მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

წმ. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნნი და მათი კითხვის მნიშვნელობა

 

ებრაელთა დიდებული მეფისა და წმინდა წინასწარმეტყველის, მგალობელისა და ღვთის მადიდებლის დავითის კალამს ეკუთვნის უკვდავი ნაწარმოები „ფსალმუნნი“, რომლის სახელწოდებაც წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „ფსალმოს“ – ვგალობ, - საგალობელი. ასე რომ ეს სახელწოდება ბერძნული წარმოშობისაა.


ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა. დავითი ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, – გაეცლებოდა ბოროტი სული მეფეს (1 მეფ. 16, 23).


დავითი, უმცროსი ვაჟი იესე ბეთლემელისა, მამის ფარას მწყემსავდა. იგი არ გამოირჩეოდა ფიზიკური ახოვანებითა და გარეგნული მოხდენილობით, მაგრამ მის გამბედაობაზე და მედგარ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ მას არაერთხელ, მარტოდ-მარტოს მოუკლავს ისეთი დიდი ნადირები, როგორიცაა დათვი და ლომი.


დავითი არ შეუშინდა ფილისტიმელი მეომრის ფიზიკურ ძალასა და გოლიათურ აღნაგობას. კბილბამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იგი შურდულით გადის ბრძოლის ველზე. ღმერთზე მინდობილი სასტიკად ამარცხებს მოწინააღმდეგეს და ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს.


აქედან იწყება დავითის აღზევება ერის თვალში, მაგრამ ამ წარმატებამ მას საულ მეფე შურის ნიადაგზე მოსისხლე მტრად წაჰკიდა. იგი გაურბის მეფის მრისხანებას და მიუხედავად იმისა, რომ მიეცა კიდეც ხელსაყრელი შემთხვევა მოეკლა უსამართლოდ გადაკიდებული მეფე, მან ეს არ გააკეთა, რადგანაც მისი ბუნება რაინდულია და ღვთისმოშიში.


გავიდა დრო და საულ მეფეს ერთ-ერთ ბრძოლაში კლავენ, რის შემდეგაც ისრაელის მეფედ გვევლინება დავითი. ასეთი დიდების მიუხედავად იგი სულიერად მგრძნობიარე, მომთმენი და თავმდაბალია: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“ (ფს. 27, 7), ამბობს ესოდენ დიდებული მეფე. მისი სიბრძნე და ღრმა სულიერი ჭვრეტა ანცვიფრებს მკითხველს. არ არსებობს ცხოვრებისეული შემთხვევა, რომ ფსალმუნი არ ესალბუნოს მას. მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს ამხნევებს და იმედის სხივს ჰფენს, მედიდურსა და გაამპარტავნებულს აფრთხილებს და საკუთარ უსუსურობაზე მიუთითებს, ურწმუნოს ღვთის რწმენას უღვივებს. გულქვას მოყვასის სიბრალულს ასწავლის, ბოროტების ერთადერთ მკურნალად სიკეთეს გვისახავს, ბედნიერ ადამიანს ღვთის მადლიერების გრძნობას უღვიძებს, ცოდვილს – სინანულს. ფსალმუნი ის წამალია, რომელიც ადამიანის ყოველგვარ სულიერ ავადმყოფობას კურნავს, თუკი ჯეროვნად მოვიხმართ მას.


ფსალმუნი არა მარტო ლიტონი სიტყვებით გვასწავლის, არამედ მრავალგვარად სარწმუნოდ გვიყოფს კიდეც თავის აზრს. მისი ენა თავდაპირველად შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ როცა შევეთვისებით, იგი ძალიან მარტივი და თითქმის ყველასთვის გასაგებია. ბავშვი ზღაპრული უბრალოებით კითხულობს, ხოლო მოხუცი გამოცდილებისეული სიბრძნით. ფსალმუნის თხრობის სტილი ლაკონურია და საინტერესო. მას ხან ეგვიპტის უდაბნოში გადავყავართ, ხან ქანაანის აღთქმულ ქვეყანაში. მისი აზრი ხან ციურ პლანეტებს წვდება, ხან მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. იგი ხან ადამიანის ფსიქიკაში ღრმავდება, ხანაც კეთილ და ბოროტ სულთა ბუნებაზე საუბრობს. ფსალმუნის უმთავრესი საგალობელია ღმერთი – დაუსაბამო, უკვდავი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის გამგებელი, ყოვლისშემქმნელი, გულმართალი, მართლმსაჯული, სახიერი (კეთილი), მრავალმოწყალე, ბრძენი, საშინელი, კაცთმოყვარე.


