მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 29


1. "აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა" - როგორ შეიძლება ადამიანმა აღამაღლოს უფალი? - თავისი საქმეებით: როდესაც კაცი ღვთივსათნოდ ცხოვრობს, აღასრულებს ღვთის მცნებებს, ის თავისი ცხოვრებით უფლის სახელს აღამაღლებს კაცთა შორის. სწორედ ამას ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში, შემდეგ კი შეღაღადებს უფალს: ჩემი ძალით არ აღგამაღლო, არამედ იმით, რომ შენ შემივედრე - შემიწყალე. ამით მომეცა ძალა შენი ამაღლებისაო. როდესაც ღვთის სახელს აღვამაღლებთ, ჩვენი ცხოვრებით ღვთის სახელს განვადიდებთ, მტერი - დაცემული, ბოროტი სულები ვერ იხარებენ ჩვენზე.

2. "უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო" - მართლაც, ვინც შეღაღადებს უფალს ცოდვათა შენდობას, მსწრაფლ განიკურნება ცოდვათაგან. უპირველესად აქ იგულისხმება სულიერი მკურნალობა, შემდეგ კი ხორციელიც.

3. "უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა"
- ძველი აღთქმის პერიოდში ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში შედიოდა. დავითიც შეღაღადებს უფალს: ამოიყვანე ჩემი და ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანის სული ჯოჯოხეთიდან და მიხსენი დაცემული ანგელოზების ხელიდანო.

4. "უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აღუვარებდით სახსენებელსა სიწმინდისა მისისასა"
- როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, მაინც ვერ შეიქმნება კადნიერი ღვთის წინაშე, მაგრამ ღვთის ღირსად იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც წრფელი გულით შესთხოვენ უფალს შეწევნას და თავიანთი თავი უღირსად მიაჩნიათ. უპირველესი ღირსება ადამიანისა არის საკუთარი უღირსების შეგრძნება. სწორედ ასეთნი უგალობენ უფალს და აღიარებენ "სიწმინდესა მისსა", რადგან ამგვარი მდგომარეობით მაქსიმალურად გრძნობენ ღვთის სიწმინდეს და ცდილობენ მასთან მიახლოებას. ადამიანი ბოლომდე ვერ მიემსგავსება უფალს, მაგრამ ამისკენ უნდა ისწრაფოს.

5. "რამეთუ რისხვაი არს გულისწყრომასა მისსა და ცხოვრებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან"
- უფალს არ აქვს ვნებები, არ მრიხანებს არავისზე, მაგრამ როდესაც თავისი ცოდვების გამო ადამიანი კარგავს უფალთან სიახლოვეს, თავად წარმოიდგენს უფალს მრისხანედ. როდესაც კაცი ცოდვებით ცხოვრობს, მრისხანება და გულისწყრომა ეწევა, მაგრამ არა ღვთისა; ღვთის სიყვარულს რომ დაკარგავს, უკვე ეს სიყვარული ექცევა სასჯელად, საკუთარ თავზე თავადვე მოიწევს სასჯელს, თავისივე ცოდვები ექნება სასჯელად.

შემდეგ დავითი ბრძანებს: "ცხოვრებაი არს ნებითა მისითა" - ღვთის ნებით ხდება ყოველი ადამიანის ცხონებაო. ფსალმუნის ამ მუხლის ბოლო სიტყვებში ("მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან") კი შემდეგი იგულისხმება: ვინც ტირილით განისვენებს მწუხრში - ამქვეყნად, ვინც ტირის თავის ცოდვათა გამო, ის ცისკრის სიხარულს - ზეციურ იერუსალიმში საუკუნო აღდგომის სიხარულსა და ნეტარებას მიიღებს.

