც ყოველ მუხლში იქნა დასახელებული, რათა ჩვენი თხოვნა არ იყოს ამაო და მათი ლოცვითა და მადლით შევუერთდეთ ქრისტეს.
დიდი კვერექსის ვედრება შინაარსით ძალიან ჰგავს იმ ლოცვას, რომელიც ჯვარცმულმა უფალმა წარმოთქვა. თავდაპირველად იგი მტერთა მიტევებისთვის ლოცულობდა, შემდგომ - ახლობლებისთვის, თავის თავზე და ბოლოს მიაბარა სული მამა ღმერთს.
კვერექსის ასამაღლებლებში ღვთის არსია ახსნილი, იდიდება სასუფეველი, ძალი და დიდება, წყალობანი და კაცთმოყვარება მოწყალე და მხსნელი ღვთისა.
მღვდელი, შექმნის დღეთა რიცხვის შესაბამისად, საკურთხეველში შვიდ საიდუმლო ლოცვას კითხულობს. ამ დროს იგი მონანიე ადამს განასახიერებს. ეს ლოცვები მოიცავს ვედრებას მოწყალე და მრავალდამთმენი ღვთისადმი, რათა მან მოგვანიჭოს სულიერი განათლება, მოგვემადლოს ღვთის სიყვარული, შიში და კრძალვა.
შემდეგ იგალობება "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა..." ამ გალობაში გამოხატულია ძველი აღთქმის ადამიანის ცხოვრება, რომელიც ურწმუნოთა გარემოშიც არ კარგავს აღთქმული მაცხოვრის მოვლინების იმედს. ეს ფსალმუნი ხატოვნად გვაუწყებს აგრეთვე ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, ნეტარ კაცზე, რომელსაც არ შეუცოდავს. ფსალმუნის ყოველი მუხლის შემდეგ იგალობება: "ალილუია".
მცირე კვერექსს მოსდევს ფსალმუნიდან გამოკრებილი საგალობელი: "უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი..." ეს საგალობელი და კმევა იმ დროზე მიგვანიშნებს, როცა მოსეს მეშვეობით ადამიანებს ღვთისგან სჯული მიეცათ და ძველი აღთქმის ღვთისმსახურება დადგინდა. "უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი" - ეს ღმერთს დაცილებული სულის ძახილია, რომელსაც უფლის შემწეობა სჭირდება. ადამიანებმა ვერ შეძლეს, მკაცრად დაეცვათ ძველი აღთქმის სჯული, რასაც ისინი იმ შეგნებამდე უნდა მიეყვანა, რომ შეუძლებელია, კაცმა თავი საკუთარი ძალებით გადაირჩინოს და აქედან გამომდინარე, ყოველ კაცში გაეღვიძებინა სურვილი ამქვეყნად მაცხოვრის მოვლინებისა, მაცხოვრისა, რომელიც დაიცავდა სჯულს და აღადგენდა ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან.
"უფალო, ღაღად-ვყავის" შემდეგ იკითხება სადიდებლები, სადაც ლაპარაკია ეკლესიის ისტორიაზე მოსე წინასწარმეტყველის შემდგომ, იმაზე, რომ ღმერთმა შეისმინა ხალხის ვედრება და მოუვლინა წინასწარმეტყველნი, რომლებიც კაცობრიობის მხსნელზე - მესიაზე წინასწარმეტყველებდნენ. სადიდებლები ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მუხლით მთავრდება. მასში მოცემულია ქრისტიანული სწავლება იესო ქრისტეს შობაზე ყოვლადწმინდა მარიამისაგან. ამ მუხლის გალობისას მწუხრის უმნიშვნელოვანესი მღვდელმსახურება - საცეცხლურით გამოსვლა სრულდება. გაიხსნება აღსავლის კარი, რაც მიანიშნებს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის მოსვლით სასუფევლის კარის გაღებაზე. მწუხრის გამოსვლა ძე ღვთისას დედამიწაზე გარდამოსვლის სიმბოლოა. შეუძლებელია, უფლის განკაცების საიდუმლო სიტყვით გადმოიცეს, ამიტომ ეკლესია უსიტყვოდ ასრულებს მსახურებას, რომელიც ამ საიდუმლოს აღმნიშვნელია. მღვდელმსახურნი სანთლებით მოდიან, რაც ქრისტეს სწავლების ნათელს მოასწავებს. დიაკონი უფლის წინამორბედს - იოანე ნათლისმცემელს წარმოადგენს. მღვდელი თავდახრილი, ხელებჩამოშვებული, დამდაბლებული გამოდის, როგორც ძე ღვთისა განკაცებისას. გამოსვლისას იგი აღავლენს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც ევედრება უფალს, დაიცვას მორწმუნეთა გულები მზაკვარი სიტყვებისა და ზრახვებისაგან, შესთხოვს, გაათავისუფლოს ბოროტისაგან.
გალობა "ნათელი მხიარული" დედამიწაზე ძველი აღთქმის დასრულებას და ქრისტეს მოვლინებას, ახალი, კეთილმაუწყებელი დროის დადგომას გვახარებს, ნათელს, რომელიც მოიტანა მაცხოვარმა და მარადისობას, რომელიც მიანიჭა ქვეყანას ერთმა უკვდავმა, ერთმა უნეტარესმა ღმერთმა თავისი ძის მსხვერპლშეწირვით. ამ საგალობელში გამოიხატა ქრისტიანული სწავლება სულიერ ნათელზე, რომელიც განანათლებს ადამიანს, ქრისტეზე - მადლიანი ნათლის წყაროზე.
საკურთხეველში შესული მღვდელი ტრაპეზს ემთხვევა, რაც უფლის აღდგომას ნიშნავს. ამის შემდგომ მღვდელი მაღალ დასაჯდომელთან მიდის, რაც სიმბოლურად ქვეყნიერების განსასჯელად ქრისტეს მეორედ მოსვლას მოასწავებს.
იგალობება დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებიც ფსალმუნებიდანაა გამოკრებილი. კვირის ყოველ დღეს თავისი წარდგომა აქვს, ამიტომაც იწოდება ისინი დღის წარდგომებად. წარდგომაში მოკლედაა ასახული შინაარსი და მნიშვნელობა აღსანიშნავი დღესასწაულისა თუ მნიშვნელოვანი შემთხვევისა. ასე მაგალითად, შაბათის მწუხრზე იკითხება "უფალი სუფევს", რომელიც აღდგომილი უფლის სიკვდილზე გამარჯვებას მოწმობს.
