„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“
ამ სიტყვებით მაცხოვარი მოგვიწოდებს, ვიყოთ გლახაკნი სულითა, რათა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.
რას ნიშნავს სულის სიგლახაკე? ეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს თავმდაბალი, მორჩილი, რადგან ამის გარეშე მას მადლი ვერ მიეახლება. როგორც ფსალმუნებში წერია, ამპარტავანთ შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს. ე.ი. თავმდაბლობა უფალთან მიახლოების აუცილებელი პირობაა. თვითონ უფალი იყო უდიდესი თავმდაბლობის მაგალითი: ცისა და ქვეყნის შემოქმედმა თავი დაიმდაბლა, განკაცდა, მონის, თავისივე ქმნილების - ადამიანის სხეული მიიღო, რათა კაცობრიობა გამოეხსნა; იგი ამქვეყნად მოვიდა არა დიდებულ სამეფო პალატებში, არა ამქვეყნიური პატივით აღსავსე, არამედ იშვა უბრალო ბაგაში, კაცთათვის უკადრის გამოქვაბულში. მაცხოვრის შობა, მისი ამქვეყნად მოვლინება საოცარი ნიმუშია თავმდაბლობისა.
ნეტარების ეს მუხლი გვასწავლის, რომ სულით გლახაკობა აუცილებელია სასუფევლის დასამკვიდრებლად. ადამიანს უნდა ჰქონდეს მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ უფლის გარეშე არაფერი შეუძლია. მხოლოდ ღვთისგან მიღებული ძალის შედეგად ძალუძს სიკეთის გაკეთება. მოვიყვანთ ასეთ შედარებას: ვინ არის გლახაკი? მათხოვარი? ესაა უპოვარი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ სარჩოს შოულობს იმით, რომ ითხოვს. მას ამ თხოვნის შედეგად აძლევენ მოწყალებას, რის გარეშეც, მას თავის რჩენა არ შეუძლია. იგი სრულიად უსუსურია, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. სულიერი თვალსაზრისით ასევეა ყოველი ქრისტიანი, უფლის წინაშე ჩვენ ყველანი გლახაკნი ვართ. ღვთის წინაშე აბსოლუტურად უპოვარნი, არაფრის მქონენი, არაფრის გამკეთებელნი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ მის გარეშე კეთილის ქმნა არ შეგვიძლია. თუ ადამიანს ამგვარი დამოკიდებულება ექნება, ის ძალგვიძს სიკეთეს გააკეთებს და ღვთისთვის სათნოდ იცხოვრებს. მაგრამ თუკი მას იმედები მხოლოდ თავის თავზე აქვს დამყარებული, მაშინ სრულიად წარმოუდგენელია, რომ რაიმე სულიერ წარმატებას მიაღწიოს. შეიძლება გარეგნულ, მატერიალურ, ფიზიკურ ყოფაში ადამიანმა რაიმე წარმატება მოიპოვოს, მაგრამ ეს მოჩვენებითი, წარმავალი, გარეგნული, დროებითი იქნება, სულიერ ცხოვრებაში წარმატება კი მარადიული კატეგორიაა. ეს არ არის ის, რაც ამქვეყნად მოიპოვება და იმქვეყნად ქრება. ეს არ არის სიმდიდრე, ფიზიკური ძლიერება, ჯანმრთელობა, გონიერება, რომელიც ადამიანს თანდათანობით, ასაკთან ან გარდაცვალებასთან ერთად წაერთმევა ხოლმე. დასაფიქრებელია ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო კაცობრიობის ისტორიაში. მან უზარმაზარი იმპერია შექმნა, მის მფლობელობაში უდიდესი ტერიტორია იყო, მაგრამ როდესაც გარდაიცვალა, დაიბარა, რომ გაშლილი ხელებით დაესაფლავებინათ, რითაც მიანიშნა იმაზე, რომ როგორი შიშველიც მოვიდა ამქვეყნად, არაფრის მქონე, არაფრის მომტანი, ასევე წავა ამქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მაკედონელი უზარმაზარ იმპერიას ფლობდა და უამრავი ადამიანი ემორჩილებოდა, მაინც ცარიელი ხელით წავიდა იმქვეყნად. თვით წარმართი ადამიანიც კი მიხვდა იმას, რომ ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია. მითუმეტეს, ჩვენ, ქრისტიანებმა, იმ ადამიანებმა, ვინც ქრისტეს მიმდევრებად ვიწოდებით, უნდა გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების წარმავალობა, სულის სიგლახაკე, ანუ ის, რომ ჩვენ, ჩვენი ძალით, არაფრის გამკეთებელნი ვართ. როგორც კი ადამიანი იწყებს საკუთარ ძალებზე დაყრდნობას, მაშინვე წარუმატებლობას შეეჩეხება ხოლმე. ხდება ისე, რომ ღვთის დაშვებით მასზე მოდის განსაცდელი, საქმეში წარუმატებელობა. ამ განსაცდელმა მას უნდა დაანახოს თავისი უძლურება და მთელი სასოება ღმერთზე დაამყაროს.
ძველი აღთქმის ისრაელს იმისათვის, რომ უფრო მეტად შეეგრძნო უფლის სიახლოვე და გაეთავისებინა, რომ სწორედ უფლის ძალით იმარჯვებდნენ მტერზე, ხანდახან უფალი, განზრახ, მცირერიცხოვანი ჯარით გაამარჯვებინებინებდა მტერზე. რათა მათ არ ჰგონებოდათ, რომ ბრძოლა ძლიერი ლაშქრის, ან დახვეწილი სამხედრო სტრატეგიის გამო მოიგეს.
მარადის უნდა ვითხოვდეთ უფლისაგან წყალობას, მადლს, ცოდვათა პატიებას, უნდა ვითხოვდეთ ძალას ჩვენი საქმეებისთვის, იმას, რომ ჩვენი ცხოვრება სათნო იყოს ღვთისათვის. როგორც მათხოვარი ყოველწამიერად ითხოვს და ეს თხოვნა არ ბეზრდება, ჩვენც არ უნდა მოგვბეზრდეს უფლისადმი თხოვნა, რათა მან მოიღოს წყალობა. ისევე როგორც იაკობი, როცა იგი მთელი ღამე „ერკინებოდა“ უფლის ანგელოზს. ეს შერკინება სულიერი თვალსაზრისით უნდა გავიაზროთ. ეს იყო ლოცვა უფლისადმი, დაუცხრომელი, მოუღლელი ლოცვა ღვთის წინაშე, ამიტომ იაკობმა გამთენიისას მიიღო უფლისაგან წყალობა.
ჩვენც გულმოდგინედ ვილოცოთ უფლისადმი და წყალობას არ მოგვაკლებს.
თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი ზურაბ ცხოვრებაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №4(311), 2005 წ.