6. "ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე"
- ჩემი სინანულის გამო საუკუნო აღდგომისა და ღვთის სიყვარულში დამკვიდრების შემდეგ სამარადისოდ აღარ შევიძრაო, - ბრძანებს დავითი, რადგან საუკუნო საცისკრო სიხარულის დამკვიდრების შემდეგ ადამიანში ცოდვილი აზრიც კი აღარ შემოვა.

7. "უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი" - შენი ნებითაა ის სიკეთეები, რასაც ვაკეთებ და არა ჩემი ძალისხმევით, შენ მაძლევ ამის ძალას, უფალო, მაგრამ თუ შენი მოცემული ძალით მე სიკეთეს არ ვიქმ, დავკარგავ შენს მფარველობას და შეძრწუნებული იქნება სული ჩემიო.

8. "მე შენდამი, უფალო, ხმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო" - მხოლოდ შენ გიხმო და შენდამი ვილოცო, უფალო.

9. "რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი?" - ვერავითარი მიწიერი სიკეთე სარგებელს ვერ მომიტანს, თუ წარვწყმდები და ჯოჯოხეთში ჩავვარდები. განა მიწა აღგიარებს, ხორციელი საქმეები წაგადგება? ჩვენი ხორცი მიწაა. არსებობს მასზე გაცილებით დიდი - ეს არის ჩვენი სული. უპირველესად, სწორედ სულისთვის უნდა იზრუნოს ადამიანმა. ხორცისთვის ყველაფერი რომ შევიძინოთ და სულიერი დავთმოთ, არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს.

10. "ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა" - შესაძლოა, ადამიანმა მიწიერი ანგარებით სთხოვოს უფალს, მაგრამ როდესაც სულის ცხონებას ითხოვს, სრულიად გულწრფელია. უფალი ყველა თხოვნას შეიწყნარებს, შეისმენს, მაგრამ თუ სათხოვარი ჩვენი სულისთვის საზიანო იქნება, არ შეგვისრულებს. მაგრამ როდესაც სულის ცხონებას ვევედრებით, აუცილებლად აგვისრულებს, რადგან ეს არასოდეს ავნებს ადამიანს. თუმცა ჩვენი თხოვნა არ უნდა იყოს ერთჯერადი, უფალს განუწყვეტლივ უნდა აღვუვლინოთ ვედრება ჩვენი სულის ცხონებისთვის.

11. "მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული" - ჩემი გლოვა, სინანული სიხარულად გადამიქციე, უფალო, და ის ძაძა "განხეთქე" - შემომაძარცვე, რომელიც ჩემ გამო მაქვს შემოსილი. ამ ძაძით - სინანულით და შენი წყალობით მოვიპოვებ საუკუნო სიხარულსო. როდესაც ადამიანი ღვთის შეწევნით მოიპოვებს ცხონებას და დაიმკვიდრებს სასუფეველს, აღარ იგლოვებს. ცოდვათა გამო სასარგებლო გლოვაც კი სასუფეველში დამკვიდრების შემდეგ აღარ სჭირდება.

12. "რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ" - რომელ დიდებაზეა საუბარი? რომელსაც ცათა სასუფეველში მოიპოვებს ადამიანი. ჩემი დიდება შენ გიგალობდეს, - შეღაღადებს დავითი უფალს, - ცათა სასუფეველს რომ დავიმკვიდრებ, ამ დიდებაში საუკუნოდ გიგალობდე. იქ შენანება-სინანულიც აღარ დამჭირდება, რადგან ცოდვას აღარ ჩავიდენ. უკუნისამდე, დაუსრულებლად გაღიარო, უფალო.

P.S. ფსალმუნის შინაარსი მის სათაურშიც ჩანს - "გალობაი განახლებისა სახლისა დავითისი". ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ, ერთი მხრივ, ღვთის სახლის - ტაძრის აშენება იერუსალიმში, მეორე მხრივ კი ძველი აღთქმის ეკლესიის განახლება და გარდაქმნა ახალი აღთქმის მაცხოვნებელ ეკლესიად.