1. "ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რაი ცოდვილი წინაშე ჩემსა" - ვთქვი და ვაღიარე, რომ ღვთისკენ სავალ გზებზე უნდა ვიარო, ჩემი ენით არ ვცოდო - არ უარვყო უფალი, ან სიტყვით სხვა ცოდვა არ ჩავიდინო. ხმა არ ამოვიღო მაშინაც, როდესაც ცოდვილი მომადგება და შეურაცხმყოფს, ანუ მოთმინებით მივიღო შეურაცხყოფა და წყენაც.
2. "დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაი ჩემი განმიახლდა" - როგორც ყრუ და მუნჯი - დამუნჯებული ვიყო, როდესაც შეურაცხყოფას მაყენებენ, მაგრამ თუ ღვთის გზას მოვშორდები, "დავდუმენ კეთილთაგან" - სიკეთეს, კეთილ საქმეს არ ვიქმ, ვეღარ გავაკეთებ და წყლულები, ცოდვები "განმიახლდება" - ცოდვების ჩადენა მომიხდება, რაც ადრე ჩავიდინე, იმავეს ვჩადი.
3. "განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი" - "გულის განხურვებაში" აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, როდესაც ადამიანის გულისყური ღვთისკენაა მიპყრობილი. "ცეცხლის აღტეხაში" - სინდისის ქენჯნა, როდესაც სინდისი ქენჯნის და წვავს ადამიანს, მაგრამ სინდისისგან დაწვა მიმართული უნდა იყოს არა სასოწარკვეთილებისკენ, ადამიანი რომ სულიერად დაიწვას, არამედ "გულის განხურვებისთვის" - სინდისით მხილებულმა შენდობა უნდა სთხოვოს უფალს, რათა ცოდვები მიეტევოს.
4. "ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რაოდენ არს, რაითა უწყოდი, რაიღა მაკლს მე" - ენით - ჩუმად, ჩურჩულით შევთხოვ უფალს: მაუწყე, რა დრო დამრჩა ამქვეყნად ცხოვრებისთვის, რათა იქნებ მოვასწრო სინანული, შენი მრავალმოწყალების იმედად შეგთხოვო, რომ მეპატიოს ჩემი ცოდვები.
5. "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე: რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი" - უფალი ყველაფერს ზომით - საჭიროებისამებრ გვაძლევს. თავად ჩვენს სიცოცხლესაც საჭირო ხანგრძლივობას აძლევს უფალი, რა პერიოდშიც შეგვიძლია ცხონებას მივაღწიოთ. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალს ზუსტად იმ დროს გაჰყავს ადამიანი ამ ქვეყნიდან, როდესაც სულიერად საუკეთესო მდგომარეობაშია იმქვეყნიური საზღაურისთვის - ყველაზე ნაკლებ სატანჯველს მიიღებს თუნდაც ჯოჯოხეთში მოხვედრის შემთხვევაში: "არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე" - ჩემი არსება, ჩემი მყოფობა არაფერია შენ წინაშე, უფალო, შეჰღაღადებს დავით წინასწარმეტყველი უფალს. ყველა კაცი, ყველა ადამიანი არარაა ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი და მიმსგავსებულია უფალს, ღვთის წინაშე არაფერს წარმოადგენს. მართალია, უფალმა მცნებად დაგვიდო - "იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს", მაგრამ ამის მიღწევას ადამიანი ვერასდროს შეძლებს, სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩვენი მიმართულება, ცხოვრების მიზანი უნდა გახდეს, თორემ ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს იმას, რომ ღმერთი გახდეს. კაცი ყოველთვის არარაობაა ღვთის წინაშე.
