ორმოცდამეთოთხმეტე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველური, მასში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლის შესახებ, მაცხოვრის გაცემის შესახებ იუდას მიერ, არის ასევე წინასწარმეტყველება მაცხოვრის დასჯის, იუდეველთა ზრახვებისა და იუდეველთა საქმეების შესახებ, რომლებიც მაცხოვრის წინააღმდეგ ქმნეს. დავით მეფემ, იყო რა წინასწარმეტყველი, ღმრთაებრივად განჭვრიტა ყველა ის მოვლენა, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო. სწორედ ამის შესახებ არის ეს ფსალმუნი.
1. "ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებასა ჩემსა" - ჩემი ლოცვა ისმინე, ჩემს ვედრებას ნუ უგულებელყოფ - აღმისრულე ჩემი თხოვნა, ჩემი ვედრება. შენი განცხადებით, შენი უწყებით ვიცი, მომავალში რაც მოხდება, რასაც იქმს შენ მიმართ ჩემი ერი და ისმინე ჩემი ვედრება, რომ აქედან ვიქნა დახსნილი მეც და სხვებიცო, - შესთხოვს დავითი უფალს.
2. "მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ და ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი" - მომხედე და ჩემი შეისმინე, რადგან მე შევწუხდი. "შევწუხდი" - როდესაც ამ სიტყვას ჩვენ ვამბობთ, იგულისხმება, რომ შევწუხდით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ როდესაც დავითი ამბობდა ამ ფსალმუნს, მეფე შეაძრწუნა იმის შეტყობამ, თუ რისი აღმასრულებელი იყო და რას ჩაიდენდა მისი ერი უფლის მიმართ, ღვთის წინააღმდეგ.
3. "ხმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვითა მითქმიდეს მე" - ისევე, როგორც დავითი, ფსალმუნის ამ სიტყვების წარმოთქმით ჩვენც ვევედრებით უფალს - ის მტრის სიტყვა, ის ცოდვები, რომლებიც ბოროტებამ, უსჯულოებმა მოაქცია ჩემთვის, განაქარვე ჩემგან, დამიფარე მათგანო. "რომელი რისხვით მითქმიდეს მე" - რომლებიც მე მემუქრებოდნენ. ამ სიტყვებს უკვე თავად უფალი, ძე ღვთისა წარმოთქვამს დავითის პირით იუდეველი ერის მიმართ, რომელიც აღიძრა იმისათვის, რომ მაცხოვარი ჯვარს ეცვა.
4. "გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკვდილისა დამეცა ჩემ ზედა" - ჩემი გული შეძრწუნდა, სიკვდილის შიში დამეცა იმის გააზრებით, რაც უფალის მიმართ უნდა ქმნას ჩემმა ერმა. როგორც სიკვდილია საშიში ადამიანისთვის, ასე შემზარა ამ ამბის შეტყობამო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი.
5. "შიში და ძრწოლა მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან" - დავით წინასწარმეტყველი ამ სიტყვებს წარმოთქვამს მთელი ისრაელის ერის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი წინ აღუდგა უფალს და ჯვარს აცვა იგი, ეს ერი მაინც დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის საწყსო იყო. თავად ისრაელის ერი აღიარებდა, რომ მათი მეფე, მათი მწყემსი დავითი იყო და ამის გამო ამობს დავითი მათი სახელით, არათუ თვითონ, არამედ ისრაელის ერი იქნა დაფარული ბნელისაგან, ბოროტი ზრახვით იქნა დაფარული და შეპყრობილი, რამეთუ ისინი წინ აღუდგნენ უფალს.
6. "და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო" - ვიფიქრე, ნეტავ მტრედის ფრთები მომცა, რომ ავფრინდე - ამ მიწიერ ბოროტებას მოვშორდე და განვისვენო, - ბრძანებს დავითი. "ფრთენი მტრედისანი" -ს ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ საღმრთო, გამომხსნელი მადლი. დავითი წინასწარმეტყველებს, მომეცემა რა საღმრთო, გამომხსნელი მადლი, ავფრინდები მიწიერებიდან, ავფრინდები ჯოჯოხეთიდან, სადაც არა მარტო უსჯულოთა და ცოდვილთა, მართალთა სულებიც ჩადიოდნენ, და სასუფეველში განვისვენებო.
