მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 33


1. "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა" - კურთხევაში აქ შემდეგი იგულისხმება: მარადის ვილოცო ყოველ ჟამს, ყოველწამიერად უფლის წინაშე, მარადის აღვავლინო უფლის ქება.

2. "უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ" - არა მარტო ძველ დროში, დღესაც არსებობენ მამები, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებას მოშორებულნი არიან, მარადიულ, განუწყვეტელ ლოცვას მიაღწიეს არა მარტო მღვიძარების დროს, როდესაც აზროვნება აკონტროლებს ქმედებას, არამედ ძილის ჟამსაც. როგორც ადამიანი არ აკონტროლებს სუნთქვასა და გულისცემას, თავისთავად სუნთქავს და სცემს გული, ასევეა ამ მამებისთვის ლოცვა - ისინი მთელი არსებით ლოცულობენ. ადამიანის სწორედ ამგვარ მდგომარეობაზეა საუბარი ფსალმუნის ამ მუხლში. ასეთი ადამიანები სხვათათვისაც მაგალითად იქცნენ. იმდენად ქრისტიანულია მათი ცხოვრება, მათი ყოველი საქმითა თუ ქმედებით ღვთის ქება აღესრულება.

3. "განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა" - ერთად განვადიდოთ უფალი და ერთად აღვამაღლოთ მისი სახელიო, - მოგვიწოდებს დავით წინასწარმეტყველი თითოეულ ადამიანს.

4. "გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე" - როდესაც უფალს გამოვიძიებთ - ღვთის აღსრულებულ საქმეებს განვიხილავთ, ჩვენი გული ლმობიერი ხდება. ასეთი გულით აღვლენილ ლოცვას შეისმენს უფალის. როდესაც იგი ჩვენს ლოცვას ისმენს, აღარავითარი ამქვეყნიური ჭირი და განსაცდელი აღარ გვაქვს. შესაძლოა, სხვა თვლიდეს, რომ ასეთ კაცს გასაჭირი ადგას, მაგრამ თავად ეს ადამიანი ასე აღარ ფიქრობს. შესაძლოა, ადამიანს სენი შეეყაროს, მაგრამ სულით უფალთან იყოს და ამით ხარობდეს. ამიტომ ასეთი კაცი ყოველთა ჭირთაგა ხსნილია.

5. "მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს" - განათლებაში შეიძლება ვიგულისხმოთ საღმრთო განათლება. ვინც ნათელს იღებს წმინდა სამების სახელით, "პირსა მისსა არა ჰრცხუნეს" - ვინც წმინდა სამების სახელით მოინათლება და შემდეგ აღასრულებს ღვთის მცნებას, არ შერცხვება სამარადჟამო ნეტარებაში, უფალთან დაიმკვიდრებს.

6. "ამან გლახაკმან ხმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი" - რომელმა გლახაკმა? - ადამიანი, რომელიც ღვთივსათნოდ აღასრულებს თავის ცხოვრებას, თავს სულ უფრო და უფრო მეტად თვლის ღატაკად ღვთის წინაშე. სწორედ ასეთი გლახაკის ვედრებას ისმენს უფალი და ყველა ჭირისა და განსაცდელისგან იხსნის. ღვთის წინაშე ყველა ადამიანი გლახაკია, ვერც ერთი ვერ დაიქადნის უფლის წინაშე თავისი სულიერი წარმატებით, მაგრამ ნეტარია ის, ვინც ღვთის წინაშე თავის სიგლახაკეს აღიარებს.

7. "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი" - ასეთი ადამიანების გარშემო (რომელთა შესახებაც წინა მუხლებში ვსაუბრობდით) ღვთის ანგელოზები დაიბანაკებენ და ისინი ყოველგვარი მიწიერი და შემდგომ სამარადისო განსაცელისგანაც ხსნილნი იქნებიან.

8. "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას" - თუ ღვთის მცნებებით იცხოვრებთ, უფალს განიცდით. ამ დროს ადამიანი უფალს სულით შეიგრძნობს და ხვდება, რა ტკბილია იგი. ნეტარია კაცი, რომელიც უფალს სასოებს, ღვთის იმედი აქვს.

9. "გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა" - უნდა გვეშინოდეს ღვთის სიყვარულის დაკარგვისა. უფალს ყველა ადამიანი უყვარს. ჩვენც უნდა გვიყვარდეს უფალი, ხოლო თუ მცირედი სიყვარული მაინც მოვიპოვეთ, მისი დაკარგვის შიში უნდა გაგვიჩნდეს - არ ვცოდოთ, ისეთი არაფერი ჩავიდინოთ, რომ უფალთან ყოფნა დავკარგოთ. "რამეთუ უფალთან ნაკლულევანება არა არს" - არ უნდა გვეშინოდეს ჩვეულებრივი შიშით, ინსტინქტურად, არამედ გონიერი შიშით, რადგან უფალთან არავითარი ნაკლოვანება არ არის და ამ უზადობაში ყოფნა უნდა გვსურდეს. იმის გვეშინოდეს, რომ ეს მდგომარეობა არ დავკარგოთ.

10. "მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა" - ისრაელის ერი მდიდარი იყო სულიერად, მაგრამ დაგლახაკდა და შეემშია სულიერად. უფალი არ მიიღეს და ვერც საზრდო მიიღეს. "ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა" - მაგრამ ვინც უფალს ეძიებს, ყოველივე სიკეთეს მიიღებს ღვთისგან. ისრაელთა შორისაც, ვინც მოიძია და მიიღო უფალი, "არა ნაკლულევან იქმნა ყოვლისაგან კეთილისა". წარმართთა შორისაც, ვინც მიიღო უფალი, აღარც ის იყო "ნაკლულევან ყოვლისაგან კეთილისა". ასევეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უფალს ეძიებს და მიიღებს.

