მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 26


1. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" - უფალი ჩემი ნათელი, ჩემი მაცოცხლებელი და სიცოცხლის ძალის მომცემია და ვისი უნდა მეშინოდეს? - ბრძანებს დავითი და განაგრძობს: - უფალს ვევედრები, უფალს ვსასოებ და ვისგან შევძრწუნდე? დავით წინასწარმეტყველი ამ შეკითხვას რიტორიკულად სვამს: თუ უფალია ჩვენი ნათელი, ჩვენი სასოება უფლისკენაა მიმართული, ვერავინ შეგვაძრწუნებს და ვერავინ ვერაფერს გვავნებს - ვერც ადამიანები და ვერც დაცემული ანგელოზები.

2. "მოახლოებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს"
- როდესაც მომიახლოვდებიან მტრები - დაცემული ანგელოზები, რომლებსაც ადამიანის საუკუნო სატანჯველში წარწყმედა სურთ, ისინიც კი მოუძლურდებიან და დაეცემიან ჩვენთან ბრძოლით, რადგან შემწედ უფალი გვყავს.

3. "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა შენ გესავ" - აურაცხელი მტერიც რომ განეწყოს ჩემს წინააღმდეგ, მაინც არ შევშინდები და ბრძოლაში რომ ჩავემბები, ბრძოლას რომ გავმართავ, ამისთვისაც უფალს ვადიდებ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლა შეიქმს გამოცდილებას და ამისთვის ადიდებს დავითი უფალს. უბრძოლველად გვირგვინს ვერ მოვიპოვებთ. თითოეული მცირედი განსაცდელის დათმენაც და მცირედი ცოდვის მოცილებაც გვირგვინს მოუპოვებს ადამიანს. მეფსალმუნე სწორედ ამ ბრძოლას გულისხმობს და უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებით გვირგვინს მოვიპოვებთ.

4. "ერთი ვითხოვე უფლისგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი"
- მხოლოდ ერთს ვითხოვ უფლისგან - მის სახლში, მის მარადიულ ტაძარში მყოფობას. უფალი სახარებაში გვეუბნება - თქვენ სულისთვის იზრუნეთ და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათო. ფსალმუნის ამ სიტყვებში სწორედ სულისთვის ზრუნვაზეა საუბარი. ღვთის სახლში დამკვიდრებასა და უფლის მშვენიერების ხილვაში ზეციურ სასუფეველში დამკვიდრება იგულისხმება.

5. "რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე" - მის კარავში დამფარა ბოროტი დღეების დროს. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "ბოროტ დღეებში" იგულისხმება ძველაღთქმისეული სიბნელე. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, ამ დროს უფალმა თავისი კარვით - ძველი სჯულით, ძველი აღთქმით დამიფარა, შემდეგ კი, როდესაც დრო დადგა, კლდესა ზედა - მაცხოვრით, მაცხოვრის სარმუნოებით აღმამაღლაო.

6. "და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. რით აღმამაღლა უფალმა? - მაცხოვრის ჭეშმარიტი სარწმუნოებით. თავად დავითი წინასწარ განჭვრეტს, რომ სწორედ მაცხოვრის მოსვლით იქნებიან ამაღლებულნი ის და ძველი აღთქმის ყველა მართალი, გამოხსნილნი ჯოჯოხეთიდან და საუკუნო სამკვიდრებელში დამკვიდრებულნი უფალთან. როდესაც ადამიანი მტერთა ზედა - ამქვეყნიურ ამაოებებზე, ბოროტსა ზედა ამაღლების შემდეგ ამ ქვეყნიდან გარდაიცვლება, სასუფეველს დაიმკვიდრებს.

"ვაქებდე და ვადიდებდე უფალსა" - ამ სიტყვებით დავითი ბრძანებს: ცათა სასუფეველში მარადიულ, დაუცხრომელ მსხვერპლშეწირვას - ქება-დიდებას აღვუვლენდეთ უფალს, ანგელოზთა დარადო.

7. "ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღადვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი" - წინასწარმეტყველი კვლავ თავის დროს უბრუნდება და უფალს შესთხოვს: ისმინე, უფალო, ჩემი ხმის, იმ ღაღადების, რომლითაც შეგღაღადებ. შემიწყალე, რომ დავიმკვიდრო სასუფეველიო.

8. "შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო, გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო" - გულით ვამბობ, რომ უფალი უნდა გამოვიძიო, რადგან შენი პირის ხილვა მსურს. მოსემ ზურგი იხილა უფლისა ანუ მცირე ნაწილი ღვთის დიდებისა. ღვთის პირის ხილვა ნიშნავს სასუფეველში დამკვიდრებას, სადაც ადამიანს შეუძლია მთელი სისრულით იხილოს უფალი.

