მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 67


ფსალმუნი არის ღვთის განდიდება, ასევე მასში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლის, ჯვარცმის, აღდგომის, ამაღლების, მოციქულთა ქადაგების, წარმართთა მოქცევისა და ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შესახებ, ანუ ფსალმუნში არის წინასწარმეტყველება ყველა იმ მოვლენისა, ყველა იმ საქმისა, რაც უფალმა ადამიანებისთვის ქმნა.

1. "აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ილტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან"
- ღმერთი აღდგა, აღიძრა იმისათვის, რომ ადამიანები გამოეხსნა და "განიბნინენ მტერნი მისნიო", - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. რომელ მტრებზეა საუბარი? - რა თქმა უნდა, დაცემულ ანგელოზებზე, რომელებიც, იმის გამო, რომ უფლის მტრები არიან, აღძრულნი არიან ადამიანების წინააღმდეგ. როდესაც უფალი აღდგა მათ წინააღმდეგ - მოვიდა ხილულად, მისი ჯვარცმითა და აღდგომით "განილტვოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა", - დაცემულ ანგელოზებს ხელმწიფება მოაკლდათ იმ ძალაუფლებისა, რაც მათ ჰქონდათ მაცხოვრის მოსვლამდე.

2. "ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდის, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა" - როგორც კვამლი იკლებს და ბოლოს სულ გაქრება, თუ ცეცხლი აღრ იწვის, ცეცხლს აღარ დავუმატეთ ნივთიერება წვისა, და როგორც ცვილი დადნება და სრულიად განქარვდება ცეცხლის წინაშე, ასევე "წარწყმდეს ცოდვილნი პირისაგან ღვთისა". აქ იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები და თავად ცოდვა და არა ადამიანები.

3. "და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განცხრებოდიან სიხარულითა" - ამის შემდეგ მართალნი იხარებენო. ძველი აღთქმის მართლები, რომლებიც მაცხოვრის მოსვლით, ჯვარცმით და აღდგომით გამოიხსნენ ჯოჯოხეთიდან და ასევე ის ადამიანები, ვინც მაცხოვრის მიმდევრები გახდნენ, ღვთის წინაშე იქნებიან მხიარულნი. მხიარულნი - იმის გამო, რომ ბოროტს ხელმწიფება აღარ აქვს ადამიანების სულების დაღუპვისა და განცხრებიან სიხარულით, ანუ მარადიულ დიდებას დაიმკვიდრებენ.

4. "აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე" - ღმერთს ვაქებდით და მის სახელს უგალობდითო. რომელ ღმერთს ვაქებდით და რომელ ღმერთს უგალობდით? როგორც წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომელიც ჯოჯოხეთში შთავიდა, ანუ დასავალით ამაღლდა. შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რომ მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა იერუსალიმის დასავლეთით, იერუსალიმის გალავნის კედლების დასავლეთ მხარეს. შეიძლება ვიგულისხმოთ კონკრეტული წინასწარმეტყველებაც, რომ მაცხოვარი იერუსალიმის დასავლეთით იქნებოდა ჯვარცმული, ასევე ის, რომ უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა მართალთა სულები: "უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე" - ყველა ღვთის მეუფე, ყველა ღვთის ბატონი, ყველა ღვთის მპყრობელია მისი სახელი და მის წინაშე იხარებდნენ ყოველნი. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ღვთის მადიდებელია.