დიდ დღესასწაულებზე დღის წარდგომის შემდეგ იკითხება საწინასწარმეტყველონი ან გამორჩეული ადგილები ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან, რომლებშიც მოცემულია წინასწარმეტყველება თუ განმარტება აღსანიშნი დღისა ან ქება დღესასწაულის წმინდანისა. თუ საწინასწარმეტყველო ძველი აღთქმიდანაა - აღსავლის კარი იხურება, ხოლო თუ ახალი აღთქმიდან - ღია რჩება.
საწინასწარმეტყველოს შემდეგ მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები სრულდება, რომელთა შორისაც იკითხება "და ღირს მყუენ ჩუენ, უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა..." ეს სამსახოვანი ღვთის სამწუხრო სადიდებელია, ვედრება იმისა, რომ მლოცველები ცოდვებისაგან დაიცვას.
მღვდელი ამბობს: "მშვიდობა ყოველთა", დიაკონი კი მოუწოდებს მლოცველებს, დამდაბლებული და შემუსვრილი სულის ნიშნად თავი მოიდრიკონ. მღვდელი შესთხოვს ღმერთს მის წინაშე თავმოდრეკილთა შეწყალებას, რამეთუ ისინი მხოლოდ მისგან მოელიან წყალობას და ხსნას, და ითხოვს, დაგვიცვას ეშმაკისაგან.
როგორც უკვე ვთქვით, ღამისთევის ლოცვა შედგება დიდი მწუხრისგან, ლიტიასთან და პურის კურთხევასთან ერთად, დიდი ცისკრისა და პირველი ჟამისგან.
დიდ დღესასწაულებზე ღამისთევის ლოცვებში ჩართულია შუა ტაძარში შესასრულებელი რიგი ლოცვები და მოქმედებანი, რომელთაც ეწოდება ლიტია და პურის კურთხევა. ლიტია გაძლიერებული ლოცვაა ეკლესიის გარეთ ანუ სტოაში (სტოა ეკლესიის კარიბჭის წინა ადგილია, სადაც ადრე იდგნენ მონანულნი და კათაკმეველნი).
ტაძრის შესასვლელში ასე მდგარი მღვდელმსახურნი გამოხატავენ ჩვენს მორჩილებას ღვთის წინაშე. მსგავსად ადამისა, რომელიც განიდევნა სამოთხიდან, ანდა უძღები შვილისა, რომელიც მამისაგან გადაიხვეწა უცხოობაში. გამოდიან ისინი საკურთხევლიდან და სახარებისეული მებაჟის მორჩილების მსგავსად სალოცავად დგებიან სტოაში.
ლიტიაზე წმინდა ეკლესია შესთხოვს უფალ ღმერთს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის ლოცვითა და შუამდგომლობით ღვთივდაცული ერის, პატრიარქის, სამღვდელოების, ერისკაცთა და ყველა მართლმადიდებლის შეწყალებას და კეთილდღეობას, ტყვეთა განთავისუფლებას, სნეულთა განკურნებას, ქვეყნიერების დაცვას ცეცხლის, მიწისძვრისა და სხვა უბედურებათაგან. ეს ლოცვები ძლიერდება მრავალგზის "უფალო, შეგვიწყალეთი". ლიტიას მღვდელი ამთავრებს ლოცვით: "მეუფეო მრავალმოწყალეო...", რომელსაც მლოცველნი მოისმენენ თავდახრილნი.
ლიტიის შემდეგ ღვთისმსახურნი, თითქოსდა ცისკენ აღმავალნი, მიემართებიან აღსავლის კარისკენ. გუნდი გალობს სტიქარონსა ზედა დასდებლებს (ე.ი. მუხლებს ფსალმუნებიდან), რომლებიც იუწყება სადღესასწაულო წმინდა ამბავს. შემდეგ გუნდი გალობს: "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო..." ეს საგალობელი იუწყება ღვთის აღთქმის აღსრულებას დედამიწაზე მაცხოვრის მოვლინების შესახებ. ის იგალობა სვიმეონ მიმრქმელმა - ძველი აღთქმის უკანასკნელმა წინასწარმეტყველმა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ღირსი გახდა, ეხილა მაცხოვარი - უფალი იესო ქრისტე.
ამას მოჰყვება სამწმიდაო: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ. ყოვლადწმიდაო სამებაო" - და უფლის ლოცვა: "მამო ჩვენო" - ეს არის "ღვთაებრივი ბეჭედი, რომლითაც იწყება და მთავრდება ღვთისმსახურება.
მღვდლის ასამაღლებლის შემდეგ: "რამეთუ შენი არს სუფევა..." გუნდი გალობს "ღვთისმშობელო ქალწულოს" -- მთავარანგელოზ გაბრიელისა და მართალი ელისაბედის ხარების სიტყვებს.
ლიტიის აღსრულების შემდეგ იკურთხება პური: სამღვდელოება გადაინაცვლებს შუა ტაძარში პატარა მაგიდასთან, რომელზედაც მოთავსებულია საკურთხებელი ხუთი პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი. პურის კურთხევით ვიხსენებთ მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურების სასწაულსა და ქრისტიანთა უძველეს ჩვევას ეკლესიაში პურის, ღვინისა და ზეთის მიტანისა, რომელიც ლოცვის შემდეგ უნაწილდებოდა მორწმუნეებს. ამიტომაცაა, რომ დღესაც ნაკურთხი პური ლოცვის დასასრულს ურიგდება მლოცველთ, ნაკურთხი ზეთი კი გამოიყენება ცისკარზე, წმინდა სახარების წაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა საცხებლად.
პურის კურთხევის შემდეგ გუნდი გალობს: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე". ეს საგალობელი და მისი მომდევნო 33-ე ფსალმუნი, რომლიდანაც იგალობება ყველაზე საზეიმო მუხლები, წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ საფეხურს მწუხრის ცისკრის მსახურებაზე გადასვლისა. 33-ე ფსალმუნის სიტყვებით ეკლესია მადლობს უფალს გასული დღისთვის და აიმედებს თავის ერთგულ შვილებს, რომ ღვთის წყალობის ყველა მაძიებელი მიიღებს მას ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც. უფლის კურთხევით სრულდება მწუხრი.
