მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

9 ნეტარება

 

მეოთხე ნეტარება

 

„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“

 

ამ სიტყვებით მაცხოვარი გვეუბნება, რომ ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს სიმართლისათვის მებრძოლი და იმდენად მოწადინებული სიმართლის დამკვიდრებისათვის, რამდენადაც მშიერი და მწყურვალი ადამიანი - შიმშილისა და წყურვილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად. შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილებისაკენ ხორციელი ლტოლვა შედარებულია სულიერ ლტოლვასთან, სიმართლის ძებნასთან. ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება, რომ ადამიანს, როდესაც ამ ხორციელ მოთხოვნილებებს განიცდის, ამქვეყნად თითქმის ყველაფერი ავიწყდება, მთელი მისი გონება, ძალისხმევა და სულისკვეთება მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე, დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. შიმშილი და წყურვილი მეტად მტკივნეული და მძიმედ გადასატანია ადამიანისთვის. შემთხვევითი არაა, რომ უფალი სიმართლისათვის მისწრაფებას სწორედ ასეთ ძლიერ ლტოლვას ადარებს. ის, ვინც იბრძვის სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი უნდა იყოს; მაგრამ, ამავე დროს, იგი უნდა იყოს თავმდაბალი და არა ამპარტავანი, ვინაიდან მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების ქონა საკმარისი არ არის სიმართლის მისაღწევად. საჭიროა თავმდაბლობა და სიყვარული, რადგან სიმართლისთვის ბრძოლა დაუნდობლობას, სისასტიკეს არ გულისხმობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავისი სიმართლით ამპარტავნებდეს. ამავე დროს მას უნდა უყვარდეს თითოეული ადამიანი, მათ შორის ისინიც ვინც სცოდავს.

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი ამ ნეტარებების განმარტებისას გვეუბნება, რომ ადამიანებს საკვებისადმი სხვადასხვა მიდრეკილებები აქვთ: ზოგს საჭმელთაგან ტკბილი უფრო უყვარს, ზოგს კი - მჟავე, ზოგი ხორცს ეტანება, ზოგიერთს კი სულ სხვა საჭმელი ურჩევნია. ასეთივე განსხვავებაა სულიერ მიდრეკილებებშიც. ადამიანთა ერთი ნაწილი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს მდიდარი, ან დიდებით გარემოცული, ზოგს კი ურჩევნია, უზრუნველი, საამო ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულიერი ინტერესი სხვაგვარია. ამგვარი ადამიანები ცდილობენ უფლისათვის სათნოდ იცხოვრონ. როგორც ხორციელი საკვების მიმართ არსებობს განსხვავება სულიერ მიდრეკილებებშიც. იმისდა მიხედვით, თუ რისკენ არის მიდრეკილი ადამიანი, თავადაც შესაბამისად ისეთი ხდება. წმიდა გრიგოლ ნოსელი მატერიალურ მაგალითებთან აკეთებს პარალელს და ცდილობს მორწმუნის ყურადღება სულიერ საკითხებზე გადაიტანოს. იგი ამბობს, რომ თუკი ადამიანი სწორად იკვებება, ისეთ საზრდელს იღებს, რაც სხეულისთვის სასარგებლოა, მაშინ მისი ჯანმრთელობა უფრო მტკიცეა, მისი ხორციელი სიცოცხლეც უფრო დიდხანს გრძელდება. ასევეა სულიერი თვალსაზრისითაც. თუკი ჭეშმარიტ სულიერ საზრდელს ვიღებთ, თუკი სწორი მიმართულებით ვითარდება ჩვენი სული, თუკი მიდრეკილნი ვართ არა ლოთობის, მრუშობის, სიძვის, ამპარტავნების, სხვათა განკითხვისაკენ, არამედ იმისკენ, რომ ვიყოთ თავმდაბალნი, მოწყალენი, ურისხველნი, მშვიდნი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო ჯანსაღია და ჩვენც თავს მარადიული სიცოცხლისათვის ვამზადებთ. თავის ფიზიკურ არსებობაზე მზრუნველ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი - ადრე თუ გვიან მაინც სიბერის მსახვრალი ხელი უძლურებისა და სისუსტისაკენ მიდრეკს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერად ძლიერდება, თუ იგი სულიერ სათნოებებს აგროვებს, მაშინ მისი საუნჯე, სახარებისეული სიტყვებისამებრ, ზეცაში გროვდება, სადაც ვერც მღილი შეჭამს და ვერც მპარავი მოსტაცებს. ვერასოდეს ვერანაირი ძალა ამ საუნჯეს ვერ განაქარვებს და, შესაბამისად, ადამიანი სულიერ სიცოცხლეს, სულიერ სიჯანსაღეს მოიხვეჭს, რომლის წართმევაც არავის შეუძლია, ეს არის მარადიული ფასეულობა, რომელსაც მარადისობაში გადაჰყავს ადამიანი.