11. "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ" - დავით წინასწარმეტყველი უდიდესი იყო კაცთა შორის, მით უმეტეს ძველ აღთქმაში. ის ბრძანებს ფსალმუნის ამ სიტყვებს: მოდით, მოისმინეთ ის, რაც ღვთისგან გავიგე და უფლის შიშს გასწავლითო.

12. "ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?" - აქ დავითი კითხვას სვამს: ვინ არის ისეთი კაცი, ვისაც ცხოვრება და კეთილი დღეების - მაცხოვრის მოსვლის, საუკუნო სასუფეველში დამკვიდრების ხილვა სურსო, რასაც მოკლებული იყო ძველი აღთქმის კაცობრიობა.

13. "დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა" - რა უნდა ქნა ამისთვის? - საკუთარი ენა უნდა "დააცხრო ბოროტისაგან", უკეთურება არ უნდა თქვა, შენმა ბაგეებმა ზაკვა არ წარმოთქვას.

14. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას" - ბოროტებას იქმ? - მოიქეც ამ ბოროტებისგან და კეთილი ქმენი, მშვიდობისმყოფელი იყავი და მშვიდობას მიჰყევი. დავით წინასწარმეტყველი ამ მუხლებით გვაუწყებს, როგორი უნდა იყოს კაცი, რომელსაც ცხონება სურს.

15. "თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" - უფლის თვალი - წყალობა ასეთი ადამიანებისკენაა მიმართული და მათ ლოცვა-ვედრებას შეისმენს უფალი.

16. "პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი" - ხოლო ღვთის პირი მრისხანებს ძვირისმოქმედებზე, მათი სახსენებელიც კი გაქრება. ღვთის წინაშე ყველა სცოდავს, მაგრამ ვინ არის მართალი და ვინ - უსჯულოების მოქმედი? უსჯულოებას ის იქმს, ვინც თავის ჩადენილ ცოდვას ამართლებს. თვლის, რომ არ შეუცოდავს. ასეთი კაცი ცოდვას ამრავლებს და უსჯულოებად აქცევს. მეორე კატეგორიის ცოდვილნი თავიანთ ჩადენილ ცოდვას ცოდვად თვლიან, სინანულში არიან და პატიებას ითხოვენ ღვთისგან.

17. "ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი" - მართალნი უფალს მოუწოდებენ, მის წინაშე ლოცულობენ. ასეთი ადამიანებისას უფალიც ისმენს და ყოველგვარი გასაჭირისგან იხსნის.

18. "მახლობელ არს უფალი შემუსვრილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს" - გულით შემუსვრილებთან - ვინც გულით წუხს და თავის ცოდვებს ინანიებს, მასთან ახლოსაა უფალი, სულით მდაბალთ - თავმდაბალთ კი აცხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ადამიანებმა სულიერ წარმატებას მიაღწიეს, თავს სულიერად გლახაკად თვლიან.

19. "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან" - რა არის ჭირი მართალთა? - ვინც ღვთის მცნებებით ცხოვრებას ცდილობს, უფალს ადიდებს, ღვთისკენ სავალ გზაზე დგას, ბოროტი ძალები ყველანაირად ცდილობენ, განსაცდელი მოუვლინონ და ღვთის გზას ჩამოაშორონ, მაგრამ მათ უფალი ყველა განსაცდელისა და ჭირისგან იხსნის.

20. "დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს"- ძვალში უნდა ვიგულისხმოთ სარწმუნოება: ყველა ასეთი ადამიანის სარწმუნოებას დაიცავს უფალი, გააძლიერებს მას, რწმენა რომ არ შეერყეს. ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს, მასთან არ მიუშვებს ეშმაკს უფალი, რათა ასეთ ადამიანს რწმენა არ შეურყიოს.

21. "სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ" - ცოდვილი ადამიანის სიკვდილი "ბოროტ არს" - ბოროტებაში, ჯოჯოხეთში იმკვიდრებს მისი სული, ხოლო "რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ" - ვისაც მართალი სძულს უსჯულოებს, რადგან არ შეიძლება მართალ კაცს მართალი ადამიანი სძულდეს. მართალში შეიძლება ვიგულისხმოთ თავად უფალიც. ერთადერთი ჭეშმარიტი სიმართლე უფალია. ვისაც იგი სძულს, ცხადია, უსჯულოებას იქმს.

22. "იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას" - უფალი იხსნის თავისი მონის სულს - მართლაც, ვინც ღვთის მონაა, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს, საუკუნო სასუფეველს დაიმკვიდრებს და უფლის სამარადისო ნეტარებაში იქნება. "არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას" - ვისაც ღვთის იმედი აქვს, არ სცოდავს. რა რთულ საქმესაც არ უნდა შევეჭიდოთ მიწიერი თვალსაზრისით, თუ უფლის იმედი გვექნება, ეს ცოდვად არ ჩაგვეთვლება. შესაძლოა, უფალმა, ჩვენივე სასიკეთოდ, თხოვნა არ აღგვისრულოს, მაგრამ ღვთისთვის თხოვნა უსჯულოება არ არის. ცხადია, თუკი უფალს კეთილ საქმეს შევთხოვთ. ბოროტი თხოვნა კი თავისთავად უსჯულოებაა.

P.S. ოცდამეცამეტე ფსალმუნში ნათლადაა ნაჩვენები, რა უნდა აკეთოს ადამიანმა, როგორ უნდა იცხოვროს, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს და რა არ უნდა აღასრულოს, რას უნდა ერიდოს, რომ ჯოჯოხეთში არ აღმოჩნდეს.