მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 68


სამოცდამერვე ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცება და ჯვარცმა, ასევე გადმოცემულია მაცხოვრის მოსვლამდელ პერიოდში კაცობრიობის მდგომარეობა. არის ადგილები, სადაც დავით წინასწარმეტყველი კაცობრიობის სახელით საუბრობს. ასევე გვხვდება ადგილები, სადაც უფალი დავითის პირით წინასწარმეტყველურად გვაუწყებს თავისი განკაცებისა და ჯვარცმის შესახებ. ფსალმუნის სათაურიც, "დასასრულსა, ცვალებისათვის", მიანიშნებს, რომ ფსალმუნი ეხება ძველის შენაცვლებას ახლით, ანუ მაცხოვრის განკაცებას და ძველი სჯულის ახლით შეცვლას.

ფსალმუნს განმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

1. "მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდადმე" - ღმერთო, შემეწიე, რათა ჩემს სულში წყალი შევიდეს, წყალია შესულიო. წყალში აქ იგულისხმება ის სულიერი მდგომარეობა, სულიერი განსაცდელები და მიწიერი ამაობები, რაც მაცხოვრის მოსვლამდელ კაცობრიობას ჰქონდა - ადამიანებს არ შეეძლოთ ცხონება და ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. მთლიანად ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ არ შეიძლება ყოფილიყო მოქცეული კაცობრიობა, რადგან იმ დროსაც უფალი განაგებდა ყველაფერს, მაგრამ როგორც ოკეანე მოიცავს წყლის ქვეშ ყველაფერს, ასევე იყო ძველი აღთქმის კაცობრიობა მოცული სულიერი და მიწიერი განსაცდელებით. ყველაზე მეტი განსაცდელი იყო ის, რომ ადამიანები ვერ შედიოდნენ სასუფეველში. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ახალი აღთქმის მიწიერებისკენ მიდრეკილი ადამიანებიც, რომლებიც სულიერებაზე არ ზრუნავენ. ვისაც სულიერება არ აქვს, მიწიერების წყლით, ამქვეყნიური ამაოებებით არის დაფარული.

2. "დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი; მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე" - აქ აღწერილია ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა იმყოფებოდა მაცხოვრის მოსვლამდე. დავითი ძველი აღთქმის კაცობრიობის პირით ბრძანებს: უფსკრულში, ზღვის სიღრმეებში და დათმენებში ვარ დანთქმულიო, ანუ აღწერილია ის განსაცდელები, ის შეჭირვება, რასაც დაცემული ანგელოზები მოუვლენდნენ ადამიანებს მაცხოვრის მოსვლამდე, მაცხოვრის ჯვარცმამდე და აღდგომამდე. თუმცა დღესაც თითოეული ჩვენგანი ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ზუსტად ასეთივე მდგომარეობაში ვიმყოფებით სულიერად და თუ ჩვენ უფალს არ მოვუწოდებთ შეწევნისთვის, სამუდამოდ ამ დღეში დავრჩებით.

3. "დავშვერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა" - საუკუნეები გავიდა მაცხოვრის მოსვლამდე, მანამ, სანამ კაცობრიობა ასეთ, სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი არ ტოვებდა ადამიანებს, უვლენდა მათ წინასწარმეტყველებს და კაცობრიობამ, ადამიანებმა იცოდნენ, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც მათ იხსნიდა. ეს იყო სასოება ღვთისადმი, რაც ჰქონდა დავითს და ყველა ღვთის მადიდებელ ადამიანს. სწორედ ამ სასოების გამო ვღაღადებ, ამ სასოების გამო დაშვრა თვალნი ჩემნი და "დამხდა ხმაი ჩემი" - ანუ ამ სასოების გამო ვაკეთებთ ყველაფერსო, ბრძანებს დავითი ყველა მართალის პირით.

4. "განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ" - ჩვენზე მეტად გამრავლდა, უფალო, ჩვენი მტერი, დაცემული ანგელოზები, ისინი გვდევნიან, ისინი განძლიერდებიან ჩვენს ზედა. კაცობრიობას, ადამიანებს არაფერი დაუშავებია ეშმაკისთვის, მაგრამ ის დაუცხრომლად ებრძოდა და დაუცხრომლად ცდილობდა, წარეტაცა ადამიანთა სულები. სწორედ ამას აღწერს დავით წინასწარმეტყველი და შესთხოვს უფალს: "შენ მიუზღევდი მათო".

