მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

მიცვალებულთათვის ფსალმუნთა კითხვის დროსაც ვადიდებთ უფალს,
ღმერთი კი გარდაცვლილის სულს შეეწევა

 

ფსალმუნები მიცვალებულთათვის იკითხება. ფსალმუნთა კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში. "ფსალმუნთა" წიგნის დასრულების შემდეგ კითხვა კვლავ თავიდან იწყება. ყოველი დიდების შემდეგ ითქმის სპეციალური სულის მოსახსენებელი ლოცვა "სულის ხორციდან ამოსვლის შემდგომ საკითხავიდან": "წმიდათა თანა განუსვენე..."

მიცვალებულთათვის ფსალმუნების კითხვის წესი ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს: წარმართებისა და იუდეველებისგან დევნილ ქრისტიანებს ნებისმიერი ქრისტიანული წესის აღსრულება ფარულად, უმეტესწილად ღამით უხდებოდათ. გარდაცვლილი ქრისტიანის ნეშტი დიდი სიფრთხილით გადაჰქონდათ კატაკომბებსა და სხვა უსაფრთხო ადგილას, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ფსალმუნებს უკითხავდნენ, დილით კი მიწას მიაბარებდნენ.

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- არსებობს ლოცვები, რომლებიც იკითხება ამა თუ იმ შემთხვევაში, მაგრამ ფსალმუნებს ნებისმიერ დროს ვლოცულობთ. "ფსალმუნნი" ღვთის სადიდებელ ლოცვათა კრებულია. ამ საგალობელთა ლოცვით რაიმე კონკრეტულს კი არ შევთხოვთ უფალს, არამედ ვადიდებთ მას. როდესაც შემოქმედს ვადიდებთ, უფალი სანაცვლოდ ჩვენს გარშემო არსებულ ნებისმიერ პრობლემას აგვარებს.

მიცვალებულთათვის ფსალმუნთა კითხვის დროსაც ვადიდებთ უფალს, ღმერთი კი გარდაცვლილის სულს შეეწევა. ფსალმუნების კითხვა უდიდეს შვებას ჰგვრის მიცვალებულის სულს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როცა მიცვალებულთათვის ფსალმუნთა კითხვას ჩაეყარა საფუძველი, ქრისტეს მიმდევრები არც წარმოთქვამდნენ სხვა ლოცვებს, რადგან წინასწარმეტყველის მიერ დაწერილი უძველესი ფსალმუნები ჰქონდათ. ნებისმიერი მსახურება ფსალმუნებზე იყო აგებული.

მიცვალებულთათვის ფსალმუნები თანმიმდევრულად იკითხება. როდესაც კითხვას დავასრულებთ, კვლავ თავიდან ვიწყებთ. ასე გრძელდება ორმოცი დღის განმავლობაში, აუცილებლად მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და მისი მითითებების გათვალისწინებით. ყოველ კერძო შემთხვევაში მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, რა პრინციპით ვილოცოთ ფსალმუნები გარდაცვლილთათვის.

"ფსალმუნთა" წიგნი 150 ფსალმუნისგან შედგება. ვიდრე ბოლომდე ჩავალთ, პირველი ფსალმუნი უკვე ახალი ხდება, ამიტომ მათი ხელახლა გამეორება უფრო გვიადვილდება.

- ზოგჯერ გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები ფსალმუნთა კითხვაში თანხას იხდიან - მკითხველთა ჯგუფი მიცვალებულს ე.წ. დაუძინებელ ფსალმუნებს უკითხავს...

- ცხადია, ღმერთი ასეთ ლოცვასაც ისმენს და მის სანაცვლოდ შეეწევა გარდაცვლილის სულს, მაგრამ გაცილებით მეტი ძალა ჭირისუფალთა ლოცვას შესწევს, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ყველაზე მეტად შესტკივათ გული. ახლობლებმა გულისტკივილი მწუხარებით კი არა, ლოცვით უნდა გამოხატონ.

- როგორ ვითარებაში არ არის მიზანშეწონილი გარდაცვლილისთვის ფსალმუნთა კითხვა?

- ფსალმუნები არ იკითხება მოუნათლავთათვის, ღვთის მგმობელთა და თვითმკვლელთათვის. მათ საკუთარი თავისუფალი ნებით გააკეთეს არჩევანი - არ აღიარეს უფალი. ვინც სიცოცხლეში არ აღიარებდა ღმერთს, მისთვის ლოცვის უფლება ეკლესიას არ აქვს. ვერც სარგებელვეყოფით მათ სულს. ასეთ ადამიანებზე არც ერთი საეკლესიო წესი არ აღესრულება.

- გარდაცვალებიდან მე-3, მე-9 და მე-40 დღეს სასურველია მე-17 კანონის კითხვა. მასში მხოლოდ 118-ე ფსალმუნი შედის. მე-17 ფსალმუნი იკითხება წესის აგების დროსაც. რაიმე განსაკუთრებული ძალა და მნიშვნელობა ხომ არ აქვს მას?

- მე-17 კანონი ღამისთევაზეც იკითხება. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, არც დავით წინასწარმეტყველს დაუწერია საგანგებოდ მიცვალებულთათვის. მაგრამ რადგან ყველაზე ვრცელია, ამასთანავე, ღამისთევის ლოცვაზეც იკითხება, თავისთავად, პანაშვიდის აღსრულებისასაც ლოცულობდნენ, რადგან ძველად მიცვალებულს ღამით ასვენებდნენ ტაძარში და პანაშვიდიც სწორედ ღამისთევით ტარდებოდა. აქედან მომდინარეობს მიცვალებულთათვის მე-17 კანონის კითხვის ჩვეულება.

P.S. მე-17 კანონს (118-ე ფსალმუნს) მოსახსენებელი, საღვთისმეტყველო წიგნებში კი "უბიწონი" ეწოდება, ფსალმუნის პირველი მუხლის სიტყვების მიხედვით: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა..."

საეკლესიო გარდამოცემით, საიდუმლო სერობის აღსრულების შემდეგ იესო ქრისტე და მისი მოციქულები სწორედ ფსალმუნების გალობით გაემართნენ ზეთისხილის მთისკენ. "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი" - ამ მუხლს ვნებისა და ხორციელი სიკვდილისკენ მიმავალი უფალი საკუთარ თავს უგალობდა, ამიტომაც მე-17 კანონის ეს მუხლი ყოველთვის იგალობება დაკრძალვისას.

განსაკუთრებული მოხსენიების დღეებში იკითხება მთლიანი კანონი: 1-ლი, მე-2, მე-12, 22-ე, 29-ე, 37-ე, 58-ე, 66-ე, 72-ე,
73-ე და 88-ე მუხლების შემდეგ წარმოითქმის: "მოიხსენე, უფალო, სული მონისა ან მხევლისა შენისა (სახელი)"; 92-ე და 93-ე მუხლები სამგზის მეორდება; 94-ე, 107-ე, 114-ე, 121-ე, 131-ე, 132-ე, 133-ე, 142-ე, 153-ე, 159-ე, 163-ე და 170-ე მუხლების შემდეგ წარმოითქმის: "განუსვენე, უფალო, სულსა მონისა და მხევლისა შენისა (სახელი)"; 175-ე და 176-ე მუხლები კი სამჯერ იგალობება.

ცხადია, მიცვალებულთათვის მე-17 კანონიც მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა ვიკითხოთ.

მართლმადიდებლური ინტერნეტ ჟურნალი „კარიბჭე"
ავტორი: შორენა მერკვილაძე
05.02.2009