ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)
ფსალმუნი 71
ფსალმუნის სათაურია "სოლომონისათვის ფსალმუნი". აქ არ იგულისხმება, რომ ეს ფსალმუნი უშუალოდ სოლომონისათვის არის მიძღვნილი, ან სოლომონის საქმეებზეა დაწერილი. ვიცით, რომ სოლომონი იყო კაცთა შორის უბრძნესი და ამიტომ სიმბოლურად სოლომონი შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეს, რამეთუ ჭეშმარიტი სოლომონი, ანუ ჭეშმარიტი ბრძენი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური სიბრძნე ვერ შეედრება, ეს არის უფალი და სწორედ ფსალმუნიც არის წინასწარმეტყველება ღვთის განკაცებისა და იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა უფალმა ჩვენი ხსნისათვის.
1. "ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა", - სასჯელი, ადამიანთა და საერთოდ, მთელი სამყაროს განსჯა მოცემული აქვს ძე ღვთისას, იესო ქრისტეს. მეუფე და ძე მეფისაი - ორივე შემთხვევაში იგულისხმება ქრისტე, ასევე ის, რომ ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი. ერთ ჰიპოსტასში არის ორი სრულყოფილი ბუნება, ღმერთი და კაცი. მამები გვეუბნებიან, რომ "მეუფე და ძე მეუფისა"-ში იგულიხმება ღმერთი და კაცი.
2. "განსაჯედ ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით" - სამსჯავრო მიცემულია ქრისტესთვის, რათა თავისი სიმართლით განსაჯოს ერნი და გლახაკნი. რას ნიშნავს სიმართლით განსჯა? - შეიძლება ვიფიქროთ, რომ განსჯა მხოლოდ სასჯელს ნიშნავს. განსჯა ნიშნავს შეწყალებასაც. ღვთის განსჯა უპირველესად არის შეწყალება. აქ უწინარესად სწორედ ღვთისგან ადამიანთა მოდგმის შეწყალება იგულისხმება.
3. "მიიღეთ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე" - ძე ღვთისას, მაცხოვრის მოსვლით მთელ ქვეყანაზე მშვიდობა და სიმართლე მოივლინაო, - წინასწარმეტყველურად ბრძანებს დავითი. ეს არ ნიშნავს, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ მიწაზე მარტოდენ მშვიდობამ და სიმართლემ დაისადგურა და ბოროტება აღარ არის, მაგრამ ადამიანებს სიმართლე ეუწყათ, მშვიდობისაკენ, მარადიულ მშვიდობაში მიმავალი გზა გაეხსნათ. სწორედ ამას წინასწარმეტყველებს დავითი.
4. "განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილის მწამებელი" - ხოლო უფალი შეეწიოს გლახაკებს და აცხოვნოს "ნაშობნი დავრდომილთაი". გლახაკებში იგულისხმება სულიერად დაგლახაკებული კაცობრიობა, უპირველესად ისრაელიანები, რომლებიც იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები, მაგრამ სულიერად დაგლახაკებულნი, თავიანთი სწავლების არასწორად გაგების გამო. "ნაშობნი დავრდომილთანი" არიან წარმართები. უფალი შეეწევაG"გლახაკებს" და აცხოვნებს "დავრდომილთა ნაშობთ", წარმართებს და დაამდაბლებს ცილის მწამებელთ - აქ უნდა ვიგულიხმოთ ბოროტი ძალების, დაცემული ანგელოზების დამდაბლება, რომ მათ ხელმწიფება აღარ აქვთ ადამიანებზე.