5. "ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაიფარნეს" - ღმერთო, შენ იცი ჩემი უგუნურება, ჩემი შეცოდებები. შენს თვალს არაფერი დაემალება, მიმართავს დავითი უფალს და თითოეული ჩვენგანიც ასე უნდა ვღაღადებდეთ უფლის მიმართ. ჩვენი უგუნურება, ჩვენი უვიცება სრულყოფილად მხოლოდ უფალმა უწყის. მთელი სამყაროსთვის, თავად ანგელოზებისთვისაც რომ იყოს დაფარული, ღვთის წინაშე დაფარული მაინც არაფერია.

6. "ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო, ღმერთო ისრაელისაო" - ნუ შერცხვებიან ისინი, ვისაც შენი იმედი აქვს, უფალო, ვინც შენ დაგითმობს, ვინც შენს მცნებებს აღასრულებს, რომელნი შენ გეძიებენ, ღმერთო ისრაელისაო. ისრაელის ღმერთი აქ მიმართულია ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ. ვიცით, როდესაც ღმერთი ეცხადებოდა ძველი აღთქმის წმინდა და მართალ ადამიანებს, ეუბნებოდა: მე ვარ ღმერთი ისრაელისა, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ჭეშმარიტ ღმერთს ახალ აღთქმაშიც მიემართება ისრაელის ღმერთი, ოღონდ ძველ აღთქმაში ისრაელში იგულისხმებოდა კონკრეტულად ისრაელის ღმერთი, ახალ აღთქმაში კი ისრაელში იგულისხმება ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი.

7. "რამეთუ შენთვის დავითმინე ყუედრებაი, და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი" - ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვებით დავითი ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანის გულისნადებს ამბობს, - შენთვის ვითმენთ, უფალო, ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი შენთვის დავითმინე. "სირცხვილმა დაფარა პირი ჩემი" - როდესაც ისრაელიანები, იუდევლები რაიმე განსაცდელში ჩავარდებოდნენ, განსაკუთრებით, ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, წარმართები ხშირად აყვედრიდნენ მათ, - სად არის თქვენი ღმერთი, რატომ არ გეხმარებათ? თითქოსდა მიწიერად სირცხვილი ფარავდა ისრაელიანთა პირს, მაგრამ უფალი იმის გამო უშვებდა, რომ გარკვეულ მომენტებში წარმართობას ემძლავრა ღვთის მადიდებლებზე, რათა ღვთის მადიდებელი ადამიანები კიდევ მეტად განმტკიცებულიყვნენ ღვთის დიდებაში. ამდენად, როდესაც წერია "დაფარნა სირცხვილმან პირი ჩემი", აქ იგულისხმება, რომ წარმართთა შეხედულებით იყვნენ ღვთის მადიდებლები შერცხვენილნი იმ დროს, როდესაც მიწიერი განსაცდელი ჰქონდათ, სინამდვილეში არა თუ შერცხვენილნი, არამედ გაბრწყინებულნი იყვნენ ამით.

8. "უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა" - ამ სიტყვებს თავად უფალი ბრძანებს წინასწარმეტყველურად დავითის პირით. მოვიდა რა უფალი, განკაცნა კაცობრიობის გამოსახსნელად, ისრაელიანებმა არ მიიღეს იგი. ხორციელად ქრისტე იყო აბრაამის შთამომავალი. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს უფალი: უცხო ვექნენ ძმათა ჩემთაო, ანუ ისრაელიანებმა არ მიიღეს უფალი, როგორც უცხოს, როგორც სხვას ისე ექცეოდნენ, ეუბნეოდნენ, - სტუმარი ხარო დაAამით აკნინებდნენ მას.

