მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 70


ფსალმუნის სათაურში მოხსენიებული არიან "ძენი იონადაბისანი". იონადაბის ძეები იყვნენ ღვთისმოშიში ძმები, რომლებიც ზედმიწევნით აღასრულებდნენ თავიანთი მამის ნებას, უშუალოდ თავიანთი მამის დანაბარებს. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, იონადაბის ძეები უნდა ჩავთვალოთ მოციქულების წინასახედ. როგორც იონადაბის ძეები აღასრულებნენ ზედმიწევნით თავიანთი მამის სიტყვებს, ყველაფერს მამის ანდერძისამებს აღასრულებდნენ, ასევე აღასრეულებნენ მოციქულები თავიანთი ზეციური მამის ნებას პირნათლად. ფსალმუნი ასევე არის ვედრება უფლისადმი და იმედი იმისა, რომ უფალი გამოიხსნის ადამიანებს და გამოხსნილი ადამიანები დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

1. "შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე" - უფალო, შენი იმედი მაქვს და საუკუნეთა აღსასრულამდე არ ვიქნები შერცხვენილი - ჩემი საქმეები, ის, რომ მე შენ განგადიდებ, არ იქნება სასირცხვილო, რადგან ადამიანი არასოდეს არ შეიძლება იყოს შერცხვენილი ღვთის დიდებით, ღვთის დიდება არასოდეს არის სირცხვილი, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი.

2. "სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე" - ძველი აღთქმის პერიოდში, როდესაც მაცხოვრის განკაცების შესახებ იყო საუბარი, ხშირად განკაცებული უფალი მოიხსენიება ეპითეტებით - სიბრძნე, ჭეშმარიტება, სიმართლე. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან: "სიმართლითა შენითა მიხსენ" - ამ სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველებს სწორედ მაცხოვრის განკაცების შესახებ, - ქრისტეს მიერ, შენი განკაცებით მიხსენ მე, მოყავ ყური ჩემდა - ჩემი ვედრება შეისმინე და მაცხოვნეო.

3. "მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ" - უფალო, მე ჩემი თავით, საკუთარი ძალისხმევით არაფერი შემიძლია, შენ ხარ ჩემი სიმტკიცე, ჩემი მფარველი, ჩემი შესავედრებელი, შენ გევედრები ყოველთვის და შენ შემეწიეო.

4. "ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისა, ხელთაგან უსჯულოისათა და ცრუისათა" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველურად ევედრება უფალს მოციქულთა პირით: ცოდვილთა, იუდეველებისა და წარმართების, ცრუთა და უსჯულოთა ხელისაგან გვიხსენი, უფალოო. მართლაც, ვიცით, რომ უამრავ სიცრუეს სწამებდნენ მოციქულებს იმდროინდელი ადამიანები და აქედან გვიხსენიო, - ევედრებიან უფალს მოციქულები.

5. "რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან" - უფალო, ყოველივეს შენი შეწევნით ვითმენ, შენ ხარ ჩემი მფარველი, ჩემი სასო და განმამტკიცებელი სიყრმიდანვე.

6. "შენდამი განვმტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის" - დედის მუცლიდანვე შენ განმამტკიცებ და მაძლიერებ, უფალო, შენ ხარ ჩემი მფარველი და ამის გამო შემიძლია შენი მცნებების აღსრულება; მხოლოდ შენდამია, შენ მოგემართება ჩემი გალობა, ჩემი განდიდებაც. ეს სიტყვები მით უფრო გამომხატველობითია იმ დროსთან, დავით წინასწარმეტყველის დროსთან მიმართებით, როდესაც ადამიანები უამრავ წარმართულ კერპს, მათი გაგებით, ღმერთებს მიაგებდნენ პატივს და აღუვლენდნენ დიდებას. ამიტომაც ბრძანებს დავით მეფე უფლის მიმართ: მხოლოდ შენდამი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმია, ჩემი გალობა მოძღვნილიო.

7. "ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ" - როდესაც სიკეთეს ვიქმ, სასწაულებს აღვასრულებ, ადამიანებს ეს უკვირთ, მაგრამ ეს არა ჩემი, არამედ შენია, ჩემით იქმ შენ, უფალო, სასწაულებსო. მართლაც, ვიცით, რომ როდესაც ძველი თუ ახალი აღთქმის მართალნი და ღვთისმოსავი ადამიანები სასწაულებს იქმოდნენ, ისინიც და მათი მხილველი ადამიანებიც, ყველა, ვინც ჭეშმარიტად შეიცნობდა სასწაულის არსს, უფალს განადიდებდა. სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ ამ მუხლში.

