მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

9 ნეტარება

 

მეხუთე ნეტარება

 

„ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ“

 

ციტატა როგორც უფლის ამ სიტყვებიდან ჩანს, მოწყალების სათნოება აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ნეტარებების თითოეული მუხლი, თითოეული სათნოება, რომელზეც უფალი ცხრა ნეტარებაში ლაპარაკობს, გარკვეულწილად, საფეხურია იმ კიბისა, რომელსაც თანდათანობით ავყავართ უფლისკენ, თუკი, რა თქმა უნდა, ამ ნეტარებების თანახმად ვცხოვრობთ, თუ მივყვებით იმ სულიერ კიბეს, რომელიც ნეტარებების მეშვეობით დაგვიწესა უფალმა. სწორედ ამგვარ შედარებას იყენებს წმიდა გრიგოლ ნოსელი ნეტარებებზე საუბრისას. ის იხსენებს იაკობის მიერ საღვთო ხილვაში ნანახ კიბეს და ამბობს, რომ ის, რაც ამ ხილვის ჟამს იაკობს ემცნო და რაც ჩვენ ნეტარებების მეშვეობით გვეუწყება, არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფვოს ადამიანმა, ანუ მისი გონება, მისი მზერა მარადის მიმართული უნდა იყოს ზეცისაკენ. ზეცა უნდა იყოს მისი სულიერი ჭვრეტის საგანი.

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი ადამიანის დანიშნულებაზე საუბრისას ამბობს, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ზეაღმართული, ორ ფეხზე მდგომარე, ცხოველი კი - ოთხფეხა. როცა ცხოველი ოთხ ფეხზე დგას, მისი სახე მიმართულია მიწისაკენ, შესაბამისად, მისი მიდრეკილებები მიწიერია. ხოლო ადამიანი, რომელიც გამართული დგას, ზეცაში უნდა იცქირებოდეს. რა თქმა უნდა, აქ ფიზიკური მზერა კი არ იგულისხმება, არამედ - სულიერი. ადამიანის ამგვარად შექმნა ნიშნავს იმას, რომ იგი თავისი გულითა და გონებით მიმართული უნდა იყოს ზეცისაკენ.

 

მოწყალება უდიდესი საქმეა, უდიდესი სათნოებათაგანია, ვინაიდან თვითონ უფალი არის მოწყალე, მისი თვისება გახლავთ მოწყალება. წმიდა მამები და წინასწარმეტყველები უფალს ხშირად უწოდებენ მოწყალეს. უფლის მოწყალება, პირველ რიგში, გამომჟღავნდა იმით, რომ ადამიანი იმისათვის შექმნა, რათა თავისი ნეტარების მდგომარეობის თანაზიარი გაეხადა. მოწყალეა ჩვენი უამრავი ცოდვის პატიებისას, თუმცაღა ღირსნი ვიყავით, რომ აღვხოცილიყავით პირისაგან მიწისა. უფალი გვწყალობს, რადგან გვაძლევს ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას. და, რაც მთავარია, გულმოწყალე უფალი გვაძლევს დროს, რომ შევძლოთ, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები.

 

მოწყალება ორგვარია: ხორციელი მოწყალების საქმე, რომელშიც იგულისხმება მშიერთა დაპურება, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომა, სნეულთა მიხედვა, პატიმართა მოკითხვა, მიცვალებულთა დამარხვა.

 

სულიერი მოწყალების საქმენია ცოდვილთა მოქცევა, უმეცართა სწავლება, დაბრკოლებულთა განმართვა, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, უსამართლობის დათმენა, შემცოდეთა მიტევება, მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება.

 

წმიდა წერილში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, იმ ადამიანებს, რომლებმაც მოწყალება უგულებელყვეს, უფალი ეტყვის: რატომ არ მომხედეთ, როცა მწყურვალი, მშიერი და სნეული ვიყავი? მას კი უპასუხებენ: როდის გნახეთ, უფალო, ასეთ მდგომარეობაში? რაზეც უფალი ეტყვის მათ: როცა დახმარებას არ უწევთ გაჭირვებულს, ეს ტოლფასია იმისა, რომ თქვენ არ ეხმარებით ქრისტეს. ქრისტიანთა ცხოვრებაში ხშირად ყოფილა ისეთ შემთხვევები, როცა რომელიმე ადამიანი შესწევია მათხოვარს ან სნეულებაში მყოფს, რომელიც შემთხვევით ცხოვრების გზაზე გადაყრია, მერე კი აღმოჩენილა, რომ ეს იყო არა ადამიანი, არამედ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ანუ ქრისტიანებს სნეული, გაჭირვებული ადამიანის სახით გამოსცხადებია უფალი და გამოუცდია მათი მოწყალება. და მართლაც, იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ გამოცდის ღირსეულად გადატანა შეძლეს, დიდი ჯილდოც მიუღიათ უფლისაგან, ვინაიდან მოწყალების ნებისმიერი საქმე, ფაქტიურად, უფლისადმი გაღებული მოწყალებაა.