6. "დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის ვის შეუკრიბოს იგი" - მართალია, ღვთის ხატად არის შექმნილი ადამიანი, როგორც ღვთის ხატება, ისე დადის ამქვეყნად, მაგრამ ამაოდ შფოთებს, ტყუილად ირჯება - მიწიერს იუნჯებს, შემოიკრებს, სიმდიდრეს და ქონებას აგროვებს და არ იცის, ვისთვის აგროვებს და იუნჯებს ამ ყველაფერს. მართლაც არ იცის კაცმა, ვის დარჩება გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება და სიმდიდრე, რასაც მთელი ცხოვრება იუნჯებდა. გავიხსენოთ, რას ეუბნება უფალი "უგუნური მდიდრის" იგავში კაცს, რომელიც მთელი სიცოცხლე აგროვებს ქონებას, ბოლოს, როდესაც ქონების შესანახი ადგილი აღარ აქვს, ძველი ბეღლების დანგრევას და უფრო დიდი საცავების აშენებას გადაწყვეტს: "ამაღამვე მიიღებენ შენს სულს და რაც დაიმზადე, ვის დარჩება?"
7. "და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არა თუ შენ, უფალო? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს" - ჩემი მოთმინება ვინ არის? - კითხულობს წინასწარმეტყველი, მე როდესაც ვითმენ, ვინ იქმს სინამდვილეში ამას? - მხოლოდ შენ, უფალო. თუ არა ღვთისგან, ჩვენ არაფრის ქმნა არ შეგვიძლია, არაფრის ძალა არ შეგვწევს, მით უმეტეს, ისეთი სათნოების აღსრულებისა, რასაც მოთმინება ჰქვია. ასევე, როდესაც მტკიცედ ვდგავართ სარწმუნოებაზე, ესეც მხოლოდ ღვთისგანაა და არა საკუთარი ძალისხმევით მიღწეული.
8. "ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე" - ყველა უსჯულოებიდან, ცოდვებისგან, ამაოებათაგან მიხსენ მე, უფალო, და უგუნურთა ყვედრებაში ჩამაგდე. როგორ გავიგოთ ფსალმუნის ამ მუხლის ბოლო სიტყვები? - როდესაც ღვთის მცნებებს აღვასრულებთ, ღვთივსათნოდ ვცხოვრობთ, უსჯულო კაცთა თვალში უგუნურებად ვჩანვართ. წმინდა მამები, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში მოღვაწენი, გვასწავლიან, - თუ ჩვენს გარშემო მყოფნი ცოტა უგუნურად და სულელად არ გვთვლიან, ე.ი. კარგი ქრისტიანები არ ვართო. ჩვენ არ ვიუნჯებთ სიმდიდრეს და ქონებას, არ ვზრუნავთ განსაკუთრებული შენაძენებისთვის, ამიტომ მიწიერებას მიჯაჭვული ადამიანები უგუნურებად გვთვლიან, თუმცაღა თავად არიან უგუნურნი.
9. "დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: მე კი იმ დროს, როდესაც უსჯულონი უგუნურად მთვლიან, დავყრუვდი - ყურადღებას არ ვაქცევ მათ სიტყვებს და მათ საქციელს, არც არაფერს ვამბობ, რამეთუ ვიცი, რომ ეს შენგან არის, უფალო, რათა ამ მოთმინებით კიდევ ერთი წყალობა მომანიჭო.
10. "განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ხელისა შენისაითა მე მოვაკლდი" - უფალი კი არ მოუვლენს ტანჯვას ადამიანს, თვითონ ადამიანი მოიწევს მას - საკუთარი საქციელით, თავისი ცხოვრებით, თვითონვე იტანჯავს თავს, რასაც მშვენივრად ასრულებენ დაცემული ანგელოზები. უფლის განგებულებით ხდება ეს, რათა ადამიანმა შეინანოს, მიხვდეს თავის ცოდვებს, გამოფხიზლდეს, მობრუნდეს ღვთისკენ და უფალს შესთხოვოს წყალობა. "ხელის ძალაში", როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უნდა ვიგულისხმოთ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი. სასჯელი ადამიანს განწმენდს. ფაქტობრივად, სასჯელის სახით მოვლენილი განსაცდელი უფრო წყალობაა. დავითი ბრძანებს თითოეული ჩვენგანის სათქმელს - ჩვენ ვართ ადამიანები და არ შეგვიძლია, განსაცდელი, როგორც წყალობა, ისე მივიღოთ, ამის ძალა არ შეგვწევს და უფლისგან დაშვებული განსაცდელებით ვიტანჯებით.