8. "აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა" - ჩემი პირი ქებით აღავსე იმისათვის, რომ შენ გადიდებდე, შენ აღგივლინო ლოცვა და ვედრება ყოველსა დღესა - მარადის შენ გადიდებდე და გაქებდეო, - შესთხოვს დავითი უფალს.

9. "ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალსა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე" - სიბერისა და ავადმყოფობის, განსაცდელის ჟამს ადამიანი უძლურდება, ნაკლები ფიზიკური ძალა აქვს, - როდესაც განსაცდელში ვარ, როდესაც ამქვეყნიური ამაოებები, ამქვეყნიური ბრძოლები დამატყდება თავს, ასეთ დროს ნუ დამაგდენ, ნუ მიმატოვებ, უფალო, ასეთ დროს შემეწიეო.

10-11. "რამეთუ მარქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა" - მათ, ვინც უძლურების ჟამს ჩემი სული მოიცვა, ზრახვა-ყვეს - შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ და ამბობდნენ: ღმერთმა დააგდო, მიატოვა იგი და მიდით და ახლა შეიპყარითო. ამას ნუ ათქმევინებ, უფალო, მათო.

12. "ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ" - უფალი არასოდეს განეშორება ადამიანს, თუ თვითონ ადამიანი არ განეშორა. მაშინაც კი ნუ განმეშორები, ასეთ დროსაც ნუ მიმატოვებ და მაშინაც შემეწიეო, - შესთხოვს დავით წინასწარმეტყველი უფალს.


13. "ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის"
- შემეწიე და რცხვენოდეთ მათ რომელთაც ჩემი სულის წარყმედა სურთ, შეიმოსონ სირცხვილი და კლდემა რომლებიც ჩემთვის ეძიებდენ ძვირს - ვისაც ჩემი სულის დაღუპვა სურთ ისენი არცხვინე, შეარცხვინე შენ უფალოო. რა თქმა უნდა აქ პირველ რგში იგულისხმება დაცემული ანგელოზები, რომლებსაც ყველა კაცის დაღუპვა სურთ. როგორ შეარცხვენს მათ უფალი? - დაცემული ანგელოზები ყველა ადამიანს ებრძვიან, მაგრამ ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი მათი მარცხვინებელია, ყველა ცხონებული ადამიანი მათი მარცხვინებელია, რამეთუ ღვთის შეწევნით მათ დაამარცხეს ბოროტი.

14. "ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა" - ყოველივე ამის გამო შენი იმედი მაქვს უფალო და ყოველი დღე შენს ქებას შევსძინო - ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად გაქო და განვამრავლო ჩემი ქება შენს მიმართო.

15. "პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი" - ეს მუხლიც შეიძლება მოციქულთა პირით წარმოთქმულად აღვიქვათ, ასევე ყველა ქრისტეს მიმდევარი ამ მუხლის, ამ სიტყვების წარმოთქმით აღვიქვამთ უფალს, რომ ყველგან ვიქადაგო შენი სიმართლე, ჭეშმარიტება და ყოველდღე მაცხოვარება შენი, ანუ ქრისტეს განკაცების შესახებ ყველდღიურად ვიქადაგო, და ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და "არა ვიცოდე მწიგნობრებისაი", არ მოვიქცევი ძველი აღთქმის მწიგნობრების მსგავსად, რომლებიც ღვთის განკაცების ქადაგებას აღუდგნენ წინ. ჩვენ ასე არ უნდა მოვიქცეთ, პირიქით, ღვთის განკაცება ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უნდა ვიქადაგოთ.

16. "შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი" - უფალო შენი ძლიერებით შევიდე, დავიმკვიდრებ შენთან და ამის შემდეგ სამარადისოდ შენი სიმართლე მოვიხსენო მე უფალოო.

17. "ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავლე მე სიყრმით ჩემითგან, დამოაქამდე მოუთხრობდე საკვირველებათა შენთა" - უფალო შენი საკვირველებანი, რაც დღევანდელ დღემდე მასწავლე, მომავალში რასაც გავიგებ, დაუცხრომლად ვიქადაგო ყველა ადამიანის წინაშე.

