მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 61


ფსალმუნის სათაურია - "დასასრულსა, იდითუმისთვის, ფსალმუნი დავითისი". იდითუმი იყო იერუსალიმის ტაძრის მსახური, რომელიც, როგორც გარდამოცემა გვაუწყებს, ცოდვით დაეცა. დავით წინასწარმეტყველმა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა ეს ფსალმუნი, სადაც ნუგეშს სცემს იდითუმს ცოდვით დაცემის გამო. ფსალმუნში ასევე არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლის შესახებაც, იმის შესახებ, რომ უფალი ცოდვას განაქარვებს. ფსალმუნით დავითი მოუწოდებს იდითუმსაც და თითოეულ ჩვენგანსაც, რომ არა ცოდვით დაცემაა საშინელება, არამედ ცოდვაში, დაცემულ მდგომარეობაში დარჩენა, - ცოდვის უნანებლობა. ადამიანს წარწყმედს არა ცოდვით დაცემა, არამედ დაცემულ მდგომარეობაში დარჩენა და უნანებლობა, თორემ ჩვენ ვიცით, რომ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, - შეუძლებელია, ამქვეყნად ცხოვრების დროს ადამიანმა ცოდვისგან აბსოლუტურად დაიცვას თავი. თავად უნანებლობა არის ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვა. როგორც ვთქვით, ფსალმუნით დავითმა ნუგეში სცა იდითუმს და თითოეულ ჩვენგანსაც ასევე გვაუწყა, თუ რომელი ცოდვაა ყველაზე საშინელი, - არა ის ცოდვა, რომელშიც ჩავვარდით, უნანებლობა, როდესაც ამ ცოდვას არ ვინანიებთ.

1. "ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი" - დავით წინასწარმეტყველი კითხვას სვამს: რა, ცოდვის ჩადენის შემდეგ ღმერთს აღარ ემორჩილება ჩემი სული? ისევ ხომ უფალია ჩემი მფარველი, ისევ ხომ უფალია ჩემი ცხოვრება. ჩემით, ჩემი საქმეებით შემიძლია ვცხონდე თუ უფლის წყალობით? რაკი უფლის წყალობით შემიძლია ცხონება, ის კი არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მე ცოდვაში დავეცი თუ არა, არამედ ის, რომ სინანული მქონდეს, ჩემი ცოდვების შეგრძნება მქონდეს და ისევ უფალს დავუმორჩილო ჩემი სული, რადგან სწორედ უფალია ჩემი მაცხოვნებელი, მას ნებისმიერ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, შეუძლია ჩვენი ცხონება, თუკი შევთხოვთ და სინანულში ვიქნებით.

2. "და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის" - კვლავ მეორდება წინა მუხლში გადმოცემული აზრი, - მხოლოდ უფალს შეუძლია ჩვენი ცხონება და სწორედ ამის გამო ვამბობთ, რომ უფალია ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი მაცხოვნებელი, სიცოცხლის მომცემელი, არა მარტო მიწიერი სიცოცხლის, არამედ საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი და ჩვენი შესავედრებელი და თუ უფალთან ვიქნები, არასოდეს შევირყევი, - შეიძლება ცოდვით დავეცე, მაგრამ თუ სინანულში ვიქნები, ღვთის სარწმუნოებაში ვიქნები, მაშინ უფალს ნებისმიერი ცოდვიდან შეუძლია ჩემი აღმოყვანა და ცხონება.

3. "ვიდრემდის დესხმით კაცთა ზედა მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მოდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა?" - აქ უკვე დავით წინასწარმეტყველი მიმართავს დაცემულ ანგელოზებს, მათ მიმართ ამბობს, - არ დაეხსნებით ადამიანებს? როდემდე გინდათ ადამიანებზე ბატონობდეთ და მათ განადგურებას ცდილობდეთ? "მიდრეკილ კედლად და დაჭენებულ ღობედ" თვლით თქვენ ადამიანებს, - თუ დავინახავთ, რომ ღობე წაქცეულია, კედელი გადადრეკილი და გადანგრეულია, ვიცით, რომ ამ სახლს პატრონი არ ჰყავს, ასევე ხართ თქვენც, ხედავთ, რომ ადამიანი დაცემულია, ცოდვაშია ჩავარდნილი, და თვლით, რომ მას პატრონი არ ჰყავს, მაგრამ ასე არ არის. ადამიანების პატრონი უფალია, რომელიც ამ მიდრეკილ კედელს და დაჭენებულ ღობეს კვლავ გაამრთელებს და აღადგენს და ნუ გვექცევით ადამიანებს ისე, თითქოს უპატრონოები ვიყოთ.

