1. "იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი" - როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ოცდამეთორმეტე ფსალმუნი წინასწარმეტყველებაა ადამიანთა ქრისტიანობაზე მოქცევის შესახებ. მართალია, ფსალმუნი დავით წინასწარმეტყველმა დაწერა, მაგრამ ის ქრისტიანთა პირით წარმოთქმული ლოცვაა. ამ მუხლში არა მარტო ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის მართალნიც იგულისხმებიან, "წრფელნი" კი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქრისტიანები არიან. "წრფელთა" - ქრისტეს მადიდებელთა მიერ აღვლენილი ქებაა სათნო ღვთისთვის. მართალნი, მით უფრო - ძველი აღთქმისანი, ხარობენ მაცხოვრის მოსვლით, ჯვარცმითა და აღდგომით, რადგან ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ, წრფელნი - ქრისტიანები, ახალაღთქმისეული ეკლესია კი აქებს, ადიდებს უფალს.
2. "აღუვარდებით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისაითა უგალობდით მას" - ამ მუხლში ჩამოთვლილია საკრავები, რომლებსაც საეკლესიო მსახურების დროს იყენებდნენ უფლის სადიდებლად, მაგრამ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ფსალმუნის ეს მუხლი შემდეგსაც გულისხმობს: სრული ადამიანი - სულით, გულითა და ხორცით - მოღვაწეობით, ლოცვითა და აზრით უნდა ადიდებდეს უფალს.
3. "აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა" - ახალი ქებით - ახალი, ქრისტიანული სჯულით აქებდით უფალსო, - ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად. "კეთილი გალობა" და "ღაღადების აღვლენა" კი ახალაღთქმისეული ლოცვა და ღაღადებაა, რომელიც სასუფევლის დამამკვიდრებელია, მაცხოვნებელია. ძველაღთქმისეული ლოცვა და ღაღადება კი ახალაღთქმისეულთან მიმყვანებელი იყო.
4. "რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისა და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან" - ღვთის სიტყვა ყოველთვის წრფელია - სიტყვაში უნდა ვიგულისხმოთ განკაცებული უფალი იესო ქრისტე. წრფელია იგი, მასთან ზაკვა არ არის, მის ყოველ ქმედებას ზეციურ მამასთან მივყავართ.
5. "უყუარს წყალობაი და მშჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი" - უფალს წყალობა უყვარს, ვინც სინანულშია, მათ წყალობას აძლევს, ცოდვებს შეუნდობს. უფალს მსჯავრიც უყვარს - ვინც სინანულში არ არის, სასჯელს მოუვლენს - არა დასასჯელად, არამედ გამოსასწორებლად, რათა შეინანოს. მთელი სამყარო - ხილულიც და უხილავიც - ღვთის წყალობით არის სავსე. თუკი ჭეშმარიტად ვადიდებთ უფალს, ღვთის წყალობა ყოველ წამს შეიძლება ვიგრძნოთ და განვჭვრიტოთ.
6. "სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა - ყოველნი ძალნი მათნი" - ფსალმუნის ეს მუხლი ყოვლადწმინდა სამების, ღვთის სამგვამოვნების განცხადებაა ძველ აღთქმაში: "სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს" - ძით ცანი შეიქმნენ, "სულითა პირისა მისისაითა - ყოველნი ძალნი მათნი" - სულიწმინდით კი ყოველი ძალი მათი. სამყარო ყოვლადწმინდა სამების - მამის, სიტყვის - ძისა და სულიწმინდის მიერ შეიქმნა. ღვთის ძალა სულიწმინდის ძალით გამომჟღავნდება მთელ სამყაროში.
