მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 45


1. "ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად" - ვინ არის ჩვენი შემწე და შესავედრებელი? - რა თქმა უნდა, უფალი. იგია ყველაფრის მომნიჭებელიც, შემწე ადამიანებისა ნებისმიერ მდგომარეობაში - ჭირში იქნება თუ სხვა სახის განსაცდელში. განსაკუთრებით მაშინ შეგვეწევა, როდესაც ჩვენ თვითონ ვევედრებით შეწევნას.

2. "ამისთვის არ მეშინოდეს ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა" - ეს ფსალმუნი არის ქრისტეს განკაცების, ადამიანთა ეშმაკის ხელმწიფებისგან გამოხსნისა და ქრისტეს ეკლესიის დაარსების შესახებ; "ქუეყანისა ძვრაში", "მთათა ცვალებასა" და ზღვაში უნდა ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზები, ის ცოდვები და განსაცდელი, რომელშიც ძველი აღთქმის კაცობრიობა იმყოფებოდა და საიდანაც გამოიხსნა უფალმა ადამიანები, ამიტომაც ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად - ამისთვის არა მეშინოდესო. ე.ი. თუკი ძველ აღთქმაში დაცემული ანგელოზები და ცოდვის მონობაში ყოფნა საშიში იყო, ანუ ძველ აღთქმაში ვერც ერთი ადამიანი სასუფეველს ვერ იმკვიდრებდა, ყველა სული ჯოჯოხეთში მიდიოდა, მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ - ჯოჯოხეთი, უფსკრული, ცოდვა, თავად დაცემული ანგელოზიც კი საშიში აღარ არის, რადგან უფალმა აქედან გამოიხსნა კაცობრიობა.

3. "ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შერწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა" - "წყლებსა" და "მთებში" კვლავ ცოდვა და დაცემული ანგელოზები უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც შერწუნდნენ და დაინგრნენ იმით, რომ მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით დაიმსხვრა ჯოჯოხეთი და ამის შემდეგ კაცობრიობას ვეღარ ხელმწიფობდნენ.

4. "სლვაი მდინარეთაი ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმინდა-ყო საყოფელი თვისი მაღალმან" - "მდინარეში" უნდა ვიგულისხმოთ სახარებისეული სწავლება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და გაახარა. "ღვთის ქალაქი" - ის ადამიანები არიან, რომლებიც მოიქცნენ ქრისტიანობაზე - ქრისტეს მიმდევართა კრებული, ანუ ეკლესია. რა თქმა უნდა, სახარებით და ღვთის სიტყვით ხარობს ეკლესია, მისი თითოეული წევრი.

5. "ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას, შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად" - ღმერთი ყოველთვის "მის შორის" - ეკლესიასა შინა, ქრისტეს მიმდევართა კრებულს შორისაა, მარადის ჩვენს შორისა. როგორც თავად უფალი გვაუწყებს, - სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მუნ ვარ. არა ორი თუ სამი, არამედ ათიათასობით და მილიონობით ადამიანი იკრიბება ქრისტეს ეკლესიაში, სადაც განუყოფლად მყოფობს უფალი. "შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად" - ე.ი. თავიდანვე, ეკლესიის შექმნიდანვე, დაარსებიდანვე შეეწევა მას უფალიო, - ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად.

6. "შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკენ მეფენი, მოსცა ხმაი თვისი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაი" - რა თქმა უნდა, წარმართები შეძრწუნდნენ ახალი ქადაგებით, ანუ მოციქულთა სიტყვით და შეიძრნენ - აღიძრნენ ქრისტეს წინააღმდეგ, მაგრამ მეფენი მიდრკნენ ანუ უკან დაიხიეს ქრისტეს სწავლების წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეში, მართალია, ქრისტიანებს დევნიდნენ, მაგრამ ამის შემდეგ წარმართი მეფეები უკვე თავად ხდებოდნენ ქრისტიანები და ქრისტეს მქადაგებლები და ქრისტიანული სწავლების გამავრცელებლები. "მოსცა ხმაი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაი" - ღვთის შეწევნით და ღვთის ხმით - სახარების სიტყვით, მთელი ქვეყანა შეიძრაო, - ბრძანებს დავით მეფე წინასწამეტყველურად.

7. "უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი" - უფალი მარადის ჩვენთან არს, ჩვენი ხელის აღმპყრობელია, განსაკუთრებით მაშინ შეეწევა კაცს, როდესაც თავად ადამიანი აღიარებს, რომ უფალი მისი ხელის აღმპყრობელი და შემწეა და ევედრება შეწევნას, მაგრამ თავისი შეწევნის გარეშე არავის ტოვებს, არათუ ადამიანებს, მხეცებსა და ფრინველებსაც კი; ფსალმუნის ამ მუხლში დავითი კიდევ ერთხელ ბრძანებს წინასწარმეტყველურად, რომ ის ღმერთი, რომელიც განკაცნა, ეს არის პირველსაუკუნეთა ღმერთი - ღმერთი იაკობისი. ვინც იაკობს შეეწია, ვინც აბრაამი მიიყვანა აღთქმულ ქვეყანაში, სწორედ ეს პირველსაუკუნეთა ღმერთი იყო, ვინც განკაცნა და იხსნა.