დიდი ცისკარი ღამისთევის ლოცვის მეორე ნაწილია. მასში ახალი აღთქმის ამბებია გამოხატული. ღამისთევის ლოცვაზე ცისკარი იწყება გალობით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". სამების თაყვანისცემის ნიშნად ის სამგზის იგალობება. ამ სიტყვებით ადიდებდნენ ბეთლემში ანგელოზები მაცხოვრის შობას. ცისკრის ეს ნაწილი აუწყებს მორწმუნეებს კაცობრიობის მხსნელის - მესიის განხორციელებას. ამ სადიდებელს უერთდება ვედრება: "უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა" (ფს. 50,17).
"დიდება მაღალიანის" შემდეგ იწყება ექვსფსალმუნება. ფსალმუნები გამოხატავენ ადამიანის სულის სიხარულს უფლის წყალობის გამო და სევდას იმ ცოდვის გამო, რომლისთვისაც ესაჭიროება გამოხსნა. ხსნის რწმენა ექვსივე ფსალმუნში გაისმის. ამრიგად, ექვსფსალმუნება ქრისტიანს ღრმა სულიერი განცდებისთვის განაწყობს, საცისკრო მსახურებისთვის ამზადებს. პირველი სამი ფსალმუნი შემდგომი სამისგან "ალილუიათი" და მცირე სადიდებელით გამოიყოფა. ბოლო მუხლები მეორდება და ამით მათზე ყურადღება მახვილდება. ძველად ამ მუხლებს გუნდი და მთელი მრევლი გალობდა. ღამისთევაზე მთელი დავითნი იკითხებოდა. ახლა კი მას ექვსფსალმუნება ცვლის.
ექვსფსალმუნება კრძალვით უნდა მოვისმინოთ. ამ დროს ღმერთს ცოდვათა შენდობას უნდა ვევედრებოდეთ. წმინდა მამები გვირჩევენ, ექვსფსალმუნებისას ჩვენი ყოფის ამაოება გავიაზროთ, სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო გავიხსენოთ.
სამი ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი საკურთხევლიდან გამოდის და დახურული აღსავლის კარის წინ მდგარი თორმეტ საიდუმლო საცისკრო ლოცვას კითხულობს, რომლითაც აკურთხებს ღამისთევის მსახურებას. ფსალმუნებისას მღვდლის მიერ საიდუმლო ლოცვების წარმოთქმა მიგვანიშნებს, რომ თუმცა მაცხოვარი 30 წლამდე ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ხალხმა არაფერი იცოდა მის შესახებ. თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა იოანე ნათლისმცემლის შენანების შესახებ ქადაგებას მოასწავებს. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ზოგიერთ ეკლესიაში ტაძარს ნაკლებად ანათებენ.
ექვს ფსალმუნს მოსდევს დიდი კვერექსი, რომლის შემდეგაც საზეიმოდ სრულდება მორწმუნეთა საცხოვნებლად განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტეს სადიდებელი: "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა". ეს ადგილი ცისკრისა მოასწავებს მაცხოვრის ნათლისღებასაც და წმინდა სამების გამოცხადებასაც. ამ დროს ტაძარს უფრო მეტად ანათებენ.
"ღმერთი უფალის" შემდეგ იგალობება ტროპარი. აღდგომის ტროპარებში იდიდება მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვა და ძლევა სიკვდილისა. ტროპარს მოჰყვება დავითის ფსალმუნები. მათი კითხვისას ძველად მორწმუნეებს დაჯდომის ნება ეძლეოდათ. ფსალმუნებში მოცემულია წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა იესო ქრისტეზე. კანონის შემდეგ იკითხება სტიხოლოგიები. მათში უფრო ცხადად არის ასახული მაცხოვრის წამება და სიკვდილი. სტიხოლოგიებს მცირე კვერექსი მოსდევს.
ფსალმუნების შემდეგ იწყება ცისკრის ყველაზე საზეიმო ნაწილი - "პოლილეი" (ძველად მას "მრავალსაგალობლიანს" უწოდებდნენ). ამ დროისთვის ეკლესიაში სანთლებს ანთებენ, ანთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება აინთოს... ცისკარი თანმიმდევრულად გვიამბობს უფლის ხელთუქმნელ ნათელზე, რომელიც მისი განკაცებით და მკვდრეთით აღდგომით გამოგვიჩნდა. "ყველა აღმოსავლურ ეკლესიაში, - წერს ნეტარი იერონიმე, - სახარების კითხვისას სიხარულის ნიშნად სანთლებს ანთებენ, რათა ამ შეგრძნებადი სინათლით ვაჩვენოთ ის ნათელი, რომელზეც ფსალმუნში ვკითხულობთ: "სანთელი არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა" (ფს. 118,105).
ცისკრის ეს საზეიმო ნაწილი 134-ე და 135-ე ფსალმუნის გალობით იწყება - "აქებდით სახელსა უფლისასა..." და სახარების კითხვით სრულდება.
თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი სიმონი გვასწავლის, რომ საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, გვიამბობენ "ღვთის საკვირველ საქმეთა გამარჯვებასა და ამაღლებულობაზე", ჩვენი ცოდვილი სულების ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქრისტეს რწმენისკენ სვლაზე, განსაცდელთა დაძლევით - აღთქმული ქვეყნისა და ქრისტეს შეწევნით ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაზე. ამ დროს ხდება გახსენება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა, მის მიერ სიკვდილის ძლევისა. წმინდა ეკლესია აქებს უფალს კაცთა მოდგმაზე მისი აურაცხელი წყალობისათვის.
იღება აღსავლის კარი. მღვდელმსახურნი აკმევენ მთელ ტაძარს. ამით მიანიშნებენ მენელსაცხებლე დედებზე, რომლებიც გამთენიისას მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან და ანგელოზისგან ქრისტეს აღდგომის ხარების შემდეგ ეს ამბავი მორწმუნეებს აუწყეს. სწორედ ეს არის ნათქვამი ტროპარში "ანგელოზთა დასი..." თუ კვირა დღეს დიდი დღესასწაული დაემთხვა, ამ ტროპარის წინ სადიდებელს გალობენ.