5. "შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა" - მის წინაშე შეძრწუნდა ჯოჯოხეთი, შეძრწუნდნენ დაცემული ანგელოზები, მთელი სამყარო შეძრწუნდა ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, რომელიც ობოლთა მამა და ქვრივთა მსაჯულია, რომელიც ისე შეეწევა მდიდრებს, როგორც ღარიბებს, პირიქით, ობოლს და ქვრივს მეტად შეეწევა. ობოლში და ქვრივში შეიძლება ვიგულისხმოთ წარღვნამდელი ადამიანებიც, რომლებსაც დაკარგული ჰყავდათ მამა, ანუ ღმერთთან კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. უფალი შეეწია მათ, რომლებიც აღიარებდნენ, რომ ობლები, ღმერთთან მყოფობას მოკლებულები იყვნენ; "ღმერთი ადგილსა წმინდასა მისსა" - მიუხედავად იმისა, რომ უფალი დედამიწაზე მოვიდა, განკაცნა რა და მოვიდა ადამიანის ხორცში, ადამიანის ხორცი შეისხა, ამის შემდეგაც, ისევე როგორც მანამდე, აღავსებდა მთელ სამყაროს.

6. "ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანენის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა" - ერთი აზროვნების, ქრისტეს, ერთი ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანები შეკრიბა უფალმა ერთად. "გამოიყვანენის კრულნი" - შეკრულნი ანუ ეშმაკისგან შებორკილი კაცობრიობა გამოიყვანა და გამოიხსნა ეშაკის ხელმწიფებიდან თავისი საქმეებით უფალმა. "ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არინ სამარებსა" - ისევე როგორც სამარეა არაფრისმომცემი, უტყვი, უსულო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გამოიხსნა უფალმა. უფალმა ყველა ადამიანი გამოიხსნა, დაწყებული ადამიდან, დამთავრებული ბოლო ადამიანით, რომელიც მეორედ მოსვლის დროს დაიბადება, მაგრამ მიღება ამ გამოხსნისა თითოეულ ჩვენგანზეა უკვე დამოკიდებული. მივიღებთ თუ არა ამ გამოხსნას, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, ვართ თუ არა ქრისტეს მიმდევრები და აღვასრულებთ თუ არა ღვთის მცნებებს.

7-8. "ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ; ქვეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა" - დავით წინასწარმეტყველი ამ მუხლებში იხსენებს და განადიდებს იმ საქმეებს, რაც უფალმა თავისი რჩეული ერის მიმართ ქმნა: როდესაც ისრაელის ერი გამოიყვანა მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან, უდაბნოში უძღოდა მას. შემდეგ ბრძანებს: ქვეყანა შეიძრა, ცაც კი შეძრწუნდა "პირისაგან ღვთისა სინაისა" - "ღმერთი სინაისა" აქ ეპითეტად არის გამოყენებული. ვიცით, რომ სინა არის მთა, სადაც უფალმა განუცხადა მცნებები ისრაელის ერს - სინაზე გამოცხადებული ღმერთის, ისრაელის ღმერთის წინაშე შეძრწუნდა ყოველი ქვეყანა.

9. "წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ უძლურდა, ხოლო შენდ გა-ვე-ამტკიცო იგი" - როგორც წვიმა განაცხოველებს ყოველივეს დედამიწაზე, ასევე განაცხოველა ღვთის სიტყვამ, სახარებისეულმა სიტყვამ მთელი დედამიწა. შენი ნებით მიეცი მოუძლურებულ კაცობრიობას, ადამიანებს სახარება, შენი სიტყვა. სულიერად იყო მოუძლურებული მთელი ძველი აღთქმის კაცობრიობა, შენ კი განამტკიცე ისინი შენი სიტყვითო.

10. "და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო" - ისინი არიან მკვიდრნი ამ ქვეყანაზე, ვისაც შენ სიცოცხლე მიეცი და შენი სიტკბოება განუმზადე გლახაკთა. აქ იგულისხმება სულიერი სიგლახაკე. ღვთის წინაშე ყველა ადამიანი სულიერად გლახაკია, მაგრამ როგორც ნეტარების პირველ მცნებაში გვეუბნება უფალი: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" - ნეტარნი არიან ისინი და უფალმა თავისი სიტკბოება განუმზადა იმ ადამიანებს, იმ გლახაკებს, ვინც აღიარებს, რომ გლახაკია სულიერად და ითხოვს ღვთისგან შეწევნას იმისათვის, რომ გლახაკია.