8. "მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა" - იხილეთ, რა სასწაულები ქმნა უფალმა ქვეყანასა ზედაო. ჩვენ ვიცით, რომ უფალმა დედამიწაზე ხორციელად ყოფნის დროს აუარებელი სასწაული ქმნა. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი - მოდით და ნახეთ, რა სასწაულები ქმნა უფალმა. თუ ვინმეს უქმნია ასეთი სასწაულები მანამდე ან მის შემდეგ. ამისა მაინც ირწმუნეთ და აღიარეთ ჭეშმარიტებაო.

9. "დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდემდე ქუეყანისა; მშვილდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა" - ბრძოლები შეწყვიტოს ქვეყანაზე ახალი ერის დასაწყისის შემდეგო; მაცხოვრის განკაცების შემდეგ უკვე ახალი ერა იწყება, მაცხოვრის ქადაგებებით უკვე ახალი ერა დაიწყო, ადამიანის გონება სხვა მხრივ შეიცვალა. ბრძოლები და ერთმანეთის მტრობა შეწყდა - ეს არ ნიშნავს, რომ მაცხოვრის განკაცების შემდეგ ბრძოლები და ურთიერთმტრობა აღარ ყოფილა. თავად ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორისაც კი იყო ბრძოლები, მაგრამ ეს არის ადამიანთა პატივმოყავრეობით, ამპარტავნებითა და შურით გამოწვეული და არა ქრისტიანული სწავლებით. თუკი ქრისტიანულ სწავლებას ბოლომდე გაითავისებენ ადამიანები, მაშინ აბსოლუტურად შეწყდება ეს ბრძოლები, თუ ყველა ადამიანი ღვთის მადიდებელი გახდება, მაშინ საუკუნო მშვიდობა დაიმკვიდრებს.

10. "მოიცილეთ და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა" - ციდვისაგან უნდა მოიცალოს ადამიანმა. როდესაც კაცი ცოდვებს განეშორება, მისი გონება მთლიანად უფალზე ფიქრითაა დაკავებული. დავითის პირით უფალი ბრძანებს, - მოიცალეთ ცოდვებისგან, მიატოვეთ ამაოებანი და გულისხმა-ყავითო. თუკი ადამიანი ცოდვებს მიატოვებს, "გულისხმაყოფს" - ე.ი. მიხვდება, რომ უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, მის სულში უფალი იმკვიდრებს, უფალთან იმკვიდრებს ასეთი ადამიანის სული და ის გამუდმებით ადიდებს უფალს. "ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა ზედა" - მას შემდეგ, რაც უფალი ჯვარს ეცვა, მკვდრეთით აღსდგა და ამაღლდა, მოციქულებმა მთელი სამყარო მოიარეს, წარმართთა შორის იქადაგეს და "წარმართთა შორის ამაღლდა უფალი" - თავად წარმართები გახდნენ ქრისტიანები, მათ ქრისტეს სწავლება მიიღეს და განადიდეს უფალი. არა მარტო წარმართთა შორის, თავად იუდეველთა შორისაც "ამაღლდა უფალი" - მათ შორის, ვინც ქრისტე მიიღო და ქრისტიანული სწავლება, სარწმუნოება აღიარა. ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში იუდეველთა ნაწილი, უამრავი იუდეველიც მოექცა ქრისტიანობაზე.

11. "უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი" - ფსალმუნის ამ მუხლში კიდევ ერთხელ განადიდებს დავით წინასწარმეტყველი უფალს და ამ სიტყვების წარმოთქმით თითოეული ჩვენგანი ვაღიარებთ, რომ უფალია ჩვენი ძალი, ჩვენი შემწე და ჩვენი ღმერთი. ძველ აღთქმაში ჭეშმარიტი ღმერთი "იაკობის ღმერთადაც" იწოდებოდა.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში ნაწინასწრმეტყველებია წარმართთა მოხმობის, წარმართთა მოქცევის, უფლის განკაცებისა და დედაეკლესიის - ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შესახებ. ასევე გვაუწყებს, რომ მხოლოდ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ეკლესიაშია ხსნა, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია არის - მართლმადიდებლური. ფსალმუნის სათაურში წერია - "დაფარულთათვისო", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იგავურად არის მოთხრობილი ფსალმუნში და არა პირდაპირ.