იწყება თეოდორე სტუდიელის (IX ს.) ცხრა აღსავალი. მათი რიცხვი ანგელოსთა ცხრა დასს შეესატყვისება, რომლებიც წმინდა სამებას უგალობენ. აღსავლები სინანულის გამომხატველი სიტყვებით გულს აღგვიმაღლებენ და სახარების მოსასმენად შეგვამზადებენ. მათ კიბის საფეხურებივით აჰყავთ ქრისტიანის სული მიწიდან ცისკენ, მწუხარებიდან სინანულისკენ.
სახარებას, რომელიც სიმბოლოა აღდგომილი უფლისა, გამოაბრძანებენ საკურთხევლიდან და საცისკრო წარდგომით აღამაღლებენ. ასე ამზადებს ეკლესია მლოცველებს სახარების მოსასმენად, ლოცულობს მათ გასანათლებლად და მოუხმობს ყველა სულიერს უფლის სადიდებლად: "ყოველი სული აქებდით უფალსა". ცისკარზე სახარებას მღვდელი (სამღვდელმთავრო მსახურებისას - მღვდელმთავარი) კითხულობს. იგი განასახიერებს უფალს, რომელიც ღვთაებრივი სიტყვით წვრთნიდა მოწაფეებს. აღდგომის საცისკრო სახარებები სულ თერთმეტია. ისინი თანმიმდევრობით - კვირიაკეების მიხედვით იკითხება. მათში მოთხრობილია ქრისტეს აღდგომაზე და იმაზეც, თუ როგორ ეცხადებოდა მაცხოვარი მოციქულებს აღდგომის შემდგომ. დღესასწაულებზე დღესასწაულის სახარება იკითხება. მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის სადიდებლად იგალობება: "აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს..." თუ დღესასწაული სადაგ დღეს დაემთხვა, ამ საგალობლის ნაცვლად დღესასწაულის საგალობელი სრულდება.
დიაკონი ამბიონზე, მაცხოვრის ხატის წინ, კითხულობს ლოცვას: "აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი..."
მღვდლის ასამაღლებლის შემდეგ მორწმუნენი შუა ეკლესიაში დასვენებულ ხატსა და წმინდა სახარებას ემთხვევიან. აქვე ხდება ზეთისცხებაც. ზეთისცხებისას მღვდელი ამბობს: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ" - მორწმუნეებს ნაკურთ ზეთს წმინდა სამების სახელით სცხებს და გამოთქვამს მტკიცე რწმენას, რომ მისი სარწმუნოებით მიმღებნი კურნებასა და შვებას მიიღებენ.
ზეთისცხების შემდგომ წმინდა სახარებას საკურთხეველში შეაბრძანებენ და აღსავლის კარი იხურება. იწყება კანონთა კითხვა. ეს ცისკრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ზეთისცხების შემდეგ ღვთისმსახურების მიტოვება და ტაძრიდან წასვლა დაუშვებელია.
კანონში ცხრა ძლისპირი შედის. თითოეული ძლისპირი, თავის მხრივ, ტროპარებისგან შედგება, რომლებშიც გადმოცემულია ეკლესიის ისტორია და ჩვენი პირადი ქება ღვთისა და წმინდანებისა. III, VI და IX ძლისპირების შემდეგ იკითხება მცირე კვერექსი. რადგან IX ძლისპირი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმია განკუთვნილი, ამიტომ მისი წარმოთქმის წინ დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს ღვთისმშობლის ხატის წინ და ამბობს ასამაღლებელს: "ღვთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ". მგალობლები ყოვლადწმინდა დედას შემდეგი საგალობლით აქებენ: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა...", რომელსაც ჩაერთვის: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."
ძლისპირების შემდეგ სამჯერ იგალობება: "წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი" და იკითხება განმანათლებელი, რომელიც მოგვიწოდებს, გონებით განნათლდეთ და განვსპეტაკდეთ უფალი ღმერთის ღირსეულად სადიდებად. ამას 148-ე, 149-ე და 150-ე ფსალმუნების კითხვა მოსდევს.
იხსნება აღსავლის კარი და მღვდელი ხელაპყრობილი ღაღადებს: "დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი". ამ სიტყვებს ქრისტიანობის უძველეს ხანაში გადავყავართ და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ძველად ღამისთევის ლოცვა მზის ამოსვლამდე გრძელდებოდა. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით ახალი დღის დადგომისა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისთვის მადლობს უფალს. შემდეგ გუნდი სადიდებელს გალობს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...", რომელსაც დაასრულებს წმინდა სამების საგალობლით: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". იგალობება დღესასწაულის ტროპარი, სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები.
ცისკარი სრულდება დიდი ჩამოლოცვით - მღვდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების შუამდგომლობით შესთხოვს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს მორწმუნეთა შეწყალებასა და ცხონებას. აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება.
ცისკარს მოებმის I ჟამი, რითაც მთავრდება ღამისთევის ლოცვა.
ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამად (დროდ), რომელშიც შედიოდა I, III, VI და IX ჟამნები. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო, შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნები სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით.
ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნების კითხვა-გალობისგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნებიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდა. ჟამნებში ქრისტიანული ლოცვები და საგალობლები შედარებით გვიან შევიდა.
ამრიგად, ჟამნი არის ლოცვა, რომელიც ეძღვნება დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთს, შედგება სამი ფსალმუნისგან, რამდენიმე მუხლისა და ლოცვისგან, რომლებიც შერჩეულნი არიან დღე-ღამის განსაზღვრული მონაკვეთისა და მაცხოვრის ვნების განსაკუთრებული მომენტების შესაბამისად.
I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს. ეს ის დროა, როდესაც იესო ქრისტე კაიაფასგან პილატესთან მიიყვანეს და მის მოსაგონებლად არის დადგენილი. I ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ.
III ჟამნზე (10, 11, 12 საათი) ხდება გახსენება პილატეს მსჯავრისა და მაცხოვრის ვნებისა, ასევე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლისა.
VI ჟამნზე (1, 2, 3 საათი) იკითხება გოლგოთის გზით ჯვარცმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახებ.
IX ჟამნი (4, 5, 6 საათი) ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესო ქრისტემ განუტევა სული და, შესაბამისად, ამ ჟამნზე იკითხება ღმერთკაცის უდიდესი ვნებებისა და სიკვდილის შესახებ.