11. "მხილებათა მიერ უსჯულოებისათვის განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი, გარნა ამაო არს ყოველი კაცი" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: უსჯულოებას სჩადის რა კაცი, ამისთვის განსწავლის, ამისთვის უვლენს განსაცდელს უფალი. როგორც ობობას ქსელი დადნება ცეცხლით, ასევე დნება განსაცდელებისგან ადამიანის ამპარტავნება, პატივმოყვარეობაც და სხვა ცოდვებიც, რადგან ამ დროს სინანულში ვარდება კაცი. ბოლო სიტყვებით კი დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ამაო არს ყოველი კაცი. ჩვენ რომ მართლაც ასე არ ვიყოთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლი სწავლება, აღვასრულოთ ღვთის მცნებები. მხოლოდ ურჩეულესი ქრისტიანები, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებას იყვნენ განშორებულნი, უდაბნოებსა და უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობდნენ, აღწევდნენ იმ მდგომარეობას, რომ მათი გონება განუშორებლად ყოფილიყო უფალთან.
12. "შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, უფალო, და ვედრებისა ჩემისაი ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი" - ფსალმუნის ეს მუხლი არის ღვთის მიმართ აღვლენილი ვედრება. დავით წინასწარმეტყველი უფალს ევედრება: ყურად-იღე - შეისმინე ჩემი ლოცვა. ჩემი ცრემლი შეიწირე და "ნუ დაიდუმებ" - ნუ გაჩუმდები, ანუ ბრძანე ჩემი ხსნა. ჩვენ ვიცით, რომ უფალმა სიტყვით სამყარო შექმნა. იტყვის რა უფალი - "შეგენდოს", ადამიანს მეყსეულად მიეტევება ცოდვები. შენს წინაშე, როგორც მწირი, როგორც მდგმური - არაფრისმქონე, ისე ვარ. "წარმავალ ვარ" - დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები, წამიერად ვარ ამ ქვეყანაზე მარადისობასთან შედარებით, ისევე როგორც ყველა ჩვენი წინაპარი.
13. "მილხინე მე, რაითა განმისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე არღარა ვიპოო" - მილხინე - ამ ქვეყნიდან გასვლამე მაპატიე, მომიტევე, სიხარული მომანიჭე, რათა განვისვენო, დავიმკვიდრო შენს დიდებაში. ამ სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ ცოდვათა პატიებას, მიტევებას ადამიანი ამქვეყნად უნდა ეცადოს, რათა სასუფეველი დაიმკვიროს. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და გაჰყვება ისეთი უნანიებელი ცოდვები, რომელთა მიტევება ახლობელთა და ეკლესიის ერთობლივი ლოცვითაც კი არ შეიძლება, მისი ჯოჯოხეთიდან ხსნა შეუძლებელია, რადგან, ისევ დავით წინასწარმეტყველის ღვთის მიმართ ნათქვამი სიტყვებით, "ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ?" - იქ აღიარება და იქიდან ადამიანის დახსნა უკვე შეუძლებელია. ამიტომაც შესთხოვს დავითი და ფსალმუნის ამ მუხლის წარმოთქმით თითოეული ჩვენგანიც უფალს: აქვე მაპატიე, მომიტევე, უფალო, ცოდვები, აქვე მაუწყე, რომ მეპატია შეცოდებანი. რადგან თუ მიტევება ამქვეყნად ყოფნისას არ მოვიპოვე, მერე ვეღარ მივიღებ ხსნას.
P.S. 38-ე ფსალმუნი არის დავით წინასწარმეტყველის ცოდვაში ჩავარდნისა და ცოდვის შეგნების, გააზრების შემდეგ აღვლენილი ლოცვა. თითოეულმა ჩვენგანმა, როდესაც ამ ფსალმუნს ვკითხულობთ, ასევე უნდა გავიაზროთ ჩვენი ცოდვები და უფრო მეტი გულისყურით აღვუვლინოთ ეს ლოცვა უფალს.