5. "და თანა-ეგოს მზისა და თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას" - მზის და მთვარის წინაშე - სანამ სამყარო იარსებებს, მანამდე იქნება ადამიანთა გამოხსნაო, ბრძანებს დავითი წინასწარეტყველურად. როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, მან გამოიხსნა კაცობრიობა, მაგრამ მეორედ მოსვლამდე, ვიდრე მზე და მთვარე იარსებებს, მანამდე იქნება ადამიანთა გამოხსნა, ადამიანთა ცხონება და განმზადება სასუფევლისათვის, ხოლო მას შემდეგ, რაც მზე და მთვარე აღარ იქნება, დადგება მარადიულობა, აღარ იქნება ხილული საყარო, თავისთავად აღარ იქნება ცხონებისკენ მიმავალი გზა, იმის გამო, რომ ამ პერიოდისათვის საბოლოოდ მოხდება განყოფა ბოროტებისა და სიკეთისა და ის ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ ის მდგომარეობა, რომელშიც დღევანდელი კაცობრიობა იმყოფება, აღარ იარსებებს, როდესაც ადამიანები თავისი ცხოვრებით ან დაემკვიდრებიან უფალთან, სასუფეველში, ან არ დაემკვიდრებიან. რა თქმა უნდა, ადამანებს შემდეგაც ექნებათ არჩევანი, ანუ თავისუფალი ნება, მაგრამ იმდენად მტკიცენი იქნებიან თავიანთ თავისუფალ ნებაში, რომ ერთნი სამარადისოდ სასუფეველში მოხვდებიან, მეორენი სამარადისო სატანჯველში.
6. "გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი, რაი ცურიან ქუეყანასა ზედა" - როგორც ცხვრის ტყავზე დაცემული წვიმა და წვრილი წვიმა, რომელსაც არავითარი ხმა არ აქვს, ასე იქნება მაცხოვრის მოსვლაო, წინასწარმეტყველებს დავითი. მართლაც, როდესაც მაცხოვარი განკაცდა და მოვიდა, ეს არ იყო უფლის დიდებით მოსვლა. უფალი ჩუმად მოვიდა, უხმაუროდ უქადაგა კაცობრიობას. შემდეგ მოსდეს უფალმა და მისმა მოწაფეებმა მთელ კაცობრიობას ღვთის სიტყვა. ხოლო როდესაც უფალი მეორედ მოვა, ყველა მეყსეულად გაიგებს ამას, ის მოვა არა მშვიდად და წყნარად, არამედ დიდებით.
7. "გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე" - მისი სიმართლე და მისი მშვიდობა მოავლინოს დედამიწაზე უფალმა ვიდრემდის მთვარე დაბნელდესო, ანუ მეორედ მოსვლამდე მოავლენს უფალი თავის მშვიდობასო.
8. "და უფლობდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდემდე სოფლისა" - ზღვებიდან ზღვებამდე, მდინარეებიდან სოფლის კიდეებამდე, ანუ მთელ ხილულ სამყაროში უფლებდეს მაცხოვარიო, წინასწარმეტყველებს დავითი.
9. "მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ"
- აქ ნაწინასწარმეტყველებია წარმართთა მოქცევა. "ჰინდონში" არ იგულისხმება მხოლოდ ინდოეთის ერი, არამედ აღმოსავლეთის ხალხები. ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი განკაცნა, პირველად სწორედ აღმოსავლეთიდან, სპარსეთიდან ჩამოვიდნენ მოგვები და თაყვანი სცეს უფალს; "ხოლო მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ" - თავად მტრებიც კი, ისინი ვინც ჭეშმარიტების მტრები იყვნენ, ვინც ავიწროებდნენ ისრაელის ერს ჭეშმარიტების თაყვანისცემის გამო, ისინიც მიწასა ლოშნიდნენ, - განერთხონ მაცხოვრის წინაშე, ანუ მათაც აღიარონ მაცხოვარიო.
10. "მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას" - ქვეყნიერების ყველა კუთხეში იქნებიან ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები, არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ მეფეებიც კი თაყვანისცემენ უფალსო, წინასწარმეტყველებს დავითი.
11. "და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. მთელი ქვეყნის მეფეები თაყვანისცემდენ უფალს და წარმართები მონებდენ მას, აღასრულებდნენ ღვთის მცნებებს, - უმეტესობა ქრისტიანებისა იქნება სწორედ წარმართობიდან და არა იუდეველობიდან მოქცეული. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში.
12. "რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე" - აქ იგულისხმება სულიერად დაგლახაკებული და დაუძლურებული ძველი აღთქმის კაცობრიობა, რომელსაც არსაიდან მწე, შემწე არ ჰყავდა, არსაიდან ხსნა არ ჰქონდა, სწორედ ესენი გამოიხსნა უფალმა თავისი ყოვლისშემძლეობით და თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით.
