გალაკტიონ ტაბიძე
ბიოგრაფიული მონაცემები
1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს. მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო. დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის. ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო. 1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში. 1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები (მთვარე კაშკაშებს, შავი ღრუბელი და სხვა.). 1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი შუქი. 1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ ფასკუნჯში. 1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით დემონი აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით. 1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად. 1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:კოლხიდის, მნათობისა და თანამედროვე აზრის რედაქციებში. პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან:აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა. 1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ თემის ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა უხილავი მესამე პრემია დაიმსახურა. 1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი. 1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში. 1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული თავის ქალა არტისტული ყვავილებით (არტისტული ყვავილები). 1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ ლომისს. 1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი. 1924 წელს-ჟურნალ მნათობის მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა. 1925 წელს-ჟურნალ მნათობის მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი. 1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. ზარნიშიანი წიგნი, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე უცნობში. 1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა გალაკტიონი, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:გალაკტიონს პოეტების მეფეს. 1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება არიფიონი, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა. 1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე. 1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. გარდატეხის პერიოდს და წერსა პოეტურ ციკლებს:ეპოქა, პაციფიზმი, რევოლუციონერულ საქართველოს და ა.შ. 1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ. 1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა. 1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო. 1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა. 1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად. 1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა. 1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე. 1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ კომუნისტის რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე. 1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე. 1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას. 1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე. 2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა. |