7. "შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა" - "თხიერი" ღვინის ჩასასხმელი ჭურჭელია - ტიკი. როგორც ვიცით, მთელი მსოფლიოს წყლები დაბლობ ადგილებში, უფსკრულებშია შეკრებილი, რათა დედამიწის ზედაპირი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყოს. ასეთი უფსკრულები - ზღვები და ოკეანეები რომ არ არსებობდეს, დედამიწის ზედაპირი სწორი რომ იყო, წყალს შესაძლოა მთელი დედამიწა დაეფარა. სწორედ ღვთის განგებულებით არის წყალი უფსკრულებში შეკრებილი. მეცნიერთა ნაწილი, რომელიც ღვთივსათნოდ აზროვნებს, ამბობს, რომ უფსკრულები გაცილებით გაღრმავდა. წყალმა, რომელიც დედამიწას გარშემო ერტყა, დაახლოებით თანამედროვე ოზონის სფეროს ტერიტორიებზე და წარღვნის დროს მთლიანად ჩამოიქცა მიწაზე, მთელი დედამიწა დაფარა. შემდგომ, როგორც ვიცით, "უფსკრულებმა შეიწყნარა წყალი" - როდესაც წარღვნა სრულდებოდა და წყალი იწრიტებოდა, სწორედ მაშინ მოხდა დედამიწის დეფორმაცია და უფრო ღრმა უფსკრულების წარმოქმნა, სადაც შეიკრიბნენ კიდეც ეს წყლები.
8. "ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი" - რომელ ქვეყანას ეშინოდეს უფლისა? - ძველაღთქმისეულ, წარმართულ ქვეყანას, წარმართულ კერპებს. წარმართობას ეშინოდეს უფლისა და არა წარმართ ადამიანებს - უფლის მობრძანების შემდეგ ხალხი გაქრისტიანდა. ამდენად, წარმართი ადამიანები კი არ განადგურდნენ, არამედ წარმართობა - მას მიმდევრები აღარ დარჩა. "მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი უფლისანი" - უფლმა სწორედ წარმართული კერპები შემუსრა.
9. "რამეთუ მან თქვა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაიბადნეს" - ფსალმუნის ამ მუხლში სამყაროს შექმნასა და ღვთის ყოვლისშემძლეობაზეა საუბარი. რით განსხვავდება "ქმნა" და "დაბადება" ერთმანეთისგან? - თითქოსდა არაფრით, მაგრამ "ქმნაში" უფლის მიერ სამყაროს შექმნა იგულისხმება, "დაბადება" კი შემდეგს ნიშნავს - უფალმა თავისი განკაცებით ხელახლა დაბადა ადამიანები. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ნათლისღებაში დაბადება, სულიერი შობა.
10. "უფალმან განაქარვნის ზრახვანი მთავართანი და შეურაცხ-ყვნის გულის-სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნის ზრახვანი მთავართანი" - ვიცით, რომ უფალს ჯვარცმის დროს აყვედრიდნენ: "უკეთუ ძე ხარ ღვთისა, გარდამოხედ მაგიერ ჯვარისაგან..." უფალმა მათი ზრახვები განაქარვა თავისი მკვდრეთით აღდგომით. სწორედ ამის შესახებაა წინასწარმეტყველება ფსალმუნის ამ მუხლში. თავად იუდეველებმაც კი, რომლებმაც იცოდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღსდგა, მაგრამ ამის დამალვა მოისურვეს, ფული გადაუხადეს ჯარისკაცებს - თქვით, ჩვენ რომ გვეძინა, ქრისტეს სხეული მოციქულებმა მოიპარესო. მათ სიმართლე იცოდნენ, მაგრამ არ სურდათ მისი გამჟღავნება თავიანთი უკეთური ზრახვების, უკვე ცრუ სწავლების შესანარჩუნებლად. ძველი აღთქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებასთან მიმყვანებელი იყო, მაგრამ მათ ეს ჭეშმარიტება სიცრუედ აქციეს, მათთვის იგი მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულება გახდა. ეს ზრახვანი შეურაცხყო უფალმა თავისი მკვდრეთით აღდგომით.
11. "ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის-სიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი-თესლადმდე" - ღვთის ზრახვა საუკუნეთა დასაწყისიდან საუკუნეთა აღსასრულამდე კი არა, სამარადჟამოდ უცვლელია - უფალს ყოველთვის სიკეთე სურს. ვიდრე სამყარო ამ სახით იარსებებს და ამის შემდგომაც ღვთის გულისსიტყვანი და ზრახვანი მარადიული და უცვლელია, ღვთისგან ყოველთვის სიკეთე მიმდინარეობს.
12. "ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოარჩია სამკვიდრებელად თვისა" - ნეტარია ნათესავი - ახალი ისრაელი, ჭეშმარიტი ერი - ქრისტიანები, ღვთის ერი არა გვარტომობრივი და ეროვნული, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.