7. "ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა" - სირბილით განვეშორო აქაურობას და უდაბნოში, ანუ იქ განვისვენო, სადაც ადამიანები არ არიან. აქ არ იგულისხმება, რომ დავით წინასწარმერტყველს სძულს ადამიანები, არამედ ადამიანთა ბოროტი საქმეები სძულს, ის საქმეები, რომლებიც ადამიანებმა და მისმა ერმა ღვთის წინააღმდეგ ქმნეს. ე.ი. როდესაც დავითი ბრძანებს "უდაბნოში განვისვენოო", გულისხმობს, იქ განვისვენო, სადაც არ არის ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტებაო.
8. "მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლეობისაგან და ნიავქარისა" - ადამიანთა ბოროტებას განშორებული მოველოდე ჩვენს მაცხოვარსო. დავით მეფე წინასწარმეტყველებს, რომ მოვა მაცხოვარი და გამოიხსნის ყველა ადამიანს.
9. "დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაი და ხდომა ქალაქსა შინა" - დავითი კვლავ წინასწარმეტყველურად განჭვრეტს და მიმართავს უფალს - დააქციე, უფალო, და განაბნინე ისრაელის ერი სხვადასხვა ქვეყანაში, რამეთუ მე ვიხილე მათი უსჯულოება და "მათი ხდომა მათ ქალაქში", ანუ მათი თავყრილობები, მათი შეთქმულებები ღვთის წინააღმდეგო.
10. "დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზრუდეთა მისთა, და უსჯულოებაი და სიცრუეი და შრომა შორისა მათსა" - დღე და ღამე იღვწოდნენ, დღე და ღამე შრომობდნენ ამაო და ბოროტი შრომით იმის გამო, რომ როგორმე მაცხოვარი ჯვარს ეცვათ, როგორმე მაცხოვრის სწავლებები განექარვებინათ, ადამიანებს არ მიეღოთ მაცხოვრის სწავლება. დავითი ამ სიტყვებსაც წინასწარმეტყველურად ბრძანებს იუდეველთა მიმართ.
11. "და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა" - აქ იგულისხმება დავითის ქალაქი, ანუ იერუსალიმი. არ მოაკლდება "აღნადგინები და ზაკვაო". მართლაც, მაცხოვრის დროს იერუსალიმის უბნებს არ მოჰკლებია ზაკვა და ბოროტება. ყველგან ფარისეველნი და მწიგნობარნი იკრიბებოდნენ, ყველგან რაღაც ბოროტს განიზრახავდნენ და შეითქმოდნენ, თუ როგორ მოეცილებინათ მაცხოვარი, როგორ მოეხერხებინათ, რომ ადამიანებს არ მიეღოთ მაცხოვრის სწავლება. ამის შესახებ სახარებაც გვაუწყებს. იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც უფალი დადიოდა და ადამიანებს ახარებდა მოახლოებული ცათა სასუფევლის შესახებ, უმეტესობა ისრაელის სასულიერო და საერო ელიტისა იმის ზრახვასა და ფიქრში იყო, როგორ მოეცილებინათ მაცხოვარი.
12. "რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოიძულე, თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვუმალე მისგან" - ეს უკვე არის უფლის სიტყვები დავით წინასწარმეტყველის პირით თქმული - მტერმა მაყვედრა და "მდიდრად იტყოდნენ ჩემზე", ბევრს იტყოდნენო. რას იტყოდნენ? - არა სიკეთეს, არამედ სიცრუეს. ცილს სწამებდნენ, აუარებელ უხამსობასა და აუარებელ ბოროტებას ამბობდნენ მაცხოვარზე. ამის მიუხედავად, მე დავითმინე მათ მიერ მოყნებული ბოროტებაო, - გვაუწყებს უფალი დავითის პირით. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც პეტრე აღიღებს მახვილს და ყურს მოკვეთს მღვდელმთავრის მონას, უფალი ეუბნება - ჩააგე მახვილი, განა არ შემიძლია ვითხოვო და მოვავლინო აქ თორმეტ გუნდზე მეტი ანგელოზებისა, რათა მოსრან ესენი? მაგრამ უფალმა დაითმინა. უფალს შეეძლო, როგორც არარაობისგან ქმნა ადამიანები და მთელი სამყარო, ისევ არარაობად ექცია, მაგრამ თავისი საქციელით უმაღლესი მოთმინება და უმაღლესი თავმდაბლობა გვაჩვენა.
