1. "თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ მოთმინებით ღვთის წყალობა. ადამიანზე განსაცდელი მოდის მის სასიკეთოდ და განსამტკიცებლად. როდესაც განსაცდელს დავითმენთ და ლოცვით შევევედრებით უფალს, ის შეისმენს და წყალობით მოგვხედავს. განსაცდელის ჟამს უფლისადმი ლოცვით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ იცვლება.
2. "და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკებისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი" - გლახაკების მღვიმეში ცოდვებში, ცოდვის მორევში მყოფი ადამიანები იგულისხმებიან, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ მთელი ძველი აღთქმის კაცობრიობა. ის მთლიანად იყო დანთქმული ცოდვის მორევში - "გლახაკობის მღვიმეში". უყი თიხა არის გამხმარი, გამოუსადეგარი მიწა, რომელიც არავითარ ნაყოფს არ გამოიღებს. უყ, უნაყოფო მიწაში იგულისხმება ძველაღთქმისეული პერიოდი, სადაც ხსნა არ იყო - აქედან გამომიყვანა და კლდესა ზედა - მაცხოვარზე, მაცხოვრის სარწმუნოებაზე დამამტკიცა მე და თავისი მოსვლით ჩემი გზები თავისკენ მიმართა უფალმაო.
3. "და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა" - ახალი ქებით აღავსო პირი ჩემი - უფალმა მოგვცა ახალი, უკვე სასუფეველში მიმყვანებელი სჯული. ძველი აღთქმის სარწმუნოება, სჯული იყო ახალ აღთქმაში მომყვანებელი, ხოლო ახალი აღთქმის სარწმუნოება, სჯული უკვე სასუფეველში მიმყვანებელია ადამიანისა. ფსალმუნის ამ მუხლის შემდგომ ნაწილში დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: მრავალმა იხილა ეს ახალი სჯული, სარწმუნოება - ვიცით, რომ უამრავი ადამიანი, არა მარტო იუდეველი, წარმართიც, მოექცა ამ სარწმუნოებაზე და ესვიდა - ადიდებდა უფალს.
4. "ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაი სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა" - ნეტარია ის კაცი, რომელსაც ღვთის სახელის იმედი, ღვთის სასოება აქვს. ასეთი კაცი არც ამაოებას მიხედავს და არც ტყუილის საცდურს - როდესაც ადამიანი უფალზე სასოებს, მისი იმედი უფალზეა დამყარებული, მას ამქვეყნიური ამაოებები და საცდურები ვერაფერს აკლებს. კიდეც რომ ჩავარდეს ამაოებასა და საცდურში, მსწრაფლ გამოფხიზლდება, სინანულის ცრემლებით განიბანს თავს და მრავალმოწყალე უფალიც შეივედრებს და მიიღებს თავის წიაღში.
5. "მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკვირველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს უფროის რიცხვისა" - დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: მრავალ საკვირველებას, სასწაულს იქმ შენ, უფალო, და შენს განზრახვაში არაფერია ბოროტი. მართლაც, აურაცხელი სასწაული ქმნა უფალმა არა მხოლოდ ამქვეყნად ხორციელად ყოფნის ჟამს, არამედ ძველი აღთქმის პერიოდშიც, თუნდაც ისრაელის ერის ეგვიპტიდან გამოყვანისას, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის თავისი ყოვლისშემძლეობა, მრავალმოწყალება და სიყვარული დაემტკიცებინა. შემდეგ კი ადამიანებს ეს სიყვარული მიებრუნებინათ ღვთისკენ, უფალი ჰყვარებოდათ მისი მრავალმოწყალების გამო. უფალი ყველა საკვირველებას, სასწაულს თავისი მრავალმოწყალებით იქმს, სასჯელადაც რომ გვეჩვენოს მიწიერი თვალით უფლის კაცობრიობის მიმართ აღსრულებული საკვირველებანი, სასწაულები, ეს ღვთის სასჯელი კი არა, წყალობაა, რათა განვმტკიცდეთ და ღვთისკენ მოვიქცეთ, სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავითი უფლის მიმართ წარმოთქმული სიტყვებით: განზრახვათა შენთა არა არს - არაფერია ბოროტიო; უფალს მართლაც ვერავინ ემსგავსება, რადგან მხოლოდ უფალია ყოვლადმოწყალე, ყოვლადკეთილი. თავად ბრწყინვალე ქერუბინებიც ვერ გახდნენ ისეთნი, როგორიც უფალია. ცხადია, ვერც ადამიანი მიაღწევს იმას, რომ ღმერთი გახდეს, თორემ მიმსგავსება, ღვთის მსგავსებისკენ სწრაფვა ჩვენი ვალია. "უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს უფროის რიცხვსა" - როდესაც წარმართთა - ურწმუნოთა შორის შენს საკვირველებებს ვიტყვით, კიდევ უფრო მრავლდება მორწმუნეთა რიცხვი. რაც უფრო მეტი ადამიანი მოიქცევა ღვთის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მით უფრო მეტად ხდება ღვთის საკვირველებათა, სასწაულთა ქადაგება და უფრო მეტი ადამიანი მოექცევა ღვთის სჯულზე.
