მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 46


ფსალმუნის სათაურია "დასასრულსა, ძეთა კორესთათვის ფსალმუნი". დასასრულში უნდა ვიგულისხმოთ არა მეორედ მოსვლის ჟამი, არამედ ძველი აღთქმის დასასრული. კორეს ძეებში კი წინასწარმეტყველურად მოციქულები იგულისხმებიან - ე.ი. ფსალმუნი მოციქულთათვის, რადგან თვითონ ფსალმუნი ისეა აგებული, თითქოს მოციქულები გალობდნენ მას.

1. "ყოველთა წარმართთა აღიტყუენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა" - ყოველმა წარმართმა ხელები აღაპყრენით - ხელების აღპყრობა, ვიცით, რომ არის განსაკუთრებით გულმოდგინე ლოცვა. ანუ განსაკუთრებით გულმოდგინედ ილოცეთ და თქვენი ღმერთის მიმართ სიხარულის ხმით იღაღადეთ იმის გამო, რომ მოვიდა კაცობრიობის მხსნელი, დაითრგუნა ცოდვა და გამოხსნილნი ხართ თქვენ. გიხაროდეთ ამის გამოო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სიტყვები მოციქულთა პირითაა წარმოთქმული წარმართების მიმართ, რადგან მოციქულთა პირითა და სიტყვით, მათი ქადაგებით მოაქცია უფალმა წარმართები.

2. "რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა" - უფალი "მაღალ არს" მათთვის, ვინც მას აღიარებს, მათთვის განმადიდებელი და აღმამაღლებელია, ხოლო "საშინელ" - მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება და აკნინებს: ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთს წინ აღუდგებიან და დაცემული ანგელოზებისთვის. "მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა" - ყოვლადწმინდა სამება არის ერთადერთი და უდიდესი მეუფე მთელი სამყაროსი.

3. "დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა" - ეს პირდაპირ მოციქულთა სიტყვებია - ყველა ერი და ყველა წარმართი ჩვენ დაგვემორჩილაო, ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად მოციქულთა პირით. არა თავად მოციქულებს დაემორჩილნენ, არამედ მაცხოვარს, მაგრამ ქრისტეს სარწმუნოებამდე ისინი მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ღვთის სიტყვამ მიიყვანა.

4. "გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა" - ჩვენ თავისი სამკვიდრებელი, იაკობის შვენიერება - ზეცა გამოგვირჩია. "იაკობის შვენიერება" შეიძლება ვუწოდოთ ზეციურ სასუფეველს, თუგინდ ხილულ სამყაროს, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გავრცელდა, ქრისტიანული წესი და რიგი აღესრულებოდა დედამიწაზე და ქრისტიანობა მძლავრობდა. "რომელ შეიყვარა" - იქ, სადაც ღვთის სიყვარული გამომჟღავნდება ყველაზე მეტად, ეს არის იაკობის მშვენიერება და იაკობის სამკვიდრებელი ანუ ზეციური სასუფეველი.

5. "ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა" - აქ უკვე ნაწინაწარმეტყველებია მაცხოვრის ამაღლება. "ღაღადებაში" და "საყვირის ხმაში" ანგელოზთა გალობა უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც თან ახლდა უფლის ამაღლებას.

6. "უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით" - საღვთო გალობა აღესრულებოდა ანგელოზთაგან და ჩვენც ასეთი გალობა უნდა აღვასრულოთ - ჩვენს ღმერთს ვუგალობდეთ, ჩვენს მეუფეს ვუგალობდეთ - სრულყოფილ კაცს და სრულყოფილ ღმერთს, რომელიც არის მაცხოვარი.

7. "რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით" - რატომ უნდა ვუგალობოთ? - რამეთუ მთელი სამყაროს ღმერთი და უფალია ქრისტე, მაგრამ არა "ბობღნითა და წინწილითა", როგორც ძველ აღთქმაში, არამედ უკვე მეცნიერებით - გონებით უნდა ვუგალობდეთ უფალს. ანუ არა აჩრდილებრივად ვუგალობდეთ, როგორც ძველი აღთქმის პერიოდში, როდესაც ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება და ღვთისმსახურება, არამედ მეცნიერებით - შემეცნებით, რომ ვიცით უკვე წმინდა სამების შესახებ, მაცხოვრის განკაცების შესახებ.

8. "სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა" - წარმართთა ზედა სუფევს უკვე უფალი, - ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წარმართობა მოიქცა მაცხოვრის სიტყვით და ქადაგებით. ყოფილ წარმართებში სუფევს უკვე უფალი; "ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა" - აქ უკვე ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, როდესაც უფალი მთელი თავისი დიდებით გამოცხადდება მთელი სამყაროსათვის.

9. "მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისასა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს" - მიწიერი მთავრები აბრაამის ღმერთთან შეიკრიბნენო, ანუ მთავრები, რომლებიც იყვნენ წარმართები და დასცინოდნენ აბრაამის შთამომავლებს - ისრაელიანებს და დასცინოდნენ მათ მიერ განდიდებულ ღმერთს, უკვე თავად გახდნენ მათი ღმერთის მსახურნი (მოექცნენ ქრისტიანობაზე) იმიტომ, რომ ის, ვინც ღვთისგან გაძლიერდება, ძალიან ამაღლდება ამ ქვეყანაზეც და შემდეგ, რა თქმა უნდა, სულიერად ზეციურ სასუფეველში.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია, მასში ნაწინასწარმეტყველებია წარმართთა მოქცევის, მაცხოვრის ამაღლებისა და იმ დიდების შესახებ, რასაც ყველა ის ადამიანი მოიპოვებს, რომელიც მიიღებს, ირწმუნებს განკაცებულ ღმერთს.