მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 28


1. "შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა" - დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: ღვთის შვილები შესწირავდით შესაწირავს უფალსო. ღვთის შვილებში იგულისხმება ებრაელი ერის ის ნაწილი, რომელიც მიიღებდა მესიას, გახდებოდა ქრისტიანი, "ვერძების შვილებში" კი, როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვეუბნება, - წარმართთა შვილები. როგორც ვერძია თავისი სიჯიუტით ცნობილი, ასევე იყვნენ წარმართნი თავიანთი წარმართული სარწმუნოებით ჯიუტნი, ღვთის წინააღმდგომნი, მაგრამ სწორედ მათი შვილები გახდებიან ღვთის მადიდებლები და უფლისთვის მსხვერპლის შემწირველნი. ამ მუხლში წარმართთა მოქცევაზეა საუბარი. ბოლო სიტყვებით "შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა" დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ორივე ერი - "ღვთის შვილები" და "შვილნი ვერძთანი", ებრაელები და წარმართები ერთობლივად შესწირავენ დიდებას უფალს, როდესაც ქრისტეს სჯულზე მოექცევიან და ქრისტეს ეკლესიაში გაერთიანდებიან.

2. "შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყვანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა"
- ფსალმუნის ამ მუხლში საუბარია ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დასრულებასა და ახალი აღთქმის მსხვერპლზე - ღვთის დიდებასა და თაყვანისცემაზე, სულიერ უსისხლო მსხვერპლზე, რომელსაც "ეზოსა შინა წმიდასა მისსა" - ეკლესიებში შესწირავენ ადამიანები უფალს.

3. "ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა" - ფსალმუნის ეს მუხლიც წინასწარმეტყველურია. დავითი წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცთა წინაშე "წყალთა ზედა" - მაცხოვრის ნათლისღების ჟამს გაცხადდება უფლის, ყოვლადწმინდა სამების სახელი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა უწყოდნენ ღვთის სამპიროვნების შესახებ, ღვთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ ძველ აღთქმაშიც იყო მინიშნებები, მაგრამ დაფარულად, რადგან ადამიანები ამას ვერ აღიქვამდნენ. კაცთა წინაშე ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს განცხადება სწორედ "წყალთა ზედა" - მაცხოვრის ნათლისღების ჟამს მოხდა.

4. "ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდშუენიერებით" - ძლიერებითა და დიდად შუენიერებით განცხადდა ღვთის ხმა, როდესაც ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთმა ჰიპოსტასმა ინება განკაცება და მოვიდა, კიდევ უფრო განდიდდა და განმტკიცდა ღვთის სახელი ადამიანთა შორის.

5. "ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგინი ლიბანისანი" - როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში წინაწარმეტყველნი ნაძვს ხშირად უწოდებდნენ ისრაელის ერს, ხოლო "ნაძვნი იგი ლიბანისანი" ისრაელის ერს შორის რჩეულნი - მათი უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები არიან, რომლებმაც არ მიიღეს უფალი. შემუსრავს ხმა უფლისა, სიტყვა ღვთისა - განკაცებული ღმერთი იმ უსჯულოებსაც და მათ სწავლებასაც. მართლაც, ვიცით, რომ როდესაც I საუკუნეში, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, რომაელებმა იერუსალიმი აიღეს, 2 მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. მათ შორის არც ერთი ქრისტიანი ებრაელი არ იყო.

6. "და დააწულლნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი" - ძველ აღთქმაში სისხლიან მსხვერპლს სოლომონის ტაძარშიც სწირავდნენ. მხოლოდ იქ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა ღვთის წინაშე. "ლიბანის ხბოში" კი წარმართული მსხვერპლშეწირვა იგულისხმება. დავითი ბრძანებს: როგორც წარმართულ მსხვერპლს დაამხობს უფალი, ასევე დაამხობს მათაც, ვინც უფალს არ მიიღებსო. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიანნი თავს ჭეშმარიტების მიმდევრებად თვლიდნენ, ასეთნი არ აღმოჩნდნენ.

7. "ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისაი" - უფალმა ეშმაკის ალი, ეშმაკის მბრძანებლობა დედამიწაზეც და ჯოჯოხეთშიც კი განკვეთა და გამოიხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულები.

8. "ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი" - როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უდაბნოში წარმართთა საკრებულოები, წარმართთა გულები იგულისხმება. მათ სამფლობელოებს "შეაძრწუნის" უფალი - განდევნის, განწმენდს ბოროტი ზრახვებისგან, მათაც ქრისტიანობაზე მოაქცევს - თავის მიმდევრებად აქცევს.

9. "ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი" - ირემში ღვთის მცნებებისკენ მოქცეული ადამიანები იგულისხმებიან. როგორც ირემია უბოროტი და არც ერთი ცხოველის ვნება არ შეუძლია, ასევე არიან ღვთისკენ მოქცეული ადამიანებიც. ასეთებს განამტკიცებს უფალი. ბაღნარი მიწიერი თვალსაზრისით გამორჩეულად ლამაზი, გამწვანებული ადგილებია, აქ კი სულიერ "მაღნარზე" - ზეციურ სასუფეველზეა საუბარი. ვიცით, რომ მაცხოვრის მოსვლამდე დახშული იყო ადამიანთათვის სასუფევლის კარი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით გაიღო. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც დავითი ბრძანებს ღვთისკენ მოქცეული ადამიანების შესახებ - "განუცხადნის მაღნარნი". ფსალმუნის ბოლო სიტყვები შემდეგს გვაუწყებს: უფლის წმინდა ტაძარში - ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა მოქცეულმა დიდება თქვასო.

10. "უფალმან წყლითრღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე" - "წყლითრღუნის დამკვიდრებაში" წმინდა ნათლისღების დაწესება იგულისხმება. როგორც წარღვნამ წარხოცა წარღვნამდელი კაცობრიობის ცოდვები, ყველა უსჯულოება, რაც მანამდე არსებობდა და კაცობრიობამ ხელახლა დაიწყო არსებობა, ასევე წარხოცავს ნათლისღება ადამიანის ყოველგვარ უსჯულოებას. "და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე" - ვიცით, რომ მაცხოვარი განკაცდა, ჯვარს ეცვა, მკვდრეთით აღდგა, ზეცად ამაღლდა და უკუნისამდე მეუფობს. უფალი მთელი სამყაროს მეუფეა, საუკუნოდ მეუფეა.

11. "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით"- როდესაც უფალი დაჯდება მეუფედ ყოველსავე ზედა, მისცემს თავის ერს - ქრისტიანებს ახალაღთქმისეულ ეკლესიას და დაიმკვიდრებს საუკუნო მშვიდობა. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ მეორედ მოსვლის შემდგომ დროინდელი პერიოდიც, როდესაც საუკუნო მშვიდობა დაიმკვიდრებს უფლის მადიდებლებს შორის.

P.S. ოცდამერვე ფსალმუნში დავითი წინასწარმეტყველური ნიჭით განჭვრეტს ღვთის მადიდებელი ერის მომავალს, თუ რა მოეწევა ისრაელის ერს და ვინ გახდება ჭეშმარიტი ისრაელი - ღვთის მადიდებელი ერი. ამგვარად, ამ ფსალმუნში საუბარია წარმართთა მოქცევასა და ახალი ისრაელის - ქრისტიანობისა და ეკლესიის დაფუძნებაზე.