13. "ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს" - სულიერად დაგლახაკებული ადამიანები გამოიხსნას და მათი სულები აცხოვნოს უფალმაო. აქაც უნდა ვიგულისხმოთ უპირატესად სულიერად დაგლახაკებული კაცობრიობა, ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფებოდა კაცობრიობა ძველი აღთქმის პერიოდში.
14. "აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე" - სიცრუისაგან და "აღნადგინებისაგან", - ვალებისაგან იხსნას უფალმა თავისი სახელით და თავისი დიდებით კაცობრიობა, - ის აურაცხელი ცოდვა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ ჩადენილი, თუ მაცხოვრის იგავურ თქმას გამოვიყენებთ, ზოგს "ერგასეული, ხოლო ზოგს ხუთასეული", თავისი გამომხსნელი მსხვერპლით ყველას მიუტევა უფალმაო. ვინც აღიარებს ქრისტეს გამომხსნელ მსხვერპლს და აღასრულებს მის მცნებებს, ყველას მიეტევება ცოდვები.
15. "და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას" - როდესაც მაცხოვრის შობის შემდეგ ჰეროდემ მოწყვიტა ყრმები ბეთლემსა და მის შემოგარენში, ყრმებს შორის არავინ გადარჩენილა იმ ასაკისა, რა ასაკისაც მაცხოვარი იყო, გარდა მაცხოვრისა და იოანე ნათლისმცემლისა. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი - "ცხოვნდეს", გადარჩეს, ცოცხალი იყოს მაცხოვარი და მიეცეს მას ოქროი. ისევ და ისევ მოგვების მსხვერპლშეწირვაა აქ მოხსენიებული. მისთვის, მისდამი, ქრისტეს მიმართ ილოცოს მთელმა ქვეყნიერებამ სამარადისოდ, ყოველდღიურად "აკურთხევდენ", განადიდებდენ მასო.
16. "იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი" - მთელ ქვეყანაზე იყოს ქრისტეს სარწმუნოების სიმტკიცე და ლიბანის ნაძვის ნაყოფზე (ლიბანის ნაძვი სიმბოლურად არის ნათქვამი) უფრო მეტად აყვავდეს და განდიდნეს, ქალაქები აყვავდება, ყველგან იქნება მაცხოვრის თაყვანისცემა, ისევე როგორც "თივაი ქვეყანასა", როგორც უამრავია ველური ყვავილი სამყაროში, ასევე უამრავი იქნება ქრისტეს მადიდებელიო.
17. "იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა, ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას" - ისრაელიანები ელოდნენ, რომ მესია, მაცხოვარი იქნებოდა ღვთისგან რჩეული, რომელიც გაბატონდებოდა ისრაელის ერზე და შემდეგ მთელ მიწიერ სამყაროს, მსოფლიოს დაუმორჩილებდა ისრაელის ერს. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველურად ბრძანებს, რომ ქრისტე არ არის ჩვეულებრივი კაცი, ანუ მზის და მთვარის შექმნამდე იყო მისი საყდარი, მზის და მთვარის შექმნამდე იყო უფალი და სწორედ ის, თავად უფალი განკაცდა და სწორედ ქრისტე, განკაცებული უფალი არის ის, ვინც იქნება კაცობრიობის მხსნელი და მის მიმართ "იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი და ყოველი თესლები ნატროდიან მას" - ყველა ტომი იქნება კურთხეული ქრისტესგან იმის გამო, რომ დედამიწაზე არ დარჩება არცერთი ადგილი და ტომი, სადაც მაცხოვრის თაყვანისმცემელი ადამიანები არ იცხოვრებენ.
18. "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრელისაი, რომელმან ყვის საკვირველი მხოლომან" - ისრაელის ღმერთი, ამ ეპითეტით ხშირად იხსენიება უფალი - კურთხული არს უფალი, რომელმაც ესევითარი საკვირველებები ქმნა, საკვირველება იმისა, რომ თავად მოვიდა, თავად განკაცნა კაცობრიობის გამოსახსნელად.
19. "და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ" - მისი სახელი კურთხეულ არს უკუნისამდე - სამყაროს აღსასრულამდე და უკუნითი უკუნისამდე, სამყაროს აღსასრულის შემდეგაც, სამარადისოდ. ასევე კურთხეულ იყო მისი სახელი სამყაროს შექმნამდეც და მისი დიდებით აღვსილია ქვეყანა, ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე და მარადისობაში.