მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

“ლიტურგიაზე ცხრა ნეტარების გალობის შესახებ”
(სამგალობლო ტერმინთა განმარტება)

 

ლიტურგიაზე, მას შემდეგ, რაც პირველი და მეორე ანტიფონები გამოსახავენ (გამომსახველობითი ანტიფონები) ღვთის სასუფეველს, მესამე ანტიფონი – ნეტარებები – გამოხატავს წმიდათა შესვლას ცათა სასუფეველში. ნეტარებების გალობა იწყება ჯვარცმული ავაზაკის ლოცვით, რადგანაც არ არსებობს უმეტესად გამომსახველი და სასიხარულო სწავლება სასუფევლის შესახებ, ვიდრე ნეტარებების მცნებები.

 

ნეტარებები მიმდინარე ხმის შესაბამისი მელოდიით სრულდება, რომელიც ტროპარისა ან კანონის მელოდიას უახლოვდება. ნეტარებების გალობა, ერთი და იმავე მისამღერით: მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, თორმეტ მუხლად განიყოფა. ამასთან, ეს მისამღერი პირველიდან მოყოლებული თავად ნეტარებასთანაა შეერთებული ხოლო, ბოლო მეთორმეტე – მარცვალთა რაოდენობიდან გამომდინარე – ცალკე მუხლად იგალობება: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა. ისევე, როგორც დიდების მუხლი მელოდიურად გამოცალკევებულია აწდას მუხლისაგან. ტროპარები ნეტარებებს ჩაერთვის არა პირველივე, არამედ მომდევნო, ხშირად მესამე მუხლიდან. როგორც წესი, კვირაობით იგალობება რვა, დიდება, აწდას გარეშე, ხოლო მისი ჩათვლით – ათი. როდესაც კვირას წმიდის ხსენება ემთხვევა, აღდგომის ტროპარები რვიდან ექვსამდე მცირდება, ტროპარების საერთო რიცხვი თორმეტს აღწევს და მათი გალობა პირველივე მუხლიდან იწყება. თუმცა ნეტარებებს საკუთარი ტროპარები მხოლოდ რვა ხმათა გალობაში აქვს, დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება საცისკრო კანონის მხოლოდ მესამე, ანდა მესამე და მეექვსე გალობები. ეს საგალობლები არჩეულია იმიტომ, რომ რიცხობრივად ისინი გამოხატავენ მესამე და მეექვსე ჟამნებს.

 

ნეტარებების დასასრულს მოსდევს გალობა: მოვედით თაყვანის ვცეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო აღდგომილო მკვდრეთით, მგალობელნი შენნი, ალილუია. ლიტურგია ხომ არსობრივად სწორედ აქედან იწყება და ამიტომაა, რომ მღვდელმთავარი მანამდე მასში არ მონაწილეობს. სადაგ დღეებში ნაცვლად სიტყვებისა აღდგომილო მკვდრეთით, ითქმის წმიდათა შორის საკვირველო, ხოლო საღმრთისმშობლო დღესასწაულზე მეოხებითა ღმრთისმშობელისათა. ალილუია ითქმის ერთხელ, რამდენადაც საგალობელი მიემართება წმიდა სამების მხოლოდ ერთ პირს – მაცხოვარს იესო ქრისტეს და არა – ყოვლადწმიდა სამებას.

 

შეიძლება ითქვას, რომ ნეტარებების გალობა ლიტურგიის ყველაზე სადღესასწაულო ნაწილია. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საგალობელი ერთობ მდიდარი და მრავალფეროვანია მელოდიურადაც. ამიტომაა, რომ საუფლო დღესასწაულებზე ნეტარებები საგანგებო ანტიფონით იცვლება. ნეტარებები ანტიფონებთან იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ აშკარაა, მათი გალობა სწორედ ანტიფონების გალობასთან ერთად დაწესდა ეკლესიაში. ანუ – შედარებით მოგვიანებით. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ნეტარებებისგალობა ცისკრის მსახურებას განეკუთვნებოდა.

 

მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა

ჟურნალი ქართული გალობა, N10 ოქტომბერი 2007 წ.