მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

ფსალმუნთა შესახებ

 

ძველი აღთქმის წიგნებიდან უპირველესად ფსალმუნი უნდა ეთარგმნათ, ვინაიდან ძველი აღთქმის სწორედ ეს წიგნი ასრულებდა საღვთისმსახური მნიშვნელობის ძეგლის ფუნქციას. ამ წიგნს სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ: "დავითი" ან "დავითნი", "წიგნი ფსალმუნთა" ან "ფსალმუნი" და "საფსალმუნე". ფსალმუნის უძველესი თარგმანის არსებობას ადასტურებს V-VIII საუკუნეების არაერთი ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლი. `შუშანიკის წამების~ მიხედვით სავსებით თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უკვე 476-482 წლებში ძველი აღთქმის ეს წიგნი ხელთ უპყრიათ როგორც სასულიერო, ასევე საერო წრის წარმომადგენლებს. თუმცა კი აქვე დავძენთ, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ეპოქის ვერცერთმა ხელნაწერმა. ფსალმუნის ტექსტის ყველაზე ადრეულ დამოწმებას კი ვხვდებით VIII საუკუნით დათარიღებულ ხანმეტ ლექციონარში, რომლის ტექსტის გამოსცა და შეისწავლა აკ. შანიძემ და რომელიც ამჟამად დაცულია ავსტრიაში, გრაცის ბიბლიოთეკაში.


ფსალმუნის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ხელნაწერი IX საუკუნით თარიღდება. ეს არის ოდესღაც სინის მთის ქართული კოლექციის კუთვნილი და ამჟამად დაკარგული ნუსხა, რომლის რამდენიმე ფურცელი 1850 წელს პორფირე უსპენსკის წამოუღია სინიდან. ახლა კი ეს ფრაგმენტები ინახება პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ პეტერბურგული ფსალმუნი გადაწერილია პაპირუსზე, რაც იშვიათი მოვლენაა ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიაში.


ძველი ქართული თარგმანების შემცველი წიგნების თავისებურებას ისიც წარმოადგენს, რომ ადრეული რედაქციის ტექსტებს შორის საგულისხმო სხვაობებია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია თავად ფსალმუნის ტექსტის ისტორიისათვის, ვინაიდან იგი მიგვითითებს ძეგლის ჩამოყალიბების ისტორიაზე. ტექტებს შორის სხვაობებს, უდაოდ, განაპირობებს საეკლესიო პრაქტიკაში მათი ჩართვის რიტმი. მკვლევართა ვარაუდით, ფსლმუნის თავდაპირველი ვარიანტი უნდა შემოსულიყო ცალკეული ერთეულების სახით.


ფსალმუნთა რაოდენობა ქართული დავითნის ხელნაწერებში ყოველთვის ერთნაირი არ არის. X ს-ის ერთ-ერთ ხელნაწერში გვხვდება ას ორმოცდათერთმეტი ფსალმუნი, თუმც კი ეს არ არის ჩვეულებრივი რიგის მოვლენა ფსალმუნის ქართულ ხელნაწერებში.


ებრაული ფსალმუნი დაყოფილია ხუთ წიგნად, როგორც ჩანს, მსგავსი დაყოფა განპირობებულია მოსეს ხუთწიგნეულის "ხუმაშის" ანალოგიით. უძველეს ქართულ ფსალმუნში მსგავს დაყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქართველებისთვის ცნობილი ყოფილა ებრაული ფსლმუნის ხუთ წიგნად დაყოფა, რასაც ადასტურებს X ს-ის ქართული ხელნაწერი წიგნები: "მცხეთური დავითნის" დანართი, "შატბერდული კრებულის" "სასწავლო წიგნი". ამ დაყოფას აღნიშნავდა ეფრემ მცირე ფსალმუნთა თარგმანების შესავალში. ფსალმუნთა სათაურები ქართულ ტექსტებში ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც განპირობებულია ქართული თარგმანების დედნებად გამოყენებული ბერძნული ტექსტების მრავალგვარობით.