6. "შესაწირავი და მსხვერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველურად ამბობს, რომ ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა უფლისთვის არაფერია, უფლისთვის არაფერს ნიშნავს ეს მსხვერპლი და შესაწირავი არ არის ცოდვათა მომტევებელი, ადამიანთა ცოდვათა მომტევებელი ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა იქნება, რომელსაც შემდგომ განკაცებული უფალი აღასრულებს - თავის თავს შესწირავს მსხვერპლად ადამიანთა ცოდვებისთვისო. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა იყო ადამიანებისთვის, რათა ამ გზით ღვთის მორჩილება აღესრულებინათ და ჭეშმარიტ მსხვერპლშეწირვამდე მისულიყვნენ.
7. "მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის" - წმინდა წერილის მთავარი არსი და ამაღლებული მეტყველება სწორედ უფლის განკაცებაზე, მაცხოვრის მსხვერპლშეწირვასა და ადამიანთა გამოხსნაზეა აგებული. "თავსა წიგნთასა წერილ არს" - სწორედ ამას ნიშნავს და არა იმას, რომ ამის შესახებ წმინდა წერილის - ბიბლიის დასაწყისშია დაწერილი. ფსალმუნის ამ მუხლს დავითის პირით თავად მაცხოვარი ბრძანებს - ჩემთვის არის დაწერილი ეს ყველაფერიო.
8. "ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა" - დავით წინასწარმეტყველის პირით ფსალმუნის ამ სიტყვებს განკაცებული უფალი, ძე ღვთისა წარმოთქვამს და მამას მიემართება: შენი ნების აღსრულება ვინებე და შენი სჯული იშვა ჩემს მუცელში. საუბარია უკვე ახალი აღთქმის სჯულზე, რომელიც მაცხოვრიდან მომდინარეობდა.
9. "ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი" - ეკლესია არის დიდი - მსოფლიო ეკლესია, რომელიც შედგება ქრისტეს სჯულზე წარმართობიდან, იუდეველობიდან, ბარბაროსობიდან - ყველა სჯულიდან მოქცეული ადამიანებისგან. ყველა ეს ერი, ყველა ეს ადამიანი გააერთიანა უფალმა თავისი ახალი სჯულით - ქრისტიანობით, ახალი სარწმუნოებით და სწორედ ამ ეკლესიაში "ვახარე შენი სიტყვაო" - აქ იქნა ხარებული უფლის განკაცების, მაცხოვრის აღდგომისა და მაცხოვრისგან კაცობრიობის ხსნის სიტყვა. ამ სიტყვის ქადაგებით არ გავაჩერე ჩემი ბაგეებიო.
10. "სიმართლე შენი არა დაეფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი და მაცხოვარება შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი კრებულსა შორის დიდძალსა" - შენი სიმართლე, შენი ჭეშმარიტება, შენი ცხოველსმყოფელობა - მაცხოვარება, საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებლობა, ის წყალობა და ჭეშმარიტება, რომელიც შენ მოგვეცი, არ დავფარე ჩემს გულში და არც კრებულთა შორის - ეკლესიასა დიდსა დავმალავ. ყველა ადამიანს ვაუწყეო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი უფლის მიმართ. ვიცით, რომ პირველი ქრისტიანების ძირითადი საქმიანობა და მოვალეობა იყო სწორედ ღვთის სიტყვის გავრცელება, ჭეშმარიტი გამომხსნელი სარწმუნოების ყველა ადამიანამდე მიტანა.
11. "ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე" - თითოეული ჩვენგანიც უნდა შევევედროთ უფალს - შენი მოწყალებისგან ნუ განმაშორებ, უფალო, მარადიულად შემიწყალე, მარადიულად იყოს შენი წყალობა ჩემზე. ადამიანს ღვთის შეწყალება, წყალობა მარადიულად სჭირდება, ვიდრე ამ ქვეყნიდან გავა, რადგან ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვცოდავთ; ღვთის წყალობა ადამიანის სულს ცათა სასუფეველშიც სჭირდება, რადგან თავად ცათა სასუფეველი ღვთის წყალობაა, უკვე დაუსრულებელი და მარადიული.
