ფსალმუნი 90
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.
ვინც მკვიდრობს, ცხოვრობს უზენაესი ღმერთის შეწევნით და მხოლოდ მას სასოებს, იგი დაცულია უფლის საფარველის ქვეშ, ანუ დაფარულია ღმერთით: ზეცათა ღმერთში („ღმრთისა ზეცათასა“) მეფსალმუნე უფალს მოიაზრებს როგორც ზეცის შემოქმედსა და მეუფეს და, თუკი იგი ზეცათა ღმერთია, ღმერთია უცილობლად მიწისაც და ყოველივე ქმნილებისა. მაღლის შეწევნაში შესაძლოა ვიგულისხმოთ საღვთო მცნებათა სჯული, ღვთის მიერ ხალხისთვის მიცემული როგორც დახმარება, შეწევნა, საშუალება დემონთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას.
ვინც ღვთის შეწევნით ცხოვრობს, ის თამამად იტყვის: შენ, უფალო, ხარ ჩემი შემწე და თავშესაფარი. სხვას კი ასე ეტყვის ღვთის შეწევნით მცხოვრები, რომ ის (შემოქმედი) მისი ღმერთია და მისი იმედი ექნება.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
სულთა მომნადირებელი გონებითი მონადირეების, ანუ დემონების, მახე (საფრთხე) მათი ბოროტი თავდასხმები, ბოროტი აღძვრანი და ცილისწამებანია ვნებების საშუალებით ადამიანებზე მოწეული.
განსაკრთომელი, ანუ მშფოთვარე სიტყვა, სვიმაქოსმა თარგმნა როგორც ცილისწამება, რადგან ცილისმწამებლური სიტყვა იწვევს სწორედ მშფოთვარებას ცილისწამებულის სულში, რის გამოც სოლომონი ამბობს, რომ საშინელი სიტყვა აღაშფოთებს მართალი ადამიანის გულს.
ასე რომ, დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით მიმართავს უზენაესის შეწევნით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანს და ამხნევებს მას, რომ უფალი იხსნის მას გონებითი და მგრძნობელობითი მონადირეების (დემონების) მახისაგან.
4. ბეჭთ-საშუვალითა მისით გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე.
ღმერთი იბრძვის შენთვის, უფლის მსასოებელო ადამიანო. სიტყვები: ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, ნათქვამია მსგავსად იმისა, როცა ბრძოლაში ვინმეს წინ უდგანან და იცავენ მას თავიანთი მხრებით. ბეჭთ-საშუალი ანუ მხრები უფლისა, როგორც დამცველი, იწოდება ასევე უფლის ფრთებად.
საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
ასე მიმართავს დავითი ღვთის შეწევნით ცხოვრებულ ადამიანს: თუ შენ ჭეშმარიტი ხარ სიტყვით და საქმით, მაშინ ეს ჭეშმარიტება გარეშემოგერტყმება შენ, როგორც საჭურველი, ანუ ყოველმხრივ დაგიცავს შენ. შენიშნე, მკითხველო, ქება ჭეშმარიტებისა, რამეთუ დავითი ამბობს, რომ ღვთისაა ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება ღვთის თვისებაა). თუ სიცრუეა ეშმაკის თვისება, საპირისპიროდ ამისა, ცხადია, რომ ჭეშმარიტება ღვთის მახასიათებელი თვისებაა. ათანასეს სიტყვის თანახმად, შესაძლოა, სხვაგვარადაც ვთქვათ, რომ ქრისტე გარს შემოერტყმება და დაიცავს ჯვრით, როგორც იარაღით, მათ, ვინც მისი შეწევნით ცხოვრობს, რამეთუ მამის ჭეშმარიტება ქრისტეა, როგორც თქვა თვითონ მან: ვინც მე მიხილა, იხილა მამაც (იოანე 4,9).
5. არა გეშინოდეს შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
ღვთის შეწევნით მცხოვრებს ღამით არ შეგეშინდება დემონებისა ან ადამიანებისა. არ შეგეშინდება ისრებისა - მგრძნობელობითისა, რაც დღისით ადამიანებისაგან მოევლინება, ასევე გონებითი ისრებისა, რითაც მიზანს აღწევენ დემონები და ვნებები.
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუვადღისა.
