მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 76


ფსალმუნის სათაურია "დასასრულსა, იდუმისთვის, ფსალმუნი ასაფისათვის". იდუმი და ასაფი ხშირად არიან მოხსენიებულნი ფსალმუნთა სათაურში. თანამედროვე ადამიანთა ნაწილი, რომელიც კრიტიკულად უდგება ეკლესიის ტრადიციებს და გადმოცემებს, თვლის, რომ ზოგიერთი ფსალმუნი იდუმისა და ასაფის დაწერილია. ცხადია, ასე არ არის. იდუმი და ასაფი იყვნენ იერუსალიმის ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელები. რა თქმა უნდა, ეს ფსალმუნიც და სხვა ფსალმუნებიც, სადაც იდუმი და ასაფი არიან მოხსენიებულნი, დავით წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი, მაგრამ იმისათვის, რომ მათ ეს ფსალმუნები ეგალობათ და ხალხისთვის გალობით გადაეცათ.

თავად ფსალმუნში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლისა და მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის შესახებ. მასში ასევე აღწერილია იმდროინდელი კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ვიგულისხმოთ ყველა იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობაც, რომელიც უფალს არის განშორებული. ფაქტობრივად, ფსალმუნი არის სულიერ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის ლოცვა და გვასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სულიერი განსაცდელის დროს, რა უნდა ქნას იმისათვის, რომ უფალი დაიბრუნოს.

1. "ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად ვყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედა მე" - ჩემი ბაგეებით ვლოცულობ და უფალმა მომხედა მეო, ბრძანებს დავითი. უფალი ყველა ადამიანს სწყალობს, ყველა ადამიანისთვის უნდა წყალობა, მაგრამ ღვთის წყალობას იღებს ის, ვინც ევედრება უფალს - საღვთო წყალობის მიმღებნი შევიქმნებით მაშინ, თუ ჩვენს გულებს და ჩვენს ბაგეებს ღვთისკენ მივმართავთ.

2. "დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ, წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა" - როდესაც გასაჭირში ჩავვარდი, ღმერთი გამოვიძიე, არა მარტო დღე, ღამეც ვლოცულობ, ღამითაც ვიხსენებ უფალსო. ღამე ღვთის გახსენება ნიშნავს დაუცხრომელ ლოცვას. როდესაც ასე ვლოცულობ, არა დავეცე, მაგრამ "წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა" - სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი იმ მდგომარეობის გამო, რაშიც მე ვიმყოფები. აქ უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის მოსვლამდე ძველი აღთქმის კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა. სწორედ ამ მდგომარეობას აღწერს დავითი, როდესაც ადამიანებმა, რჩეულმა ერმაც კი, ნელ-ნელა დაუტევა უფალი.

3. "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნვედ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი" - როდესაც ღვთის საქმეები გავიხსენე, რომლებიც უფალმა ადრე ქმნა, როგორ შეეწეოდა თავის ერს, სულიერად გავიხარე და იმედი მომეცა იმისა, რომ უფალი ახლაც ასე იზამს, როგორც ყოველთვის, ახლაც შეეწევა კაცობრიობას. მაგრამ როგორც კი ჩემი თავისთვის ვიზრუნე, ღვთის გარეშე დავრჩი და სულმოკლე მექმნა სულიო. როდესაც ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზე, ვფიქრობთ, რომ თავად შეგვიძლია შევეწიოთ ჩვენს თავს, ამით უფრო და უფრო მეტ განსაცდელში ვვარდებით. ხოლო თუ უფალს მივენდობით, მაშინ, რა თქმა უნდა, განსაცდელიდან უფალი გამოგვიყვანს.

4. "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" - სახმილავში აქ ღამე იგულისხმება, - უძილო შეიქმნა ჩემი თვალები, იმდენად მწუხარე იყო ჩემი სული, ღამითაც ვერ დავიძინე, თვალი ვერ მოვხუჭე. შეძრწუნებული ვიყავი და ვერაფერს ვიტყოდი - შეძრწუნებილი ვიყავი ჩემი სულიერი მდგომარეობით და არაფერს ვამბობდიო. წმინდა მამები გვასწავლიან, - როდესაც სული შეძრწუნებულია ჩვენი სულიერი მდგომარეობით და არაფერს ვამბობთ, აქ სიკეთე არაფერია, პირიქით, მოძღვართან უნდა ვთქვათ, შევინანოთ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.

