მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 65


ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში არის წინასწარმეტყველება წარმართობის მოქცევაზე, მოციქულთა ღვაწლზე და მოციქულთა ცხოვრებაზე, უფლის ჯვარცმასა და აღდგომაზე.

1. "ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა" - ეს არის მოწოდება წინასწარმეტყველისა, - მთელი ქვეყანა ღაღადებდით ღვთის მიმართ, ყველა უგალობდით ღვთის სახელს, დიდება მიეცით, ქებით განადიდეთ უფალიო. ეს არის ადამიანის პირველი მოვალეობა. იმ უდიდესი სიყვარულისათვის, რაც უფალმა გამოიჩინა და იჩენს ადამიანებისადმი, ერთადერთი, რაც შეგვიძლია უფალს შევწიროთ, არის მარადიული ღაღადება, მარადიული ლოცვა, მარადიული განდიდება, არა იმიტომ, რომ ეს უფალს სჭირდება, არამედ კვალად და კვალად ისევ ჩვენ გვჭირდება.

2. "არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი. მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი ჩვენნი" - გაიგეთ, თქვით, რაოდენ საშინელ არს ღვთის საქმეები. აქ საშინელებაში იგულისხმება ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი სასწაულები, რაც უფალმა ქმნა ძველ აღთქმაში, თავად ის სასწაული, რაც უფალმა ქმნა, როდესაც ხორციელად მოვიდა, განკაცნა და ჯვარს ეცვა. ეს სასწაულები საშინელია არა იმის გამო, რომ ამით ადამიანებს რაიმე სასჯელი მოევლინათ, არამედ თავისი არსით არის საშინელი, ზეაღმატებულია ყოველივე ადამიანის გონებით წარმოდგენილზე. "მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი ჩვენნი" - აქ უკვე საუბარია იუდეველებზე, რომლებიც ეცრუვნენ უფალს. უკვე მტრებად არიან მოხსენიებული იმის გამო, რომ არა მარტო არ მიიღეს უფალი, არამედ ჯვარს აცვეს იგი.

3. "ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდეს შენ და გიგალობდეს და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო" - ეს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ არა მარტო იუდეველები, ისრაელიანები, არამედ მთელი სამყარო და მთელი ქვეყანა განადიდებს უფალს. დავითი წინასწარმეტყველებს - ყველანი თაყვანისგცემდნენ, ყველანი გიგალობდნენ და შენს სახელს უგალობდნენ, უფალოო. აქ საუბარია ქრისტეს მოსვლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც უამრავი ერი ხდებოდა ღვთის მადიდებელი და განადიდებდა და უგალობდა უფლის სახელს.

4. "მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა" - მოვიდეთ და ვნახოთ ღვთის საქმეები - ის საქმეები, რომლებიც უფალმა ქმნა, როდესაც განკაცნა, მოვიდა, ჯვარს ეცვა, აღდგა, ამაღლდა და რა საშინელია მისი განზრახვა, ანუ ადამიანთა გონებაზე აღმატებული: უფალი ჯვარს ეცვა ადამიანთა გამოხსნისათვის. ადამიანთა გონებას აღემატება და შეუძლებელია, რომ თავად ანგელოზებიც კი სრულად ჩასწვდნენ იმ საიდუმლოებას, რაც უფალმა ჩვენი ხსნისათვის აღასრულა.

5. "რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდით ჩუენ მისა მიმართ" - დავით წინასწარმეტყველი იხსენებს იმ სასწაულებს, რომლებიც ძველი აღთქმის დროს ქმნა უფალმა: "რომელმა ზღვა ხმელად გარდააქცია" - სასწაული, რომელიც უფალმა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანის დროს ქმნა, შუაზე გაყო წითელი ზღვა და ებრაელები მშრალად, ხმელეთით გაიყვანა მეორე ნაპირზე. "მდინარესა წიაღხდენ ფრხივ" - ისრაელიანთა აღთქმულ ქვეყანასთან მიახლოებისას იორდანე შუაზე გაიყო და მდინარეში ფეხით გაიარეს ისრაელიანებმა. "მუნ ვიხარებდით მისა მიმართ" - ჩვენ კი მუნ - იქ, სასუფეველში ვიხარებდეთ ღვთისა მიამართ, რამეთუ მივიღეთ ქრისტე და უფალმა ხსნა მოგვივილინა თავისი განკაცებით.