11. "უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალთა მრავალთა" - უფალმა მისცეს თავისი სიტყვა მათ, რომლებიც ღვთის ძალით ახარებენ. ფსალმუნის ამ მუხლში არის წინასწარმეტყველება მოციქულთა ქადაგებებისა და იმის შესახებ, რომ მოციქულთა ქადაგება იყო ღვთის სიტყვით და ღვთის ძალით.

12 ."მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა" - ძალთა მეუფე, ერთადერთი ღმერთი აძლევს მოციქულებს სიტყვებს, ძალთა მეუფე იქმს მათი ხელით სასწაულებს და მოციქულების მიერ მოპოვებული "ნატყუენავი" - ბრძოლაში მოპოვებული ალაფი იქნება განყოფილი. მოციქულების მიერ სულიერ ბრძოლაში მოპოვებული ალაფი იყო ადამიანთა სულები, რომლებიც გამოსტაცეს ეშმაკს ამ ადამიანთა სულები იქნებიან განყოფილი, განფენილი მთელ ეკლესიაში. "სახლის შუენიერებაში" სწორედ უფლის სამკვიდრო, ეკლესია იგულისხმება, მიწიერიც და ზეციურიც.

13. "უკეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვერცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა" - ნაწილში, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, იგულისხმება ორი ნაწილი კაცობრიობისა: იუდეველები და წარმართები, რომელებიც მოციქულებმა მოაქციეს. მოციქულები დაიძინებენ, ანუ დაივანებენ მათ შორის, რომლებიც მათ სიტყვას მიიღებს. "მტრედის ვერცხლით მოსილი ფრთები" - ეს არის სულიწმინდა, ხოლო მოციქულთა სიტყვის მიმღები ადამიანები მიიღებენ სულიწმინდას, საღმრთო სიბრძნესო, - წინასწარმეტყეველებს დავითი.

14. "რაჟამს გაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს" - ვიცით, რომ უფალი მოციქულებს ეუბნება: "დასხდეთ თქვენცა ათორმეტსა საყდარსა ზედა ისრაელისათა", ანუ სულთა მეფეებად განაწესა უფალმა მოციქულები. დავითი ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველურად ბრძანებს: უფალო, როდესაც შენ განაჩინე, განაწესე მოციქულები სულთა მეუფეებად, ისინი განთოვლდნენ, განსპეტაკდნენ სულიერად და ხორციელად, თავიანთი ცხოვრების წესით.

15. "მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი" - აქ უნდა ვიგულისხმოთ ეკლესია, რომელიც განპოხებულია ღვთის სიტყით და ღვთის წყალობით ადამიანთა მიმართ.

16. "რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად" - "მთაი პოხილი", როგორც ვთქვით, არის ჭეშმარიტი ქრისტიანული ეკლესია. ხოლო "მთანი შეყოფილნი", როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, - ისინი, ვინც იბრალებს, რომ ეკლესიაა, ანუ სხვა მიმდინარეობები, რომლებიც თავიანთ თავს, თავიანთ საკრებულოს ეკლესიას უწოდებენ. დავითი წინასწარმეტყველებს და მათ უსვამს კითხვას: თქვენ რას ჰგონებთ, მთანო შეყოფილნო? მრავალია "მთაი ესე, რომელ სთნდა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად", რომელშიც სრულიად დაიმკვიდროს უფალმა? ასეთი მთა, ეკლესია მრავალი შეიძლება იყოს? - არა, ასეთი მხოლოდ ერთია, ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელშიც სრულიად დაიმკვიდრა უფალმა, ხოლო დანარჩენში წილიც არ უდევს უფალს, არავითარი ნაწილი თავისი მადლისა მათში არ აქვს.

