მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 64


სამოცდამეოთხე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება წარმართთა მოქცევის შესახებ, ასევე ფსალმუნში ჩანს იმედი იმისა, რომ უფალი უსჯულოებიდან გამოგვიხსნის, იმედი იმისა, რომ უფალს შეუძლია ჩვენი ცოდვების მიტევება და ყოველივე აქედან გამომდინარე, გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს, დაგვიცავს ამ ქვეყანაზე ხორციელად და სულიერად და დაგვამკვიდრებს თვისთან ზეცაში ცოდვათა შენდობით.

1. "შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალიმს" - ერთადერთი, ვისაც გალობა უნდა აღვუვლინოთ, არის უფალი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ სიტყვებს წარმართების პირით წარმოთქვამს წინასწარმეტყველურად დავითი, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც არ იყვნენ ძველი სჯულის მიმდევრები. მათ უამრავი ღმერთი სწამდათ, თაყვანს სცემდნენ ყველაფერს - ხეს, ზღვას, მზეს... გაიგეს რა ქრისტესა და ქრისტიანობის შესახებ, ისინი უკვე უფალს აღუვლენენ გალობას და მიმართავენ: "შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მისცე ლოცვა იერუსალიმს" - სიონსა და იერუსალიმში ჭეშმარიტებით აღგივლინო ლოცვაო. იერუსალიმში ასევე უნდა ვიგულისხმოთ ეკლესია - მიწიერი და ზეციური, სადაც დაუსრულებლად აღუვლენენ უფალს გალობასა და ლოცვას.

2. "შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი შენ და ყოველი ხორციელი მოვიდეს" - დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, ჩვენს ლოცვასა და ყველა ადამიანის ლოცვასაც შენ შეისმენ, უფალო, და ყოველი ხორციელი მოვა შენთანო. ფსალმუნის ეს სიტყვები წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, რომ უკვე ყველგან ეყოლება უფალს მადიდებელი, ყველა ერსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში იქნებიან ღვთის მადიდებლები, იუდევლები იქნებიან ესენი, წარმართები, ბარბაროსები თუ სხვა სჯულისა და ტომის წარმომადგენლები.

3. "სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო" - უღმრთობაში იგულისხმება უფლის მცნებების დარღვევა, უსჯულოებაში კი ბოროტი ძალებისგან შეპყრობილი ადამიანი, ისინი, ვინც ღვთის მადიდებლებს დევნიდნენ, ვინც ღვთის მქადაგებლებს დევნიდნენ. ისინი - უსჯულონი განძლიერდნენ და აღიძვრენ ღვთის მადიდებელი ადამიანების წინააღმდეგ. როდესაც უსჯულონი აღიძვრებიან ჩვენს, ღვთის მიმდევართა წინააღმდეგ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი უღმერთობის, ჩვენი ცოდვით დაცემულობის გამოა მოწევნული, არა სასჯელად, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი გონება ღვთისკენ მობრუნდეს და შევინანოთ. როდესაც ეს მოხდება, სინანული გაგვიჩნდება, ჩვენი უღმერთობისგან გვიხსნის უფალი - გამოგვიხსნის და მოგვიტევებს ჩვენს უღმერთობას.

4. "ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარა, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა; წმიდა არს ტაძარი შენი" - ნეტარია ის ადამიანი, ვინც შენ გამოირჩიე და შეიწყალე, უფალოო. უფალი ადამიანებს მათი გულების მიხედვით გამოირჩევს, ადამიანთა გულის ზრახვებს კითხულობს, იცის, ვინ არის ღვთის მადიდებელი და ვინ - არა, ვინ მიიღებს ღვთის სიტყვას და ვინ - არა. ნეტარია სწორედ ის, ვისაც უფალი გამოირჩევს და შეიწყალებს, ვისაც ცოდვებს მიუტევებს. ვინც ღვთისგან შეწყალებული იქნება, "დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა" - დაიმკვიდროს უფალთან, სასუფეველში. ხოლო ვინც სასუფეველს დავიმკვიდრებთ, სასუფევლის სიკეთეებით აღვივსებით.