ღვთის შეწევნით მცხოვრებო, არაფრისა შეგეშინდება, რაც კი სიბნელეში შესაძლებელია ეწიოს ადამიანს. ბნელში მოსიარულე ღვაწლში მოიაზრება ყოველგვარი ვნება და ყველა ის, ვინც ცილისმწამებელია და ბოროტმოქმედია. შემთხუევაში იგულისხმება უნებლიე, მოულოდნელად მომხდარი რამ. ეშმაკის შუადღეს კი ერთნი უწოდებენ სიზარმაცისა და უზრუნველობის დემონს, მეორენი ამაში მოიაზრებენ საძაგელი ხორციელი ფიქრების დემონს, სხვანი კი - თავშეუკავებლობის დემონს, რადგან ასეთი დემონები იბრძვიან ადამიანთა წინააღმდეგ სწორედ შუადღისას, როცა მუცელი ავსებულია საჭმლით.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
უფლის შეწევნით მცხოვრების მარცხნივ ათასობით ისარი დაეცემა, მარჯვნივ კი ათი ათასი („ბევრეული“ ათი ათასს ნიშნავს). მაგრამ თვით ღვთის შეწევნით განმტკიცებულს ვერ შეეხებიან. მარცხნივ დაცვენილ ისრებში იგულისხმება უგონო ვნებები - მრისხანებისა და ხორციელი გულისთქმებისა, რომლებიც ცხადი ნაყოფია ბოროტებისა. მარჯვენით ისრებში კი მოიაზრებიან ის მიზეზები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩანან, როგორც კარგები და მართალნი, სინამდვილეში კი ასე არ არის, რადგან ადამიანის მტერი - ეშმაკი, მცოდნე იმისა, რომ ბევრი პირდაპირ არ ღებულობს ცოდვას, იწყებს ბრძოლად გარეგნულად კარგი საქმეებით და მათი საშუალებით უბიძგებს ადამიანებს ცხადი ბოროტებისაკენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
ღვთით მცხოვრებს არ შეგეხება მტერთა ისრები და, თუ განჭვრეტ გონებრივი თვალით, ჭეშმარიტად შეიცნობ ამას. ნახავ ღვთისაგან მოწევნულ სასჯელს ცოდვილთადმი, დემონებისადმი და შენი მტრებისადმი.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა...
უზენაესის შეწევნით მცხოვრები სიხარულით ღაღადებს უფლის მიმართ, რომ ის არის მისი იმედი.
და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი.
აქ დავითი მიმართავს ღვთის შეწევნაში დამკვიდრებულს: შენ თქვი, რომ უფალია შენი იმედი და უზენაესს შენ უწოდე შენი თავშესაფარი (შესავედრებელი)? მაშ, იცოდე, რომ არანაირი განსაცდელი (ძვირი) არ მიგეახლება. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს თვით სატანაც, ეუბნება რა ღმერთს იობის შესახებ: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ“ (იობ. 1,10). თუმცა ღვთის შეწევნით დამკვიდრებულს, შესაძლოა, ეწიოს განსაცდელი მაშინ, როცა ამას უფალი დაუშვებს მის მიმართ.
და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
არა მხოლოდ შენ მოგეახლება არანაირი ბოროტი, არამედ შენს სახლსაც. სხვა აზრით, გვემაში იგულისხმება სხვადასხვაგვარი ავადმყოფობა, ხოლო საყოფელში სულის სამყოფელი, ანუ სხეული. ასე რომ, დავითი ამბობს: განსაცდელი არ მიეახლება თვით შენს სხეულსაც, რადგან უფალია შენი შესავედრებელი (თავშესაფარი). წმ. იოანე ოქროპირთანაც ვხვდებით ჩვეულ განმარტებას: თუ ადამიანს ეწევა რაიმე სახის უძლურება, თუ მსგავსი რამ განსაცდელი, ისინი ადამიანისათვის წარმოადგენენ ღვაწლის, გამოცდის საშუალებას და განამრავლებენ ძლევის გვირგვინს, ხოლო ცოდვილთათვის განსაცდელები მართლაც გვემაა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა.
ეს აზრი დავითს ოცდამეცამეტე ფსალმუნშიც აქვს გამოთქმული: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი“ (ფს. 33,7). აბრაამი ასე ამხნევებს თავის მსახურს, რომელსაც მესოპოტამიაში აგზავნის: „ის (უფალი, მთარგმ.) წარმოავლენს თავის ანგელოზს შენს წინაშე...“ (დაბ. 24,7). იაკობიც ამბობს: „ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან...“ (დაბ. 48,16). ამის კვალობაზე ვასკვნით, რომ ღმერთი ანგელოზთა მეშვეობით იცავს მისდამი მსასოებელთ. გზებში („გზათა შენთა“) დავითი გულისხმობს ადამიანთა საქმიანობებს.