13. "ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინმძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ამ სიტყვებით უფალი დავითის პირით იუდას მიმართავს - კაცო, მოყვასო ჩემო. როგორ იყო იუდა მაცხოვრის მოყვასი? ის მისი მოწაფე იყო; წინამძღვარო ჩემო - ჩემს თვალწინ დადიოდი, ჩემთან იყავი სულო. იუდასადმი უფლის მიმართვა გრძელდება შემდეგ მუხლშიც:
14. "რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა" - რამეთუ მე და შენ ერთად ვტრაპეზობდით, ერთ ტრაპეზს ვიყოფდით რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად დადიოდი ღვთის სახლში - იერუსალიმის ტაძარში, განუყრელად ჩემს გვერდით იყავი. შენ კი ბოროტი განიზრახე და ექმენ თანაშემწე იუდეველებს ჩემს გაცემაშიო. ვიცით, რომ იუდა თორმეტ მოციქულს შორის იყო და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მაცხოვარი ქადაგებდა, განუშორებლად იყო მის გვერდით.
15. "მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთავიდეს იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა" - მაგრამ მოვა სიკვდილი და ცოცხლად შთაიყრებიან ყველანი ჯოჯოხეთში, იუდა და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მაცხოვრის დასჯაში მიიღო მონაწილეობა. არა მარტო სულიერად დაიღუპებიან და შთავარდებიან ჯოჯოხეთში, არამედ მიწაზევე. ჩვენ ვიცით, რომ იუდას საშინელი სიკვდილი ერგო. ასევე, მაცხოვრის ჯვარცმიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იუდეველები აჯანყდნენ რომაელების წინააღმდეგ და რომაელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს, იერუსალიმში თავშეფარებული იუდეველები, ორ მილიონზე მეტი ადამიანი, ერთიანად ამოწყდნენ. ზოგი - შიმშილით, ზოგი - ურთიერთმტრობით და ზოგი - რომაელთა ხელით. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ დროს არც ერთი ებრაელი ქრისტიანი არ მომკვდარა. ეს იყო პირდაპირი სასჯელი, მიწაზევე მოვლენილი სასჯელი იმ საშინელი დანაშაულისათვის, რომელიც იუდეველებმა ჩაიდინეს ღვთის წინააღმდეგ. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს ფსალმუნის ამ მუხლში დავითი.
16. "მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი" - მე უფალს შევევედრე და ჩემი ისმინა უფალმაო, - ბრძანებს დავითი. არა მარტო დავითის, ყველა მართლის ისმინა უფალმა, რომლებიც თანაზიარნი არ შეიქნენ იმ ბოროტებისა, იმ უკეთურებისა, რაც იუდეველებმა აღასრულეს.
17. "მწუხრი, დილეულ და სამხრედ მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმას ხმისა ჩემისა" - დილიდან საღამომდე მიუთხრობდე შენს სიტყვას, უფალო, და ყველას ვეტყოდე, რათა მთელ სამყაროში იყო მოფენილი შენი სიტყვა.
18. "იხსენ სული ჩემი მშვიდობით და მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა" - იხსენი ჩემი სული ჩემი მახლობლებისგან, ანუ იუდეველებისგან, ისრაელიანებისგან - მათთან ერთად ნუ იქნება ჩემი სული დამკვიდრებული, მათი უკეთური საქმეების თანაზიარი ნუ იქნება ჩემი სული.
19. "ესმას ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა" - ესმა ეს ყველაფერი ღმერთს და დაამდაბლა ისინი - იუდეველნი საუკუნოდ, საუკუნო წარწყმედაში დაიმკვიდრეს მათ. "რომელ-იგი წინავე იყო" - რომელმა ღმერთმა? რომელიც საუკუნეთა წინავე, დასაწყისამდე იყო, რომელიც ყველაფრის შემოქმედია. უფალს კი არ სურდა მათი საუკუნო წარწყმედა, არამედ თავიანთი საქმეებით დაიმკვიდრეს საუკუნო წარსაწყმედელი, რადგან არ შეეშინდათ ჭეშმარიტი ღვთისა, ღვთის მცნებების არაღსრულებისა და ბოროტების ქმნისა.