ძველი ქართული წყაროების მიხედვით ფსალმუნი ძველი აღთქმის სტიქერონ, ანუ მუხლედ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. ბიზანტიელი ავტორები: ეპიფანე კვიპრელი, ამფილოქე იკონიელი, გრიგოლ ნაზიანზელი ამ ტერმინებს იყენებენ ძველი აღთქმის სალექსო ზომებისათვის. ეს ტერმინები როგორც ბერძნულში, ისე ქართულშიც გულისხმობს ამ წიგნთა ებრაულ ორიგინალს და არა მის თარგმანებს.


ქართული ფსალმუნის რედაქციებს მუხლად დაყოფის ორი განსხვავებული სისტემა გააჩნია. "მცხეთის დავითნში" ტექსტი დაყოფილია მუხლებად, მაგრამ, ამავე დროს, მუხლებს გააჩნიათ საგანგებო სათვალავი, ნაჩვენებია თითოეული ფსალმუნისა თუ გალობის მუხლთა რაოდენობა (მიწერილია: აშიებზე, მუხლთა დასაწყისებთან და ბოლოში დაწერილია სინგურით ტექსტისაგან გამოყოფის მიზნით). ფსალმუნის ქართული ტექსტი დაყოფილია 2900 მუხლად (ამავე რიცხვს იძლევა ცალკეულ კანონებში შემავალი მუხლებიც). "იერუსალიმური" დაყოფა კი 4682 მუხლს შეიცავს. ძველი რედაქციათა დამუხვლა ახლო დგას კოსტანტინეპოლურ ფსალმუნთა დამუხვლასთან. ქართული ფსალმუნის ახალი რედაქციები უკავშირდება XI ს-ის ცნობილ მოღვაწე მწიგნობრებს: გიორგი მთაწმიდელსა და ეფრემ მცირეს.


ქართული ფსალმუნის ტექსტი არაა დაწერილი რითმული, პოეტური ლექსთწყობის ზომით, მაგრამ მას ვერც პროზაულ თხზულებად მივიჩნევთ (ისეთად როგორიცაა მაგალითად ოთხთავი). ქართულ ფსალმუნს აქვს ისეთი სტილისტური თავისებურებები, რომელიც ტექსტს სპეციფიკურ იერს ანიჭებს და მას რიტმულ პროზასთან აიგივებს, მაგრამ ეს თავისებურებანი დამახასიათებელია არაა მხოლოდ ქართულისთვის, არამედ სხვა თარგმანებისთვისაც, სადაც ასევე შენარჩუნებულია დედნისეული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანთა დიდი ნაწილი უშუალოდ ებრაულიდან არ მომდინარეობს (არც ქართული ფსალმუნის ებრაულიდან თარგმნაა დადასტურებული სამეცნიერო ლიტერატურაში).


ფსალმუნთა ქართული ნუსხები ლიტურგიკული დანიშნულებისაა. ამაზე მეტყველებს მათი შედგენილობაც: ქართული ფსალმუნის ყველა ძველი ხელნაწერი, გარდა საკუთრივ ფსალმუნის ტექსტისა, შეიცავს გალობებს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს A-38, რომელშიც ფსალმუნისა და გალობების გარდა, კიდევ სხვა თხზულებებიც შედის.


ბიბლიური გალობები ლიტურგიკული ფსალმუნის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და იგი, ქართულის გარდა, სხვაგანაც გვხვდება. ამდენად გალობათა თანმიმდევრობა და შედგენილობა მიანიშნებს მყარად ჩამოყალიბებულ ლიტურგიკულ ტრადიციაზე.


ქართული ფსალმუნი დაყოფილია კანონებად. უძველეს ფსალმუნებში კანონები აღნიშნულია სინგურით, მომდევნო ფსალმუნის ზედა-წარწერილის წინ; კანონის დასაწყისი მითითებულია ასევე ქანწილით, რომლის გამოყოფას გადამწერი სინგურის გამოყენებით ახერხებს. კანონი აღნიშნავს ტექსტში საკითხავად განკუთვნილ მონაკვეთს. კანონი ამ შემთხვევაშიც იგივეა, რაც კათისმა. კანონების შიგნით ტექსტს ანაწილებს "დიდება", რომელიც სამ-სამია თითოეულ კანონში.