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხნი შენი.
ანგელოზთა ხელებში მოიაზრებიან ადამიანთა მცველი ძალები. აღგიპყრან (ხელში აგიყვანენ), ანუ შეგეწევიან განსაცდელისა და ძნელბედობის ჟამს, რათა ქვას არ წამოჰკრა ფეხი. ქვაში კი შესაძლებელია იგულისხმებოდეს ყოველგვარი ცოდვა და სათნოებებისადმი ყოველგვარი დაბრკოლება, და ბოლოს, ფეხი ქცევაა ადამიანისა, რომლითაც აღვასრულებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
ღვთის შეწევნით დამკვიდრებულო, ვერ მიგეახლება ვერანაირი შხამიანი არსება, როგორც ეს ცხადყვეს წმინდანებმა, რომელთა ცხოვრებაც ვიცით მათივე ცხოვრებათა აღწერილობიდან. შხამიან არსებებზე სლვასა („ზედა ხვიდოდი“) და დათრგუნვაში დავითი მოიაზრებს ბოროტზე გამარჯვებას. ასპიტში იგულისხმება ცილისწამება, რომელსაც ცილისმწამებელი გადმოანთხევს ხოლმე ადამიანების ყურში. ვასილისკო კი შურს გამოხატავს, რამეთუ, როგორც ვასილისკოს თვალებშია ზიანი, ასევე შურიც მხოლოდ თვალებით აყენებს ზიანს მათ, ვისიც შურთ. ლომი შეუბრალებლობაა და არაადამიანურობა. ვეშაპი გულისხმობს მძვინვარებას. ყველაფერს ამას ძლევს მართალი და არ მიიღებს მათგან არავითარ ზიანს. და ასევე, დემონიც ასპიტია, ვასილისკოა, ლომია, და ვეშაპია, რადგან ამ არსებათა მსგავსად, მასაც იგივე ბოროტი თვისებები აქვს.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი...
რადგანაც წინასწარმეტყველმა აღუთქვა ღვთის შეწევნით დამკვიდრებულს ყოველგვარი მხეცის დათრგუნვა, ახლა უფალს წარმოაჩენს როგორც ზემოთქმულის მარწმუნებელს და მასწავლებელს, თუ როგორია ღვთისადმი სასოების ჯილდო და ნაყოფი. უფალი ამბობს: რადგანაც ჩემი შეწევნით დამკვიდრებული სასოებდა ჩემს მომართ, ამიტომაც განვარიდებ მას ყოველგვარ საშიშროებას.
და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
მკითხველო, შენიშნე, თუ რატომ თქვა ღმერთმა: რამეთუ იცნა სახელი ჩემი? ეს იმიტომ, რომ ღვთის არსება შეუძლებელია ადამიანმა შეიცნოს. ხოლო ღვთის სახელის შეცნობა ძალუძს არა მას, ვინც მხოლოდ იცის, ვინ არის ღმერთი, არამედ მას, ვინც ღვთისადმი შესატყვის მიმართებაშია, ანუ ის, ვინც დიდი და საშინელი ღვთისადმი, მისი ღვთაებრივი მცნებებისადმი მორჩილებაშია.
15. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
ჩემდამი მსასოებელი, ამბობს უფალი, მომმართავს მე და გავიგონებ მისას, რადგან ის არ მომთხოვს ჩემი ღვთაებისადმი რაიმე უღირსს. ყოველი განსაცდელისას (ჭირისას) ვიქნები მისი შემწე, როგორც ვიყავი უწინ მხურვალე ღუმელში სამ ყრმასთან ერთად, ასევე - მოწამეებთან მათი ტანჯვისას. ყოველგვარი საჭიროებისაგან გავათავისუფლებ ჩემდამი მსასოებელს, და არა მხოლოდ გავათავისუფლებ, არამედ განვადიდებ მას და გავხდი ცნობილს ჩემი სიახლოვის გამო.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.
თუ ჩემდამი მსასოებელი, ამბობს უფალი, მთხოვს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ვუბოძებ მას. ანუ დღეგრძელობაში მოიაზრება საუკუნო ცხოვრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია გრძელი დღე, როგორც დაუსრულებელი და განუწყვეტელი.