17. "ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა" - ეტლი ღმრთისანი, ანუ ზეციური ძალნი, ზეციური დასები, ზეციური ანგელოზები ათასეულნი, აურაცხელი წარუმერთებია, მიუძღვებიან წინ "სინას უფალს" - სინას მთაზე გამოცხადებულ უფალს და ხელაპყრობით ატარებენ მას, ცხადაია არა პირდაპირი, მიწიერი გაგებით, არამედ სულიერი გაგეით.

18. "აღხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ"
- ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ჯვარცმის შესახებ. "აღხედ მაღალთა, წარმოტყუენე ტყვე" - ჯვარს ეცვი და "ტყვე წამოიყვანე", ანუ ეშმაკისგან დატყვევებული ადამიანები, კაცობრიობა გამოიხენი და შენი ჯვარცმითა და აღდგომით არა თუ შენს ტვეებად და შენს მონებად, არამედ შენს მეგობრებად აქციე ადამიანები უფალიო, უმარავი ნიჭები დანერგე, მიეცი ადამანებს, "რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვენენ" - "ურჩნი", იუდეველნი და წარმართნი, რომლებიც ღვთის მცნებებს არა თუ აღასრუელბდნენ, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ, ისინიც კი შენს სამკვიდერბელში იყვნენ, მათ შორისაც კი განდიდებული იქნება შენი სიტყვაო, წინასწარმეტყეველბს დავითი

19. "უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითიდღე წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან" - კურთხეულია უფალი ყოველდღეო, ბრძანებს დავითი. რათქამუნდა უფალი განდიდებული და კურთხეულია ყოველდღე ანგელოზთა მიერ, მაგრამ აქ არის ვედრება, რომ ჩვენს გულებშიც კურთხეული იყო უფალი ყოველდრე, რათა ჩვენი გონება განუშორებელად უფალთან იყოს დამკვიდრებული. შწორედ ამის სესახებ არის ვედრება: "წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩვენისამან" - ჩვენი მაცხოვარების, ცხოვნების მომცემელმა ღმერთმა წარგვიმართოს იმსათვის, რომ ჩვენი გონება ყოველწამიერად ღვთით, უფლის განდიდებით იყოს დაკავებული.

20. "ღმერთი ჩუენი ღმერთ მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არაინ გამოსავალნი სიკუდილისანი" - ღმერთი ჩვენი, ჩვენი მაცხოვარი, ანუ ჩვენი მაცოცხლებელი, ჩვენი სიცოცხლის მომცემია, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი სიცოცხლის მომცემელია და სწორედ უფლისაგან "არიან გამოსავალნი სიკვდილისანი", ღვთის მცნებების დაცვითა და უფალთან მყოფობით არის შესაძლებელი სულიერი სიკვდილიდან გადარჩენა.

21. "ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი, თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა" - თხემიდან და თმებიდან დაწყებული შემუსრა უფალმა მტრები დაცემული ანგელოზები და ის ადამიანები "რომელნი უსჯულოებით ვლენან". "უსჯულოებით სიარულში" აქ იგულისხმება არა ყველა ცოდვა და ცოდვის ჩამდენი ადამიანი, იმიტომ რომ ცოდვილი რომელიც თავის ცოდვებს აღიარებს, იმედი აქვს რომ უფალი აპატიებს და ევედრება უფალას პატიებას, მას არ განსჯის უფალი, არამედ უსჯულოებაში იგულისხმება ისეთი ცოდვა და ცოდვილი, რომელიც თავის ცოდვებს ამართლებს და ცოდვად არ თვლის. ასეთებს ასე რომ ვთქვათ თხემიდან ტერფამდე შემუსრავს უფალი.

22. "თქვა უფალმან; ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა" - და ბრძანა უფალმა, ზღვის სიღრმეებიდან, ანუ გასაჭირითა და მიწიერი განსაცდელებით მიწიერი ამაოებებიდან მოვაქციო ადამიანიო.

