მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ფსალმუნთა განმარტება
(არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე)

 

ფსალმუნი 16


1. "ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო , მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა" - უფალო, ჩემი სიმართლის ისმინეო, - შესთხოვს დავით წინასწარმეტყველი. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დავითი თავს ცოდვილად არ თვლიდა; მეფსალმუნე შემდეგს გულისხმობს: მე ვცოდავ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღვთის წინააღმდეგი ვარ, არამედ ჩემი უძლურების გამოო. როდესაც ადამიანი უძლურებით სცოდავს და ამის გამო სინანულშია, ის უკვე მართალია. სწორედ ამ სიმართლეზე ბრძანებს დავითი, შემდეგ კი უფალს შესთხოვს: რასაც გევედრები, შეისმინე, ჩემი ლოცვა ყურად იღე. მზაკვარი ბაგეებით არ გევედრები და ამიტომაც მოხედე ჩემს ლოცვასო.

2. "პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი" - ამ მუხლში დავითი შესთხოვს უფალს: ბრძანე, რომ ცოდვები შემენდოსო. შენი პირიდან ჩემი გამართლება რომ გამოვა, თვალნი ჩემნი სიწრფოებას იხილავენ და კიდევ უფრო გავძლიერდები შენს დიდებაშიო.

3. "გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე"
- დანაშაულთა უმეტესობა ღამით ხდება. დავითიც მიმართავს უფალს: სადაც შეიძლება ყველაზე მეტად ვცოდო, იქ გამომიძიე. მაგრამ როგორც არ უნდა გამომცადო, ჩემთან სიცრუეს ვერ პოვებ. მართალია, ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი მრავალმოწყალებით და იმით, რომ სინანულში ვარ, ცოდვა ჩემში აღარ იპოვოო.

4. "რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი"
- სიტყვებში: "არა იტყოდეს პირი ჩემი საქმესა კაცთასა" - შესაძლოა ორი რამ ვიგულისხმოთ: ადამიანები ცოდვებს სჩადიან, მაგრამ მე არ ვამბობ მათ ცოდვებსო, ანდა - ამაოებაზე არ ვლაპარაკობ და ამაოებისთვის არ გევედრებიო. ფსალმუნის შემდეგი სიტყვებით დავითი ბრძანებს: უფალო, შენი მცნებების აღსასრულებლად ფიცხელ - ძნელად სავალ გზებსაც კი დავიცავ, ძნელად სავალ გზებზეც კი ვივლიო.

5. "დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა ჩემთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი"
- შენს მცნებებზე მტკიცედ ვიდგე, რათა შენკენ სვლაში არ დავბრკოლდეო, - მიმართავს წინასწარმეტყველი უფალს.

6. "მე ღაღადვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი" - შეგღაღადებ, ჩემი სიტყვები ისმინო, რასაც გევედრები, ყურად იღეო. ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული ვედრება.

7. "საკვირველ ყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა"
- ფსალმუნის ამ მუხლში დავითი უფალს მიმართავს: შენი წყალობა საკვირველია იმის გამო, რომ შენი მარჯვენით იხსნი შენს მოსავებს, მათ, ვინც გადიდებს და შენი იმედი აქვს; განდევნი მათგან იმ ძალებს, რომლებიც აბრკოლებენ, ხელს უშლიან შენკენ მომავალ გზაზეო.

8. "დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე"
- თვალის გუგასავით დამიცავიო, - ევედრება დავითი შემოქმედს. მართლაც, ყველაზე მეტად თვალს ვიცავთ. თუ ვინმე ჩვენი თვალისკენ ხელს წამოიღებს, მაშინვე ვხუჭავთ.

9. "პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს"
- უფალს შესთხოვს: დამიცავი "პირისაგან უღმრთოთაისა" - ეშმაკებისგან, რომლებიც მაჭირვებენო.

10. "და ცრემლი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავნებასა"
- გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: დაცემული ანგელოზის პირი სიცრუესა და ამპარტავნებას ამბობს, არა მარტო ჩადენილ ცოდვებში მდებს ბრალს, არამედ იმათშიც, რაც არ ჩამიდენიაო.

11. "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყვნეს დადრეკილ ქუეყანად"
- აქ დავითი არა მხოლოდ თავის თავს, მთელ კაცობრიობას გულისხმობს - სწორედ ბოროტის მანქანებით^იქნა ადამიანი სამოთხიდან გამოგდებული და ამის შემდეგ მიწისკენ მიიდრიკა ადამიანთა თვალი.

12. "შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვ ლომისაი, იყოფებინ რაი ფარულთა"
- როგორც ლომია ჩასაფრებული და გამზადებული, რომ დაიჭიროს და შეჭამოს ნადირი, ასეთივე მსხვერპლად შემრაცხეს მეც ბოროტმა სულებმა და განემზადნენ ჩემს დასაღუპავადო.

13. "აღდეგ, უფალო, უსწვრე მათ და დააბრკოლე იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა"
- ფსალმუნის ამ მუხლში დავითი უფალს შესთხოვს: მომეშველე, უფალო, ვიდრე ბოროტი სული დამიჭერდეს და სულიერად დამღუპავდეს, მოასწარი და მანამდე გამომიხსენი და გადამარჩინეო. შემდეგ კი მიმართავს: შენი მახვილი შენი მტრის ხელში არ მოხვდება, ხოლო ის მახვილი, შენს მტერს რომ უპყრია, არაფერია შენთვისო.

14. "უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხოვრებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს შვილებითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა"
- ის ადამიანები, რომლებიც ეშმაკის ნებას ასრულებენ, ბოროტის მორჩილებაში არიან და მას სცემენ თაყვანს თავიანთი ურჯულო საქმეებით, შვილებსაც უსჯულოებას ასწავლიან, მომავალ თაობასაც კი უტოვებენ უსჯულოებას.

15. "ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა"
- გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი. დავითი მიმართავს უფალს: მე კი ასეთი არ ვარო. მეფსალმუნე როდესაც ბრძანებს: "სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსაო", - გულისხმობს: თუ ვცოდავ, არა შეგნებულად, არამედ ჩემი უძლურებითო. ამის გამო შენ წინაშე სიმართლით წარვდგები და შენი დიდების ხილვით აღვივსებიო.

P.S. ფსალმუნი მთლიანად ლოცვაა დავითისა, როგორც ფსალმუნის სახელწოდებიდანაც ჩანს. ვიცით, რომ ფსალმუნები სრულად იკითხება ცისკრისა და მწუხრის მსახურების დროს, მაგრამ ზოგჯერ ცალკეული ფსალმუნიც წარმოითქმის. ასეთი სულ რამდენიმეა და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მეთექვსმეტე ფსალმუნი გახლავთ.