9. "ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო"
- შენი პირისგან ნუ განმაგდებო, - შესთხოვს დავითი უფალს. უფალი არავის განაგდებს, თავად ადამიანი განიგდებს თავს ღვთისგან. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვევედრებით უფალს - ცოდვები მომიტევე, ვნებები განმიქარვე და შენთან დამამკვიდრე. შემეწიე, რომ ეს შევძლო და შენი პირი ვიხილო, შენთან დავიმკვიდრო, რამეთუ საკუთარი ძალისხმევით, შენი შეწევნის გარეშე არ ძალმიძს ამის ქმნაო. სწორედ ამას შესთხოვს დავითი უფალს და კვლავ ევედრება: ჩემი ცოდვების გამო ნუ მიიქცევ ჩემგან შენს პირსო.

10. "რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე" - მშობლებსაც კი არ შეუძლიათ ჩვენი შეწევნა, თუკი უსჯულოებას ჩავიდენთ. ჩვენი ცოდვების შენდობა არავის ძალუძს მიწაზე, ჩვენს მშობლებსაც კი. მხოლოდ უფალს ხელეწიფება ცოდვების მიტევება. მხოლოდ უფალი არ დაგვაგდებს - არ მიგვატოვებს არასოდეს, რაოდენ ცოდვილნიც არ უნდა ვიყოთ, თუკი შეწევნას შევთხოვთ. როგორც კი შეწევნას ვთხოვთ უფალს, მაშინვე შეგვეწევა და მოგვიტევებს ყველა ცოდვას.

11. "შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის"
- ნუ დამტოვებ ცოდვებში, "სჯულიერ მყავ" - საღმრთო სჯული, საღმრთო მცნებები აღმასრულებინე, შენს გზაზე მატარე და წრფელ ალაგზე დამამკვიდრე - საიდანაც შენი განდიდება შემეძლება. მართალია ცოდვილი ვარ, მაგრამ შენ შემეწიე და გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან, უფალო.

12. "ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და ეტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა"
- ნუ მისცემ ჩემს სულს "მაჭირვებელთა ჩემთა" - ბოროტ სულებს, დაცემულ ანგელოზებს. "რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა" - როგორც ვიცით, დაცემული ანგელოზები არა მარტო ცოდვებს იმახსოვრებენ და ამ ქვენიდან გასვლის შემდეგ ამ ცოდვებით აძრწუნებენ ადამიანს, არამედ იმასაც კი სდებენ ბრალად, რაც არ ჩაუდენია, მაგრამ თუკი ცოდვებს შევინანებთ, მათი ბრალდება მათივე თავზე მოიწევა; მათი სიცრუე მათვე დაატყდებათ თავს. ეს სიტყვები წინასწარმეტყველურადაც არის ნათქვამი - მაცხოვარი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: როგორც ვიცით, ცრუმოწმენი აღდგნენ მაცხოვრის წინააღმდეგ, მივიდნენ კაიაფასთან და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ უფალს, ათასგვარ ცილს სწამებდნენ, მაგრამ მათი სიცრუე მათვე დაატყდათ თავს. თითოეულ მათგანს მოეკითხა ეს სიცრუე, არა მარტო გარდაცვალების შემდეგ, არამედ სიცოცხლეშივე.

13. "მწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქვეყანასა მას ცხოველთასა"
- მწამს, რომ ღვთის სიკეთეებს ვიხილავ ცოცხალთა ქვეყანაში - ცათა სასუფეველში. მართალია, არ ვართ ღირსნი ცათა სასუფევლისა, მაგრამ სასოება გვაქვს ღვთისა, რომ სამოთხეს დავიმკვიდრებთ. თუ ადამიანი ამ სასოებას დაკარგავს, სასუფევლის დამკვიდრებას ვერ შეძლებს. უნდა მიგვაჩნდეს, რომ არ ვართ ღირსნი ცათა სასუფევლისა, მაგრამ ღვთის მრავალმოწყალებას ძალუძს ჩვენი იქ დამკვიდრება.

14. "დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა" - უფალს დაუთმე - უფალს მიანდე ყველაფერი, ამაში იყავი მხნე - არ იზრუნო არც ამქვეყნიურზე და არც იმქვეყნიურზე. უფალი თავად დაგვამკვიდრებს, წარგვიმართავს გზას და მიგვიყვანს აღთქმულ ქვეყანაში.

P.S. დავითმა ოცდამეექვსე ფსალმუნი მეფედ ცხებამდე დაწერა, როდესაც იდევნებოდა საულის მიერ, რაც აღწერა კიდეც ფსალმუნში. მასში საუბარია ასევე ღვთის განკაცებისა და იმ ცრუ მოწმეების შესახებ, რომლებმაც ცრუ ბრალდებები წაუყენეს მაცხოვარს. ოცდამეექვსე ფსალმუნი გვასწავლის, როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს, ამისთვის კი უმთავრესი ღვაწლი ღვთის სასოება, ყველაფრის ღმერთზე მინდობაა.