23. "რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენენი ძაღლთა შენითანი - მტერთაგან მის მიერ" - დავით წინასწარმეტყეველი განადიდებს უფალს და მიმართავს: ეს აღნატრული აღგვისრულე უფალო, - "რაითა შენი ფერხი და ენა მტრის სისხლით შეიღებოს". აქ არ იგულისხმება ის, რომ უფალი მოვა და გაწყვეტს ადამიანებს, არამედ აქ იგულისხმება პირველ რიგში დაცემლი ანგელოზები, ის რომ მათი ხელმწიფება განქარვდება, ის, რომ ისინი ღვთის წინაშე იქნებიან დაცემულნი და გართხმულნი. "ძაღლნში" კი, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, იგულისხმება მწყემსები საღვთო ეკლეიისა -მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მღვდელნი, რომლებიც თავიანთი ენით განაქარვებენ მოწინააღმდეგეთა ძალს და ისინი სრულიად იქნებიან განქარვებულნი. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არ მიიღებს ღვთის საწინააღმდეგო სიტყვას, ანუ ჭეშამარიტ სწვლებას. იქნებიან ისეთებიც რომელბიც მიიღებენ, მაგრამ ეკლესიას ყველაფეზე აქვს პასუხი, - ვისაც ჭეშმარიტების გაგება სურს, ნებისმიერი მწვალებლობის, ნებისმიერი არაეკლესიურ აზრის საწინააღმდეგო აზრი შეიძლება მოძებნოს და მოისმინოს ეკლესიაში ადამიანმა.

24. "გამოჩნდეს სვლანი შენნი, ღმერთო, სვლანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმინდასა შინა" - შენი სვლა გამჩნდება უფალოო. რა სვლა? - ის სასწაულები, რომლებიც უფალმა აღასრულა ძველ აღთქმაში და რაც უფალმა ქმნა თავისი განკაცებით. Mაცხოვრის განკაცების შესახებ, - მაცხოვრის შობა, ნათლისღება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, ყველაფერი ხილულად გამოჩნდება ადამიანებსითვისო, წინასწარმეტყველებს დავითი.

25. "იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა" - შენი მთავრების, ანუ მოციქულების ნაქადაგები ღვთის სიტყვით და საქმეებით უამრავი ადამიანი მოიქცა, უამრავი ქალწული გახდა მგალობელი ღვთისა. "ქალწულში" იგულისხმებიან ადამიანები, რომელბმაც ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადეს, ანუ ბერ-მონაზვნობა, ასევე ზოგადად ის ადამიანებიც, რომელთა სულიც ღვთის სიტყვის მიღებით განსპეტაკდა და გაქალწულდა. მათ შორის დაიმკვიდრებს უფალი და მათ შორის იქნება მოციქულთა სიტყვაო.

26. "ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისთა" - ეკლესიებში აკურთხებდით და განადიდებდით უფალსაო. ხშირად შეიძლება გავიგონოთ, ადამიანები ხშირად შეიძლება გავიგონოთ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რა საჭიროა ეკლეისაში მისვლა, ხომ შეიძლება სახლშიც ვილოცო, ყველგან ვილოცო ღვთის წინაშეო. აქ კიდევ 3000 წლი წინ გვეუბნება დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი, ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსაო და შემდეგ ბრძანებს: "უფლისა წყაროთაგან ისრაელისაო", - არა მარტო ახალი აღთქმის წყაროებიდან განადიდებდით უფალს, არამედ ძველი აღთქმის წყაროებიდანაც განადიდებდით უფალსო. შუა საუკუნეებში არსებობდა მიმდინარეობები, რომლებიც ძველ აღთქმას არ აღიარებდნენ, არა თუ ძველ აღთქმას არ აღიარებდნენ, საერთოდაც ისე გაკადნიერდნენ, ამბობდნენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, სხვაა ძველი აღთქმის ღმერთი და სხვა ახალი აღთქმის ღმერთიო. სწორედ მათ სამხილებლად არის წინდაწინ განჭვრეტილი წინასწარმეტყველისაგან.

