| |
გალაკტიონ ტაბიძე
ლექსები
პოემა ვეფხვისა
აქ დასიცხული თვლემით გრძნობენ ვეფხვთა სიარულს,
თითქო ცეცხლში ხარ და განწირულ სიტყვას ჰკიოდე:
ცას, დედამიწას, ღვთაებრივს და ადამიანურს
„ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებში ვხედავ არეულს.
ვით სულდგმულები, ირევიან მცენარეები,
ვეფხვი მოქმედობს ლმობიერი და თან მრისხანე.
ხან მნგრეველების არის ყრილობა:
იფეთქა ცეცხლმა, იბუგება მთელი ქვეყანა -
ზეცით სიცივე და გულგრილობა
ვის სურდა ქვეყნად ჩამოეყვანა?
შეხედეთ: ქვებიც გადმომსხდარან მოსმენად მშვიდი;
მშვიდი სამუმი - მათრობელი, მშვიდი ჭავლეთი;
აქ ძველი არის ყველაფერი, როგორც სანსკრიტი,
მაგრამ ახალი მუდამ, როგორც აღმოსავლეთი.
ასეთ ოცნებას ხსნა არ მოელის,
სიმღერა აღარ იგრძნობს დასასრულს.
დაცხრება სული უდაბნოელის,
გულცივი ზეცა რომ გადასაზროს.
|
|