ჟამნები იკითხება ყოველდღიურად და ამიტომაც იწოდება სადაგ მსახურებად.Mმსახურების უკეთ ჩასატარებლად ჟამნების კითხვას უერთებენ სხვადასხვა ღვთისმსახურებას: მაგალითად, IX ჟამნს - მწუხრს, I ჟამნს - ცისკარს, III და VI ჟამნს - საღმრთო ლიტურგიას.
ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში შედგება ერთმანეთთან გარკვეული წესით დაკავშირებული სხვადასხვა საკითხავების, ლოცვებისა და საგალობლებისგან.
საკითხავები შემდეგი სახისაა:
- სახარების საკითხავი,
- სამოციქულო საკითხავი,
- საწინასწარმეტყველო (საკითხავები ძველი აღთქმის წიგნებიდან),
- წმინდა მამათა ქადაგებანი.
ასამაღლებელი ეწოდება იმ მოკლე ლოცვას, რომელსაც მღვდელი ან მღვდელმთავარი ხმამაღლა ამბობს. მაგალითად: "რამეთუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე", "ზე გვაქვნდინ გულნი", "ვმადლობდეთ უფალსა", "ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა..." და ა. შ. ასამაღლებლების დიდ ნაწილს მოსდევს გუნდის "ამინ" ან რომელიმე საგალობელი.
ტროპარი კონდაკთან ერთად არის ამა თუ იმ დღესასწაულის (ან წმინდანის) ძირითადი ლოცვა, რომლითაც ვითხოვთ წმინდანთა მეოხებას (დახმარებას, შუამდგომლობას) ღვთის წინაშე. ტროპარს ქართულად ეწოდება "ოხითა". მათი საძიებელი მოთავსებულია წიგნში, რომელსაც ეწოდება ჟამნი. ტროპარები ჰქვია აგრეთვე კანონის ზოგიერთ მუხლს.
კანონი არის საზეიმო გალობა, ცხრა გალობის ერთობლიობა. თითოეულ გალობაში შედის ხუთი მუხლი. კანონი ეძღვნება ამა თუ იმ დღესასწაულს ან წმინდანს.
კვერექსი არის დიაკვნის სათქმელი მოკლე-მოკლე ლოცვების წყება, რომელზეც გუნდი პასუხობს ხან "უფალო, შეგვიწყალენ", ხან "მოგვმადლე, უფალო", ხანაც "შენ, უფალო". შინაარსის მიხედვით კვერექსი ორგვარია: მრჩობლი და თხოვნითი. მრჩობლი კვერექსი არის გაძლიერებული ლოცვა და თხოვნა ცალკეული პირებისთვის. თხოვნითი კვერექსი კი ვედრებაა სხვადასხვა საჭიროებაზე - ცალკეულ პირთა მოხსენიების გარეშე.
საღმრთო ლიტურგიას ჩვეულებრივ მეტყველებაში წირვას ეძახიან. ლიტურგია საზოგადო ღვთისმსახურებაა, რომელზეც მსხვერპლშეწირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას ევქარისტიას - სამადლობელსაც უწოდებენ. ამ მსახურებისას ვმადლობთ ღმერთს კაცობრიობის ცოდვათაგან დახსნისათვის, გამოსასყიდი მსხვერპლისათვის, რომელიც მიიტანა ჯვარზე მისმა ძემ - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.
კაცთა მიმართ ღვთის სიყვარულის გამოვლენის ეს უდიდესი საიდუმლო თავად იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო სერობაზე და მის მოსაგონებლად დაგვიდგინა. უფალმა მოწაფეებს ფეხი დაბანა და ამით სიმდაბლის უდიდესი მაგალითი მისცა მათ. შემდგომ ადიდა მამა თვისი, განტეხა პური, აკურთხა, მოციქულებს დაუნაწილა და უთხრა: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი". აიღო თასი, აკურთხა ღვინო, ისიც მისცა მოციქულებს და კვლავ უთხრა: "სუთ ამისგანი ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". ზიარების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეებს მცნებად დაუდო, მარადის აესრულებინათ ეს საიდუმლო: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" (მთ. 26,26-28).
უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ზიარების საიდუმლოს ყოველდღიურად ჩატარება იწყეს. მას უთავსებდნენ წმინდა წერილის კითხვას, ფსალმუნთა გალობასა და ლოცვებს. პირველი ლიტურგია წმინდა იაკობ მოციქულმა, იერუსალიმის პირველმა პატრიარქმა, უფლის ძმამ, შეადგინა. იერუსალიმის ტაძარში მოციქულთა ხსენების დღეს იაკობის ჟამისწირვა ახლაც ამავე სახით ტარდება.
IV საუკუნეში წმინდა ბასილი დიდმა წერილობით ჩამოაყალიბა ლიტურგიის სახე - იაკობ მოციქულის წირვის შემოკლებული ვარიანტი. წმინდა იოანე ოქროპირმა, იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლელნი წმინდა ბასილის ლიტურგიის ხანგრძლივი ლოცვებით იღლებოდნენ, კიდევ უფრო შემოკლებული ხარისხი შემოიღო.
იოანე ოქროპირის ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში დიდი მარხვის გარდა მთელი წლის განმავლობაში ტარდება. დიდ მარხვაში იგი მხოლოდ შაბათობით, ხარებას და ბზობის კვირაში სრულდება. წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია წელიწადში ათჯერ ტარდება. დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკეობით კი გრიგოლ დიოლოღოსის პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება, რომელსაც განსაკუთრებული სახე აქვს.
მხოლოდ ის ევქარისტია ითვლება ჭეშმარიტად, რომელიც ეპისკოპოსის ანდა მის მიერ დადგენილი პირის მიერ აღევლინება. ამიტომაც საღმრთო ლიტურგია ტაძარში, ტრაპეზთან, მღვდელმთავრის მიერ ნაკურთხ გადასაფარებელზე ტარდება, რომელსაც ოდიკი ეწოდება. ოდიკზე გამოსახულია მაცხოვრის გარდამოხსნა და ოთხი მახარებელი, ჩაკერებულია მოწამეთა წმინდა ნაწილები, ნიშნად იმისა, რომ I საუკუნეში ქრისტიანები ლიტურგიას მოწამეების საფლავებთან აღავლენდნენ.