4. "ხოლო პატივსა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდენ და გულითა მათითა სწყევდენ" - ჩვენი პატივისაგან განშორება იზრახეს - მათ დაცემულმა ანგელოზებმა, იმ პატივისაგან, რისთვისაც უფალმა ადამიანი შექმნა და განაშორეს კიდეც ადამიანი პატივს, მაგრამ თავისი მრავალმოწყალებით, თავისი ჯვარცმით, თავისი მსხვერპლშეწირვით უფალმა კვლავ დააბრუნა სასუფეველში ადამი და ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ისინი, ვისაც სწამს უფლისა, ვისაც ჯერა, რომ ქრისტეა ძე ღვთისა, ვისაც ჯერა, რომ ქრისტე არის ადამიანების მხსნელი, თავის ამქვეყნიურ საქმიანობას ქრისტეს უკავშირებს და ქრისტეს მცნებებს აღასრულებს. მართალია, უფალმა კვლავ დააბრუნა ადამიანი პირვანდელ პატივში, თუმცა დაცემული სულები მაინც განუწყვეტლივ იღვწიან იმისათვის, რომ ადამიანი ამ პატივს განაშორონ. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობს: "პირითა მათითა აკურთხებდენ და გულითა მათითა სწყევდენ" - როდესაც ეშმაკი, დაცემული ანგელოზი ადამიანთან მიდის აზრობრივად, მას ამა თუ იმ ცოდვის მიწიერ სიამეებს დაუსახავს, სიკეთედ აჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში "გულით სწყევს" - თავის გულში ბოროტს განიზრახავს, სინამდვილეში ჩვენი დაღუპვა სურს.

5. "გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი" - დავითი თავის სულს, თავის თავს მიმართავს და ჩვენც ჩვენს თავს უნდა მივმართოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავს ვუთხრათ, - უფალს დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ ყველაფრის დათმენა, დაცემული ანგელოზების მიერ მოყენებულის ატანა მხოლოდ და მხოლოდ უფლის წყალობით და უფლის შეწევნითაა შესაძლებელი.

6. "და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო" - იგი ანუ ქრისტე არის ერთადერთი ჩვენი ღმერთი, ერთადერთი ჩვენი მაცხოვნებელი, ჩვენი შესავედრებელი და თუ მას მივენდობით, არასოდეს შევირყევით სარწმუნოებიდან. როდესაც სახლი კლდეზეა აშენებული, მას ვერანაირი წყალდიდობა ვერ ავნებს, ასევე, როდესაც ადამიანის სარწმუნოება ქრისტეზეა დაფუძნებული, მას დაცემული ანგელოზების ვერანაირი შემოტევა და ბრძოლა ვერ დაამარცხებს.

7. "ღმრთისა მიმართ არს ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ" - დავითი ისევ და ისევ აგრძელებს წინა მუხლებში გადმოცემულ აზრს, რომ მხოლოდ ღვთისგან არის ჩვენი ცხონება, არც ჩვენ, არც სხვა ადამიანს, არც ანგელოზს არ შეუძლია ჩვენი ცხონება, თუ არა ღმერთს და მისგან არს ჩვენი დიდება - ჩვენი განდიდება, ჩვენი დამკვიდრება უფალთან - სასუფეველში; ის არის ჩვენი შეწევნისა და სასოების ღმერთი, ის შეგვეწევა და მისი იმედი გვაქვსო.

8. "ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს" - ფსალმუნის ეს მუხლი არის მოწოდება, - რომ ყველა ერი და ყველანი უფალს ესვიდეთ, უფლის იმედი გქონდეთ და მის წინაშე განფინეთ, გადაშალეთ - განიწმინდეთ თქვენი გულები. ღვთის წინაშე გულის გადაშლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განვიწმინდოთ ჩვენი გულები, არა მარტო ხორციელი ცოდვებისგან, არამედ იმ ვნებებისგან, რომლებიც ჩვენს გულშია დამკვიდრებული. თუ ჩვენ ვეცდებით და მოვინდომებთ ჩვენი გულიდან ვნებების გაძევებას, ჩვენს გულში უფალი დაიმკვიდრებს და მასში ვნებების ადგილი აღარ დარჩება, ვნებები გადიან ადამიანის გულიდან. ასევე ამ მუხლში არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყველა ერში განიფინება ღვთის სიტყვა, რაც დაამტკიცეს მაცხოვრის მოციქულებმა და მათ შემდგომ ყველა იმ ქრისტიანმა, რომლებმაც ღვთის სიტყვა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს.