რაც უფრო ვუკვირდებით ფსალმუნის სულიერ სიღრმეს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი ავტორი არ შეიძლება იყოს მარტოოდენ ადამიანი. ეს ესეც არის, რადგან დავითი ფსალმუნებს წერს ღვთის შთაგონებით, რაც გვიდასტურებს, რომ ფსალმუნი სული წმიდის ნამეტყველევი არის.


წმიდა იოანე ორქოპირი ბრძანებს: „უფრო ადრე მზე დაიცლება ბრწყინვალებისაგან, ვიდრე ფსალმუნი ამოკითხვით“. მისივე სიტყვებია: „დიდ სარგებელ არიან სწავლანი ფსალმუნთანი, რამეთუ საღმრთო წერილნი ყოველნივე კეთილ არიან და განმდევნელ ეშმაკთა, არამედ არა ეგრე ვითარცა ფსალმუნნი“. ე.ი. იოანე ოქროპირის აზრით, წმინდა წერილის წიგნთა შორის სულისათვის ყველაზე სასარგებლო ფსალმუნთა კითხვააო.


წმინდა ბასილი დიდის თქმით: „არა რომელიმე ერთი სხუათა წიგნთაგანნი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარცა ფსალმუნთა წერილი, რამეთუ ფრიად მარგებელ არს სულისა და განმწმედელ გონებისა“. ბასილი დიდი თქმითვე, ფსალმუნნი საშინლად სწყევს ეშმაკთა და შეაძრწუნებს მათ მანქანებს. ეს არის მეფეთა და დიდებულთა ძლიერება. ეს არის მხედართა სიმხნევე და გამბედაობა. ისეთი დიდი მამა, როგორიც არის ბასილი, ჩამოთვლის: „ხოლო სხუანიც ღვაწლნი ფრიად მარგებელ არიან, მარხუა, გინა მუხლთადრეკანი, არამედ არა ეგრე ვითარცა აღმოკითხვა ფსალმუნთა ამათ“.


მრავალი ბერი და მონაზონი იღვწის ღვთის წინაშე, მრავალი ასკეტი განმარტოვებულია უდაბნოში და დაუტოვებია ეს ქვეყანა, მაგრამ არც ერთ მათგანს თავისი მოღვაწეობა არ წამოუდგენია ფსალმუნთა გარეშე.


ნეტარი ავგუსტინე გადაგვიშლის ფსალმუნთა სულის საოხებელ მარგალიტებს. იგი ამბობს: ფსალმუნნი არის სიწმინდისა და სიხარულის შესამოსელი, მომნიჭებელი სულიერი ღვაწლისა, დამაცხრობელი რისხვისა, დამცველი მცნებისა და დამამტკიცებელი სჯულისა, მოწყალების გულის გამხსნელი და ბოროტ გულისთქმათა აღვირი. ამპარტავანთა დამამდაბლებელი, თავმდაბალთა მწყალობელი, ღვთის დაუღალავი მადიდებელი და მარადიული სიბრძნის წყარო, ღვთის საიდუმლოთა განმმარტებელი.


საეკლესიო ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება იმის მაგალითი, რომ ამა თუ იმ მოღვაწეს ზეიპრად სცოდნია ფსალმუნნი, მარიამ ეგვიპტელს კი ღვთის ანგელოზმა შეასწავლა ფსალმუნთა გალობა უდაბნოში ყოფნის დროს.


მრავალ ცოდვილს სმენია ფსალმუნის მომაჯადოებელი სიტყვები, ღვთის შემწეობით უარუყვია თავისი უღმრთო ცხოვრება და ღვთის სამსახურსა და მცნებებით მოღვაწეობას შედგომია.


მამა რევაზი (სიხარულიძე), ჟურნალი „წყარო“ N17, 1993 წ. იანვარი