13. "ზეცით მოხედნა უფალმან და იხილა ყოველნი ძენი კაცთანი" - აქ უნდა ვიგულისხმოთ ღვთის განკაცება. ყოველ ადამიანამდე იქნა მიტანილი ღვთის გამომხსნელი მადლი, რათა ყველა მოიქცეს. უფალი თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს და მაცხოვნებელი გზისკენ სავალ ბილიკებს უხსნის. თუ კაცი თვითონ არ ისურვებს ამ გზაზე სიარულს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ უფალი თითოეულს აძლევს ცხონების შესაძლებლობას.
14. "განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა" - უფალს თავისი სამკვიდრებელი - ადგილი სასუფეველში ყველა ადამიანისთვის აქვს გამზადებული. თითოეული ადამიანი შექმნილია სასუფევლისთვის, მაგრამ მოიპოვებს თუ არა მას, თავად მის ქმედებაზეა დამოკიდებული.
15. "რომელმან დაბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ყვნის ყოველნი საქმენი მათნი" - უფალმა დაბადა ადამიანის გული - ადამიანის აზრი, გონება და მხოლოდ მან უწყის კაცთა გულის ზრახვანი, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის გულისთქმათა გაგება.
16. "არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალითა მისისაითა" - ვერც მეფე ცხოვნდება მეომართა სიმრავლითა და ძალით და ვერც გმირი გადარჩება საკუთარ ძალაზე მოიმედე. მხოლოდ უფალზე მოიმედე მეფე და გმირი ცხოვნდებიან. დავით წინასწარმეტყველი და საზოგადოდ წმინდა წერილი გვასწავლიან, რომ ადამიანი საკუთარ თავზე, საკუთარ ძალაზე არ უნდა იყოს მინდობილი, არამედ უფალს უნდა სასოებდეს.
17. "ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - ვერაფერი გადარჩება დედამიწაზე, რომ არა ღვთის შეწევნა.
18. "აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა" - ღვთის თვალი - წყალობაა ღვთის მოშიშებზე, მათზე, ვისაც უფლის სასოება აქვსო.
19. "ხსნად სიკუდილისგან სულთა მათთა და გამოზრდად მათა სიყმილსა" - ხორციელი სიკვდილისგან - ამ ქვეყნიდან გასვლისგან არავინაა დაფარული, მაგრამ სულიერი სიკვდილისგან - წარწყმედისგან იფარავს უფალი ადამიანს. "გამოზრდად მათა სიყმილსა" - ისევე როგორც ხორციელი შიმშილისგან, სულიერი შიმშილისგანაც გამოგვზრდის უფალი. სულიერი შიმშილი იყო ძველი აღთქმის პერიოდში, რადგან ჭეშმარიტებაში დამკვიდრება არ შეიძლებოდა. ახალაღთქმისეულ ხანაში კი სულიერად შიმშილობს ადამიანი, როდესაც ცოდვებში იმყოფება და უფალსაა მოშორებული.
20. "ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიგრძნოთ და შევიგნოთ, რომ ჩვენი სული, გონება, სხეული - დავუთმოთ უფალს. ასეთ შემთხვევაში უფალი ჩვენი მწე და მფარველია, ის გადაგვარჩენს საუკუნო წარწყმედისაგან.
21. "რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩვენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ" - მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მიმართ უნდა იხარებდეს ჩვენი გული. შესაძლოა, ადამიანს მიწიერი სიხარულიც ჰქონდეს, მაგრამ ამან არასოდეს არ უნდა გადაფაროს ღვთის სიყვარული და სიხარული.
22. "იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ" - რაც უფრო მეტად გვაქვს უფლის იმედი, მით უფრო მეტად გვწყალობს შემოქმედი. ვინც სრულადაა მინდობილი უფალს, მას სრულად სწყალობს უფალი. ასეთებს ანიჭებს უცოდველობის მადლს. წმინდა მამები მიწაზევე უცოდველობის მდგომაროებამდე იყვნენ ასული. იყვნენ "ხორცითა ვითარცა ანგელოზნი" - ხორცში იმყოფებოდნენ, მაგრამ სხვამხრივ ანგელოზთა მსგავს მდგომარეობას აღწევდნენ.
P.S. ფსალმუნში წინასწარმეტყველებაა ახალ ერზე - ქრისტიანებზე. ის ასევე გვასწავლის, სრულად მივენდოთ უფალს, რათა მისი წყალობა და მფარველობა მოვიპოვოთ.