ფსალმუნის დაწერის ისტორია სათაურშივეა გადმოცემული. დავითმა ორმოცდამეტექვსმეტე ფსალმუნი დაწერა იმ დროს, როდესაც ილტვოდა საულისაგან, ის განეშორა საულს და თავის მომხრეებთან ერთად გამოქვაბულს შეაფარა თავი. მოხდა ისე, რომ ამ გამოქვაბულში მოსასვენებლად შევიდა საული, ისე, რომ დავითის იქ ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც საულს ეძინა, დავითმა, იმის ნიშნად, რომ არაფერს ერჩოდა, შესამოსლის კალთა მოაჭრა. შემდეგ, როდესაც საულს პირისპირ შეხვდა, ეს ფაქტი გაახსენა და უთხრა - შემეძლო შენი მოკვლა, მაგრამ ეს არ გავაკეთეო. საული თითქოსდა სინანულში ჩავარდა, მაგრამ საბოლოოდ ამან მაინც არ გამოიღო ნაყოფი. საული ყოველთვის დევნიდა დავითს. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დაწერა დავითმა ეს ფსალმუნი, მაგრამ მასში ასევე ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის გაცემის, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შესახებ.
1. "მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესავდე, ვიდრემდის წარხდეს უსჯულოებაი" - დავითი ევედრება ღმერთს: შემიწყალე, ღმერთო, შემეწიე, მომიტევე ჩემი ცოდვები, იმის გამო, რომ მთელი ჩემი არსება შენ გესავს - შენი იმედი მაქვს და შენზე ვარ მონდობილი, შენი ფრთების საფარველს ვარ მონდობილი, "ვიდრემდის უსჯულოება წახდეს". უსჯულოების წახდენა - ეს არის მეორედ მოსვლის ჟამი, როდესაც სიკეთე და ბოროტება საბოლოოდ განიყოფა ერთმანეთისგან. ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით არ შეიძლება გავიგოთ, თითქოს უფალს ფიზიკური ფრთები აქვს, რომელსაც გადაგვაფარებს. აქ იგულისხმება სიმბოლურად, როგორც კრუხი წიწილებს გადააფარებს თავის ფრთებს და მის ფრთებქვეშ დაცულნი არიან წიწილები, ასევე არიან დაცულნი ადამიანები ღვთის სიკეთით, რომელსაც შეიძლება საღმრთო ფრთები ვუწოდოთ.
2. "ხმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველმოქმედისა ჩემისა" - ხმა-ვყო - მას ვთხოვო, ქველისმოქმედ ღმერთს ვთხოვოო. უფალს ყველა აღმატებული ეპითეტი შეიძლება მივუსადაგოთ, ისევე როგორც აქ არის - მაღალი ღმერთი ან ქველისმოქმედი ღმერთი. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ ან სიმაღლეში, ან ქველისმოქმედებაში, აბსოლუტურად არ შეესაბამება უფალს, იმდენად განუზომელია უფალი, მაგრამ რაღაც მცირედით მაინც რომ მისწვდეს ადამიანი საღვთო არსებას, შეიძლება ასე გამოვსახოთ. სწორედ ამის შესახებ ამბობს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებს - მაღალი ღმერთის, ქველისმოქმედი ღმერთის ანუ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთის მიმართ ხმა-ვყო - ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვევედროო.
3. "გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრებლად დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი" - ფსალმუნის ამ მუხლში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების შესახებ. ვიცით, რომ უფალი გარდამოხდა ზეცით და განკაცნა, ხორცი შეისხა და მხსნელად მოგვევლინა - გვაცხოვნა, ანუ გამოგვიხსნა საუკუნო სიკვდილისგან და "მისცნა საყუედრებლად დამთრგუნველნი ჩუენნი". ჩვენი, ადამიანების დამთრგუნველი იყო ბოროტი ძალა, დაცემული ანგელოზები. განკაცებულმა უფალმა სწორედ ისინი მისცა საყუედრებლად - ჯოჯოხეთში შთაყარა და ადამიანებზე ხელმწიფება წაართვა. "გამოავლინა უფალმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი" - აქ არის მინიშნება ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის შესახებ. წყალობა, ჭეშმარიტება ეწოდება ძე ღვთისას.