ლიტურგიაზე საიდუმლოს თავად ღმერთი აღასრულებს. მასში მღვდელმსახურისა მხოლოდ ბაგეები (რომლებიც წარმოთქვამენ ლოცვებს) და ხელები (რომლებიც აკურთხებენ ნაწილებს) მონაწილეობენ, ქმედითი ძალა კი უფლისგან გამოდის. იესო ქრისტე მამას საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად და მამა სულიწმინდით აძლევს ძეს მორწმუნეებს, რათა ცხოვრება დაიმკვიდრონ და "ჰქონდეთ იგი მომეტებულად" (იოან. 10,10). ტაძარში ღვთის სასუფეველი ისადგურებს და მარადისობა აუქმებს დროს. სულიწმინდის გარდამოსვლა არა მარტო პურსა და ღვინოს აქცევს ქრისტეს ხორცად და სისხლად, არამედ ქრისტიანებს ზეცად აღამაღლებს. ტაძარში მყოფნი ქრისტეს საიდუმლო სერობის მონაწილენი ხდებიან. სწორედ ამას ვაღიარებთ, როდესაც მღვდელი საკურთხევლიდან ბარძიმს გამოაბრძანებს და ყველასთან ერთად ლოცულობს: "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე..."
ლიტურგიის შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად. შემდეგ მორწმუნეები ემზადებიან საიდუმლოსათვის. ბოლოს კი აღესრულება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ამიტომ ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად:
1. კვეთა (პროსკომიდია);
2. კათაკმეველთა ლიტურგია;
3. მართალთა ლიტურგია.
ლიტურგიის პირველ ნაწილს, როდესაც მზადდება მასალა წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად, კვეთა ჰქვია.
ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან პური და ღვინო მოჰქონდათ წმინდა ზიარებისთვის, ამიტომაც უწოდებდნენ კვეთას "პროსკომიდიას", რაც ბერძნულად მოტანას ნიშნავს.
წმინდა ზიარების შესასრულებლად პური და ღვინოა აუცილებელი. პური გაფუებული უნდა იყოს - სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. ამ გაფუებულ პურს სეფისკვერი ეწოდება. ღვინო ყურძნისა უნდა იყოს, თავად მაცხოვარიც ხომ ყურძნის ღვინით ეზიარა საიდუმლო სერობაზე. წითელი კი სისხლის ფერია.
ტრადიციულად, წირვის დაწყებამდე ქრისტიანები სეფისკვერს შეიძენენ და მოსახსენებლებთან ერთად საკურთხეველში აგზავნიან.
სეფისკვერი, როგორც აღვნიშნეთ, სუფთა საფუვრიანი ცომისგან გამომცხვარი კვერია. ის უნდა იყოს: 1) მრგვალი; 2) ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი - ღვთაებრივისა და ადამიანურისა; 3) თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ ის ღვთისმსახურებისთვისა არის განკუთვნილი; 4) ჯვარზე კი გამოსახული უნდა იყოს წარწერა: "იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ყველას სძლია.
წირვის ჩასატარებლად ხუთი მოზრდილი სეფისკვერი მზადდება. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში მღვდელი ასრულებს კვეთას - ხუთივე სეფისკვერიდან ნაწილებს ამოიღებს. პირველი სეფისკვერი სიმბოლურად მაცხოვარს - ჩვენთვის დაკლულ (შეწირულ) ღვთის ტარიგს განასახიერებს. ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ მისგან ამოღებული ნაწილებით მორწმუნეებს აზიარებენ. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მაცხოვრის შობა, ვნება, მის შესახებ წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მოიხსენიება. მეორე სეფისკვერიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ამოიღება ნაწილები, მესამიდან - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე; მეოთხიდან - ცოცხალთათვის; მეხუთიდან კი - მიცვალებულთათვის. ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი პატარა სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური სეფისკვერის ნაწილს ამოკვეთს სიტყვებით: "მოიხსენე, უფალო, (მიუთითებს ჩვენ მიერ ჩაწერილ სახელს)". ეს ნაწილებიც საღვთისმსახურო სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებთან ერთად ფეშხუმზე ეწყობა. ფეშხუმზე ამ რიგით დაწყობილი სეფისკვერთა ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა.
მოსახსენებელი
წირვის დროს მორწმუნენი ტაძრის საკურთხეველში გზავნიან მოსახსენებელს, რომელშიც მხოლოდ იმათ სახელთა ჩაწერა შეიძლება, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაშია მონათლული.
მოსახსენებლის ერთ ნაწილში ცოცხლებს ვიხსენიებთ, მეორეში კი გარდაცვლილებს. ცოცხალთათვის განკუთვნილ მოსახსენებელს ასევე ეძახიან მოსახსენებელს "ჯანმრთელობისთვის". ჯანმრთელობის ცნება მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეს არ გულისხმობს, ის ადამიანის სულიერ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოიცავს. ამდენად, თუ ისეთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, უფალს შევთხოვთ, შეცვალოს მისი შინაგანი მდგომარეობა და ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი კაცი სიკეთისკენ მოაქციოს.
ამ მოსახსენებელში ყველა იმ ადამიანის სახელი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ. უპირველესად, ცხადია, პატრიარქს ვწერთ, შემდეგ - ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელიც მისთვის ჩაბარებული სამწყსოსთვის წირვა-ლოცვას აღავლენს უფლის წინაშე. მის შემდგომ უნდა ჩავწეროთ სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც თავისი სამწყსოს ქრისტიანულ ცხოვრებას წარმართავს, მათი სულის ცხონებისთვის ზრუნავს და ლოცულობს. მერე იწერება მშობლების სახელები, ჩვენი სახელი, ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები... დასასრულს, თუკი მოძულენი, მაჭირვებელნი, მოშურნენი ან სულაც მტრები გყავთ, მოსახსენებელში მათი სახელებიც ჩაწერეთ, რამეთუ უფალმა ბრძანა: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ" (მთ. 5,44). მტრისთვის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როცა საეკლესიო მოსახსენებელში მისი სახელის ჩაწერის შედეგად მტერი კეთილისმსურველად ქცეულა.
მოსახსენებლის მეორე ნაწილი მიცვალებულთა სახელზეა. მასში იმ გარდაცვლილთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასნი და ახლობელნი არიან.