9. "ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე. ამაოებით არიან ურთიერთას" - მთელ ქვეყანაში გავრცელდება ღვთის სიტყვა და ისინი, ვინც ღვთის ძეებად მიიჩნევდნენ თავს, - ისრაელის ერი, - სიცრუით იქნებიანო. მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ იუდეველებმა უამრავი სიცრუე შეთხზეს იმისათვის, რომ მაცხოვარი ჯვარს ეცვათ. არა მარტო მაცხოვრის ჯვარცმაზე, მაცხოვრის აღდგომაზეც კი უამრავი სიცრუე შეთხზეს, ასევე ქრისტიანებსა და ქრისტიანობაზეც, მაგრამ "ამაო არიან ძენი კაცთანი", - მათი ყველა საქმე ამაო იყო, რადგან ვერ მიაღწიეს თავიანთი სურვილის აღსრულებას, იმას, რომ ადამიანებს ქრისტე დაევიწყებინათ, რადგან შეუძლებელია კაცობრიობამ დაივიწყოს ის, ვინც კაცობრიობის ხსნისთვის მოვიდა. შესაძლოა უამრავმა ადამიანმა დაივიწყოს ქრისტე, მაგრამ არ შეიძლება დედამიწაზე დადგეს ისეთი დრო, რომ ყველა ადამიანმა დაივიწყოს ქრისტე; "ამაოებით არიან ურთიერთას", - დავითი ისევ და ისევ წინასწარმეტყველებს, რომ მათი ამაო მოქმედება ვერ გავრცელდა კაცობრიობაზე, არამედ მათში, ცრუებში დარჩა, მხოლოდ იმ ადამიანებს სჯერათ მათი მონათხრობისა, რომელთა გულიც ქრისტესთვის არ არის გაღებული, არამედ ეშმაკის - ამაოებისა და სიცრუისთვის არის ღია.

10. "ნუ ესევთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენდა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი მოგვიწოდებს - სიცრუის იმედი ნუ გაქვთ, როგორი სასიკეთოც არ უნდა გეჩვენოთ სიცრუის თქმა, ტყუილის იმედი ნუ გაქვთ, რადგან უკვე თავად სიცრუე გვავნებს. ასევე "ნუ გსურის ტაცებად", ანუ სხვისი ქონების, სხვისი კუთვნილების მიტაცება და "თუ სიმდიდრე გარდაგერეოდეთ" - ძალიან დიდი სიმდიდრე გექნებათ, ეს თქვენს გულს ნუ შეიპყრობსო. როგორი სიმდიდრეც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ ქვეყანაზე, შესაძლოა მისი ქონება წამიერად გაქრეს და არაფრისმქონე დარჩეს. თუკი ადამიანის გული შეპყრობილია თავისი სიმდიდრით, თავისი ქონებით, ეს მას დაღუპავს, წარწყმედს. სიმდიდრე უფალთან დამკვიდრების ხელისშემშლელ პირობად ექცევა.

11. "ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე" - "ერთჯერ თქუა ღმერთმა", ე.ი. სამსჯავრო ერთხელ იქნება, ერთხელ გადაწყვეტს უფალი, დავიმკვიდრებთ თუ არა სასუფეველს, მაგრამ "ორი ესე მესმა" - მართალია, ვცოდავთ, ცოდვის გამო მსჯავრი გვეკუთვნის, მაგრამ ამავე დროს უფალი არის მრავალმოწყალე და თავისი საქმეების მიხედვით კი არ განსჯის ადამიანს, არამედ თავისი მრავალმოწყალებით. თუ უფალი ადამიანს თავისი საქმეების მიხედვით განსჯიდა, ვერავინ ცხონდებაროდა. უფლის მრავალმოწყალებით განსჯა იქნება იმის მიხედვით, იქმოდა თუ არა კაცი ბოროტებას, ჰქონდა თუ არა სინანული, ჰქონდა თუ არა ღვთის სარწმუნოება, იყო თუ არა ის მოწყალე. თუ ადამიანი მოწყალე იყო, უფალი მასაც შეიწყალებს. თუკი ადამიანს ჰქონდა სინანული და უფალს სთხოვდა პატიებას, ყველანაირ ცოდვას მიუტევებს და შეიწყალებს მას. უფალი ადამიანის ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას.

12. "და შენი არს, უფალო, წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცადსა საქმეთა მისთაებრ" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ისევ და ისევ მიმართავს უფალს, - შენია, უფალო, წყალობა, მხოლოდ და მხოლოდ შენი ნებით შეგიძლია ადამიანი შეიწყალო და არა იმით, ადამიანს რა აქვს ნაკეთებიო. ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ, როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენი საქმეებით ვერასოდეს ვცხონდებით, ვცხონდებით მხოლოდ და მხოლოდ უფლის წყალობით. როდესაც დავითი ბრძანებს, - უფალი ყველა კაცს თავისი საქმისამებრ მიაგებსო, აქ საქმეში არ იგულისხმება, რა საქმები გვაქვს ჩადენილი, როგორც უკვე ვთქვით ამის შესახებ, არამედ საქმეში იგულისხმება ქრისტეს სარწმუნოება, იგულისხმება სინანული, იგულისხმება სასოება უფლისა, ანუ იმედი იმისა, რომ უფალს შეუძლია ჩვენი ცხონება და მიუხედავად ჩვენი დაცემულობისა, მიუხედავად ჩვენი უღირსებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირად არა ვართ ღირსი ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა, თუ ჩვენ გვექნება სარწმუნოება უფლისა და სინანული ჩვენი ცოდვების გამო, უფალი გაიღებს მოწყალებას ჩვენზე და შეგვიწყალებს.