4. "და იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი, ვითარცა ხმალნი ლესულნი" - ჩემი სული იხსენ მხეცთაგანო, - მიმართავს დავითი უფალს. მხეცებში უნდა ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზები, რომლებიც მხეცებივით იყვნენ ჩასაფრებულნი ადამიანებზე და ნადირობდნენ ადამიანთა სულებზე. "ჩვენ კი გვეძინაო" - ძველი აღთქმის კაცობრიობას ეძინა სულერად, რადგან არ იცოდა ჭეშმარიტების შესახებ, არ იცოდნენ, რა იყო ჭეშმარიტება. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოელოდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ უმეტესობა არ იყო გათვითცნობიერებული, სინამდვილეში როგორი იქნებოდა მესია და როგორ ხსნას მოუტანდა იგი ადამიანებს, კაცობრიობას. ფსალმუნის ამ მუხლის მომდევნო სიტყვებით კი დავით წინასწარმეტყველი აღგვიწერს ძველი აღთქმის დროს არსებულ მდგომარეობას - როგორც მხეცში ყველაზე საშიში კბილია ადამიანისთვის, ასევე საშიში ძალა იყო ადამიანებისთვის დაცემული სულები - ბოროტება აღვსილი იყო ადამიანებისთვის საშიში ზემოქმედებით. კბილნი მათნი "ჭურ და ისარ... და ხმალი ლესულ" იყო ადამიანებისთვის, მთელი კაცობრიობა შთაფლული იყო ეშმაკის ხელმწიფებაში. აქ ასევე ნაწინასწარმეტყველებია იმ კაცთა ძეებზე, ანუ იუდეველებზე, რომლებიც აღდგნენ მაცხოვრის წინააღმდეგ. სწორედ "კბილნი მათნი" იყო როგორც "ხმალნი ლესულნი", ანუ მათი ბოროტი ენები, რომლითაც იუდეველებმა მღვდელმთავრებთან და პილატესთან დაასმინეს უფალი და ამ "ლესული ხმლით" - ბოროტი ენებით და შეთხზული ბოროტებით აცვეს უფალი ჯვარს.
5. "ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს და ბრძანებს - მიუხედავად ჯვარცმისა, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველთა ბოროტმა ენებმა ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი, უფალი ამაღლდა ზეცად და მთელი ქვეყნიერება მოიცვა მისმა დიდებამო - ეს უკვე არის წინასწარმეტყველება ღვთის ამაღლების შესახებ და იმის შესახებ, რომ მთელი ქვეყანა ღვთის დიდებით იქნებოდა მოცული. მთელი სამყარო, ხილულიც და უხილავიც, ღვთის დიდებით არის მოცული, მაგრამ აქ არა მარტო ეს იგულისხმება, არამედ ის, რომ უფალი განდიდებული იქნებოდა მთელ ქვეყანაში და ასეც არის - მოციქულების ქადაგების შემდეგ დედამიწაზე არ დარჩენილა ადგილი, ღვთის ჭეშმარიტი დიდება რომ არ აღვლენილიყო.
6. "მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს" - აქ დავით წინასწარმეტყველის პირით თავად ძე ღვთისა გვეუბნება - ჩემს ფერხთათვის მახე დააგეს და მთხრებლი, ანუ ორმოები ამომითხარეს, მაგრამ თვითონ შთაცვივდნენ ამ ორმოებშიო. ჩვენ ვიცით, რომ იუდეველმა ერმა მახე დაუგო უფალს იმისათვის, რომ ის ჯვარს ეცვათ. ეშმაკმაც მახე დაუგო იესოს, მაგრამ ბოროტი სულიც თავად შთავარდა ამ მახეში - ცდილობდა რა, ჯვარს ეცვა მაცხოვარი, ამ ჯვარცმით თავად მისი ხელმწიფება განსკდა დედამიწაზე, თვითონ განადგურდა და შთავიდა ჯოჯოხეთად. "იგინივე შთაითხინეს" - ამ სიტყვებში უნდა ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზები და იუდეველები, რომლებმაც არ შეინანეს და ჩვენ ვიცით, რომ პირველ საუკუნეშივე საშინელი სასჯელი მოეწია ისრაელის ერს: როდესაც რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, თითქმის ორ მილიონამდე ებრაელი იქნა ამ დროს აღსრულებული.