5. "საკვირველ არს სიმართლითა. შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელ არიან ზღუათა შინა შორის" - ფაქტობრივად, ფსალმუნის ეს მუხლი აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს, - ღვთის სახლი, ზეციური ტაძარი საკვირველია თავისი სიმართლით, ისევე როგორც მიწიერი ტაძარი, ღვთის ეკლესიაა საკვირველი თავისი სიმართლით. ეკლესიის ყველა წევრი არ არის საკვირველი თავისი სიმართლით; შესაძლოა, ეკლესიაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ვერ აღასრულებენ ღვთის სიტყვას, არამედ აქ საუბარია თავად ეკლესიაზე, კრებულზე და არა პიროვნებებზე; შემდეგი სიტყვებით დავითი ევედრება უფალს, ჩვენი ვედრება შეისმინე, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, შენ ხარ მთელი სამყაროს, მთელ დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანების სასოება და შესავედრებელი, ამიტომაც…არ არსებობს ადგილი სამყაროში, - მიწაზე, ზღვაში, ცაში... სადაც უფალი არ განიდიდებოდეს გონიერი არსებების მიერ.

6. "განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შემორტყმულმან ძლიერებითა" - ფსალმუნის ამ მუხლში საუბარია სამყაროს შექმნაზე. უფალმა განამზადა ის ძლიერი მთები, ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თავისი ძლიერებით. თავად უფალი გაცილებით ზეაღმატებულია ყოველივე ხილულზე, ძლიერი და ყველაზე უძლიერესი, რომელმაც ყოველივე ხილული და უხილავი შექმნა.

7. "რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდნენ წარმართნი" - ზღვის ღელვას, ზღვის ოხვრას, ანუ ყოველივეს, რომელთა ხმის გაგონებაზე და დანახვაზეც კი ადამიანს შიშის ზარი ეცემა, უფალი მართავს. წარმართები შეძრწუნებული იყვნენ ამ ყველაფრით - ზღვის ღელვით ან, ვთქვათ, უზარმაზარი მთებით, მათ - ქმნილებებს სცემდნენ თაყვანს და არა მათ შემოქმედს, უფალს, მაგრამ შემდეგ დადგა დრო წარმართებში, როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ არა ღვთის ქმნილებები იყო მთავარი, რომელიც მათ აძრწუნებდათ და თაყვანს სცემდნენ, არამედ მათი შემოქმედი, რომელმაც წარმართთა შიში განაქარვა და წარმართობა შეაძრწუნა, დაამხო არა წარმართები, არამედ წარმართობა, წარმართული სწავლება.

8. "და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსვლასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი" - ღვთის სასწაულებმა - უფლის შობამ, ჯვარცმამ, აღდგომამ შეაშინა და შეაძრწუნა მთელი სამყარო - წარმართული სამყარო, იუდაური სამყარო... განქარვებულ იქმნა თავად წარმარული სწავლება, იმის გამო, რომ ადამიანებმა მასობრივად ირწმუნეს ქრისტე და დღის ნებისმიერ დროს უკვე აღვსილნი იყვნენ სიხარულით, იმ სიხარულით, რომ იხილეს, ნახეს, თუ რა არის ჭეშმარიტება და აღარავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია ადამიანისთვის მთას, ზღვას თუ ნებისმიერ სტიქიას, როდესაც მას ღვთის სარწმუნოება აქვს.

9. "მოხედე ქუეყანასა და დაათვრე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი; მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი" - მოხედა უფალმა ქვეყანას - თვითონ მოვიდა, განკაცნა და ადამიანები ერთმანეთის სიყვარულით დაათრო. თრობაში აქ არა ცოდვა, არამედ სიკეთე იგულისხმება. "განამრავლე განდიდებაი მისი" - ადამიანის სიმდიდრე, როგორც მიწაზე, ასევე ზეცაში, არის სულიერი წარმატებულობა და ღვთის სარწმუნოება. სწორედ ეს წარმატებულობა იქნა გამრავლებული ადამიანთა შორის. "მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა" - ღვთის მდინარეში შეიძლება ვიგულსხმოთ ძველი აღთქმა, რომელიც შეიძლება შევადაროთ მხოლოდ მდინარის კალაპოტს, სადაც წყალი არ მოედინებოდა, ანუ ძველი აღთქმის სწავლება არ იყო მაცხოვნებელი სწავლება, არამედ მხოლოდ მაცხოვნებელ სწავლებასთან მიმყვანებელი და სწორედ "მდინარის კალაპოტში" - ძველი აღთქმის სწავლებაში წამოვიდა შემდეგ ახალი აღთქმის სწავლება - აღივსო წყლითა, ანუ სახარებისეული სწავლებით, რომელმაც განაცოცხლა და განასულიერა ყველა ადამიანი. ეს წყალი, სახარებისეული სწავლება იქმნა საზრდელი ადამიანებისა, რომელმაც მიიყვანა ადამიანები უფალთან.