9. "რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა" - შენი სახლი ისრაელი იყო და ამ სახლის შურმა შემჭამა მეო. ესეც დავითის პირით წარმოთქმული უფლის სიტყვებია. როდესაც უფალმა ტაძრიდან განასხა მოვაჭრენი, სახარება გვეუბნება, - მოახსენა მოციქულთა "წმინდა წერილის" სიტყვები: "შურმან საქმისა შენისამან შემჭამა მეო". აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება კეთილი, საღვთო შური - მოვიდა რა უფალი, ყველაფერი აღასრულა, რაც დააკლო კაცობრიობას, კაცობრიობას ასწავლა ყველაფერი, რაც დაკლებული ჰქონდათ ღვთის მცნებათა აღსრულებაში, ამის უმეტესიც ასწავლა, მაგრამ მიუხედავად ამისა "ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედაო", წინასწარმეტველურად ამბობს ქრისტე, ანუ ყველა ის წინააღმდგომობა, რაც ადამიანებმა ღვთის წინაშე ჩაიდინეს, ჩემზეც, ჩემი განკაცების შემდეგაც იქნა აღსრულებულიო. მართლაც, ვიცით, რომ უფალმა უამრავი დამცირება და ყვედრება იტვირთა ჩვენი ცხონებისთვის.

10. "და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ" - დავითის პირით ამ სიტყვებსაც უფალი ბრძანებს წინასწარმეტყველურად - ვიმარხულე და ეს მარხვაც კი ჩემი საყვედრელი იქნაო. როდესაც მაცხოვარმა ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში, ეშმაკი მივიდა მასთან და განსცადა იგი. ეს იყო საყვედრელი მიწიერი და არა სულიერი გაგებით. ამ ყვედრებით და ამ განცდით უფალმა კაცობრიობა იხსნა და შემდეგ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით გამოიხსნა თითოეული სული.

11. "ვყავ სამოსელად ძაძაი და ვექმენი მათ იგავ" - ძაძაში აქ იგულისხმება ადამიანური ბუნება, რომელიც უფალმა შეიმოსა, რადგან ძაძა და კაცი უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. გაცილებით მეტი საერთოა დახეულ, გამოუსადეგარ სამოსსა და ადამიანს შორის, ვიდრე ადამიანურ ბუნებასა და ღვთაებრივ ბუნებას შორის. შემდეგ დავითის პირით უფალი ბრძანებს: "ვექმენ მათ იგავ"-ო, - როგორც იგავი, ისე იყო უფალი დაფარული ისრაელიანების თვალში - გარეგნულად, კაცობრივი სახით განეცხადა, ხოლო შინაგანად იყო ღმერთი, ისევე როგორც იგავია მცირე მოთხრობა, მასში მცირე ცხოვრებისეული ეპიზოდია გადმოცემული, სინამდვილეში კი უდიდესი სწავლებებითაა დატვირთული.

12. "ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა" - ბჭეებთან მსხდომარენი ჩემ გამო ბჭობდნენ და ინახზე მსხდომარენი ღვინოსა სმიდენ, ჩემ გამო გალობდნენ. ეს არის წინასწარმეტყველება, რომ მთელი მსოფლიო ისაუბრებდა ქრისტეს შესახებ, არ იქნებოდა არც ერთი ადგილი მსოფლიოში, ვისაც ქრისტეს შესახებ არ ეცოდინებოდა. ზოგნი გალობდნენ მის გამო და ადიდებდნენ მას, ზოგნი ბჭობდნენ და ამ ბჭობაში ზოგნი კეთილად ბჭობდნენ მის შესახებ, ზოგნი კი ბოროტადო, წინასწარმეტყველებს დავითი.

13. ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი, ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა" - აქ არის, ერთი მხრივ წინასწარმეტყველება. უფალი გვეუბნება; მე ვილოცებ შენდამი, ღმერთო, ჟამსა შეწყნარებისასაო. კაცობრიობის შეწყნარების ჟამი როდის დადგა? - როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარცმის დროს უფალი ლოცულობდა ჯვარმცმელებისთვის ღვთის წინაშე. უფალმა თავის ჯვარცმას უწოდა შეწყნარების ჟამი. სწორედ იმ დროს გამოიხსნა უფალმა კაცობრიობა თავისი სიმართლით, თავისი მოწყალებით, თავისი ჭეშმარიტებითა და მაცხოვარებით. შემდეგ სიტყვებს უკვე დავითი წარმოთქვამს და თავისსა და ადამიანების ზოგად მდგომარეობას აღწერს.

14. "მიხსენ მე თიხისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა" - წყალთაგან - ამქვეყნიური ამაოებებისა და ჩემი მოძულეებისაგან განმარინე, მტრებისგან - დაცემული ანგელოზებისაგან მიხსენიო, შესთხოვს დავით წინასწარმეტყველი უფალს.