7. "განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა" - ჩემი გული შენთვის არის განმზადებული, უფალოო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი და ჩვენც უნდა შეგვეძლოს, რომ ჩვენი ცხოვრებით, ღვთის მცნებების აღსრულებით უფალს ასეთივე კადნიერებით ვუთხრათ: გამზადებულია, უფალო, ჩემი გული შენთვის, რათა მოვიდეს და განუშორებლად, სამუდამოდ დაემკვიდროს ჩვენს გულში უფალი, და როდესაც უფალი დაემკვიდრება ჩვენს გულში სამუდამოდ, მაშინ ჩვენი ქებაც, ღვთის დიდებაც სამუდამოდ, დაუსრულებლად იქნება აღვლენილი ჩვენი გულიდან.
8. "განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით მიმართავს უფალს, იმ სულიწმიდის მადლს, რომელიც მასშია დავანებული. დავითი ამით გვეუბნება, რომ მე კი არ განვდიდდი ჩემი აზრებითა და ქმედებით, ჩემი განმადიდებელი უფალია, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. "განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა" - როგორც მამები გვეუბნებიან, საფსალმუნეში და ებანში შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანის ხორცი და სული. დავით წინასწარმეტყველი თავის სულსა და ხორცს ახსენებს, რომ სულიწმინდის მადლით, მისი ხორცი, საფსალმუნის დარად, შეასხამს ქებას უფალს და მისი სული, როგორც ებანი, ისე განადიდებს უფალს. "მე განვიღვიძო განთიად" - დილას, განთიადისას ავდგე - ისე ფხიზლად ვიყო, ისე განვადიდო უფალი, რომ განთიადისასაც კი არ იყოს ჩემთვის შეუძლებელი ღვთის განდიდება და ლოცვაო.
9. "აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის" - დავითის ფსალმუნები, მისი დავითნი არ შექმნილა მარტო იუდეველებისთვის, არამედ მთელი კაცბრიობისათვის. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავითი, როდესაც ბრძანებს: "გიგალობდე შენ წარმართთა შორის". ვიცით, რომ ღვთის სიტყვა ყველგან გავრცელდა, წარმართთა შორისაც, და დავითის ფსალმუნებით ყველგან განადიდებდნენ უფალს ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლები.
10. "რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი" - ხორციელ ცამდე კი არ განდიდდა, უფალო, შენი წყალობა და ჭეშმარიტება, არამედ უხილავ ცამდე, მიღმიერ სამყარომდეო. ხილულ და უხილავ სამყაროშია განდიდებული ღვთის წყალობა და მისი ჭეშმარიტება.
11. "ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი კვლავ წინასწარმეტყველებს, რომ უფალი ამაღლდება ზეცად და მთელ ქვეყანაზე იქნება მისი დიდება, ანუ არ დარჩება დედამიწაზე და მთელ სამყაროში ადგილი, სადაც ღვთის დიდება არ იქნება განცხადებული. ღვთის დიდება განცხადებული იყო ზეციურ სამყაროში, ღვთის დიდება განცხადდა დედამიწაზე, როდესაც ის დიდებით აღდგა, და ღვთის დიდება განცხადდა ჯოჯოხეთში როდესაც შთავიდა ჯოჯოხეთში, განსკდა ჯოჯოხეთის ბჭენი და დაიხსნა იქიდან საუკუნითგან აღსრულებული ღვთის ჭეშმარიტი მადიდებლები.