„ნეტარ იყვენით თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქუან ყოველი ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის, გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა“
ნეტარების ამ მუხლიდან ჩვენ ვიგებთ იმას, რომ როცა ადამიანი იდევნება ან ილანძღება უფლის გამო, ჭეშმარიტი სარწმუნოების გამო, ეს მისთვის სასოწარკვეთის ან უიმედობის საბაბი არ უნდა გახდეს. უფალი ასეთებს დიდ სასყიდელს პირდება ცათა შინა, ანუ იქ, სადაც ყველაფერი წარუვალი, მარადიულია და წუთისოფლისაგან განსხვავებული. ამქვეყანაზე ნებისმიერი დიდება, სიმდიდრე, ძლიერება - ფიზიკური იქნება ეს თუ გონებრივი - წარმავალია, იმქვეყნიური საუნჯე კი მართლაც რომ მარადიული საუნჯეა. ბუნებრივია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ უნდა გაილანძღოს ადამიანი, რომელიც სიკეთის, ჭეშმარიტების მქადაგებელია?! რომელიც ქრისტეს მიმდევარია. თუკი ჭეშმარიტებისა და სიკეთის ქადაგებას მივყვებით, რატომ უნდა გვდევნოს ვინმემ? ამ კითხვის პასუხს თავად მაცხოვარი გვაძლევს: თუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან... ვინ იგულისხმება აქ? ვის შესახებ არის საუბარი? აქ ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ქრისტეს ერთგულ ადამიანებზეა, იმ ადამიანებზე, რომლებიც ქრისტეს მცნებების აღმსრულებლები იქნებიან. იესო ქრისტე მოვიდა კაცთა გამოხსნისათვის, ეწამა, ევნო ჯვარზე, ადამიანებისთვის დაითმინა ყვედრება, შეურაცხყოფა, ფიზიკური ტკივილები, ადამიანებმა კი იგი ჯვარს აცვეს. ამიტომ როდესაც ცხოვრებაში უსამართლოდ გვექცევიან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ, პირველ რიგში, თავად უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს მოექცნენ ადამიანები უსამართლოდ. მაშ, რაღას მოვითხოვთ ჩვენ? ბუნებრივია, რომ ყვედრება თუ დევნილება სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და უფლის ეკლესიის გამო არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად მორწმუნენი არიან, უცხო არიან ამასოფლის სულისათვის, და რადგანაც უცხონი არიან, ბუნებრივია, ეს სოფელი მათ ვერ ჰგუობს, მტრობს. ამ დროს წარმოიშვება კონფლიქტი ჭეშმარიტ მორწმუნესა და ამასოფელს შორის. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც დაიწყოს მათი დევნა და მათზე ბოროტის, სიცრუის თქმა, ცილისწამება.
როგორ უნდა განეწყოს ასეთ დროს ადამიანი, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მას? აი, სწორედ ამას გვასწავლის „ნეტარების“ მუხლი: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“... არამცთუ მწუხარებას არ უნდა მივეცეთ ამის გამო, არამცთუ სევდამ და სასოწარკვეთილებამ არ უნდა დაგვრიოს ხელი, არამედ უნდა გავმხნევდეთ, უნდა გვიხაროდეს, როცა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის ვიდევნებით და ვიყვედრებით.
ეკლესიის ისტორიაში, ძალიან ბევრი რამაა თქმული უფლისთვის ნატანჯ ადამიანებზე. მათ ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ისინი ღმერთს მადლობას სწირავდნენ, რომ ღირსნი გახდნენ უფლისათვის ყვედრების, დევნის და შეურაცხყოფისა. ნეტარების ეს სიტყვები მართლაც რომ აღსრულდა წმიდანებზე და მოწამეებზე, რომლებიც სიხარულით ხვდებოდნენ სიკვდილს, რომლებსაც ბედნიერებად მიაჩნდათ ქრისტესთვის ტანჯვის დათმენა. წმიდანები არამცთუ მზად ხვდებოდნენ მოწამეობრივ აღსასრულს, არამედ ზოგიერთნი ისეთ მოშურნეობასა და გულმოდგინებას იჩენდნენ, რაც ძნელად გასაგებია დღევანდელი გამიწიერებული, დაცემული ადამიანისათვის, უწინდელი მოღვაწეები ეძიებდნენ მოწამეობას, სიკვდილს ქრისტესათვის, ანუ იმას, რაც წმიდა მეფე ვახტანგ დიდმა გორგასალმა უანდერძა ქართველ ერს - „ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის“. მან ის კი არა თქვა, ქრისტესთვის თავი დასდეთ, ერთგულნი იყავით მისი სარწმუნოებისაო, არამედ ეძიებდით სიკვდილს ქრისტესათვისო. ბევრი მოღვაწე სწორედ ამგვარად, საკუთარი მოწამეობრივი აღსასრულით ცდილობდა, ქრისტეს მიმართ თავისი უდიდესი სიყვარული დაემტკიცებინა. მათი თავდადებისათვის ანთებული გული დღესაც გზის მაჩვენებელია, ასეთები იყვნენ ქრისტეს ჭეშმარიტი შვილები, მიმდევრები, მაგრამ იყვნენ ასევე ცრუმოწამეებიც, ადამიანები, რომლებიც ამპარტავნების, უმეცრების, უგნურების გამო თითქოსდა დევნილებაში იყვნენ, თითქოსდა ქრისტესთვის იდევნებოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ხდებოდა. სინამდვილეში მათი მოძულების მიზეზი მათი ამპარტავნება, უმეცრება და ერეტიკოსობაა. იყო ეკლესიის ისტორიაში უამრავი შემთხვევა, როცა არა მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლები იდევნებოდნენ, არამედ დევნას განიცდიდნენ ერეტიკოსებიც, განხეთქილების მოქმედნი, ეკლესიაში შფოთის შემომტანნი. ადამიანები, ზოგჯერ ამპარტავნების გამო ცდილობდნენ, თავი სწორედ დევნილებად წარმოეჩინათ. ჭეშმარიტად ქრისტესთვის დევნილ ადამიანს აქვს თავმდაბლობა, ეს თავმდაბლობა განასხვავებს კიდეც მოწამეს ცრუმოწამისაგან. ცრუმოწამე ამპარტავანია, ის ქრისტეს ერთგული კი არა, არამედ თავისი დიდებისა და ამპარტავნების მსახურია და ამიტომ კონფლიქტშია ეკლესიასთან, საზოგადოებასთან. მას არ აკმაყოფილებს იქ არსებული მდგომარეობა, მისი ამბიცია დაუკმაყოფილებელია. ეს აუცილებელია ვიცოდეთ, ვინაიდან ჩვენი ამჟამინდელი აზროვნება გამიწიერებულია, მოვლენებსა და საგნებს მხოლოდ გარეგნულად აღიქვამს. იმისათვის, რომ სიღრმეში ჩავწვდეთ მოვლენებს, ამა თუ იმ პიროვნების საქციელს, ამისათვის სულიერება და სიბრძნე გვჭირდება, რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს მეტად დეფიციტური გახდა.
თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი ზურაბ ცხოვრებაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“