15. "ნუ დამთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქავნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა" - აქ იგულისხება სულიერი მორევი წყალთა, სულიერი უფსკრული. დავითი და თითეული ჩვენგანიც ამ სიტყვების წარმოთქმით ვევედრებით უფალს: ნუ დაგვნთქავს სულიერ მორევში და ნუ შთავარდებით სულიერ უფსკრულში, ნუ იქნება ისე, რომ ჯოჯოხეთში შთავვარდეთ, ჯოჯოხეთმა პირი დახშას და არ გამოვიხსნათ იქიდანო.

16. "ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა" - დავითი და თითოეული ჩვენგანიც შევთხოვთ უფალს, რომ ისმინოს ჩვენი და "მოიხილოს" ჩვენ ზედა, რამეთუ მისი წყალობა დიდია, მრავალია მისი მოწყალება, თუ ის მოიხილავს ჩვენკენ. მოხილვა ნიშნავს, რომ უფალმა ჩვენ წყალობა გვიყოს. ღვთის თვალი ყოველთვის ჩვენკენაა და ყოველთვის გვაძლევს წყალობას, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ მიმღებელნი ამ წყალობისა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი ამ წყალობაზე ჩვენი საქციელით, ჩვენი ცხოვრების წესით.

17. "ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი"
- ისევ გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - უფალი პირს ნუ მიიქვევს მათი მონებისგან, თითოეული ჩვენთაგანისგან, იმიტომ რომ "ჭირსა", გასაჭირში, განსაცდელში ვართ და თუ უფალი ამ დროს შეისმენს ჩვენსას, გამოხსნილნი ვიქნებითო.

18. "მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე" - ჩემს სულს მოხედე, განარიდე სულიერი განსაცდელების, ჯოჯოხეთისა და ჩემი მტრებისაგან, დაცემული ანგელოზებისგან მიხსენი მეო.

19. "რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი" - რამეთუ უფალო შენ ყველაფერი უწყი, იცი, ვინ არიან ჩემი მაჭირვებელნი და რა განსაცდელს მივლენენ - ვინ მყვედრის, ვის უნდა, რომ შემარცხვინოს და ვინ კიდევ სხვა უსჯულოებას სჩადის ჩემს წინააღმდეგ და შენ განმარინე ამ ყველაფრისაგანო.

20. "ყუედრებაი დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკებაი; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოვე" - აქ უკვე უფალი გვაუწყებს წინასწარმეტყველურად დავითის პირით: ყვედრებაი დაითმინა სულმა ჩემმა და გლახაკებაი, ანუ ეს არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შეპყრობის შესახებ. ყვედრება დაითმინა, უკანასკნელი გლახაკივით ექცეოდნენ მას და ნუგეშინისმცემელიც კი არ იპოვებოდა არსად. უფალს არ სჭირდებოდა ნუგეშისმცემელი, მაგრამ ისიც კი არასად იყო, რადგან როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, მაცხოვრის უახლოესი მოწაფეებიც კი გაიქცნენ და გაიფანტნენ.

21. "და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი" - როდესაც უფალი ჯვარს აცვეს, მას ძმარში შეზავებული ნაღველი ასვეს. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს წინასწარმეტყველურად უფალი დავითის პირით.

22. "იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და მისაგებელ და საცდურ" - კვლავ გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - ის ტაბლა, რაც მე გამიმზადეს - ნაღველი და ძმარი, მათთვის იქმნა საფრთხე, იუდეველებისთვის იქმნა სასჯელიო.

23. "დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე" - თვალნი დაუბნელდათ მათ, იუდევლებს, რომლებმაც მაცხოვარი აცვეს ჯვარს, - ვერ ნახეს უფალი, ვერ შეხედეს უფალს და ამის გამო ზურგი მათი მარადის "შედრიკე", ანუ მარადის ხორციელ მონებად იქნებიან მიქცეულიო, წინასწარმეტყველებს დავითი. მართლაც, ვიცით, რომ ასწლეულების განმავლობაში ისრაელის ერი სხვა ქვეყნებში იყო გაფანტული მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ფიზიკურად გადაიტანა მონობის სიმძიმე და სულიერი მონება. ყველა ადამიანი, რომელიც უფალს წინ აღუდგება, მონა ხდება ეშმაკისა და სამუდამოდ დარჩება ეშმაკის მონებაში, თუ, რა თქმა უნდა, უფალს არ მიუბრუნდება.