6. "რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით" - რომელი იგი თავის ძალით უფლებს, ანუ უფალი თვითმფლობელია. არც ადამიანები და არც ანგელოზები თვითმფლობელნი არ არიან, ისინი ღვთის ძალით აღასრულებენ ყველაფერს. უფალი კი თვითმფლობელია, მისგან მოდის ყოველივე. სამყაროც, თავად დროც კი უფლის ხელმწიფებაში შედის. "თვალნი მისნი წარმართთა ხედვენ" - უფლის თვალი წარმართებს უყურებს. დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ წარმართები მოიქცეოდნენ, რომლებმაც თავიანთი უსჯულოებით "განამწარეს" უფალი. აქ იგულისხმება, რომ წარმართები თავიანთი ცხოვრებით განუდგნენ უფალს, მაგრამ შემდეგ მოექცნენ და ამაღლდნენ, თუმცა არა თავიანთი თავით, არამედ ღვთის განკაცებით. როდესაც უფლის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ მიიღეს უფალი და დაიწყეს ღვთის მცნებების აღსრულება.

7. "აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ყავთ ხმაი ქებისა მისისაი" - აქ საუბარია ქრისტეს სჯულზე, ქრისტიანობაზე მოქცეულ წარმართებზე, - მათი ხმა, უფლისადმი მიმართული ქების ხმა ყველასათვის სასწაული იქნება. მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა ღვთის მადიდებლებისა სწორედ წარმართების შთამომავლები ვართ და არა იუდეველებისა.

8. "რომელმან დადვა სული ჩემი ცხოვრებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა" - თავად დადო უფალმა თავისი სული ჩვენთვის, ჩვენი ცხოვნებისთვის. უფალმა ჩემი სული ცხოვრებად, ცხოვრების გზაზე დააყენა და ჩემს ფეხებს ძვრის უფლება არ მისცა, ანუ მივიღე რა სარწმუნოება, მტკიცედ დამაყენა უფალმა სარწმუნოებაზე და ამით ჩემმა სულმა ცხონება მოიპოვაო. აქ დავითი წანასწარმეტყველებს უფლის ჯვარცმისა და ჯვარცმით ადამიანთა გამოხსნისა და ცხოვნების მინიჭებაზე.

9. "რამეთუ გამოცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამმახურვენ ჩუენ , ვითარცა გამოიხურვების ვერცხლი" - ფსალმუნის ეს მუხლი არის წინასწარმეტყველება მოციქულების ცხოვრების შესახებ: როგორც ცეცხლით გამოიწრთობა ვერცხლი და ოქრო, ზედმეტი მინარევები გამოცალკევდება მისგან, საღმრთო ცეცხლმა ასევე განწმინდა მოციქულები და ისინი აბსოლუტურად განწმენდილნი მსახურებდნენ უფალს.

10. "შემიყვანენ ჩუენ საფრთხესა, დაჰკრიბე ჭირთა ბჭეთა ჩუენთა" - ფსალმუნის ეს მუხლიც წინასწარმეტყველურია. დავითი წინასწარმეტყველებს მოციქულთა პირით - საფრთხეში შეგვიყავნე ჩვენ, მოციქულები, უფალოო. მოციქულები საფრთხეში შევიდნენ, თავს საფრთხეში იგდებდნენ ღვთის სიტყვის გავრცელებისთვის, მაგრამ ეს საფრთხე მათთვის იყო სასიამოვნო, სიხარულის მომტანი. სხვათა თვალისთვის შეიძლება ეს იყო საფრთხე, მაგრამ ისინი სიხარულით აღასრულებდნენ ღვთის სიტყვის ქადაგებას და რაც მათზე მოაწიეს უსჯულო ადამიანებმა, ისინი სიხარულით იღებდნენ, პირიქით, მათთვის ლოცულობდნენ, ვინც მათ საფრთხეს უქმნიდათ.