18. "და მიმხცოვანებამდე და სიბერემდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; ძლიერებაი შენი" - სიბერის დროსაც ნუ დამიტოვებ და მომეც კიდევ და კიდევ ის ძალა, რომ სიკვდილამდეც კი ყველას მოუთხრო შენი ძლიერების ამბავი, ყველას მიუთხრო ის თუ როგორ იხსენი ადამიანები, თუ როგორ გამოიხსენი კაცობრიობა ცოდვისაგან, როგორ მიეცი ხსნა კაცობრიობას, რათა დაბრუნებულიყვნენ ცათა სასუფეველში.

19. "და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?" - დაუცხრომლად ვიქადაგო შენი სიმართლე და ის დიდძალი საკვირველებანი და სასწაულები, რაც შენ ქმენი, აღასრულე ადამიანების გამო, პირადად მე და მთელს კაცობრიობასაც მიჰმადლე. ვინ გემსგავსოს შენ უფალო, ვის შეუძლია მიგემსგავსოს შენ? - მართლაც, არავის შეუძლია ჭეშმარიტად მიემსგავსოს უფალს, რამეთუ ის არის მარადიული, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, დანარჩენი ყოველივე ღვთისგან არის შექმნილი და თავისთავად არავის არ შეუძლია უფალს "ემსგავსოს", მიემსგავსოს.

20. "რაოდენნი მაჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე" - მრავალი ჭირი და განსაცდელი ნახა კაცობრიობამ ძველი აღთქმის პერიოდში, ვიდრე უფალი მოვიდოდა და ადამიანებს, კაცობრიობას გამოიხსნიდა. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით მთელი კაცობრიობის პირით - მომაქციე, მაცხოვნე და უფსკრულისაგან ამომიყვანე მეო, ანუ წინასწარმეტყველებებს კაცობრიობის უფსკრულიდან ამოყვანას, ცოდვისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნას.

21. "განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე" - დავითი ისევ და ისევ წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალმა თავისი სასწაულებით, თავისი ნუგეშინისცემით, რაც მან ადამიანებს მისცა, აღმოიყვანა მთელი კაცობრიობა სულიერი უფსკულისაგან, სულიერი დაცემისგან.

22. "და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმინდაო ისრაელისაო" - ყოველივე ამის გამო ერთა შორის აღგიარო, რჩეული გალობით განვადიდო შენი სახელი და სხვა ადამიანებსაც ვუქადაგო შენი განდიდება "წმინდაო ისრაელისაო". წმინდაი ისრაელისა", "ისრაელის ღმერთი" ერთ-ერთი ეპითეტია უფლისა. ვიცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ერთადერთი ერი, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, იყო ისრაელის ერი, ამიტომაც იხსენიებოდა ჭეშმარიტი ღმერთი ისრაელის ღმერთადაც. ახალაღთქმისეულ პერიოდში, როგორც მამები გვასწავლიან, ისარელის ერში უნდა ვიგულისხმოთ ყველა ქრისტიანი, ყველა ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ადამიანი.

23. "იხარებდეს ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ" - იხარებდეს ჩემი ბაგეები და სულიც, რომელიც შენ იხსენ, გახარებული ვიქნები როგორც სულიერად ასევე ხორციელად, გიგალობდე და განგადიდო შენ უფალოო.

24. "უფროის და ენაიცა ჩემი მარადის იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა" - ჩემი ენა მარადის შენს სადიდებელს იტყოდა, - ყველას წინაშე, მათ წინაშეც ვინც შენ გეწინააღმდეგება, დაუსრულებლად განგადიდებ უფალო ყველა იმ სასწაულისა და წყალობისთვის, რაც შენ ქმენი ადამიანებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის. იმ ყველაფრისთვის რაც უფალმა კაცობრიობისთვის ქმნა, კაცობრიობისთვის აღასრულა, ყველა ადამიანი ვალდებულია განადიდოს უფალი, არა იმის გამო, რომ უფალს სჭირდება ჩვენი განდიდება, არამედ ისევ და ისევ ჩვენთვის, ჩვენი ხსნისთვის უნდა განვადიდოთ უფალი.