24. "მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ" - მათ, ისრაელის ერს, რისხვა მიეფინა. ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ ისრაელის ცნობილი ომები დაიწყო რომის იმპერიის წინააღმდეგ და ამ ომებში ორ მილიონზე მეტი ებრაელი მოისრა (რაოდენ საოცარი უნდა იყოს, მათ შორის არც ერთი ქრისტიანი ებრაელი არ ყოფილა). იუდევლებმა, რომლებმაც მაცხოვარი არ მიიღეს, თავიანთ თავზე თვითონვე მოიწიეს ეს სასჯელი.

25. "იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი" - ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში "ოხერ" იყო ისრაელიანთა, ებრაელთა სამკვიდრებელი - ისინი გაფანტულნი იყვნენ თავიანთი ქვეყნიდან, ისრაელის ქვეყნიდან და ვერ იმკვიდრებდნენ თავიანთ ქვეყანას.

26. "რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს" - რის გამო მოხდება ეს, რის გამო იქნებიან გაფანტულნი და ვერ დამკვიდრდებიან თავიანთ ქვეყანაში? - იმის გამო, რომ, რომელიც შენ მოავლინე, მათ იგი დევნეს და წყლულები შესძინეს, ფიზიკურად შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს და ამით თავიანთ სალმობას და ცოდვებსაც წყლულები დაამატეს.

27. "შესძინე უსჯულოებაი უსჯულოებასა ზედა, და ნუ შევლენან იგინი სიმართლესა შენსა" - მათ უსჯულოებას უსჯულოება დაემატა და შენს სიმართლეში ვერ შევლენო. რა თქმა უნდა, თუ იუდეველები, ებრაელები თავიანთ ცთომილებას არ შეინანებენ და უფლისკენ არ მიბრუნდებიან, მის სიმართლეში ვერ შევლენ. ვერც ერთი კაცი, ვინც არ აღიარებს ხორციელად მოსულ ქრიტეს, ღვთის სიმართლეში ვერ შევა.

28. "აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაი და მართალთა თანა ნუ დაიწრებიედ" - ყველა ადამიანი, ვინც ღვთის მოწინააღმდეგეა, "ცხოველთა წიგნიდან" აღიხოცება. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ყველა ადამიანი იშვება რა, ჩაწერილია ცხოვრების წიგნში და თავიანთი ცხოვრების, თავიანთი ცოდვების გამო აღიხოცებიან ადამიანები ცხოვრების წიგნიდანო.

29. "გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე" - დავითიც და თითოეული ჩვენგანც ამ სიტყვების წარმოთქმით ვაღიარებთ - გლახაკი ვარ, დავრდომილი ვარ და თუ ღვთის მაცხოვარება არ შემეწია, თვითონ არ შემიძლია ვცხონდე და გამოვიხსნა ჩემი თავი ნებისმიერი განსაცდელიდანო.

30. "ვაქებდე სახელსა ღმერთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა" - განკაცებული ღვთის სახელს ვაქებდე გალობით და ქებით განვადიდო და ყოველი ქება აღუვლინო მასო.

31. "და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონდენ რქანი და ჭლიკნი"
- ქება და ლოცვა, ღვთის მცნებების და საქმეების აღსრულება, ეს შესაწირავი, რომლის შესახებაც წინა მუხლებში ვისაუბრეთ, უფალს უფრო სათნო ეყოფა, ვიდრე ხბოებისა და საკლავების შეწირვა, ის, რაც ძველ აღთქმაში იყო. ჩვილი ხბოების შეწირვა ყოვლად დასაწველი მსხვერპლი იყო, რაც ძველ აღთქმაში უმაღლეს მსხვერპლად ითვლებოდა. სწორედ მასზე აღმატებულია ქების აღვლენა და ლოცვა ღვთისადმიო, წინასწარმეტყველებს დავითი.

