1. "მისაჯე მე ღმერთო და საჯე შჯაი ჩემი თესლისგან არაწმიდისა, კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე" - "მისაჯე" - განსაჯე რაც ჩემს გარშემო, ჩვენს გარშემო ხდება უფალო - მთელი კაცობრიობის პირით შესთხოვს დავით წინასწარმეტყველი უფალს. შემდეგ კი ევედრება: "კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე". ვინ არის ბოროტი და მზაკვარი კაცი? - ვინც დაცემული ანგელოზის ნებას აღასრულებს იმდენად, რომ ასეთ ადამიანს გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განხორციელებული ეშმაკი ვუწოდოთ. განსაკუთრებით ძველ აღთქმაში, ეგვიპტელები, ბაბილონელები... ეშმაკის ნებას აღასრულებდნენ, როდესაც ავიწროებდნენ ისრაელის ერს და საერთოდ კაცობრიობას. როგორც ვიცით, დაცემული ანგელოზი ებრძოდა სულიერად ადამიანებს, მთლიანად, მთელი კაცობრიობის დაღუპვა უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთებას მათი ხელით ცდილობდა, ვინც უკვე დაღუპული ჰყავდა - იმ ცრუ და მზაკვარ კაცთაგან, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი ცდილობდა დაეღუპა მართალი ადამიანები.
2. "რამეთუ შენ, ღმერთო, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირთა მტერისაითა?" - შენ ჩემი ღმერთი ხარ, ჩემი ძალა ხარ. ვაღიარებ, რომ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი ჩემთვის და საერთოდ ყველა ადამიანისთვის და "რად განმიშორებ მე..". უფალი არასდროს განგვიშორებს, მაგრამ როდესაც თვითონ ადამიანი ვერ უძლებს განსაცდელს, ფიქრობს, თითქოს უფალი განგვეშორა. უფალი არასდროს განეშორება ადამიანს, თუკი თვითონ ადამიანი არ დაშორდება მას. როდესაც ვფიქრობთ, რომ უფალი განგვეშორა, ან უფალმა განგვიშორა, ეს ჩვენი სარწმუნოების მოკლებაზე მოწმობს. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი - თავად მართლებსაც კი სარწმუნოება აკლდებოდათ უკვე და წუხს - როდემდე გაგრძელდეს ეს ჭირი, რომელიც მტერმა მოავლინა ჩვენზეო - ე.ი. როდემდე გაგრძელდება ამგვარი მდგომარეობაო.
3. "გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებები შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ღვთის ნათელი და ღვთის ჭეშმარიტება არ გამოვლინდება ადამიანებზე. ღვთის ნათელი და ღვთის ჭეშმარიტება, ეს არის მაცხოვრის განკაცება. ნათელი და ჭეშმარიტება - არის ძე ღვთისა. ფსალმუნის ეს მუხლი გვაუწყებს, რომ ძე ღვთისას განკაცების შესახებ არის წინასწარმეტყელებები. ეს მიმიძღვეს "მთასა წმინდასა შენსა და საყოფელთა შენთაო". წმინდა მთასა და ღვთის სამყოფელში სასუფეველი იგულისხმება, სადაც სწორედ განკაცებული ღმერთი მიგვიძღვება. დავითი ფსალმუნის ამ სიტყვებით ბრძანებს, რომ სწორედ მაცხოვრის მოსვლამდე გაგრძელდება მტრის მძლავრობა ჩვენზე, მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ვინც მისი მცნებების აღმსრულებელი იქნება, მიყვანებული იქნება წმინდა მთაზე და ღვთის სამყოფელში - სასუფეველშიო.
4. "და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!" - მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ღვთის სასუფეველში შევალო, წინასწარმეტყველურად ბრძანებს დავით წინასწრმეტყველი. საკურთხეველში იგულისხმება სასუფეველი, ასევე სასუფევლის კარიბჭეები დედამიწაზე - დედაეკლესია, საიდნაც ხდება ადამიანის შესვლა და დამკვიდრება სასუფეველში. მაცხოვრის შობის, ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ დედამიწაზე გაჩნდა სასუფევლისკენ მიმავალი კარიბჭეები, რაც არის წმინდა ეკლესია. რა თქმა უნდა, ღვთის საკურთხეველი, მარადიული საკურთხეველი ზეცაშია, მაგრამ იმ საკურთხეველში შესვლა, რომლებიც მიწაზე ღვთის განსადიდებლადაა აღმართული, უკვე წინაპირობაა იმის, რომ ღვთის მარადიულ საკურთხეველთან წარვდგებით, ცხადია, თუკი ისე ვიცხოვრებთ და ისე აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, როგორც ამას უფალი გვავალებს; ფსალმუნის ამ მუხლის მომდევნო სიტყვებში, "რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა", დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: უფალმა თავისი მისვლით, თავისი ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობა განაჭაბუკა. ცოდვის ხრწნილებით კაცობრიობა სულიერად დაბერებული იყო, მაცხოვრის ჯვარცმთა და აღდგომით კი სულიერად განჭაბუკდა, გაახლგაზრდავდა, კაცობრიობას, ადამიანებს სულიერი ძალები მოემატათ; "ბობღინი" - ეს მუსიკალური საკრავი სიმბოლურად შეიძლება შევადაროთ ჩვენს სხეულს - ჩემი სხეულით ე.ი. ჩემი საქმეებით, ჩემი სიწმინდით ცხოვრებით აღგიარო შენ უფალოო, - წაროთქვამს დავითი ღვთის მიმართ ფსალმუნის ამ მუხლის ბოლო სიტყვებით.
5. "რად მწუარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ აღვუარო მას, მაცხოვარსა პირსა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა" - დავითი კაცობრიობის სახელით კითხულობს, - რატომ ვწუხვართ, რა არის საწუხარი? - მართალია კაცობირობა წუხდა, რადგან გაღატაკებული იყო სულიერად, რადგან არ შეძლო მოეპოვებინა უმაღლესი სულიერება, არ შეეძლო მოეპოვებინა ზეცა, მაგრამ დავითი მთელ კაცობრიობას მიმართავს - ღვთის იმედი გვქონდეს, მაცხოვრისა და ღვთისა ჩვენისა წინაშე ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილი საქმეები და ამის სანაცვლოდ მოგვეტევება, ამიტომ ნუ ვიქნებით მწუხარენიო. ადამიანს ცოდვათა გამო სინანული უნდა ჰქნდეს და არა წუხილი. წუხილი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს კაცს და კიდევ უფრო დაღუპავს. სინანული უნდა გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს მხსნელი, როგორც მამები ბრძანებენ, - ვინც იტვირთა ჩვენი ცოდვები, ვინც კვლავ იტვირთავს ჩვენს შეცოდებებს, მთავარია, ის ვაღიაროთ, მას გავყვეთ, მას მივმართოთ მიტევებისა და ხსნისთვის.
P.S. როგორც წმინდა მამები და განმმარტებელბი ბრძანებენ, 42-ე ფსალმუნი ეხმიანება 41-ე ფსალმუნს, შინაარსობრივად აგრძელებს მას, ამ ფსალმუნშიც ნაუწყებია მაცხოვრის განკაცებისა და კაცობრიობის გამოხსნის შესახებ.