ლიტურგიის მეორე ნაწილს კათაკმეველთა ლიტურგია ეწოდება, რადგან მასზე დასწრების უფლება კათაკმევლებსაც აქვთ - მათაც, ვინც ემზადება მოსანათლად, და მათაც, ვინც სინანულშია, დაყენებულია წმინდა ზიარებისგან.
კათაკმეველთა ლიტურგია სწავლა-მოძღვრებითი ნაწილია წირვისა.
კვეთის დამთავრების შემდეგ მღვდელი ხელაპყრობილი ევედრება ღმერთს, გარდამოავლინოს სულიწმინდა მათზე და განაძლიეროს მსახურებაში.
დიაკონი იღებს მღვდლისგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბიონზე და ხმამაღლა წარმოთქვამს: "გვაკურთხენ, მეუფეო", რაც ნიშნავს შემდეგს: გვაკურთხე, მეუფეო, რათა დავიწყოთ წირვა და მორწმუნე ერმა, ტაძარში შეკრებილმა, მონაწილეობა მიიღოს ღვთის დიდებასა და მსახურებაში.
შესაბამისი ასამაღლებლის, კვერექსებისა და ფსალმუნების წარმოთქმის შემდეგ იგალობება სახარებისეული 9 ნეტარება. ამ დროს აღსავლის კარი იღება.
ღვთისმსახური ტრაპეზიდან იღებს სახარებას და დიაკონს გადასცემს. ორივენი ჩრდილო კარიდან გამოდიან და ამბიონზე დგებიან. ამ მოქმედებას "მცირე გამოსვლა" ეწოდება და მორწმუნეებს შეახსენებს იესო ქრისტეს გამოსვლას საყოველთაო ქადაგებისთვის.
დღევანდელ საეკლესიო მსახურებაში მცირე გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უწინ კი ის აუცილებლად უნდა შესრულებულიყო.
ქრისტიანობის უძველეს ხანაში წმინდა სახარება ინახებოდა არა საკურთხეველში - ტრაპეზზე, როგორც დგეს ხდება, არამედ საკურთხევლის მახლობლად მდებარე ოთახში, რომელსაც "სადიაკვნე" ან "საჭურჭლე" ეწოდებოდა. როცა სახარების წაკითხვის დრო დადგებოდა, მას საზეიმოდ გადაასვენებდნენ ტრაპეზზე.
ძველად არც კვეთა სრულდებოდა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე; ამისთვის სხვა შენობა იყო გამოყოფილი. ასე რომ, მცირე გამოსვლამდე სამღვდელო პირნი არც კი შედიოდნენ საკურთხეველში. ამიტომაც არის, რომ მღვდელმთავრის წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი შუა ეკლესიაში - კათედრაზე იმოსება, ისმენს ჟამნობასა და კათაკმეველთა ლიტურგიის დიდ ნაწილს და საკურთხეველში მხოლოდ მცირე გამოსვლის შემდეგ შედის.
მღვდელი აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს ლოცვას, რომელშიც ევედრება ღმერთს, აკურთხოს და წმინდა ჰყოს მათი შესვლა, გამოუგზავნოს ანგელოზნი ღირსეული მსახურებისთვის. მღვდლის მიერ აღსავლის კარის კურთხევის შემდეგ დიაკონი აღამაღლებს წმინდა სახარებას, გამოსახავს ჯვარის სახეს და ხმამაღლა იტყვის: "სიბრძნით აღემართენით".
სანთელი, რომელიც მცირე გამოსვლისას წინ უძღვის სახარებას, იოანე წინამორბედსა და ნათლისმცემელს და ახალი აღთქმის ნათელს მოასწავებს. მღვდლის გამოსვლა ჩრდილო კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესო ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას - ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე, აღსავლის კარში წმინდა სახარებით ჯვრის გამოსახვა კი - მის ჯვარცმასა და ამქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ სახარებას ტრაპეზზე დაასვენებენ - ეს ზეციური მამის წინაშე მაცხოვრის მორწმუნეთათვის შუამდგომლობას აღნიშნავს. მღვდელი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს ემთხვევა, რაც ადამიანის ღმერთთან შერიგებას მოასწავებს.
შესაბამისი გალობისა და ლოცვის შემდეგ დიაკონი კვლავ ყურადღებისკენ მოუწოდებს მრევლს: "სიბრძნით". იგალობება "სამოციქულოს" წარდგომა - მოკლე მუხლები, რომლებიც წასაკითხი სახარების შინაარსს შეესაბამება. წარდგომის საკითხავს გუნდი და მედავითნე მონაცვლეობით იმეორებენ. იკმევა ამბიონი - ნიშნად იმისა, რომ მოციქულთა ქადაგება სულიწმინდის მადლით იყო ნაკურთხი.
სამოციქულოს კითხვა ქვეყნად მოციქულთა ქადაგებას მოასწავებს. მისი კითხვისას მღვდელი კმევას ასრულებს, რაც სულიწმინდის მადლს ნიშნავს, რომლითაც აღვსილნი იყვნენ მოციქულები ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგებისას და რომელმაც დააახლოვა ისინი ხალხს. მღვდელი, რომელსაც მოციქულთა თანასწორი უფლებები აქვს, სამოციქულოს დამჯდარი ისმენს, სახარების კითხვისას კი ფეხზე წამოდგება და თავდახრილი უგდებს ყურს.
სამოციქულოდან შესაბამისი საკითხავის დასრულების შემდეგ სახარება იკითხება. მას წინ უსწრებს და ასრულებს გალობა: "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა".
სამოციქულო და სახარება განსაკუთრებული ყურადღებით მოსმენას მოითხოვს, სახარება ხომ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უდიდეს მიზანს გვახსენებს, სამოციქულო კი თორმეტი მოციქულის საქადაგებლად გაგზავნას.
შემდეგ კათაკმევლებს რამდენიმეგზის მოუწოდებენ, დატოვონ ტაძარი: "კათაკმეველნო, განვედით..."
ლიტურგიის ამ ნაწილის ბოლოს კათაკმევლები ტოვებენ ტაძარს.