12. "რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხუ; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროის თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე" - თუ შენი წყალობა არ იქნება ჩემზე, უფალო, ბოროტება გარემომიცავს. ბოროტებაში უნდა ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზებიც, რომლებიც გარედან ებრძვიან ადამიანს და შინაგანი ბოროტებაც - ხორციელი ვნებებიც. ყველა ადამიანი მიდრეკილია ბოროტებისკენ, ამგვარი უსჯულოება ყველა ადამიანშია. დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: თმაზე მეტად გამიმრავლდა უსჯულოებანი ჩემნი, თუ შენ არ შემეწევი და მიხსნი ამ ბოროტებისა და უშჯულოებათაგან, მე ძალა არ შემწევს, ჩემი თავი ვიხსნა მათგანო. მართლაც, რომ არა მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლი, რომელიც მან თითოეული ადამიანისთვის გაიღო, თითოეული კაცისთვის შესწირა, ადამიანი თვითონ, საკუთარი ძალით ვერასოდეს გამოვიდოდა და გამოვა უსჯულოებისა და ბოროტების მონობიდან.
13. "გთნდინ, უფალო, ხსნაი ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ" - ვიცი, უფალო, რომ ჩემი ხსნა გინდა და შემეწიე, მომხედე და შემიწყალეო.
14. "ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი" - ვინ ეძიებს ადამიანის სულს? - დაცემული ანგელოზები, რათა ისევე განაშორონ უფალს, როგორც თვითონ არიან განშორებულნი, მაგრამ შერცხვენილ იქნებიან ისინი, უფალო, შენი მრავალმოწყალებით, რადგან როდესაც მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლშეწირვა აღესრულება, უკვე ყველა კაცი იქნება გამოხსნილი ბოროტი, დაცემული ანგელოზის ხელიდან. მათ ბოროტება სურთ ადამიანებისთვის, ისწრაფვიან, ბოროტებაში ჩაგვაგდონ, მაგრამ უფალმა თავისი მრავალმოწყალებით გამოგვიხსნა აქედან და ბოროტი ანგელოზები სირცხვილეულ იქმნენ.
15. "მიიღედ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: "ვაშა, ვაშა!" - მეყსეულად, მომენტალურად შერცხვეს მათ, ვინც ჩემი დაუძლურებისა და ცოდვაში ჩავარდნის გამო ხარობს. თავად ისინი შეარცხვინე, უფალო. მე ვცოდავ არა იმისთვის, რომ უფალს აღვუდგე წინ, არამედ ჩემი უძლურების გამო და როდესაც ბოროტი, დაცემული ანგელოზი ხარობს ჩემი უძლურებით ჩადენილი ცოდვით, უფალო, შენ ის შეარცხვინე იმით, რომ როდესაც ჩემი ცოდვის გამო შეწყალებასა და შენდობას გთხოვ, შემეწიე, შემინდე და მიხსენი.
16. "იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი" - მარადიულად გახარებულნი არიან და შვებას განიცდიან ის ადამიანები, რომლებიც შენ გადიდებენ, უფალო, ვისაც უფლის სასოება აქვს და უყვარს "მაცხოვარებაი შენი" - შენი განკაცება, ვინც იცის, რომ შენი განკაცებით იქნება გამოხსნილიო, - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს.
17. "ხოლო მე გლახაკ და დავრდომილი ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთვის; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი" - ფსალმუნის ამ მუხლში გადმოცემულია და ჩანს უდიდესი თავდამბლობა დავით წინასწარმეტყველისა. როდესაც ფსალმუნის ამ მუხლს ვკითხულობთ, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ დავით წინასწარმეტყველის ადგილზე და მისი მსგავსი თავმდაბლობით წარმოვთქვათ: მე ვარ, უფალო, ყველაზე გლახაკი, დავრდომილი და ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ღვთის მცნებების აღსრულებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იღვწის უფალი ჩვენთვის. მართალია, ასეთი ვარ, მაგრამ, უფალო, შენ შეგიძლია ჩემი ხსნა, შეწევნა და შემეწევი და მიხსნი, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ, მე გლახაკი და არარას მქონებელი ვარ და შენ უნდა გამომიხსნა და გამომიყვანო ამ მდგომარეობიდანო.
P.S. ფსალმუნში მოთხრობილია ძველი აღთქმის პერიოდზე, როდესაც კაცობრიობა ცოდვათა წყვდიადში იყო ჩაფლული და ემონებოდა ეშმაკს. აქვე მოთხრობილია მაცხოვრის გამომხსნელი მსხვერპლშეწირვის შესახებ და იმაზე, თუ რა მოელით ღვთის სასოებით მცხოვრებთ, ღვთის მცნებების აღმასრულებელთ და მათაც, რომლებიც ამის საპირისპიროდ ცხოვრობენ და არ ინანიებენ თავიანთ უსჯულოებას, პირიქით, თავს მართლებად მიიჩნევენ.