32. "იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხოვნდეს სული თქუენი" - გლახაკებში აქ იგულისხმება ძველი აღთქმის კაცობრიობა, რომელიც სულიერად დაგლახაკებული იყო, იმის გამო, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ უფალთან მისასვლელი გზა, ადამიანებისთვის დაკეტილი იყო სასუფევლისაკენ მისასვლელი გზა და სულიერად მთელი კაცობრიობა იყო დაგლახაკებული. ამ დაგლახაკებულმა კაცობრიობამ იხილა განკაცებული ღმერთი და განიხარა. თუ ამას გამოვიძიებთ, ანუ თუ ქრისტეს მივიღებთ, მისი ჭეშმარიტი მსახურები გავხდებით, მაშინ "ცხოვნდეს სული ჩვენი" -Dდავიმკვიდრებთ სასუფეველს, მოვიპოვებთ სულის ცხონებას.

33. "რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა" - სულიერად დავრდომილი კაცობრიობისა ესმა უფალს, მოვიდა, განკაცნა, რათა გამოეხსნა, აღედგინა და სულიერად აღემაღლებინა დავრდომილი კაცობრიობა.

34. "აქებდით მას ცანი და ქუეყანანი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა" - უფალს ყველა აქებს, არა მარტო მოაზროვნე არსებები - ანგელოზები, ადამიანები, არამედ თავად უსულო სამყაროც. როგორ აქებს უფალს უსულო სამყარო? - სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, ისე გონივრულად არის შექმნილი სამყაროში ყველაფერი, რომ თავისთავად განადიდებს თავის შემოქმედს, ისევე, როგორც, მაგალითად, თუ არქიტექტორი ააშენებს ლამაზ, გამორჩეულ შენობას, უკვე ამ შენობის მხილველნი განადიდებენ მის არქიტექტორს, მის შემქმნელს.

35. "რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ დაიმკვიდრონ იგი" - სიონში იგულისხმება ეკლესია. ეკლესია არ არის მარტო ახალაღთქმისეული, ეკლესია ის ადგილია, სადაც უფალს განადიდებენ, არა მარტო შენობები, არამედ ადამიანების კრებული, რომელიც არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდიდან. აღაშენოს, განაძლიეროს სიონი, ეკლესია უფალმაო, - თუ ძველი აღთქმის ეკლესია იყო მოსამზადებელი იმისათვის, რომ ადამიანებს განკაცებული უფალი მიეღოთ, უკვე ახალი აღთქმის განახლებული სიონი, განახლებული ჰურიასტანის ქალაქები, გამშვენებული ეკლესიაა, სადაც დაიმკვიდრებენ მართალნი. უკვე ამ ეკლესიას ევალება არა ადამიანების მომზადება ქრისტეს მისაღებად, როგორც ძველ აღთქმაში, არამედ ძალუძს, ადამიანები თავად უფალთან მიიყვანოს და სასუფეველში დაამკვიდროს.

36. "და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაემკვიდროს მას შინა" - ზოგიერთი წმინდა მამა განმარტავს, რომ მონებში მოციქულები იგულისხმებიან, მათ ნათესავებში - მოციქულთა სულიერი ნათესავები, ისინი, ვინც მოციქულების სიტყვა მიიღო. სწორედ მოციქულთა ქადაგებას მიყოლილი ადამიანები დაიმკვიდრებენ ეკლესიაში, იქ დამკვიდრებულნი კი უფალთან დაიმკვიდრებენ სამარადისოდო. ვინ იქნებიან ისინი? - ვისაც უყვარს სახელი შენი, უფალოო. ეკლესია არის მაცხოვნებელი ადამიანებისა, მაგრამ ეკლესიაში დაიმკვიდრებენ მხოლოდ ისინი, ვისაც უყვარს უფალი. შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ეკლესიაში დამკვიდრებული, ძალიან ბევრი თითქოსდა ცდილობდეს ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ თუ ადამიანს გული ღვთის სიყვარულით არ აქვს ანთებული, მიუხედავად იმისა, ის აღასრულებს თუ არა იმ წესებს, რასაც ეკლესია გვასწავლის, მისთვის ეს ვერ იქნება მაცხოვნებელი, ისევე როგორც იუდეველებისთვის, რომლებიც აღასრულებდნენ მოსეს დადგენილ წესებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნული აღსრულება ამ წესებისა და როდესაც უფალი მოვიდა, არ მიიღეს იგი.