27. მუნ ბენიამენ ჭაბული განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისინი, მთავარნი ნეფთალემისნი" - როგორც მამები გვეუბნებიან, ეს არის წინასწარმეტყველება მოციქულთა წარმომავლობის შესახებ. ბენიამენ ჭაბუკში იგულისხმება, პავლე მოციქული, რომელიც ბენიამენის ტომიდან იყო, ჭაბუკი კი იმიტომ ეწოდება მას, რომ ის იყო ყველაზე ბოლოს მოწოდებული მოციქულთა შორის. ასევე იუდას, ზაბულონის, ნეფალემის… - ყველა ამ ტომიდან იყვენენ მოციქულები გამოსულები. ისინი არ იყვნენ მიწიერი მთავრები ამ ტომებისა, მაგრამ უფალმა მთავრები გახადა, სულიერ მთავრებად დაადგინა ისინი არა მარტო ამ ტომებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. კიდევ გავიმეორებ: როდესაც უფალი მოციქულებს ეუბნება: დასხდეც თქვენცა საყდარსა ათორმეტსა ტომთა ისრაელისაო, სწორედ კაცობრიობის სულიერ მთავრებად დაადგინა უფალმა მოციქულები, რომელბიც ისრაელის საზოგადოების უმდაბლესი წრიდან იყვენენ გამოსულები.
28. "ბრძანე, ღმერთო, ძალთა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის" - შენი ბრძანებით განაძლიერე, უფალო, მოციქულები და ის ძალა, რაც მათ ჩვენ შორის ქმნეს, მხოლოდ და მხოლოდ შენი იყო, შენი ძალით აღარულეს ყოველივე.

29. "ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი" - იერუსალიმის ტაძარში აქ კონკრეტულად იერუსალიმის ტაძარი კი არ იგულისხმება, არამედ საღმრთო ტაძარი, ერთიანი განუყოფელი ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიაში, ანუ ქრისტიანულ ეკლესიაში მეფეებმაც კი მიიტანეს ძღვენიო, - ბრძანებს დავითი. ეს არის წინასწარმეტყეველება, არათუ უბრალო ხალხის, არამედ მეფეთა მოქცევისა და მეფეთაგან ღვთის განდიდების შესახებ.

30. "შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვერცხლითა. განაბნინე წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი" - "ლერწმიანების მხეცები" შემუსრე, ღმერთო. ლერწმის მხეცები - მტაცებელი მხეცნი ხშირად უდაბნოში უსაფრდებოდნენ ადამიანებს და მათ ხორციელად იტაცებდნენ, ხორციელად ღუპავდნენ, მაგრამ ლერწმიანის მხეცებში აქ არ იგულისხმებიან მიწიერი მხეცები, მიწიერი მტაცებლები, არამედ სულიერი მხეცები, დაცემული ანგელოზები, რომლებიც ზეციური იერუსალიმისკენ მიმავალ ადამიანებს უსაფრდებიან, სურთ, რომ ადამიანთა სულები მოიტაცონ და განაშორონ უფალს და ღვთის მცნებების აღსრულების გზაზე აბრკოლებენ მათ. მამები გვეუბნებიან, რომ "ზუარაკთა დიაკეულთაში" იგულისხმებიან იუდეველები და ყველა ის ადამიანი, რომელიც წინ აღუდგება ღვთის მცნებების აღმასრულებელს. "გამოცდილნი ვერცხლითა" კი ქრისტეს სამწყსო, ღვთის მცნებების აღმასრულებელნი არიან. მათი დამაბრკოლებელნი შერისხე, უფალო, როგორც კაცნი, ასევე დაცემული ანგელოზები და განაქარვე მათი ძალი და მათი ძალაუფლებაო. "განაბნინე წარმართნი, რომელთა ნებავთ ბრძოლანი" - განაბნიე, ანუ ჩამოაცილე ეკლესიას, რომელნიც ქრისტიანებს ებრძოდნენო. წარმართების გაბნევა, განადგურება იქმნა წარმართობის განადგურებით, წარმართობა მოისპო, ხოლო თავად წარმართებმა დაიმკვიდრეს უფალთან, შეიქმნენ რა ღვთის მადიდებლები. ეს არის წინასწარმეტყველება წარმართობის მოსპობის, განადგურების შესახებ.