 

საინტერესოა, რა იგულისხმება სიტყვაში „განძღნენ“. ეს ნიშნავს, რომ ვინც სიმართლისათვის იბრძვის, ვისაც შია და სწყურია სიმართლისათვის, აუცილებლად „განძღება“. რა თქმა უნდა, სიტყვა „განძღომა“ სულიერი თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ. ანუ სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანი აუცილებლად ჰპოვებს ამ სიმართლეს და ჰპოვებს არა მარტო ამ ცხოვრებაში (და არა იმდენად აქ), არამედ იმქვეყნიურ, მარადიულ სიცოცხლეში.

 

უფალი ყოვლადსამართლიანია. როდესაც ადამიანი ხვდება სამოთხეში, სასუფეველში, ყოვლადსამართლიან უფალთან, რა თქმა უნდა, იგი უკვე იმყოფება ყოვლადსამართლიანობის უმთავრესი და ჭეშმარიტი წყაროს სიახლოვეს. იგი არის სიმართლეში, ვინაიდან სასუფეველში არიან სიმართლე, ჭეშმარიტება. ამქვეყნად შეიძლება, ადამიანმა ვერ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ვერ გაიტანოს თავისი ჭეშმარიტება, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ეს ყოველივე დროებითია, და თუ იგი მართლაც მიილტვის ჭეშმარიტებისაკენ, ეს ჭეშმარიტება მას იქ ელოდება, სადაც მარადიულად ჰგიებს და მომავალშიც იქნება. ეს ადგილი, ბუნებრივია, სასუფეველია.

 

ჩვენ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სიმართლისათვის ბრძოლა ჩვენი ამპარტავნების წყაროდ იქცეს. მაშინ ეს არ იქნება სიმართლისათვის ბრძოლა, რადგან ამ დროს ადამიანის მთელი მზერა, მთელი მისი ყურადღება მიმართულია არა ჭეშმარიტებისაკენ, არამედ საკუთარი თავისაკენ. იგი თავს მიიჩნევს სიმართლისათვის მებძოლად, სინამდვილეში კი უკვე აღარ აინტერესებს სიმართლე; მას ის კი არ უნდა, რომ მდგომარეობა მართლაც გამოსწორდეს და ჭეშმარიტება დამკვიდრდეს, არამედ მხოლოდ ის სურს, რომ თავად ჰქონდეს სიმართლისათვის მებძოლის სახელი. ხანდახან თავის თავში შეიძლება უცნაური რამ აღმოაჩინოს - მას შეიძლება კიდეც ეწყინოს, თუკი რაიმე გამოსწორდება და ის ჭეშმარიტება, რისთვისაც ამდენს ხანს იბრძოდა, ადამიანთა მიერ იქნება აღიარებული. ეს იმიტომ, რომ მას აღარ ექნება საშუალება, სხვები განიკითხოს, თავისი „სიმართლით“ თავი სხვებზე აღამაღლოს და საკუთარი თავი სიმართლისათვის მებრძოლის კვარცხლბეკზე დააყენოს.

 

ამიტომ ყოველივე ის, რაც სახარებაში გვიწერია და წმიდა მამების გადმოგვცემენ, სიბრძნითა და იმ ჭეშმარიტების გაგების სურვილით უნდა მივიღოთ, რაც მათშია გადმოცემული, და არა ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს და ჩვენს დაცემულ გონებასა და სულს მიესადაგება.

 

თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი ზურაბ ცხოვრებაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №6(313), 2005 წ.