10. "ურნატნი მისნი დაათვრენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი" - უფალო, ყველაფერი აღავსე შენი სიკეთეებით, ნაყოფები განუმრავლე ადამიანებს და "ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი" - საღვთო სწავლების ცვრით, მცირედი ნაწილითაც კი მხიარული იქნება ადამიანთა გულებიო. რა თქმა უნდა, წვიმას მეტი შედეგი მოაქვს ჯეჯილისთვის, მცენარეებისთვის, ვიდრე ცვარს, მაგრამ საღვთო სწავლების ცვარიც, მცირედი ნაწილიც კი განახარებს და განამხიარულებს ადამიანებს.

11. "აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა" - ყოველი წელიწადი შენი კურთხევით აკურთხო, უფალო. ყოველი დღე, ყოველი წამი ღვთის კურთხევითაა. რომ არა ღვთის ძალა და კურთხევა, სამყარო წამითაც კი ვერ გაძლებდა. სწორედ ამას ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლის დასაწყისი სიტყვებით: "ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა" - ველში აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანები, რომლებიც ღვთის სიპოხით, ღვთის სწავლებით აღივსნენ, რომელიც მთელ სამყაროს მოჰფინა უფალმა თავის მოციქულების პირით.

12. "განპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი, და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ" - არა მარტო იმ ადგილებში, სადაც ადამიანები სახლობდნენ, არამედ უდაბნოებშიც კი იქმნა ღვთის სიპოხე და განმხიარულება. ეს არის წინასწარმეტყველება იმის შეასახებ, რომ უამრავი ადამიანი უდაბნოებში განძლიერდებოდა და განადიდებდა უფალს. მართლაც, ვიცით, რომ მრავლად იყვნენ ღირსი მამები და ღირსი დედები, რომლებიც უდაბნოებშიც განადიდებდნენ უფალს - თავად უდაბნომაც კი ღვთის სიპოხე მიიღო, უკვე უდაბნოებიც განადიდებდნენ თავიანთი მცხოვრებლებით უფალს. "და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ" - ბორცვებში შეიძლება ვიგულისხმოთ ეკლესიები, რომლებითაც უდაბნოები მოიფინა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებში. ფაქტობრივად არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ დარჩენილა ერთი უდაბნოც კი, სადაც ბერ-მონაზვნები არ მკვიდრობდნენ და სადაც უფალი არ განიდიდებოდა.

13. "შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ" - "შეიმოსონ ვერძნი ცხოვართანი", როგორც წმინდა მამაბი გვეუბნებიან, აქ უნდა ვიგულისხმოთ მიწიერი ხელისუფალნი, მეფეები. მათაც კი შეიმოსონ ღვთის სიტყვა, ღვთის სარწმუნოება. მართლაც, ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან უამრავი მმართველი გახდა ქრისტიანი, მეოთხე საუკუნიდან კი იმპერატორები, მეფეები ხდებოდნენ ქრისტეს მიმდევარნი, ანუ დავითი წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ ქრისტეს სარწმუნოება არა მარტო უბრალო ხალხში, არამედ თვით ხელისუფლებაში, მმართველ კლანებშიც კი გავრცელდებოდა და უმაღლესი ხელისუფალნიც კი განადიდებდნენ უფალს. შემდეგი სიტყვებით "ღელეთა განამრავლონ იფქლი" დავითი წინასწარმეტყველებს, რომ ქვეყანაზე არ დარჩება კუთხე და ადგილი, სადაც ღვთის მადიდებელი ადამიანი არ იქნება, ყველგან განმრავლდება სულიერი იფქლი, ანუ ღვთის სარწმუნოება და ღვთის სწავლება და სამარადისოდ იქნება ღვთის დიდება და ღვთისადმი გალობა, ამქვეყნადაც და მეორედ მოსვლის შემდეგაცო.