20. "მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი" - რის გამო მოიწიეს მათ ეს ყველაფერი? - იმის გამო, რომ უფალმა თავისი ხელი აიღო მათგან, თავისი წყალობა აღარ მისცა მათ, იმის გამო, რომ შეაგინეს სჯული ღვთისა, ანუ თავად იქმნენ მიზეზი ღვთის წყალობის დაკარგვისა. ღვთის წყალობის დაკარგვის გამო კი დაიმკვიდრეს საუკუნო სატანჯველი.
21. "განიყვნენ იგინი რისხვითა პირითა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი, იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი" - დავით წინასწარმეტყველი კვლავ უბრუნდება იმ მოვლენებს, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს მოხდა. თავიანთი რისხვით თავიანთი პირი განირყვნეს, "ლბილ იყვნეს სიტყვანი მათნი" - სიტყვით კეთილს უზრახავდნენ უფალს. ისევე, როგორც იუდა მივიდა და უთხრა: "გიხაროდენ, რაბი", მაგრამ საქმით ბოროტებას სჩადიოდნენ. მათი სიტყვა ლბილი იყო, ზეთზე უფრო მაამებელი იყო მათი სიტყვა, მაგრამ მათი საქმეები - ორპირი ისარი. ვიცით, იუდეველები რა მზაკვრულად მოექცნენ უფალს, რა მზაკვრულად გაცეს და აცვეს ჯვარს.
22. "მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა" - ამ სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი მიმართავს ყველა ქრისტეს მიმდევარს, ყველა ღვთის მადიდებელს - "შენი ზრუნვა დაუტევე მას და მან გამოგზარდოს შენ", ეს არის სახარებისეული სწავლება. ადამიანმა ყველაფერი ამქვეყნიური უფალს უნდა მიანდოს, თუკი უფალს მიენდობა, ყველაფერი ექნება მას, როგორც უფალი ბრძანებს: შეხედეთ ცის ფრინველს, შეხედეთ ველის შროშანს, რომლებიც არც მკიან, არც თესავენ, მაგრამ ყველაფერი აქვთ. მათთვის უფალი ზრუნავს. თუკი მათთვის ზრუნავს უფალი, რომელთაც არც სული აქვთ, არც საუკუნო ცხოვრებისთვის არიან გამზადებულნი, რაოდენ მეტად იზრუნებს ადამიანისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, თავად ადამიანი მიენდობა სრულად მას.
23. "ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაი" - ღმერთო, ვინც შენი მცნებების წინააღმდგომია, ვინც შენი წინააღმდგომია სატანჯველში, საუკუნო განსახრწნელში ჩაყრიო, - მიმართავს დავითი უფალს. მოსისხლე და მზაკვარ კაცში შეიძლება ვიგულისხმოთ ის, ვინც სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს, ვინც დასჯის უდანაშაულოს. უპირველესად ისინი, ვინც მაცხოვარი ჯვარს აცვა. მათ მიმართ ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად - "რომელთა დღენი არამრავალიაო", ანუ არა მარტო საუკუნო სასჯელს მიიღებენ, არამედ აქვე, დედამიწაზეც იქნება მათი ცხოვრება დღემოკლე, ისევე როგორც იმ იუდეველებისა, რომლებმაც მაცხოვრის ჯვარცმაში მიიღეს მონაწილეობა და ვინც მათ აზრებსა და საქმეეებს ეზიარა. როგორც ვთქვით, ორი მილიონი იუდეველი იქნა რომაელთა ხელით მოსრული. "ხოლო მე, უფალო, შენ გესავ" - მე შენი იმედი მაქვს და ყველანი, ვინც იესოს ვაღიარებთ ქრისტედ, ვაღიარებთ, რომ ის მოვიდა ჩვენს სახსნელად და გვიხსსნა თითოეული ჩვენგანი, მოვიპოვებთ ამის საწინააღმდეგოს - თუკი საუკუნო განსახრწნელი იქნება მათთვის, ვინც უფალს წინ აღუდგა, ის, ვინც იესოს აღიარებს ქრისტედ, ის, ვინც აღიარებს მის გამომხსნელ მსხვერპლს, პირიქით, საუკუნო ნეტარებაში იქნება და)მკვიდრებული.