31. "მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი კვლავ წინასწარმეტყველებს მთელი სამყაროს მოქცევის შესახებ, ეგვიპტელსა და ინდოელში იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც მოიქცა და განადიდა უფალმა.

32. "მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა" - მეფეებიც კი განადიდებენ და უგალობენ უფალსო, - წინასწარმეტყველებს დავითი. როგორც ვთქვით, არა მხოლოდ უბრალო ადამიანები, არამედ ამ ქვეყნის მთავარნიც თავიანთი საქმეებით, თავიანთი სიტყვით განადიდებდნენ და უგალობდნენ უფალს.

33. "რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებითა" - "რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა" - ეს არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის ამაღლების შესახებ. "აღმოსავალით" - აქ იგულისხმება სულიერად აღმოსავლეთი, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ, ეცვა რა მაცხოვარი იერუსალიმის დასავლეთით ჯვარს, ამაღლდა იერუსალიმის აღმოსავლეთით. ფაქტობრივად ადგილებიც კი მითითებულია წინასწარმეტყველურად დავითის მიერ, თუ სად მოხდებოდა მაცხოვრის ჯვარცმა, აღდგომა და ზეცად ამაღლება მიწიერად; შემდეგ კი ბრძანებს: თავისი ძლიერების ხმა მოსცა უფალმა კაცობრიობას, განანათლა კაცობრიობაო.

34. "მოეცით დიდებაი ღმერთსა; ისრაელსა ზედა დიდად შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა" - ისრაელში აქ იგულისხმება ახალი აღთქმის ეკლესია, ანუ ქრისტიანები, ღვთის მადიდებელნი. ისრაელთა, ღვთის მადიდებელთა, ქრისტეს მიმდევართა შორის გამოჩნდა ღვთის დიდება და შვენიერება.

35. "საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელსაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა. კურთხეულ არს ღმერთი" - ვიცით, რომ თავად ადამიანის ბუნება არის უძლური, სწრაფმიდრეკილი სხვადასხვა მხარეს, მაგრამ უძლური ბუნების მქონე ადამიანებს შორისაც კი უფალი თავისი საკვირველებით გამოჩნდება, მათ შორის, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს. საკვირველი ის იქნება, რომ ასეთი ბუნება ადამიანისა, ძალიან დამყოლი, ისეთი მტკიცე შეიქმნება, თავად წამების და სიკვდილის შიშითაც კი არ უარყოფენ უფალს ქრისტიანებიო. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი, როდესაც ბრძანებს: საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა - ადამიანთა მიერ აღსრულებული ღვთის სადიდებელი საქმეებია საკვირველი, რადგან წარმოუდგენელია, ეს ადამიანმა ქმნას, თუ არა ღვთის შეწევნით. "მან მოსცის ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა" - სწორედ უფალია ადამიანებისათვის ძალის და სიმტკიცის მიმცემი და აღმასრულებელი იმ საქმეებისა, რომლებიც განადიდებს უფალს; "კურთხეულია უფალი" - რა თქმა უნდა, ღმერთი კურთხეულია და განდიდებულია იმ ქრისტიანთა და იმ წმინდანთა მიერ, რომლებიც თავიანთი სიტყვით, თავიანთი საქმით, თავიანთი ცხოვრების წესით განადიდებენ უფალს.