5. "ვიგონებ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი" - სამყაროს შექმნის პერიოდს, რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდს და ყველა იმ საკვირველებებს, აურაცხელ სასწაულებს ვიხენებ, რომლებიც უფალმა აღასრულა და ამით სულიერი შვება მეძლევაო.

6. "მოიხსენე და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნვედ, და შეძრუნვებულ იყო სული ჩემი" - ღამე დაუცხრომლად ვლოცულობ, ვზრუნავ, მაგრამ როგორც კი ღვთის წყალობის იმედს მივატოვებ, თვითონ ვიწყებ ჩემს თავზე ზრუნვას, ჩემს გონებას იქით მოვმართავ, რომ საკუთარი ძალისხმევით შემიძლია ჩემს თავზე ზრუნვა, მაშინ კვლავ მთლიანად ძრწუნდება ჩემი სულიო.

7. "ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე" - რადგან ვიფიქრე, ისე ხომ არ მოხდება, რომ საუკუნოდ განმაგდოს მე უფალმა, ანუ ღვთის გარეშე დავრჩე, ჯოჯოხეთის კერპი გავხდე. უფალმა თავის სათნოებიდან რაიმე ნაწილი დამაკლოს, რაიმე ნაწილი არ მომცეს. სწორედ ეს მიძრწუნებს სულსო.

8. "ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლამდე?" - ისე ხომ არ ქმნა უფალმა, რომ თავისი წყალობიდან არაფერს აღარ გვაძლევს, ის ხომ არ აღასრულა, რასაც თაობიდან თაობამდე გვეუბნებოდაო. რას ეუბნებოდა უფალი იუდეველებს თაობიდან თაობამდე? - თუ არ შეინანებთ, საშინელ სასჯელებს და საშინელ განსაცდელებს მოგივლენთ, წყალობას აღარ ვყოფ თქვენზეო და მართლაც ეს ხომ არ შეასრულა უფალმაო, კითხულობს დავით წინასწარმეტყველი.

9. "ნუ და-მე-ივიწყო შეწყალებაი მისი ღმერთან, ანუ დააყენეს, მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?" - ხომ არ დაივიწყებს ღმერთი თავის წყალობას, იმას რომ მხსნელის მოვლინებას დაგვპირდა, რომელიც ადამიანებს სულიერი განსაცდელებიდან გამოიხსნიდა და ისე ხომ არ მოხდება, რომ უფალი წყალობას დააყენებს, წყალობას არ მოგვცემს და მხოლოდ ღვთის რისხვა იქნება ჩვენზეო. აქ დავით წინასწარმეტყველი იმას ბრძანებს, რომ როდესაც შეძრწუნებულია ჩემი სული, მაშინ ვფიქრობ ამასო. როდესაც სული შეძრწუნებულია, ადამიანის სული უფალთან არ იმყოფება და ამიტომ ბოროტისგან ათასგვარი აზრები მოსდის თავში. ამ გზით, დაცემული ანგელოზი ცდილობს, კიდევ და კიდევ, მეტად და მეტად შეაძრწუნოს ჩვენი სული.

10. "და ვთქუ: აწღა მიწყიეს, ეს არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი" - მაგრამ ვთქვი, ასე არ იქნება, ღვთის მარჯვენა განაახლებს ყველაფერსო, - ბრძანებს დავითი. ღვთის მარჯვენაში ღვთის განკაცება იგულისხმება, ანუ როდესაც უფალი მოვა, განხორციელდება, ყველაფერი განახლდებაო.

11. "მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი" - ღვთის საქმეები, ღვთის აღთქმა გავიხსენე, რომელიც უფალმა დასაბამითგან მოგვცა, რომ მოვიდოდა, განკაცდებოდა და ამ საშინელებიდან გამოგვიხსნიდა.

12. "და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე" - როდესაც შენი საქმეები, შენი საკვირველებანი გავიხსენე, უფალო, სულიერად განვიხარე და შენს დაბადებულებთან ვიწყე საუბარიო. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ღვთის დაბადებულია, მაგრამ ღვთის დაბადებულებში ღვთის მადიდებლები, ღვთის მცნებების აღმასრულებელი ადამიანები იგულისხმებიან.

13. "ღმერთო, წმინდასა შინა არს გზაი შენი; ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?" - წმინდა ხარ შენ უფალო, მხოლოდ და მხოლოდ სიწმინდე მოდის შენგან, მხოლოდ და მხოლოდ იქ ხარ, სადაც სიწმინდეა, არავინ არის სხვა ღმერთი, რომელსაც შეუძლია შენზე დიდი იყოს. ბოლო სიტყვები ნათქვამია არა პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოსდა სხვა ღმერთებიც არსებობდნენ და მათზე დიდია უფალი, არამედ ეს ნათქვამია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უამრავი ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში წარმართთა გაგებით, ღმერთები არა ღმერთები, არამედ უსულო კერპები იყვნენ. მათი კერპები იყვნენ ეშაკები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ადამიანები.

