მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

ფსალმუნთა წიგნისათვის

 

წმინდა წერილის ყველა წიგნი ღვთივშთაგონებული და სასარგებლოა (2 ტიმ. III, 16). რამდენადაც იგი სული წმიდისაგან დაიწერა, მასში, ვითარცა სულთა საერთო საკურნებელში, ყგელა ადამიანს შეუძლია შეარჩიოს წამალი განსაკურნავად საკუთარი სატკივარისა. წინასწარმეტყველები სხვა გზით გვასწავლიან, მემატიანენი – სხვა გზით; ერთნი სჯულით გვმოძღვრავენ, ხოლო მეორენი –– იგავურად შემოთავაზებული შეგონებებით. ფსალმუნთა წიგნს კი ყველასაგან აქვს აღებული ის, რაც სასარგებლოა. იგი წინასწარ მეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთო საგანძურია კეთილ მოძღვრებათა, გულმოდგინე გამომეძიებელი იმისა, თუ თითოეულისათვის რა იქნება სასარგებლო. იგი კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ. ამასთან, ადამიანში იგი წარმოშობს რაღაც მშვიდ სიამოვნებასა და ტკბობას, რომელიც გონებას უმანკოს ხდის.


სული წმიდამ იცოდა, რომ ძნელია კაცთა მოდგმის წაყვანა სათნოებისაკენ და რომ ჩვენ სწორი ცხოვრება არ გვიზიდავს ტკბობისაკენ მიდრეკილების გამო. და როგორ მოიქცა? მოძღვრებას მელოდიის სიტკბოება შეუერთა, რათა იმასთან ერთად, რაც სმენას ნაზად ეალერსება და ატკბობს, შეუმჩნევლად მიგვეღო სიტყვათაგან სასარგებლონიც. ასე იქცევიან ბრძენი ექიმები, რომელნიც მწარე წამალს იმათ, ვისაც მისი დალევა ეზარებათ, თაფლწასმული თასით აძლევენ.


მწყობრად მელოდიური ფსალმუნები ჩვენთვის შეითხზა, რათა ასაკითაც ყრმებსა და ხასიათითაც ჩვილებს ქფიქრათ, რომ მხოლოდ მღერიან, სინამდვილეში კი სულიერად განსწავლულიყვნენ. დაუდევარნი ბრბოდან ისე მიდიან აქედან, რომ იშვიათად თუ ვინმეს ახსოვს მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მცნებანი, ფსალმუნთა სტრიქონებს კი სახლებშიც მღერიან და სავაჭრო მოედნებზეც წარმოთქვამენ. თუკი ვინმე რისხვისაგან გამხეცებული სმენას ფსალმუნით დაიტკბობს, მსწრაფლ მოახერხებს სულის მოთვინიერებას მელოდიით.


ფსალმუნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, იგი აწყნარებს ამბოხებულსა და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს; ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონზე მოყავს თაგშეუკავებელი. ფსალმუნი აკავშირებს მეგობრებს, აერთიანებს განშორებულებს, არიგებს მტრებს, რადგანაც ვის შეუძლია კვლავ მტრად ჩათვალოს ის, ვისთან ერთადაც ღვთისთვის გალობა აღუვლენია? ასე რომ, სათნოებათაგან უდიდესი – სიყვარული, ფსალმუნთა გალობის შედეგად იბადება, მოიფიქრა რა მან კაცთა შესაკავშირებლად ბორკილთა ნაცვლად ერთად გალობა და გააერთიანა რა ისინი ერთ შეთანხმებულ ქოროში. ფსალმუნი თავშესაფარია დემონთაგან და ანგელოზთა მოხმობაა შემწეობისათვის. იგი იარაღია ღამეული შიშის წინააღმდეგ, დასვენებაა ყოველდღიური შრომისაგან, დამცველია ყრმათა, სამკაული ჭაბუკთა, ნუგეშია მოხუცთა, ყველაზე შესაფერისი მორთულობაა ქალთათვის.


ფსალმუნი მარტოობას დევნის უდაბნოდან და გონზე მომყვანი წმიდა ადგილად აქცევს სავაჭროებს. ვინც ახლა იწყებს, მისთვის ანბანია, ვინც უკვე გზას ადგას - გაზრდა ცოდნისა, სრულყოფილთათვის კი - საყრდენი. ფსალმუნი ხმაა ეკლესიისა, იგი განაბრწყინებს დღესასწაულებს და ღვთისთვის სასურველ სევდას ბადებს, რადგანაც ცრემლებს თვით ქვის გულისგანაც კი გამოწურავს. ფსალმუნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური მმართველობა, კეთილსურნელება სულისა. ბრძნულია ჩანაფიქრი მასწავლებლისა, რომელმაც მოიფიქრა, რომ სასარგებლო სიმღერით გვესწავლა. მისი მეშვეობით მოძღვრებანი უკეთ აღიბეჭდებიან სულში, რადგანაც იძულებით ნასწავლი დიდხანს არ შეგვრჩება, ხოლო ის, რაც კმაყოფილებითა და სიამოვნებითაა მიღებული, ჩვენს სულში ფესვს მტკიცედ გაიდგამს.

არის კი ისეთი რამე, რასაც ეს წიგნი არ გვასწავლის? იქნება ეს სიდიადე სიმამაცისა, სიმკაცრე სამართლიანობისა, სილამაზე კეთილგონიერებისა, სინანული, ზღვარი მოთმინებისა და საერთოდ, ყოველი, რასაც კი სათნოებათაგან დაასახელებ. აქ არის სრულყოფილი ღვთისმეტყველება, წინასწარმეტყველებ ქრისტეს ხორციელად მოსვლის თაობაზე, ძრწოლა სამსჯავროს წინაშე, სასოება აღდგომისა, შიში სასჯელისა, აღთქმა დიდებისა, გახსნა საიდუმლოთა. ვითარცა ერთ დიდსა და საერთო საგანძურში, ყოველივე ეს ფსალმუნთა წიგნშია დაუნჯებული, რომელსაც წინასწარმეტყველმა მრავალი მუსიკალური საკრავიდან ფსალტირი შეურჩია, რითაც ჩემი აზრით, მიგვანიშნა, რომ მადლი მას ზემოდან, სული წმიდისაგან მიეცა, რადგანაც

იგი ერთადერთი მუსიკალური საკრავია, რომელიც ხმებს ზემო ნაწილიდან გამოსცემს, კითარასა და ლირაში სპილენძი ქვემოთა ნაწილში ჟღერს ხელის დარტყმისას, ხოლო ფსალტირში მწყობრი რიტმების წყარო ზემო ნაწილია, რათა ჩვენც სიმაღლეზე ვიზრუნოთ და მელოდიის სიტკბოებამ ხორციელი ვნებებისაკენ არ მოგვიწოდოს. ამასთან, ვფიქრობ, რომ წინასწარმეტყველის სიტყვამ თვით ინსტრუმენტის აგებულებითაც კი ღრმად და ბრძნულად გვასწავლა, რომ მშვენიერსა და ჰარმონიულ სულებს ადვილად შეუძლიათ ასვლა სიმაღლეზე.