 

დღევანდელი გაჭირვების დროს ხშირად ისმის ასეთი სიტყვები - როგორ გავცე მოწყალება, როცა თავადაც არაფერი გამაჩნია. ისევ წმიდა წერილს მივმართოთ, რომელიც უშრეტი წყაროა ჩვენი აზროვნებისათვის. წმიდა წერილში არის ერთი ადგილი, სადაც მოხუცებული დედაკაცი ღმერთს სწირავს ორ ასარს, მაშინდელი ფულის უმცირეს ერთეულს. უფალი კი ამბობს, რომ მან ყველაფერი შესწირა. ეს იმიტომ, რომ სხვებმა „ნამეტნავისაგან“ შესწირეს, ანუ რაც ზედმეტი ჰქონდათ, ის გაიღეს, ამ დედაკაცმა კი ყველაფერი გასცა, რაც კი გააჩნდა. ეს სიტყვები გვახსენებს იმას, რომ უფალი უყურებს ადამიანის გულს. მთავარია, რა გულით იქნება შეწირული. ღმერთი არ უყურებს რაოდენობას. უფლისათვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს შევწირავთ. მისია ცა და მისია დედამიწა. ყველაფერი მას ეკუთვნის, ჩვენ რით უნდა გავაკვირვოთ იგი? ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა შევწიროთ. როცა ადამიანს რაიმეს გაღების ძლიერი სურვილი აქვს, ყველაზე ღარიბიც კი მონახავს რაღაც ისეთს, რაც ხორციელ მოწყალებას შეაძლებინებს, მაგრამ, ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, ყოველ ადამიანს, ხორციელი მოწყალების გარდა, სულიერი მოწყალების გაცემაც შეუძლია. თუმცა, მიუხედავად იმისა, გავცემთ თუ არა ხორციელ მოწყალებას, სულიერი მოწყალება მაინც აუცილებელია; სხვათა შორის, შეიძლება უფრო მეტად აუცილებელიც კი იყოს, ვიდრე ხორციელი მოწყალება. რა იგულისხმება სულიერ მოწყალებაში? ესაა ცოდვილთა მოქცევა, უმეცართა სწავლება, დაბრკოლებულთა მოქცევა, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, უსამართლობის დათმენა, შემცოდეთა მიტევება, მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება. როგორც ვხედავთ, სულიერი მოწყალების სახეეებიც არანაკლებ მრავალრიცხოვანი ყოფილა?!

 

სულიერი მოწყალების გაღება ყველას შეუძლია - ღარიბსა თუ მდიდარს, გავლენიან თუ უბრალო ადამიანს. ყველას შეუძლია კეთილი სიტყვა უთხრას მოყვასს, ანუგეშოს და ილოცოს მისთვის. ნუგეში ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანის ნუგეშინისცემა შეგეძლოს, თავად გულთან ახლოს უნდა მიიტანო მისი განსაცდელი და მაშინ შენს სიტყვას მიეცემა ის ძალა, რაც ზემოქმედებას მოახდენს გაჭირვებაში მყოფ ადამიანზე.

 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდვილთა მოქცევას, უმეცართა სწავლებას. ასეთი ადამიანის მოქცევა ქრისტიანს დიდ სათნოებად შეერაცხება. წმიდა წერილში წერია, რომ როცა ვინმეს მოვაქცევთ და ღვთის გზაზე დავაყენებთ, ბევრი ცოდვები მოგვეტევება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ამ საქმეს უგუნურებით უნდა მივუდგეთ, არ გავითვალისწინოთ ჩვენი ძალები და ისეთი ადამიანების მოქცევა დავაპიროთ, რომელთა მოქცევაც არ ძალგვიძს. ასეთ შემთხვევაში მოქცევის ნაცვლად, პირიქით, დაბრკოლება გამოგვდის ხოლმე. აქ დიდი ზომიერება, ღვთიური სიბრძნეა საჭირო და არა ადამიანური განსჯა.

 

უმეცართა სწავლებაშიც უდიდესი ზომიერებაა საჭირო. იგივე წმიდა წერილის მიხედვით უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ არა მარტო ფიზიკურად ჩვილი, უასაკო ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად ფაქიზი და ფრთხილი მოპყრობა სჭირდებათ, არამედ სულიერად ჩვილი ადამიანებიც არიან, რომლებსაც სულიერი საზრდო მეტად ზომიერად უნდა მიეწოდოთ. არ შეიძლება ასეთ ადამიანს ყოველივე ერთბაშად ეთქვას. უფლის სწავლება მას ნელ-ნელა უნდა მიეწოდოს. როგორც პატარა ბავშვს ყოველგვარ საჭმელს არ აჭმევენ, იმიტომ, რომ მისი სუსტი ორგანიზმი ვერ შეძლებს ყველაფრის მონელებას, ასევე სულიერად გამოუცდელ ადამიანს არ შეიძლება რწმენაში ყველაფერი ერთბაშად მოვთხოვოთ.

 

რას ნიშნავს დაბრკოლებულთა მოქცევა? როცა ადამიანი დაბრკოლებულია ვინმეს ან რაიმეს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის, სასულიერო პირების მიმართ, ჩვენ კი არ უნდა გავუძლიეროთ ეს დაბრკოლება, გაღიზიანება, არამედ პირიქით, დავამშვიდოთ, ხელი შევუწყოთ, რომ ეს დაბრკოლება მოეხსნას.

 

უმნიშვნელოვანესი სულიერი მოწყალების საქმეა მოყვასისათვის ლოცვა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანის ლოცვა სხვადასხვა სიძლიერისაა, მაგრამ თუნდაც სუსტი ლოცვა ხომ ყველას შეუძლია?! და როცა ამგვარი სახის მოწყალების გაცემა არ გვემეტება, გაგვიჭირდება უფლის წინაშე თავის მართლება, რადგან უმთავრესი არ გავაკეთეთ, უმთავრესი წყალობა არ გავიღეთ, ლოცვაც კი დაგვენანა სხვისთვის.

 

თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი ზურაბ ცხოვრებაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №7(314), 2005 წ.