მესამე ნაწილს საღმრთო ლიტურგიისას, რომელზეც სრულდება წმინდა საიდუმლო ზიარება - ევქარისტია, ლიტურგია მართალთა ეწოდება, რადგან მასზე დასწრების უფლება მხოლოდ მონათლულ მორწმუნეებს აქვთ. მართალთა ლიტურგია პირობითად რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ:
1. დიდი გამოსვლა;
2. მორწმუნეთა მომზადება წმინდა ძღვნის კურთხევისთვის;
3. წმინდა ძღვნის კურთხევა;
4. მორწმუნეთა მომზადება საზიარებლად;
5. ზიარება;
6. მადლობის შეწირვა და განტევება.
ორი მცირე კვერექსის შემდეგ "ქერუბიმთა" საგალობელი იგალობება. მღვდელი და დიაკონი სამგზის წარმოთქვამენ ქერუბიმთა საგალობელს და ორივენი სამკვეთლოსთან მიდიან, საიდანაც წესისამებრ აიღებენ ბარძიმსა და ფეშხუმს და ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე გამოდიან. აღსავლის კართან დგებიან, პირით მორწმუნეთაკენ, და ხმამაღლა იხსენიებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს, სამღვდელო, სამონაზვნო და საერო პირებს, ცოცხალთ და გარდაცვლილთ. შემდეგ აღსავლის კარით შეაბრძანებენ წმინდა ძღვენს ტრაპეზზე და კარიცა და კრეტსაბმელიც იხურება, ნიშნად იმისა, რომ ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების ღირსი არავინაა, მღვდელმსახურთა გარდა. გუნდი იწყებს "ქერუბიმთა" საგალობლის მეორე ნაწილის გალობას.
ამ მღვდელმოქმედებას "დიდი გამოსვლა" ეწოდება და გაგვახსენებს იესო ქრისტეს ნებსით მსვლელობას გოლგოთაზე - ტანჯვისა და ჯვარცმისთვის. ამ დროს მორწმუნენი თავდახრილნი უნდა იდგნენ და სთხოვდნენ უფალს, მოიხსენიოს ისინი და მათი ახლობლები ცათა სასუფეველში.
წარმოითქმის თხოვნითი კვერექსი, რომელშიც დიაკონი წინამდებარე "პატიოსანი ძღვნისათვის" აღავლენს ლოცვას.
ასამაღლებელზე "კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ" იხსნება კრეტსაბმელი და აღსავლის კარი და იგალობება ან იკითხება მრწამსი - სიმბოლო სარწმუნოებისა. ძველად სიტყვები "კარნი, კარნი" მეკარეებს შეახსენებდა, არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ ტაძარში კათაკმეველნი.
ლიტურგიის ეს ნაწილი იწყება ღვთისმსახურის სიტყვებით: "ვმადლობდეთ უფალსა". გუნდი პასუხობს: "ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა".
ამ დროს მღვდელი საიდუმლოდ ლოცულობს - სამადლობლის შეწირვას განაგრძობს და ბოლოს ხმამაღლა ამბობს: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა".
შემდგომ წარმოთქვამს: "შენი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის". მგალობლები განგრძობილად გალობენ: "შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო".
ღმრთისმსახური საიდუმლო ლოცვაში სთხოვს უფალს, წმინდა ძღვენი ქრისტეს სისხლად და ხორცად შეცვალოს. აკურთხებს პურსა და ღვინოს, მათ სისხლად და ხორცად გარდაქცევის ლოცვას წარმოთქვამს საიდუმლოდ და ბოლოს მოუხმობს უფალს: "შესცვალე სულითა შენითა წმიდითა". დიაკონი სამგზის პასუხობს: "ამინ!" ღვთისმსახური დიდ მეტანიას აღასრულებს უფლის წინაშე - ეს ლიტურგიის უმნიშვნელოვანესი წუთებია. ამის შემდგომ მღვდელი საიდუმლოდ ლოცულობს მაზიარებელთათვის, იხსენიებს მათ, ვისთვისაც იწირება წმინდა მსხვერპლი, ყოველთა წმიდათა, უმეტესად კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის.
თხოვნითი კვერექსის შემდეგ ითქმის საუფლო ლოცვა: "მამაო ჩვენო". მღვდელი აკურთხებს მრევლს, აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება. დიაკონი ყურადღებისკენ მოუხმობს მორწმუნეებს: "სიბრძნით, მოხედენ..." ღვთისმსახური აღამაღლებს წმინდა ძღვენს და ხმამაღლა ამბობს: "წმიდა წმიდათა", ანუ სიწმინდეს მხოლოდ ის ეზიარება, ვინც თავი ლოცვით, მარხვითა და სინანულით განიწმინდა. გუნდი გალობს: "ერთარს წმიდა, ერთარს უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ!"
წესისამებრ, ღვთისმსახური საკურთხეველში ეზიარება და შემდგომ წმინდა ძღვენს დიაკონს გადასცემს.
იღება აღსავლის კარი. მღვდელი ბარძიმს გამოაბრძანებს და იტყვის: "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით". აღსავლის კარის გაღება მაცხოვრის საფლავის გახსნას მოასწავებს, წმინდა ძღვნის გამობრძანება კი ქრისტეს აღდგომას. იკითხება: "მრწამს, უფალო, და აღვიარებ..."
მორწმუნეები გულზე გადაჯვარედინებული ხელებით მიდიან ბარძიმთან. ზიარების შემდეგ მაზიარებელნი იღებენ მდუღარებას (წყლით განზავებულ ღვინოს), რათა პირის ღრუში წმინდა ძღვნის უმცირესი ნაწილიც კი არ დარჩეს. ზიარება უმნიშვნელოვანეს მოვლენას - საიდუმლო სერობას მოგვაგონებს.
ზიარების შემდეგ წმინდა ძღვენი კიდევ ერთხელ გამობრძანდება მორწმუნეთა თვალწინ. დიაკონი წარმოთქვამს: "ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
მღვდლის ასამაღლებელი გვახსენებს უფლის ამაღლებას და მის აღთქმას, რომ "ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა" განუშორებლად წმინდა ეკლესიასთან იქნება.
უკანასკნელად გამობრძანებულ წმინდა ძღვენს ქედს უხრიან მორწმუნეები, გალობით განადიდებენ უფალს და მადლობენ წმინდა ზიარებისთვის.
მღვდელი აკურთხებს მრევლს, რასაც მოსდევს მღვდლის განტევების ლოცვა. ლიტურგია ღმრთისმსახურის ქადაგებით სრულდება.