11. "ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ განსასუენებლად ჩუენდა" - კვლავ გრძელდება წინასწარმეტყველება მოციქულთა ცხოვრების, მოღვაწეობის პერიოდის შესახებ: კაცნი ავლინენ, ჩვენ ზედა აღდგნენ, გვდევნიდნენ, გვტანჯავდნენ, "განვლეთ ცეცხლი და წყალი" - უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ და აქედან გამოგვიყვანე, უფალო. აღასრულეს რა სრბაი თვისი მოციქულებმა, ყველა მათგანმა უფალთან დაიკვიდრა, თუ არ ჩავთვლით იუდას, რომელიც თავიდანვე, მაცხოვრის ჯვარცმის პერიოდიდანვე განგდებულ იქნს მოციქულებისგან, მოციქულთა რიგიდან.

12. "შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცე შენ ლოცვანი ჩემნი" - ეს სიტყვები ყველა ქრისტიანს, ყველა ღვთის მადიდებელს მიემართება: ყველა ღვთის მადიდებელი, ყველა ქრისტიანი ღვთის სახლში შევიდეთ და "მიგცე შენ ლოცვაი ჩვენი", ვილოცოთ შენს მიმართ, უფალო. ღვთის სახლში ყოფნის დროს უფალს უნდა აღვუსრულოთ ლოცვა. ერთადერთი განსადიდებელი, რაც ადამიანებს შეუძლიათ შესწირონ უფალს, არის ლოცვა და გონიერი მსხვერპლი.

13. "რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა" - ის, რაც ჩვენი ბაგეებით, ჩვენი პირით აღვუთქვით უფალს განსაცდელის ჟამს, უნდა აღვუსრულოთ.

14. "საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები" - როდესაც დავითი წერს, რომ ღვთის საკურთხეველზე მსხვერპლად უნდა მივიტანოთ საკმეველი, ვერძები, ვაცები, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ; წინასწარმეტყველი გულისხმობს, რომ ყოველივე საუკეთესო უნდა შევწიროთ უფალს. უპირველესად ეს არის ჩვენი განწმენდილი გონება, ჩვენი განწმენდილი სხეული. სწორედ ეს უნდა შევწიროთ უფალს, ეს არის პირველი და უმთავრესი შესაწირავი და არა ძველაღთქმისეული შესაწირავი.

15. "მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ, ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა" - დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს - მოდით და ისმინეთ, გითხრათ თქვენ, რა უყო ჩემს სულს ღვთის შიშმა, ღვთის მცნებების შიშით აღსრულებამო. რა უყო დავითის სულს ღვთის მცნებების შიშით აღსრულებამ? - ის, რომ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ მისმა სულმა, ისევე როგორც ძველი აღთქმის უამრავი მართალი ადამიანის სულმა, დაიმკვიდრა სასუფეველში.

16. "მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა" - ღვთის წინაშე ჩემი პირით ღაღადვყავ, განვადიდე უფალი და ჩემი ენით აღვამაღლე იგი. ჩვენი ლოცვა და ჩვენი განდიდება კი არ აღამაღლებს უფალს, არამედ, აღვამაღლებთ და განვადიდებთ რა შემოქმედს ლოცით, ავმაღლდებით მიწიერ ცხოვრებაზე. ხოლო როდესაც ჩვენი სული ამაღლდება, იმკვიდრებს უფალთან.

17. "სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა, უფალო" - დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს, - თუ მე ჩემს გულში სიცრუეს ვხედავ, ნუ შეისმენ ჩემსას, უფალო. იმდენად უნდა განვიწმინდოთ გული, რომ ღირსნი გავხდეთ ამ სიტყვების თქმისა: თუ ჩემს გულში სიცრუეა, ნუ შეისმენ, უფალო, ჩემს სიტყვას, ჩემს ლოცვასო.

18. "ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედა ხმასა ვედრებისა ჩემისასა" - რის გამო შეისმენს ჩვენსას უფალია? - იმის გამო, თუ ჩვენ განვიწმენდთ გულს, თუ ჩვენს გულში არ იქნება ზაკვა იმის გამო, თუ აღვასრულებთ ღვთის მცნებებს.

19. "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან" - კურთხეულია უფალი მარადის, რომელმაც ჩვენი ლოცვა არ განიშორა. ჩვენი ლოცვა არასოდეს არის ისეთი, რომ სათნო იყოს ღვთის წინაშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი მარადის ისმენს ჩვენს ლოცვას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლოცვა არ არის ღირსი, რომ წყალობა მივიღოთ, ჩვენი ლოცვის სანაცვლოდ, უფალი თავის წყალობას ჩვენგან არასოდეს არ განაშორებს.