მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

მოგონებები

 

მერი

 

1

ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი ლექსი "მერი" - ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.

- რა ჰქვია სახელად იმ ლექსს? - კიდევ შეეკითხა ზაქარია.

- "მერი".- იყო პასუხი.

- აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა... - მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ გავრცელებულია ეს ლექსი.

- ეს როგორო? - გაოცდნენ ახალგაზრდები.

- იქ ასეთი ლექსია, - სთქვა ზაქარიამ, - "მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ მერისთვისა"! - ძალიან პოპულარული ლექსია, - დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.

2

სახელი "მერი"- მე არ გამომიგონებია; თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელლის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია...

3

ერთხელ ოპერის თეატრში - "მერი" ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის ახორციელებდა მსახიობი ქალი ნინო დავიტაშვილი. იგი იდგა პიედესტალზე, ანათებდა ბენგალიის ცეცხლი, ქვევით ვიდექი მე და ვკითხულობდი "მერის".

4

"მერი" ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. "თეატრი და ცხოვრებაში" 1915 წ. (sic.). მალე ისე პოპურარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.

5

"Crane aux fleurs"-ში მერი დაიბეჭდა მცირე ცვლილებით. ეს კი აღარ მოეწონა საზოგადოებას. ძველებური სჯობდაო,- გაიძახოდა იგი.

6

"მერი" რუსულად სთარგმნა პ.პეტრენკომ.

[1938წ.]