14. "შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი" - დავითი კვლავ აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს და ამბობს: შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც საკვირველებას იქმს - რომელსაც შეუძლია საკვირველებათა, ნამდვილი სასწაულების ქმნა, იმ სასწაულებისა, რომლებიც უფალმა უდიდესი სიმდაბლით აღასრულა - როდესაც განკაცნა, ხორციელად მოვიდა და თავისი მსხვერპლშეწირვით კაცობრიობა საშინელი განსაცდელისგან გამოიხსნა. შემდეგ დავით წინასწარმეტყველი უფლის მიმართ ამბობს: აუწყე ერთა შორის ძალი შენიო, - ქრისტე ხშრად მოიხსენიება, როგორც ძალა ღვთისა. მარჯვენა ღვთისა. ამ სიტყვებით აქ ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცების შესახებ. უფლის განკაცებაზეა საუბარი.

15. "და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი" - დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს, - უფალო შენი მკლავით, შენი განკაცებით იხსენი შენი ერი, - ისრაელის ერი, იაკობისა და იოსების შვილებიო. იაკობისა და იოსების შვილებში და ისრაელის ერში იგულისხმებიან არა მარტო იუდეველები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისაც მაცხოვრის განკაცების და მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლის სწამს.

16. "გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი" - წყლებში უნდა ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზები, რომლებმაც იხილეს რა უფალი, შეძრწუნდნენ და შეეშინდათ, შიშითა და ძრწოლვით უფსკრულიც კი შეიძრა, - მთელი ბოროტება შეიძრა და განხეთქილ იქმნაო.

17. "დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან" - დაცემული ანგლოზები საშინლად გამწარდნენ იმის გამო, რომ მათი მეუფება დაემხო. "ხმაი მოსცეს ღრუბელთა", - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ღრუბლებში უნდა ვიგულისხმოთ მოციქულები. როგორც ღრუბლები იცავენ სიცხისგან დედამიწას, ასევე დაიცვა მოციქულთა სწავლებამ ადამიანები კერპთმსახურების სიცხისა და სულიერ უდაბნოდ ქცევისგან.

18. "ხმაი ქუხილისა შენისაი ურმისა თუალისა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი" - შენი ქუხილის ხმა, ანუ შენი ქადაგების ხმა, შენი სწავლების ხმა მთელს ქვეყნიერებაზე, ყველა ადამიანზე გამოჩნდა, შენი ელვარება, - შენი განკაცება ყველამ გაიგო, შეიძრა და შეძრწუნდა ქვეყანა. ეს იყო სიკეთისკენ შეძვრა, რადგან თუ მთელი ქვეყნიერება კერპთმსახურებისაკენ იყო მიდრეკილი და კერპთმსახურებაში იყო ჩაფლული, შეიძრა ქვეყანა და მთელი ქვეყნიერება კერპთმსახურებიდან ღვთის მადიდებლობისაკენ შემობრუნდა.

19. "ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ" - ზღვაში და წყალში აქ ადამიანები, კაცობრიობა, მიწიერება იგულისხმება. წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ ყველგან არის ღვთის სიტყვა, ყველგან არის ღვთის ხელი, - არა მარტო მიწაზე, არამედ წყალზეც, მაგრამ ისევე როგორც წყალზე არ ჩანს კვალი, ასევე ვერ ნახულობს ღვთის კვალს ხილულ სამყაროში ურწმუნო ადამიანი, ურწმუნოთათვის ღვთის ნაკვალევი საცნაური არ არის სამყაროშიო.

20. "უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აარონისითა" - უფალო, როგორც ცხვრებს ისე უძღოდი შენს ერს მოსეს და აარონის ხელით და როგორც მოსეს და აარონის ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტიდან, ასევე გამოიყვანე შენი განკაცებით წარმართობის სულიერი ეგვიპტიდან შენი ერი, შენი მიმდევრები და როგორც მოსეს და აარონის ხელით მიიყვანე ისრაელის ერი აღთქმულ ქვეყანაში, ასევე დააბრუნე შენი გამომხსნელი მსხვერპლით ადამიანები შენთან, სასუფეველშიო.